…ღმერთმა გამოარჩია… უძლურნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ძლიერნი (1 კორ. 1: 27).
…მიტომაც ვტკბები უძლურებით, შეურაცხყოფით, გაჭირვებით, დევნითა და შევიწროებით, რადგან როცა უძლური ვარ, მაშინა ვარ ძლიერი (2 კორ. 10: 19).
…რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი? (1.კორ. 4: 7).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-15 შვიდეული შემდგომად მეერგასისა
9.09.2026. ოთხშაბათი. მარხვა.
ღირსისა პიმენ დიდისა (450); ოსია აღმსარებელისა, კორდუბელ ეპისკოპოსისა (359); ლიბერი აღმსარებელისა, რომის პაპისა (366); ღირსისა პიმენ პალესტინელისა (602); მოწამისა ანთუსა ახლისა; ღირსისა საბა ასურისა, რომელსა პირველად ეწოდა ივლიანე; ხსენება ფილიპეს მიერ ეთიოპელი საჭურისის ნათლობისა.
დღის ლოცვები
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, სავედრებელი ყოვლადწმიდისა მიმართ, ოთხშაბათსა დილას
ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულისთქმათაგან, და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე, და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროის რიცხვისა ქვიშისა, შეყროლდეს და დალბეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა: შენ, დედაო ღვთისა ჩვენისაო, მარადის განგარისხე არაწმინდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე, დედუფალო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე მეცა შენგან ვაიმე, ვაიმე დაბნელებული, ნუ, დედუფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე მტერთა ჩემთა! აღადგინე გულის სიტყვა ჩემი სინანულად, და ხელპყრობილმყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღვრებითა ვჰსცხონდე. ჰე, დედაუფალო წმიდაო, დედაო კაცთ-მოყვარისა ღვთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლე იგი მეოხებითა შენითა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკვდიდ! მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთათა და განვჰსწმიდნე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა, და უფროს თოვლისა განვჰსპეტაკნე. ჰე, დედაო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი და ვედრებაი ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა სინანულით უცდომელად, და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, რაჟამს მეგულებოდეს სიტყვად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი, დედუფალო, მოწყალითა თვალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყვის მიმხდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა, და მექმენ მე ვაქილ და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი! მაშინ წარმადგინე მე ურცხვენელი და ცხოვნებული, საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა, დიდებად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და დაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა და სულისა მისისა ცხოველსმყოფელისა ერთისა და დასაბამ ნათელთასა, და თანაარსისა სამებისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ძილად დაწოლისა, ოთხშაბათსა
აღსვლასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი განსვენებისათვის ხორცთა ჩემთასა, რათა მძინარეცა შენვე გაქებდე, რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონება და გულის სიტყვანი ჩემნი! წმიდა ჰყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოსი შენი, მცველად აღდგომისა ჩემისა, რათა დავიმარხნე ხორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშვებ ჩემ ზედა სატანასა ბოროტსა და მარადის მოძულესა სიწმიდისა შენისასა, მოყვარესა სულსა ამაოებისასა, და რათა ჟამსა განღვიძებისა ჩემისასა განვიმარტნე ხელნი ჩემნი სახედ ჯვარისა შენისა უფალო, და შენ ჯვარცმულსა აღგიარნე ბრალნი ჩემნი და მე განძლიერებული ესრეთ გიღაღადებდე: უფალო, დაიცევ მეფეი და ქალაქი ჩემი, მეფე, რომელ არს სული ჩემი და ქალაქი გვამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად სამკვიდრეელად სიწმიდისა შენისა ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, დავჰსწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯვარითა შენითა, და დავიძინებ მინდობითა საფარველისა შენისათა. მამაო დამიცევ, ძეო დამიფარე, და სულო წმიდაო შემიწყალე მე! მრავალმოწყალეო ღმერთო უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე უღირსი მონაი შენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტე შენისათა და წმინდა მყავ მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა, რათა განფრთხობილი არმურისა ბოროტთა ოცნებათაგან მტერისათა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირს ვიქმნე წმიდითა გონებითა მოსლვად და მოღებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განჰსწმედ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
გალ. 3: 15-22 (დას. 207). მკ. 6: 7-13 (დას. 23).
