6.12.2024. 24-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი

10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. 11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, 12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ.                             ეფ. 6: 10-12 

24-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. 

პარასკევი. 6.12.2024. მარხვა 

ტაძრად მიყვანების შემდგომი დღესასწაული. 

მღვდელმოწამისა გრიგოლ არქიმანდრიტისა, ოსვენციმის ბანაკში აღსრულებულისა (ფერაძე, 1942); ამფილოქე იკონიელ ეპისკოპოსისა (394-ის შემ.); გრიგოლ აკრაკანტელ ეპისკოპოსისა (VI-VII); მოწამეთა სისინისა, კვიზიკელ ეპისკოპოსისა (III) და თეოდორე ანტიოქიელისა (IV); კეთილმორწმუნისა დიდისა მთავრისა ალექსანდრე ნეველისა (1263). 

დღის ლოცვები 

ამფილოქეს, იკონიელი ეპისკოპოსის კონდაკი:
საღმრთო ქუხილო, საყვირო სულისაო, სარწმუნოებისა მტილისა მუშაკო და მომკვეთელო წვალებათაო, მღდელმთავარო ამფილოქე, სამებისა სათნოო დიდო, ანგელოზთა თანა მარადის წინაშე მდგომარეო, ევედრე დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, პარასკევს დილით

წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანისვჰსცე და მას მხოლოსა ვმსახურო. ხოლო შენი სალმობა და რისხვა მიიქეცინ თავსავე შენსა და თხემსა შენსა ზედა გმობა შენი დაჰხედინ აწინდელსა ჟამსა შინა და ყოფადსა საუკუნესა უფსკრულსა შინა. რაი არს შენი და ჩვენი უცხოო ღვთისაგან, ლტოლვილო ცათაგან, მონაო ბოროტო და განდგომილო! არა გაქვს შენ ფლობაი ჩვენი, ქრისტესა ძესა ღვთისასა აქვს ფლობაი ჩვენი, ყოველთა მისა ვჰსცოდეთ და მასვე სიტყვა უგოთცა. ხოლო შენ ივლტოდე ჩემგან, მომსვრელო და წინააღმდგომო მტერო ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, და გეენისა და ყოვლისა სატანჯველისა დამკვიდრებულო! ჩვენ სიმტკიცედ გვაქვს ჯვარი პატიოსანი და მით დავჰსთრგუნავთ შენ გველისა თავსა სახელითა ერთარსისა წმიდისა სამებისათა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ზედა მდგომელობითა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისათა, რამეთუ მისსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები 

ლიტ.: 1 თეს. 5: 9 -13, 24-28 (დას. 272). ლკ. 19: 12-28 (დას. 95).
მოწ.:  2 ტიმ. 2: 1-10. ( დას.292). ინ. 15: 17 – 16: 2. (დას. 52). 

ლიტ.: 1 თეს. 5: 9 -13, 24-28 

9. რადგანაც ღმერთმა რისხვისთვის კი არ შეგვქმნა, არამედ ხსნისთვის ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, 10. რომელიც მოკვდა ჩვენთვის, რათა, მღვიძარენი თუ მძინარენი, ვცოცხლობდეთ მასთან ერთად. 11. ამიტომაც ნუგეში ეცით და შეაგონეთ ერთიმეორეს, როგორც იქცევით კიდეც. 12. გევედრებით, ძმანო, სცანით მაშვრალნი თქვენს შორის, თქვენი წინამძღვარნი უფალში და თქვენი მოძღვარნი; 13. გამორჩევით გიყვარდეთ ისინი, მათი საქმის გამო; მშვიდობა გქონდეთ ერთმანეთს შორის. 

24. სარწმუნოა თქვენი მხმობელი, რომელიც აღასრულებს ამას. 25. ძმანო, ილოცეთ ჩვენთვის. 26. მოიკითხეთ ყველა ძმა წმიდა ამბორით. 27. გაფიცებთ უფალს, ყველა ძმას წაუკითხეთ ეს წერილი. 28. მადლი ჩვენი უფლის იესო ქრისტესი თქვენთან. ამინ.

