8.12.2025. 27-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

8.12.2025. 27-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

     … სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ (ეფ. 6: 12).

     „ თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 20.იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

     „… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! 2. ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! 3. უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

27-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

8.12.2025. ხსნილი თევზით

ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულის წარგზავნა.

მღვდელმოწამეთა კლიმენტი რომის პაპისა (101) და პეტრესი, ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსისა (311); ღირსისა პეტრე მდუმარისა (429).

დღის ლოცვები
მღვდელმოწამეთა: კლიმენტი რომის პაპისა, და პეტრესი, ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსის
ტროპარი: რომელი ღმრთისა მიერ ყოვლადდიდებულითა სასწაულთმოქმედებითა ყოველთა
კიდეთა სოფლისათა განაკვირვებ და უფროს ღელვასა ზღვისასა და სიღმესა წყლისასა შეიქმ განყოფილად პატიოსანსა ხსენებასა შენსა მარადის წადიერად მოლტოლვილთა ღმრთივაღშენებულსა შენსა ეკლესიასა საკვირველთმოქმედებითა შენთა ნაწილთათა, და შემდგომად ერთა გამოსლვისა ზღვისა უკუე სრბისა-ჰყოფ შეერთებასა, სასწაულთმოქმედო კლიმენტი, ყოვლადსაკვირველო მღდელმოწამეო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა ცხორებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი: საღმრთოსა ვენახისა ვაზად მღდელთმოქმედითა ყოველთა გამოუჩნდი მწთოლვარე სიბრძნისა სიტკბოებასა მეოხებითა შენითა, ყოვლადპატიოსანო, აცხოვნენ მონანი შენნი, რაითა შეგითხზნათ საცნაური გალობაი, ვითარცა ძოწეულნი და შევსწირნეთ შენდა, კლიმენტი წმიდაო.
კონდაკი: მართლმადიდებელთა მორწმუნეთა მიერ ეკლესია განაბრწყინვე, მისთვის იღუაწე რა, ყოვლადსანატრელო მამაო, და არიოს განდგომილი იოტე; ამისთვის შენისა ყოვლადწმიდისა ხსენებისა პატივისმცემელნი მართლმადიდებლობით გადიდებთ: გიხაროდენ, პეტრე, კლდეო სარწმუნოებისაო.
კონდაკი (ორივესი): ეკლესიისა შეურყეველნო გოდოლნო და მართლმადიდებლობისა სუეტნო საღმრთონო, ყოვლადბრძენო კლიმენტი პეტრეს თანა ქებულნო, მეოხებითა თქუენითა დაგვიფარენით ყოველნი.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა

ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა

უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

ლიტ.: 1 ტიმ. 5: 1-10 (დას. 285). ლკ. 19: 37-44 (დას. 97).
ღმრთისმშობ.: ებრ. 9: 1-7 (დას. 320). ლკ. 10: 38-42; 11: 27-28 (დას. 54).
მღვდელმოწ.: ფილ. 3: 20 – 4: 3 (დას. 246). ლკ. 19: 45-48 (დას. 98).

ლიტ.: 1 ტიმ. 5: 1-10 

1. ნუ შერისხავ ბერიკაცს, არამედ შეაგონე, როგორც მამას, ყმაწვილკაცებს კი – როგორც ძმებს, 2. დედაბრებს – როგორც დედებს, ქალწულებს – როგორც დებს, მთელი სიწმიდით. 3. პატივი ეცი ქვრივებს, რომლებიც მართლა ქვრივები არიან. 4. ხოლო თუ ქვრივს შვილები ან შვილიშვილები ჰყავს, დაე, მათ თავდაპირველად ისწავლონ თავიანთი ოჯახის პატივისცემა და სანაცვლო მიაგონ მშობლებს, რადგანაც ეს ეამება ღმერთს. 5. ნამდვილი ქვრივი და მარტოხელა ღმერთს ესავს და ლოცვა-ვედრებაში ატარებს დღესა და ღამეს. 6. განცხრომის მოყვარე კი – ცოცხლადვე მკვდარია. 7. ეს ამცნე მათ, რათა უბიწონი იყვნენ. 8. ხოლო ვისთვისაც უცხოა თავისიანთა და, მით უმეტეს, სახლეულთათვის ზრუნვა, რწმენის უარმყოფელია და ურწმუნოზედაც უარესი. 9. ქვრივად შეიძლება შეირაცხოს არანაკლებ სამოცი წლისა, ერთნაქმარევი 10. და თავისი კეთილი საქმით ცნობილი: რომ დაზარდა შვილები, რომ მასპინძლობდა სტუმრებს, ფეხებს ჰბანდა წმიდათ, შეეწეოდა გაჭირვებული, და გულმოდგინედ ასრულებდა ყველა კეთილ საქმეს.

