ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია. ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს დავემონები. 1 კორ 6:12
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
მე-19 შვიდეული შემდგომად მეერგასისა.
პარასკევი 1.11.2024. მარხვა
„კოლხეთის“ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაული („კოლხეთის“ ღმრთისმშობლის ხატის ჩამოსვენება საქართველოში ათონის წმიდა მთიდან, 2007 წ., დასვენებულია ფოთის საკათედრო ტაძარში). წინასწარმეტყველისა იოელისა (800წ. ქრ. შ-მდე); მოწამისა ნიკოლოზისა (დვალი, 1314); მოწამეთა უარისა და მისთანა შვიდთა ქრისტიანთა მოძღვართა (307); ნეტარისა კლეოპატრასი (327) და ძისა მისისა იოანესი (320); მღვდელმოწამისა სადოთ სპარსელი ეპისკოპოსისა, და მისთანა 120-თა მოწამეთა (342).
დღის ლოცვები
წინასწარმეტყველი იოელი კონდაკი:
ვითარცა დიდსა წინაისწარმეტყუელსა ღმრთისა მოსვლისასა დღეს შემოკრებულნი ესე შეგასხამთ გალობათა მიერ, რამეთუ განაბრწყინვენ ყოველნი უმეცრებისა ბნელსა შინანი, აღმყვანებელმან მათმან საღმრთოსა სიმაღლისა მიმართ, ვინა გიღაღადებთ შენ, იოელ: გიხაროდენ, ჰოი, ნეტარო, წინაისწარმეტყუელთა სიმტკიცეო.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, პარასკევს დილით
წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანისვჰსცე და მას მხოლოსა ვმსახურო. ხოლო შენი სალმობა და რისხვა მიიქეცინ თავსავე შენსა და თხემსა შენსა ზედა გმობა შენი დაჰხედინ აწინდელსა ჟამსა შინა და ყოფადსა საუკუნესა უფსკრულსა შინა. რაი არს შენი და ჩვენი უცხოო ღვთისაგან, ლტოლვილო ცათაგან, მონაო ბოროტო და განდგომილო! არა გაქვს შენ ფლობაი ჩვენი, ქრისტესა ძესა ღვთისასა აქვს ფლობაი ჩვენი, ყოველთა მისა ვჰსცოდეთ და მასვე სიტყვა უგოთცა. ხოლო შენ ივლტოდე ჩემგან, მომსვრელო და წინააღმდგომო მტერო ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, და გეენისა და ყოვლისა სატანჯველისა დამკვიდრებულო! ჩვენ სიმტკიცედ გვაქვს ჯვარი პატიოსანი და მით დავჰსთრგუნავთ შენ გველისა თავსა სახელითა ერთარსისა წმიდისა სამებისათა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ზედა მდგომელობითა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისათა, რამეთუ მისსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: ფლპ. 1: 27-2: 4 (დას. 239). ლკ. 10: 1-15 (დას. 50).
ცისკ.: ლკ. 1: 39-49, 56 (დას. 4).
ლიტ.: რიგისა და ფლპ. 2: 5-11 (დას. 240). ლკ. 10: 38-42; 11: 27-28 (დას. 54).
ლიტ.: ფლპ. 1: 27-2: 4. ლკ. 10: 1-15
27. მაგრამ ისე კი იცხოვრეთ, როგორც შეჰფერის ქრისტეს სახარებას, რათა, მოვალ და გიხილავთ, თუ შორს ვიქნები, მხოლოდ ის მესმოდეს თქვენზე, რომ ერთსულოვნად დგახართ და ერთობლივად იღვწით სახარების რწმენისთვის. 28. ნურაფერში შეუკრთებით თქვენს წინააღმდგომთ; მათთვის ეს წარწყმედის ნიშანია, თქვენთვის კი – ხსნისა, და ეს ღვთისაგან არის. 29. რადგანაც ქრისტეს გულისთვის მარტო რწმენა კი არ მოგეცათ, არამედ ვნებაც მისთვის, 30. იმავე ღვაწლით, რა ღვაწლიც ჩემში გიხილავთ და ახლაც გესმით, რომ ვიღვწი.
1. ამრიგად, თუ არის რაიმე ნუგეში ქრისტეში, თუ არის რაიმე სიამე სიყვარულისა, თუ არის რაიმე თანაზიარობა სულისა, თუ არის რაიმე თანალმობა ან წყალობა, 2. აღავსეთ ჩემი სიხარული, რათა იყოთ თანამზრახველნი, ერთი და იმავე სიყვარულით გულშეძრულნი, ერთსულოვანნი და თანამოაზრენი. 3. ნურას ჩაიდენთ ცილობით და ცუდმედიდობით, არამედ, ქედმოდრეკილნი, საკუთარ თავზე უმეტესად მიიჩნევდეთ ერთიმეორეს. 4. მარტო თავის თავზე ნუკი ზრუნავს თვითეული თქვენგანი, არამედ სხვებზეც იზრუნოს.
