19. ხორცის საქმენი აშკარაა: სიძვა, უწმინდურება, აღვირახსნილობა, 20. კერპთმსახურება, ჯადოქრობა, მტრობა, შუღლი, შური, რისხვა, აშლილობა, მწვალებლობა, 21. სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა, ღორმუცელობა და სხვა მისთანანი. წინასწარ გეტყვით, რომ ამის მოქმედნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს. 22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, 23. თვინიერება, თავშეკავება (გალ. 5: 19-23).
„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 20.იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
1. მაშ, მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! 2. ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! 3. უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრძ. 6: 1-3).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი
მე-18 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი
9.10.2025. ხსნილი
მიცვალება მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღმრთისმეტყველისა (I); დღესასწაული ივერიის ღმრთისმშობლის („თბილისის სიონის“) ხატის ასლისა, რომელიც საქართველოში ათონის ივერთა მონასტრიდან ჩამოასვენეს (1989); ტიხონისა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქისა.
დღის ლოცვები
მიცვალება მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღვთისმეტყველისა
ტროპარი: ჟამსა ვნებისასა წინაშე ჯვარისა მდგომარესა, რომელსა გიწოდა ძმად თვისად მეუფემან და შეგვედრა უბიწოდ მშობელი თვისი, ჰოი, ღვთისმეტყველო იოანე, მეოხ გვეყავ ჩვენ.
ტროპარი: მოციქულო ქრისტეს ღმრთისაო საყუარელო, მსწრაფლ გვეწიე და გვიხსნენ შეცოდებული ერი, რამეთუ გაქუს შენ კანდიერებაი მისსა მიმართ, რომლისა მკერდსა მიეყრდენ, რომელსაცა ევედრე, ღმრთისმეტყუელო, რაითა ნისლი ცოდვათა ჩუენთა განაქარვოს და მოგუანიჭოს ჩუენ დიდი წყალობაი.
კონდაკი: დიდებულებანი შენნი, ქალწულო, ვინმე მიუთხრნეს, რამეთუ აღმოადინებ საკვირველებათა და აღმოაცენებ კურნებათა, და მეოხ ხარ სულთა ჩუენთათვის, ვითარცა ღმრთისმეტყუელი და მეგობარი ქრისტესი.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ხუთშაბათსა დილას
უფალო, ღმერთო ყოვლის-მპყრობელო, გულთ მეცნიერო და გულის-სიტყვათა მპყრობელო, რომელმან პყრობილჰყვენ ზღვანი და ხმელნი, ქალაქნი და მდინარენი ნათესავისათვის კაცთასა შენდა შევრდომითა! უფალო იესო ქრისტე ღმერთო ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, კრაო და მწყემსო ჭეშმარიტო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი შენ, სახიერო, დაამდოვრენ ღელვანი და აღტეხანი გულისა ამის ჩემისანი, და აღტყინებანი და აღძვრანი ხორცთა ჩემთანი, მოვლინებულნი უხილავთა მტერთა მიერ, და ვითარცა დააცხრვე და განაქარვე აღტეხაი იგი ზღვისა და დააყუდენ ქარნი მძაფრნი და იხსენ მოწაფენი შენნი დანთქმისაგან, ეგრეთვე შენ, მეუფეო, მოიხილე ჩემზედა მონასა ამას შენსა და მიხსენ აღტყინებისაგან მოუდრეკელთა მათ ხორცთა ჩემთასა! გარე უკუნ-აქციე გულისთქმაი ესე საშინელი, წარსაწყმედელი სულისა ხორცისა ჩემისა! გულს-მოდგინე მყავ მოხსენებად ჟამსა ამას ჯვარცმისა შენისა, გვერდისა შენისაგან გარდამოთხეულსა სისხლსა და წყალსა და კვალად დღე იგი საშინელი განკითხვისა და მიხსენ ვნებათა ამათგან მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ხუთშაბათსა დაწოლისასა
მომეც ჩვენ, მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო მეოხებითა წმიდათა შენთა მოციქულთათა ძილი მშვიდობისა და განსვენებისა სულისა და ხორცთასა! და მიცევ მე ყოვლისაგან საცთურისა ღამისა და ბნელისაგან ბოროტისა: დააცხვრენ აღძვრანი ვნებათანი, დაჰშრიტე მხურვალებაი ხორცთა და მომეც გულის-სიტყვაი და უბიწო მოქალაქობაი, ღამე ყოველ გალობით დიდებისმეტყველებაი, რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცული შენდა დიდებასა შევჰსწირვიდეთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
მწუხრ.: იოანესი: 1) 1 ინ. 3: 21- 4: 6. 2) 1 ინ. 4: 11-16. 3) 1 ინ. 4: 20-5: 5.
