ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია. ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს დავემონები. 1 კორ 6:12
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
მე-20 შვიდეული შემდგომად მეერგასისა.
ხუთშაბათი. 7.11.2024. ხსნილი
მოწამეთა მწიგნობართა და წიგნისმკითხველთა მარკიანესი და მარტვირისა (355); მოწამისა ანასტასისა (II); მართლისა ტაბითასი (I); მოწამე ვაროზისა და მისთანა შვიდთა მოწამეთა (III-IV).
დღის ლოცვები
მოწამეთა მარკიანესი და მარტვირისა
კონდაკი: სიჩჩოთგან კეთილად მოღუაწეთა მარკიანე ბრძნისა მარტვირის თანა განდგომილი არიოს ძლიერად დააკვეთეს მოუწყვლელად დამცველთა მართლმადიდებლობისა სარწმუნოებისათა და თანა შედგომილთა პავლე კეთილ მასწავლელისათა, ვინაიცა მის თანავე პოვეთ ცხორებაი, ვითარცა სამებისათვის მბრძოლთა რჩეულთა.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ხუთშაბათსა დილას
უფალო, ღმერთო ყოვლის-მპყრობელო, გულთ მეცნიერო და გულის-სიტყვათა მპყრობელო, რომელმან პყრობილჰყვენ ზღვანი და ხმელნი, ქალაქნი და მდინარენი ნათესავისათვის კაცთასა შენდა შევრდომითა! უფალო იესო ქრისტე ღმერთო ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, კრაო და მწყემსო ჭეშმარიტო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი შენ, სახიერო, დაამდოვრენ ღელვანი და აღტეხანი გულისა ამის ჩემისანი, და აღტყინებანი და აღძვრანი ხორცთა ჩემთანი, მოვლინებულნი უხილავთა მტერთა მიერ, და ვითარცა დააცხრვე და განაქარვე აღტეხაი იგი ზღვისა და დააყუდენ ქარნი მძაფრნი და იხსენ მოწაფენი შენნი დანთქმისაგან, ეგრეთვე შენ, მეუფეო, მოიხილე ჩემზედა მონასა ამას შენსა და მიხსენ აღტყინებისაგან მოუდრეკელთა მათ ხორცთა ჩემთასა! გარე უკუნ-აქციე გულისთქმაი ესე საშინელი, წარსაწყმედელი სულისა ხორცისა ჩემისა! გულს-მოდგინე მყავ მოხსენებად ჟამსა ამას ჯვარცმისა შენისა, გვერდისა შენისაგან გარდამოთხეულსა სისხლსა და წყალსა და კვალად დღე იგი საშინელი განკითხვისა და მიხსენ ვნებათა ამათგან მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ.
ლიტ.: ფლპ. 3: 1-8 (დას. 244). ლკ. 11: 14-23 (დას. 57).
მოწ.: ეფ. 4: 7-13 (დას. 224, შუა). მთ. 10: 1, 5-8 (დას. 34, შუა).
ლიტ.: ფლპ. 3: 1-8
1. სხვა მხრივ კი, იხარეთ, ძმანო, უფალში. ამის მოწერა საძნელო როდია ჩემთვის, თქვენთვის კი სიმხნევეა. 2. ერიდეთ ძაღლებს, ერიდეთ ბოროტის მოქმედთ, ერიდეთ წინადაცვეთას, 3. რადგანაც წინადაცვეთილნი ჩვენა ვართ, სულით რომ ვემსახურებით ღმერთს, ქრისტე იესოთი ვიქადით და ხორცზე არ ვამყარებთ იმედს. 4. თუმცა მე შეიძლება ხორცის იმედიც მქონდეს; თუკი სხვა ვინმე ფიქრობს, რომ ხორცის იმედი აქვს, მე – მით უმეტეს: 5. მერვე დღეს წინადაცვეთილი, მოდგმით ისრაელიტი, ბენიამინის ტომიდან, ებრაელთაგან ებრაელი, სწავლით ფარისეველი, 6. შურით ეკლესიის მდევნელი, რჯულის სიმართლით უმწიკვლო, 7. მაგრამ რაც ჩემთვის სარგო იყო, ზარალად შევრაცხე ქრისტეს გულისთვის; 8. და ყოველივე დანარჩენიც ზარალად შემირაცხავს იმ უზენაეს სიკეთესთან შედარებით, რასაც ჰქვია ჩემი უფლის – ქრისტეს შეცნობა, რისთვისაც ვიზარალე ყოველი, და ყველაფერი ნაგვად მიმაჩნია, რათა შევიძინო იესო ქრისტე,
ლიტ.: ლკ. 11: 14-23
