…მზესავით გამობრწყინდებიან მართალნი მათი მამის სასუფეველში (მთ. 13: 43).
…მადლი ის არის როცა ვინმე, უსამართლოდ ტანჯული, ღვთის წინაშე არ ღალატობს სინიდისს და უდრტვინველად იტანს გასაჭირს (2 პეტ. 2: 19).
…ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან (სიბრ. 6: 1-3).
…რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი? (1.კორ. 4: 7).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-10 შვიდეული შემდგომად მეერგასისა
8.08.2026. შაბათი. ხსნილი.
მღვდელმოწამეთა: ერმოლაოზისა, ერმიპოსი და ერმოკრატე ნიკომიდიელ ხუცესთა (305); ღირსმოწამისა პარასკევასი (138-161).
დღის ლოცვები
მღვდელმოწამეთა: ერმოლაოსის, ერმიპესი და ერმოკრატესი, ნიკომიდიელ ხუცესთა კონდაკი:
ვითარცა რა მღვდელმთავარი, ღმრთისმსახურებით სცხორებდი და გვირგვინი მღდელმოწამეობისა მიითვალენ, მსხვერპლი კერპთა დაშრიტე და იქმენ მწყემს კეთილ ქრისტეს სამწყსოსა, ბრძენო და მოძღუარ ჭეშმარიტ პანტელეიმონისა; ამისთვის პატივს გცემთ შენ შესხმით მგალობელნი: გვიხსნენ ჩუენ ჭირთაგან მარადის მეოხებითა შენითა, ერმოლაოს, მამაო ჩუენო.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის შაბათს დილით
საყვარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოზთა შეყვარებულო, ხმა მაღალო ქადაგო ღვთისმეტყველებისაო, ღირს ქმნილო ძედ წმიდისა ქალწულისა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძველო საღმრთოისა სწავლისაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდს მიყრდნობილო, ყოვლად ბრძენო, ნეტარო იოანე, ქადაგო სამებისაო! მითხოვე ქრისტესაგან შენდობაი ცოდვათა და ხსნაი განსაცდელთაგან, განჰსდევნენ ჩვენგან მტერნი ჩვენნი უხილავნი, ვითარცა განჰსდევნე კვინოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა ძილად დაწოლისა შაბათს
უფალო! რაოდენიცა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა სიტყვით, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულისხმის-ყოფით, შემინდევ მე სახელისა შენისათვის წმიდისა და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ხორცთასა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგვემისა გვლარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არა-წმიდათა ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
რომ. 15: 30-33 (დას. 119 ). მთ. 17: 24 – 18: 4 (დას. 73).
რომ. 15: 30-33
30. თქვენ კი ჩვენი უფლის იესო ქრისტესა და სულის სიყვარულით შეგაგონებთ, ძმანო, ჩემთან ერთად იღვაწეთ ჩემთვის, როცა ღვთის მიმართ ლოცულობთ. 31. რათა, ღვთის ნებით, სიხარულით მოვიდე და დავისვენო თქვენთან. 32. მშვიდობის ღმერთი იყოს ყველა თქვენგანთან. ამინ.
მთ. 17: 24 – 18: 4
24. ხოლო როდესაც მიადგნენ კაპერნაუმს, მივიდნენ პეტრესთან დიდრაქმის ამკრებნი და უთხრეს: თქვენი მოძღვარი არ გადაიხდის დიდრაქმას? 25. მან მიუგო: დიახ. და როდესაც შევიდა სახლში, იესომ დაასწრო და ჰკითხა: როგორ გგონია, სიმონ? ვისგან კრებენ მიწიერი მეფენი ხარკს და ბეგარას: თავიანთ შვილთაგან თუ უცხოთაგან? 26. პეტრემ მიუგო: უცხოთაგან. ხოლო იესომ უთხრა მას: ასე რომ, შვილები თავისუფალნი არიან. 27. მაგრამ რათა არ ვაცდუნოთ ისინი, წადი ზღვის პირას, ჩააგდე ანკესი, აიღე პირველივე თევზი, რომელსაც დაიჭერ, გაუღე პირი, და შიგ ჰპოვებ სტატირს: მიიტანე და მიეცი მათ ჩემი და შენი სახელით.