ლიტ.: ლკ. 19: 12-28 

12. ამიტომაც თქვა: ერთი კეთილშობილი კაცი შორეულ ქვეყანაში გაემგზავრა, რათა მეფობა მიეღო და უკანვე დაბრუნებულიყო. 13. დაუძახა თავის ათ მონას, ათი მნა მისცა და უთხრა მათ: ჩემს დაბრუნებამდე ამით ივაჭრეთო. 14. მაგრამ მოქალაქეებს სძულდათ იგი, ელჩები დაადევნეს კვალდაკვალ და დააბარეს: არ გვინდა, რომ ეგ მეფობდეს ჩვენზე. 15. როცა მეფობა მიიღო და უკან დაბრუნდა, ბრძანა ის მონები მიეგვარათ, რომლებსაც ვერცხლი მისცა, რათა გაეგო, ვინ როგორ მოიხმარა იგი. 16. მოვიდა პირველი და თქვა: ბატონო, შენმა მნამ ათი მნა მოიგო. 17. უთხრა მას: კარგი, კეთილო მონავ; რაკი მცირედში სანდო იყავი, ათი ქალაქის მმართველობას მოგანდობ შენ. 18. მოვიდა მეორე და თქვა: ბატონო, შენმა მნამ ხუთი მნა მოიგო. 19. და უთხრა მასაც: ხოლო შენ ხუთ ქალაქს მოგანდობ. 20. მოვიდა მესამე და თქვა: ბატონო, აჰა, შენი მნა, რომელსაც ხელსახოცში გამოკრულს ვინახავდი, 21. რადგანაც მეშინოდა შენი, რაკიღა ვიცოდი, რომ სასტიკი კაცი ხარ: იღებ, რაც არ დაგიდევს, და მოიმკი, რაც არ დაგითესავს. 22. უთხრა მას: შენივე პირით განგიკითხავ, უკეთურო მონავ! იცოდი, რომ სასტიკი კაცი ვარ: ვიღებ, რაც არ დამიდევს, და ვიმკი, რაც არ დამითესავს. 23. მერედა, რატომ ვაჭრებს არ მიეცი ჩემი ვერცხლი, რათა დაბრუნებულს მიმეღო ჩემი სესხი მონაგებითურთ? 24. და უთხრა მის წინაშე მდგომთ: წაართვით მნა და მიეცით ათი მნის მქონეს. 25. მათ უთხრეს: ბატონო, მას ხომ ათი მნა აქვს. 26. გეუბნებით, რომ ყველა მქონეს მიეცემა, ხოლო არმქონეს წაერთმევა ისიც, რაცა აქვს. 27. ხოლო ეს ჩემი მტრები, რომლებსაც არ უნდოდათ, რომ მათი მეფე ვყოფილიყავი, აქ მომგვარეთ და ჩემს წინაშე დახოცეთ. 28. ეს თქვა და დაადგა იერუსალიმისაკენ მიმავალ გზას. 

მოწ.:  2 ტიმ. 2: 1-10 

1. მაშ, გაძლიერდი, შვილო ჩემო, ქრისტე იესოს მადლით, 2. და რაც მრავალი მოწმის თანდასწრებით გსმენია ჩემგან, სარწმუნო ხალხს გადაეცი, რომლებიც შესძლებენ ასწავლონ სხვებსაც. 3. ამიტომ ჩემსავით დაითმინე ჭირი, როგორც ქრისტე იესოს კეთილმა მეომარმა. 4. არც ერთი მეომარი არ შეიკრავს ხელ-ფეხს ცხოვრებისეული საქმით, რათა თავი მოაწონოს მხედართმთავარს. 5. ხოლო ვინც ომობს, ვერ გახდება გვირგვინის ღირსი, თუკი არასჯულიერად ომობს. 6. მიწის მუშაკმა ყველაზე უმალ უნდა იგემოს ნაყოფი. 7. დაუფიქრდი ჩემს ნათქვამს, რადგანაც ღმერთი მოგცემს ყველაფრის გაგების უნარს. 8. გახსოვდეს იესო ქრისტე, დავითის თესლისაგან, მკვდრეთით აღმდგარი, ჩემი სახარების მიხედვით. 9. ვისთვისაც ვევნები თვით ბორკილებამდე, როგორც ბოროტმოქმედი, მაგრამ ღვთის სიტყვას ვერ დაადებ ბორკილს. 10. ამიტომ ყველაფერს ვითმენ რჩეულთათვის, რომ მათაც ჰპოვონ ხსნა ქრისტე იესოში საუკუნო დიდებით.

მოწ.:  ინ. 15: 17 – 16: 2 

17. ამას გიდებთ მცნებად, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი. 18. თუ ქვეყანას სძულხართ, იცოდეთ, რომ მე მომიძულა უწინ. 19. ამ ქვეყნისანი რომ იყოთ, ქვეყანას ეყვარებოდა თვისნი; მაგრამ რაკი ამ ქვეყნისანი არა ხართ, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნისაგან, ამიტომაც სძულხართ ქვეყანას. 20. გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: არ არის მონა, თავის ბატონზე უმეტესი. მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას; თუ დაიცვეს ჩემი სიტყვა, თქვენსასაც დაიცავენ. 21. ხოლო ყოველივე ამას შეგამთხვევენ ჩემი სახელის გამო, ვინაიდან არ იცნობენ ჩემს მომავლინებელს. 22. რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის. 23. ჩემს მოძულეს მამაჩემიც სძულს. 24. რომ არ მექმნა მათ შორის საქმენი, სხვას რომ არავის უქმნია; არ ექნებოდათ ცოდვა; ახლა კი მიხილეს და მომიძულეს მეცა და მამაჩემიც. 25. რათა აღსრულდეს მათ რჯულში დაწერილი სიტყვა: მომიძულეს მე უმიზეზოდ. 26. ხოლო როდესაც მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მოგივლენთ მამის მიერ, – ჭეშმარიტების სული, რომელიც გამოდის მამისაგან, ის იმოწმებს ჩემთვის. 27. და თქვენც მოწმენი იქნებით, ვინაიდან იმთავითვე ჩემთანა ხართ. 

