…მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა“. ღირსი ისააკ ასური.
…ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრძ. 6: 1-3).
…თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).
…ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).
…ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

აღდგომიდან მე-4 შვიდეული. შაბათი
9.05.2026. ხსნილი
ერგასის განზოგების შემდგომი დღესასწაული.
მღვდელმოწამისა ბასილი ამასიელ ეპისკოპოსისა (322); მართლისა გლაფირა ქალწულისა (322); სტეფანე პერმელ ეპისკოპოსისა (1369); ღირსისა იოანიკე დევიჩელისა (XIII).
დღის ლოცვები
მღვდელმოწამე ბასილი ამასიის ეპისკოპოსის კონდაკი:
ქუეყანისა ამის მეფისა ბრძანებასა სძლიე რა, ზეცათა მეუფესა მიემთხვიე, ბასილი, რომლისა მიერ მოხარულმან მოგვიხსენენ ჩუენ, პატივისმცემელნი შენნი, მღდელმოწამეო.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის შაბათს დილით
საყვარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოზთა შეყვარებულო, ხმა მაღალო ქადაგო ღვთისმეტყველებისაო, ღირს ქმნილო ძედ წმიდისა ქალწულისა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძველო საღმრთოისა სწავლისაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდს მიყრდნობილო, ყოვლად ბრძენო, ნეტარო იოანე, ქადაგო სამებისაო! მითხოვე ქრისტესაგან შენდობაი ცოდვათა და ხსნაი განსაცდელთაგან, განჰსდევნენ ჩვენგან მტერნი ჩვენნი უხილავნი, ვითარცა განჰსდევნე კვინოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა ძილად დაწოლისა შაბათს
უფალო! რაოდენიცა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა სიტყვით, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულისხმის-ყოფით, შემინდევ მე სახელისა შენისათვის წმიდისა და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ხორცთასა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგვემისა გვლარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არა-წმიდათა ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
საქმ. 12: 1-11 (დას. 29). ინ. 8: 31-42 (დას. 31).
საქმ. 12: 1-11
1. იმხანად მეფე ჰეროდემ ბოროტი ზრახვით აღმართა ხელი ეკლესიის ზოგიერთ წევრზე. 2. და მახვილით მოაკვლევინა იაკობი, იოანეს ძმა. 3. რაკი დაინახა, რომ ამით აამა იუდეველებს, პეტრეს შეპყრობაც ბრძანა (უფუარობის დღეები იყო). 4. როგორც კი შეიპყრო, საპყრობილეში ჩასვა და ჯარისკაცთა ოთხ ათეულს უბრძანა მისი დარაჯობა, რადგანაც აპირებდა ნაპასექევს ხალხის წინაშე გამოეყვანა. 5. ასე რომ, პეტრეს დარაჯობდნენ საპყრობილეში, ეკლესია კი გულმხურვალედ ლოცულობდა მისთვის ღვთის მიმართ. 6. იმ ღამეს, როცა ჰეროდემ მისი გამოყვანა დააპირა, პეტრეს ორ ჯარისკაცს შორის ეძინა, ორმაგი ჯაჭვით შეკრულს, კართან მდგარი მცველები კი საპყრობილეს დარაჯობდნენ. 7. და, აჰა, წარმოსდგა ანგელოზი უფლისა და ნათელმა მოიცვა მთელი საკანი; ფერდში წაჰკრა პეტრეს, გააღვიძა და უთხრა: ადექი ჩქარა! და ხელებიდან დასცვივდა ჯაჭვი. 8. ანგელოზმა თქვა: სარტყელი მოირტყი და ჩაიცვი შენი ხამლები. ასეც მოიქცა. მან კი უბრძანა: მოისხი შენი მოსასხამი და მომყევი. 9. გავიდა და პეტრეც გაჰყვა, მაგრამ არ იცოდა, რომ ცხადი იყო, რასაც იქმოდა ანგელოზი, არამედ ეგონა სიზმარს ვხედავო. 10. პირველსა და მეორე საგუშაგოს რომ გასცდნენ, ქალაქში შესასვლელ რკინის ბჭეს მიადგნენ, თავისით რომ გაიღო მათ წინაშე, და როცა გამოსულებმა ერთი ქუჩა გაიარეს, მყისვე გაშორდა მას ანგელოზი. 11. გონს რომ მოეგო, პეტრემ თქვა: ახლა კი ვხედავ ჭეშმარიტად, რომ უფალმა მოავლინა თავისი ანგელოზი, რომელმაც დამიხსნა ჰეროდეს ხელიდან და ყოველივე იმისაგან, რასაც მოელოდნენ იუდეველნი.