1. იმ ხანად მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და ჰკითხეს: ვინ უფრო დიდია ცათა სასუფეველში? 2. იესომ დაუძახა ბავშვს, მათ შორის ჩააყენა 3. და თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში. 4. ამრიგად, ვინც დაიმდაბლებს თავს, როგორც ეს ბავშვი, ის არის უდიდესი ცათა სასუფეველში.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
ღირსმოწამე პარასკევა (+138-161)
ღირსმოწამე პარასკევა კეთილმორწმუნე მშობლების ერთადერთი ასული იყო. მან სიყმაწვილიდანვე გადადო თავი უფლის მსახურებისათვის. დედ-მამის სიკვდილის შემდეგ წმინდანმა მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, მონაზვნად აღიკვეცა და მოციქულებრივი ღვაწლი იტვირთა: დაუცხრომლად ქადაგებდა ქრისტეს მოძღვრებას წარმართთა შორის და მრავალ უღმრთოს ცხონების გზაზე აყენებდა. როცა ამის შესახებ იმპერატორ ანტონინუს პიუსს (138-161) მოახსენეს, წმიდა პარასკევა შეიპყრეს და სამსჯავროზე წარადგინეს. ნეტარმა ახოვნად აღიარა თავისი სარწმუნოება მსაჯულთა წინაშე. ვერც პატივისა და დიდების აღთქმამ, ვერც წამებისა და სიკვდილის მუქარამ ვერ მოდრიკა უფლის რჩეული. წმიდანს გახურებული მუზარადი დაახურეს თავზე, ჩააგდეს ქვაბში, სადაც გამლღვალი კუპრი თუხთუხებდა, მაგრამ სულიწმიდის მადლით დაცული მარტვილი უვნებელი გადარჩა. როცა იმპერატორმა ქვაბში ჩაიხედა, პარასკევამ მდუღარე ფისის რამდენიმე წვეთი შეასხა სახეში და იგი დაბრმავდა. სასოწარკვეთილმა თვითმპყრობელმა ქრისტეს ტარიგსვე სთხოვა შემწეობა და მანაც უფლისადმი აღვლენილი ლოცვით თვალისჩინი დაუბრუნა უსჯულოს. ამის შემდეგ იმპერატორმა შეწყვიტა პარასკევას წამება და გაათავისუფლა იგი.მიმოდიოდა რა სახარების ქადაგებით, ნეტარი დედა ჩავიდა ქალაქში, რომელსაც ასკლიპიოსი მართავდა. აქ იგი ისევ დაატუსაღეს, სამსჯავროზე წარადგინეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. სიკვდილმისჯილი ერთ გამოქვაბულში დაბუდებულ საზარელ გველეშაპთან მიიყვანეს შესაჭმელად, მაგრამ მან ჯვრის გადასახვით მოაშთო ქვეწარმავალი. ამ სასწაულით შეძრულმა ასკლიპიოსმა და ქალაქის მცხოვრებლებმა ირწმუნეს ჭეშმარიტი ღმერთი და მისი მხევალი გაათავისუფლეს. პარასკევამ ისევ განაგრძო მაცხოვნებელი სწავლების ქადაგება. ქალაქში, სადაც ვინმე ტარასი იყო მმართველად, ღირსი დედა შეიპყრეს და სასტიკი წამების შემდეგ თავი მოჰკვეთეს (+138-161).
მღვდელმოწამენი ერმოლაოზ, ერმიპე და ერმოკრატე, ნიკომიდიელნი ხუცესნი (+დაახლ. 305)
მღვდელმოწამენი ერმოლაოზ, ერმიპე და ერმოკრატე, ნიკომიდიელნი ხუცესნი უსჯულო იმპერატორმა მაქსიმიანემ (284-305; 307-310) 303 წელს ნიკომიდიის ტაძარში ოცი ათასი ქრისტიანი ცოცხლად გამოწვა (ხს. 28 დეკემბერს). ამ საშინელებას გადარჩენილი წმინდა მამები ერმოლაოზი, ერმიპე და ერმოკრატე განკრძალულ ადგილებს აფარებდნენ თავს და არ წყვეტდნენ ქრისტიანობის ქადაგებას წარმართთა შორის. იმ სახლის წინ, სადაც ერმოლაოზი იმალებოდა, ხშირად მიმოდიოდა ხოლმე წარმართი ჭაბუკი პანტელეონი (წმიდა დიდმოწამე პანტელეიმონი; ხს. 27 ივლისს). პატიოსანმა მღვდელმა „ცნა სულითა, ვითარმედ ჭური რჩეული ყოფად არს იგი, ვითარცა პავლე მოციქული“, ერთ დღეს გამოეგება მას, „დაისუა იგი გუერდითა მისა“ და ჭეშმარიტი ღმერთი უქადაგა. „ნეტარმან პანტელეონ, ვითარცა ქუეყანამან რაჲ კეთილმან“, შეიწყნარა „თესლი დათესული მას შინა“ და სიხარულით აღსავსე დაბრუნდა შინ. ამიერიდან იგი ყოველდღე მიდიოდა ერმოლაოზ ხუცესთან და „დაიმტკიცებდა მისგან სწავლასა სარწმუნოებისასა“. როცა დიდმოწამე პანტელეიმონი სამსჯავროზე წარადგინეს, მასთან ერთად შეიპყრეს მისი მოძღვარიც. წინა ღამეს ერმოლაოზს თავად უფალი იესო ქრისტე ეჩვენა და აუწყა, რომ ტანჯვისა და სიკვდილის დათმენა მოუწევდა მისი სახელისათვის. შემდეგ ერმიპე და ერმოკრატეც დაატუსაღეს. მტარვალებმა სამივე აღმსარებელს ქრისტეს უარყოფა, კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა და პანტელეიმონის გადაბირება მოსთხოვეს, მათ კი მტკიცედ მიუგეს: „ჩუენ ვევედრებით ღმერთსა, რაჲთა ჩუენ და იგი აღვესრულნეთ სახელისა მისისათუის, რამეთუ იგი არს სასოებაჲ ჩუენი“. წარმართები წამებითა და მოკვდინებით ემუქრებოდნენ უფლის რჩეულებს. უეცრად მიწა საშინლად შეიძრა, საკერპოში ცრუღმერთების ქანდაკები ჩამოცვივდა და დაიმსხვრა. როცა ამის შესახებ იმპერატორს მოახსენეს, იგი საშინლად განრისხდა. მისი ბრძანებით პანტელეიმონი საპყრობილეში ჩააგდეს, ხუცესებს – ერმოლაოზს, ერმიპეს და ერმოკრატეს კი თავები მოჰკვეთეს (+305).