„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).
ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

9.03.2026. დიდი მარხვის მე-3 შვიდეული.
ორშაბათი. მარხვა
პირველად (IV) და მეორედ (452) პოვნა პატიოსნისა თავისა წმიდისა დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი; მოწამისა სერგისა, კაბადოკიის კესარიელისა (304); ღირსისა იოანე მომკელისა (X); ღირსისა ერაზმ კიევო-პეჩორელისა (1160).
დღის ლოცვები
იოანე ნათლისმცემლის თავის პირველად (IV) და მეორედ (452) პოვნა
ტროპარი: ქუეყანით აღმობრწყინდა თავი იგი წინამორბედისა და უხრწნელებისა მცხინვარებასა მიჰფენს ყოველთა საკურნებელად სარწმუნოებით მვედრებელთა მისთა, რამეთუ ზეცას აქებენ სიმრავლენი ანგელოზთანი, და ქუეყანასა ზედა კაცნი ერთ ხმობით უღაღადებთ. ქრისტე ღმერთო, ვედრებითა მისითა გარდამოავლინე დიდი წყალობაი შენი ჩუენ ზედა.
კონდაკი: წინასწარმეტყუელო ღმრთისაო და წინამორბედო მადლისაო, თავი შენი, ვითარცა ნიჭი საღმრთო, ვპოვეთ ქუეყანით, და კურნებათა მოვიღებთ ყოვლადვე, რამეთუ კუალადცა, ვითარცა პირველ, ქადაგებ სოფელსა შინა სინანულსა.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა
ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა
უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტურგია პირველშეწირულისა.
მწუხრზე: წინამორბ.: 1) ეს. 40: 1-3, 9; 41: 17-18; 45: 8; 48: 20-21; 54: 1. 2) მალაქ. 2: 1-3, 5-7, 12, 17-18; 4: 4-6. 3) სიბრძ. 4: 7, 16-17, 19-20; 5: 1-7.
ცისკ.: ლკ. 7: 17-30 (დას. 31).
VI ჟამზე: ეს. 8:13-22; 9:1-7.
ლიტ. მწუხრზე რიგ.: დაბ. 6: 9-22. იგავ. 8: 1-21.
ნათლისმც.: 2 კორ. 4: 6-15 (დას. 176). მთ. 11: 2-15 (დას. 40).
მწუხრზე: წინამორბ.: 1) ეს. 40: 1-3, 9; 41: 17-18; 45: 8; 48: 20-21; 54: 1
1. ანუგეშეთ, ანუგეშეთ, ჩემი ხალხი, ამბობს თქვენი ღმერთი. 2. მოუოხეთ გული იერუსალიმს და ახარეთ, რომ დასრულდა მისი ლაშქრობა, რომ მიტევებულია მისი დანაშაული, რომ ორმაგად მიეზღო უფლის ხელით მისი ცოდვებისათვის. 3. ხმაა მღაღადებლისა: უდაბნოში გაამზადეთ უფლის გზა, მოასწორეთ ტრამალზე სავალი ჩვენი ღვთისათვის!
9. ადი მთამაღალზე, მახარობელო სიონო! აღიმაღლე შენი ხმაძლიერი, მახარობელო იერუსალიმო! აღიმაღლე, ნუ გეშინია! უთხარი იუდას ქალაქებს, აქ არის-თქო თქვენი ღმერთი!
17. ჩაგრულნი და უპოვარნი წყალს ეძებენ, მაგრამ არ არის; ენა გამშრალი აქვთ წყურვილისგან. მე, უფალი, შევეხმიანები, ისრაელის ღმერთი მათ არ მივატოვებ. 18. გავხსნი ნაკადულებს ხმელგორებზე და წყაროებს ტრამალებში; უდაბნოს წყლის ტბორად ვაქცევ, ხრიოკ მიწას – წყაროსთვალად.
8. იწვეთოს მაღლიდან ზეცამ და ღრუბლებმა ასხურონ სიმართლე, გადაიხსნას მიწა და ხსნამ ინაყოფოს, და სამართალი აღმოცენდეს მასთან ერთად! მე, უფალმა, შევქმენი ეს.