ცისკ.: ინ. 21: 15-25 (დას. 67).
ლიტ.: მოც.: 1 ინ. 4: 12-19 (დას. 73, შუა). ინ. 19: 25-27; 21: 24-25 (დას. 61).
მწუხრ.: იოანესი: 1) 1 ინ. 3: 21 – 4: 6
21. საყვარელნო, თუ ჩვენი გული არა გვგმობს, პირნათელნი ვართ ღვთის წინაშე. 22. ამიტომ, რასაც ვითხოვთ, მივიღებთ მისგან, ვინაიდან ვიმარხავთ მის მცნებებს და ისე ვიქცევით, როგორც მას მოსწონს. 23. მისი მცნება კი ისაა, რომ გვწამდეს მისი ძის იესო ქრისტეს სახელით და, როგორც გვამცნო, გვიყვარდეს ერთმანეთი. 24. თუ ვიმარხავთ მის მცნებებს, ის ჩვენში რჩება, ჩვენ კი – მასში; ხოლო იმას, რომ ჩვენში რჩება, მის მიერვე მოცემული სულით შევიცნობთ.
1. საყვარელნო, ყველა სულს ნუკი ენდობით, არამედ გამოსცადეთ, ღვთისაგან არიან თუ არა, რადგანაც მომრავლდნენ ცრუწინასწარმეტყველნი ქვეყნად. 2. ამით იცნობთ ღვთის სულს: ყოველი სული, რომელიც აღიარებს იესო ქრისტეს, ხორციელად მოსულს, ღვთისაგან არის. 3. ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესო ქრისტეს, ღვთისაგან კი არ არის, არამედ ესაა სული ანტიქრისტესი, ვისზედაც გსმენიათ, მოვაო, და მოვიდა კიდეც ქვეყნად. 4. თქვენ ღვთისაგან ხართ, შვილებო, და სძლიეთ მათ, რადგანაც ის, ვინც თქვენშია, მეტია იმაზე, ვინც არის ქვეყნად. 5. ისინი ქვეყნისანი არიან, ამიტომ ქვეყნისას იტყვიან და ქვეყანაც უსმენს მათ. 6. ჩვენ კი ღვთისაგან ვართ; ვინც იცნობს ღმერთს, ის გვისმენს, ხოლო ვინც ღვთისაგან არ არის, არ გვისმენს ჩვენ. ამით შევიცნობთ სულს ჭეშმარიტებისას და სულს ცთომისას.