ლიტ.: ლკ. 19: 37-44 

37. როდესაც მიადგა ზეთისხილის მთის დაღმართს, მოწაფეთა მთელმა სიმრავლემ სიხარულით დაიწყო ღმერთის ხმამაღლა დიდება ყველა იმ სასწაულის გამო, რაც კი ეხილათ. 38. ასე ამბობდნენ: კურთხეულია მეუფე, მომავალი უფლის სახელით! მშვიდობა ზეცას და დიდება მაღალთა შინა! 39. ზოგიერთმა ფარისეველმა ხალხიდან უთხრა მას: მოძღვარო, შერისხე შენი მოწაფეები. 40. ხოლო იესომ მიუგო: გეუბნებით: ესენი რომ დადუმდნენ, ქვები დაიწყებენ ღაღადს. 41. როდესაც მიუახლოვდა და დაინახა ქალაქი, ატირდა მის გამო, 42. და თქვა: დღევანდელ დღეს მაინც გცოდნოდა, რა მოგანიჭებს მშვიდობას! მაგრამ ამჟამად დაფარულია ეს შენს თვალთაგან. 43. ვინაიდან მოგივლენ დღენი, როცა მტრები თხრილს შემოგავლებენ გარშემო, შემოგერტყმიან და შეგავიწროებენ ყოველი მხრიდან; 44. მიწასთან გაგასწორებენ და შენს შვილებს მუსრს გაავლებენ შენში, და ქვას ქვაზე აღარ დატოვებენ შენში, ვინაიდან ვერ შეიცან შენი მოხილვის ჟამი.

ღმრთისმშობ.: ებრ. 9: 1-7 

1. თუმცა პირველ აღთქმასაც ჰქონდა მართლგანაწესი მსახურებისა და ამქვეყნიური საწმიდარი, 2. რადგანაც პირველი კარავი ისე იქნა გამზადებული, რომ შიგ იყო სასანთლე, ტაბლა და საწირავი პური; ხოლო სახელი მისი იყო „წმინდა“. 3. მეორე ფარდის მიღმა კი იყო კარავი, რომელსაც ერქვა „წმიდათაწმიდა“. 4. და ჰქონდა მას ოქროს სასაკმევლე, მთლიანად ოქროთი მოჭედილი კიდობანი აღთქმისა, რომელშიც იდგა მანანით სავსე ოქროს ჭურჭელი, აარონის კვერთხი, რომელიც განედლდა, და აღთქმის ფიცარნი. 5. ხოლო მათ ზემოთ – ქერუბიმნი დიდებისა, სალხინებლის საჩრდილობლად, თუმცა აქ დაწვრილებით ვერ ვილაპარაკებთ მათზე. 6. ამნაირად გამართულ პირველ კარავში ყოველთვის შედიან მღვდლები ღვთისმსახურების აღსასრულებლად. 7. მეორეში კი წელიწადში ერთხელ შედის მღვდელმთავარი, მაგრამ არა სისხლის გარეშე, რომელსაც სწირავს თავისი თავისა და ხალხის ცთომილებათა გამო.

ღმრთისმშობ.: ლკ. 10: 38-42; 11: 27-28 

38. მოხდა ისე, რომ გზად მიმავალი ერთ სოფელში შევიდა და ვიღაც ქალმა, რომელსაც სახელად ერქვა მართა, თავის სახლში შეიპატიჟა იგი. 39. ამ ქალს ჰყავდა და, სახელად მარიამი, რომელიც იესოს ფერხთით ჩამოჯდა და ისმენდა მის სიტყვას. 40. მართა კი დაფუსფუსებდა, ვინაიდან ბევრი საზრუნავი ჰქონდა სამასპინძლოდ; მივიდა და უთხრა მას: უფალო, ნუთუ ვერ ხედავ, რომ ჩემმა დამ მარტო მე მომანდო მასპინძლობა? უთხარი, ხელი შემაშველოს. 41. მიუგო იესომ და უთხრა მას: მართა, მართა, ბევრ რამეზე ზრუნავ და შფოთავ; 42. მაგრამ საჭიროა მხოლოდ ერთი რამ. მარიამმა კი უკეთესი წილი ირჩია, რომელიც არ წაერთმევა მას.