20. გამოდით ბაბილონიდან, გაერიდეთ ქალდეველებს! მხიარული ხმით გამოაცხადეთ, ამცნეთ ეს, ქვეყნის კიდემდე მიაწვდინეთ, თქვით: იხსნა უფალმა, თავისი მორჩილი იაკობი! 21. არ მოსწყურებიათ უდაბნოებში, სადაც დაჰყავდა; კლდიდან უდინა მათ წყალი, კლდე გააპო და იჩქეფა წყალმა.
1. გაიხარე, ბერწო, უშობელო! სიხარულით აყიჟინდი, სალმობის განუცდელო! რადგან მიტოვებულს მეტი შვილები ეყოლება, ვიდრე გათხოვილს, ამბობს უფალი.
მწუხრზე: წინამორბ.: 2) მალაქ. 2: 1-3, 5-7, 12, 17; 4: 4-6
1. ახლა თქვენთვის არის ეს მცნება, მღვდლებო: 2. თუ არ გაიგონებთ და გულში არ ჩაიდებთ მას, რომ პატივი მიაგოთ ჩემს სახელს, ამბობს ცაბაოთ უფალი, მოვავლენ თქვენზე წყევლას და დავწყევლი თქვენს კურთხევებს. დავწყევლე კიდეც, რადგან არ ჩაგიდევთ გულში. 3. აჰა, დაგიკავებთ თესლს და პირისახეზე დაგაყრით საკლავის განავალს, თქვენი დღესასწაულების განავალს, და თან წაიღებთ მას.
5. ჩემი აღთქმა მასთან სასიცოცხლოდ და სამშვიდობოდ იყო და მე მივეცი ეს მათ ჩემი შიშისათვის; რიდი ჰქონდათ ჩემი და ეკრძალვოდნენ ჩემს სახელს. 6. ჭეშმარიტი რჯული იყო მის პირში და უკეთურება არ იპოვებოდა მის ბაგეებში; მშვიდობით და სიმართლით დადიოდა ჩემს წინაშე და მრავალი მოაქცია ბოროტებისგან. 7. რადგან მღვდლის ბაგეები უნდა იმარხავდეს ცოდნას და მისი პირიდან უნდა მოელოდნენ რჯულს, რადგან ცაბაოთ უფლის მოციქულია იგი.
12. მოიკვეთს უფალი იაკობის კარვებიდან ამის ჩამდენს – მღვიძარს და ხმისგამცემს და ძღვენის მიმტანს ცაბაოთ უფლისადმი.
17. დაღალეთ უფალი თქვენი სიტყვებით და ამბობთ: რითი დავღალეთო? იმით, რომ ამბობთ: ყოველი ბოროტმოქმედი კეთილად უჩნსო უფალს და ისინი უყვარსო მას, ან სად არისო სამართღის ღმერთი?
4: 4. მოიჴსენეთ შჯული მოსესი, მონისა ჩემისაჲ, ვითარ-იგი ვამცენ მას ქორებს შინა ყოვლისა მიმართ ისრაჱლისა ბრძანებანი და სამართალნი. 5. და, აჰა, მე მოგივლენ თქუენ ილიას თეზბიტელსა პირველ მოსლვისა დღისა უფლისაჲსა დიდსა და განჩინებულსა, 6. რომელმან კუალად მოაგოს გული მამისა ძისა მიმართ და გული კაცისა მოყუსისა მისისა მიმართ. ნუ მოსრულმან მოვსპო ქუეყანა მყის.
მწუხრზე: წინამორბ.: 3) სიბრძ. 4: 7, 16-17, 19-20; 5: 1-7
7. მართალი კი, თუნდაც ნაადრევად აღესრულოს, განსასვენებელში იქნება.
16. როცა კვდება მართალი, მსჯავრს სდებს ცოცხალ უღვთოებს, და ნაადრევად სრულქმნილი სიჭაბუკე – ცოდვილის ხანდაზმულ სიბერეს. 17. რადგან იხილავენ ისინი ბრძენის აღსასრულს და ვერ მიხვდებიან, რა განიზრახა მისთვის უფალმა და რისთვის დაიცვა იგი.
19. შემდგომად ამისა იქცევიან უპატიო გვამებად და სირცხვილად მკვდართა შორის, საუკუნოდ; რადგან პირქვე დაამხობს ხმაწართმეულებს და ძირფესვიანად შეარყევს მათ. გახმებიან ისინი საბოლოოდ და იქნებიან სატანჯველში, და წარიხოცება მათი ხსენება. 20. შიშით წარდგებიან ცოდვების განკითხვისას და მათივე უკეთური საქმეები ამხილებს მათ.
