ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი. იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის
ინ.: (13: 34-35)
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
მე-17 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი
16.10.2024. მარხვა
მღვდელმოწამისა დიონისე არეოპაგელისა, ათენელ ეპისკოპოსისა, რუსტიკე ზუცისა და ელევთერი დიაკონისა (96); ღირსისა იოანე ქოზიბელისა, კესარიელ ეპისკოპოსისა (VI); ნეტარისა ისიხი ქორებელისა (VI).
დღის ლოცვები
მღვდელმოწამეთა: დიონისე არეოპაგელისა, ათენელი ეპისკოპოსისა, რუსტიკე ხუცისა და ელევთერ დიაკონის
ტროპარი: სიტკბოება ისწავლე შენ და ფრთხილ იყავ ყოველსა შინა, და კეთილი გონება ღმრთივშუენიერად შეიმოსე, აღმოივსენ ჭურისა მისგან რჩეულისა გამოუთქმელნი საიდუმლონი და სარწმუნოება დაიმარხე, და სწორი სრბა მისთანა აღასრულე, მამაო წმიდაო დიონისე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, სავედრებელი ყოვლადწმიდისა მიმართ, ოთხშაბათსა დილას
ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულისთქმათაგან, და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე, და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროის რიცხვისა ქვიშისა, შეყროლდეს და დალბეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა: შენ, დედაო ღვთისა ჩვენისაო, მარადის განგარისხე არაწმინდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე, დედუფალო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე მეცა შენგან ვაიმე, ვაიმე დაბნელებული, ნუ, დედუფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე მტერთა ჩემთა! აღადგინე გულის სიტყვა ჩემი სინანულად, და ხელპყრობილმყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღვრებითა ვჰსცხონდე. ჰე, დედუფალო წმიდაო, დედაო კაცთ-მოყვარისა ღვთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლე იგი მეოხებითა შენითა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკვდიდ! მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთათა და განვჰსწმიდნე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა, და უფროს თოვლისა განვჰსპეტაკნე. ჰე, დედაო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი და ვედრებაი ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა სინანულით უცდომელად, და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, რაჟამს მეგულებოდეს სიტყვად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი, დედუფალო, მოწყალითა თვალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყვის მიმხდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა, და მექმენ მე ვაქილ და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი! მაშინ წარმადგინე მე ურცხვენელი და ცხოვნებული, საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა, დიდებად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და დაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა და სულისა მისისა ცხოველსმყოფელისა ერთისა და დასაბამ ნათელთასა, და თანაარსისა სამებისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: ეფ. 3: 8-21 (დას. 223). ლკ. 6: 46-7: 1 (დას. 28).
მღ.მოწ.: საქმ. 17: 16-34 (დას. 40). მთ. 13: 44-54 (დას. 55).
ლიტ.: ეფ. 3: 8-21
8. მე, უმცირესს წმიდათა შორის, მომეცა ეს მადლი, რათა მეხარებინა წარმართთათვის წარმოუდგენელი სიმდიდრე ქრისტესი, 9. და გამეცხადებინა ყველასთვის, რა არის აღმშენებლობა საიდუმლოსი, უკუნისიდან დაფარულისა ღმერთში, რომელმაც შეჰქმნა ყოველი ქრისტეს მეოხებით, 10. რათა აწ ეკლესიის მეშვეობით ეუწყოს ზეციურ მთავრობათა და ხელმწიფებათ ღვთის მრავალფეროვანი სიბრძნე, 11. თანახმად საუკუნო წინასწარგანჩინებისა, რომელიც აღასრულა მან ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მიერ, 12. ვისითაც გვაქვს სიმტკიცე და სასოება მისდამი მიახლებისა რწმენით. 13. ამიტომაც გევედრებით, გულს ნუ გაგიტეხთ ჩემი წუხილი თქვენს გამო, რაც არის თქვენი დიდება. 14. სწორედ ამიტომ ვიყრი მუხლს ჩვენი უფლის – იესო ქრისტეს მამის წინაშე, 15. ვის მიერაც იწოდება, ყოველი მამობა მიწაზეც და ცაშიც, – 16. რომ თავისი დიდების სიმდიდრისამებრ მოგცეთ თქვენ ძალა, რათა მისი სულით მტკიცედ დამკვიდრდეთ შინაგან კაცში, 17. და ქრისტემ რწმენის მეშვეობით დაივანოს თქვენს გულებში, 18. რათა, სიყვარულით დამკვიდრებულთ და დაფუძნებულთ, ყველა წმიდასთან ერთად შეგეძლოთ სიგრძისა თუ სიგანის, სიღრმისა თუ სიმაღლის წვდომა, 19. და, რაც ყოველგვარ შემეცნებას აღემატება, – შეცნობა ქრისტეს სიყვარულისა, რათა აღივსოთ ღვთის მთელი სავსებით. 20. ხოლო მას, ვისაც ჩვენში მოქმედი ძალით განუზომლად მეტის ქმნა ძალუძს, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ, ანდა გვგონია, – 21. დიდება ეკლესიაში, ქრისტე იესოსა და ყველა თაობაში, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლიტ.: ლკ. 6: 46-7: 1
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? 47. ყველა, ვინც მოდის ჩემთან, ისმენს ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, გიჩვენებთ, ვისა ჰგავს: 48. ჰგავს იგი სახლის მაშენებელ კაცს, რომელმაც ამოთხარა, ამოაღრმავა და კლდეზე დადო საძირკველი. წყალდიდობისას ეკვეთა მდინარე ამ სახლს, მაგრამ ვერ შეარყია, ვინაიდან კლდეზე იყო დაფუძნებული. 49. ხოლო ვინც ისმენს და არ ასრულებს მათ, იმ კაცსა ჰგავს, მიწაზე უსაძირკვლოდ რომ დადგა სახლი, და როგორც კი ეკვეთა მდინარე, მყისვე დაინგრა და დიდი იყო ნგრევა იმ სახლის.