27. ამას რომ ამბობდა, ერთმა ქალმა ხმა აიმაღლა ხალხში და უთხრა: ნეტარია მუცელი, რომელმაც გატარა, და ძუძუნი, რომელთაც სწოვდი. 28. ხოლო მან თქვა: ნეტარ არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და იცავენ მას.

მღვდელმოწ.: ფილ. 3: 20 – 4: 3 

20. ხოლო ჩვენი მოქალაქეობა ცაშია, საიდანაც მოველით მხსნელსაც – უფალ იესო ქრისტეს, 21. რომელიც ისე გარდაქმნის ჩვენს დამდაბლებულ სხეულს, რომ თავის დიდებულ სხეულს დაამსგავსებს იმ ძალისხმევით, რითაც თავის თავს უმორჩილებს ყოველს.

1. ამიტომ, ჩემო ძვირფასო და სასურველო ძმანო, სიხარულნო და გვირგვინნო ჩემნო, ასე იდექით უფალში, საყვარელნო. 2. ვევედრები ევოდიას და სინტიქეს, თანამოაზრენი იყვნენ უფალში. 3. შენც გევედრები, ერთგულო თანამდგომო, შეეწიე მათ, ჩემთან ერთად რომ იღვწოდნენ სახარებაში, კლემენტესა და ჩემს სხვა თანამშრომლებთან ერთად, რომელთა სახელებიც ჩაწერილია სიცოცხლის წიგნში.

მღვდელმოწ.: ლკ. 19: 45-48 

45. შევიდა ტაძარში და დაიწყო მყიდველ-გამყიდველთა გამოყრა. 46. და უთხრა მათ: დაწერილია: ჩემი სახლი ლოცვის სახლია, თქვენ კი ყაჩაღთა ბუნაგად გიქცევიათ იგი. 47. იყო იქ და ყოველდღე ასწავლიდა ტაძარში; ხოლო მღვდეღმთავრებს, მწიგნობრებს და ერისმთავრებს მისი დაღუპვა სურდათ; 48. მაგრამ ვერაფერს უხერხებდნენ, ვინაიდან მთელი ხალხი მონუსხულივით უსმენდა მას.

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით

                                                                                         (1 ინ. 3: 14)

 