ინ. 8: 31-42
31. და უთხრა იესომ იუდეველებს, რომლებმაც ირწმუნეს იგი: თუ ჩემს სიტყვაში დამკვიდრდებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ. 32. შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ. 33. მიუგეს მას: აბრაამის მოდგმისა ვართ და არასდროს დავმონებივართ ვინმეს. მაშ, რამ გათქმევინა, განთავისუფლდებითო? 34. მიუგო მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყველა, ვინც სცოდავს, ცოდვის მონაა. 35. მაგრამ მონა საუკუნოდ როდი მკვიდრდება სახლში, ძე კი უკუნისამდე მკვიდრობს. 36. ასე რომ, თუ ძე გაგათავისუფლებთ, ჭეშმარიტად თავისუფალნი იქნებით. 37. ვიცი, რომ აბრაამის მოდგმისანი ხართ, მაგრამ მოსაკლავად კი მეძებთ, რადგანაც ჩემი სიტყვა ვერ ეტევა თქვენში. 38. მე ვამბობ იმას, რაც მამაჩემთან მიხილავს, თქვენ კი რაც მამათქვენთან გიხილავთ, იმას აკეთებთ. 39. მიუგეს და უთხრეს მას: ჩვენი მამა აბრაამია. უთხრა მათ იესომ: აბრაამის შვილები რომ იყოთ, საქმესაც აბრაამისას გააკეთებდით. 40. ახლა კი მოსაკლავად მეძებთ მე, ვინც გაუწყეთ ჭეშმარიტება, რაც ღმერთისაგან ვისმინე. აბრაამს ეს არ უქნია. 41. თქვენ მამათქვენის საქმეს აკეთებთ. უთხრეს: სიძვისგან როდი ვშობილვართ; ერთი მამა გვყავს – ღმერთი. 42. უთხრა მათ იესომ: ღმერთი რომ იყოს მამათქვენი, გეყვარებოდით, ვინაიდან ღმრთისაგან გამოვედი და მოვედი, რადგანაც ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ მან მომავლინა.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
მღვდელმოწამე ბასილი, ამასიის ეპისკოპოსი და მართალი გლაფირა ქალწული (+დაახლ. 322)
წმიდა მღვდელმოწამე ბასილი, ამასიის ეპისკოპოსი (+დაახლ. 322) და მართალი გლაფირა ქალწული (+322). ბასილი ამასიის ეპისკოპოსი IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა პონტოს ამასიაში. ის თანაუგრძნობდა და მხარში ედგა წარმართთაგან დევნილ ქრისტიანებს. ამ დროს რომის იმპერიის აღმოსავლეთს მართავდა ლიკინიუსი (312-324), წმიდა მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდის სიძე (306-307; ხს. 21 მაისს). ლიკინიუსმა ფარისევლურად მოაწერა ხელი მილანის ედიქტს (313), რომელიც რწმენის აღიარების თავისუფლებას ანიჭებდა ქრისტიანებს, მაგრამ სინამდვილეში სძულდა ქრისტიანები და განაგრძობდა მათ დევნას.ლიკინიუსს ვნება აღეძრა თავისი მეუღლის, კონსტანციას მსახურის, მართალი გლაფირა ქალწულის მიმართ. წმიდა ქალწულმა ამის შესახებ დედოფალს აცნობა და მფარველობა სთხოვა. დედოფალმა მამაკაცის ტანსაცმელში შემოსა ქალწული, ფული მისცა და ერთგული მსახურის თანხლებით ქალაქიდან გააპარა. სომხითში მიმავალი გლაფირა ამასიაში შეჩერდა, სადაც ადგილობრივმა ეპისკოპოსმა ბასილიმ შეიფარა.
ეპისკოპოსი ქალაქში ტაძარს აშენებდა. მართალმა გლაფირამ დედოფლისგან მიღებული ფული ეკლესიის მშენებლობისთვის მისცა მღვდელმთავარს, კონსტანციას კი წერილი გაუგზავნა და კიდევ სთხოვა ფული მშენებლობის დასამთავრებლად. დედოფალმა მისი თხოვნა შეასრულა, მაგრამ წერილი იმპერატორს ჩაუვარდა ხელში. განრისხებულმა ლიკინიუსმა ამასიის მმართველს მოსთხოვა, მასთან გამოეგზავნა ეპისკოპოსი და მსახური. სანამ ბრძანება ამასიაში ჩავიდოდა, მართალი გლაფირა გარდაიცვალა (+322). წმიდა ბასილი იმპერატორთან წაიყვანეს. მას თან წაჰყვნენ დიაკვნები – პართენი და ფესტიმი. ისინი დასახლდნენ იმ ციხის შორიახლოს, სადაც წმიდა ეპისკოპოსი იყო დატყვევებული.