მწუხრ.: იოანესი: 2) 1 ინ. 4: 11-16
11. საყვარელნო, თუკი ასე შეგვიყვარა ღმერთმა, ჩვენც უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. 12. ღმერთი არავის არასოდეს უხილავს; თუ ერთმანეთი გვიყვარს, ღმერთი ჩვენში მკვიდრობს და მისი სიყვარული სრულყოფილებას აღწევს ჩვენში. 13. იმით შევიცნობთ, რომ მასში ვმკვიდრობთ, ხოლო ის – ჩვენში, რომ თავისი სულისაგან მოგვცა ჩვენ. 14. ჩვენ ვიხილეთ და ვმოწმობთ, რომ მამამ მოავლინა ძე ქვეყნის მაცხოვრად. 15. ვინც აღიარებს, რომ იესო არის ძე ღვთისა, ღმერთი მასში მკვიდრობს, ხოლო ის – ღმერთში. 16. ჩვენ შევიცნეთ და ვიწამეთ სიყვარული, რომელიც აქვს ღმერთს ჩვენდამი. ღმერთი სიყვარულია და სიყვარულის მკვიდრი ღმერთში მკვიდრობს, ღმერთი კი – მასში.
მწუხრ.: იოანესი: 3) 1 ინ. 4: 20-5: 5
20. თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარსო, თავისი ძმა კი სძულს ცრუა, ვინაიდან თუ თავისი ძმა არ უყვარს, რომელსაც ხედავს როგორღა შეიყვარებს ღმერთს რომელსაც ვერ ხედავს? 21. და ასეთი მცნება გვაქვს მისგან: ვისაც ღმერთი უყვარს თავისი ძმაც უნდა უყვარდეს.
1. ყველა, ვისაც სწამს, რომ იესო არის ქრისტე, ღვთისაგანაა შობილი, და ყველას, ვისაც უყვარს მშობელი, მის მიერ შობილიც უყვარს. 2. იმით შევიცნობთ, რომ გვიყვარს ღვთის შვილნი, თუ გვიყვარს ღმერთი და ვიმარხავთ მის მცნებებს. 3. ვინაიდან ღვთის სიყვარული ისაა, რომ ვიმარხავდეთ მის მცნებებს; მისი მცნებები კი მძიმე როდია. 4. რადგანაც ყველა, ვინც ღვთისაგან არის შობილი, სძლევს ამ ქვეყანას; და ეს არის ძლევა, ქვეყნის მძლეველი: ჩვენი რწმენა. 5. ვინ არის ქვეყნის მძლეველი, თუ არა ის, ვისაც სწამს, რომ იესო არის ძე ღვთისა?
ცისკ.: ინ. 21: 15-25
15. ხოლო როდესაც ისაუზმეს, იესომ სიმონ-პეტრეს უთხრა: სიმონ, იონას ძეო, ამათზე მეტად გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი კრავები. 16. მეორედაც უთხრა მას: სიმონ იონას ძეო, გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: მწყემსე ჩემი ცხვრები. 17. მესამედაც უთხრა მას: სიმონ, იონას ძეო, გიყვარვარ? შეწუხდა პეტრე, რადგან მესამედ ჰკითხა, გიყვარვარო? და უთხრა მას: უფალო, შენ ყველაფერი იცი, იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი ცხვრები. 18. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: სანამ ახალგაზრდა იყავი, სარტყელს შემოირტყამდი და მიდიოდი, სადაც გინდოდა; ხოლო როდესაც დაბერდები, ხელებს გაიწვდი, სხვა შემოგარტყამს სარტყელს და წაგიყვანს იქ, სადაც არ გინდა. 19. ხოლო ეს თქვა, რათა ენიშნებინა, როგორი სიკვდილით განადიდებდა იგი ღმერთს. ეს რომ თქვა, უთხრა: მომყევიო. 20. შემობრუნდა პეტრე და დაინახა, რომ უკან მოსდევდა მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს, სწორედ ის, სერობისას მის მკერდზე მიყრდნობილმა რომ უთხრა: უფალო, ვინ გაგცემს შენ? 21. ეს რომ დაინახა, პეტრემ უთხრა იესოს: უფალო, ამას რა? 22. უთხრა მას იესომ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, შენ რა? შენ მე გამომყევ. 23. და გავრცელდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ ის მოწაფე არ მოკვდებოდა. მაგრამ იესოს ის კი არ უთქვამს, არ მოკვდებაო, არამედ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, მერე შენ რაო? 24. ეს არის მოწაფე, რომელიც მოწმობს ამას და რომელმაც დაწერა ეს. და ვიცით, რომ მისი მოწმობა ჭეშმარიტია. 25. ბევრი სხვა რამეც მოიმოქმედა იესომ, მაგრამ ყველაფერი სათითაოდ რომ დაწერილიყო, ვგონებ, ქვეყანაც ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს. ამინ.