მღვდელმოწამე კლიმენტი, რომის პაპი (+101) - 25 ნოემბერი (08 დეკემბერი)
წმინდა კლიმენტი რომაელი დაიბადა რომში, იმპერატორ ტიბერიუს I-ის მონათესავე, დიდგვაროვან და მდიდარ, წარმართულ ოჯახში. კლიმენტის მშობლებს, ფავსტოს და მათიდიას ტყუპი ძე ჰყავდათ, კლიმენტი მათი ნაბოლარა ვაჟი იყო. იგი ჯერ ბავშვი იყო, როცა დედამისი შორეულ მოგზაურობას შეუდგა და თან წაიყვანა ორი უფროსი ძე, ტყუპი. მაგრამ საშინელი ქარიშხლის დროს მათი ხომალდი წყალქვეშა კლდეებზე დაიმსხვრა, მგზავრები კი დახრჩობისგან ღვთის განგებულებამ იხსნა. დედა თავის შვილებს დაღუპულად თვლიდა და გლოვობდა. ტყუპიც, თავის მხრივ, დარწმუნებულები იყვნენ, რომ დედა დაიხრჩო. დედა ვიღაც კეთილმა დედაკაცმა შეიკედლა, შვილები ყაჩაღებმა იგდეს ტყვედ და სტრატონიის კესარიაში მონებად მიჰყიდეს ვინმე იუსტას, რომელმაც ისინი საკუთარი შვილებივით შეიყვარა. ჭაბუკებს უდიდესი ბედნიერება ელოდათ: კესარიაში მათ მოისმინეს პეტრე მოციქულის ქადაგება, დაემოწაფნენ და მისგანვე მოინათლნენ.
ამასობაში მათმა მამამ, რომ ვერაფერი შეიტყო თავისი ოჯახის შესახებ, რომში უმცროსი ვაჟი კლიმენტი დატოვა და ცოლ-შვილის საძებნელად გაემგზავრა. როდესაც იმ ხომალდის დაღუპვის ამბავი შეიტყო, რომლითაც მისი ოჯახი მგზავრობდა, დიდად დამწუხრებულმა აღარ მოისურვა რომში დაბრუნება, ნებით ირჩია სიღატაკე და იწყო სხვადასხვა ქვეყანაში ხეტიალი. მთელი ეს დრო კლიმენტი რომში ცხოვრობდა წარმართი აღმზრდელების მეთვალყურეობის ქვეშ. მიუხედავად ფუფუნებაში ყოფნისა, იგი მშობლის ალერსს იყო მოკლებული, რამაც ადრეული ასაკიდანვე დარდიანი და გულჩათხრობილი გახადა. ეს ნაღვლიანი განწყობა წლებთან ერთად მატულობდა. მას თავზარს სცემდა ყოველგვარი მიწიერი სიხარულისა და სიმდიდრის ამაოება, სიცარიელე მთელი წარმართული სიბრძნისა, რომელიც მან ასე ღრმად შეისწავლა და მასში ვერც დასაყრდენი იპოვა და ვერც ნუგეში. ერთხელ გაიცნო ქრისტიანი, რომელმაც უამბო ქრისტესა და მარადიული ცხოვრების შესახებ, რითაც კლიმენტის ახალ სამყაროში შესასვლელი კარი გაუხსნა. იგი გაემგზავრა იმ ქვეყნებში, სადაც ქადაგებდნენ მოციქულები, რათა მეტი შეეტყო ამ ნუგეშინისმცემელი სწავლების შესახებ – იქ მოუსმინა ბარნაბას და პეტრეს და ირწმუნა ქრისტე. კლიმენტი მონათლა პეტრე მოციქულმა, რის შემდგომაც იგი მის მოწაფეებს შეუერთდა. პეტრეს თან ახლდნენ კლიმენტის ძმები – ფავსტო და ფავსტიანეც, მაგრამ მათ, ბუნებრივია, ერთმანეთი ვერ იცნეს. ერთხელ პეტრე მოციქული ზღვით სირიაში გაემგზავრა თავის ახალ მოწაფესთან ერთად. გზად წმინდანმა მოუთხრო მოძღვარს თავისი ყრმობის შესახებ. ამასობაში მოგზაურები ერთ მცირე კუნძულს მიუახლოვდნენ. ეს სწორედ ის კუნძული იყო, რომელზეც მათიდია ცხოვრობდა. ნაპირზე გადასული პეტრე შეხვდა ერთ გლახაკ ქალს, რომელიც მოწყალებას თხოულობდა, ღვთის განგებით, მოციქულმა დავრდომილ დედაკაცში მათიდია შეიცნო და აუწყა, რომ მის უმცროს შვილს იცნობდა და ქალი ხომალდზე აიყვანა. მათიდიამ შორიდანვე იცნო თავისი ძე. საუბრისას გაირკვა, რომ ფავსტო და ფავსტინე, რომელნიც ლაოდიკიაში ელოდებოდნენ მოციქულ პეტრეს, წმინდა კლიმენტის ძმები იყვნენ და დედა-შვილი მოუთმენლად ელოდა ლაოდიკიაში ჩასვლას. როცა პეტრე და მისი თანამგზავრები ლაოდიკიაში ჩავიდნენ, მათ გამოეგებათ ფავსტო და ფავსტიანე.