გალ. 3: 15-22
15. კაცთა ჩვევისამებრ განვსაჯოთ, ძმანო: თვით კაცის მიერ დამტკიცებულ ანდერძსაც კი ვერავინ დაარღვევს და ვერც ვერაფერს დაუმატებს მას. 16. ხოლო ეს აღთქმანი აბრაამს და მის თესლს მიეცა. არ თქმულა: „მის თესლთაც“, როგორც ითქმის მრავალზე, არამედ ერთზე ითქვა („შენს თესლსაც“), რომელიც არის ქრისტე. 17. მე კი ვამბობ: ღვთის მიერ დამტკიცებულ აღთქმას ისე როდი აუქმებს ოთხას ოცდაათი წლის შემდეგ მოვლენილი რჯული, რომ ძალა დაკარგოს აღთქმამ. 18. რადგან თუ მემკვიდრეობა რჯულითაა, მაშინ უკვე აღარ არის აღთქმით. მაგრამ ღმერთმა აღთქმით მიჰმადლა იგი აბრაამს. 19. კი მაგრამ, რაღაა რჯული? ის მოცემულ იქნა შეცოდებათა გამო, ვიდრე მოვიდოდა თესლი, ვისთვისაც დაიდო აღთქმა და გადმოცემულ იქნა ანგელოზთა მიერ, შუამავლის ხელით. 20. მაგრამ შუამავალი შეუძლებელია ერთის მიმართ იყოს შუამავალი, ღმერთი კი ერთია. 21. მაშ, რჯული ეწინააღმდეგება ღვთის აღთქმათ? არამც და არამც. ვინაიდან მოცემული რომ ყოფილიყო რჯული, რომელსაც შეეძლებოდა სიცოცხლის მონიჭება, მაშინ ჭეშმარიტად რჯულისგან იქმნებოდა სიმართლე. 22. მაგრამ წერილმა ცოდვის ქვეშ მოამწყვდია ყველა, რათა აღთქმული სიკეთე იესო ქრისტეს რწმენით მისცემოდა მორწმუნეთ.
მკ. 6: 7-13
7. მოუხმო თორმეტს, წყვილ-წყვილად დაუწყო წარგზავნა, და მისცა მათ უწმინდურ სულთა დათრგუნვის ძალა. 8. და ამცნო მათ, არაფერი წაეღოთ გზაში, გარდა არგნისა; არცა აბგა, არც პური, არც რვალი სარტყლით: 9. არამედ სცმოდათ მხოლოდ ხამლები, და ნუ იგულებდნენ ორ ხელ სამოსს. 10. და უთხრა მათ: თუ სადმე შეხვალთ სახლში, იქვე დარჩით, სანამ არ გამოხვალთ იქიდან. 11. ხოლო თუ არავინ მიგიღოთ და არც ისმინოს თქვენი, იქიდან გამოსვლისას, მათ სამოწმებლად ჩამოიბერტყეთ თქვენი ფეხიდან მტვერი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: განკითხვის დღე სოდომისა და გომორისთვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე იმ ქალაქისათვის. 12. და წავიდნენ ისინი სინანულის საქადაგებლად. 13. აძევებდნენ მრავალ ეშმაკს, ზეთს სცხებდნენ და ჰკურნავდნენ უამრავ სნეულს.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
წმიდა ოსია აღმსარებელი, კორდუბელი ეპისკოპოსი (+359)
წმიდა ოსია აღმსარებელი IV საუკუნეში მოღვაწეობდა. იგი სამოცზე მეტი წლის მანძილზე წინამძღვრობდა კორდოვის (ესპანეთი) ეკლესიას. წმიდა იმპერატორი კონსტანტინე დიდი (306-337) დიდ პატივს სცემდა მას და თავის უახლოეს მრჩევლადაც გაიხადა. სწორედ ოსიას რჩევით მოიწვია ღვთისმოყვარე ხელისუფალმა ნიკეის I მსოფლიო კრება 325 წელს. წმიდა მამა ამ კრების ყოველი დადგენილების ქვეშ პირველი აწერდა ხელს. 347 წელს იგი თავმჯდომარეობდა სარდის ადგილობრივ კრებას. წმიდა კონსტანტინე დიდის მიცვალების შემდეგ ოსია მტკიცედ იცავდა მღვდელმთავარ ათანასე ალექსანდრიელს არიანელი იმპერატორის კონსტანციუსისაგან (337-361), რისთვისაც სირმიაში გაასახლეს. უფლის რჩეული მშვიდობით მიიცვალა 359 წელს, კორდოვაში დაბრუნების შემდეგ.
წმიდა ლიბერიოს აღმსარებელი, რომის პაპი 352 წელს, პაპი იულიუსის სიკვდილის შემდეგ ჩაუდგა სათავეში რომის ეკლესიას. იგი გაბედულად იცავდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას არიანელთაგან. მწვალებლობისკენ მიდრეკილმა იმპერატორმა კონსტანციუსმა (337-361) ვერ შეძლო პაპი ლიბერიოსი მართლმადიდებლობის უარყოფაზეც დაეყოლიებინა და იგი ბერიაში (თრაკია) გადაასახლა, მაგრამ მალე რომაელთა დაჟინებული მოთხოვნით უკანვე გამოიწვია. დაბრუნებამდე მღვდელმთავარი ლიბერიოსი სირმიაში შეკრებილ მესამე, ნახევრად არიანულ კრებაზე გამოიძახეს და აიძულეს, ხელი მოეწერა მის დადგენილებებზე. შემდგომში წმიდა მღვდელმთავარი საშინლად ნანობდა თავის ამ საქციელს და სინანულის ღირსი ნაყოფის გამოსაღებად კიდევ უფრო მეტი მოშურნეობით იღვწოდა რომში მართლმადიდებლობის განმტკიცებისათვის. ნეტარი ლიბერიოსი 366 წელს მშვიდობით მიიცვალა.