ლიტ.: მოც.: 1 ინ. 4: 12-19
12. ღმერთი არავის არასოდეს უხილავს; თუ ერთმანეთი გვიყვარს, ღმერთი ჩვენში მკვიდრობს და მისი სიყვარული სრულყოფილებას აღწევს ჩვენში. 13. იმით შევიცნობთ, რომ მასში ვმკვიდრობთ, ხოლო ის – ჩვენში, რომ თავისი სულისაგან მოგვცა ჩვენ. 14. ჩვენ ვიხილეთ და ვმოწმობთ, რომ მამამ მოავლინა ძე ქვეყნის მაცხოვრად. 15. ვინც აღიარებს, რომ იესო არის ძე ღვთისა, ღმერთი მასში მკვიდრობს, ხოლო ის – ღმერთში. 16. ჩვენ შევიცნეთ და ვიწამეთ სიყვარული, რომელიც აქვს ღმერთს ჩვენდამი. ღმერთი სიყვარულია და სიყვარულის მკვიდრი ღმერთში მკვიდრობს, ღმერთი კი – მასში. 17. ამის წყალობით სიყვარულმა იმნაირ სრულყოფილებას მიაღწია ჩვენში (რათა გულდანდობილნი ვიყოთ განკითხვის დღეს), რომ ისეთივენი ვართ, როგორიც ისაა ამ ქვეყნად. 18. სიყვარულისთვის უცხოა შიში, რადგანაც სრულქმნილი სიყვარული აძევებს შიშს; ვინაიდან შიშს თან ახლავს ტანჯვა,ხოლო მოშიში არასრულქმნილია სიყვარულში. 19. ჩვენ გვიყვარს იმიტომ, რომ პირველად მან შეგვიყვარა.
ლიტ.: ინ. 19: 25-27; 21: 24-25
25. იესოს ჯვართან იდგნენ დედამისი, დედამისის და, მარიამ კლეოპასი და მარიამ მაგდალელი. 26. ხოლო იესომ, როცა დაინახა დედა და იქვე მდგომი მოწაფე, რომელიც უყვარდა, უთხრა დედას: დედაო, აჰა, შენი ძე! 27. მერე კი მოწაფეს უთხრა: აჰა, დედაშენი; და ამ საათიდან მოწაფემ თავისას წაიყვანა იგი.
24. ეს არის მოწაფე, რომელიც მოწმობს ამას და რომელმაც დაწერა ეს. და ვიცით, რომ მისი მოწმობა ჭეშმარიტია. 25. ბევრი სხვა რამეც მოიმოქმედა იესომ, მაგრამ ყველაფერი სათითაოდ რომ დაწერილიყო, ვგონებ, ქვეყანაც ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს. ამინ.
დღესასწაული ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა, რომელიც ჩამოსვენდა საქართველოში ათონის ივერთა მონასტრიდან (1989)

მთელი საქართველო ზეიმობდა ამ დღეს. ერის იმდროინდელ გაჭირვებაში ივერიის მფარველი ხატის ჩამობრძანება ყველამ ზეციურ კურთხევად აღიქვა და ეს დღე საქართველოს ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც დღესასწაული.