1. ეს გითხარით, რათა არ შეცდეთ. 2. გამოგყრიან სინაგოგებიდან; აჰა, მოდის დრო, როცა თქვენს ყველა მკვლელს ეგონება, რომ ამით ემსახურება ღმერთს. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14)  

წმიდა მოწამე სისინიოსი – კვიზიკელი ეპისკოპოსი დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას ეწამა ქრისტესთვის ქალაქ კვიზიკის მმართველის, ალექსანდრეს ხელით. ხანგრძლივი და სასტიკი სატანჯველების შემდეგ მარტვილს თავი მოჰკვეთეს. 
წმიდა აღმსარებელი თეოდორე ანტიოქიელი, თხუთმეტი წლის ყრმა, ქრისტეს აღსარებისთვის სასტიკად აწამეს იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) ზეობისას. ჯალათებს თავზარი დასცა იმან, რომ წმიდანი წამების დროს ხარობდა, მისი შეწყვეტისას კი ტკივილებს გრძნობდა. მათ ამ სასწაულის შესახებ იმპერატორს შეატყობინეს, რომელმაც მარტვილის განთავისუფლება ბრძანა. მოგვიანებით ნეტარი თეოდორე ყვებოდა, რომ როცა აწამებდნენ, მას უფლის ანგელოზი ეცხადებოდა და სატანჯველებს უმსუბუქებდა, წამების შემდეგ კი ანგელოზი ქრებოდა და ისიც ტკივილებისაგან იტანჯებოდა. წმიდანმა ღრმა მოხუცებულობამდე იცხოვრა და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. 
წმიდა ამფილოქე – იკონიელი ეპისკოპოსი კაბადოკიის კესარიაში დაიბადა. იგი წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ახლო ნათესავი და ბასილი დიდის მეგობარი იყო. წმიდა ამფილოქე თითქმის ორმოცი წლის მანძილზე ცხოვრობდა უდაბნოში მკაცრი, ასკეტური ცხოვრებით, მაგრამ 372 წელს, როცა იკონიის ეპისკოპოსი გარდაიცვალა, უფლის ანგელოზები საღვთო ხილვით სამჯერ გამოეცხადნენ ნეტარ მამას და მოუწოდეს, იკონიაში წასულიყო სამღვდელმთავრო მოღვაწეობისთვის. წმიდანის წინაშე მესამედ წარმდგარმა ზეციურმა მაცნემ მასთან ერთად იგალობა ანგელოზთა საგალობელი: „წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ“.
წმიდა ამფილოქესთან შვიდი ეპისკოპოსი მივიდა, რომელთაც ასევე გამოცხადებით ეუწყათ, რომ წმინდანი იკონიის ეპისკოპოსად ეკურთხებინათ.
მღვდელმთავარი ამფილოქე მრავალი წლის მანძილზე ბრძნულად განაგებდა იკონიის ეპარქიას. მართლმადიდებლობის ერთგული მოსაგრე მკაცრად ამხელდა არიოზისა და ევნომიუსის მწვალებლურ სწავლებებს, მონაწილეობდა მეორე მსოფლიო კრების (381) მუშაობაშიც და სათავეში ედგა ბრძოლას მაკედონიუსის ერესის წინააღმდეგ.
ამფილოქეს ძალიან გაუჭირდა შეეკავებინა არიანელთა ბილწი მწვალებლობის გავრცელება მთელს საბერძნეთში და იმპერატორ თეოდოსის მიმართა თხოვნით, მეფური ძალაუფლება გამოეყენებინა არიანელთა საკრებულოების დასაშლელად. თვითმპყრობელმა თავი აარიდა მწვალებელთა მოსალოდნელ შფოთს და მღვდელმთავრის სათხოვარი უპასუხოდ დატოვა. რამდენიმე ხანში ამფილოქეს მეფესთან მოუხდა შეხვედრა. მან თეოდოსის თაყვანი სცა და ღირსეული პატივი მიაგო, მაგრამ იქვე მჯდომ მის თანამმართველს – მეფისწულ არკადის ყურადღებაც არ მიაქცია. იმპერატორი ძალიან განარისხა ძის შეურაცხყოფამ და ბრძანა, სასახლიდან გაეძევებინათ წმინდა ამფილოქე. წმიდა მღვდელმთავარმა ასე მიმართა მას: „ჰოი, მეუფეო! ახლა შენ საკუთარი გამოცდილებით დარწმუნდი იმაში, თუ რა ძნელია ძისადმი უპატიო მოპყრობის დათმენა: ბრაზობ ჩემზე. უფალი მით უფრო ვერ მოითმენს თავისი ძის შეურაცხყოფას. ის ზურგს აქცევს და მოიძულებს მის მგმობელებს და სასტიკ სასჯელს უმზადებს არიოზის წყეული ერესის ყველა თანაზიარს“. იმპერატორი მიხვდა, რომ წმიდანის ქცევა იგავურად უნდა გაეგო – გულისხმაყო, რომ ძე ღმერთს მამა ღმერთის თანასწორი პატივი შეშვენოდა, გააოცა მღვდელმთავრის სიბრძნემ და კეთილგონიერებამ, ტახტიდან წამოდგა, ქედი მოუდრიკა წმიდანს და პატიება სთხოვა. ამის შემდეგ თეოდოსიმ მთელს იმპერიაში დაგზავნა განკარგულებები, რომ სამოქალაქო ხელისუფლებას აქტიურად დაეჭირა მხარი მართლმადიდებ-ლებისთვის. ამგვარად, ამფილოქე იკონიელის მეოხებით ქრისტეს ეკლესიაში სიმშვიდემ დაისადგურა. ჩვენამდე შემონახულია მღვდელმთავარ ამფილოქეს ეპისტოლეები და ქადაგებები. 