…მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა“. (ღირს. ისააკ ასური).
…ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრ. 6: 1-3).
…თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).
…მზესავით გამობრწყინდებიან მართალნი მათი მამის სასუფეველში (მთ. 13: 43)
…ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-6 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი
ღირსისა დავით თესალონიკელისა (540); ღირსისა იოანე გუთელ ეპისკოპოსისა (770-790); ტიხვინის ღმრთისმშობლის ხატისა (1383).
დღის ლოცვები
ღირსი დავით თესალონიკელის კონდაკი:
ვითარცა რა მტილმან მარადის აღყუავებულმან, სათნოებათა ნაყოფნი გამოიხვენ შენ და გამოსჩნდი თავსა ზედა ხეთასა მსგავსად სირთა მხმობელი კეთილად, ხოლო უფროის სამოთხისა ხე იგი ცხორებისა უფალი გულსა შინა შენსა შეიწყნარე, რამეთუ მოიმუშაკე ღმრთივგონიერებაი, რომლითა გვზრდი ჩუენ მადლითა მარადის; ევედრე ჩუენთვის, ყოვლადსანატრელო დავით.
დღეს ვითარცა მზეჲ ყოვლადბრწყინვალეჲ, გამოგვიჩნდა ჰაერსა შინა ყოვლადპატიოსანი ხატი შენი, დედუფალო, რომელმან მოწყალებისა ნათლითა განანთლა ყოველი ქუეყანა ვითარცა ღვთაებრივსა ნიჭსა მადლით ღვთივშვენიერად გამოჩინებულსა, გნატრით შენ, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, ყოველთა დედუფალო და შენგან შობილსა ქრისტჱსა ღმერთსა ჩუენსა სიხარულით ვადიდებთ, მას ევედრე ღვთისმშობელო, დედუფალო ზეცისათაო, რაჲთა უვნებლად დაიცვნეს ყოველნი მხარენი ქრისტეანეთანი ყოველთაგან ზედამოსვლისა და იჴსნნეს ყოველნი სარწმუნოებით მოლტოლვილნი მისდა და შენისა ყოვლადწმიდისა ხატისა მომართ, სძალო ქორწილისა გამოუცდელო.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ხუთშაბათსა დილას
უფალო, ღმერთო ყოვლის-მპყრობელო, გულთ მეცნიერო და გულის-სიტყვათა მპყრობელო, რომელმან პყრობილჰყვენ ზღვანი და ხმელნი, ქალაქნი და მდინარენი ნათესავისათვის კაცთასა შენდა შევრდომითა! უფალო იესო ქრისტე ღმერთო ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, კრაო და მწყემსო ჭეშმარიტო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი შენ, სახიერო, დაამდოვრენ ღელვანი და აღტეხანი გულისა ამის ჩემისანი, და აღტყინებანი და აღძვრანი ხორცთა ჩემთანი, მოვლინებულნი უხილავთა მტერთა მიერ, და ვითარცა დააცხრვე და განაქარვე აღტეხაი იგი ზღვისა და დააყუდენ ქარნი მძაფრნი და იხსენ მოწაფენი შენნი დანთქმისაგან, ეგრეთვე შენ, მეუფეო, მოიხილე ჩემზედა მონასა ამას შენსა და მიხსენ აღტყინებისაგან მოუდრეკელთა მათ ხორცთა ჩემთასა! გარე უკუნ-აქციე გულისთქმაი ესე საშინელი, წარსაწყმედელი სულისა ხორცისა ჩემისა! გულს-მოდგინე მყავ მოხსენებად ჟამსა ამას ჯვარცმისა შენისა, გვერდისა შენისაგან გარდამოთხეულსა სისხლსა და წყალსა და კვალად დღე იგი საშინელი განკითხვისა და მიხსენ ვნებათა ამათგან მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ხუთშაბათსა დაწოლისასა
მომეც ჩვენ, მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო მეოხებითა წმიდათა შენთა მოციქულთათა ძილი მშვიდობისა და განსვენებისა სულისა და ხორცთასა! და მიცევ მე ყოვლისაგან საცთურისა ღამისა და ბნელისაგან ბოროტისა: დააცხვრენ აღძვრანი ვნებათანი, დაჰშრიტე მხურვალებაი ხორცთა და მომეც გულის-სიტყვაი და უბიწო მოქალაქობაი, ღამე ყოველ გალობით დიდებისმეტყველებაი, რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცული შენდა დიდებასა შევჰსწირვიდეთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
1 კორ. 3: 18-23 (დას. 129). მთ. 13: 36-43 (დას. 54).
