ხოლო „… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 20. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-14 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი
8.09.2025. ხსნილი
მოწამეთა ანდრიანესი და მეუღლისა მისისა ნატალიასი, ნიკომიდიელთა (305-311); მოწამისა ანდრიანესი (307-324); მაქსიმესი, იერუსალიმელ მთავარეპისკოპოსისა – აღმსარებელისა.
დღის ლოცვები
მოწამეთა ანდრიანეს და ნატალიას
კონდაკი: დედაკაცისა ღმრთივგანბრძნობილისა საღმრთონი იგი სიტყუანი გულსა დაიდევ, ანდრიანე, მოწამეო ქრისტესო, და სატანჯველთა მიმართ გულსმოდგინედ შებმა უყავ, და მეუღლისა თანა მოიღენ გვირგვინი უხრწნელებისა.
სხვა კონდაკი: მოწამეთა საღმრთო ხსენებაი გამობრწყინდა და კიდენი სოფლისანი ბრწყინვალედ განანათლნა, და სიხარულით ესრეთ ღაღადებენ: შენ ხარ, ქრისტე, გვირგვინი მოწამეთა შენთა და სიხარული.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა
ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა
უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: 2 კორ. 12: 10-19 (დას. 195). მკ. 4: 10-23 (დას. 16).
ლიტ.: 2 კორ. 12: 10-19
10. მიტომაც ვტკბები უძლურებით, შეურაცხყოფით, გაჭირვებით, დევნითა და შევიწროებით, რადგან როცა უძლური ვარ, მაშინა ვარ ძლიერი. 11. უგუნური გავხდი ქადილით; თქვენ მაიძულეთ, ვინაიდან თქვენ უნდა გექეთ; რადგანაც არაფრითა ვარ ესოდენ მაღალ მოციქულებზე ნაკლები, თუმცაღა არარა ვარ. 12. მოციქულის ნიშნები გამოჩნდა თქვენში მთელი მოთმინებით, სასწაულებით, ნიშებითა და ძალით. 13. ვინაიდან თუ რამეთი ჩამორჩებით სხვა ეკლესიებს, მხოლოდ იმით, რომ მძიმე ტვირთად არ დაგწოლივართ, მომიტევეთ ეს უსამართლობა. 14. აჰა, მე მზად ვარ მესამედაც მოვიდე თქვენთან, და არც ამჯერად შეგაწუხებთ, რადგანაც თქვენსას კი არ ვეძებ, არამედ – თქვენ. შვილები კი არ უნდა უგროვებდნენ საუნჯეს მშობლებს, არამედ მშობლები – შვილებს. 15. ამიტომაც ხალისით დავიხარჯები და დავიწრიტები თქვენი სულისთვის; მაგრამ რაკი ასე ძლიერ მიყვარხართ, განა ნაკლებ უნდა გიყვარდეთ? 16. ან იქნებ თავად არ გაწუხებდით, მაგრამ ცბიერი ვიყავი და ზაკვით დაგიმორჩილეთ? 17. მაგრამ რამე თუ მისარგებლია თქვენგან მათი მეშვობით, ვინც თქვენთან წარმოვგზავნე? 18. ვთხოვე ტიტეს, თქვენთან მოსულიყო, და ერთი ძმაც გამოვაყოლე: ან ტიტე თუ გამოგრჩათ რასმე? განა ერთი სულით არ ვმოქმედებდით? განა ერთ გზას არ ვადექით? 19. იქნებ გგონიათ, თქვენს წინაშე ვიმართლებთ თავს? არა, ღვთის წინაშე, ქრისტეში. ხოლო ყოველივე ამას, საყვარელნო, თქვენს ასაშენებლად ვამბობთ.
ლიტ.: მკ. 4: 10-23
10. როდესაც ხალხი დაიშალა, მასთან დარჩენილებმა თორმეტ მოწაფესთან ერთად ჰკითხეს იგავის აზრი. 11. და უთხრა მათ: თქვენ მოგეცათ ღმრთის სასუფევლის საიდუმლოთა ცოდნა, ხოლო გარეშეთათვის ყველაფერი იგავში ხდება. 12. რადგან თვალით მხედველნი ვერას ხედავენ, და ყურით მსმენელნი ვერას ისმენენ, რათა არ მოიქცნენ და არ მიეტევოთ ცოდვები. 13. და უთხრა მათ: ეს იგავი არ გესმით და როგორღა გაიგებთ დანარჩენთ? 14. მთესავი სიტყვას თესავს. 15. გზის პირას დაცვენილი თესლი ისინი არიან, რომლებშიაც ითესება სიტყვა, მაგრამ სიტყვის მოსმენისთანავე მიადგებათ სატანა და მოსტაცებთ სიტყვას, რომელიც მათ გულში ჩაითესა. 16. ასევე, ქვიან ადგილას დაცვენილი თესლი ისინი არიან, რომელნიც სიტყვის მოსმენისთანავე სიხარულით იღებენ მას; 17. მაგრამ ფესვი არა აქვს მათში, და როდესაც მოაწევს ჭირის დღე ან დევნა სიტყვის გამო, მყისვე ცდებიან. 18. ეკალ-ბარდებში ჩაცვენილი თესლი სიტყვის მსმენელნი არიან, 19. რომლებშიაც სოფლის საზრუნავი, სიმდიდრის საცდური და სხვა გულისთქმანი, მათში შესვლისას, აშთობენ სიტყვას და უნაყოფოს ხდიან მას. 20. ხოლო პოხიერ ნიადაგზე დაცვენილი თესლი ისინი არიან, რომელნიც ისმენენ და კიდევაც იღებენ სიტყვას, და ნაყოფიც გამოაქვთ: ერთი ოცდაათად, ერთი სამოცად თუ ერთი ასად. 21. და უთხრა მათ: განა იმიტომ მოაქვთ სანთელი, რომ საწყაოსა თუ საწოლის ქვეშ დადგან? არამედ სასანთლეზე დგამენ მას. 22. არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს. 23. ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს!
