134.1. მღვდელმთავართა და უხუცესთა შეკითხვა ძალის შესახებ, რომლითაც იესო მოქმედებს

მთ. 21

23. და მო-რაჲ-ვიდა იგი ტაძრად, მოუჴდეს მას მღდელთ-მოძღუარნი იგი და მოხუცებულნი ერისანი, ვითარ-იგი ასწავებდა ერსა, და ჰრქუეს მას: რომლითა ჴელმწიფებითა ამას იქმ, და ვინ მოგცა შენ ჴელმწიფებაჲ ესე? 24. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: გკითხო მეცა თქუენ სიტყუაჲ ერთი, რომელი უკუეთუ მითხრათ მე, მეცა გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ვიქმ ამას. 25. ნათლის-ცემაჲ იოვანესი ვინაჲ იყო: ზეცით ანუ კაცთაგან? ხოლო იგინი განიზრახვიდეს თჳსაგან და იტყოდეს: უკუეთუ ვთქუათ: ზეცით იყო, გურქუას ჩუენ: რაჲსათჳს უკუე არა გრწმენა მისი? 26. და უკუეთუ ვთქუათ: კაცთაგან, გუეშინის ერისა ამის, რამეთუ ყოველთავე ვითარცა წინაწარმეტყუელი უპყრიეს იოვანე. 27. და მიუგეს იესუს და ჰრქუეს: არა უწყით. ჰრქუა მათ მანცა: არცა მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ვიქმ ამას.

23. როცა ტაძარში შევიდა საქადაგებლად, მიადგნენ მას მღვდელმთავარნი და ხალხის უხუცესნი და უთხრეს: რომელი ძალით იქმ ამას? ან ვინ მოგცა ეს ძალა? 24. იესომ პასუხად მიუგო მათ: მეც ერთ რამეს გკითხავთ, და თუ მიპასუხებთ, გეტყვით, რომელი ძალით ვიქმ ამას: 25. ნათლისცემა იოანესი საიდან იყო: ზეციდან თუ კაცთაგან? ხოლო ისინი ერთმანეთში ბჭობდნენ: თუ ვეტყვით: ზეციდანო, ის გვეტყვის: მაშინ რატომ არ ერწმუნეთ მას? 26. ხოლო თუ ვეტყვით: კაცთაგანო, – ხალხისა გვეშინია, ვინაიდან ყველას წინასწარმეტყველად მიაჩნია იოანე.  27. და პასუხად უთხრეს იესოს, არ ვიცითო, და მანაც მიუგო: მაშინ არც მე გეტყვით, რომელი ძალით ვიქმ ამას.

მკ. 11

27. და მოვიდეს კუალად იერუსალჱმდ. და ვითარცა იქცეოდა იგი ტაძარსა მას შინა, მოვიდეს მისა მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი და მოხუცებულნი. 28. და ეტყოდეს მას: რომლითა ჴელმწიფებითა იქმ ამას, და ვინ მოგცა შენ ჴელმწიფებაჲ ესე, რამეთუ ამას იქმოდი? 29. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: გკითხო მეცა თქუენ სიტყუაჲ ერთი, და თქუენ მომიგეთ მე, და მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ვიქმ ამას: 30. ნათლის-ცემაჲ იოვანესი ზეცით იყო ანუ კაცთაგან? მითხართ მე. 31. ხოლო იგინი განიზრახვიდეს თჳსაგან და იტყოდეს: უკუეთუ ვთქუათ: ზეცით იყო, გურქუას ჩუენ: რაჲსათჳს უკუე არა გრწმენა მისი? 32. და უკუეთუ ვთქუათ: კაცთაგან, გუეშინის ერისა ამის, რამეთუ ყოველთა იცოდეს იოვანე, ვითარმედ ჭეშმარიტად წინაჲსწარმეტყუელი იყო. 33. და მიუგეს და ჰრქუეს მათ იესუს: არა ვიცით. და მიუგო მათ იესუ და ჰრქუა: არცა მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ამას ვიქმ.

