„… ვივიწყებ, რაც უკან დამრჩა, და რაც წინ მიძევს, იმას მიველტვი; 14. დიახ, მიველტვი მიზანს, ღვთის უზენაესი ხმობის პატივს იესო ქრისტეში. 15. ამრიგად, ვინც სრულქმნილია, სწორედ ასე უნდა ფიქრობდეს” (ფლპ. 3: 13-15);
„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 20.იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
1. მაშ, მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! 2. ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! 3. უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრძ. 6: 1-3).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

22-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. კვირა
9.11.2025. ხსნილი
მოწამისა ნესტორ თესალონიკელისა (306); მოწამეთა: კაპეტოლინესი და ეროდიტესი, მხევლისა მისისა (304); მოწამისა მარკოზისა და მის-თანათა; წმიდისა პროკლასი, პონტოელი პილატეს მეუღლისა (I).
დღის ლოცვები
მოწამე ნესტორ თესალონიკელის კონდაკი:
რომელმან იღუაწე კეთილად და უკუდავსა ცხორებასა დაემკვიდრე, ვითარცა რჩეული მხედარი მეუფისა დიდისა, ურიცხუნი ტანჯვანი მოითმინენ ლოცვითა წმიდისა დიმიტრი მოწამისათა, მის თანავე უკუე ევედრე ღმერთსა, ნესტორ მოწამეო, დაუცხრომლად ჩუენ ყოველთათვის.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, კვირიაკესა, შემდგომად ძილისაგან აღდგომისა
უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, განმწმინდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო, შენ უწყნი ცოდვანი ჩემნი, რამეთუ შენ ვითარცა გნებავს, აღხოცენ იგინი. შეგცოდე უფალო, შემინდვენ მე სახელისა შენისათვის წმიდისა. უფალო მომეც მე კეთილი ანგელოსი, მმართებელად და მოძღვრად ცხოვრებისა ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რაი მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათვის მომეც მე დაწყებაი დასაბამისა კეთილისა. უფალო, მასწავე მე, რათა ვჰსცხონდე და ნუ თანა წარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა, კაცთმოყვარე, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის კვირიაკესა, ძილად მისვლის დროს
უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაი ცოდვათა კაცთა მიანიჭე, და სახედ ცოდვათა შენდობისა და აღსარებისა, დავით წინასწარმეტყველისა სინანული შესანდობელად გვიჩვენე, შენ მეუფეო, ჩვენ მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა, და აღჰხოცენ ყოველი უსჯულოებაი ჩემი, რამეთუ შეგცოდე შენ, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და გაქვს ხემწიფებაი მიტევებად ცოდვათა, ხოლო გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, და სულითა მთავრობისათა დაგვამტკიცენ ჩვენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მოგვეც ჩვენ. ნუ განმაგდებ ჩვენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან ღმერთმან შეწყალებაი ჩვენი, და ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვამდე შეწირვად შენდა ვედრებათა, და თხოვად ცოდვათა მოტევებისა, და ღირსყოფად ჩვენდა სასუფეველსა ცათასა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ცისკ.: სახ. მე-11, ინ. 21: 15-25 (დას. 67).
ლიტ.: გალ. 6: 11-18 (დას. 215). ლკ. 8: 26-39 (დას. 38).
მოწ.: ეფ. 6: 10-17 (დას. 233). ლკ. 21: 12-19 (დას. 106).
ცისკ.: ინ. 21: 15-25
15. ხოლო როდესაც ისაუზმეს, იესომ სიმონ-პეტრეს უთხრა: სიმონ, იონას ძეო, ამათზე მეტად გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი კრავები. 16. მეორედაც უთხრა მას: სიმონ იონას ძეო, გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: მწყემსე ჩემი ცხვრები. 17. მესამედაც უთხრა მას: სიმონ, იონას ძეო, გიყვარვარ? შეწუხდა პეტრე, რადგან მესამედ ჰკითხა, გიყვარვარო? და უთხრა მას: უფალო, შენ ყველაფერი იცი, იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი ცხვრები. 18. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: სანამ ახალგაზრდა იყავი, სარტყელს შემოირტყამდი და მიდიოდი, სადაც გინდოდა; ხოლო როდესაც დაბერდები, ხელებს გაიწვდი, სხვა შემოგარტყამს სარტყელს და წაგიყვანს იქ, სადაც არ გინდა. 19. ხოლო ეს თქვა, რათა ენიშნებინა, როგორი სიკვდილით განადიდებდა იგი ღმერთს. ეს რომ თქვა, უთხრა: მომყევიო. 20. შემობრუნდა პეტრე და დაინახა, რომ უკან მოსდევდა მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს, სწორედ ის, სერობისას მის მკერდზე მიყრდნობილმა რომ უთხრა: უფალო, ვინ გაგცემს შენ? 21. ეს რომ დაინახა, პეტრემ უთხრა იესოს: უფალო, ამას რა? 22. უთხრა მას იესომ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, შენ რა? შენ მე გამომყევ. 23. და გავრცელდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ ის მოწაფე არ მოკვდებოდა. მაგრამ იესოს ის კი არ უთქვამს, არ მოკვდებაო, არამედ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, მერე შენ რაო? 24. ეს არის მოწაფე, რომელიც მოწმობს ამას და რომელმაც დაწერა ეს. და ვიცით, რომ მისი მოწმობა ჭეშმარიტია. 25. ბევრი სხვა რამეც მოიმოქმედა იესომ, მაგრამ ყველაფერი სათითაოდ რომ დაწერილიყო, ვგონებ, ქვეყანაც ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს. ამინ.