წმინდა მოციქულმა დატოვა ბედნიერი ოჯახი და მოგზაურობა განაგრძო. გზაში მას შეხვდა ღირსეული გარეგნობის, მაგრამ ღარიბულად ჩაცმული მამაკაცი, რომელიც თითქოს საგანგებოდ ელოდა. კაცი მიუახლოვდა წმინდანს და უთხრა: “ვხედავ, რომ კეთილგონიერი კაცი ხარ და რჩევა მინდა მოგცე. დღეს დილით ვხედავდი, თუ როგორ გახვედი ზღვის ნაპირთან და დიდხანს ლოცულობდი. არ მინდა, რომ ამაოდ დაშვრე, ამიტომ მსურს დაგიმტკიცო: ღმერთი არ არის არც ზეცაში, არც დედამიწაზე და ჩვენზეც არავინ ზრუნავს”. პეტრე გულისხმიერად მოეპყრო გზადაბნეულს და ჭეშმარიტი ღმერთი უქადაგა. უცხოტომელმა მას თავისი ცხოვრება მოუთხრო და გახარებულმა მოციქულმა შეიტყო, რომ უფალს კლიმენტის მამა გამოეჩინა მისთვის. პეტრემ ფავსტოც მიიყვანა დიდი ხნის უნახავ ცოლ-შვილთან.
შემდეგ ყველანი რომში დაბრუნდნენ, დაიწყეს ღვთის¬მოშიშებით ცხოვრება და გულმოდგინედ იღვწოდნენ ქრისტიანული სარწმუნოების გასავრცელებლად. კლიმენტი შეუერთდა პეტრე და პავლე მოციქულებს რომში მათი ყოფნის დროს. პავლე მოციქული ფილიპელთა მიმართ თავის ეპისტოლეში ახსენებს კლემენტის და ამბობს, რომ მისი სახელი “წერილ არს წიგნსა მას ცხორებისასა” (ფილიპ. 4,3). ვარაუდობენ, რომ პეტრე მოციქულმა თავის აღსასრულის წინ კლიმენტი რომაელი ეპისკოპოსად აკურთხა, თუმცა ეს კათედრა მან დაიკავა დაახლოებით 98 წელს, ლინუსისა და ანაკლიტუსის შემდეგ.
კლიმენტიმ სათნო ცხოვრებითა და სარწმუნოებისადმი მოშურნეობით ქრისტიანთა დიდი პატივისცემა მოიპოვა. როდესაც კორინთოს ეკლესიაში განხეთქილება და არეულობა დაიწყო, იქაურმა მორწმუნეებმა რჩევისთვის მას მიმართეს, მანაც მოციქულთა მოწაფის ღირსების საკადრისი ორი ეპისტოლე მისწერა კორინთელებს და მოუწოდა, მორიდებოდნენ სიამაყეს, გამოეჩინათ თავმდაბლობა და სიყვარული. იგი აღფრთოვანებით საუბრობს უფალ იესო ქრისტეზე. მაცხოვარი მისთვის არის: “მეოხი ჩვენი და შემწე უძლურებათა შინა, რომლის წყალობითაც ვუმზერთ ზეციურ სიმაღლეებს და რომელმაც აგვიხილა თვალნი ჩვენი გულისა”. ძველი ქრისტიანები განსაკუთრებით აფასებდნენ მის პირველ ეპისტოლეს კორინთელთა მიმართ და ღვთისმსახურების დროს კითხულობდნენ. იგი შეიცავს უამრავ ცნობას მაშინდელი ეკლესიის მდგომარეობისა და ტრადიციების შესახებ. დომიციანეს დროს კლიმენტის დევნიდნენ, ხოლო პირველი საუკუნის მიწურულს მისი ქადაგებებით გაგულისებულმა წარმართებმა ცილი დასწამეს იმპერატორ ტრაიანეს წინაშე, რომელმაც იგი ტავრიკეს (ახლანდელი ყირიმი) ქერსონესში გადაასახლა, ქვის სამტეხლოებზე უმძიმესი სამუშაოებისთვის. ამ სასჯელმაც სახარების გავრცელებას შეუწყო ხელი – კლიმენტიმ იქ მყოფი საცოდავი დევნილები ანუგეშა: უქადაგა ქრისტეთი გადარჩენა და მარადიული ცხოვრება; ბევრი მისი წყალობით მოინათლა, რამაც აღაშფოთა ქვეყნის წარმართი მმართველობა და კლიმენტის სიკვდილი მიუსაჯა. მას კისერზე ღუზა მიაბეს და შავ ზღვაში დაახრჩვეს. ეს მოხდა 