…მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა“. (ღირს. ისააკ ასური).
…ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრ. 6: 1-3).
…თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).
…ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).
…ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-6 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი
ღირსისა მოწამისა ფებრონიასი და მის თანა მოწამეთა: ლივისა, ლეონიდისა და ყრმისა ევტროპისა (304).
დღის ლოცვები
ღირსმოწამე ფებრონია ქალწულის კონდაკი:
სიძეო ჩემო ტკბილო ქრისტე, ღაღადებდა ფებრონია: არა საშრომელ-ჰყავ სრბაი ჩემი შემდგომად შენდა, რამეთუ სიტკბოებითა სიყუარულისა შენისათა სულისა ჩემისა სასოებაი აღვისუბუქნე და შუენიერებამან წყალობისა შენისამან გულსა ჩემსა დაატკბო შენთვის ვნებათა სასუმელისა შესმად, რაითა ღირსად სასძლოსა შინა ბრძენთა თანა ქალწულთა დღესასწაულობად შენ მიერ აღვირაცხო მე; ამისთვისცა, ღუაწლისა მძლეო, პატივისმცემელნი ესე ღუაწლთა და შრომათა შენთანი გევედრებით შენ: მეოხ გუეყავ, რაითა არა დაგვეხშას ჩვენცა ბჭენი სასძლოსანი.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, სავედრებელი ყოვლადწმიდისა მიმართ, ოთხშაბათსა დილას
ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულისთქმათაგან, და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე, და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროის რიცხვისა ქვიშისა, შეყროლდეს და დალბეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა: შენ, დედაო ღვთისა ჩვენისაო, მარადის განგარისხე არაწმინდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე, დედუფალო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე მეცა შენგან ვაიმე, ვაიმე დაბნელებული, ნუ, დედუფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე მტერთა ჩემთა! აღადგინე გულის სიტყვა ჩემი სინანულად, და ხელპყრობილმყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღვრებითა ვჰსცხონდე. ჰე, დედაუფალო წმიდაო, დედაო კაცთ-მოყვარისა ღვთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლე იგი მეოხებითა შენითა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკვდიდ! მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთათა და განვჰსწმიდნე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა, და უფროს თოვლისა განვჰსპეტაკნე. ჰე, დედაო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი და ვედრებაი ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა სინანულით უცდომელად, და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, რაჟამს მეგულებოდეს სიტყვად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი, დედუფალო, მოწყალითა თვალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყვის მიმხდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა, და მექმენ მე ვაქილ და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი! მაშინ წარმადგინე მე ურცხვენელი და ცხოვნებული, საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა, დიდებად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და დაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა და სულისა მისისა ცხოველსმყოფელისა ერთისა და დასაბამ ნათელთასა, და თანაარსისა სამებისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ძილად დაწოლისა, ოთხშაბათსა
აღსვლასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი განსვენებისათვის ხორცთა ჩემთასა, რათა მძინარეცა შენვე გაქებდე, რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონება და გულის სიტყვანი ჩემნი! წმიდა ჰყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოსი შენი, მცველად აღდგომისა ჩემისა, რათა დავიმარხნე ხორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშვებ ჩემ ზედა სატანასა ბოროტსა და მარადის მოძულესა სიწმიდისა შენისასა, მოყვარესა სულსა ამაოებისასა, და რათა ჟამსა განღვიძებისა ჩემისასა განვიმარტნე ხელნი ჩემნი სახედ ჯვარისა შენისა უფალო, და შენ ჯვარცმულსა აღგიარნე ბრალნი ჩემნი და მე განძლიერებული ესრეთ გიღაღადებდე: უფალო, დაიცევ მეფეი და ქალაქი ჩემი, მეფე, რომელ არს სული ჩემი და ქალაქი გვამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად სამკვიდრეელად სიწმიდისა შენისა ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, დავჰსწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯვარითა შენითა, და დავიძინებ მინდობითა საფარველისა შენისათა. მამაო დამიცევ, ძეო დამიფარე, და სულო წმიდაო შემიწყალე მე! მრავალმოწყალეო ღმერთო უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე უღირსი მონაი შენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტე შენისათა და წმინდა მყავ მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა, რათა განფრთხობილი არმურისა ბოროტთა ოცნებათაგან მტერისათა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირს ვიქმნე წმიდითა გონებითა მოსლვად და მოღებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განჰსწმედ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
რიგ.: 1 კორ. 2: 9 – 3: 8 (დას. 127). მთ. 13: 31-36 (დას. 53).