ხატი ასვენია თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
მიცვალება წმიდისა მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღვთისმეტყველისა (II ს. დასაწყისი)
წმიდა მოციქული და მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი თავდაპირველად წმიდა იოანე ნათლისმცემლის მოწაფე იყო. იესო ქრისტეს გამოჩენამ, რომელშიც უფლის წინამორბედმა მესია შეიცნო, საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე და ანდრია მოციქულთან ერთად თან გაჰყვა მაცხოვარს (ინ. 1,35-40). შემდგომ ქრისტემ წმიდანს, „რომელი ბადეთა და თევზთა და ტბასა შინა იქცეოდა“, ძმით, იაკობითურთ მოუწოდა და კაცთა მონადირედ დადგინება აღუთქვა (მთ. 4,21). მანაც დაუტევა ყოველივე.
მხურვალე სიყვარულისა და ქალწულებრივი სიწმიდისათვის ქრისტემ გამორჩევით შეიყვარა იგი და ორ სხვა ურჩეულეს მოწაფესთან ერთად განსაკუთრებით დაიახლოვა.
იოანე ღვთისმეტყველმა საკუთარი თვალებით იხილა იაიროსის ასულის განკურნება და უფლის ფერისცვალება თაბორის მთაზე.
საიუდმლო სერობაზე პეტრემ, „დაღათუ პირველი იყო მოწაფეთაჲ“, თავად ვერ იკადრა და იოანეს სთხოვა მოძღვრისათვის ეკითხა, „თუ ვინ მიუდგა საზარელსა მას განმცემლობასა“. ისიც მკერდზე მიეყრდნო ქრისტეს და ჰკითხა: „ვინ არს, რომელი მიგცემს შენ?“ და მაცხოვარმა „მყისვე აღუხსნა კითხული და პურითა მოასწავა განმცემელი“.
ცხადია, რომ როცა იოანემ ძმასთან ერთად იესოსგან მისი მახლობელი საყდარი ითხოვა (მკ. 10,35-36): „არა ვითარცა დიდების ტრფიალმან, არამედ ვითარცა ქრისტეს ტრფიალმან ითხოა იგი, რადგან სურდა, არავინ ყოფილიყო სხუაჲ მისსა უმახლობელესი სასურველისაჲ“.
წმიდა მოციქული არ მოშორებია მოძღვარს, როცა იგი, შებორკილი, გეთსიმანიის ბაღიდან ანასა და კაიაფას სამსჯავროზე მიჰყავდათ, თან შეჰყვა მაცხოვარს მღვდელმთავრის ეზოში და მის დაკითხვას დაესწრო; ნეტარი გოლგოთის გზაზეც შეუდგა ქრისტეს, ჯვრის კვარცხლბეკთან იდგა და ღვთისმშობელთან ერთად ტიროდა. ჯვარცმულმა მაცხოვარმა, როცა იხილა დედამისი და „მოწაფე იგი, რომელი უყუარდა“, დედას უთხრა: „დედაკაცო, აჰა ძე შენი!“ შემდეგ კი იოანეს უთხრა: „აჰა დედაჲ შენი!“ (იოანე 19,26-27). ამ დროიდან მოყოლებული ნეტარი მოციქული მოსიყვარულე შვილივით ზრუნავდა ყოვლადწმიდა ქალწულზე და ერთგულად ემსახურებოდა მას.
როდესაც ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ მის წმიდა გვამს გეთსიმანიის ბაღში დასაკრძალავად მიასვენებდნენ, იოანეს ცხედრის წინ მიჰქონდა სამოთხის შტო, რომელიც გაბრიელ მთავარანგელოზმა მიართვა მას.
ამ დრომდე წმიდა მახარებელი იურუსალიმში ქადაგებდა და არაერთხელ დაუთმენია დევნა იუდეველ მღვდელმსახურთაგან.