394 წელს წმიდა მწყემსმთავარმა მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. 
წმიდა გრიგოლი, აკრაგანტელი ეპისკოპოსი კუნძულ სიცილიაზე, ქალაქ აკრაგანტის მახლობლად მდებარე სოფელ პრეტორიაში დაიბადა, კეთილმსახური ქრისტიანების, ხარიტონისა და თეოდოტიას ოჯახში. ნათლისღებისას მისი მიმრქმელი იყო აკრაგანტელი ეპისკოპოსი პატამონი. მშობლებმა გულისხმიერი ყრმა სასწავლებლად მიაბარეს, იგი ისე სწრაფად დაეუფლა წერა-კითხვას და გალობას, რომ თორმეტი წლის ასაკში წმიდანი ღვთისმსახურთა დასს შერთეს. ნეტარმა გრიგოლმა ათი წელი იმსახურა აკრაგანტის ეკლესიაში. ერთხელ წმიდა ჭაბუკს, რომელსაც ძლიერ სურდა იერუსალიმის მოლოცვა, ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა, რომ უფალმა აკურთხა მისი განზრახვა.
იერუსალიმში წმიდა გრიგოლი წარუდგინეს პატრიარქ მაკარის (563-574), რომელმაც მას დიაკვნად დაასხა ხელი და თავის საკათედრო ტაძარში დატოვა მსახურებისთვის. აქ ნეტარი მამა სიმშვიდეს ვერ პოულობდა – იგი უფრო მძიმე, ბერულ ღვაწლს ესწრაფოდა. პატრიარქმა მაკარიმაც აკურთხა ღვთისმოყვარე ყმაწვილი, რის შემდეგაც იგი ელეონის მთაზე მდებარე მონასტერში დამკვიდრდა. ერთი წლის თავზე უფლის რჩეულმა სავანე დატოვა და ერთ მეუდაბნოე ბერს მიაშურა, რომელიც ოთხი წლის მანძილზე გულმოდგინედ ასწავლიდა მოსაგრე ცხოვრების წესებს. განდეგილმა წინასწარ განჭვრიტა ჭაბუკის მომავალი და აკურთხა იგი, დაყუდებიდან გასულიყო.
გრიგოლმა რამდენიმე ხანი იერუსალიმში დაჰყო, შემდეგ კი კონსტანტინოპოლში გაემგზავრა სერგისა და ბაქოსის სახელობის მონასტერში. წმიდა მამის ასკეტურმა ცხოვრებამ, სულიერმა გამოცდილებამ და ღვთისმეტყველურმა ცოდნამ კონსტანტინოპოლის პატრიარქის, ევტიქის (552-565) ყურადღება მიიპყრო. მისი მოთხოვნით გრიგოლმა მონაწილეობა მიიღო მეხუთე მსოფლიო კრების (553) მუშაობაში. კრების დამთავრების შემდეგ წმიდანი რომში გაემგზავრა მოციქულების, წმიდა პეტრესა და პავლეს საფლავთა თაყვანსაცემად.
როდესაც აკრაგანტის ეპისკოპოსი გარდაიცვალა, ქალაქის უხუცესმა ღვთისმსახურებმა და წარჩინებულმა მოქალაქეებმა რომის პაპს მიმართეს თხოვნით, დაქვრივებულ კათედრაზე გაემწესებინა ერთ-ერთი მათ მიერ წარდგენილი კანდიდატთაგანი, მაგრამ პაპმა ყველა მოწოდებული წინადადება უარყო და მღვდელმთავრად წმიდა გრიგოლი დაადგინა.
წმიდანი მღვდელმთავრის ხარისხშიც მოსაგრე ბერის ცხოვრებით ცხოვრობდა. სამწყსოს უყვარდა თავისი მღვდელმთავარი, ენდობოდა მას, მაგრამ ნეტარს გამოუჩნდნენ მტრებიც, რომლებმაც გადაწყვიტეს, ცილისწამებით შეებღალათ მისი სახელი. როცა წმიდა გრიგოლი ტაძარში იმყოფებოდა, მოშურნეებმა მის სენაკში ფარულად შეიყვანეს მოსყიდული ქალი, შემდეგ კი ხალხის წინაშე, რომელიც ღვთისმსახურების შემდეგ სახლამდე მიაცილებდა მწყემსმთავარს, გამოიყვანეს იგი და გრიგოლს მეძაობის ცოდვაში დასდეს ბრალი. წმიდა ეპისკოპოსი დააპატიმრეს. ხალხი ცდილობდა, დაეცვა მეუფე, მაგრამ ამაოდ. სამსჯავროზე მეძავი ცრუმოწმედ გამოვიდა გრიგოლის წინააღმდეგ, მაგრამ როგორც კი ცილისმწამებლური სიტყვები წარმოთქვა, ეშმაკეულ-იქმნა. მაშინ მსაჯულებმა წმიდანს ჯადოქრობაში დასდეს ბრალი, თავის „დანაშაულთა“ ცილისმწამებლური ნუსხა გააყოლეს და რომის პაპთან გაგზავნეს განსასჯელად. რომის ეკლესიის მესაჭემ ცრუბრალდებები რომ წაიკითხა, „დამნაშავის“ ნახვა არც ისურვა – ბრძანა, პირდაპირ საპყრობილეში ჩაეგდოთ უფლის რჩეული. ნეტარი უდრტვინველად იტანდა დამცირებას და გამუდმებით ლოცულობდა. ხმა მისი ლოცვითი ღვაწლისა და სასწაულთქმედების ნიჭის შესახებ სწრაფად გავრცელდა მთელს ქალაქსა და ოლქში. უფლის რჩეულთან მრავლად მოდიოდნენ კეთილმსახური რომაელები, რომელთაც პყრობილი წმიდანი მართალ ცხოვრებას ასწავლიდა.
ორი წლის შემდეგ პაპთან მივიდა განჭვრეტის ნიჭმიმადლებული ბერი მარკოზი, რომელიც გრიგოლს სიყმაწვილიდანვე იცნობდა. მან არ ირწმუნა ცილისწამებისა და პაპს მოსთხოვა, წმიდანის საქმის გასარჩევად საგანგებო კრება მოეწვია. პაპის მოწვევით კრებაზე ქალაქ აკრაგანტის მრავალი ღვთისმსახური ჩავიდა, მივიდნენ წმიდა მღვდელმთავრის ცილისმწამებლებიც, მათ შორის – ეშმაკეულქმნილი მეძავიც. კონსტანტინოპოლიდან რომს მიაშურა სამმა ეპისკოპოსმა და იმპერატორის კარისკაცმა მარკიანემ. გზად მარკიანე მძიმედ დასნეულდა. მღვდელმთავარ გრიგოლის ლოცვით განკურნებული ადამიანების რჩევით სულთმობრძავი წმიდა გრიგოლის საკანში მიიყვანეს და სნეული მაშინვე განიკურნა.
კრებაზე ცილისმწამებლები ცდილობდნენ, თავიანთი ბრალდების დამტკიცებას. მათ, როგორც მთავარი საბუთი, მსაჯულთა წინაშე წარადგინეს გონდაკარგული მეძავი – თითქოსდა გრიგოლის ჯადოსნობის მსხვერპლი. მღვდელმთავარმა ილოცა და მეძავისგან ეშმაკი განდევნა, რის შემდეგაც განკურნებულმა ქალმა კრების მონაწილეებს მთელი სიმართლე განუცხადა. ცილისმწამებლები დამარცხდნენ. მარკიანეს ცილისმწამებლების სიკვდილით დასჯა სურდა, მაგრამ წმიდა გრიგოლმა მათთვის წყალობა გამოითხოვა.
უფლის რჩეული კათედრას დაუბრუნდა და, საყოველთაო სიყვარულით გარემოცული, აღსასრულამდე ბრძნულად განაგებდა სამწყსოს (VI-VII). 
კეთილმორწმუნე მთავარი ალექსანდრე ნეველი ვლადიმირის დიდი მთავრის, იაროსლავ II-ის ძე იყო. წმიდანი 1220 წელს დაიბადა. მან სიყმაწვილიდანვე შეითვისა ქრისტიანული მოძღვრება. ნეტარს ძლიერ უყვარდა საეკლესიო საგალობლები, მუდამ წმიდა მამათა ნაწერებს კითხულობდა. ღამისთევები და ღვთისადმი ლოცვა-ვედრება მისი საყვარელი საქმიანობა იყო. 1236 წელს ალექსანდრე ნოვგოროდის მთავრად აირჩიეს. სულ მალე, 1340 წელს მის სამთავროს თავს დაესხნენ შვედები, რომლებიც ფინეთის ყურის სანაპიროს შემომტკიცებას და აქ კათოლიკური სარწმუნოების გავრცელებას ცდილობდნენ. ღვთის მსასოებელმა ალექსანდრემ მდინარე ნევის ნაპირებზე მცირერიცხოვანი რაზმით სასტიკი დამარცხება აგემა მტრის ურიცხვ ლაშქარს, რისთვისაც ხალხმა „ნეველი“ უწოდა. 1242 წელს ნეტარი გერმანელ ჯვაროსნებს შეებრძოლა და, უფლის შეწევნით, კვლავ გაიმარჯვა.
ალექსანდრეს კარგად ესმოდა, რომ იმ დროს თათარ-მონღოლებთან შებმა უაზრო იყო და ოქროს ურდოსთან ურთიერთობაში ფრთხილ, შორს გამიზნულ პოლიტიკას ადგა. 1250 წელს მან ნოვგორდის დიდი მთავრის წოდება მიიღო და ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა ეკლესიისა და ქვეყნისთვის. ხანებთან შუამდგომლობით წმიდანმა მოახერხა, რომ ეპისკოპოსები და მღვდლები თათართა გადასახადებისგან გაეთავისუფლებინა; წმიდა ალექსანდრე მართლმადიდებლობის მტკიცე აღმსარებელი იყო: როცა იგი პირველად ჩავიდა თათართა ბანაკში, ქურუმებმა კერპების თაყვანისცემა მოსთხოვეს. უფლის რჩეულმა მტკიცე უარით უპასუხა და განაცხადა: „მე მხოლოდ ცისა და ქვეყნის შემოქმედ, სამებით ქებულ ერთ ჭეშმარიტ ღმერთს ვსცემ თაყვანს“. ბათო-ხანი, რომელიც პატივს სცემდა რუსი მთავრის სიმამაცესა და სიბრძნეს, მის საქციელს შემწყნარებლურად შეხვდა.