ლიტ.: გალ. 6: 11-18
11. ხომ ხედავთ, რამდენი რამ მოგწერეთ ჩემივე ხელით. 12. ხორცით თავმოწონების მოსურნენი გაიძულებენ წინადაიცვითოთ, მხოლოდ იმიტომ, რომ არ იდევნებოდნენ ქრისტეს ჯვრისათვის. 13. ვინაიდან თვით წინადაცვეთილნიც არ იცავენ რჯულს, არამედ უნდათ, რომ წინადაიცვითოთ, რათა იქადოდნენ თქვენი ხორცით. 14. ხოლო მე ღმერთმა დამიფაროს, რომ სხვა რამით ვიქადოდე და არა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ჯვრით, რითაც ქვეყანა ჯვარცმულია ჩემთვის, მე კი – ქვეყნისთვის. 15. რადგანაც ქრისტე იესოში არც წინადაცვეთილობა ნიშნავს რასმე და არც წინადაუცვეთელობა, არამედ მხოლოდ ახალი ქმნილება. 16. ვინც ამ წესისამებრ იქცევა, მშვიდობა და წყალობა, ისევე, როგორც ისრაელს ღვთისას. 17. ამას იქით ნუღარავინ შემაწუხებს, რადგანაც ჩემი სხეულით ვზიდავ უფალ იესოს წყლულებს. 18. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს თქვენს სულთან, ძმანო. ამინ.
ლიტ.: ლკ. 8: 26-39
26. და მიადგნენ გერასენელთა მხარეს, გალილეის გაღმა. 27. ხმელეთზე გადმოსულს შემოხვდა ერთი ქალაქელი კაცი, რომელსაც დიდი ხანია ეშმაკნი ჰყავდა და შიშველ-ტიტველი სახლში კი არ ცხოვრობდა, არამედ – სამარხებში. 28. იესო რომ დაინახა, შეჰყვირა, მის წინაშე დაემხო და შეჰღაღადა: რა ხელი გაქვს ჩემთან, იესო, ძეო მაღალი ღმრთისაო? გევედრები, ნუ მტანჯავ მე. 29. რადგანაც უბრძანა უწმინდურ სულს, გამოსულიყო ამ კაცისაგან, ვინაიდან დიდი ხანია სტანჯავდა მას, ისე რომ ჯაჭვით კრავდნენ და ბორკილებს ადებდნენ, მაგრამ ამსხვრევდა ბორკილებს და, ეშმაკისაგან დევნილი, უდაბნოში გარბოდა. 30. ჰკითხა მას იესომ: რა გქვია სახელად? ხოლო მან მიუგო: ლეგიონი; ვინაიდან მრავალი ეშმაკი შესულიყო მასში. 31. ევედრებოდნენ იესოს: ნუ გვიბრძანებ უფსკრულში დანთქმასო. 32. იქვე, მთაზე, ბალახობდა ღორების დიდი კოლტი. შეევედრნენ: ნება დაგვრთე, მათში შევიდეთო, და ნება დართო მათ. 33. გამოვიდნენ ეშმაკნი კაცისგან და ღორებში შევიდნენ. მაშინ მთელი კოლტი მიაწყდა კბოდეს და ტბაში ჩაიხრჩო. 34. ამის მხილველი მეღორეები გაიქცნენ და ქალაქსა და სოფლებს მოსდეს ეს ამბავი. 35. გამოვიდნენ, რათა ეხილათ, რაც მოხდა. იესოსთან მისულებმა იხილეს კაცი, ვისგანაც გამოსულიყვნენ ეშმაკნი, იესოს ფერხთით მჯდომარე, ჩაცმულ-დახურული და გონს მოგებული, და შეძრწუნდნენ. 36. ხოლო მხილველებმა უამბეს მათ, როგორ განიკურნა ეშმაკეული. 37. გერასენელთა მხარის მთელმა ხალხმა სთხოვა, გასცლოდა მათ, ვინაიდან შიშით თავზარდაცემულნი იყვნენ. ისიც ჩაჯდა ნავში და უკანვე გამობრუნდა. 38. ხოლო კაცმა, ვისგანაც გამოვიდნენ ეშმაკნი, სთხოვა, თან წამიყვანეო, მაგრამ იესომ გაისტუმრა იგი და უთხრა: 39. დაბრუნდი სახლში და უამბე შენიანებს, რა გიყო ღმერთმა. ისიც წავიდა და მთელს ქალაქში ქადაგებდა, რა უყო იესომ.