14. ერთხელ ეშმაკი განდევნა მუნჯი კაცისგან; როგორც კი გავიდა ეშმაკი, მუნჯმა ენა ამოიდგა, და უკვირდა ხალხს. 15. ხოლო ზოგიერთმა თქვა: ეს ბელზებულის, ეშმაკთა მთავრის შეწევნით აძევებსო ეშმაკთ. 16. ზოგი კი, საცდუნებლად, სასწაულს მოითხოვდა მისგან ზეცით. 17. მაგრამ ის მიხვდა, რასაც ფიქრობდნენ, და უთხრა მათ: ყოველი სამეფო, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაპარტახდება და ყოველი სახლი, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, დაიქცევა. 18. თუ სატანა თავის თავს გაეყოფა, როგორღა გაძლებს მისი სამეფო? თქვენ კი ამბობთ, რომ მე ბელზებულის შეწევნით ვაძევებ ეშმაკთ. 19. მაგრამ თუ მე ბელზებულის შეწევნით ვაძევებ ეშმაკთ, ვისი შეწევნითღა აძევებენ მათ თქვენი ძენი? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულნი. 20. ხოლო თუ მე ღმერთის თითით ვაძევებ ეშმაკთ, მოუწევია კიდეც თქვენთან ღმრთის სასუფეველს. 21. როცა ძლიერი შეჭურვილი იცავს თავის კარ-მიდამოს, არაფერი ემუქრება მის საბადებელს. 22. მაგრამ როცა უფრო ძლიერი დაესხმის თავს, დაამარცხებს, აჰყრის საჭურველს, რომლის იმედიც ჰქონდა, და ანაწილებს ნაძარცვს. 23. ვინც ჩემთან არაა, ჩემს წინააღმდეგაა, და ვინც ჩემთან არა კრებს, – ფანტავს.
მოწ.: ეფ. 4: 7-13
7. ხოლო თვითეულ ჩვენგანს ქრისტესმიერი ნიჭის ზომისამებრ მიეცა მადლი. 8. ამიტომაც თქმულა: „ავიდა მაღლა, წამოასხა ტყვენი და საბოძვარი უბოძა ხალხს“. 9. მაგრამ რას ნიშნავს „ავიდა“, თუ არა იმას, რომ უფრო უმალ ქვესკნელში უნდა ჩასულიყო? 10. ჩასული კი იგივეა, რაც ყველა ცაზე მაღლა ასული, რათა აღავსოს ყოველი. 11. მანვე დაადგინა ზოგი მოციქულად, ზოგი წინასწარმეტყველად, ზოგი მახარებლად, ზოგნიც მწყემსებად და მოძღვრებად. 12. რათა სრულეყოთ წმიდანი მსახურების საქმისათვის – ქრისტეს სხეულის ასაშენებლად, 13. ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ რწმენის ერთობას და ღმერთის ძის შემეცნებას სრულყოფილ კაცად, ქრისტეს ასაკის სისრულის ზომას,
მოწ.: მთ. 10: 1, 5-8
1. მოუხმო თავის თორმეტ მოწაფეს, და მისცა მათ ხელმწიფება უწმინდურ სულთა განდევნისა და ყოველგვარი სენისა თუ ყოველგვარი უძლურების განკურნებისა.
5. აი, ეს თორმეტი წარგზავნა იესომ, უბრძანა და უთხრა მათ: წარმართთა გზით ნუ ივლით, და ნუ შეხვალთ სამარიელთა ქალაქში. 6. არამედ მიაკითხეთ უპირატესად ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებს. 7. მიაკითხეთ და უქადაგეთ, რომ მოახლოვდა ცათა სასუფეველი. 8. განკურნეთ სნეულნი, განწმინდეთ კეთროვანნი, აღადგინეთ მკვდარნი, განდევნეთ ეშმაკნი; უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
წმიდა პირველმოწამე, მოციქულთასწორი თეკლა (I)
მთავარმა პავლე „განშოლტვილი განჴადა ქალაქით“. თეკლას კიდევ დიდხანს შეაგონებდნენ, დათანხმებულიყო ქორწინებაზე, მაგრამ ვერც დედის ცრემლებმა და რისხვამ, ვერც მთავრის მუქარამ ვერ შეძლო ზეციური სიძის – უფალ იესო ქრისტეს სიყვარული მიენავლებინა მასში. მაშინ დედამ დაივიწყა ყველაფერი და, გააფთრებულმა, თავად მოსთხოვა მსაჯულს, სიკვდილით დაესაჯა მისი ასული. თეკლას ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს. მარტვილი პირჯვრის გადასახვით უშიშრად ავიდა კოცონზე. ამ დროს მას თავად მაცხოვარი გამოეცხადა, რომელმაც აკურთხა წმიდანის მომავალი ღვაწლი და მისი სული გამოუთქმელი სიხარულით აღივსო. ცეცხლის ალი მაღლა ავარდა, მაგრამ თეკლას არ შეხებია – რკალად შემოერტყა გარს. უეცრად ცამ იჭექა, სეტყვანარევმა