ხოლო „… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 20. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-14 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი
9.09.2025. ხსნილი
ღირსისა პიმენ დიდისა (450); ოსია აღმსარებელისა, კორდუბელ ეპისკოპოსისა (359); ლიბერი აღმსარებელისა, რომის პაპისა (366); ღირსისა პიმენ პალესტინელისა (602); მოწამისა ანთუსა ახლისა; ღირსისა საბა ასურისა, რომელსა პირველად ეწოდა ივლიანე; ხსენება ფილიპეს მიერ ეთიოპელი საჭურისის ნათლობისა.
დღის ლოცვები
ღირსი პიმენ დიდის კონდაკი:
ბრწყინვალეთა შენთა ღუაწლთა, ღირსო მამაო, წარმოსდგა დღეს წმიდა სახსენებელი, ღმრთივმსახურთა სულთა განმამხიარულებელი, პიმენ ღმრთივგანბრძნობილო, ღირსო მამაო ჩუენო.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა
ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსა
უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: 2 კორ. 12: 20-13: 2 (დას. 196). მკ. 4: 24-34 (დას. 17).
ღირ.: გალ. 5: 22 – 6: 2 (დას. 213). მთ. 4: 25-5: 12 (დას. 10).
ლიტ.: 2 კორ. 12: 20-13: 2
20. რადგანაც ვშიშობ, ვაითუ ჩემი მოსვლისას ისეთი გნახოთ, როგორნიც არ მსურხართ, და მეც ისეთი მნახოთ, როგორსაც არ მისურვებდით; მაშ, ნუ იქნება თქვენში შუღლი, შური, მრისხანება, ცილობა, ცილისწამება, მითქმა-მოთქმა, ქედმაღლობა, არეულ-დარეულობა. 21. რათა კვლავ მოსვლისას თქვენს წინაშე არ დამამდაბლოს ღმერთმა და არ მაგლოვებინოს მრავალნი, რომელთაც უწინ სცოდეს, მაგრამ არ მოინანიეს უწმინდურება, სიმრუშე და სიბილწე, რასაც სჩადიოდნენ.
1. ეს უკვე მესამედ მოვდივარ თქვენთან. ორი თუ სამი მოწმის პირით დამტკიცდება ყოველი სიტყვა. 2. ადრეც, ჩემი მეორედ მანდ ყოფნის ჟამსაც, მითქვამს და ახლაც შორიდან ვეუბნები ყველას, ვინც უწინ სცოდა და სხვებსაც, რომ არავის დავინდობ, როცა კვლავ მოვალ.
ლიტ.: მკ. 4: 24-34
24. და უთხრა მათ: დაუკვირდით, რაც გესმით: რომელი საწყაულითაც მიუწყავთ, იმითვე მოგეწყვით და მოგემატებათ. 25. რადგან ვისაც აქვს, მას მიეცემა, ხოლო ვისაც არა აქვს, წაერთმევა ისიც, რაცა აქვს. 26. და თქვა: ღმრთის სასუფეველი იმასა ჰგავს, კაცი რომ თესლს ჩათესავს მიწაში. 27. სძინავს თუ დგება, დღისით თუ ღამით, არც იცის, როგორ აღმოცენდება და იზრდება თესლი. 28. რადგანაც მიწას თავისთავად გამოაქვს ნაყოფი: ჯერ ღერო, შემდეგ თავთავი, ბოლოს, სავსე მარცვალი თავთავში. 29. და როცა დამწიფდება ნაყოფი, მაშინვე გაგზავნის ნამგალს, ვინაიდან დამდგარა მკის ჟამი. 30. და თქვა: რას ვამსგავსო ღმრთის სასუფევეღი? ან რომელი იგავით წარმოგისახოთ იგი? 31. ესაა მდოგვის მარცვალი, რომელიც მიწაში ჩათესვისას ყველა თესლზე უმცირესია ამ ქვეყნად. 32. მაგრამ დათესვის შემდეგ ამოდის, ყველა მწვანილზე დიდი იზრდება და ისე ფართოდ შლის ტოტებს, რომ ცის ფრინველებს შეუძლიათ მის ჩრდილში დაიბუდონ. 33. ბევრი ასეთი იგავით ეუბნებოდა მათ სიტყვას, რამდენის მოსმენაც შეეძლოთ. 34. ხოლო უიგავოდ არაფერს ეტყოდა მათ; თავის მთწაფეებს კი განმარტოებით უხსნიდა ყველაფერს.