მოწ.: ეფ. 6: 10-17
10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. 11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, 12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ. 13. ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ. 14. მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ, 15. ფეხთ კი მზადყოფნა ჩაიცვით მშვიდობის სახარების საქადაგებლად. 16. ამასთან, იფარეთ რწმენის ფარი, რომლითაც შესძლებთ ბოროტების ცეცხლოვან ისართა დაშრეტას, 17. აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა.
მოწ.: ლკ. 21: 12-19
12. უწინარეს ყოვლისა კი ხელს დაგადებენ და დევნას დაგიწყებენ, სინაგოგებსა და საპყრობილეებს მიგცემენ, და მიგიყვანენ მეფეებისა და მთავრების წინაშე ჩემი სახელის გამო. 13. და ეს იქნება თქვენს სამოწმებლად. 14. მაშ, გულს ჩაიბეჭდეთ, რომ წინასწარ არ იზრუნებთ, რითი იმართლოთ თავი. 15. ვინაიდან მე მოგცემთ სიტყვას და სიბრძნეს, რომელსაც წინ ვეღარ აღუდგება და ვერც შეეპასუხება ვერც ერთი თქვენი მოპირისპირე. 16. გაგცემენ მშობლებიც და ძმებიც, ნათესავებიც და მეგობრებიც, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ. 17. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო. 18. მაგრამ თქვენი თავიდან ერთი ბეწვიც არ დაიკარგება. 19. მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
მოწამისა მარკოზისა და მის-თანათა; წმიდისა პროკლასი, პონტოელი პილატეს მეუღლისა (I).
მოწამეთა: კაპეტოლინესი და ეროდიტესი, მხევლისა მისისა (304);
წმიდა მოწამე კაპიტოლინა და ეროტიიდა 304 წელს, იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნისას ეწამნენ. წმიდა კაპიტოლინა ქრისტეს აღსარებისთვის დააპატიმრეს და მახვილით განგმირეს. როცა მისმა მსახურმა, წმიდა ეროტიიდამ თავისი ქალბატონის ჯალათი ნახა, სახეში ქვა ესროლა. ამისთვის იგი ხარის ძარღვებითა და კეტებით სასტიკად გვემეს. მეორე დღეს ნეტარი გახურებულ ღუმელში შეაგდეს, მაგრამ სასწაულებრივ უვნებლად გადარჩა. ბოლოს უღმრთოებმა მას თავი მოჰკვეთეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
წმინდა მოწამე ნესტორ თესალონიკელი (+დაახლ. 306)
ამ კურთხევით გამხნევებული ნესტორი ცირკში მივიდა და მოჭიდავე შესარკინებლად გამოიწვია. ღმერთმა მას ძალა მისცა და ამ ტანმორჩილმა ყმაწვილმა მოჭიდავე ძირს, შუბებზე გადმოაგდო.
მაქსიმიანეს ლიი მეომრებში გამორჩეული ჰყავდა. მისმა სიკვდილმა ძალიან დაამწუხრა. მან ნესტორის სიკვდილით დასჯა ბრძანა. კეთილშობილი ნესტორის წმინდა სულმა თავის მასწავლებელ – დიმიტრიზე ადრე შეაღწია ცათა სასუფეველში.
კონდაკი:
მოწამე ნესტორ თესალონიკელის რომელმან იღუაწე კეთილად და უკუდავსა ცხორებასა დაემკვიდრე, ვითარცა რჩეული მხედარი მეუფისა დიდისა, ურიცხუნი ტანჯვანი მოითმინენ ლოცვითა წმიდისა დიმიტრი მოწამისათა, მის თანავე უკუე ევედრე ღმერთსა, ნესტორ მოწამეო, დაუცხრომლად ჩუენ ყოველთათვის.