ღირსი პიმენ დიდი დაახლოებით 340 წელს დაიბადა ეგვიპტეში. ანგელოზებრივი ცხოვრების მაძიებელმა, ძმებთან – ანუბისა (ხს. 5 ივნისს) და პაისისთან ერთად დატოვა ეს სოფელი, ეგვიპტის ერთ-ერთ მონასტერს მიაშურა და ბერად აღიკვეცა. ერთხელ მოსაგრეებს დედამ ჩააკითხა, მაგრამ ისინი სენაკებიდან არ გამოვიდნენ. ქალი დიდხანს იდგა და ტიროდა. ბოლოს პიმენმა დახურული კარებიდან გამოსძახა: „თუ ჩვენთან დროებით განშორებას გადაიტან, მომავალ ცხოვრებაში კვლავ გვიხილავ; ღვთის კაცთმოყვარეობის იმედი გვაქვს!“ დედა ამ სიტყვებზე დამშვიდდა და ნუგეშინისცემული დაბრუნდა შინ. ერთხელ, როცა ხმა ღირსი პიმენის ღვაწლისა და სათნოებების შესახებ მთელ ქვეყანას მოედო, ოლქის მმართველმა მისი მონახულება ისურვა. ბერმა იფიქრა, თუ დიდებულებმა დაიწყეს ჩემთან სიარული, მთელი ხალხიც მათ მიჰბაძავს, რაც ხელს შემიშლის მდუმარებაში და, ალბათ, ამპარტავნებაშიც ჩამაგდებსო და გამოგზავნილები უარით გაისტუმრა. მმართველი დამწუხრდა; მაგრამ ისე ძლიერ სურდა დიდი მოსაგრის ხილვა, რომ მან წმიდანის დატუსაღებული დისწულის გათავისუფლება აღუთქვა მშობლებს წმიდა პიმენის მასთან შეხვედრის სანაცვლოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში მმართველი პყრობილის სიკვდილით დასჯით იმუქრებოდა. მწუხარებისგან გონდაკარგული და სირბილით მივიდა წმიდანთან დახმარების სათხოვნელად. მან კარებიც არ გაუღო და ყვედრების პასუხად ეს მიუგო მხოლოდ: „პიმენს შვილები არა ჰყავს – ამიტომ არ ტკივა გული“. მწარე პასუხით სასოწარკვეთილი დედა ტირილითა და ძმის წყევლით გაბრუნდა უკან; მთავარს კი ღირსი მამის ხილვის იმედი საბოლოოდ რომ გადაეწურა, თქვა, რამე მომწეროსო მაინც. ეს თხოვნა კი შეუსრულა მეუდაბნოემ – მისწერა: „თუ თქვენი ხელმწიფება ჭაბუკის საქმის გადასინჯვას ინებებს და დარწმუნდება, რომ იგი სიკვდილს იმსახურებს – მოკვდეს, რომ დროებითი სასჯელით საუკუნო სატანჯველებს გადაურჩეს; ხოლო თუ დანაშაულს სიკვდილი არ შეეფარდება, შესაფერი განაჩენი გამოუტანეთ და გაათავისუფლეთ“. წმიდანის ხელნაწერის მიღებით გახარებულმა მმართველმა ყმაწვილი დაუყოვნებლივ გაუშვა საპყრობილიდან.
ღირსი პიმენ პალესტინელი VI საუკუნეში ცხოვრობდა რუბის უდაბნოში. მის შესახებ მოგვითხრობენ ნეტარი მამები სოფრონი და იოანე „ლიმონარის“ ასსამოცდამეშვიდე თავში. ერთხელ, ზამთარში, ღირს პიმენთან ბერი აღათონიკე მივიდა სულიერი დამოძღვრის სათხოვნელად და ღამე მეზობელ მღვიმეში გაათია. დილით მან წმიდანს უთხრა, ღამის სუსხში საშინლად გავიტანჯეო, რაზეც პიმენმა მიუგო: სიცივე არც მიგრძვნია, რადგან ლომი მოვიდა, გვერდით მომიწვა და გამათბოო. „მაგრამ, – დაამატა მოსაგრემ, – უწყოდე, რომ მე მხეცები დამფლეთენ, იმიტომ, რომ როცა ერში ვცხოვრობდი და ცხვრებს ვმწყემსავდი, ჩემმა ნაგაზებმა მახლობლად მიმავალი ერთი კაცი დაფლითეს. მე შემეძლო მისი გადარჩენა, მაგრამ ეს არ გავაკეთე. სწორედ მაშინ მეუწყა, რომ ამგვარივე სიკვდილით მოვკვდებოდი“. ასეც მოხდა: სამი წლის შემდეგ პიმენ პალესტინელი მხეცებმა დაგლიჯეს. ეს მოხდა VI საუკუნის მიწურულს.
ღირსი ანთისა ქრისტეს აღსარებისთვის ღრმა ჭაში ჩააგდეს. ზოგ ძეგლებში, სხვა წყაროებისაგან განსხვავებით, მას ახალს უწოდებენ, მაგრამ არ არის ცნობილი, თუ სად და როდის მოღვაწეობდა.