8.09.2026. მე-15 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

8.09.2026. მე-15 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

     …ღმერთმა გამოარჩია… უძლურნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ძლიერნი (1 კორ. 1: 27).

     …მიტომაც ვტკბები უძლურებით, შეურაცხყოფით, გაჭირვებით, დევნითა და შევიწროებით, რადგან როცა უძლური ვარ, მაშინა ვარ ძლიერი (2 კორ. 10: 19).

     …რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი?  (1.კორ. 4: 7).

 გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-15 შვიდეული შემდგომად მეერგასისა

8.09.2026. სამშაბათი. ხსნილი.

მოწამეთა ანდრიანესი და მეუღლისა მისისა ნატალიასი, ნიკომიდიელთა (305-311); მოწამისა ანდრიანესი (307-324); მაქსიმესი, იერუსალიმელ მთავარეპისკოპოსისა – აღმსარებელისა.

დღის ლოცვები 

მოწამეთა ანდრიანეს და ნატალიას

კონდაკი: დედაკაცისა ღმრთივგანბრძნობილისა საღმრთონი იგი სიტყუანი გულსა დაიდევ, ანდრიანე, მოწამეო ქრისტესო, და სატანჯველთა მიმართ გულსმოდგინედ შებმა უყავ, და მეუღლისა თანა მოიღენ გვირგვინი უხრწნელებისა.
სხვა კონდაკი: მოწამეთა საღმრთო ხსენებაი გამობრწყინდა და კიდენი სოფლისანი ბრწყინვალედ განანათლნა, და სიხარულით ესრეთ ღაღადებენ: შენ ხარ, ქრისტე, გვირგვინი მოწამეთა შენთა და სიხარული. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა

ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსა

უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

დღის საკითხავები

 

გალ. 2: 21-3: 7 (დას. 204). მკ. 6: 1-7 (დას. 22).

გალ. 2: 21-3: 7 

21. არ უგულებელვყოფ ღვთის მადლს, რადგან თუ გამართლება რჯულისგანაა, მაშინ ამაოდ მომკვდარა ქრისტე. 

1. ეჰა, უგუნურო გალატელნო! ვინ მოგნუსხათ ისე, რომ აღარ ემორჩილებით ჭეშმარიტებას? თქვენ, ვის თვალწინაც გამოისახა იესო ქრისტე, როგორც თქვენშივე ჯვარცმული? 2. მხოლოდ ეს მინდა ვიცოდე თქვენგან: რჯულის საქმეთაგან მიიღეთ სული თუ რწმენის შესმენით? 3. ნუთუ იმდენად უგუნურნი ხართ, რომ სულით დაიწყეთ და ხორცით კი ამთავრებთ? 4. ნუთუ ამაოდ დაითმინეთ ამდენი რამე? ოჰ, ნეტა მხოლოდ ამაოდ! 5. ვინც სულს გაძლევთ და სასწაულებს ახდენს თქვენს შორის, რჯულის საქმეებით ახდენს ამას თუ რწმენის შესმენით? 6. როგორც აბრაამმა ირწმუნა ღმერთი, და სიმართლედ შეერაცხა მას. 7. მაშ, იცოდეთ, რომ ვინც რწმენისაგან არიან, აბრაამის ძენი არიან.

მკ. 6: 1-7 

1. წამოვიდა იქიდან და მოწაფეების თანხლებით მივიდა თავის მამულში. 2. შაბათ დღეს დაიწყო სწავლება სინაგოგაში და მრავალი მსმენელი გაოცებული ამბობდა: ვინ მისცა ყოველივე ეს, ან რა სიბრძნე აქვს ბოძებული, რომ ამნაირი სასწაულები ხდება მისი ხელით? 3. განა ხურო არ არის, მარიამის ძე და იაკობის, იოსეს, იუდასა და სიმონის ძმა? მისი დებიც ხომ აქვე არიან, ჩვენს შორის? და ცდებოდნენ მასში. 4. ხოლო იესომ უთხრა მათ: არ არსებობს წინასწარმეტყველი პატივის გარეშე, თუ არა თავის მამულში, თავისიანებს შორის და თავის სახლში. 5. და არ მოუხდენია იქ არავითარი სასწაული. მხოლოდ რამდენიმე სნეულს დაადო ხელი და განკურნა. 6. უკვირდა მათი ურწმუნოება, ახლომახლო სოფლებში დადიოდა და ასწავლიდა მათ. 7. მოუხმო თორმეტს, წყვილ-წყვილად დაუწყო წარგზავნა, და მისცა მათ უწმინდურ სულთა დათრგუნვის ძალა. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                             (1 ინ. 3: 14) 