ღვთისმოსავმა ქრისტიანმა ელპიდიფორმა მეციხოვნეები მოისყიდა და პართენთან და ფესტიმთან ერთად ყოველ საღამოს ნახულობდა ეპისკოპოსს. სასამართლოს დღეს წმიდა ბასილიმ ჩვეულებრივ ილოცა და სამგზის ცრემლებით გაიმეორა ფსალმუნის სიტყვები: „აღ-თუ-ვიპყრენ ფრთენი ჩემნი განთიად და დავემკვიდრო მე დასასრულსა ზღვისასა. და რამეთუ მუნცა ხელი შენი მიძღოდის მე და მარჯუენემან შენმან შემიწყნაროს მე“ (ფს. 138, 9-10). დიაკონები დაეჭვდნენ, შიში ხომ არ შეეპარაო ეპისკოპოსს, მაგრამ წმიდა ბასილიმ ისინი დაამშვიდა.
სასამართლოზე ბასილიმ უარყო იმპერატორის წინადადება – გამხდარიყო უმაღლესი ქურუმი და სასიკვდილოდ გაემზადა. ელპიდიფორმა მოისყიდა დარაჯები და სთხოვა, ეპისკოპოსისთვის ლოცვა დაეცლიათ. ლოცვის შემდეგ წმიდა ბასილიმ ჯალათს მიმართა: „მეგობარო, ჰქმენ, რაც გიბრძანეს“ და მშვიდად მიუშვირა თავი მახვილს.
სასჯელის აღსრულების შემდეგ ელპიდოფორი შეეცადა წმიდანის ნეშტი გამოესყიდა, მაგრამ ჯარისკაცებს იმპერატორის შეეშინდათ და ბასილის სხეული ზღვაში გადააგდეს.
ელპიდიფორეს სამგზის გამოეცხადა უფლის ანგელოსი და აუწყა: „ეპისკოპოსი ბასილი სინოპშია და გელოდებათ“. ელპიდიფორე და დიაკვნები სინოპში წავიდნენ და მეთევზეებს სთხოვეს, ბადე გადაეგდოთ ზღვაში. ბადეს წმიდა ბასილის ნეშტი ამოჰყვა. თავი სხეულს შეხორცებოდა და მხოლოდ იარა მიანიშნებდა ხმლის ნაკვალევზე. წმიდანის ნეშტი ამასიაში გადაასვენეს და დაასაფლავეს მის მიერ აგებულ ტაძარში.
წმიდა სტეფანე, პერმელი ეპისკოპოსი (1396)
წმიდა სტეფანე პერმელი ეპისკოპოსი (+139) დაიბადა დაახლოებით 1340 წელს უსტუიჟელი მედავითნის სიმეონის ოჯახში. ღვთისმოსავი დედის, მარიამის შემწეობით სტეფანემ ბავშვობიდანვე გამოიჩინა არაჩვეულებრივი გულმოდგინება საეკლესიო მსახურებაში: ერთ წელიწადში შეისწავლა კითხვა და მამას ეხმარებოდა ღვთისმსახურებაში.წმიდანი ახალგაზრდობაში აღიკვეცა როსტოვის გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის მონასტერში. მონასტერში მდიდარი წიგნსაცავი იყო. სტეფანეს სურდა, რომ მამათა ცხოვრებებს ორიგინალში გასცნობოდა, ამიტომ ბერძნული ენა შეისწავლა. როსტოვის ეპისკოპოსმა არსენმა (1374-1380) მას ბერდიაკვნად დაასხა ხელი. 1379 წელს წმიდა სტეფანე კოლომნის ეპისკოპოსს გერასიმეს ეახლა და კურთხევა სთხოვა, წარმართთა ქვეყანაში – პერმში ჩასულიყო საქადაგებლად.
1383 წელს წმიდა სტეფანე აკურთხეს პერმის ეპისკოპოსად. ის ერთგულად მწყემსავდა თავის სამწყსოს, იცავდა სხვა ტომთა თავდასხმისაგან, შუამდგომლობდა მათ.
1390 წელს ეპისკოპოსი ეკლესიის საქმეებზე მოსკოვში გაემგზავრა. წმიდა სტეფანეს მხურვალედ უყვარდა სერგი რადონეჟელი და ძალიან უნდოდა მისი ნახვა, მაგრამ დროის სიმცირის გამო ვერ ახერხებდა მონასტერში მისვლას. წმიდა სტეფანემ ილოცა, მონასტრის მხარეს გაიხედა და წარმოთქვა: „მშვიდობა შენ თანა, სულიერო ძმაო!“ ღირსი სერგი, რომელიც ძმებთან ერთად ტრაპეზად იჯდა, წამოდგა, ილოცა, ქედი მოიდრიკა იმ მხარეს, სადაც წმიდა ეპისკოპოსი მიდიოდა და უპასუხა: „გიხაროდენ შენც, ქრისტეს ფარის მწყემსო და მშვიდობა უფლისა იყოს შენ თანა!“
1395 წელს წმიდა სტეფანე კვლავ გაემგზავრა მოსკოვში სამწყსოს საქმეების მოსაგვარებლად და იქვე აღესრულა.