1. როდესაც დაასრულა თავისი სიტყვა ხალხის წინაშე, კაპერნაუმში შევიდა.
მღ.მოწ.: საქმ. 17: 16-34
16. ვიდრე პავლე ათენში ელოდა მათ, აღშფოთდა მისი სული, როცა იხილა, რომ მთელი ქალაქი კერპებით იყო სავსე. 17. ამაზე ელაპარაკებოდა სინაგოგებში იუდეველებს და მორწმუნეებს, გარეთ კი – იმათ, ვისაც ყოველდღე ხვდებოდა მოედანზე. 18. ზოგიერთი ეპიკურელი და სტოელი ფილოსოფოსი შეეკამათა; ერთნი ამბობდნენ: ნეტა რისი თქმა სურს ამ ყბედსო, მეორენი კი გაიძახოდნენ: ეტყობა, უცხო ღვთაებების მქადაგებელიაო, რაკიღა იესოსა და აღდგომას ახარებდა მათ. 19. ხელი ჩასჭიდეს, არეოპაგში მიიყვანეს და უთხრეს: იქნება გაგვაგებინო, რა არის ეგ ახალი მოძღვრება, შენ რომ ქადაგებ? 20. ვინაიდან რაღაც უცნაური რამ ჩაგვესმის ყურში: გაგვაგებინე, რას ნიშნავს ეს? 21. ხოლო ათენელებსა და იქ მცხოვრებ უცხოელებს ისე არაფერი ეხალისებოდათ, როგორც რაიმე სიახლეზე ლაპარაკი ან მისი მოსმენა. 22. დადგა პავლე შუა არეოპაგში და თქვა: ათენელებო, ყველაფერი, რასაც ვხედავ, იმას მოწმობს, რომ ძალზე მორწმუნენი უნდა იყოთ. 23. ვინაიდან, როცა ქალაქი დავიარე და დავათვალიერე თქვენი ტაძრები, ვნახე ერთი სამსხვერპლოც, რომელსაც აწერია: „უცნობ ღმერთს“! მეც სწორედ იმას გახარებთ, ვისაც შეუცნობლად ეთაყვანებით. 24. ღმერთი, სამყაროსა და ყოველივე სამყაროულის შემოქმედი, ცისა და მიწის უფალი, ხელთქმნილ ტაძრებში როდი მკვიდრობს. 25. და არ მოითხოვს მსახურებას კაცთა ხელით, თითქოს რაიმე სჭირდებოდეს, არამედ ყველას თვითონ ანიჭებს სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს. 26. ერთი სისხლისაგან შექმნა მან კაცთა მთელი მოდგმა, რათა დამკვიდრებულიყვნენ მთელი დედამიწის ზურგზე, და დააწესა მათი დამკვიდრების ჟამნი და ზღვარნი. 27. რათა ეძიათ ღმერთი, იქნებ როგორმე შევიგრძნოთ ან მივაკვლიოთო, თუმცა შორს როდია თვითეული ჩვენგანისაგან. 28. ვინაიდან მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ; როგორც ამბობდა ზოგიერთი თქვენი პოეტი: მისი მოდგმა ვართ. 29. ამრიგად, რაკი ღვთის მოდგმა ვართ, ნუ ვიფიქრებთ, თითქოს ღმერთი ოქრო-ვერცხლს ჰგავდეს, ან კიდევ კაცის ხელოვნებით თუ შთაგონებით ნაქანდაკარ ქვას. 30. ასე რომ, ღმერთმა უგულებელყო უმეცრების დრონი და ახლა ყველგან უბრძანებს ყველა კაცს, რომ მოინანიონ. 31. ვინაიდან დაადგინა დღე, როცა სიმართლით განიკითხავს ქვეყნიერებას მისგანვე წინასწარ არჩეული კაცის მიერ, ვისითაც მისცა რწმენა ყველას იმის წყალობით, რომ მკვდრეთით აღადგინა იგი. 32. მკვდრეთით აღდგომა რომ გაიგონეს, ზოგიერომა დაცინვა დაუწყო, ზოგი კი ამბობდა: ამას სხვა დროს მოვისმენთ შენგანო. 33. ასე გამოვიდა პავლე მათგან. 34. ზოგიერთი კი მიემხრო და ირწმუნა; მათ შორის იყო დიონისე არეოპაგელი და, სხვებთან ერთად, ერთი ქალიც, რომელსაც დამარისი ერქვა სახელად.