პაპმა ინოკენტი IV-მ წმიდანს რომაული კათოლიციზმის მიღება შესთავაზა, რაზეც ალექსანდრემ უპასუხა, ჩვენ მოციქულებისგან გადმოცემული სწავლება გვიპყრია და თქვენი სწავლების მიღება არ გვსურსო. 1262 წელს თათართა მძლავრობისგან შევიწროებული ხალხი აჯანყდა. განრისხებულმა ხანმა მათ დასასჯელად ლაშქარი გაამზადა. ალექსანდრე ურდოში წავიდა, რომ თათარი ხელისუფლის გული მოელბო, მიაღწია კიდეც ამას, მაგრამ, ხანგრძლივი ღვაწლით დაუძლურებული, უკან მობრუნებისას სასიკვდილოდ დასნეულდა. სულთმობრძავმა მთავარმა სქიმა შეიმოსა ალექსის სახელით, წმიდა საიდუმლოს ეზიარა და 1263 წლის 14 ნოემბერს, ორმოცდასამი წლის ასაკში სული უფალს შეჰვედრა.
23 ნოემბერს კეთილმსახური მთავრის წმიდა ცხედარი პატივით დაკრძალეს ვლადიმირის ღვთისმშობლის შობის მონასტერში. გადმოცემით, როცა ნეტარ ალექსანდრეს წესს უგებდნენ, სასწაული აღესრულა – მან შენდობის ბარათის მისაღებად ცოცხალივით ხელი გაშალა.
1380 წელს აღესრულა უფლის სათნომყოფლის უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება (ამ მოვლენას ეკლესია 30 აგვისტოს აღნიშნავს). 
მღდელმოწამე გრიგოლ ფერაძე დაიბადა 1899 წლის 31 (13.09) აგვისტოს სიღნაღის მაზრის სოფელ ბაკურციხეში (ახლანდელი გურჯაანის რაიონი), მღვდელ რომანოზ ფერაძისა და მარიამ სამადალაშვილის ოჯახში.
1905 წელს მამა რომანოზი უეცრად გარდაიცვალა და მარიამს გასაზრდელად დარჩა სამი ობოლი: არჩილი, გრიგოლი და ვასილი. მარიამს ძალიან გაუჭირდა და გრიგოლი, ბიძამ, ყვარელის ეკლესიის მოძღვარმა, გიორგი ფერაძემ, წაიყვანა თავისთან.
სასკოლო ასაკს მიღწეული გრიგოლი დედამ ტფილისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, გრიგოლმა სასულიერო სემინარიაში დაიწყო სწავლა, რომლის რექტორიც იმხანად იყო ცნობილი მეცნიერი კორნელი კეკელიძე.
1918 წელს, გრიგოლი ტფილისის ახალგახსნილი უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე ჩაირიცხა. იმავდროულად მასწავლებლად მუშაობდა გორის მაზრის სოფელ ზემო ხანდაკში.
1919 წელს, გრიგოლი დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის ჯარში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.
1921 წელს, გრიგოლი კვლავ უნივერსიტეტს დაუბრუნდა, ამავე წელს, როცა ბოლშევიკები თავს დაესხნენ საქართველოს, გრიგოლი, მის ორ ძმასთან ერთად, სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩადგა.
1921 წლის შემოდგომაზე, გარეკახეთის სამღდელოებამ, გრიგოლ ფერაძე გელათში გამართულ საეკლესიო კრებაზე თავის წარმომადგენლად მიავლინა. მღდელმოწამე ნაზარისა (ლეჟავა) და კორნელი კეკელიძის შუამდგომლობით ამ კრებაზე გადაწყდა გრიგოლის ევროპაში სასწავლებლად გაგზავნა.
1922 წლის მაისში, გრიგოლ ფერაძე ბერლინის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.
1925 წელს, გრიგოლი სასწავლებლად გადავიდა ბონის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, სადაც იღრმავებდა რელიგიის საკითხებისა და აღმოსავლური ენების ცოდნას, მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი ნაშრომისათვის – „სამონასტრო საწყისების საკითხები საქართველოში“. იმ დროიდან მოყოლებული, ვიდრე 1927 წლამდე, განაგრძობდა ღმრთისმეტყველების შესწავლას – ლექციებს ისმენდა ლუვენის უნივერსიტეტში.