101 წელს. მღვდელმთავრის ერთგული მოწაფეების, კორნილიუსისა და თებეს, ასევე მთელი ხალხის ლოცვით ზღვა უკუიქცა და მორწმუნეებმა წყალქვეშ სასწაულებრივ გამოკვეთილ მარმარილოს ტაძარში (“ანგელოზთა ეკლესიაში”) დასვენებული მოძღვრის უხრწნელი ნაწილები იხილეს. ამის შემდეგ მღვდელმთავარ კლიმენტის მოწამებრივი აღსასრულის დღეს ზღვა ყოველწლიურად იხევდა უკან და ქრისტიანებს საშუალება ეძლეოდათ, შვიდი დღის მანძილზე თაყვანი ეცათ სიწმინდისათვის.
ღვთის დაშვებით, მხოლოდ IX საუკუნეში, იმპერატორ ნიკიფორეს (802-811) ზეობის ჟამს დაიფარა მორწმუნეთა თვალთაგან კლიმენტის წმინდა ნაწილები: ორმოცდაათი წლის მანძილზე ზღვა არ აჩენდა თავის წიაღში მდებარე ტაძარს. როცა იმპერატორ მიქაელ III-ისა (855-867) და მისი დედის, თეოდორას (842-855) მეფობის ჟამს ხერსონესში ჩასულმა მოციქულთასწორებმა კირილემ და მეთოდემ შეიტყვეს ამის შესახებ, ადგილობრივ ეპისკოპოს გიორგისთან და მთელ ერთან ერთად ლოცვად დადგნენ სიწმინდის გამოსაჩენად. მას შემდეგ, რაც ეპისკოპოსმა გიორგიმ კირილეს, მეთოდეს, კონსტანტინოპოლში ჩასულ სამღვდელოებასა და ერთან ერთად მხურვალედ ილოცა, შუაღამით ზღვის ზედაპირზე სასწაულებრივ ამოტივტივდა ნეტარი კლიმენტის ნაწილები. ისინი პატივით გადააბრძანეს წმინდა მოციქულთა ტაძარში. მღვდელმოწამის ზოგიერთი ნაწილი კირილემ და მეთოდემ რომში გადაასვენეს, მისი პატიოსანი თავი კი მოციქულთასწორმა ვლადიმერმა (1015) კიევში გადააბრძანა. მის ხსენებას ეკლესია აღნიშნავს ძველი სტილით 25 ნოემბერს.
ერთხელ პეტრე მოციქული ზღვით სირიაში გაემგზავრა თავის ახალ მოწაფესთან ერთად. გზად წმიდანმა მოუთხრო მოძღვარს თავისი ყრმობის შესახებ. ამასობაში მოგზაურები ერთ მცირე კუნძულს მიუახლოვდნენ. ეს სწორედ ის კუნძული იყო, რომელზეც მათიდია ცხოვრობდა. ნაპირზე გადასული პეტრე შეხვდა ერთ გლახაკ ქალს, რომელიც მოწყალებას თხოულობდა, ღვთის განგებით, მოციქულმა დავრდომილ დედაკაცში მათიდია შეიცნო და აუწყა, რომ მის უმცროს შვილს იცნობდა და ქალი ხომალდზე აიყვანა. მათიდიამ შორიდანვე იცნო თავისი ძე. საუბრისას გაირკვა, რომ ფავსტო და ფავსტინე, რომელნიც ლაოდიკიაში ელოდებოდნენ მოციქულ პეტრეს, წმიდა კლიმენტის ძმები იყვნენ და დედა-შვილი მოუთმენლად ელოდა ლაოდიკიაში ჩასვლას.
როცა პეტრე და მისი თანამგზავრები ლაოდიკიაში ჩავიდნენ, მათ გამოეგებათ ფავსტო და ფავსტიანე.
წმიდა მოციქულმა დატოვა ბედნიერი ოჯახი და მოგზაურობა განაგრძო. გზაში მას შეხვდა ღირსეული გარეგნობის, მაგრამ ღარიბულად ჩაცმული მამაკაცი, რომელიც თითქოს საგანგებოდ ელოდა. კაცი მიუახლოვდა წმიდანს და უთხრა: „ვხედავ, რომ კეთილგონიერი კაცი ხარ და რჩევა მინდა მოგცე. დღეს დილით ვხედავდი, თუ როგორ გახვედი ზღვის ნაპირთან და დიდხანს ლოცულობდი. არ მინდა, რომ ამაოდ დაშვრე, ამიტომ მსურს დაგიმტკიცო: ღმერთი არ არის არც ზეცაში, არც დედამიწაზე და ჩვენზეც არავინ ზრუნავს“. პეტრე გულისხმიერად მოეპყრო გზადაბნეულს და ჭეშმარიტი ღმერთი უქადაგა. უცხოტომელმა მას თავისი ცხოვრება მოუთხრო და გახარებულმა მოციქულმა შეიტყო, რომ უფალს კლიმენტის მამა გამოეჩინა მისთვის. პეტრემ ფავსტოც მიიყვანა დიდი ხნის უნახავ ცოლ-შვილთან.