მღ.მოწ.: მთ. 13: 44-54
44. და მერე, მსგავსია ცათა სასუფეველი ყანაში დაფლული განძისა, რომელიც იპოვა კაცმა, დამალა და გახარებული წავიდა; გაყიდა ყველაფერი, რაც ებადა, და იყიდა ის ყანა. 45. და მერე, მსგავსია ცათა სასუფეველი ვაჭარი კაცისა, რომელიც ეძებს ლამაზ მარგალიტს. 46. და როცა იპოვის ძვირფას მარგალიტს, წავა, გაჰყიდის ყველაფერს, რაც აბადია, და იყიდის მას. 47. და მერე, მსგავსია ცათა სასუფეველი ბადისა, რომელსაც ისვრიან ზღვაში, და იჭერს ყოველნაირ თევზს; 48. ხოლო როცა გაივსება, ნაპირზე გამოათრევენ, დასხდებიან და ვარგისით გოდრებს დაავსებენ, ხოლო უვარგისთ გადაჰყრიან. 49. ასე იქნება ქვეყნის დასასრულსაც: მოვლენ ანგელოზები და მართალთაგან განაშორებენ უკეთურთ; 50. და ჩაყრიან მათ სახმილის ცეცხლში, და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი. 51. ჰკითხა მათ იესომ: გესმით თუ არა ყოველივე ეს? და მათ მიუგეს: დიახ, უფალო. 52. ხოლო იესომ უთხრა მათ: ამიტომ ყოველი მწიგნობარი, რომელიც ცათა სასუფევლის მოწაფე გახდა, მსგავსია სახლის პატრონისა, რომელსაც თავისი საუნჯიდან გამოაქვს ახალიცა და ძველიც. 53. და როცა დაასრულა იესომ ეს იგავნი, იქაურობას გაეცალა. 54. მივიდა თავის მამულში და ასწავლიდა მათ სინაგოგაში, ისე რომ, უკვირდათ და ამბობდნენ: ვინ მისცა ესოდენი სიბრძნე და ძალა?
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
მღვდელმოწამე დიონისე არეოპაგელი – ათენელი ეპისკოპოსი, რუსტიკე ხუცესი და ელეფთერ დიაკონი (+96)
ჩვენამდე მოაღწია დიონისე არეოპაგელის თხზულებებმა, რომელთაც განუზომელი მნიშვნელობა აქვთ მართლმადიდებლური ეკლესიის ღვთისმეტყველებისათვის.
წმიდა დიონისე 4 იანვარსაც იხსენიება (უფრო ვრცლად მისი ცხოვრება ამ დღის საკითხავშია ჩართული).
ნეტარი ისიხიოს ქორებელი (IV)
ღირსი იოანე ქოზიბელი – კესარიელი ეპისკოპოსი (VI)
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ძილად დაწოლისა, ოთხშაბათსა
აღსვლასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი განსვენებისათვის ხორცთა ჩემთასა, რათა მძინარეცა შენვე გაქებდე, რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონება და გულის სიტყვანი ჩემნი! წმიდა ჰყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოსი შენი, მცველად აღდგომისა ჩემისა, რათა დავიმარხნე ხორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშვებ ჩემ ზედა სატანასა ბოროტსა და მარადის მოძულესა სიწმიდისა შენისასა, მოყვარესა სულსა ამაოებისასა, და რათა ჟამსა განღვიძებისა ჩემისასა განვიმარტნე ხელნი ჩემნი სახედ ჯვარისა შენისა უფალო, და შენ ჯვარცმულსა აღგიარნე ბრალნი ჩემნი და მე განძლიერებული ესრეთ გიღაღადებდე: უფალო, დაიცევ მეფეი და ქალაქი ჩემი, მეფე, რომელ არს სული ჩემი და ქალაქი გვამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად სამკვიდრეელად სიწმიდისა შენისა ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, დავჰსწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯვარითა შენითა, და დავიძინებ მინდობითა საფარველისა შენისათა. მამაო დამიცევ, ძეო დამიფარე, და სულო წმიდაო შემიწყალე მე! მრავალმოწყალეო ღმერთო უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე უღირსი მონაი შენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტე შენისათა და წმინდა მყავ მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა, რათა განფრთხობილი არმურისა ბოროტთა ოცნებათაგან მტერისათა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირს ვიქმნე წმიდითა გონებითა მოსლვად და მოღებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განჰსწმედ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.