1927 წლიდან გრიგოლ ფერაძე სამეცნიერო მუშაობას ეწეოდა ინგლისში, სადაც გაეცნო ბრიტანეთის მუზეუმისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებში დაცულ ეკლესიის მამათა თხზულებების უძველეს ხელნაწერებს. 1927 წლის ივლისში გრიგოლი დანიშნეს ბონის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტის თანამდებობაზე.
1932 წელს, გრიგოლი მიიწვიეს ოქსფორდში საქართველოს ეკლესიის ისტორიის საკითხებზე ლექციების წასაკითხად. 1931 წელს, გრიგოლი მონაზვნად აღიკვეცა, მალევე მღვდლად დაასხეს ხელნი, არქიმანდრიტობაც უბოძეს და პარიზის ქართული სამრევლო ჩააბარეს. გრიგოლ ფერაძემ პარიზში დააარსა წმიდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესია და სამრევლო ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“.
1932 წელს, მამა გრიგოლი ვარშავის მართლმადიდებლური სასულიერო სკოლის პროფესორად აირჩიეს. გრიგოლ ფერაძის უდიდესი ცოდნა შერწყმული იყო ღრმა რწმენასთან. მისი ლექციები გამსჭვალული იყო ეკლესიის მამების შემოქმედებითი სულით. მამა გრიგოლი ხშირად კითხულობდა მოხსენებებს სამეცნიერო კონფერენციებსა და ევროპის სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრებში. ის მთელ თავის სახსრებს ახმარდა სირია-პალესტინაში, საბერძნეთში, ბულგარეთში, ავსტრიაში, რუმინეთში, იტალიასა და ინგლისში ქართული საეკლესიო ხელნაწერებისა და ქართული ეკლესიის ისტორიისათვის ცნობების მოძიებას. მისი შრომითა და ღვაწლით ბევრი ქართული ხელნაწერი იქნა აღმოჩენილი. ორი თვისება – შრომისმოყვარეობა და თავმდაბლობა ახასიათებდა მამა გრიგოლ ფერაძეს მთელი ცხოვრების მანძილზე. ქართულმა საზოგადოებამ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, თითქმის არაფერი იცოდა მისი მოღვაწეობის შესახებ.
იმ დროს, საფრანგეთში ინახებოდა საქართველოს ეკლესიის განძეულობა, რომელიც გრიგოლ ფერაძის თავგანწირული მოქმედების შედეგად გადაურჩა გერმანელი ფაშისტებისაგან კონფისკაციას. მან, როგორც ექსპერტმა, სიკვდილის საფრთხის მიუხედავად, დასკვნაში აღნიშნა, რომ ქართული კულტურის საუკეთესო ნაწილი, არავითარ მატერიალურ ფასეულობას არ წარმოადგენდა და მხოლოდ ეროვნული ღირებულება ჰქონდა.
1942 წლის მაისში მამა გრიგოლი ვარშავაში გესტაპომ დააპატიმრა. დაპატიმრების უშუალო მიზეზი გახდა ის, რომ მამა გრიგოლი ეხმარებოდა და იფარებდა ფაშისტებისაგან დევნილ სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს. გრიგოლის ბინაზე ჩატარდა ჩხრეკა, რის შედეგადაც გაქრა ის ძვირფასი ძველი ხელნაწერები, რომლებზეც იგი მუშაობდა, ასევე ძვირფასი საეკლესიო ნივთები, რომელთაც იგი თავისი მოგზაურობის დროს საქართველოში დასაბრუნებლად იძენდა.
ოფიციალური გერმანული ცნობების თანახმად გრიგოლ ფერაძე აღესრულა 1942 წლის 6 დეკემბერს, 16 საათსა და 45 წუთზე. ესაა ოსვენციმის ბანაკის ადმინისტრაციის მიერ 1942 წლის 30 დეკემბერს გაცემული ცნობა, ხოლო ოსვენციმში პოლონეთის იმდროინდელი მთავრობის წარმომადგენლის ჩანაწერებში, რომელიც 1942 წლის დეკემბრის ამბებს შეეხება, აღნიშნულია: „ბანაკი ოსვენციმი. აქ გარდაიცვალა რამდენიმე კვირის წინ მოყვანილი გრიგოლ ფერაძე, პროფესორი, თეოლოგი, მართლმადიდებელი, ქართველი, გამოჩენილი მეცნიერი“. როგორც ირკვევა, არქიმანდრიტმა გრიგოლმა, მოყვასის სიყვარულით თავს იდვა სხვებისთვის განკუთვნილი სასჯელი და მათ ნაცვლად აღესრულა, იგი გაზის კამერაში მოაკვდინეს ფაშისტებმა. 