ღირ.: გალ. 5: 22 – 6: 2
22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, 23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. 24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ. 25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ. 26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი.
1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში. 2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.
ღირ.: მთ. 4: 25-5: 12
25. და მისდევდა მას დიდძალი ხალხი გალილეიდან და ათქალაქიდან, იერუსალიმიდან, იუდეიდან და იორდანეს გაღმიდან.
1. ხალხი რომ იხილა, მთაზე ავიდა, და როცა დაჯდა, მიუახლოვდნენ მისი მოწაფენი. 2. განახვნა ბაგენი, ასწავლიდა მათ და ამბობდა: 3. ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი. 4. ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან. 5. ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ მიწას. 6. ნეტარ არიან სიმართლისთვის მშიერ-მწყურვალნი, ვინაიდან ისინი გაძღებიან. 7. ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულნი იქნებიან. 8. ნეტარ არიან წმიდანი გულითა, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ. 9. ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმრთის ძეებად იწოდებიან. 10. ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი. 11. ნეტარნი ხართ თქვენ, როცა დაგიწყებენ გმობას, დევნას და ცრუმეტყველნი დაგწამებენ ყოველგვარ ბოროტს ჩემი გულისთვის. 12. გიხაროდეთ და ილხენდეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში, რადგან ასევე სდევნიდნენ წინასწარმეტყველთაც, რომელნიც თქვენზე უწინარეს იყვნენ.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
წმიდა ოსია აღმსარებელი, კორდუბელი ეპისკოპოსი (+359)
წმიდა ოსია აღმსარებელი IV საუკუნეში მოღვაწეობდა. იგი სამოცზე მეტი წლის მანძილზე წინამძღვრობდა კორდოვის (ესპანეთი) ეკლესიას. წმიდა იმპერატორი კონსტანტინე დიდი (306-337) დიდ პატივს სცემდა მას და თავის უახლოეს მრჩევლადაც გაიხადა. სწორედ ოსიას რჩევით მოიწვია ღვთისმოყვარე ხელისუფალმა ნიკეის I მსოფლიო კრება 325 წელს. წმიდა მამა ამ კრების ყოველი დადგენილების ქვეშ პირველი აწერდა ხელს. 347 წელს იგი თავმჯდომარეობდა სარდის ადგილობრივ კრებას. წმიდა კონსტანტინე დიდის მიცვალების შემდეგ ოსია მტკიცედ იცავდა მღვდელმთავარ ათანასე ალექსანდრიელს არიანელი იმპერატორის კონსტანციუსისაგან (337-361), რისთვისაც სირმიაში გაასახლეს. უფლის რჩეული მშვიდობით მიიცვალა 359 წელს, კორდოვაში დაბრუნების შემდეგ.
წმიდა ლიბერიოსი, რომის პაპი (+366)
წმიდა ლიბერიოს აღმსარებელი, რომის პაპი 352 წელს, პაპი იულიუსის სიკვდილის შემდეგ ჩაუდგა სათავეში რომის ეკლესიას. იგი გაბედულად იცავდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას არიანელთაგან. მწვალებლობისკენ მიდრეკილმა იმპერატორმა კონსტანციუსმა (337-361) ვერ შეძლო პაპი ლიბერიოსი მართლმადიდებლობის უარყოფაზეც დაეყოლიებინა და იგი ბერიაში (თრაკია) გადაასახლა, მაგრამ მალე რომაელთა დაჟინებული მოთხოვნით უკანვე გამოიწვია. დაბრუნებამდე მღვდელმთავარი ლიბერიოსი სირმიაში შეკრებილ მესამე, ნახევრად არიანულ კრებაზე გამოიძახეს და აიძულეს, ხელი მოეწერა მის დადგენილებებზე. შემდგომში წმიდა მღვდელმთავარი საშინლად ნანობდა თავის ამ საქციელს და სინანულის ღირსი ნაყოფის გამოსაღებად კიდევ უფრო მეტი მოშურნეობით იღვწოდა რომში მართლმადიდებლობის განმტკიცებისათვის. ნეტარი ლიბერიოსი 366 წელს მშვიდობით მიიცვალა.