27. კვლავ მივიდნენ იერუსალიმში და როცა ტაძრად მიმოდიოდა, მიუახლოვდნენ მღვდელმთავარნი, მწიგნობარნი და უხუცესნი. 28. და უთხრეს მას: რომელი ძალით იქმ ამას? ან ვინ მოგცა ამისი ძალა? 29. ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მათ: მეც ერთ რამეს გკითხავთ, და მიპასუხეთ: მაშინ გეტყვით, რომელი ძალით ვიქმ ამას. 30. ნათლისცემა იოანესი ზეციდან იყო თუ კაცთაგან? მიპასუხეთ. 31. ხოლო ისინი ერთმანეთში ბჭობდნენ: თუ ვეტყვით: ზეციდანო, ის გვეტყვის, მაშინ რატომ არ ერწმუნეთ მას? 32. ხოლო თუ იტყოდნენ: კაცთაგანო, ხალხისა ეშინოდათ, ვინაიდან ყველას ჭეშმარიტ წინასწარმეტყველად მიაჩნდა იოანე. 33. ამიტომ პასუხად უთხრეს იესოს: არ ვიცით. ხოლო იესომ მიუგო მათ: მაშინ არც მე გეტყვით, რომელი ძალით ვიქმ ამას.

(შემდ. 12:1-12; # 134.3)

ლკ. 20 (წინ. 19:45-48; #132)

1. და იყო მათ დღეთა შინა, ასწავებდა რაჲ ერსა მას და ახარებდა ტაძარსა შინა, ზედა-მიუჴდეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი მოხუცებულითურთ, 2. ეტყოდეს მას და ჰრქუეს: გჳთხარ ჩუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ამას იქმ, ანუ ვინ მოგცა შენ ჴელმწიფებაჲ ესე? 3. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: გკითხო თქუენ მეცა სიტყუაჲ ერთი, და მითხართ მე: 4. ნათლის-ცემაჲ იოვანესი ზეცით იყო ანუ კაცთაგან? 5. ხოლო იგინი შეიზრახნეს ურთიერთას და იტყოდეს: უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ: ზეცით იყო, მრქუას ჩუენ: რაჲსათჳს არა გრწმენა მისი? 6. და უკუეთუ ვთქუათ: კაცთაგან, ყოველმან ერმან ქვაჲ დამკრიბოს ჩუენ, რამეთუ სარწმუნო არს იოვანე წინაწარმეტყუელად. 7. და მიუგეს და ჰრქუეს: არა ვიცით, ვინაჲ იყო. 8. და იესუ ჰრქუა მათ: არცა მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ამას ვიქმ.

1. ერთ დღეს, როცა ხალხს ასწავლიდა ტაძარში და ახარებდა, მიადგნენ მღვდელმთავრები და მწიგნობრები უხუცესებთან ერთად. 2. და უთხრეს: გვითხარი რომელი ძალით იქმ ამას? ან ვინ მოგცა ეგ ძალა? 3. მიუგო და უთხრა მათ: მეც ერთ რამეს გკითხავთ და მიპასუხეთ: 4. ნათლისცემა იოანესი ზეციდან იყო თუ კაცთაგან?  5. ხოლო ისინი ერთმანეთში ბჭობდნენ: თუ ვიტყვით – ზეციდანო, ის გვეტყვის, მაშინ რატომ არ ერწმუნეთ მას? 6. ხოლო თუ ვიტყვით – კაცთაგანო, მთელი ხალხი ჩაგვქოლავს, ვინაიდან სწამთ, რომ იოანე წინასწარმეტყველი იყო. 7. და მიუგეს: არ ვიცით, საიდან. 8. ხოლო იესომ უთხრა მათ: მაშინ არც მე გეტყვით, რომელი ძალით ვიქმ ამას.

(შემდ. 20:9-19; # 134.3)

ინ.