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა დაწოლისა, პარასკევს

დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელი პირველ საუკუნეთა იყავ და ვიდრე უკუნისამდე ხარ, და დასასრული არა გაქვს, რომელმან ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ სახიერო და კაცთმოყვარეო! სულგრძელო და მრავალმოწყალეო, შემიწყალე მე ცოდვილი ესე და ნუ განმირისხდები, მეუფეო, რამეთუ რომელთა საქმეთათვის ვითხოვ შენგან შენდობასა, მათვე დაუცხრომელად შთავვარდები და ვიცი, უფალო, რომელ უკეთუმცა არა მლხინებელ გყოფდა აურახცელი ეგე სახიერება და კაცთმოყვარება შენი, არამცა დაუტევე ტანჯვაი, რომელიცა არა მოაწიე ჩემზედა და ქვეყანასამცა უბრძანე დანთქმაი ჩემი! არამედ სულგრძელ ხარ, უფალო, ჩემზედა თვით დასჯილსა ამას, და სიტყვის-მიცემადცა ვერ შემძლებელსა. დიდება შენდა სახიერო, და მრავალმოწყალეო: აწ უკვე გევედრები, შემიწყალე მაცხოვარო და კაცთმოყვარეო, შემიწყალე თანამდები ესე ყოვლისა ტანჯვისა, და შემინდვენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი, ყოველნი, რომელნი საშოითგან დედისათ ვიდრე აქამომდე მიქმნიან ღამით და დღისით, მეცნიერებით და უმეცრებით, ნებსით და უნებლიეთ, ყოველნი ბრალნი ჩემნი ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, რაოდენიცა მიცოდავს თვალითა და ენითა, სასმენელითა და საყნოსელითა, შეხებითა და სლვითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის წმიდისა! უფალო სახიერო და კაცთმოყვარეო, სულგრძელო, ტკბილო და მრავალმოწყალეო, რაოდენიცა შემიცოდებია შენდა საქმით, სიტყვით, გონებით და გულის-სიტყვით და მოგონებით შემინდევ, უფალო, შემინდევ სახიერო, შემინდევ კაცთმოყვარეო, შემინდევ სულგრძელო და მრავალმოწყალეო, ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეოხებითა მით აურაცხელისა მოწყალებისა და სიტკბოებისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, სულგრძელი და მრავალმოწყალე და მწყალობელი, და შენდა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.