9.01.2026. 31-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი

9.01.2026. 31-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი

     „… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ (ეფ. 6: 12).

     „ თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

     „… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

31-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი

9.01.2026. მსგეფსი

შემდგომი დღესასწაული ქრისტესშობისა. მოციქულისა, პირველმოწამისა და მთავარდიაკონისა სტეფანესი (34); ღირსისა სტეფანე ხირსელისა, ცამეტ ასურელ მამათაგანისა (VI); ღირსისა თეოდორესი, საბაწმიდელი ხუცისა და აღმსარებელისა (840); თეოდორესი, კონსტანტინეპოლელი მთავარეპისკოპოსისა (686).

დღის ლოცვები

სტეფანე მთავარდიაკონის

ტროპარი: ბრწყინვალეო და დიდო სამკაულო მოწამეთაო, უძლეველო, საჩინოო მნათობო, ახოვნად მოთმინეო სტეფანე, სანატრელო, ქრისტეს მხედარო, მეოხ გვეყავ ჩვენ ცოდვილთა.

კონდაკი: გუშინ მეუფე ხორცითა იშვა ჩვენთვის და დღეს მონაი ქრისტესი ხორცთაგან განვიდა, გუშინ მეუფე ხორცითა გამოგვიჩნდა და დღეს მონაი ქვითა დაიქოლა; ამისთვის აღესრულა პირველმოწამე, ღირსი სტეფანე.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, პარასკევს დილით

წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანისვჰსცე და მას მხოლოსა ვმსახურო. ხოლო შენი სალმობა და რისხვა მიიქეცინ თავსავე შენსა და თხემსა შენსა ზედა გმობა შენი დაჰხედინ აწინდელსა ჟამსა შინა და ყოფადსა საუკუნესა უფსკრულსა შინა. რაი არს შენი და ჩვენი უცხოო ღვთისაგან, ლტოლვილო ცათაგან, მონაო ბოროტო და განდგომილო! არა გაქვს შენ ფლობაი ჩვენი, ქრისტესა ძესა ღვთისასა აქვს ფლობაი ჩვენი, ყოველთა მისა ვჰსცოდეთ და მასვე სიტყვა უგოთცა. ხოლო შენ ივლტოდე ჩემგან, მომსვრელო და წინააღმდგომო მტერო ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, და გეენისა და ყოვლისა სატანჯველისა დამკვიდრებულო! ჩვენ სიმტკიცედ გვაქვს ჯვარი პატიოსანი და მით დავჰსთრგუნავთ შენ გველისა თავსა სახელითა ერთარსისა წმიდისა სამებისათა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ზედა მდგომელობითა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისათა, რამეთუ მისსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა დაწოლისა, პარასკევს

დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელი პირველ საუკუნეთა იყავ და ვიდრე უკუნისამდე ხარ, და დასასრული არა გაქვს, რომელმან ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ სახიერო და კაცთმოყვარეო! სულგრძელო და მრავალმოწყალეო, შემიწყალე მე ცოდვილი ესე და ნუ განმირისხდები, მეუფეო, რამეთუ რომელთა საქმეთათვის ვითხოვ შენგან შენდობასა, მათვე დაუცხრომელად შთავვარდები და ვიცი, უფალო, რომელ უკეთუმცა არა მლხინებელ გყოფდა აურახცელი ეგე სახიერება და კაცთმოყვარება შენი, არამცა დაუტევე ტანჯვაი, რომელიცა არა მოაწიე ჩემზედა და ქვეყანასამცა უბრძანე დანთქმაი ჩემი! არამედ სულგრძელ ხარ, უფალო, ჩემზედა თვით დასჯილსა ამას, და სიტყვის-მიცემადცა ვერ შემძლებელსა. დიდება შენდა სახიერო, და მრავალმოწყალეო: აწ უკვე გევედრები, შემიწყალე მაცხოვარო და კაცთმოყვარეო, შემიწყალე თანამდები ესე ყოვლისა ტანჯვისა, და შემინდვენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი, ყოველნი, რომელნი საშოითგან დედისათ ვიდრე აქამომდე მიქმნიან ღამით და დღისით, მეცნიერებით და უმეცრებით, ნებსით და უნებლიეთ, ყოველნი ბრალნი ჩემნი ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, რაოდენიცა მიცოდავს თვალითა და ენითა, სასმენელითა და საყნოსელითა, შეხებითა და სლვითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის წმიდისა! უფალო სახიერო და კაცთმოყვარეო, სულგრძელო, ტკბილო და მრავალმოწყალეო, რაოდენიცა შემიცოდებია შენდა საქმით, სიტყვით, გონებით და გულის-სიტყვით და მოგონებით შემინდევ, უფალო, შემინდევ სახიერო, შემინდევ კაცთმოყვარეო, შემინდევ სულგრძელო და მრავალმოწყალეო, ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეოხებითა მით აურაცხელისა მოწყალებისა და სიტკბოებისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, სულგრძელი და მრავალმოწყალე და მწყალობელი, და შენდა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