ღვთისმშობლის დაკრძალვის შემდეგ იოანე მოწაფესთან, პროხორესთან ერთად თავის წილხვედრ ქალაქ ეფესოში წავიდა. გზად იოპიაში მათ ძლიერმა ქარიშხალმა მოუსწრო და ხომალდი, რომლითაც მიემგზავრებოდნენ, დაიღუპა. ზღვამ ყველა მგზავრი ნაპირზე გამორიყა, მხოლოდ იოანე დაინთქვა უფსკრულში. პროხორე გულამომჯდარი მოთქვამდა მოძღვრის დაკარგვის გამო, ბოლოს კი მარტო დარჩენილმა გზა განაგრძო. მეთოთხმეტე დღეს მან იხილა, რომ ტალღებმა ნაპირზე ადამიანი გამოაგდო. როცა ნეტარი უცნობს მიუახლოვდა, გაოცებამ და სიხარულმა შეიპყრო – ეს იოანე მახარებელი იყო, რომელიც უფალს მთელი ან ხნის მანძილზე ზღვის წიაღში უვნებლად დაეცვა.
მოძღვარი და მოწაფე ეფესოსკენ გაემართნენ, სადაც წმიდა იოანე მძვინვარე წარმართებს შორის დაუცხრომლად ქადაგებდა ქრისტეს. მის ქადაგებებს მარავალრიცხოვანი სასწაულები ახლდა თან და ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოქცეულთა რიცხვიც სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. როდესაც იმპერიაში ქრისტიანთა დევნა დაიწყო, იოანე შეიპყრეს და ერთი წყაროს მოწმობით, იმპერატორ ნერონის (53-68) სხვა ცნობით კი – დომიციანეს (81-96) სამსჯავროზე წარადგინეს.
ქრისტეს აშკარა აღსარებისთვის ნეტარს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, მაგრამ უფალმა დაიცვა თავისი რჩეული. წმიდა მოციქულს მომაკვდინებელი შხამით სავსე ფიალა გამოაცლევინეს, მაგრამ ცოცხალი გადარჩა, ადუღებული ზეთით სავსე ქვაბში ჩააგდეს, მაგრამ იქიდანაც უვნებელი ამოვიდა. ამის შემდეგ იოანე კუნძულ პატმოსზე გადაასახლეს, სადაც მრავალი წელი დაჰყო. იოანემ თავისი ქადაგებებით და სასწაულებით მთელი კუნძულის მოსახლეობა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია.
ნეტარი მახარებელი თავის მოწაფესთან, პროხორესთან ერთად უდაბურ მთაზე ავიდა და სამი დღე იმარხა. მისი ლოცვის დროს მთა შეზანზარდა და საშინლად იქუხა. შეძრწუნებული პროხორე მიწაზე დაემხო. იოანემ წამოაყენა ნეტარი და უბრძანა ჩაეწერა, რასაც მისგან გაიგონებდა: „მე ვარ ანი და ჵ, იტყვის უფალი ღმერთი, რომელი არს და რომელი იყო და რომელი მომავალ არს, ყოვლისა მპყრობელი“ (გამოცხ. 1,8) – ამბობდა ღვთის სული მოციქულის მიერ. ასე დაიწერა დაახლოებით 67 წელს იოანეს გამოცხადება, ანუ აპოკალიფსი, რომელშიც ეკლესიისა და სამყაროს მომავალი და დასასრულია განცხადებული.
ხანგრძლივი გადასახლებიდან განთავისუფლების შემდეგ იოანე მახარებელი ეფესოში დაბრუნდა. იგი აქედან ადევნებდა თვალყურს ყველა მახლობელი ეკლესიის ცხოვრებას, ხშირად მოიხილავდა მათ და ქრისტიანულ სარწმუნოებას წარმართული ამაოდბრძნობით შერყვნისაგან იცავდა.
იოანე მახარებელი უპირატესად სიყვარულის მოციქულია. ვერც მხცოვანებამ, ვერც ხორციელმა უძურებამ ვერ შეძლო დაეცხრო მასში საოცარი მოშურნეობა.