ღირ.მოწ.: 2 კორ. 6: 1-10 (დას. 181). ლკ. 7: 36-50 (დას. 33).
რიგ.: 1 კორ. 2: 9 – 3: 8
9. არამედ, როგორც დაიწერა: „რაც არ უხილავს თვალს, არ სმენია ყურს და არც კაცს გაუვლია გულში, ის განუმზადა ღმერთმა თავის მოყვარეთ“. 10. ჩვენ კი თავისი სულით გაგვიცხადა ღმერთმა, რადგანაც სული ყველაფერს იკვლევს, თვით ღვთის სიღრმესაც. 11. და მართლაც, რომელმა ჩვენგანმა იცის, რა არის ჩვენში, თუ არა ჩვენმავე სულმა? ასევე ღვთისაც არავინ არაფერი იცის, გარდა მისივე სულისა. 12. ხოლო ჩვენ ამ ქვეყნის სული კი არ მიგვიღია, არამედ სული, რომელიც არის ღვთისაგან, რათა ვიცოდეთ, რა მოგვანიჭა ღმერთმა. 13. ასე რომ, რაზედაც ვმსჯელობთ, კაცური სიბრძნით ნასწავლი სიტყვით კი არ ვმსჯელობთ, არამედ სიტყვით, რომელიც გვისწავლია სული წმიდისგან, და სულიერით განვმარტავთ სულიერს. 14. მაგრამ მშვინვიერი კაცი არ შეიწყნარებს იმას, რაც ღვთის სულისაგან არის, რადგანაც სიშლეგედ მიაჩნია და ვერ მიმხვდარა, რომ ეს სულიერად უნდა განსაჯო. 15. ხოლო სულიერი ყველაფერს განსჯის, თვითონ კი არავისგან არ განისჯება. 16. რადგანაც ვინ შეიცნო ქრისტეს აზრი, რომ ასწავლოს მას? ჩვენ კი ქრისტეს აზრი გვაქვს.
1. მე არ შემეძლო, ძმებო, ისე მელაპარაკა თქვენთან, როგორც სულიერ ხალხთან, არამედ გელაპარაკებოდით როგორც ხორციელთ, ან როგორც ჩვილებს ქრისტეში. 2. რძით გზრდიდით და არა საჭმლით, ვინაიდან არც მაშინ შეგეძლოთ მეტის ატანა და არც ახლა შეგიძლიათ. 3. იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ხორციელნი ხართ, ვინაიდან თუ თქვენს შორის დღესაც შური და დავაა, განა ხორციელნი არა ხართ და ისევე არ იქცევით, როგორც საერთოდ იქცევიან კაცნი? 4. მართლაცდა, თუ ერთი ამბობს: მე პავლესი ვარ, ხოლო მეორე: მე აპოლოსისო, განა ხორციელნი არა ხართ? 5. მაგრამ ან პავლე ვინ არის და ან აპოლოსი? მხოლოდ მსახურნი, რომელთა მეშვეობითაც ირწმუნეთ და თანაც იმდენად, რამდენადაც უფალი შეეწია თვითეულ მათგანს. 6. მე დავრგე, აპოლოსმა მორწყო, გაზრდით კი უფალმა გაზარდა. 7. ასე რომ, არც დამრგველია რამე და არც მომრწყველი, არამედ – გამზრდელი ღმერთი. 8. დამრგველი და მომრწყველი ერთი არიან, მაგრამ თვითეული თავისი შრომისამებრ მიიღებს საზღაურს.