1. მაშინ მართალი დიდი სილაღით წარდგება მათ წინაშე, რომელთაც შეურაცხყვეს და მისი ღვაწლი აბუჩად აიგდეს. 2. მისი მხილველნი მძიმე შიშით შეძრწუნდებიან და გააოცებთ მისი მოულოდნელი ხსნა. 3. ერთმანეთში იტყვიან მონანულნი, აკვნესდებიან და იტყვიან სულშეჭირვებულნი: 4. ეს იყო სწორედ, ვინც ოდესღაც გვყავდა დასაცინად და კიცხვის არაკად უგუნურებს; მისი ცხოვრება სიგიჟედ მივიჩნიეთ, მისი აღსასრული კი უპატიობად. 5. როგორღა შეირაცხა უფლის ძეთა შორის და წმიდათა ხვედრი წილად როგორ ერგო? 6. ამგვარად, გადავსცდით ჭეშმარიტების გზას, აღარ გვინათებდა სამართლიანობის ნათელი და აღარც მზე ამოდიოდა ჩვენთვის. 7. ბილიკები ჩვენი ურჯულოებითა და წარწყმედით ავავსეთ, უვალი უდაბნოები გადავლახეთ, მაგრამ უფლის გზა კი ვერ შევიცანით.
ცისკ.: ლკ. 7: 17-30
17. და მოედო ეს ამბავი მთელ იუდეასა და მთელ შემოგარენს. 18. ყოველივე ეს მისმა მოწაფეებმა აუწყეს იოანეს. 19. ხოლო იოანემ მოუხმო თავის ორ მოწაფეს, იესოსთან გაგზავნა და შეუთვალა: შენა ხარ მომავალი, თუ სხვა ვინმეს უნდა ველოდეთ? 20. ისინიც მივიდნენ და უთხრეს მას: იოანე ნათლისმცემელმა შენთან გამოგვგზავნა საკითხავად: შენა ხარ მომავალი, თუ სხვა ვინმეს უნდა ველოდეთ? 21. ხოლო იმ ხანად მრავალნი განკურნა სნეულებათაგან, სალმობათა და უკეთურ სულთაგან, და მრავალ ბრმას მიჰმადლა ხედვა. 22. მიუგო მათ იესომ: წადით და უთხარით იოანეს, რაც იხილეთ და ისმინეთ: ბრმანი ხედავენ, კოჭლნი დადიან, კეთროვანნი იწმინდებიან და ყრუნი ისმენენ; მკვდარნი აღდგებიან და გლახაკნი სახარებით ხარობენ. 23. ნეტა მას, ვინც არ შემცდარა ჩემში. 24. ხოლო იოანეს მაცნეთა წასვლის შემდეგ, იოანეზე ჩამოუგდო სიტყვა ხალხს: რისთვის დადიოდით უდაბნოში? ქარისაგან რხეული ლერწმის ხილვად? 25. რისთვის დადიოდით? ლბილი სამოსით მოსილი კაცის ხილვად? მაგრამ ლბილი სამოსით მოსილნი და განცხრომით მყოფნი მეფეთა დარბაზებში არიან. 26. რისთვის დადიოდით? წინასწარმეტყველის ხილვად? დიახ, გეტყვით თქვენ, წინასწარმეტყველისა და უფრო მეტისაც. 27. ეს არის იგი, ვისთვისაც დაიწერა: აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოზს შენს წინაშე, რომელიც განამზადებს შენს გზას შენსავ წინაშე. 28. რადგანაც გეუბნებით თქვენ: დედისაგან შობილი არც ერთი წინასწარმეტყველი არ აღმატებია იოანეს; ხოლო ღმერთის სასუფეველში უმცირესიც მასზე უმეტესია. 29. მისმა მსმენელმა მთელმა ხალხმა და მებაჟეებმაც ადიდეს ღმერთი, და ნათეღ იღეს იოანეს ნათლის ცემით. 30. ხოლო ფარისევლებმა და რჯულის მოძღვრებმა უარყვეს ღმრთის ნება მათ მიმართ, და ნათელი არ იღეს მისგან.
VI ჟამზე: ეს. 8:13-22; 9:1-7
13. მხოლოდ ცაბაოთ უფალს ეკრძალეთ, ის არის თქვენი შემაშინებელი და თქვენი შემზარავი. 14. ის იქნება საწმიდარად და დაბრკოლების ლოდად და წაფორხილების კლდედ ისრაელის ორი სახლისთვის. ბადედ და მახედ იერუსალიმის მკვიდრისათვის. 15. ბევრი წაიფორხილებს მასზე, დაეცემიან და დაილეწებიან, გაებმებიან და გაიხლართებიან. 16. შეჰკარი ეს ანდერძი, დაბეჭდე რჯული ჩემს მოწაფეებში. 17. მე ველი უფალს, რომელიც პირს იფარავს იაკობის სახლისგან, და ვესავ მას. 18. აჰა, მე და ეს ბავშვები, უფალმა რომ მომცა ნიშებად და სასწაულებად ისრაელში ცაბაოთ უფლისგან, რომელიც სიონის მთაზეა დავანებული. 19. თუ გითხრეს: დაეკითხეთო მესულთანებს და ჯადოქრებს, რომ ჩურჩულებენ და სტვენენო, განა თავის ღმერთს არ ეკითხება ხალხი, განა მკვდრებს ეკითხება ცოცხალთა გამო? 20. მიმართეთ რჯულსა და ანდერძს! თუ არ ამბობენ ამ სიტყვის მიხედვით, ნათქვამს არა აქვს აზრი. 21. ჩაივლის იქ გატანჯული და მშიერი. როცა დაიმშევა, გაავდება, გმობას დაუწყებს თავის მეფეს და თავის ღმერთს და მაღლა აიხედავს. 22. მიწას დახედავს და, აჰა, დაინახავს გასაჭირს და სიბნელეს – წყვდიადს განუჭვრეტელს და უკუნეთში გაიტყორცნება.
1. ხალხმა, ბნელში მოარულმა, იხილა ნათელი დიდი, წყვდიადის ქვეყანაში მცხოვრებლებს ნათელი გამოუბრწყინდა. 2. შენ გაამრავლე ხალხი, გაუზარდე მას სიხარული; მხიარულობდნენ შენ წინაშე, როგორც მკის დროს იციან სიხარული, როგორც ხარობენ ნადავლის გაყოფისას. 3. რადგან შენ დალეწე მისი კირთების უღელი, და მისი ბეჭების კეტი – მისი დამჩაგვრელის კვერთხი, როგორც მიდიანის დღეს. 4. რადგან ყოველი ხამლი, ბრძოლაში ნატარები, და სამოსელი, სისხლში ნათრევი, დასაწვავი იქნება, როგორც ცეცხლის კერძი. 5. რადგან შეგვეძინა შვილი, მოგვეცა ძე და უფლობა იყო მის ბეჭებზე, ეწოდა სახელად საკვირველი მრჩეველი, ღმერთი ძლიერი, მარადისობის მამა, მშვიდობის მთავარი. 6. ხელმწიფების განსადიდებლად და უბოლოო მშვიდობისთვის დავითის ტახტზე და მის სამეფოში, მის განსამტკიცებლად და გასაძლიერებლად სამართალში და სიმართლეში აწ და მარადის. ცაბაოთ უფლის შური აღასრულებს ამას. 7. სიტყვა მოუვლინა უფალმა იაკობს და გარდამოვიდა ისრაელზე.
