ფილიპეს კესარიის მხარე
29 წელი
მთ. 16 21. მიერითგან იწყო იესუ უწყებად მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ: ჯერ-არს მისა იერუსალჱმდ აღსლვაჲ და ფრიად ვნებაჲ მღდელთ-მოძღუართაგან და მწიგნობართა და მოხუცებულთა, და მოკლვად და მესამესა დღესა აღდგომად. 22. და მოუჴდა მას პეტრე და იწყო ბრალობად მისა და ჰრქუა: შენდობა იყავნ შენდა, უფალო, არა იყოს ეგრე. 23. ხოლო თავადი მიექცა პეტრეს და ჰრქუა: წარვედ ჩემგან, სატანა, საცთურ ჩემდა ხარ, რამეთუ არა ჰზრახავ ღმრთისასა, არამედ კაცთასა. 24. მაშინ ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე. 25. რამეთუ უკუეთუ ვისმე უნდეს სული თჳსი განრინებად, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი. 26. რამეთუ რაჲ სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თჳსი იზღვიოს? ანუ რაჲ მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თჳსისა? 27. რამეთუ მოსლვად არს ძჱ კაცისაჲ დიდებითა მამისა თჳსისაჲთა ანგელოზთა მისთა თანა, და მაშინ მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ. 28. ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ: არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი სუფევითა თჳსითა. 21. მას აქეთ დაიწყო იესომ თავისი მოწაფეებისთვის იმის გამხელა, რომ უნდა წასულიყო იერუსალიმს, დაეთმინა მრავალი ტანჯვა უხუცესთა, მღვდელმთავართა და მწიგნობართაგან, სასიკვდილოდ მიეცა თავი, და აღმდგარიყო მესამე დღეს. 22. მაშინ გაიხმო იგი პეტრემ, კიცხვა დაუწყო და უთხრა: შორს შენგან, უფალო; ღმერთმა ნუ ქნას ეგ! 23. ხოლო ის მიუბრუნდა პეტრეს და უთხრა: გამშორდი, სატანა! ჩემი საცთური ხარ! რადგან ღმერთისას კი არ ფიქრობ, არამედ კაცისას. 24. მაშინ უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი, და გამომყვეს მე. 25. რადგან ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას: და ვინც ჩემი გულისთვის დაჰკარგავს სულს, ის ჰპოვებს მას. 26. რას გამორჩება კაცი, თუ მოიგებს მთელს ქვეყანას და სულს კი წააგებს? ანდა რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ? 27. რადგან მოვა ძე კაცისა მამის თვისის დიდებითა და თავის ანგელოზთა თანხლებით, და მისი საქმისამებრ მიაგებს თვითეულს. 28. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ძეს კაცისას, მომავალს თავის სასუფეველში. |
მკ. 8 31. და იწყო სწავლად მათა, ვითარმედ: ჯერ-არს ძისა კაცისაჲ ფრიად ვნებაჲ და შეურაცხ-ყოფად მოხუცებულთაგან და მღდელთ-მოძღუართა და მწიგნობართა და მოკლვად და მესამესა დღესა აღდგომად. 32. და განცხადებულად სიტყუასა ამას ეტყოდა. და გან-რე-იყვანა და იგი პეტრე და იწყო ბრალობად მისა ამის სიტყჳსათჳს. 33. ხოლო თავადი მიექცა და იხილნა მოწაფენი თჳსნი, შეჰრისხნა პეტრეს და ჰრქუა მას: წარვედ ჩემგან მართლუკუნ, ეშმაკო, რამეთუ არა ჰზრახავ ღმრთისასა, არამედ კაცთასა. 34. და მოუწოდა ერსა მას მოწაფეთა მისთა თანა და ჰრქუა მათ: რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსლვაჲ, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე. 35. რამეთუ რომელსა უნდეს სულისა თჳსისა განრიდებაჲ, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს გინა სახარებისათჳს, მან აცხოვნოს იგი. 36. რაჲ სარგებელ არს კაცისა, უკუეთუ შეიძინოს სოფელი ესე ყოველი და სული თჳსი იზღვიოს? 