რიგ.: მთ. 13: 31-36
31. სხვა იგავიც შესთავაზა მათ და უთხრა: ცათა სასუფეველი მსგავსია მდოგვის მარცვლისა, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ყანაში; 32. ეს მარცვალი ყოველნაირ თესლზე მცირეა, მაგრამ როცა ამოვა, ყველა მწვანილზე დიდი ხდება და ხედ იქცევა, ისე რომ, მოფრინავენ ცის ფრინველები და მის ტოტებზე იბუდებენ. 33. მერე სხვა იგავიც უთხრა მათ: ცათა სასუფეველი მსგავსია საფუარისა, რომელიც აიღო ქალმა და მოზილა იმით სამი საწყაო ფქვილი, ვიდრე მთელი ცომი არ აფუვდა. 34. ყოველივე ამას იგავებით ეუბნებოდა ხალხს იესო და გარდა იგავისა არაფერს ეტყოდა მათ. 35. რათა აღსრულდეს წინასწარმეტყველის მიერ თქმული, რომელიც ამბობს: გავხსნი ჩემს ბაგეს იგავთ სათქმელად, და ვიტყვი, რაც დაფარულია ქვეყნის დასაბამიდან. 36. მაშინ გაუშვა იესომ ხალხი და სახლში დაბრუნდა. მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და უთხრეს: განგვიმარტე ღვარძლისა და ყანის იგავი.
ღირ.მოწ.: 2 კორ. 6: 1-10
1. ხოლო ჩვენ, როგორც თანამშრომელნი, შეგაგონებთ: ამაოდ არ მიიღოთ ღვთის მადლი. 2. რადგანაც ამბობს: „შეწყალების ჟამს ვისმინე შენი და ხსნის დღეს შეგეწიე“. აჰა, ესაა შეწყალების ჟამი; აჰა, ესაა ხსნის დღე. 3. ჩვენ არაფერში ვიძლევით დაბრკოლების საბაბს, რათა არ დაიგმოს მსახურება. 4. არამედ ყველაფერში ღვთის მსახურებად ვავლენთ თავს: მრავლის თმენაში, ჭირში, სიმძიმილში, ვიწროებაში, 5. გვემაში, დილეგში, დევნაში, გარჯაში, სიფხიზლეში, მარხვაში, 6. სიწმიდეში, შემეცნებაში, სულგრძელობაში, სიწრფელეში, სული წმიდაში, უპირფერო სიყვარულში, 7. ჭეშმარიტების სიტყვაში, ღვთის ძალაში, სიმართლის საჭურვლით მარჯვენასა და მარცხენაში, 8. სახელსა თუ უსახელობაში, გმობასა თუ ქებაში, თითქოს მაცთურნი, მაგრამ მართალნი. 9. თითქოს უცნობნი, მაგრამ ცნობილნი; თითქოს მომაკვდავნი, მაგრამ ცოცხალხი; თითქოს დასჯილნი, მაგრამ სიკვდილს გადარჩენილნი; 10. თითქოს მწუხარენი, მაგრამ მარადის მოხარულნი, თითქოს ღატაკნი, მაგრამ მრავალთა მამდიდრებელნი; თითქოს არას მქონენი, მაგრამ ყველაფრის მფლობელნი.