კოკისპირულმა წვიმამ დაუშვა და ცეცხლი ჩააქრო. დამფრთხალი ჯალათები დაიფანტნენ, უვნებლად დაცულმა მოწამემ კი დატოვა ქალაქი და ერთი ჭაბუკი ქრისტიანის დახმარებით პავლე მოციქული მოძებნა. წმიდა პავლესა და მის თანამგზავრებს, მათ შორის მოციქულ ბარნაბას, ქალაქის მახლობლად, გამოქვაბულისთვის შეეფარებინათ თავი და მხურვალედ ლოცულობდნენ, რომ უფალს ტანჯვათა შორის განემტკიცებინა თეკლა. წმიდა ქალწულმა ანტიოქიამდე მათთან ერთად იარა. აქ ერთი დიდებული, სახელად ალექსანდრე, მოიხიბლა მისი მშვენიერებით და მისი ხელში ჩაგდება მოისურვა. ჭაბუკი ვნებებს ვერ იოკებდა, „ურცხჳნოდ მოეხუეოდა მას და ესრეთ უბანთა ზედა ჰკოცნიდა“. თეკლა „გარემიაქცევდა მას და განაგდებდა“, ბოლოს კი მოსასხამი ჩამოახია, გვირგვინი მოჰხადა და „განქიქებულყო ყოველთა ზედა“. ალექსანდრემ ვერ აიტანა შერცხვენა და მთავარს მიჰგვარა წმიდანი. მტარვალებმა მას სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტეს. ორჯერ მიუშვეს ნეტარზე დამშეული მხეცები, მაგრამ მათ არაფერი ავნეს წმიდანს. ბოლოს თეკლა ორ ხარზე დააკრეს, შემდეგ გახურებული რკინებით ნადირები გაახელეს, რომ სხვადასხვა მხარეს გაქცეულიყვნენ და ქალწული დაეგლიჯათ, მაგრამ, ღვთის ნებით, ხარები ადგილიდან არ დაიძრნენ, მაგარი ბაწრებიც ობობას ქსელივით გაწყდა და წმიდანს არაფერი დაშავებია. ხალხმა იხუვლა: „ერთ არს ღმერთი თეკლასი, ერთ არს ღმერთი: რომელმან განარინა თეკლა!“ თვითონ მმართველიც მიხვდა, რომ მარტვილს ყოვლადძლიერი ღმერთი მფარველობდა და ბრძანა, ქრისტეს მხევალი გაეთავისუფლებინათ. პავლე მოციქულის კურთხევით, წმიდანი ისავრიის სელევკიასთან, კალამონის უდაბური მთის გამოქვაბულში დამკვიდრდა და მრავალი წელი დაჰყო აქ ღვთის სიტყვის ქადაგებით. თეკლამ ურიცხვი კერპთმსახური მოაქცია ქრისტეს სჯულზე – ეკლესია ღირსად უწოდებს მას მოციქულთასწორს.
თეკლას უფლისგან სასწაულებრივი კურნების ნიჭიც ჰქონდა მიმადლებული და ყველას უსასყიდლოდ კურნავდა. ამის გამო წარმართი ქურუმები აღდგნენ მის წინააღმდეგ. უღმრთოები თვლიდნენ, რომ თეკლა „ღვთაება“ არტემიდემ შეიყვარა უბიწოების დაცვისათვის და საკვირველთქმედების ძალაც მისგან ჰქონდა მინიჭებული, ამიტომ „კაცნი ბილწნი ცხორებითა და ჭაბუკნი ჰასაკითა“ მოისყიდეს და გაგზავნეს წმიდანთან, რომ მასზე ძალა ეხმარათ. როცა „ძაღლებრ მრავალი“ უსჯულოები უკვე ძალზე ახლოს იყვნენ, ნეტარმა შემწეობა ითხოვა ღვთისგან. პასუხად ზეგარდმო გაისმა: „ნუ გეშინინ, თეკლა, რამეთუ მე შენ თანა ვარ!“ კლდე გაიპო, ქრისტეს მხევალი შეიფარა და კვლავ დაიხშო. ასე შეჰვედრა სული უფალს მისმა რჩეულმა (I).
ღირსი კოპრე (+დაახლ. 530)
წმიდა მეფე სტეფანე სერბი (+1224)
წმიდა მეფე ვლადისლავ სერბელი (+1239)
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ხუთშაბათსა დაწოლისასა
მომეც ჩვენ, მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო მეოხებითა წმიდათა შენთა მოციქულთათა ძილი მშვიდობისა და განსვენებისა სულისა და ხორცთასა! და მიცევ მე ყოვლისაგან საცთურისა ღამისა და ბნელისაგან ბოროტისა: დააცხვრენ აღძვრანი ვნებათანი, დაჰშრიტე მხურვალებაი ხორცთა და მომეც გულის-სიტყვაი და უბიწო მოქალაქობაი, ღამე ყოველ გალობით დიდებისმეტყველებაი, რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცული შენდა დიდებასა შევჰსწირვიდეთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.