იოანე მახარებელი სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე მოწაფეებს იკრებდა ირგვლივ და მოუწყინებლად შეაგონებდა, ურთიერთს შორის მშვიდოდა დაეცვათ და ერთმანეთი ყვარებოდათ. როცა ნეტარი წლებმა იმდენად დაამძიმა, რომ ქრისტიანთა თავყრილობებზე სიარული არ შეეძლო და მოწაფეები დაატარებდნენ, უწინდელივით ქადაგებასაც ვეღარ ახერხებდა და მხოლოდ ამ სიტყვებს იმეორებდა: „შვილნო, იყუარებოდეთ ურთიერთას“. ბოლოს მოწაფეებმა ჰკითხეს მოძღვარს, რატომ უმეორებდა მათ გამუდმებით ერთსა და იმავეს, იოანემ კი უპასუხა: „ეს უფლის მცნებაა და თუ მას დაიცავთ – კმა გეყოფათ“.
იოანე მახარებელი ას წელს იყო გადაცილებული, როცა სასუფეველს შეერთო.
ერთხელ ნეტარი შვიდ მოწაფესთან ერთად ეფესოდან გავიდა, ქალაქის სიახლოვეს, მაღალ კლდეზე განმარტოვდა და ილოცა, შემდეგ კი სიყვარულით დაემშვიდობა ყველას, ჯვრის სახის საფლავი გაათხრევინა, შიგ ჩაწვა და მიწის დაყრა ითხოვა. მოწაფეებმა ტირილით დაჰკოცნეს ძვირფასი მოძღვარი, მაგრამ ურჩობა ვერ გაბედეს და საფლავი ნელ-ნელა ამოავსეს. ეს რომ ეფესელებმა შეიტყვეს, მივიდნენ მოციქულის სამარხთან, გათხარეს იგი, მაგრამ შიგ ვერაფერი იპოვეს.
ყოველწლიურად, 8 მაისს, იოანე მახარებლის საფლავიდან ამოდიოდა თხელი მტვერი, რომელსაც მორწმუნეები აგროვებდნენ და სასწაულბრივ იკურნებოდნენ. ამის გამო ეკლესია წმიდა მოციქულის ხსენებას 8 მაისსაც აღნიშნავს.
უფალმა თავის საყვარელ მოწაფეს ძმასთან ერთად „ბანერგეს“ – ძენი ქუხილისანი უწოდა და ამით მიანიშნა მათ ცეცხლოვან მოშურნეობაზე და სულის სიძლიერეზე. იოანე მახარებლის იკონოგრაფიული ნიშანია არწივი – სიმბოლო ღვთისმეტყველური აზრის აღმაფრენისა. ზედწოდება „ღვთისმეტყველი“ წმიდა ეკლესიამ ქრისტეს მოციქულებიდან მხოლოდ წმიდა იოანეს მიაკუთვნა – ღვთაებრივი განგების ფარულ მჭვრეტელს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.
„შვილნო, გიყვარდეთ ერთმანეთი“, – წმინდა იოანეს ამ სიტყვებს კიდევ ერთხელ მოისმენენ მორწმუნენი, ახლა უკვე ბოლო ჟამს. როგორც წმინდა ანდრია სალოსი ბრძანებს (იხილეთ მისი ცხოვრების ვრცელი ვარიანტი), უფლის მეორედ მოსვლის წინ, ანტიქრისტეს გამეფებისას, წმინდა ელიასა და ენუქთან ერთად წმინდა იოანეც მოევლინება ცოდვილ კაცობრიობას, განამხნევებს ქრისტიანებს და ამხელს ანტიქრისტეს (წმინდა თეოდოსი იერუსალიმელი აზუსტებს, წმინდა ელია და ენუქი ანტიქრისტიანულ ქვეყნებში იქადაგებენ, წმინდა იოანე კი კავკასიაშიო), მის ხელთაგან მიიღებენ სიკვდილს და ანტიქრისტე მათ სხეულებს „უბანთა ზედა“ დაყრის; ასე იქნებიან სამდღე-ნახევარი, შემდგომ კი უფალი მკვდრეთით აღადგენს მათ და თავადაც მალე მობრძანდება დიდებით…
როგორც ბრძანებს წმინდა ანდრია, „ნეტარ არს, რომელი არა იპოვოს მბრძოლ ღმრთისა მათ დღეთა შინა, არამედ დაიმარხოს სარწმუნოება იესუ ქრისტესი“.