ღირ.მოწ.: ლკ. 7: 36-50
36. ერთმა ფარისეველმა სთხოვა, მასთან ერთად ეჭამა პური. შევიდა ფარისევლის სახლში და ინახად დაჯდა. 37. და, აჰა, ქალაქში ერთმა ცოდვილმა ქალმა, როცა გაიგო, ფარისევლის სახლში ზისო, ალებასტრის ჭურჭლით მოიტანა ნელსაცხებელი; 38. ფერხთით დაუდგა უკნიდან, ტიროდა, ცრემლით ულტობდა ფეხებს და თმებით უმშრალებდა, უკოცნიდა ფეხებს და ნელსაცხებელს სცხებდა. 39. ამის შემყურე ფარისეველმა, მისმა მასპინძელმა, გულში თქვა: ეს რომ წინასწარმეტყველი იყოს, ხომ მიხვდებოდა, ვინ ეხება, ან რანაირი ქალი ეხება, ვინაიდან ცოდვილიაო. 40. ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მას: სიმონ, სიტყვა მაქვს შენთვის სათქმელი. და მან უთხრა: მოძღვარო, სთქვი! 41. ერთ მევალეს ორი მოვალე ჰყავდა: ერთს ხუთასი დინარი ემართა მისი, მეორეს – ორმოცდაათი; 42. მაგრამ რაკი გადახდის თავი არ ჰქონდათ, ორივეს აპატია. ახლა მითხარი, რომელს უფრო ეყვარება იგი? 43. სიმონმა მიუგო: ჩემის აზრით, იმას, ვისაც მეტი აპატია. ხოლო მან თქვა: მართლად განსაჯე. 44. მიუბრუნდა ქალს, და უთხრა სიმონს: მე შემოვედი შენს სახლში, და ფეხსაბანი წყალიც კი არ მომეცი, ხოლო ამან ცრემლით დამილტო ფეხები და თავისი თმებით შემიმშრალა. 45. შენ ერთხელაც არ მეამბორე, ხოლო ეს, აქ შემოსვლის შემდეგ, განუწყვეტლივ მიკოცნის ფეხებს. 46. შენ ზეთიც არა მცხე თავზე, ხოლო ამან ფეხებზე მცხო ნელსაცხებელი. 47. ამიტომაც გეუბნები შენ: მიეტევა მას დიდძალი ცოდვა, ვინაიდან დიდია მისი სიყვარული; ხოლო ვისაც მცირედი მიეტევება, მცირედია მისი სიყვარული. 48. ქალს კი უთხრა: მოგეტევა შენი ცოდვანი. 49. ხოლო მისი თანამეინახენი გულში ამბობდნენ: ვინ არის ეს, ცოდვებსაც რომ მიუტევებსო? 50. მაგრამ იესომ უთხრა ქალს: შენმა რწმენამ გიხსნა, წადი მშვიდობით!
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
ღირსმოწამე თებრონია ქალწული (დაახლ. 304)
ღირსმოწამე თებრონია ქალწული დიოკლეტიანეს (284-305) მეფობაში გაბრწყინდა მოწამეობრივი აღსასრულით. იგი იზრდებოდა ქალაქ სივაპოლის (ასურეთის ოლქი) მონასტერში, რომლის წინამძღვარიც იყო იღუმენია ბრიენა, წმიდა თებრონიას დეიდა. იღუმენიამ, ზრუნავდა რა მის ცხონებაზე, თავის დისწულს სხვა მონაზვნებთან შედარებით მკაცრი კანონი დაუწესა. მონასტრის წესდების მიხედვით, პარასკევობით დები ხელს იღებდნენ თავიანთ მორჩილების საქმეებზე და ლოცვასა და წმიდა წერილის კითხვაში ატარებდნენ დროს. ჩვეულებრივ, წინამძღვარი კითხვას წმიდა თებრონიას ავალებდა. როცა ნეტარი ქალწულის კეთილმსახური ცხოვრების შესახებ ქალაქში ხმა გავრცელდა, მასთან სიარული დაიწყო დიდგვაროვანმა წარმართმა ქვრივმა იერიამ. თებრონიამ შეჭირვებულ ახალგაზრდა ქალს ხსნის გზა დაანახა, რის შემდეგაც იგი მოინათლა და მშობლები და ახლობლებიც აზიარა ქრისტეს ნათელს.