ღირსი პიმენ დიდი (+დაახლ. 450)
ღირსი პიმენ დიდი დაახლოებით 340 წელს დაიბადა ეგვიპტეში. ანგელოზებრივი ცხოვრების მაძიებელმა, ძმებთან – ანუბისა (ხს. 5 ივნისს) და პაისისთან ერთად დატოვა ეს სოფელი, ეგვიპტის ერთ-ერთ მონასტერს მიაშურა და ბერად აღიკვეცა. ერთხელ მოსაგრეებს დედამ ჩააკითხა, მაგრამ ისინი სენაკებიდან არ გამოვიდნენ. ქალი დიდხანს იდგა და ტიროდა. ბოლოს პიმენმა დახურული კარებიდან გამოსძახა: „თუ ჩვენთან დროებით განშორებას გადაიტან, მომავალ ცხოვრებაში კვლავ გვიხილავ; ღვთის კაცთმოყვარეობის იმედი გვაქვს!“ დედა ამ სიტყვებზე დამშვიდდა და ნუგეშინისცემული დაბრუნდა შინ. ერთხელ, როცა ხმა ღირსი პიმენის ღვაწლისა და სათნოებების შესახებ მთელ ქვეყანას მოედო, ოლქის მმართველმა მისი მონახულება ისურვა. ბერმა იფიქრა, თუ დიდებულებმა დაიწყეს ჩემთან სიარული, მთელი ხალხიც მათ მიჰბაძავს, რაც ხელს შემიშლის მდუმარებაში და, ალბათ, ამპარტავნებაშიც ჩამაგდებსო და გამოგზავნილები უარით გაისტუმრა. მმართველი დამწუხრდა; მაგრამ ისე ძლიერ სურდა დიდი მოსაგრის ხილვა, რომ მან წმიდანის დატუსაღებული დისწულის გათავისუფლება აღუთქვა მშობლებს წმიდა პიმენის მასთან შეხვედრის სანაცვლოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში მმართველი პყრობილის სიკვდილით დასჯით იმუქრებოდა. მწუხარებისგან გონდაკარგული და სირბილით მივიდა წმიდანთან დახმარების სათხოვნელად. მან კარებიც არ გაუღო და ყვედრების პასუხად ეს მიუგო მხოლოდ: „პიმენს შვილები არა ჰყავს – ამიტომ არ ტკივა გული“. მწარე პასუხით სასოწარკვეთილი დედა ტირილითა და ძმის წყევლით გაბრუნდა უკან; მთავარს კი ღირსი მამის ხილვის იმედი საბოლოოდ რომ გადაეწურა, თქვა, რამე მომწეროსო მაინც. ეს თხოვნა კი შეუსრულა მეუდაბნოემ – მისწერა: „თუ თქვენი ხელმწიფება ჭაბუკის საქმის გადასინჯვას ინებებს და დარწმუნდება, რომ იგი სიკვდილს იმსახურებს – მოკვდეს, რომ დროებითი სასჯელით საუკუნო სატანჯველებს გადაურჩეს; ხოლო თუ დანაშაულს სიკვდილი არ შეეფარდება, შესაფერი განაჩენი გამოუტანეთ და გაათავისუფლეთ“. წმიდანის ხელნაწერის მიღებით გახარებულმა მმართველმა ყმაწვილი დაუყოვნებლივ გაუშვა საპყრობილიდან.
ღირსი პიმენი მკაცრი მმარხველი იყო და კვირების, ზოგჯერ მეტი ხნის მანძილზეც არ ღებულობდა საზრდელს; სხვებს კი ურჩევდა, ყოველდღე ეჭამათ, მაგრამ არა სიმაძღრემდე. ერთ ბერს, რომელიც საკუთარ თავს ნებას აძლევდა, მხოლოდ ყოველ მეშვიდე დღეს მიეღო საჭმელი, ძმებს კი ურისხდებოდა, წმიდანმა უთხრა: „ექვსდღიანი მარხვა გისწავლია, მრისხანებისაგან კი ერთი დღეც ვერ იკავებ თავს“. კითხვაზე, რაა უკეთესი – ლაპარაკი თუ დუმილი, მეუდაბნოემ უპასუხა: „ვინც ღვთის სადიდებლად ლაპარაკობს, – კარგს აკეთებს, და ვინც დუმს ღვთისთვის – ისიც კარგად იქცევა“; „ხდება ხოლმე, – ამბობდა ნეტარი მამა, – რომ ადამიანი გარეგნულად სიტყვაძვირი ჩანს, მაგრამ თუ ის გულში სხვებს განიკითხავს, მაშინ ყოველთვის ლაპარაკობს. არიან ისეთებიც, ენით მთელი დღე რომ საუბრობენ, მაგრამ შინაგანად მდუმარებენ, რადგან არავის განიკითხავენ“. ბერების შეკითხვაზე: „როცა ღვთისმსახურების დროს მთვლემარე ძმას ვნახავთ, უნდა ვუბიძგოთ მას, რომ გამოვაღვიძოთ?“ ნეტარმა უპასუხა: „ამგვარ შემთხვევაში მე მის თავს კალთაში ჩავიდებდი, რომ უფრო ტკბილად დაესვენა“.
„ადამიანს სამი რამ მართებს: ღვთის შიში, ხშირი ლოცვა და კაცთათვის სიკეთის კეთება“, – ამბობდა ღირსი პიმენი. „ბოროტება ბოროტებით არ აღმოიფხვრება. თუ ვინმემ გიმტრო, სიკეთით უპასუხე, და შენი სიკეთე დათრგუნავს მის ღვარძლს“. ნეტარ მამას ჩვევად ჰქონდა სამოღვაწეო ადგილის ხშირი ცვლა, რითაც კაცთამიერი დიდების საფრთხეს არიდებდა თავს. ერთხელ იგი მოწაფეებთან ერთად ეგვიპტის უდაბნოში ჩავიდა და სავანე დააარსა. ამ დროს აქ ცხოვრობდა ბერი, რომელსაც მტკიცე სარწმუნოებისა და კეთილმსახურების გამო ყველანი თაყვანს სცემდნენ და თავიანთ მეოხად თვლიდნენ. სხვა ქვეყნებიდანაც მოდიოდნენ მორწმუნეები მისგან ლოცვა-კურთხევისა და რჩევების მისაღებად; მაგრამ როცა სიახლოვეს პიმენი გამოჩნდა, ხალხის უმეტესობამ მას მიაშურა. ამან მეუდაბნოე განარისხა, ჩამოსულისადმი შურით აღივსო და მის ყოველ საქციელში მხოლოდ ცუდს ხედავდა. ეს რომ შეიტყო, პიმენი მეტად დამწუხრდა და მოწაფეებს უთხრა: „ძმებო! რა ვუყოთ ამ ქარაფშუტა ხალხს, ასეთი წმიდა მოსაგრე რომ დატოვა და ჩვენთან, არაფრის მაქნისებთან მოდის? რითი ვუწამლოთ დიდი მამის რისხვას?! – წავიდეთ, ვევედროთ, იქნებ გული მოვულბოთ“. წმიდანი ძმებთან ერთად მიადგა ბერის სენაკს ლოცვა-კურთხევის სათხოვნელად. გულნატკენმა მამამ უარი განაცხადა სტუმრების მიღებაზე, მაგრამ პიმენი და მისი ძმები საშინელ პაპანაქებაში მანამ იდგნენ ფეხმოუცვლელად, სანამ მათი თავმდაბლობითა და მორჩილებით შეძრულ მასპინძელს ბოღმა სრულიად არ განუქარდა და სიყვარულით არ გაუღო კარები. მნახველებთან საუბრის შემდეგ ბერმა თქვა: „მართლაც რომ ჭეშმარიტება ყოფილა, რაც თქვენზე მსმენია; მეტიც, მე თქვენში ასჯერ უფრო მეტ სიკეთეს ვხედავ!“