ლიტ. მწუხრზე რიგ.: დაბ. 6: 9-22. იგავ. 8: 1-21
9. ეს არის ამბავი ნოესი: მართალი, სრული კაცი იყო ნოე თავის თაობაში; ღმერთთან დადიოდა ნოე. 10. შვა ნოემ სამი ვაჟი: სემი, ქამი და იაფეთი. 11. წაირყვნა ქვეყანა ღვთის წინაშე და აივსო ქვეყანა უსამართლობით. 12. გადმოხედა ღმერთმა ქვეყანას და, აჰა, წარყვნილიყო იგი, რადგან გაერყვნა ყოველ ხორციელს თავისი ზნე ამ ქვეყანაზე. 13. უთხრა ღმერთმა ნოეს: მოაწია ყოველი ხორციელის აღსასრულმა ჩემს წინაშე, რადგან აივსო ქვეყანა მათი უსამართლობით; და, აჰა, უნდა გავწყვიტო ისინი მთელი ქვეყნითურთ. 14. გაიკეთე კიდობანი ურთხელისგან. ბუდეები გაუკეთე კიდობანს, შიგნით და გარეთ ფისით შეფისე. 15. ამგვარი უნდა ააგო იგი: სიგრძით სამასი წყრთა იყოს კიდობანი, სიგანით – ორმოცდაათი წყრთა, სიმაღლით – ოცდაათი წყრთა; 16. სასინათლო გაუკეთე კიდობანს, ზემოდან ერთ წყრთაზე დაუტანე; კარი გვერდიდან შეაბი კიდობანს; ქვედა, მეორე და მესამე სართული გაუკეთე. 17. აჰა, მოვავლენ წარღვნას ქვეყანაზე, რათა გაწყდეს ცისქვეშეთში ყოველი ხორციელი, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას; ყოველი მიწიერი უნდა განადგურდეს. 18. შენ კი აღთქმას დაგიდებ და შეხვალთ კიდობანში შენ და შენი შვილები, შენი ცოლი და შენს ძეთა ცოლები. 19. ყოველგვარი ცხოველი, ყოველგვარი ხორციელი, ყველა წყვილ-წყვილად შეიყვანე კიდობანში, რათა შენთან ერთად გადარჩნენ; დედალ-მამალი იყოს. 20. ყოველი გვარის ფრინველი, ყოველი გვარის პირუტყვი, ყოველი გვარის ქვეწარმავალი, ყველა წყვილ-წყვილად შემოგყვეს კიდობანში, რათა გადარჩნენ. 21. წაიღე ყოველგვარი საჭმელი, რაც კი იჭმევა; მოიმარაგე და საჭმელად გქონდეთ შენც და მათაც. 22. ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც ღმერთმა დაარიგა. ასე გააკეთა.
1. განა სიბრძნე არ მოუწოდებს? განა გონიერება არ გამოსცემს ხმას? 2. მაღალ მწვერვალებზე, გზასთან არის, გზათა შესაყარზე დგას იგი; 3. კარიბჭეებთან, ქალაქის პირთან, ღია კარებში მღერის იგი: 4. თქვენ მოგიხმობთ, კაცნო ჩემი ხმა ადამის ძეთ მიმართავს. 5. შეიგნეთ, ბრიყვებო, საზრიანობა, შეიგნეთ, სუსტგონო, გონიერება. 6. მისმინეთ, რადგან საგულისხმოს ვიტყვი. სიმართლის სათქმელად გაიხსნება ჩემი ბაგეები; 7. ვინაიდან ჭეშმარიტებას გააცხადებს ჩემი ენა და სიბილწეა ჩემი ბაგეებისთვის უკეთურება. 8. ჩემი პირის ყოველი სიტყვა მართალია და მზაკვრობა და ცბიერება არ არის მათში; 9. ყოველი მათგანი სანდოა გამგებისთვის და ყველა სწორია ცოდნის მპოვნელთათვის. 10. მიიღეთ ჩემი შეგონება და არა ვერცხლი, ცოდნა მეტია ხალას ოქროზე; 11. რადგან სიბრძნე უკეთესია ძვირფას თვლებზე და ვერცერთი სანატრელი საგანი ვერ შეედრება მას. 12. მე, სიბრძნე, დავანებული ვარ შეგნებაში და ფიქრების ცოდნა მოვიპოვე. 13. უფლის მოშიშებას სძულს ბოროტება; მძულს მე ქედმაღლობა, ამპარტავნობა, ბოროტი გზა და ღალატიანი პირი. 14. ჩემია თათბირი და საღი აზრი; მე ვარ გონიერება, ჩემია ძალა; 15. ჩემით მეფობენ მეფენი და ჩემით აწესებენ სამართალს მთავარნი; 16. ჩემით მთავრობენ მთავარნი და დიდებულნი – ქვეყნის ყველა მსაჯული. 17. მიყვარს ჩემი მოყვარულნი და მიპოვნიან ჩემი მძებნელნი; 18. ჩემთან არის სიმდიდრე და პატივი, ულევი დოვლათი და სიმართლე. 19. ჩემი ნაყოფი ბაჯაღლო ოქროზე უკეთესია და ჩემგან უფრო მეტი სარგებელია, ვიდრე რჩეული ვერცხლისაგან. 20. სიმართლის სავალს ვადგავარ და სიმართლის გზებით დავიარები. 21. რათა დავამდიდრო ჩემი მოყვარულნი და ავუვსო საგანძურები.