ფავსტო, მათიდია და მათი შვილები რომში დამკვიდრდნენ, პატივსა და დიდებაში ცხოვრობდნენ. უხვად განიკითხავდნენ გლახაკებს და ღვთის სიტყვის გავრცელებას ცდილობდნენ. რამდენიმე წლის შემდეგ მშობლები მშვიდობით მიიცვალნენ, მათი ძეები კი სახარების ქადაგებას განაგრძობდნენ. განსაკუთრებული მოშურნეობით გამოირჩეოდა კლიმენტი, რომელიც არ განეშორებოდა რომში მყოფ პეტრე მოციქულს. სიკვდილის წინ ნეტარმა მოძღვარმა მას ეპისკოპოსად დაასხა ხელი.
ქრისტიანთა დევნის უმძიმეს ჟამს წმიდა კლიმენტი ბრძნულად განაგებდა რომის სამწყსოს. მან გამოყო შვიდი მწერალი, რომლებიც წმიდა მოწამეთა ღვაწლს აღწერდნენ და, ამგვარად, უძვირფასესი ცნობები შემოგვინახეს. პაპმა კლიმენტიმ მრავალი მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე. წარმართებმა, რომლებიც ხედავდნენ მღვდელმთავრის წარმატებულ მოციქულებრივ მოღვაწეობას, იმპერატორ ტრაიანესთან (98-117) დაასმინეს – წარმართულ ღმერთებს შეურაცხყოფსო. უღმრთო თვითმპყრობელმა დედაქალაქიდან განდევნა უფლის რჩეული და ყირიმში გაგზავნა, ქალაქ ხერსონესის (დღევანდელი სევასტოპოლი) მახლობლად მდებარე ინკერმანის ქვის სამტეხლოებში სამუშაოდ. წმიდანის მრავალმა მოწაფემ ნებსითი დევნულება არჩია მოძღვართან განშორებას და თან გაჰყვა ნეტარ მღვდელმთავარს. გადასახლების ადგილზე ჩასულ კლიმენტის აქ დახვდა მრავალი ქრისტიანი, რომელთაც უმძიმეს პირობებში მუშაობა ჰქონდათ მისჯილი და სასმელ წყალსაც კი მოკლებულნი იყვნენ. წმიდანმა მსჯავრდებულებთან ერთად ილოცა და უფალმა მიანიშნა მათ წყაროსთვალზე, საიდანაც მთელი მდინარე გადმოდინდა. ამ სასწაულმა მრავალი ადამიანი მიიზიდა პაპ კლიმენტისთან. მისი ქადაგებების გავლენით ურიცხვი წარმართი მოექცა ქრისტეს სჯულზე. მორწმუნეებმა მოახერხეს, რომ ქვის სამტეხლოებში გამოეკვეთათ ტაძარი, სადაც ნეტარი კლიმენტი მღვდელმსახურებდა. წმიდანის მოციქულებრივმა ღვაწლმა განარისხა იმპერატორი ტრაიანე და ბრძანა, ნეტარი მწყემსმთავარი დაეხრჩოთ. მაშინ უსჯულოებმა უფლის რჩეულს ყელზე ღუზა გამოაბეს და შავ ზღვაში დანთქეს. ეს მოხდა 101 წელს.
მღვდელმთავრის ერთგული მოწაფეების, კორნილიუსისა და თებეს, ასევე მთელი ხალხის ლოცვით ზღვა უკუიქცა და მორწმუნეებმა წყალქვეშ სასწაულებრივ გამოკვეთილ მარმარილოს ტაძარში („ანგელოზთა ეკლესიაში“) დასვენებული მოძღვრის უხრწნელი ნაწილები იხილეს. ამის შემდეგ მღვდელმთავარ კლიმენტის მოწამეობრივი აღსასრულის დღეს ზღვა ყოველწლიურად იხევდა უკან და ქრისტიანებს საშუალება ეძლეოდათ, შვიდი დღის მანძილზე თაყვანი ეცათ სიწმიდისათვის. ღვთის დაშვებით, მხოლოდ IX საუკუნეში, იმპერატორ ნიკიფორეს (802-811) ზეობის ჟამს დაიფარა მორწმუნეთა თვალთაგან კლიმენტის წმიდა ნაწილები: ორმოცდაათი წლის მანძილზე ზღვა არ აჩენდა თავის წიაღში მდებარე ტაძარს. როცა იმპერატორ მიხეილ III-ისა (855-867) და მისი დედის, თეოდორას (842-855) მეფობის ჟამს ხერსონესში ჩასულმა მოციქულთასწორებმა კირილემ და მეთოდემ შეიტყვეს ამის შესახებ, ადგილობრივ ეპისკოპოს გიორგისთან და მთელ ერთან ერთად ლოცვად დადგნენ სიწმიდის გამოსაჩენად. მას შემდეგ, რაც ეპისკოპოსმა გიორგიმ კირილეს, მეთოდეს, კონსტანტინოპოლში ჩასულ სამღვდელოებასა და ერთან ერთად მხურვალედ ილოცა, შუაღამით ზღვის ზედაპირზე სასწაულებრივ ამოტივტივდა ნეტარი კლიმენტის ნაწილები. ისინი პატივით გადააბრძანეს წმიდა მოციქულთა ტაძარში. მღვდელმოწამის ზოგიერთი ნაწილი კირილემ და მეთოდემ რომში გადაასვენეს, მისი პატიოსანი თავი კი მოციქულთასწორმა ვლადიმირმა (+1015) კიევში გადააბრძანა.
მღვდელმთავარმა კლიმენტიმ დაგვიტოვა ორი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ – მოციქულთა წერილების შემდეგ ქრისტიანული სწავლების პირველი წერილობითი ძეგლები.
მღვდელმოწამე პეტრე – ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსი ალექსანდრიაში დაიბადა და აღიზარდა. ღრმად განსწავლული მამა ალექსანდრიის სასწავლებელს განაგებდა. 300 წელს მან თავისი მასწავლებლისა და სულიერი მოძღვრისგან – წმიდა თეონასგან ალექსანდრიის ეკლესიის მესაჭეობა მიიღო. იმპერატორ დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს მიერ (284-305) ქრისტიანთა დევნისას, ნეტარი პეტრე ქალაქიდან განდევნეს. მან იმპერიის მრავალი ოლქი შემოიარა, ბოლოს კი ისევ დაუბრუნდა მშობლიურ ქალაქს, რომ განსაცდელის ჟამს პირადად ეხელმძღვანელა ალექსანდრიის ეკლესიისათვის. მღვდელმთავარი ფარულად ნახულობდა საპყრობილეში გამომწყვდეულ ქრისტიანებს, ეხმარებოდა ქვრივებსა და ობლებს, ქადაგებდა ღვთის სიტყვას, და ღვთისმსახურებას აღასრულებდა. უფალიც იცავდა თავის რჩეულს მდევნელთაგან.
დევნისა და შევიწროების მიუხედავად ალექსანდრიის ეკლესია პეტრე ალექსანდრიელის ბრძნული ხელმძღვანელობით მტკიცდებოდა და იზრდებოდა. ბოლოს იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) ბრძანებით მღვდელმთავარი შეიპყრეს. მთელი ხალხი შეიკრიბა საპყრობილის კარებთან მღვდელმთავრის დასახმარებლად. წმიდა პეტრემ, რომელსაც სურდა, თავიდან აეცილებინა სახალხო ჯანყი და სისხლისღვრა, ხელისუფალს წერილობით შესთავაზა, ციხის უკანა კედელი გაერღვიათ და ხალხისგან ფარულად გაეყვანათ იგი სიკვდილით დასასჯელად. ღამის უკუნში წმიდა მწყემსმთავარი ქალაქის გალავანს გადაღმა გაიყვანეს და სწორედ იმ ადგილას მოჰკვეთეს თავი, სადაც ადრე წმიდა მოციქული მარკოზი დასაჯეს სიკვდილით. ეს მოხდა 311 წელს. დილით ქალაქმა შეიტყო წმიდა მღვდელმთავრის მოწამეობრივი აღსასრული. მორწმუნეებმა უფლის სათნომყოფლის ცხედარი ეკლესიაში დააბრძანეს, სამღვდელმთავრო სამოსით შემოსეს და წესის აგების დროს შემაღლებულ ადგილას დასვეს. სიცოცხლეში პეტრე მხოლოდ კვარცხლბეკთან ჯდებოდა, რადგან, როგორც თვითონ ამბობდა, ამ ადგილს გარს შემოვლებულ ღვთაებრივ ნათელს ხედავდა და მასზე ასვლას ვერ ბედავდა.
მართლმადიდებლობის დიდი მოსაგრე – პეტრე ალექსანდრიელი ცნობილია, როგორც ღრმა ღვთისმეტყველი და საეკლესიო მწერალი.
ღირსი პეტრე მდუმარე, გალატელი იერუსალიმში მოღვაწეობდა (+429). იგი წელიწადში ორჯერ იხსენიება, 1 თებერვალს და 25 ნოემბერს. ცნობები ნეტარი მამის შესახებ იხილეთ 1 თებერვლის საკითხავებში.