ლიტ. (რიგ.) – იაკ. 2: 1-12

1. ძმანო ჩემნო, დაე, თქვენი რწმენისათვის, რომლითაც გწამთ ჩვენი დიდების უფალი იესო ქრისტე, უცხო იყოს მიკერძოება. 2. რადგან თუ თქვენს სინაგოგაში შემოვა ოქროსბეჭდიანი და ბრწყინვალე სამოსით მოსილი კაცი, და შემოვა გლახაკიც ჭუჭყიანი სამოსით, 3. შეხედავთ ბრწყინვალე სამოსით მოსილს და ეტყვით: აქ დაბრძანდითო, გლახაკს კი – მანდ დადექი, ანდა: ჩემს ფერხთით დაჯექიო, 4. განა თქვენშივე არ განიკითხავთ მათ და უკეთური ზრახვით განმკითხველი მსაჯულნი არა ხართ? 5. ისმინეთ, ჩემო საყვარელო ძმანო: განა ამ ქვეყნის გლახაკნი არ აირჩია ღმერთმა რწმენით მდიდრებად და სასუფევლის მკვიდრებად, რომელიც აღუთქვა თავის მოყვარეთ? 6. თქვენ კი შეურაცხყავით გლახაკი. განა მდიდარნი არ გმძლავრობენ თქვენ და არ მიგათრევენ სამსჯავროებში? 7. განა ისინი არა ჰგმობენ იმ კეთილ სახელს, რომლითაც თქვენ იწოდებით? 8. თუ წერილის მიხედვით ასრულებთ სამეფო რჯულს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“, კარგს შვრებით. 9. მაგრამ თუ გარეგნობის მიხედვით ასხვავებთ ხალხს, ცოდვას სჩადიხართ და მხილებულნი იქნებით რჯულის მიერ, როგორც დამრღვევნი. 10. რადგან ვინც იცავს მთელ რჯულს და მხოლოდ ერთში სცოდავს, ყველაფერში შემცოდეა, 11. რაკი ვინცა თქვა, არ იმრუშოო, ისიცა თქვა: არა კაც ჰკლა. ამიტომ, თუ არ იმრუშებ, მაგრამ კაცს მოკლავ, მაინც რჯულის დამრღვევი ხარ. 12. მაშ, ისე ილაპარაკეთ და ისე მოიქეცით, როგორც თავისუფლების რჯულით განსასჯელნი.

ლიტ. (პირველმოწ.) – საქ. 6: 8-7: 5, 7: 47-60

8. ხოლო სტეფანე, რწმენითა და მადლით აღვსილი, დიად ნიშებს და სასწაულებს ახდენდა ხალხში. 9. მაშინ ადგნენ ზოგიერთნი ეგრეთწოდებულ ლიბერტინთა, კირენელთა და ალექსანდრიელთა სინაგოგიდან, აგრეთვე კილიკიელთა და ასიელთაგან, და დავა დაუწყეს სტეფანეს. 10. მაგრამ ვერ შესძლეს წინ აღდგომოდნენ სიბრძნეს და სულს, რომლითაც ლაპარაკობდა იგი. 11. მაშინ წააქეზეს რამდენიმე კაცი და ათქმევინეს: ჩვენ გვსმენია, როგორ გმობდა მოსეს და ღმერთსო. 12. და აღძრეს ხალხი, უხუცესნი და მწიგნობარნი, თავს დაესხნენ, მოიტაცეს და სინედრიონში მიიყვანეს. 13. წარმოადგინეს ცრუ მოწმენი, რომლებმაც თქვეს: ეს კაცი ერთავად ამ წმიდა ადგილისა და რჯულის ძვირს ამბობს. 14. რადგანაც მისგან გაგვიგონია, რომ იესო ნაზორეველი დაანგრევს ამ ადგილს და შეცვლის წეს-ჩვეულებებს, მოსემ რომ მოგვცა ჩვენ. 15. მას უყურებდა ყველა, ვინც იჯდა სინედრიონში, და ხედავდა მის სახეს, როგორც სახეს ანგელთზისას.

1. მაშინ მღვდელმთავარმა უთხრა: ნუთუ მართლა ასეა ეს? 2. ხოლო მან თქვა: კაცნო, ძმანო და მამანო, მისმინეთ: ღმერთი დიდებისა ეჩვენა მამას ჩვენსას აბრაამს შუამდინარეთში ყოფნისას, ხარანში მის დასახლებამდე, 3. და უთხრა მას: გამოდი შენი ქვეყნიდან და შენი სანათესათდან და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ. 4. მაშინ გამოვიდა ქალდეველთა ქვეყნიდან და ხარანს დასახლდა, ხოლო მამამისის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა გადმოასახლა ამ ქვეყანაში, სადაც ახლა თქვენ სახლობთ. 5. ტერფის ოდენა მიწაც კი არ მიუცია იქ სამკვიდროდ, მაგრამ აღუთქვა, რომ მის მემდეგ სამკვიდრებლად მისცემდა მასაც და მის თესლსაც, თუმცა ჯერ კიდევ არ ჰყავდა შვილი.

47. სახლი კი სოლომონმა აუგო მას. 48. მაგრამ უზენაესი ხელთქმნილ ტაძრებში როდი მკვიდრობს, როგორც ამბობს წინასწარმეტყველი: 49. „ცა ტახტია ჩემი და მიწა – ჩემი ფეხის კვარცხლბეკი, ამბობს უფალი, როგორ სახლს ამიგებთ, ან რა ადგილს მომიჩენთ განსასვენებლად? 50. განა ჩემმა ხელმა არ შექმნა ყოველივე ეს?“ 51. ქედფიცხელნო, გულითა და ყურით წინადაუცვეთელნო, გამუდმებით რომ ეურჩებით წმიდა სულს, თქვენცა და თქვენი მამებიც. 52. რომელ წინასწარმეტყველთაგანს არ დევნიდნენ თქვენი მამები? მათ დახოცეს წინასწარმაუწყებელნი მართლის მოსვლისა, ვისი გამცემნი და მკვლელები ახლა თქვენ გახდით. 53. თქვენ, რომელთაც მიიღეთ რჯული ანგელოზთა ბრძანებით, მაგრამ არ შეინახეთ იგი. 54. ამას რომ ისმენდნენ, გულზე სკდებოდნენ და კბილებს ილესავდნენ მასზე. 55. ხოლო მან, სულით წმიდით აღვსილმა, ცას ახედა და იხილა დიდება ღვთისა და ღვთის მარჯვნივ მდგომი იესო. 56. მაშინ თქვა: აჰა, ვხედავ გახსნილ ცას და კაცის ძეს, ღვთის მარჯვნივ მდგომს. 57. ხოლო ისინი ხმამაღლა აყვირდნენ, ყურები დაიცვეს და ერთად მისცვივდნენ მას. 58. ქალაქგარეთ გაიყვანეს და ქვები დაუშინეს; მოწმეებმა კი თავიანთი სამოსი ფერხთით დაუწყვეს ერთ ჭაბუკს, რომელსაც ერქვა სავლე. 59. ქვებს რომ უშენდნენ, სტეფანე ღაღადებდა და ამბობდა: უფალო იესო, მიიბარე ჩემი სული. 60. მუხლი მოიყარა და შესძახა: უფალო, ნუ მიუთვლი მათ ამას ცოდვად. ესეცა თქვა და სული განუტევა.

ლიტ. (რიგ.) – მრკ. 12: 1-12

1. და დაუწყო მათ იგავებით ლაპარაკი: ერთმა კაცმა ჩაყარა ვაზი, შემოღობა, ამოკვეთა საწნახელი, ააგო კოშკი და იჯარით მისცა მევენახეებს, თვითონ კი წავიდა. 2. როცა დრომ მოაწია, მევენახეებთან გაგზავნა მონა, რათა მოსავალი ჩაებარებინა მათგან. 3. ხოლო მათ შეიპყრეს იგი, სცემეს და ხელცარიელი გაუშვეს. 4. კვლავ გაგზავნა მეორე მონა; მას ქვებით გაუტეხეს თავი და შეგინებული გააგდეს. 5. ახლა სხვა მონა გაგზავნა; ის კიდევ მოკლეს; და სხვასაც მრავალს ან სცემდნენ, ან კლავდნენ. 6. ერთი საყვარელი ძეც ჰყავდა; ბოლოს ის გაგზავნა მათთან, რადგან ეგონა, ჩემი ძის მაინც მოერიდებათო. 7. მაგრამ მევენახეებმა ერთმანეთს უთხრეს: აგერ მემკვიდრე; მოდით, მოვკლათ და მისი სამკვიდრთ ჩვენ დაგვრჩებაო. 8. შეიპყრეს იგი, მოკლეს და ვენახს გარეთ დააგდეს. 9. მერედა, რას იზამს ვენახის პატრონი? მოვა და დახოცავს მევენახეებს, ხოლო ვენახს სხვებს მისცემს. 10. ნუთუ არ ამოგიკითხავთ წერილში: ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, კუთხის თავად დაიდვა? 11. უფლის მიერ იქმნა ეს, და საოცრებად უჩანს ჩვენს თვალს. 12. უნდოდათ მისი შეპყრობა, ვინაიდან მიხვდნენ, რომ მათზე ამბობდა იგავს; მაგრამ ხალხისა შეეშინდათ, მიატოვეს და გაეცალნენ.

მთ. (პირველმოწ.) – 21: 33-42

33. სხვა აგავიც მოისმინეთ: იყო ერთი სახლის პატრონი, რომელმაც ჩაყარა ვაზი, ღობე შემოავლო, შიგ საწნახელი ამოკვეთა, ააგო კოშკი და იჯარით მისცა მევენახეებს, თვითონ კი წავიდა. 34. და როცა რთვლობამ მოაწია, გაგზავნა თავისი მონები მევენახეებთან, რათა მოსავალი ჩაებარებინათ მათგან. 35. ხოლო მევენახეებმა დაიჭირეს მისი მონები, ზოგი სცემეს, ზოგი დახოცეს, ზოგიც კიდევ ქვებით ჩაქოლეს. 36. ახლა სხვა მონები გაგზავნა, უწინდელზე მეტნი, და მათაც იგივე დამართეს. 37. ბოლოს თავისი ძე გაგზავნა და თქვა: ჩემი ძის მაინც მოერიდებათო. 38. მაგრამ მევენახეებმა მისი ძე რომ დაინახეს, ერთმანეთს უთხრეს: აგერ მემკვიდრე; მოდით, მოვკლათ და მისი სამკვიდრო დავისაკუთროთ. 39. შეიპყრეს იგი, ვენახიდან გაიყვანეს და მოკლეს. 40. მერედა, როცა მოვა ვენახის პატრონი, რას უზამს ამ მევენახეებს? 41. უთხრეს მას: ბოროტთ ბოროტად მოაკვდინებს, ხოლო ვენახს სხვა მევენახეებს მისცემს, რომლებიც დროულად ჩააბარებენ მოსავალს. 42. უთხრა მათ იესომ: ნუთუ არასოდეს ამოგიკითხავთ წერილში: ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, კუთხის თავად დაიდვა? უფლის მიერ იქნა ეს, და საოცრებად უჩანს ჩვენს თვალს.

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით

                                                                                         (1 ინ. 3: 14)

 

წმიდა მოციქული, პირველმოწამე და მთავარდიაკონი სტეფანე. იესო ქრისტეს ზეცად ამაღლებისა და მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ უფლის სიტყვა სწრაფად ვრცელდებოდა და მორწმუნეთა რიცხვიც ყოველდღიურად იზრდებოდა. ქრისტიანული თემის ყოფითი მოთხოვნილებები უზრუნველყოფილი იყო, რადგან ვისაც სახლები, ან დაბები გააჩნდა, ყიდდა მათ, სასყიდელს „დასდებდეს ფერჴთა თანა მოციქულთასა“, ეს უკანასკნელნი კი უნაწილებდნენ „კაცად-კაცადსა, რაჲცა ვის უჴმდა“ (საქმე IV, 33-35).
სხვადასხვა ტომის ადამიანებს შორის, თანდათან უთანხმოებანი წარმოიქმნა, ბერძენი ებრაელები ჩიოდნენ, რომ მათ ქვრივებს შესაწევარი მცირე რაოდენობით ეძლეოდათ. ამან მოციქულთა ყურამდეც მიაღწია. მათ არ ისურვეს ქადაგების დატევების ფასად ეტვირთათ ზრუნვა ქრისტიანული თემის სამეურნეო საქმეებზე, ამიტომ მოწაფეთაგან შვიდი კაცი გამოარჩიეს „საჴმარსა ამას ზედა“ დასადგენად და დიაკვნებად დაასხეს ხელი. წმიდა სტეფანე, „კაცი სავსე სარწმუნოებითა და სულითა წმიდითა“ – მთავარდიაკვნად აკურთხეს.
იერუსალიმში „სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ აღორძნდებოდა“ და მოწაფეთა რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა, მრავალი ებრაელი მღვდელმსახურიც მოექცა ქრისტეს სარწმუნოებაზე. ამას სტეფანეც უწყობდა ხელს თავისი მადლმოსილი ქადაგებითა და სასწაულებით. გაღიზიანებული იუდეველები შეეცადნენ, სიტყვიერ პაექრობაში დაემარცხებინათ უფლის რჩეული, მაგრამ როცა ვერაფერს გახდნენ, დაასმინეს იგი – ღმერთსა და მოსეს ჰგმობსო. ამ ბრალდებით წარდგა ნეტარი სინედრიონისა და მღვდელმთავრის წინაშე. პირი მისი იხილვებოდა, „ვითარცა პირი ანგელოზისაჲ“.
წმიდა სტეფანემ შემოკრებილებს ებრაელი ერის ისტორია მოუთხრო და ამხილა იუდეველები წინასწარმეტყველთა დევნასა და განკაცებული მესიის – იესო ქრისტეს მკვლელობაში. ქადაგების დროს წმიდანმა „ახედნა ცად და იხილა დიდებაჲ ღმრთისაჲ და იესუ, მდგომარე მარჯუენით ღმრთისა“. როცა მან გააცხადა ეს ხილვა, ბრბომ, ყურებდაცობილმა, ღრიალით მიმართა ნეტარს, ქალაქგარეთ გაიყვანა და ქვებით ჩაქოლა. მოშორებით, ბორცვზე ღვთისმშობელი იდგა იოანე ღვთისმეტყველთან ერთად და ღმერთს ავედრებდა მოწამეს, სტეფანე კი მხურვალედ ლოცულობდა თავისი მტრებისთვის. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „უფალო, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას“; „და ესე ვითარცა თქუა, დაიძინა“ (საქმე, 6-7).
წმიდა სტეფანე მოწამეობრივად აღსრულებული პირველი ქრისტიანი იყო. იგი ოცდაათი წლისა მიიცვალა.
მხეცთა საჯიჯგნად დაგდებული ნეტარის ცხედარი ცნობილმა სჯულისმოძღვარმა გამალიელმა და მისმა ძემ, აბიბოსმა ფარულად წაასვენეს და მიწას მიაბარეს. მოგვიანებით ორივე მათგანმა ირწმუნა ქრისტე და მოინათლა.
415 წელს საღვთო ჩვენების შემდეგ აღმოყვანებულ იქნა სტეფანე პირველმოწამის უხრწნელი ნაწილები, რომლებიც იერუსალიმში, სიონის ტაძარში გადააბრძანეს.
წმიდა თეოდორე კონსტანტინოპოლის მკვიდრი იყო. კეთილმსახური ცხოვრებისათვის იგი ხუცესად აკურთხეს. უფლის რჩეული წმიდა სოფიას ტაძარში მღვდელმსახურებდა და საჭურჭლის მცველის მოვალეობასაც აღასრულებდა. 676 წელს თეოდორე კონსტანტინოპოლის პატრიარქად აირჩიეს, მაგრამ ორი წლის შემდეგ, ცილისმწამებელთაგან დასმენილი, ტახტიდან ჩამოაგდეს. 683 წელს სიმართლემ იზეიმა და ნეტარი თავის ხარისხში აღადგინეს. აქედან მოყოლებული, სიკვდილის დღემდე იგი მშვიდად მართავდა კონსტანტინოპოლის ეკლესიას; გარდაიცვალა დაახლოებით 686 წელს.

 

ღირსი თეოდორე აღმსარებელი და მისი ძმა თეოფანე, გამომეტყველნი, იერუსალიმში დაიბადნენ, ქრისტიანულ ოჯახში. თეოდორე უფროსი იყო. იგი ბავშვობიდანვე გაურბოდა ყმაწვილურ გართობა-მხიარულებას და საეკლესიო მსახურებაზე დასწრება უყვარდა. უმცროს ძმასთან, თეოფანესთან (ხს. 11 ოქტომბერს) ერთად წმიდანი ხუცესს მიაბარეს აღსაზრდელად საბა განწმენდილის ლავრაში. შემდგომში ძმები ბერად აღკვეცეს, რამდენიმე ხანში კი მღვდელ-მონაზვნებად აკურთხეს.
მას შემდეგ, რაც ხატმბრძოლმა იმპერატორმა ლეონ V სომეხმა (813-820) კეთილმსახური მეფე მიხეილ I (811-813) ტახტიდან ჩამოაგდო და ხატმბძროლთა მწვალებლობის მფარველობა დაიწყო, იერუსალიმის პატრიარქმა წმიდანები კონსტანტინოპოლში გაგზავნა მართლმადიდებლური სარწმუნოების დასაცავად. ბიზანტიის დედაქალაქში ჩასულმა თეოდორემ და თეოფანემ სიტყვიერ პაექრობაში დაამარცხეს უსჯულო ლეონ V. ამით განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, დაუნდობლად ეგვემათ ძმები, შემდეგ კი ორივენი გადაასახლა.
ღვთის ნებით, უსჯულო ლეონი მალევე აღესრულა თავისი კარისკაცების ხელით. ახალმა იმპერატორმა, მიხეილ II-მ (820-829), რომელიც სრულიად გულგრილი იყო ყოველგვარი სასულიერო საკითხისადმი, სარწმუნოებისათვის პყრობილი ყველა ტუსაღი, მათ შორის თეოდორე და თეოფანეც, გაათავისუფლა.
829 წელს ტახტზე ავიდა მწვალებელი თეოფილე (829-842), რომელმაც კვლავ განაახლა ხატთაყვანისმცემელთა დევნა. წმიდა ძმები ისევ გადაასახლეს. რამდენიმე ხანში თეოდორე და თეოფანე უკანვე გამოიწვიეს. ამჯერად ისინი სასტიკად გვემეს: გახურებული ნემსებით სახეებზე ამოაკაწრეს თითქოსდა მათი განსაქიქებელი წარწერები – თორმეტი სალექსო სტრიქონი, რომელშიც აღმსარებლები „ცრურწმენის ჭურჭლებად“ იყვნენ მოხსენებულნი. ამიტომ ეწოდათ ძმებს „გამომეტყველნი“. წამების წინ ქალაქის ეპარქმა თეოდორეს სთხოვა, ერთადერთხელ ზიარებულიყო ხატმბრძოლებთან ერთად, და ამისთვის თავისუფლების მინიჭება აღუთქვა, მაგრამ ნეტარმა მოწამემ უპასუხა: „ეს იმას ნიშნავს, რომ მითხრათ: „ჩვენ მხოლოდ თავს მოგჭრით, შემდეგ კი წადი, საითაც გენებოს“. წამების შემდგომ წმიდა ძმები დაბა აპამეის საპყრობილეში გამოამწყვდიეს, სადაც წმიდა თეოდორე გარდაიცვალა კიდეც დაახლოებით 840 წელს. წმიდა თეოფანე ხატმბრძოლთა ერესის დაგმობას და სრულ დამარცხებას შეესწრო და ნიკეის ეპისკოპოსის ხარისხში აღესრულა. ღირს თეოფანეს ეკუთვნის მრავალი თხზულება მართლმადიდებლობის დასაცავად. ღირსმოწამე თეოდორეს წმიდა ნაწილები პატივით გადაასვენეს ქალაქ ქალკედონში, სადაც მათგან სასწაულებრივი კურნებები აღესრულებოდა.