 

წმიდა მოწამენი ადრიანე და ნატალია (IV)
წმიდა მოწამენი ადრიანე და ნატალია ახალგაზრდობაში შეუღლდნენ, წამებამდე სულ ერთი წლით ადრე. ისინი ბითვინიის ნიკომიდიაში ცხოვრობდნენ იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს. ღვთისმოძულე ხელისუფალმა დაიწყო რა ქრისტიანთა დევნა, ჯილდოები აღუთქვა ყველას, ვინც მათ გასცემდა და სამსჯავროზე წარადგენდა. დაიწყო დასმენები. ერთი მოენის ცნობით, ნიკომიდიის მახლობელ მღვიმეს შეხიზნული ოცდასამი ქრისტიანი შეიპყრეს. კერპთაყვანისცემაზე უარის თქმისთვის ისინი საშინლად აწამეს, შემდეგ კი სამსჯავრო პალატაში მიიყვანეს, რომ მათი ვინაობა დაედგინათ. აღმსარებელთა სიმტკიცით გაკვირვებულმა სამსჯავრო პალატის უფროსმა ადრიანემ მწერლებს მიმართა: „მეც ჩამწერეთ, რადგან ქრისტიანი ვარ და სიხარულით მოვკვდები ქრისტე ღმერთისთვის“.
როცა მწერლებმა იმპერატორს მოახსენეს ამის შესახებ, მან თავისთან მოუხმო ერთგულ მოხელეს და უთხრა: „ნუთუ შენც შეიშალე და თავის დაღუპვა გსურს? წადი, ამოშალე სიიდან შენი სახელი, პატიება სთხოვე ღმერთებს და მსხვერპლი შესწირე!“ წმიდა ადრიანემ კი უპასუხა: „მე კი არ შევშლილვარ, გონს მოვედი“. მაშინ მაქსიმიანემ ბრძანა, საპყრობილეში ჩაეგდოთ აღმსარებელი. როცა მარტვილის მეუღლემ, ნატალიამ შეიტყო, რომ მისმა ქმარმა ქრისტე აღიარა, სიხარულით აღივსო, რადგან თავადაც ფარული ქრისტიანი იყო. მან საპყრობილეში მოინახულა და გაამხნევა ადრიანე: „ნეტარ ხარ შენ, უფალო ჩემო, რამეთუ ირწმუნე ქრისტე. დიდი საუნჯე მოგიგია. ნუ დაგენანება ნურაფერი მიწიერი: სილამაზე, სიყმაწვილე და სიმდიდრე – ყველაფერი მტვერი და ნაცარია, უფალს კი მხოლოდ სარწმუნოება და კეთილი საქმეები სათნოეყოფა“. სხვა პყრობილთა თავდებით წმიდა ადრიანე საპყრობილიდან გაუშვეს, რომ მეუღლისთვის თავისი სიკვდილით დასჯის დღე შეეტყობინებინა. ნატალიამ იფიქრა, რომ იგი მაცხოვრის უარყოფის ფასად გაათავისუფლესო; მაგრამ ქრისტეს ტარიგმა დაარწმუნა, წამებას არ გავქცევივარ, ჩემი აღსასრულის დღე მინდა გაუწყოო.
წმიდა ადრიანე სასტიკად აწამეს. წმიდა ნატალია განამტკიცებდა ქმარს; ევედრებოდა, ღვთის წინაშე პირველი ლოცვა მისთვის აღევლინა. მტარვალმა ბრძანა, ადრიანესა და სხვა მსჯავრდებულებისთვის გრდემლზე ხელ-ფეხი გადაემსხვრიათ. უღმრთოებს სურდათ, დაეწვათ მათი ცხედრები, მაგრამ საშინელი ჭექა-ქუხილი ატყდა და ღუმელში ცეცხლი ჩაქრა. ბევრი ჯალათი ემსხვერპლა მეხისტეხას. მალე ლაშქრის ერთ-ერთმა ათასისთავმა იმპერატორისგან მომხიბლავ და მდიდარ ნატალიაზე დაქორწინების ნებართვა გამოითხოვა, მაგრამ ქვრივი ბიზანტიონში გაიხიზნა და მეუღლის წმინდა ცხედარიც თან წაასვენა. აქ მას ძილში წმიდა ადრიანე გამოეცხადა და აუწყა, რომ მალე მიიცვლებოდა. გადატანილი სატანჯველებით მოუძლურებული ქრისტეს ტარიგის სული, მართლაც, მალე შეივედრა უფალმა _ იგი მეუღლის ცხედარს დააკვდა.