37. ანუ რაჲ მისცეს კაცმან ნაცვალად სულისა თჳსისა? 38. რამეთუ რომელსა-იგი სირცხჳლ უჩნდეს ჩემი და სიტყუათა ჩემთაჲ, ნათესავსა ამას მემრუშესა და ცოდვილსა, ძემანცა კაცისამან არცხჳნოს მას, რაჟამს მოვიდეს დიდებითა მამისა თჳსისაჲთა ანგელოზთა თანა წმიდათა. მკ. 9 1. და ეტყოდა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისაჲ, მომავალი ძალითა. მკ. 8 31. და დაუწყო მათ სწავლება, რომ ძეს კაცისას ელოდა მრავალი ტანჯვის დათმენა, შეურაცხყოფა უხუცესთაგან, მღვდელმთავართა და მწიგნობართაგან, სიკვდილით დასჯა და მესამე დღეს აღდგომა. 32. აშკარად ამბობდა ამას. მაგრამ პეტრემ განზე გაიხმო და კიცხვა დაუწყო. 33. ხოლო ის მობრუნდა, გადახედა თავის მოწაფეებს, შერისხა პეტრე და უთხრა: გამშორდი, სატანა; ვინაიდან ღმერთისას კი არ ფიქრობ, არამედ კაცისას. 34. მოუხმო ხალხს თავის მოწაფეებთან ერთად და უთხრა მათ: ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე. 35. რადგან ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას: და ვინც ჩემი და სახარების გულისთვის დაჰკარგავს სულს, ის ჰპოვებს მას. 36. რას არგებს კაცს, თუ მოიგებს მთელ ქვეყანას და სულს კი წააგებს? 37. ანდა რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ? 38. რადგან ვისაც ვერცხვინები მეცა და ჩემი სიტყვებიც ამ მემრუშე და ცოდვილ მოდგმაში, ძეც კაცისა სამარცხვინოდ მიიჩნევს მას, როდესაც მოვა მამის თვისის დიდებითა და წმიდა ანგელოზთა თანხლებით. მკ. 9 1. და უთხრა მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ღმრთის სასუფეველს, მომავალს ძალმოსილებით. |
ლკ. 9 22. და ჰრქუა მათ, ვითარმედ: ჯერ-არს ძისა კაცისაჲ ფრიად ვნებაჲ და შეურაცხ-ყოფაჲ მოხუცებულთაგან და მღდელთ-მოძღუართა და მწიგნობართა და მოკლვად და მესამესა დღესა აღდგომად. 23. და იტყოდა ყოველთა მიმართ: რომელსა უნებს შემოდგომად ჩემდა, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და მომდევდინ მე. 24. რამეთუ რომელსა უნდეს განრინებად სულისა თჳსისა, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი. 25. რაჲ სარგებელ არს კაცისა, შე-თუ-იძინოს სოფელი ყოველი და თავი თჳსი წარიწყმიდოს, გინა იზღვიოს? 26. რომელსა სირცხჳლ უჩნდეს ჩემდა მომართ? მას ძემანცა კაცისამან არცხჳნოს, ოდეს მოვიდეს დიდებითა თჳსითა და მამისაჲთა და წმიდათა ანგელოზთაჲთა. 27. გეტყჳ თქუენ: არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისაჲ. 22. და უთხრა მათ, რომ ძეს კაცისას ელოდა ბევრი ჭირისა და შეურაცხყოფის დათმენა უხუცესთაგან, მღვდელმთავართა და მწიგნობართაგან, სიკვდილით დასჯა და მესამე დღეს აღდგომა. 23. და მიმართა ყველას: ვისაც სურს მომსდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე. 24. რადგან ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას: და ვინც ჩემი გულისთვის დაღუპავს სულს, ის იხსნის მას. 25. რას გამორჩება კაცი, თუ მოიგებს მთელს ქვეყანას და თავის თავს კი დაღუპავს, ან წარწყმედს? 26. რადგან ვისაც ვერცხვინები მეცა და ჩემი სიტყვებიც, ძეც კაცისა სამარცხვინოდ მიიჩნევს მას, როდესაც მოვა თავისი, მამამისისა და წმიდა ანგელოზთა დიდებით. 27. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგიერთი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ღმრთის სასუფეველს. |
ინ. |