ერთხელ წმიდა მეუდაბნოესთან შორეული ქვეყნიდან ბერი მოვიდა სულიერი სარგებლის მისაღებად. ნეტარი ტკბილად შეხვდა მოსულს, მაგრამ როცა მან ამაღლებულსა და ძნელადმისაწვდომზე დაიწყო საუბარი, თვალები დახარა და მისი ყველა შეკითხვა უპასუხოდ დატოვა. სტუმარი დაემშვიდობა წმიდანს და, სენაკიდან გამოსულმა, პიმენის მოწაფეს შესჩივლა: „ამაოდ დავშვერი! მინდოდა რამე მესწავლა, მაგრამ ერთი სიტყვაც ვერ გავიგონე!“ როცა ეს ღირს მამას გადასცეს, მან თქვა: „ის ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელ საგნებზე საუბრობდა. მათ შესახებ მე რისი სწავლება შემეძლო? ადამიანურ სისუსტეებზე რომ ელაპარაკა, სიამოვნებით ვუპასუხებდი“. მაშინ ქედმაღალი ბერი კვლავ შებრუნდა სენაკში და, სირცხვილეულმა, დაიწყო: „მამაო, რა ვქნა, სრულიად დამიტყვევეს ვნებებმა!“ პიმენმა მას კეთილი და მხიარული მზერა შეაგება: „ახლა კი კარგ და სასარგებლო საქმეზე ხარ მოსული!“ შემდეგ დიდხანს, საღამომდე საუბრობდა მოსულთან და ისიც სულით განმხიარულებული დაბრუნდა თავის უდაბნოში.
ღირსი პიმენი გარდაიცვალა 450 წელს, ასათი წლის ასაკში.
ღირსი პიმენ პალესტინელი (+დაახლ. 602)
ღირსი პიმენ პალესტინელი VI საუკუნეში ცხოვრობდა რუბის უდაბნოში. მის შესახებ მოგვითხრობენ ნეტარი მამები სოფრონი და იოანე „ლიმონარის“ ასსამოცდამეშვიდე თავში. ერთხელ, ზამთარში, ღირს პიმენთან ბერი აღათონიკე მივიდა სულიერი დამოძღვრის სათხოვნელად და ღამე მეზობელ მღვიმეში გაათია. დილით მან წმიდანს უთხრა, ღამის სუსხში საშინლად გავიტანჯეო, რაზეც პიმენმა მიუგო: სიცივე არც მიგრძვნია, რადგან ლომი მოვიდა, გვერდით მომიწვა და გამათბოო. „მაგრამ, – დაამატა მოსაგრემ, – უწყოდე, რომ მე მხეცები დამფლეთენ, იმიტომ, რომ როცა ერში ვცხოვრობდი და ცხვრებს ვმწყემსავდი, ჩემმა ნაგაზებმა მახლობლად მიმავალი ერთი კაცი დაფლითეს. მე შემეძლო მისი გადარჩენა, მაგრამ ეს არ გავაკეთე. სწორედ მაშინ მეუწყა, რომ ამგვარივე სიკვდილით მოვკვდებოდი“. ასეც მოხდა: სამი წლის შემდეგ პიმენ პალესტინელი მხეცებმა დაგლიჯეს. ეს მოხდა VI საუკუნის მიწურულს.
ღირსი საბა
ღირსი ანთისა
ღირსი ანთისა ქრისტეს აღსარებისთვის ღრმა ჭაში ჩააგდეს. ზოგ ძეგლებში, სხვა წყაროებისაგან განსხვავებით, მას ახალს უწოდებენ, მაგრამ არ არის ცნობილი, თუ სად და როდის მოღვაწეობდა.