1 კორ. 3: 18-23
18. ნურავინ მოიტყუებს თავს; თუ ვინმეს ამ ქვეყნად ბრძენი ჰგონია თავი, შლეგი გახდეს, რომ სიბრძნეს ეზიაროს. 19. რადგანაც სიბრძნე ამა ქვეყნისა სიშლეგეა ღვთის წინაშე, როგრც წერია: „მათსავ ცბიერებაში ატყვევებს ბრძენთ“. 20. და კიდევ: „იცის უფალმა ბრძენთა ზრახვანი, რომ ფუჭნი არიან ისინი“. 21. მაშ, ნურავინ იქადის კაცთა შორის, რადგანაც ყველაფერი თქვენია: 22. პავლე თუ აპოლოსი, კეფა თუ ქვეყანა, სიცოცხლე თუ სიკვდილი, აწმყო თუ მომავალი, თქვენია ყოველი. 23. ხოლო თქვენ ქრისტესნი ხართ, ქრისტე კი – ღვთისა.
მთ. 13: 36-43
36. მაშინ გაუშვა იესომ ხალხი და სახლში დაბრუნდა. მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და უთხრეს: განგვიმარტე ღვარძლისა და ყანის იგავი. 37. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: საღი თესლის მთესავი ძეა კაცისა. 38. ყანა არის ქვეყანა; საღი თესლი სასუფევლის ძენი არიან, ხოლო ღვარძლი – უკეთურის ძენი. 39. ღვარძლის მთესავი მტერი ეშმაკია: მკა – ქვეყნის დასასრული, და მომკალნი – ანგელოზები. 40. როგორც შეკრებენ ღვარძლს და ცეცხლს მისცემენ, ასევე იქნება ქვეყნის დასასრულს. 41. რადგან მოავლინებს ძე კაცისა თავის ანგელოზებს, და შეკრებენ მის სასუფეველში ყოველი საცდურისა და ურჯულოების მოქმედთ. 42. და ჩაყრიან მათ სახმილის ცეცხლში: და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი. 43. მაშინ მზესავით გამობრწყინდებიან მართალნი მათი მამის სასუფეველში. ვისაც აქვს ყურნი სმენად, ისმინოს!
ტიხვინის ღმრთისმშობლის ხატი
ამ ამბის საუწყებლად ნოვგოროდში მთავარეპისკოპოსთან გაგზავნეს კაცი. მან მოსკოვის თავადს შეატყობინა ტიხვინში მომხდარი ეს სასიხარულო ფაქტი და ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის აშენების შესახებ მისცა ლოცვა–კურთხევა, ტაძარი სწრაფად ააშენეს. ტაძარი უნდა ეკურთხებინათ მიძინებისათვის. მართმადიდებელთა მოსაწვევად ამ ღირშესანიშნავ დღეზე ღვთისმოშიში მნათე გიორგი გაგზავნეს. უკან მობრუნებულმა გზაში იგრძნო კეთილსურნელება და შეჩერდა. მას გამოეცხადა თვით ღვთისმშობელი, ნაძვის კუნძზე იჯდა და მარჯვენა ხელში ეჭირა ვერცხლის კვერთხი. მის წინ იდგა ვიღაც წმინდანი, რომელიც ასევე ანათებდა. მნათემ იგი წმინდა ნიკოლოზს მიამსგავსა. გიორგი ამ ხილვის დანახვაზე უგონოდ დაეცა. ღვთისმშობელი შეეხო მას და უთხრა:”ადექი ნუ გეშინია. წადი ტაძარში და უთხარი: ნუ გააკეთებენ ლითონის ჯვარს მასზე, არამედ გაკეთონ ხის ჯვარი”. გიორგიმ მიუგო: არ დამიჯერებენო. ღვთისმშობელი შეპირდა, რომ მისცემდა ნიშანს, თუ არ დაუჯერებდნენ. გიორგიმ უამბო ხალხს მომხდარის შესახებ, მაგრამ მათ არ დაუჯერეს და გადაწყვიტეს, გამოეჭედათ რკინის ჯვარი. ერთ–ერთმა მშენებელმა აიტანა ჯვარი გუმათზე და ცდილობდა დაემაგრებინა, მაგრამ ამოვარდა ქარიშხალი და გადმოაგდო იგი მიწაზე ჯვარიანად სრულიად უვნებელი. მაშინ კი ირწმუნეს გიორგის სიტყვები და მყისვე შეასრულეს ღვთისმშობლის ბრძანება.