ნათლისმც.: 2 კორ. 4: 6-15
6. რადგანაც ღმერთმა, რომელმაც ბრძანა ბნელიდან ნათლის გამობრწყინება, გაანათლა ჩვენი გულები, რათა გავებრწყინებინეთ ღმერთის დიდების შემეცნებით, რომლითაც სხივოსნობს იესოს სახე. 7. ხოლო ეს საუნჯე ჩვენ თიხის ჭურჭლებით დაგვაქვს, რათა ამ ძალის სიდიადე ღვთისაგან იყოს და არა ჩვენგან. 8. ყოველნაირად გვავიწროებენ, მაგრამ დათრგუნვილად არა ვგრძნობთ თავს; გამოუვალ დღეში გვაგდებენ, მაგრამ მაინც ვპოულობთ გამოსავალს. 9. დევნილნი ვართ, მაგრამ არა მიუსაფარნი; გვამხობენ, მაგრამ ბოლოს ვერ გვიღებენ. 10. ყოველთვის თან დავატარებთ სხეულით იესოს სიკვდილს, რათა იესოს სიცოცხლეც გაცხადდეს ჩვენს სხეულში. 11. ვინაიდან ჩვენ, ცოცხალნი, გამუდმებით ვეძლევით სიკვდილს იესოსათვის, რათა იესოს სიცოცხლეც გამოვლინდეს ჩვენს მოკვდავ ხორცში. 12. ასე რომ, სიკვდილი ჩვენში მოქმედებს, ხოლო სიცოცხლე – თქვენში. 13. მაგრამ რაკი რწმენის იგივე სული გვაქვს, რომელზედაც ამბობს წერილი: „მწამდა და მიტომ ვამბობდი“, ჩვენც გვწამს და მიტომ ვამბობთ. 14. რაკიღა ვიცით, რომ, ვინც აღადგინა იესო, ჩვენც აღგვადგენს იესოსთან ერთად და თქვენი თანხლებით წარგვადგენს მის წინაშე. 15. ვინაიდან ყველაფერი თქვენთვისაა, რათა მადლის სიუხვე მრავალთა მადლიერებად გადმოიფრქვეს ღვთის სადიდებლად.
ნათლისმც.: მთ. 11: 2-15
2. ხოლო იოანემ შეიტყო საპყრობილეში ქრისტეს საქმენი, და გამოგზავნა თავისი ორი მოწაფე. 3. რათა ეკითხათ მისთვის: შენა ხარ მომავალი, თუ სხვა ვინმეს უნდა ველოდეთ? 4. ხოლო იესომ მიუგო მათ: მიდით და უთხარით იოანეს, რასაც ისმენთ და ხედავთ: 5. ბრმანი ხედავენ, კოჭლნი დადიან, კეთროვანნი იწმინდებიან და ყრუნი ისმენენ: მკვდარნი აღდგებიან და გლანაკნი სახარებით ხარობენ. 6. ნეტარ არს, ვინც არ შემცდარა ჩემში. 7. ხოლო მათი წასვლის შემდეგ იესომ იოანეზე ჩამოუგდო სიტყვა ხალხს: რისთვის დადიოდით უდაბნოში? ქარისაგან რხეული ლერწმის ხილვად? 8. რისთვის დადიოდით უდაბნოში? ლბილი სამოსით მოსილი კაცის ხილვად? მაგრამ ლბილი სამოსით მოსილნი მეფეთა დარბაზებში არიან. 9. რისთვის დადიოდით უდაბნოში? წინასწარმეტყველის ხილვად? დიახ, გეტყვით თქვენ, წინასწარმეტყველისა და უფრო მეტისაც. 10. რადგან ეს არის იგი, ვისთვისაც დაიწერა: აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოზს შენს წინაშე, რომელიც განამზადებს შენს გზას შენსავ წინაშე. 11. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: დედისაგან შობილი არვინ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე უმეტესი, ხოლო ცათა სასუფეველში უმცირესიც მასზე უმეტესია. 12. ვინაიდან იოანე ნათლისმცემლიდან მოყოლებული დღემდე, ცათა სასუფეველი ძალით იღება, და ძალისმხმეველნი მიიტაცებენ მას. 13. რადგან ყველა წინასწარმეტყველი, და თვით რჯული იოანემდე წინასწარმეტყველებდნენ. 14. და თუ გნებავთ გაიგოთ, ეს არის ელია, რომელიც უნდა მოვიდეს. 15. ვისაც აქვს ყურნი სმენად, ისმინოს!