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მოწამენი ადრიანე და ნატალია (IV)
წმიდა მოწამენი ადრიანე და ნატალია ახალგაზრდობაში შეუღლდნენ, წამებამდე სულ ერთი წლით ადრე. ისინი ბითვინიის ნიკომიდიაში ცხოვრობდნენ იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს. ღვთისმოძულე ხელისუფალმა დაიწყო რა ქრისტიანთა დევნა, ჯილდოები აღუთქვა ყველას, ვინც მათ გასცემდა და სამსჯავროზე წარადგენდა. დაიწყო დასმენები. ერთი მოენის ცნობით, ნიკომიდიის მახლობელ მღვიმეს შეხიზნული ოცდასამი ქრისტიანი შეიპყრეს. კერპთაყვანისცემაზე უარის თქმისთვის ისინი საშინლად აწამეს, შემდეგ კი სამსჯავრო პალატაში მიიყვანეს, რომ მათი ვინაობა დაედგინათ. აღმსარებელთა სიმტკიცით გაკვირვებულმა სამსჯავრო პალატის უფროსმა ადრიანემ მწერლებს მიმართა: „მეც ჩამწერეთ, რადგან ქრისტიანი ვარ და სიხარულით მოვკვდები ქრისტე ღმერთისთვის“.როცა მწერლებმა იმპერატორს მოახსენეს ამის შესახებ, მან თავისთან მოუხმო ერთგულ მოხელეს და უთხრა: „ნუთუ შენც შეიშალე და თავის დაღუპვა გსურს? წადი, ამოშალე სიიდან შენი სახელი, პატიება სთხოვე ღმერთებს და მსხვერპლი შესწირე!“ წმიდა ადრიანემ კი უპასუხა: „მე კი არ შევშლილვარ, გონს მოვედი“. მაშინ მაქსიმიანემ ბრძანა, საპყრობილეში ჩაეგდოთ აღმსარებელი. როცა მარტვილის მეუღლემ, ნატალიამ შეიტყო, რომ მისმა ქმარმა ქრისტე აღიარა, სიხარულით აღივსო, რადგან თავადაც ფარული ქრისტიანი იყო. მან საპყრობილეში მოინახულა და გაამხნევა ადრიანე: „ნეტარ ხარ შენ, უფალო ჩემო, რამეთუ ირწმუნე ქრისტე. დიდი საუნჯე მოგიგია. ნუ დაგენანება ნურაფერი მიწიერი: სილამაზე, სიყმაწვილე და სიმდიდრე – ყველაფერი მტვერი და ნაცარია, უფალს კი მხოლოდ სარწმუნოება და კეთილი საქმეები სათნოეყოფა“. სხვა პყრობილთა თავდებით წმიდა ადრიანე საპყრობილიდან გაუშვეს, რომ მეუღლისთვის თავისი სიკვდილით დასჯის დღე შეეტყობინებინა. ნატალიამ იფიქრა, რომ იგი მაცხოვრის უარყოფის ფასად გაათავისუფლესო; მაგრამ ქრისტეს ტარიგმა დაარწმუნა, წამებას არ გავქცევივარ, ჩემი აღსასრულის დღე მინდა გაუწყოო.
წმიდა ადრიანე სასტიკად აწამეს. წმიდა ნატალია განამტკიცებდა ქმარს; ევედრებოდა, ღვთის წინაშე პირველი ლოცვა მისთვის აღევლინა. მტარვალმა ბრძანა, ადრიანესა და სხვა მსჯავრდებულებისთვის გრდემლზე ხელ-ფეხი გადაემსხვრიათ. უღმრთოებს სურდათ, დაეწვათ მათი ცხედრები, მაგრამ საშინელი ჭექა-ქუხილი ატყდა და ღუმელში ცეცხლი ჩაქრა. ბევრი ჯალათი ემსხვერპლა მეხისტეხას. მალე ლაშქრის ერთ-ერთმა ათასისთავმა იმპერატორისგან მომხიბლავ და მდიდარ ნატალიაზე დაქორწინების ნებართვა გამოითხოვა, მაგრამ ქვრივი ბიზანტიონში გაიხიზნა და მეუღლის წმინდა ცხედარიც თან წაასვენა. აქ მას ძილში წმიდა ადრიანე გამოეცხადა და აუწყა, რომ მალე მიიცვლებოდა. გადატანილი სატანჯველებით მოუძლურებული ქრისტეს ტარიგის სული, მართლაც, მალე შეივედრა უფალმა _ იგი მეუღლის ცხედარს დააკვდა.