ტაძრის კურთხევის შემდეგ მოძღვრები გაემართნენ იმ ადგილას, სადაც გიორგიმ იხილა ღვთისმშობელი და წმინდა ნიკოლოზი. ამ ადგილას ააშენეს სამრეკლო წმინდა ნიკოლოზის სახელზე. ხოლო კუნძისაგან, რომელზედაც იჯდა დედა ღვთისა, გააკეთეს ხის ჯვარი და დადგეს სამრეკლოში.
ღვთისშობლის ტაძარი და წმინდა გიორგის სამრეკლო 2–ჯერ დაიწვა, მაგრამ ორივეჯერ ხატიც და ხის ჯვარიც უვნებელი გადარჩა. მესამე მშენებლობის დროს თვად ვასილის ბრძანებით იგი დაანგრიეს და აშენეს ხის ტაძარი. ამავე დროს უდაბნოში აშენდა ხის ტაძარი, სადაც სამრეკლო იდგა და გააშენეს წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტერი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხის ტაძართან ქვისაგან ააშენეს მამათა მონასტერი ქვის გალავანითურთ.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
ღირსი დავით თესალონიკელი (დაახ. 580)
ღირსი დავით თესალონიკელი (+დაახლ. 540), წმიდა მოწამეთა, თეოდორესა და მერკურის სახელობის მონასტერში მოსაგრეობდა, შემდგომ კი ქალაქ თესალონიკის სიახლოვეს, ნუშის ხის ქვეშ ტალავარი მოაწყო და იქ დამკვიდრდა. წმიდა მამა გამუდმებით ლოცულობდა, მკაცრად მარხულობდა, მოთმინებით იტანდა ყინვასა და პაპანაქებას. უფალს სათნოეყო მისი ღვაწლი და სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა. ნეტარი მოსაგრე კურნავდა სნეულებს, სულის სარგებელ რჩევებს აძლევდა ყველა მომსვლელს. უვნებლობას მიღწეულ, მიწიერ ანგელოზს მიმსგავსებულ მამას შეეძლო, გავარვარებული ნაკვერცხლები საკმევად ისე აეღო ხელში, რომ არაფერი დაშავებოდა.ღირსი დავითი მშვიდობით მიიცვალა დაახლოებით 540 წელს.
წმინდა იოანე, გოთელი ეპისკოპოსი (+790) – 19 მაისი (1 ივნისი)
ხაზარებმა დაიკავეს წმინდა იოანეს ეპარქიის მთავარი ქალაქი დორი. წმინდა იოანემ დაარწმუნა გოთიის მმართველი, რომ ხაზარები გაედევნა, მაგრამ ხაზართა ხაყანი კვლავ დაეუფლა ქალაქს, ბევრი დასაჯა და წმინდა იოანე დააპატიმრა. მან გოთი ქრისტიანების დახმარებით თავი დააღწია პატიმრობას და ზღვით ამასტრიდიაში (მცირე აზიის პროვინციაა, შავი ზღვის სანაპიროზე) გაიქცა და იქ ოთხი წელი იცხოვრა. იქ მან კაგანის სიკვდილი შეიტყო და იქ მყოფთ უთხრა:
– ორმოცი დღის შემდეგ წავალ მის საჩივლელად ქრისტეს სამსჯავროზე.
მართლაც, ორმოცი დღის მერე, როცა წმინდა იოანე უქადაგებდა ერს სულიერ ცხოვრებაზე, მან სული თვისი ჩააბარა უფალს. მაშინ წმინდა ეპისკოპოსმა გიორგი ამასტრიდელმა მისი სხეული კუბოში ჩაასვენა და ანთებული სანთლებით და სანთლების კმევით, ქალაქის მთელ მოსახლეობასთან ერთად წმინდანი ხომალდამდე მიასვენა. წმინდა იოანე სხეულით გემით პართენიტის მონასტერში გადაასვენეს და საერთო სასაფლაოზე დაკრძალეს. ეს მონასტერი მთა აიუდაგის ძირში მდებარეობდა. აქ ადრე წმინდა იოანე ცხოვრობდა და წმინდა მოციქულების პეტრესა და პავლეს სახელზე დიდი ეკლესია ააშენა. ტაძარი 1425 წელს აღადგინა გოთიის ეპისკოპოსმა დამიანემ და დღემდე მოაღწია.
წმინდა იოანეს კუბოსთან, მისი დაკრძალვის დღიდან უამრავი სასწაული აღესრულება.