გამხეცებულმა დიოკლეტიანემ ასურეთში ქრისტიანების ამოსაჟლეტად მეომართა რაზმი გაგზავნა ლისიმაქოსის, სელინისა და პრიმის მეთაურობით. სელინი, ლისიმაქოსის ბიძა, მართლმადიდებელთა გააფთრებული სიძულვილით გამოირჩეოდა, თავად ლისიმაქოსი კი, ღვთისმოყვარე დედის აღზრდილი, თანაუგრძნობდა მათ. კეთილგონიერი მხედართმთავარი თავის ნათესავს, პრიმს შეუთანხმდა, შეძლებისდაგვარად დაეცვათ ქრისტიანები მტარვალთა ძალმომრეობისაგან. როცა რაზმი სავანეს მიუახლოვდა, მოწესეები გაიხიზნნენ. მონასტერში დარჩნენ მხოლოდ იღუმენია ბრიენა, მისი თანაშემწე თომაიდა და წმიდა თებრონია, რომელიც მძიმედ ავადმყოფობდა. იღუმენია ძლიერ წუხდა, რომ მისი დისწული უღმრთოთა ხელში ვარდებოდა და მხურვალედ ევედრებოდა უფალს, დაეცვა და ქრისტიანულ სარწმუნოებაში განემტკიცებინა იგი. სელინმა ბრძანა, ყველა მონაზონი მოეგვარათ მისთვის, მაგრამ პრიმმა მხედრებთან ერთად სავანეში ვერავინ იპოვა ორი მხცოვანი დედისა და წმიდა თებრონიას გარდა. იგი მათმა დანახვამაც ძლიერ შეაწუხა და მონაზვნებს შესთავაზა, დაეტოვებინათ მონასტერი. დებმა არ ისურვეს თავიანთი მოღვაწეობის ადგილის დატოვება.
პრიმმა ლისიმაქოსს წმიდა თებრონიას საოცარი სილამაზე აღუწერა და ურჩია, ცოლად შეერთო იგი. ლისიმაქოსმა კი უპასუხა, არ მსურსო ქრისტეს შევედრებულ ქალწულთა ცთუნება და სთხოვა, სადმე გადაემალა დარჩენილი მონაზვნები, რომ ისინი სელინის ხელში არ ჩავარდნილიყვნენ. ერთ-ერთმა მეომარმა გაიგონა ეს საუბარი და სელინს მოუტანა ამბავი. წმიდა თებრონია ხელებშეკრული და ქედზე ჯაჭვდადებული მიჰგვარეს უსჯულო მხედართმთავარს. მან ქალწულს შესთავაზა, წარმართული ღვთაებებისთვის მსხვერპლი შეეწირა, სანაცვლოდ კი პატივი, ჯილდოები და ლისიმაქოსთან ქორწინება აღუთქვა. ნეტარმა დედამ მტკიცედ მიუგო, მე მარადიული სასიძო მყავს და არანაირ მიწიერ სიკეთეზე არ გავცვლიო მას. ამისთვის სელინმა საშინლად აწამა იგი. წმიდანი მხურვალედ ლოცულობდა: „მაცხოვარო ჩემო, ნუ დამიტევებ ამ საშინელი განსაცდელიმს ჟამს!“ მარტვილს დიდხანს გვემდნენ, ჭრილობებიდან ღვარად მოსჩქეფდა სისხლი. წმიდა თებრონიას ტანჯვა რომ გაემძაფრებინათ, იგი ხეზე დაკიდეს და ცეცხლი შეუნთეს. წამება ისეთი აუტანელი იყო, რომ ხალხი ყვირილით ითხოვდა მის შეწყვეტას. მაგრამ სელინი განაგრძობდა ქრისტეს ტარიგის დაცინვას და აბუჩად აგდებას. თებრონია დუმდა. დაუძლურებულს სიტყვის თქმაც არ შეეძლო. გააფთრებულმა მტარვალმა ბრძანა, ენა ამოეგლიჯათ მისთვის, კბილები ჩაელეწათ, მკერდი მოეჭრათ და ხელ-ფეხი მოეკვეთათ. მხილველები ვერ უძლებდნენ ამ ამაზრზენ სანახაობას და დიოკლეტიანესა და მისი ღმერთების წყევლით ტოვებდნენ იქაურობას.
ბრბოში იდგნენ მონაზონი თომაიდა, რომელმაც შემდგომში დაწვრილებით აღწერა თებრონიას მარტვილობა, და წმიდა ქალწულის მოწაფე იერია. ბოლოს წმიდა მარტვილს თავი მოჰკვეთეს.
363 წელს წმიდანის უხრწნელი ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენეს.