9.02.2026. უძღების შვილის (ხორციელის) შვიდეული. ორშაბათი

9.02.2026. უძღების შვილის (ხორციელის) შვიდეული. ორშაბათი

           „… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ (ეფ. 6: 12).

           „ თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

          … მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3). 

         ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).        

        ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).

     გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

9.02.2026. უძღების შვილის (ხორციელის) შვიდეული. ორშაბათი

იოანე ოქროპირისა, კონსტანტინეპოლელ პატრიარქისა (წმიდა ნაწილთა გადასვენება კომანიდან კონსტანტინეპოლს 438 წელს).

დღის ლოცვები

აღყვანება ნაწილთა წმ. იოანე ოქროპირისა

ტროპარი: ხმატკბილად მხმობარეო ორღანოო, ოქროსა ნესტვო, მდინარეო საღმრთოთა სწავლათაო, მვედრებელთა შენთა გვითხოვე ცოდვათა მოტევება, იოანე ოქროპირო, მეოხ გვეყავნ წინაშე სამებისა.

ტროპარი: პირისა შენისა მადლი, ვითარცა ოქრო, გამობრწყინდა და სოფელი განანათლა, უპოვარებისა საუნჯენი სოფელსა შინა განამრავლნა და სიმაღლე სიმდაბლისა გვიჩვენა ჩუენ, არამედ ვითარცა იგი სიტყვითა შენითა განმსწავლენ, ეგრეთვე სიტყუასა ქრისტესა ღმერთსა ევედრე, მამაო იოანე ოქროპირო, შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი: მხიარულ იქმნა საიდუმლოდ წმიდა ეკლესია აღმოხმასა პატიოსანთა ნაწილთა შენთასა და ესე დამარხა, ვითარცა ოქრო მრავალ ფასი, ვინა მგალობელთა შენთა მოუკლებელად მოანიჭე მეოხებითა შენითა მადლთა კურნებისათა, იოანე ოქროპირო.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა

ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა

უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

ცისკ.: ინ. 10: 1-9 (დას. 35, შუა).
ლიტ.: რიგ.: 1 ინ. 2: 18 – 3: 10 (დას. 71). მკ. 11: 1-11 (დას. 49).
მღ.მთ: ებრ.7: 26 – 8: 2 (დას. 318). ინ. 10: 9 -16 (დას. 36).

ცისკ.: ინ. 10: 1-9 

1. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც კარით არ შედის ფარეხში, არამედ სხვა გზით მიძვრება, ქურდია და ყაჩაღი. 2. ხოლო ვინც კარით შედის, ცხვრების მწყემსია. 3. მას მეკარეც უღებს და ცხვრებსაც ესმით მისი ხმა; სახელით უხმობს თავის ცხვრებს და გამოჰყავს ისინი. 4. ხოლო როცა გამოიყვანს, წინ მიუძღვის თავის ცხვრებს, და ისინიც მისდევენ, ვინაიდან იცნობენ მის ხმას. 5. უცხოს კი არ მისდევენ, არამედ გაურბიან, რადგანაც ვერ იცნობენ უცხოს ხმას. 6. ეს იგავი უთხრა მათ იესომ. მაგრამ ისინი ვერ მიხვდნენ, რას გულისხმობდა. 7. კვლავ უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მე ვარ კარი ცხვართა. 8. ყველა, ვინც ჩემზე წინ მოვიდა, ქურდია და ყაჩაღი; და არ უსმინეს მათ ცხვრებმა. 9. მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს.

ლიტ.: რიგ.: 1 ინ. 2: 18 – 3: 10 

18. ყრმანო, უკანასკნელი ჟამია, და, როგორც გსმენიათ, რომ მოდის ანტიქრისტე, აწ უკვე მრავლად არიან ანტიქრისტენი, საიდანაც ვიგებთ, რომ უკანასკნელი ჟამია. 19. ჩვენგან გამოვიდნენ, მაგრამ არ იყვნენ ჩვენგანნი, ვინაიდან ჩვენგანნი რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთანვე დარჩებოდნენ; მაგრამ გამოვიდნენ, რათა ცხადი გამხდარიაო, რომ ყველანი როდი არიან ჩვენგანნი. 20. თქვენ კი ცხება გაქვთ წმიდისგან და იცით ყოველი. 21. იმიტომ კი არ მოგწერეთ, რომ არ იცით ჭეშმარიტება, არამედ იმიტომ, რომ იცით და ისიც გესმით, რომ არცერთი სიცრუე ჭეშმარიტებისგან არ არის. 22. ვინ არის ცრუ, გარდა იმისა, ვინც უარყოფს, რომ იესო არის ქრისტე? ისაა ანტიქრისტე, მამის და ძის უარმყოფელი. 23. ვინც უარყოფს ძეს, აღარც მამა ჰყავს, ხოლო ვინც აღიარებს ძეს, მამაცა ჰყავს. 24. ამრიგად, რაც დასაბამიდან გსმენიათ, დე, დარჩეს თქვენში, რადგან თუ ის, რაც დასაბამიდან გსმენიათ, დარჩება თქვენში, თქვენც დარჩებით ძეში და მამაში. 25. ხოლო აღთქმა, რომელიც მან აღგვითქვა, არის საუკუნო სიცოცხლე. 26. თქვენი მაცთუნებლების გამო მოგწერეთ ეს. 27. თუმცა ცხება, რომელიც მისგან მიიღეთ, კვლავაც თქვენშია, და არ გჭირდებათ, რომ ვინმემ გასწავლოთ, რადგანაც ცხება, ჭეშმარიტი და არა ყალბი, თვითონვე გასწავლით ყველაფერს, ამიტომ რასაც გასწავლით, მასშივე დარჩით. 28. ასე რომ, შვილებო, დარჩით მასში, რათა მისი გამოცხადებისას თამამად ვიყოთ და არ შევრცხვეთ მის წინაშე, როდესაც მოვა. 29. თუკი იცით, რომ მართალია, ისიც იცოდეთ, რომ მის მიერაა შობილი სიმართლის ყველა მოქმედი.

1. ნახეთ, როგორი სიყვარული მოგვცა მამამ, რათა ღვთის შვილებად ვიწოდებოდეთ: ქვეყანა იმიტომ არ გვიცნობს, რომ ვერ იცნო იგი. 2. საყვარელნო, ამიერიდან ღვთის შვილები ვართ, მაგრამ ჯერ არ გამჟღავნებულა, რანი ვიქნებით. ვიცით მხოლოდ, რომ, როცა გამომჟღავნდება, მისივე მსგავსნი ვიქნებით, რადგანაც ვიხილავთ მას, როგორიც არის. 3. ყველამ, ვისაც ასე ეიმედება იგი, თავი განიწმიდოს, როგორც ისაა წმიდა. 4. ცოდვის ყოველი ჩამდენი ურჯულოებასაც სჩადის, და ცოდვა არის ურჯულოება. 5. თქვენ იცით, რომ იმიტომ გამოჩნდა იგი, რათა ეტვირთა ჩვენი ცოდვები, და რომ მასში არ არის ცოდვა. 6. არცერთ მათგანს, ვინც მკვიდრობს მასში, არ შეუცოდავს: არცერთ შემცოდეს არ უხილავს და არ შეუცვნია იგი. 7. შვილებო, ნურავინ გაცთუნებთ; სიმართლის მოქმედი მართალია, როგორც ის არის მართალი. 8. ცოდვის ჩამდენი ეშმაკისაგან არის, რადგანაც დასაბამიდან ეშმაკი სცოდავს; მიტომაც მოგვევლინა ძე ღვთისა, რომ დაერღვია ეშმაკის საქმენი. 9. ღვთისაგან შობილი არავინ სცოდავს, ვინაიდან მასში რჩება ღვთიური თესლი, და არ შეუძლია სცოდოს, რადგანაც ღვთისაგან არის შობილი. 10. ამით იცნობიან ღვთის შვილნი და ეშმაკის შვილნი: ვინც არ იქმს სიმართლეს და ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, ღვთისაგან არ არის იგი.

ლიტ.: მკ. 11: 1-11 

1. როდესაც მიუახლოვდნენ იერუსალიმს, ბეთბაგეს და ბეთანიას, ზეთისხილის მთასთან, გაგზავნა თავისი ორი მოწაფე 2. და უთხრა მათ: წადით სოფელში, რომელიც თქვენს პირდაპირაა და შესვლისთანავე იპოვით დაბმულ ჩოჩორს, რომელზედაც ჯერ კაცი არ მჯდარა; ახსენით და მომგვარეთ. 3. ხოლო თუ ვინმე გეტყვით, რას შვრებითო, უთხარით, უფალს სჭირდება და მალე დაგიბრუნებსო. 4. ისინი წავიდნენ, დაინახეს ქუჩაში ჭიშკართან დაბმული ჩოჩორი და ახსნეს იგი. 5. ზოგიერთმა იქ მდგომმა ჰკითხა მათ: რას შვრებით, რატომ ხსნით ჩოჩორს? 6. მათ მიუგეს, როგორც უბრძანა იესომ, და გამოუშვეს ისინი. 7. მიჰგვარეს ჩოჩორი იესოს, ზურგზე დაუფინეს თავიანთი სამოსელი და ზედ შესვეს იგი. 8. ბევრი თავის სამოსელს უფენდა გზაზე, სხვები კი – ხის ტოტებს, რომლებსაც მინდვრად ჭრიდნენ. 9. წინ მიმავალნიცა და უკან მიმყოლნიც ღაღადებდნენ და ამბობდნენ: ოსანა! კურთხეულია მომავალი უფლის სახელით. 10. კურთხეულია დავითის, ჩვენი მამის, მომავალი სამეფო! ოსანა მაღალთა შინა! 11. შევიდა იესო იერუსალიმსა და ტაძარში; როდესაც მოიხილა ყველაფერი, უკვე გვიანი იყო და ბეთანიას გაემართა თორმეტის თანხლებით.

მღ.მთ: ებრ.7: 26 – 8: 2 

26. სწორედ ასეთი მღვდელმთავარი გვშვენოდა: წმინდა, უმანკო, უმწიკვლო, ცოდვილთაგან განრიდებული და ზეცათა უზენაესი, 27. რომელსაც იმ მღვდელმთავრებივით როდი სჭირდება ჯერ თავის, ხოლო შემდეგ ხალხის ცოდვებისათვის ყოველდღე სწირავდეს მსხვერპლს, რადგან ეს ერთხელ და სამუდამოდ აღასრულა, როცა შესწირა თავი. 28. ვინაიდან რჯული მღვდელმთავრებად ადგენს უმწეო ხალხს, ხოლო ფიცის სიტყვა, რჯულის შემდგომ, – ძეს, უკუნისამდე სრულქმნილს.

1. ხოლო ჩვენს ნათქვამში უმთავრესი ეს არის: გვყავს მღვდელმთავარი, დიდების ტახტის მარჯვნივ რომ დაჯდა ზეცას. 2. ის არის მსახური წმიდათა და ჭეშმარიტი კარვისა, რომელიც უფალმა ააშენა და არა კაცმა.

მღ.მთ: ინ. 10: 9 -16 

9. მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს. 10. ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ხოლო მე მოვედი, რათა ჰქონდეთ სიცოცხლე და ჭარბადაც ჰქონდეთ. 11. მე ვარ მწყემსი კეთილი: კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის. 12. ხოლო მოქირავე, ვინც არ არის მწყემსი და ვისიც არ არიან ცხვრები, მომავალი მგლის დანახვისას მიატოვებს ცხვრებს და გარბის; მგელი კი წარიტაცებს და გაფანტავს ცხვრებს. 13. მოქირავე იმიტომ გარბის, რომ მოქირავეა და არ ედარდება ცხვრები. 14. მე ვარ მწყემსი კეთილი, და ვიცნობ ჩემს ცხვრებს, ჩემები კი მიცნობენ მე. 15. როგორც მე მიცნობს მამა, ასევე ვიცნობ მეც მამას, და დავდებ ჩემს სულს ცხვრებისთვის. 16. სხვა ცხვრებიც მყვანან, რომლებიც არ არიან ამ ფარეხისა; მათი მოყვანაც მმართებს, რათა ისმენდნენ ჩემს ხმას, და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი.

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
                                                                    (1 ინ. 3: 14) 

 

მსოფლიო ეკლესიის დიდი მოძღვარი – იოანე ოქროპირი 407 წელს გარდაიცვალა ქალაქ კომანში, გადასახლების ადგილისაკენ მიმავალ გზაზე. ქრისტიანული ზნეობის მტრებთან შეუპოვრად მებრძოლ იოანეს ბევრი მტრობდა. მის მტრებს შორის ერთი მეტისმეტად ძლიერი იყო დედოფალი ევდოქსია. სწორედ მისი დაჟინებით ჩამოაცილეს წმიდა მღვდელმთავარი სამწყსოს.
იოანე ოქროპირის უჟამო სიკვდილმა მეტად დაამწუხრა ქრისტიანები. მათ კონსტანტინეპოლის პატრიარქს პროკლეს სთხოვეს, მეფესთან აღეძრა შუამდგომლობა წმიდა მამის ნაწილების კონსტანტინეპოლში გადმოსვენების შესახებ. ევდოქსიას ვაჟმა, იმპერატორმა თეოდოსი II-მ (408-450) თანხმობა განაცხადა, მაგრამ კომანში სიწმიდის ჩამოსასვენებლად გაგზავნილებმა მღვდელმთავრის კუბოს ძვრაც ვერ უყვეს. იმპერატორი მიხვდა თავის შეცდომას და დაწერა ეპისტოლე, რომელშიც წმიდანს თავისი დედისა და საკუთარი ცოდვების მიტევებას სთხოვდა. როცა ეპისტოლე წმიდა კუბოსთან წაიკითხეს, ის შემსუბუქდა და ადვილად ასწიეს. იოანე ოქროპირის ნაწილების გადასვენება კომანიდან კონსტანტინეპოლში 438 წელს მოხდა. სიწმიდე დიდმოწამე ირინეს სახელობის ტაძარში დაასვენეს. როცა პატრიარქმა ლუსკუმა გახსნა, მღვდელმთავრის ცხედარი უხრწნელი აღმოჩნდა. მეფემ მუხლი მოიყარა მის წინაშე და ცრემლებით ითხოვა შეწყალება. დილით კუბო წმიდა მოციქულთა ტაძარში იქნა გადასვენებული. მრევლმა შესძახა: „მიიღე შენი ტახტი, მეუფე!“ პატრიარქმა და კუბოსთან მდგარმა ღვთისმსახურებმა კი დაინახეს, რომ მღვდელმთავარმა ბაგეები გახსნა და წარმოთქვა „მშვიდობა ყოველთა!“