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
პირველად (IV) და მეორედ (452) პოვნა პატიოსნისა თავის წმიდისა დიდებულისა წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი
წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის (ხს. 29 აგვისტოს) შემდეგ მისი სხეული მოწაფეებმა პატივით დაკრძალეს სამარიის ქალაქ სებასტიაში, წმიდა თავი კი უსჯულო ჰეროდიადამ უპატიო ადგილას დაფლა. კეთილმსახურმა იოანამ, ჰეროდეს ეზოსმოძღვრის ქოზას ცოლმა (მას იხსენებს ლუკა მახარებელი – ლკ. 8,3), იოანეს თავი ფარულად ჩადო პატიოსან ჭურჭელში და ელეონის მთაზე – ჰეროდეს ერთ-ერთ მამულში მიაბარა მიწას. მრავალი წლის შემდეგ ეს ადგილ-მამული კეთილმსახური დიდებულის, ინოკენტის მფლობელობაში გადავიდა, რომელმაც აქ ტაძრის აშენება გადაწყვიტა. ტაძრის საძირკვლის თხრის დროს აღმოჩენილ იქნა ჭურჭელი უფლის წინამორბედის თავით. ნაპოვნი სიწმიდის სიდიადე მასთან აღსრულებული სასწაულებით გაცხადდა. ეს იყო იოანე ნათლისმცემლის თავის პირველი პოვნა. ინოკენტი კრძალვით ინახავდა მას, მაგრამ სიკვდილის წინ იმის შიშით, რომ სიწმიდე უსჯულოებს არ ჩავარდნოდათ ხელში, იმავე ადგილას ჩაფლა, საიდანაც ამოიღო. შემდეგში ეს ადგილი თანდათან გაუდაბურდა, ტაძარი – ჩამოინგრა.მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (+337, ხს. 21 მაისს) ზეობისას, ქრისტიანობის აყვავების ხანაში, იერუსალიმის წმიდა ადგილების მოსალოცად მოსულ ორ ბერს ორჯერ გამოეცხადა უფლის წინამორბედი და თავისი პატიოსანი თავის ადგილსამყოფელი ამცნო. ბერებმა ამოთხარეს სიწმიდე, აქლემის ბეწვის ტომარაში ჩადეს და შინისაკენ გამობრუნდნენ. გზად მათ შემოხვდათ უცნობი მექოთნე და ძვირფასი ტვირთი მას მისცეს სატარებლად. მეკეცემ არ იცოდა, რა სიწმინდე მიჰქონდა, მაგრამ მას თავად ნათლისმცემელი გამოეცხადა და უბრძანა, გაქცეოდა დაუდევარ და უდებ ბერებს იმასთან ერთად, რაც ხელში ეპყრა. ღვთისმოყვარე ხელოსანი ფარულად განერიდა თანამგზავრებს. შემდგომში იგი პატივით ინახავდა წმიდა თავს, სიკვდილის წინ კი დას გადასცა. ამ დროიდან მოყოლებული სიწმიდე მემკვიდრეობით გადაეცემოდა ღვთისმოშიშ ქრისტიანებს მანამ, სანამ მისი მფლობელი არ გახდა ერეტიკოსი მღვდელმთავარი ევსტათი. იგი პატიოსანი თავის სიწმიდის ძალით კურნავდა სნეულებს, შემდეგ კი აღსრულებულ სასწაულებს ერესის მადლს მიაწერდა და აცდუნებდა გამოუცდელ სულებს. როცა ევსტათის ბოროტმოქმედება გაცხადდა, ის იძულებული გახდა, გაქცეულიყო, სიწმიდე კი ემესის მახლობელ მღვიმეში დამალა იმ იმედით, რომ დაბრუნდებოდა და კვლავ ხელში ჩაიგდებდა მას. ღმერთმა ეს არ დაუშვა: გამოქვაბულში დამკვიდრნენ კეთილმსახური ბერები, შემდეგ კი აქ მონასტერიც დაარსდა. 452 წელს, სავანის არქიმანდრიტ მარკელს იოანე ნათლისმცემელმა თავისი წმიდა თავის ადგილსამყოფელი აუწყა. ეს მოვლენა სიწმიდის მეორედ პოვნის სახელით იდღესასწაულა. ნათლისმცემლის პატიოსანი თავი ჯერ ემესაში გადაასვენეს, შემდეგ კი – კონსტანტინეპოლში.