ლიტ.: ლკ. 10: 1-15
1. ამის შემდეგ აირჩია უფალმა სხვა სამოცდაათი მოწაფეც და წინასწარ წარგზავნა ისინი წყვილ-წყვილად იმ ქალაქებსა თუ სოფლებში, სადაც თვითონ აპირებდა მისვლას. 2. უთხრა მათ: სამკალი ბევრია, მაგრამ ცოტანი არიან მომკალნი. მაშ, ევედრეთ სამკალის პატრონს, რათა მუშაკნი მოავლინოს თავის სამკალში. 3. წადით: აჰა, მე გგზავნით თქვენ, როგორც კრავებს მგლებს შორის. 4. ნუ წაიტანებთ ნურც ფუთას, ნურც აბგას, ნურც ფეხსაცმელს, და ნურავის მიესალმებით გზაში. 5. რომელ სახლშიც უნდა შეხვიდეთ, თავდაპირველად თქვით: მშვიდობა ამ სახლს. 6. თუ იქნება იქ ძე მშვიდობისა, მასზე დაივანებს თქვენი მშვიდობა; თუ არა და – თქვენვე დაგიბრუნდებათ. 7. იმავე სახლში დარჩით, ჭამეთ და სვით, რაცა აქვთ, რადგანაც ღირსია მაშვრალი თავისი საზღაურისა. ნუ გადახვალთ სახლიდან სახლში. 8. თუ რომელიმე ქალაქში მიხვალთ და მიგიღებენ, ჭამეთ, რაც შემოგთავაზონ. 9. განკურნეთ იქაური სნეულნი და უთხარით მათ: მოგიახლოვდათ ღმრთის სასუფეველი. 10. ხოლო თუ რომელიმე ქალაქში მიხვალთ და არ მიგიღებენ, ქუჩაში გამოსვლისას თქვით: 11. თვით მტვერს, რომელიც თქვენს ქალაქში მოგვეკრა, ჩამოვიბერტყავთ და თქვენ გიტოვებთ; მაგრამ იცოდეთ, რომ მოგიახლოვდათ ღმრთის სასუფეველი. 12. გეუბნებით, განკითხვის დღე სოდომისათვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე ამ ქალაქისათვის. 13. ვაი, შენდა, ქორაზინ! ვაი შენდა, ბეთსაიდა! რადგან ტიროსსა და სიდონს რომ მოვლენოდა თქვენში მოვლენილი სასწაული, რა ხანია ძაძასა და ნაცარში მსხდომნი შეინანებდნენ. 14. ამიტომ განკითხვის დღე ტიროსისა და სიდონისთვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე თქვენთვის. 15. და შენ, კაპერნაუმ, თვით ზეცამდე ამაღლებული, ჯოჯოხეთამდე დაემხობი.
ცისკ.: ლკ. 1: 39-49, 56
39. ადგა მარიამი იმ დღეებში და სასწრაფოდ მიაშურა მთიანეთს, იუდას ქალაქს. 40. შევიდა ზაქარიას სახლში და მოიკითხა ელისაბედი. 41. როგორც კი გაიგონა ელისაბედმა მარიამის მოკითხვა, ყრმა შეიძრა მის მუცელში, და აღივსო სულით წმიდით ელისაბედი. 42. ხმამაღლა შეღაღადა და თქვა: კურთხეული ხარ დედათა შორის და კურთხეულია შენი მუცლის ნაყოფი! 43. ვინ გამხადა იმის ღირსი, რომ ჩემთან მოვიდა ჩემი უფლის დედა? 44. ვინაიდან, როგორც კი ჩემს ყურს მოსწვდა შენი მოკითხვის ხმა, სიხარულით შეიძრა ყრმა ჩემს მუცელში. 45. ნეტარია, ვინც ირწმუნა, რადგანაც აუსრულდება ყველაფერი, რაც ეუწყა უფლის მიერ. 46. და თქვა მარიამმა: ადიდებს ჩემი სული უფალს, 47. გაიხარა ჩემმა სულმა ღმერთის, ჩემი მაცხოვრის გამო. 48. ვინაიდან მოხედა თავისი მხევლის სიმდაბლეს: და, აჰა, ამიერიდან ნეტარად შემრაცხავს ყოველი მოდგმა; 49. რადგანაც დიდი სიკეთე მიყო ყოვლადძლიერმა, და წმიდაა მისი სახელი.
56. სამი თვე დაჰყო მარიამმა ელისაბედთან და წავიდა თავის სახლში.
ლიტ.: რიგისა და ფლპ. 2: 5-11
5. იგივე ზრახვები გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს, 6. რომელსაც, თუმცა ღვთის ხატი იყო, ნაძარცვად არ შეურაცხავს ღვთის სწორად ყოფნა. 7. მაგრამ თავი დაიმცრო, მონის ხატი შეიმოსა და გარეგნობით კაცის მსგავსებად იქცა. 8. თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე. 9. ამიტომაც აღამაღლა იგი ღმერთმა და ყველა სახელზე უზენაესი სახელი მისცა, 10. რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი, ზეცისაც, ქვეყნისაც და ქვესკნელისაც, 11. და ყველა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, სადიდებლად ღვთის და მამისა.
ლიტ.: ლკ. 10: 38-42; 11: 27-28
38. მოხდა ისე, რომ გზად მიმავალი ერთ სოფელში შევიდა და ვიღაც ქალმა, რომელსაც სახელად ერქვა მართა, თავის სახლში შეიპატიჟა იგი. 39. ამ ქალს ჰყავდა და, სახელად მარიამი, რომელიც იესოს ფერხთით ჩამოჯდა და ისმენდა მის სიტყვას. 40. მართა კი დაფუსფუსებდა, ვინაიდან ბევრი საზრუნავი ჰქონდა სამასპინძლოდ; მივიდა და უთხრა მას: უფალო, ნუთუ ვერ ხედავ, რომ ჩემმა დამ მარტო მე მომანდო მასპინძლობა? უთხარი, ხელი შემაშველოს. 41. მიუგო იესომ და უთხრა მას: მართა, მართა, ბევრ რამეზე ზრუნავ და შფოთავ; 42. მაგრამ საჭიროა მხოლოდ ერთი რამ. მარიამმა კი უკეთესი წილი ირჩია, რომელიც არ წაერთმევა მას.
11: 27-28
27. ამას რომ ამბობდა, ერთმა ქალმა ხმა აიმაღლა ხალხში და უთხრა: ნეტარია მუცელი, რომელმაც გატარა, და ძუძუნი, რომელთაც სწოვდი. 28. ხოლო მან თქვა: ნეტარ არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და იცავენ მას.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
წინასწარმეტყველი იოველი (800 წ. ქრისტეს შობამდე)
წმიდა მოწამე უარი და მასთან შვიდნი მოძღვარნი ქრისტიანეთანი (+დაახლ. 307)
იმ დროისათვის მაქსიმიანემ წამოიწყო ქრისტიანთა დევნა და მთელს თავის სამფლობელოში გასცა ბრძანება, დაეხოცათ ყველა ქრისტიანი, რომლებიც უარს იტყოდნენ, მსხვერპლი შეეწირათ კერპებისათვის. მიაღწია ამ ბრძანებამ ეგვიპტემდეც და უმოწყალოდ იღვრებოდა მრავალი მორწმუნის უდანაშაულო სისხლი. ამ დროს უარი ღამღამობით, მცველების მოსყიდვით შედიოდა საპყრობილეებში, ამბორს უყოფდა წმიდა მოწამეთა ბორკილებს, ჰბანდა ჭრილობებს, მიჰქონდა საკვები და სთხოვდა შუამდგომლობას ღვთის წინაშე.
ერთხელ, უდაბნოში შეიპყრეს შვიდი ქრისტიანი, რომლებიც ასწავლიდნენ ხალხს ჭეშმარიტ სარწმუნოებას და მიჰგვარეს ეგვიპტის მბრძანებელს. დაკითხვისა და წამების შემდეგ, როცა ისინი მტარვალის ბრძანებით ჩაყარეს საპყრობილეში, უარი თავის ჩვეულებისამებრ ღამით მივიდა მათთან, გაუხსნა ხელ-ფეხი, ამბორს უყოფდა მათ და მიუგებდა: „ნეტარ ხართ თქვენ, ერთგულნო და კეთილნო მონანო ღვთისანო, რომელთაც გეგულებათ შესვლა უფლისა თქვენის სიხარულში, რამეთუ მტკიცედ იდექით სისხლის დათხევამდე. ნეტარ ხართ თქვენ კეთილნო მოღვაწენო, რომელთათვისაც უზენაესის ხელით მზადდება გვირგვინი, რამეთუ „მოთმინებით გალიეთ თქვენს წინაშე მდებარე სარბიელი. დილისათვის, როგორც მე დანამდვილებით ვიცი. დასრულდება თქვენი ტანჯვა. ნეტარ ხართ თქვენ ჭირთადამთმენელნო ქრისტესთვის, რომელთათვისაც ღიაა ცათა სასუფეველი, რამეთუ ჩვენთვის ტანჯულ ქრისტესთან „ერთად ევნებით, რათა მასთან ერთად იდიდოთ. გევედრებით წმიდანო ღვთისანო – ევედრეთ ჩემთვის უფალს, რათა მოიღოს მოწყალება, რამეთუ მსურს თქვენსავით ვეწამო მისთვის, მაგრამ ჩემი სისუსტის გამო მეშინია იმ ტანჯვისა, რომელიც თქვენ გიტვირთავთ“.
წმიდანებმა კი მიუგეს: „ვერვინ მიაღწევს სრულყოფილებას, თუკი ექნება შიში გულში, ვერვინ მოიმკის თუ არ დასთესს, ვერვინ მოიგებს გვირგვინს, თუ არ ეწამება. გახსოვდეს სახარების სიტყვები „ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, მეც უარვყოფ მას, მამის ჩემის ზეციერის წინაშე“. თუ გეშინია წუთიერი ტანჯვისა, ვერ გადაურჩები საუკუნო ტანჯვას. თუ გეშინია აღიარო იგი მიწაზე, ვერ შესძლებ იხილო იგი ზეცაში. მოდი ძმაო, და ვიდოდე ჩვენთან ერთად ტანჯვის გზით უფლისათვის, რომელიც ხედავს ჩვენს საქმეს; ევნე ჩვენთან ერთად, რამეთუ სხვა ასეთ ძმობას ვეღარ იხილავ მალე“. ამ სიტყვებით გამხნევებული უარი, აენთო ღვთისადმი სიყვარულით, და მზად იყო ყოველგვარი განსაცდელისათვის. მთელი ღამე გაატარა მან მოწამეებთან ერთად.
დილით მცველებმა მიჰგვარეს ისინი ეგვიპტის მრძანებელს. რადგან ერთი მოწამე მიყენებული ჭრილობებისაგან უკვე აღსრულებულიყო, კითხვაზე, თუ სად იყო მეშვიდე ქრისტიანი, საღმრთო შურით აღვსილი წმიდა უარი უშიშრად წარსდგა მტარვალთა წინაშე და მიუგო: „მეშვიდე მე ვარ, რადგან ერთი უკვე წარუდგა ქრისტეს – და მე დამტოვა თავისი წამების მემკვიდრედ, და ამიტომაც, რაც მას ემართა შენთვის, მე მზად ვარ გადაგიხადო, მსურს მის მაგივრად ვეწამო, რამეთუ ქრისტიანი ვარ“.
ამ სიტყვების მოსმენით განრისხებულმა მბრძანებელმა, ბრალი დასდო წმიდა მოწამეთ, რომ ეს მათ მოხიბლეს და შეაცდინეს უარი და მუქარით ეუბნებოდა: „ამ წამს ნაკუწებად ვაქცევ თქვენს სხეულებს, თუ თაყვანს არ სცემთ ეგვიპტის ღმერთებს“. წმიდანები კი მიუგებდნენ: „ჩვენ უარვყოფთ ღმერთებს, რომელთაც არ შეუქმნია ცა და ქვეყანა“. ნეტარი უარი კი მბრძანებლის უფრო მეტად განსარისხებლად ამბობდა: „უგუნური უგუნურად ლაპარაკობს“, – ამბობს წინასწარმეტყველი ესაია. აჰა შენს წინაშეა მათი სხეულნი – ჰქმენი რაც გნებავს“.
გაცოფებული მტანჯველის ბრძანებით იქვე დაიწყეს უარის სასტიკი წამება. რკინის ბრჭყალებითა და დანებით ჭრიდნენ მის სხეულს, შემდეგ ლურსმნებით ხეზე თავდაღმა მიაკრეს და დაუწყეს ტყავის გაძრობა, ხოლო მუცელზე იმდენი სცემეს ჯოხით, სანამ შიგნეულეობა გარეთ არ გადმოუცვივდა. ამის შემხედვარე წმიდა მოწამენი გულმხურვალედ ევედრებოდნენ უფალს და უარს ამხნევებდნენ: „მტკიცედ სდექ უარი, რამეთუ ქრისტე დგას შენს გვერდით და უხილავად გეხმარება“. უარმა უპასუხა: „ჭეშმარიტად ვიგრძენი შეწევნა მეუფისა, რამეთუ არარად მიღირს წამება“.
ხუთი საათის შეუბრალებელი წამების შემდეგ უარის წმიდა და მართალი სული უფალს ჩაბარდა. მტანჯველები კი, რომელთაც უარი ცოცხალი ეგონათ, განაგრძობდნენ მის წამებას. შემდეგ მისი სხეული ქალაქგარეთ ძაღლების შესაჭმელად დააგდეს იმ ადგილას, სადაც საქონლის გვამებს ჰყრიდნენ.
ერთი კეთილმორწმუნე ქალი სახელად კლეოპატრა, წარმოშობით პალესტინიდან, რომლის ქმარიც მხედართმთავარი იყო ეგივპტეში და რომელსაც ჰყავდა ვაჟი, ჯერ კიდეც ყმაწვილი იოანე, – შორიდან მწუხარებით ადევნებდა თვალს წმიდა უარის ტანჯვას. ღამით, მან ფარულად წამოიღო მოწამის გვამი და თავის სახლში დაკრძალა. მეორე დღეს დანარჩენ წმიდა მოწამეებს თავი მოჰკვეთეს.
გავიდა რამდენიმე წელიწადი. ქრისტიანთა დევნა მიწყნარდა და კლეოპატრამ გადაწყვიტა დაბრუნებულიყო პალესტინაში, ამასთან მოინდომა წმიდა უარის ნეშტის თან წაღება. ფიქრის შემდეგ მან გადაწყვიტა მოქცეულიყო შემდეგნაირად: ეგვიპტის მბრძანებლისაგან გამოეთხოვა ნებართვა, რომ მისი ქმარი, რომელიც ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს, გადაესვენებინა სამშობლოში. მიიღო რა თანხმობა, თავისი ქმრის მაგივრად წაასვენა წმიდა უარის ნეშტი და დაკრძალა სოფელ ედრაში, თაბორის მახლობლად, თავისი წინაპრების გვერდით. ყოველ დღე იგი მიდიოდა უარის საფლავთან, აკმევდა საკმეველს და აღანთებდა სანთლებს. მისი მაგალითით მრავალმა ქრისტიანმა დაიწყო ამ წმიდა საფლავთან მისვლა, თან მიჰყავდათ სნეულნი, რომლებიც წმიდა უარის ლოცვით იკურნებოდნენ. მთელს ახლომახლო სოფლებში გავრცელდა წმიდა უარის დიდება. ხედავდა რა, რომ მრავალი ქრისტიანი მიდიოდა წმიდანის საფლავთან სალოცავად, კლეოპატრამ გადაწყვიტა ტაძრის აგება და შეუდგა კიდევ საქმეს. იმ დროისათვის მისი ვაჟი იოანე 17 წლის ყმაწვილი იყო და დედამ ჩაარიცხვინა იგი მეფის მხედრობაში, მაგრამ გადაწყვიტა ტაძრის მშენებლობის დასრულებამდე არ გაეშვა იმპერატორის სამსახურში. როცა დამთავრდა ტაძრის შენება, კლეოპატრამ მოუწოდა ეპისკოპოსებს, მღვდლებს, მლოცველებს და დიდი ზეიმით აკურთხეს ტაძარი. წმიდა უარის ნეშტი შეაბრძანეს ტაძარში და დაკრძალეს ტრაპეზის ქვეშ. კლეოპატრა მუხლმოყრილი ევედრებოდა წმიდა უარს შემდეგი სიტყვებით: – „გევედრები შენ, ჭირთადამთმენელო ქრისტესო, გამომითხოვე უფლისაგან ის, რაც სათნო იქნება მისთვის და სასარგებლო ჩემთვის და ჩემი ერთადერთი შვილისათვის, მე არ მაქვს სხვა სათხოვარი, გარდა იმისა, რაც ღმერთს სურს ჩვენთვის, მან თვითონ იცის რა არის ჩვენთვის საჭირო და დაე აღსრულდეს ჩვენზედა მისი კეთილი ნება“. ლიტურგიის აღსრულების შემდეგ მან გადაიხადა დიდი ნადიმი ყველა იქ მყოფთათვის და თავის ვაჟთან ერთად ემსახურებოდა სტუმრებს. როცა ყველა სტუმარი წავიდა, კლეოპატრამ დაინახა, რომ მისი შვილი უეცრად ავად გამხდარიყო. ყმაწვილი ცხელებისგან იწვოდა. ამის დამნახავმა დედამ თქვა: „ვფიცავ უფალს, რომ ერთ ლუკმასაც არ ჩავიდებ პირში, სანამ არ ვნახავ, რით დამთავრდება ჩემი შვილის ავადმყოფობა“. შუაღამისას ყრმა გარდაიცვალა. ამ მოულოდნელი უბედურებით თავზარდაცემულმა დედამ ტირილით მიირბინა წმიდა უარის საფლავთან და შეჰღაღადა:
– „ასე გადამიხადე სამაგიერო ჩემი სამსახურისთვის ღვთის სათნომყოფელო? ასე დამეხმარე, მაშინ როცა მე უგულებელვყავ საკუთარი ქმარი და შენზე ვამყარებდი მთელს იმედებს? შენ დაუშვი, რომ მომკვდარიყო ჩემი ერთადერთი შვილი, დაღუპე ჩემი იმედი, წამართვი ჩემი თვალის ჩინი. ვინღა მიპატრონებს სიბერეში? ვინღა დამიხუჭავს თვალებს? ვინღა მომაყრის მიწას? უმჯობესი იყო მე მოვმკვდარიყავი ვიდრე ნაადრევი ყვავილივით მოწყვეტილი ჩემი შვილი მენახა. აღმიდგინე ჩემი შვილი, როგორც ოდესღაც ელისემ სამარიტელს, თუ არა და მეც წამიყვანე აქედან, რამეთუ გამიმწარდა სიცოცხლე დარდისაგან“. დიდი მწუხარებისა და უკიდურესი დაღლილობისაგან გათანგულ ქალს ცოტა ხანს ჩასთვლიმა წმიდანის საფლავთან. ძილში გამოეცხადა მას წმიდა უარი, რომელსაც ხელჩაკიდებული ეჭირა მისი ვაჟი. ორივენი გაბრწყინებულნი იყვნენ როგორც მზე, მათი სამოსი იყო თოვლზე უთეთრესი, წელზე ერტყათ ოქროს ქამრები და თავზე ედგათ გამოუთქმელი სილამაზის ოქროს გვირგვინები. ნეტარი კლეოპატრა ფეხებში ჩაუვარდა მათ, მაგრამ წმიდა უარმა ააყენა და უთხრა: – „ჰოი, დედაკაცო, რისთვის მემდური მე? ნუთუ გგონია, რომ დავივიწყე შენი სამსახური ეგვიპტეში. ან იქნებ გგონია, ვერაფერს ვგრძნობდი, როცა აიღე ჩემი სხეული საქონლის გვამებიდან და შენს ოთახში დაასვენე. განა მე ყოველთვის არ ვისმენ შენს ლოცვას და ვევედრები უფალს შენთვის? და უპირველეს ყოვლისა მე შევავავედრე უფალს შენი ახლობლები, რომლებთანაც დამასვენე აკლდამაში. ახლა კი, მე წავიყვანე შენი ვაჟი ზეციური მეფის სამსახურისათვის. ყოვლად მოწყალე უფალმა თავისი გამოუთქმელი მოწყალებით ინება და შენი შვილი მიღებულ იქნა მის ზეციურ მხედრობაში. თუ გსურს, წაიყვანე უკან და გააგზავნე მიწიერი და დროებითი მეფის სამსახურში, რადგან ვხედავ, რომ არ გინდა ემსახუროს ზეციურ და მარადიულ მეფეს“. ყრმა კი მოეხვია წმიდა უარს და უთხრა: ნუ ბატონო ჩემო, ნუ დაუჯერებ დედაჩემს, ნუ დამაბრუნებ სიცრუითა და ყოველგვარი უსამართლობით აღსავსე სოფელში, რომელსაც შენი მეოხებით თავი დავაღწიე. ნუ მომაკლებ, მამაო, შენსა და წმიდანების სიახლოვეს. შემდეგ მიუბრუნდა დედამისს და უთხრა: „რისთვის სტირი, დედაო ჩემო? მე მომეცა უფლება ანგელოზებთან და ზეციურ მხედრობასთან ერთად ვემსახურო უფალს, შენ კი ითხოვ, რომ მომაკლონ ამ დიდებას“. ნეტარმა კლეოპატრამ დაინახა რა, რომ მისი შვილი შემოსილია ანგელოზთა სამოსელში, შეევედრა მათ: „მეც წამიყვანეთ, რათა თქვენთან ერთად ვიყო“, მაგრამ წმიდა უარმა მიუგო: „მანდ, მიწაზე ყოფნისას შენ მაინც ჩვენთან ხარ. წადი მშვიდობით და როცა ინებებს უფალი, მოვალთ და წაგიყვანთ“. ამ სიტყვებზე ორივენი უჩინარნი გახდნენ.
გამოღვიძებულმა კლეპატრამ კი გულში გამოუთქმელი სიხარული იგრძნო. მოუხმო მღვდლებს და მათთან ერთად პატივით დაკრძალა თავისი შვილი წმიდა უარის გვერდით, უკვე არა გლოვით, არამედ უფლისმიერი სიხარულით. შემდეგ მან გაყიდა მთელი თავისი ქონება და ამა სოფელს განშორებული ცხოვრობდა წმიდა უარის ეკლესიაში დღედაღამ უფლის სამსახურში. ყოველ კვრია დღეს, ლოცვის დროს, ეცხადებოდნენ მას წმიდა უარი და მისი შვილი ბრწყინვალე ნათლით მოსილნი. შვიდი წლის მოღვაწეობის შემდეგ ნეტარი კლეოპატრა წარსდგა უფლის წინაშე. მისი სხეული დაკრძალეს მისი შვილის გვერდით, ხოლო მისი სული კი წმიდა უართან და წმიდა იოანესთან ერთად მარადის მეოხ არს ჩვენთვის ღვთის წინაშე, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მღვდელმოწამე სადუკი, სპარსელი ეპისკოპოსი და მასთან ასოცდარვა მოწამე (+342)
ღირსი იოანე რილელის ნაწილთა გადასვენება (1238)
ღირსმოწამე ნიკოლოზ დვალი (+1314)
აღიზარდა. ყოველმხრივ გამორჩეული ახალგაზრდა მოღვაწე მონაზვნად აღკვეცეს
პროხორეს სახელით, და მალე მღვდელ-მონაზვნად დაასხეს ხელი. დაახ. 1010-1015
წლიდან წმიდანი იერუსალიმში წავიდა საბას ლავრაში. შემდეგ კი, ექვთიმე გრძელის
ძის ბრძანებით, მან „იწყო შენება მახლობლად იერუსალიმისა სავანისა, რომელსა
უწოდიან ჯუარისა მონასტერი“.გადმოცემის მიხედვით, ამ ადგილას აბრაამის ძმისწულ ლოთს სამი ხე – სარო,
ფიჭვი და ნაძვი დაურგავს. შემდეგ ეს ნერგები სასწაულებრივად შეერთებულან და
ერთი დიდი ხე აღმოცენებულა. ტაძრის შენებისას, სოლომონის ბრძანებით, ეს ხე
მოუჭრიათ, მაგრამ მშენებლობისთვის აღარ გამოუყენებიათ. წმიდა გადმოცემის
თანახმად, სწორედ ამ ხისგან გაკეთდა ჯვარი, რომელზეც გააკრეს მაცხოვარი ჩვენი
იესო ქრისტე. ეს მიწა IV საუკუნეში უბოძებიათ მირიან მეფისთვის (ხს. 1
ოქტომბერს). V საუკუნეში ვახტანგ
გორგასალს (ხს. 30 ნოემბერს) აქ აუგია ჯვრის მონასტერი, რომელიც VII-XI
საუკუნეებში არაერთხელ დაუნგრევიათ.მონასტრის აღსადგენად ამბა პროხორეს დიდძალი საფასე მისცა საქართველოს მეფემ
ბაგრატ კურაპალატმა.
ღირსმა პროხორემ ყოველმხრივ შეამკო მონასტერი. მან თავის გარშემო ოთხმოცი
ბერი შემოიკრიბა, რომელთაც საბაწმიდის ლავრის მსგავსი წესი და კანონი განუჩინა.
წმიდა პროხორეს ხანგრძლივი მოღვაწეობის შემდეგ შრომისა და სიბერისგან სხეული
მოუუძლურდა, მოწაფეთაგან ერთი, სახელად გიორგი, მონასტრის მამასახლისად
დაადგინა, თვითონ კი ორი მოწაფის თანხლებით უდაბნოში გავიდა და მცირედი ხნის
შემდეგ, დაახ. 1066 წელს სული უფალს შეავედრა.
წმიდა ლუკა იერუსალიმელი პატიოსან და წარჩინებულ ქართველთა ოჯახიდან
იყო. მისმა დედამ ქმრის გარდაცვალების შემდეგ შვილები დატოვა, მონაზვნად
აღიკვეცა და იერუსალიმს დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. როცა წმიდა ლუკა ოცი წლისა
შესრულდა, იერუსალიმს გაემგზავრა, ისიც მონაზვნად აღიკვეცა და მალე დიაკვნადაც
აკურთხეს. ღირსმა მამამ მალე შეისწავლა არაბული ენა. როცა ძმებმა იხილეს
„ორკერძოჲვე სიბრძნე“ და სიწმიდე მისი, ჯვრის მონასტრის წინამძღვრად აირჩიეს.
ნეტარი ლუკა კეთილად განაგებდა მონასტერს სამი წლის განმავლობაში.
კაცთა წაწყმედის მოსურნე ეშმაკი შურით აღენთო ღვთის სათნო მამის მიმართ და
მის წინააღმდეგ ბოროტებით აღსავსე სპარსელი, სულთნის კარზე გავლენიანი შეხ
ჴიდარი აამხედრა. მან სულთან ფენდუხტისგან ჯვრის მონასტერი გამოითხოვა.
მონასტრის ხელში ჩაგდების შემდეგ ბოროტი სპარსელი „ვითარცა მხეცი, მიუდგა ძმათა
ჩუენთა ქართველთა და არარაჲთ შეარჩინა“. ღირსი ლუკა, როგორც წინამძღვარი,
წავიდა სულთანთან საშუამდგომლოდ. ქრისტიანებმა წმიდა მამა გააფრთხილეს: „შეხ
ხიდარი გემუქრება, ამიტომ გაიქეცი და დაიმალეო“. ლუკამ ყურადღება არ მიაქცია ამ
გაფრთხილებას, პირიქით, წუთისოფლის ცხოვრებას ქრისტესთვის სიკვდილი არჩია,
მივიდა შეხ ხიდართან და უთხრა „რათა განუტევოს მამანი და მისგან ითხოვოს, რაჲთა
უნებს“. ბოროტებით აღვსილმა სპარსელმა ქრისტიანობის დათმობა და მაჰმადიანობის
მიღება მოსთხოვა, სამაგიეროდ ამირობა და „ტაძრის თავადობა“ აღუთქვა ნეტარს.
წმიდა ლუკამ მტკიცედ აღიარა შახის წინაშე ქრისტიანობა. უარით განაწყენებულმა
და გულისწყრომით აღვსილმა შახმა ბრძანა, თავი მოეკვეთათ ქრისტეს ერთგული
მსახურისათვის.
სასჯელის აღსრულების შემდეგ ლუკას წმიდა მოკვეთილი თავი აღმოსავლეთით
შებრუნდა, გაიცინა და მადლობა შესწირა უფალს. შეხ ხიდარის ბრძანებით, წმიდანის
პატიოსანი გვამი ცეცხლში დაწვეს.
წმიდა მოწამე ნიკოლოზ დვალი მართლმორწმუნე მშობელთა შვილი იყო.
ღვთისმოშიშმა დედ-მამამ იგი შობიდანვე უფალს შესწირა. თორმეტი წლის ყრმა
ნიკოლოზი კლარჯეთის უდაბნოში წავიდა, იქ აღიკვეცა და დაიწყო მოღვაწეობა. შემდეგ
წმიდანი იერუსალიმს წავიდა და იქ ქართველთა ჯვრის მონასტერში დაემკვიდრა.
ქრისტესთვის მოწამეობრივად აღსრულების სურვილით ანთებული წმიდა ნიკოლოზი მხნედ
ქადაგებდა სარწმუნოებას მუსულმანებში და თან უშიშრად ამხელდა მათ ცდომილებებს.
უსჯულოებმა წმიდა ნიკოლოზი შეიპყრეს და მრავალფერი სატანჯველის შემდეგ
ციხეში გამოკეტეს. ქრისტიანებმა შეძლეს და საპყრობილეიდან გამოიხსნეს
აღმსარებელი. წინამძღვრის ბრძანებით წმიდა ნიკოლოზი კვიპროსზე წავიდა,
ქართველთა მონასტერში. იგი მოწამეობრივ აღსასრულს ევედრებოდა უფალს, და წმიდა
იოანე ნათისმცემლის მიერ მიიღო გამოცხადება: დამასკოში უნდა წასულიყო.
დამასკოში ჩასულმა წმიდანმა უსჯულოთა წინაშე ისევ მხნედ აღიარა ქრისტე და
ამხილა მათი უგუნურება. განრისხებულმა უღმრთოებმა შეიპყრეს წმიდა აღმსარებელი,
სასტიკად გვემეს და დილეგში ჩააგდეს. ქრისტიანებმა ძლივს მოახერხეს მისი
გამოხსნა ტყვეობიდან. ახლად განთავისუფლებული წმიდა ნიკოლოზი კვლავ მივიდა
უსჯულოთა შესაკრებელში, კვლავ ჰგმო მათი უგუნურება, რისთვისაც სასტიკად აწამეს,
ხუთასჯერ დაჰკრეს შოლტი და საპყრობილეში ჩააგდეს. წმიდა მოწამე ნათლისმცემლის
სასწაულებრივი გამოცხადებით განიკურნა, ორი თვის შემდეგ კი კვლავ
გაათავისუფლეს.
ქალაქის ამირამ შემთხვევით ნახა იერუსალიმში გასამგზავრებლად მომზადებული
წმიდა ნიკოლოზი, შეიპყრო და ამირათ-ამირას, დენგიზს გაუგზავნა. დენგიზმა
წმიდანს მაჰმადიანობის მიღება შესთავაზა. წმიდა ნიკოლოზმა გაბედულად აღიარა
ქრისტე.
ამირათამირამ მისი მოკვდინება ბრძანა. სანატრელ მოწამე აღმოსავლეთით
მიბრუნდა, სიხარულით მოუდრიკა მახვილს ქედი და თქვა: „დიდება შენდა, ქრისტე
ღმერთო, რომელმან ღირს მყავ შენთჳს სიკვდილსა“. მახვილმა თავი წარკვეთა წმიდა
ნიკოლოზს. მოჭრილმა თავმა შვიდგზის ადიდა ღმერთი და ხმა-ჰყო: „დიდება შენდა,
ქრისტე ღმერთო!“ ამ სასწაულის მხილველმა სპარსელებმა წმიდანი გვამი დაწვეს.
მისი წამების ადგილს სამი დღე ნათლის სვეტი ადგა.
როცა წმიდა ნიკოლოზის მოძღვარმა თავისი სულიერი შვილის მოწარობრივი
აღსასრული შეიტყო, ადიდა ღმერთი და შეევედრა, გამოეცხადებინა მისთვის შეირაცხა
თუ არა ნიკოლოზი წმიდა მოწამეთა შორის. ერთ დღეს, წიგნის კითხვისას, მან
სასწაულებრივი გამოცხადებით იხილა ნათლითა და სურნებელებით სავსე მთა და
ბრწყინვალედ შემკობილი გუნდი წმიდა მოწამეთა, რომელთა შორის გამორჩეულად
ბრწყინავდა დიდმოწამე გიორგი. წმიდა გიორგიმ წმიდა ნიკოლოზი იხმო: „ნიკოლოზ!
გამოვედ და იხილე ბერი ესე, შენი მოძღვარი, რამეთუ მრავალნი ცრემლნი დასთხინა
შენთჳს“. ნიკოლოზმა მოიკითხა მოძღვარი: „აჰა, მიხილე მეცა და ჩემი ადგილიცა და
ამიერითგან ნუღარა მწუხარე ხარ ჩემთვის“, – დაამშვიდა მან იგი. წმიდა ნიკოლოზ
დვალი ეწამა 1314 წლის 19 ოქტომბერს, სამშაბათს.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა დაწოლისა, პარასკევს
დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელი პირველ საუკუნეთა იყავ და ვიდრე უკუნისამდე ხარ, და დასასრული არა გაქვს, რომელმან ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ სახიერო და კაცთმოყვარეო! სულგრძელო და მრავალმოწყალეო, შემიწყალე მე ცოდვილი ესე და ნუ განმირისხდები, მეუფეო, რამეთუ რომელთა საქმეთათვის ვითხოვ შენგან შენდობასა, მათვე დაუცხრომელად შთავვარდები და ვიცი, უფალო, რომელ უკეთუმცა არა მლხინებელ გყოფდა აურახცელი ეგე სახიერება და კაცთმოყვარება შენი, არამცა დაუტევე ტანჯვაი, რომელიცა არა მოაწიე ჩემზედა და ქვეყანასამცა უბრძანე დანთქმაი ჩემი! არამედ სულგრძელ ხარ, უფალო, ჩემზედა თვით დასჯილსა ამას, და სიტყვის-მიცემადცა ვერ შემძლებელსა. დიდება შენდა სახიერო, და მრავალმოწყალეო: აწ უკვე გევედრები, შემიწყალე მაცხოვარო და კაცთმოყვარეო, შემიწყალე თანამდები ესე ყოვლისა ტანჯვისა, და შემინდვენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი, ყოველნი, რომელნი საშოითგან დედისათ ვიდრე აქამომდე მიქმნიან ღამით და დღისით, მეცნიერებით და უმეცრებით, ნებსით და უნებლიეთ, ყოველნი ბრალნი ჩემნი ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, რაოდენიცა მიცოდავს თვალითა და ენითა, სასმენელითა და საყნოსელითა, შეხებითა და სლვითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის წმიდისა! უფალო სახიერო და კაცთმოყვარეო, სულგრძელო, ტკბილო და მრავალმოწყალეო, რაოდენიცა შემიცოდებია შენდა საქმით, სიტყვით, გონებით და გულის-სიტყვით და მოგონებით შემინდევ, უფალო, შემინდევ სახიერო, შემინდევ კაცთმოყვარეო, შემინდევ სულგრძელო და მრავალმოწყალეო, ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეოხებითა მით აურაცხელისა მოწყალებისა და სიტკბოებისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, სულგრძელი და მრავალმოწყალე და მწყალობელი, და შენდა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.