წმიდა ტიხონი, პატრიარქი მოსკოვისა და სრულიად რუსეთისა

ფსკოვის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ წმიდანი სანკტ-პეტერბურგში სწავლობდა, სასულიერო აკადემიაში. არქიმანდრიტის ხარისხში ნეტარი დაინიშნა ხოლმის სასულიერო სემინარიის რექტორად. 1898 წლიდან ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. წმიდა მამა ფრიად დაშვრა მართლმადიდებლური სარწმუნოების განსამტკიცებლად ამერიკაში, სადაც მას დღემდე მართლმადიდებლობის მოციქულს უწოდებენ. მღვდელმთავარი ტიხონი 1905 წელს მთავარეპისკოპოსის ხარისხში იქნა აღყვანილი და 1907 წლიდან იაროსლავის, 1913 წლიდან კი – ლიტვის (ვილნოს) კათედრაზე გაამწესეს. 1917 წლიდან წმიდანი მოსკოვისა და კოლომნის მთავარეპისკოპოსია (აგვისტოს თვიდან – მიტროპოლიტი). 1917 წლის 5 ნოემბერს სრულიად რუსეთის ადგილობრივ კრებაზე, რომელმაც აღადგინა პატრიარქობა, წმინდა ტიხონი აირჩიეს რუსეთის ეკლესიის მესაჭედ. ინტრონიზაცია კრემლის მიძინების ტაძარში აღესრულა 21 ნოემბერს. ნეტარი ტიხონი საოცრად მშვიდი, კეთილი და გულთბილი ადამიანი იყო, მაგრამ საეკლესიო საქმეებში, განსაკუთრებით კი მტერთა ძალადობისგან ეკლესიის დაცვისას, შეურყეველ სიმტკიცეს იჩენდა. ეკლესიის რღვევის, რასკოლის, ქრისტეს მსახურთა დევნისა და ხოცვა-ჟლეტის წლებში მან შეძლო დაეცვა მართლმადიდებლობის სიწმინდე.
1921 წლის აგვისტოში ვოლგისპირეთში შიმშილობის მძვინვარების ჟამს პატრიარქმა მორწმუნეები აკურთხა, დამშეულთა დასახმარებლად შეეგროვებინათ ძვირფასი ნივთები, რომელთაც საეკლესიო დანიშნულება არ გააჩნდათ. ამ მოწოდების პასუხად 1922 წლის თებერვალში საბჭოთა ხელისუფლებამ დაადგინა, ტაძრებიდან ყოველგვარი საეკლესიო ფასეულობა გაეტანათ. ნეტარმა ტიხონმა ხმა აიმაღლა ამგვარი ძალადობის წინააღმდეგ, რაც საბოტაჟად შეფასდა და ეკლესიის წინამძღვარი დააპატიმრეს. 1922 წლის აპრილიდან 1923 წლის ივნისამდე მწყემსმთავარი პყრობილებაში იმყოფებოდა. განთავისუფლების შემდეგ კი, 1923 წლის 26 ივნისს, დაიბრუნა სამღვდელმთავრო ტახტი.
პატრიარქი ტიხონი მოულოდნელად გარდაიცვალა 1925 წლის 6-7 აპრილს, ღამის 12 საათზე ოსტოჟენკის საავადმყოფოში. 1989 წლის 26 სექტემბერს იგი წმიდანად შერაცხეს, 1992 წლის 19 თებერვალს კი მოხდა მისი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება.