ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია. ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს დავემონები. 1 კორ 6:12
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
მე-20 შვიდეული შემდგომად მეერგასისა.
ორშაბათი. 4.11.2024. ხსნილი
მოციქულთა სწორისა ამბერკისა, იერაპოლელ ეპისკოპოსისა, საკვირველთმოქმედისა (167); შვიდთა ყრმათა ეფესელთა: მაქსიმილიანესი, იამბლიქესი, მარტინიანესი, დიონისესი, ანტონინესი (ან იოანესი), კონსტანტინესი და ექსაკუსტოდიანესი (250, 446); მოწამეთა: ალექსანდრე ეპისკოპოსისა, ირაკლი მხედრისა და ოთხთა დედათა: ანასი, ელისაბედისა, თეოდოტიასი და გლიკერიასი (II-III); დღესასწაული ყაზანის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა.
დღის ლოცვები
რომელმან საკვირველ-ჰყვენ წმიდანი ქუეყანასა ზედა პირველ მეორედმოსლვისა შენისა, მაცხოვარ, და უცხოდ დიდებულითა აღდგინებითა ყრმათა უჩვენე აღდგომა შენი, უმეცართა მისთა უხრწნელად, რა აჩვენენ სამოსელნი და სხეულნი მათნი და მეფესა არწმუნენ ღაღადებად: ვითარმედ ნამდვილვე არს მკუდართა აღდგომა, დიდებაი შენდა.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა
ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: ფლპ. 2: 12-16 (დას. 241). ლკ. 10: 22-24 (დას. 52).
წმ. ებრ. 7: 26-28; 8: 1-2 (დას. 318). ინ. 10: 9-16. (დას. 36).
ლიტ.: ფლპ. 2: 12-16
12. ამრიგად, ჩემო საყვარელნო, როგორც ყოველთვის მორჩილნი იყავით, არა მარტო ჩემი მანდ ყოფნისას, არამედ, მით უმეტეს, ახლა, როცა შორსა ვართ თქვენგან, – შიშით და ძრწოლით აღასრულეთ თქვენი ხსნის საქმე. 13. რადგან ღმერთია ის, ვინც ბადებს თქვენში ნდომასაც და ქმედებასაც თავისი კეთილნებელობით. 14. ყველაფერი აღასრულეთ უდრტვინველად და უყოყმანოდ, 15. რათა იყოთ უბიწონი და უმანკონი, ღვთის უმწიკვლო შვილნი უკუღმართ და გახრწნილ მოდგმაში, რომელშიც ნათობთ, როგორც მნათობნი სამყაროში, 16. სიცოცხლის სიტყვის მფლობელნი, რათა ქრისტეს დღეს დავიქადო, რომ ამაოდ არ ვრბოდი და არც ამაოდ ვიღვწოდი.
ლიტ.: ლკ. 10: 22-24
22. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე, და არავინ იცის, ვინ არის ძე, გარდა მამისა, და არც ის, ვინ არის მამა, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს გამოცხადებას. 23. მიუბრუნდა მოწაფეებს და განცალკევებით უთხრა: ნეტარ არიან თვალნი, რომელნიც ხედავენ, რასაც თქვენ ხედავთ. 24. რადგანაც გეუბნებით თქვენ: მრავალ წინასწარმეტყველსა და მეფეს სურდათ ეხილათ ის, რასაც თქვენ ხედავთ, და ვერ იხილეს; და ესმინათ ის, რასაც თქვენ ისმენთ, და ვერ ისმინეს.
წმ. ებრ. 7: 26-28; 8: 1-2
26. სწორედ ასეთი მღვდელმთავარი გვშვენოდა: წმინდა, უმანკო, უმწიკვლო, ცოდვილთაგან განრიდებული და ზეცათა უზენაესი, 27. რომელსაც იმ მღვდელმთავრებივით როდი სჭირდება ჯერ თავის, ხოლო შემდეგ ხალხის ცოდვებისათვის ყოველდღე სწირავდეს მსხვერპლს, რადგან ეს ერთხელ და სამუდამოდ აღასრულა, როცა შესწირა თავი. 28. ვინაიდან რჯული მღვდელმთავრებად ადგენს უმწეო ხალხს, ხოლო ფიცის სიტყვა, რჯულის შემდგომ, – ძეს, უკუნისამდე სრულქმნილს.
1. ხოლო ჩვენს ნათქვამში უმთავრესი ეს არის: გვყავს მღვდელმთავარი, დიდების ტახტის მარჯვნივ რომ დაჯდა ზეცას. 2. ის არის მსახური წმიდათა და ჭეშმარიტი კარვისა, რომელიც უფალმა ააშენა და არა კაცმა.
წმ. ინ. 10: 9-16
9. მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს. 10. ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ხოლო მე მოვედი, რათა ჰქონდეთ სიცოცხლე და ჭარბადაც ჰქონდეთ. 11. მე ვარ მწყემსი კეთილი: კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის. 12. ხოლო მოქირავე, ვინც არ არის მწყემსი და ვისიც არ არიან ცხვრები, მომავალი მგლის დანახვისას მიატოვებს ცხვრებს და გარბის; მგელი კი წარიტაცებს და გაფანტავს ცხვრებს. 13. მოქირავე იმიტომ გარბის, რომ მოქირავეა და არ ედარდება ცხვრები. 14. მე ვარ მწყემსი კეთილი, და ვიცნობ ჩემს ცხვრებს, ჩემები კი მიცნობენ მე. 15. როგორც მე მიცნობს მამა, ასევე ვიცნობ მეც მამას, და დავდებ ჩემს სულს ცხვრებისთვის. 16. სხვა ცხვრებიც მყვანან, რომლებიც არ არიან ამ ფარეხისა; მათი მოყვანაც მმართებს, რათა ისმენდნენ ჩემს ხმას, და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
წმიდა მოწამენი: დასი, გაიოზი და ზოტიკე (+303)
ღირსი ილარიონ დიდი (+371-372)
ერთხელ ღირს ილარიონს ავაზაკები დაესხნენ თავს, მან კი მადლმოსილი სიტყვით დაარწმუნა ისინი, დაეგდოთ ცოდვილი ცხოვრება.
წმიდა მოსაგრის შესახებ მთელმა პალესტინამ შეიტყო. უფალმა მას არაწმიდა სულების განსხმის ნიჭი მიმადლა. წმიდანი კურნავდა სულიერი და ხორციელი სნეულებებით გვემულებს. ნეტარი მამა ხვდებოდა, თუ რომელი ვნებით იყო შეპყრობილი ესა თუ ის ადამიანი. ღირს ილარიონთან მრავლად მიდიოდნენ მისი ხელმძღვანელობით მოღვაწეობის მსურველები. პალესტინაში მრავლდებოდა წმიდანის კურთხევით აშენებული მონასტრები, თავად კი ერთი სავანიდან მეორეში გადადიოდა და ძმათა შორის მკაცრ მოსაგრე ცხოვრების წესს განამტკიცებდა. წმიდანი თავის ქვეყანაში ისეთივე მოძღვარი იყო, როგორიც ანტონი დიდი – ეგვიპტეში. მიცვალებამდე შვიდი წლით ადრე ღირსი ილარიონი კუნძულ კვიპროსზე დასახლდა და იქ, უდაბურ ადგილას მოღვაწეობდა მანამ, სანამ უფალმა თავისთან არ მოუწოდა (+371-372).
გადასვენება ნაწილთა წმიდისა ილარიონ მეგლინელისა (1206)
ღირსი ფილოთეოზ ათონელი
გავიდა წლები. ფილოთეოზის დედა, ევდოკია, რომელსაც მთელი ამ დროის მანძილზე არაფერი სმენოდა შვილების შესახებ, ღვთის საკვირველი განგებულებით, ნეაპოლშივე ჩავიდა და დედათა მონასტერში მონაზვნად შედგა. რამდენიმე ხნის შემდეგ იგი სხვა თანამოსაგრე დედებთან ერთად იმ სავანეში მოხვდა ტაძრის დღესასწაულზე, სადაც მისი ძეები მოღვაწეობდნენ, მათ მაშინვე იცნეს ერთმანეთი, გაკვირვებულმა და გახარებულმა დედამ შვილებს ჰკითხა, აქ როგორ აღმოჩნდითო. შვილებმა უპასუხეს: „ეს შენ უკეთ უწყი; განა თავად არ მოგვიყვანე აქ საპყრობილიდან გამოხსნის შემდეგ?!“ ევდოკია დარწმუნდა, რომ ღვთისმშობელმა მისი მხურვალე ლოცვები უპასუხოდ არ დატოვა.
დედის გარდაცვალების შემდეგ ფილოთეოზმა ათონის წმიდა მთას მიაშურა, სადაც ჯერ დიონისეს მონასტრის ძმობაში შევიდა, შემდეგ კი სრული მდუმარებისთვის განმარტოვდა. გამუდმებული ლოცვითი ღვაწლით ღირსმა მამამ სულიერ სრულყოფილებას მიაღწია და განჭვრეტის მადლი მოიგო. ოთხმოცდაოთხი წლის ასაკში უფლის რჩეულმა მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. სიკვდილის წინ წმიდანმა თავის მოწაფეებს სთხოვა, მისი ცხედარი არ დაეკრძალათ და უპატიოდ დაეგდოთ ტყეში, ფრინველებისა და მხეცების საჯიჯგნად. ძმებმა შეასრულეს მოძღვრის კურთხევა, მაგრამ მას შემდეგ, რაც უფალმა საკვირველი ნათებით განადიდა თავისი რჩეულის წმიდა ნეშტი, იგი პატივით გადააბრძანეს სავანეში.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა
უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.