სინოფსისი
ამბის დასაწყისი
1. შესავალი
1.ვინაჲთგან უკუე მრავალთა ჴელ-ყვეს აღწერად მოთხრობისა საქმეთათჳს გულსავსე-ქმნილთა ჩუენ შორის, 2. ვითარცა-იგი მომცეს ჩუენ, რომელნი დასაბამითგან თჳთ-მხილველ და მსახურ ყოფილ იყვნეს სიტყჳსა მის, 3. ჯერ-მიჩნდა მეცა, რომელი შეუდეგ პირველითგან ყოვლითა ჭეშმარიტებითა, შემდგომითი შემდგომად მიწერად შენდა, მჴნეო ღმრთის-მოყუარეო თეოფილე, 4. რაჲთა სცნა, რომელთათჳს-იგი ისწავე სიტყუათა მათ კრძალულებაჲ.
1.რაკი მრავალმა მიჰყო ხელი იმ ამბების დალაგებით გადმოცემას, რომლებიც ჩვენში მოხდა, 2. როგორც გადმოგვცეს მათ, ვინც იმთავითვე თვითმხილველნი იყვნენ და სიტყვის მსახურნი, 3. მეც მართებულად მივიჩნიე, ყველაფრის თავიდანვე გამოწვლილვით განხილვის შემდეგ, თანმიმდევრულად აღმეწერა ისინი შენთვის, ღირსეულო თეოფილე, 4. რათა შეიცნო იმ მოძღვრების უმცდარობა, რაც გისწავლია.(შემდ. 1:5-25; # 4)
2. პროლოგი: თავდაპირველად იყო სიტყვა (ლოგოსი)
- პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი. 2. ესე იყო პირველითგან ღმრთისა თანა. 3. ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა. 4. მის თანა ცხორებაჲ იყო და ცხორებაჲ იგი იყო ნათელ კაცთა. 5. და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. 6. იყო კაცი მოვლინებული ღმრთისა მიერ, და სახელი მისი იოვანე. 7. ესე მოვიდა მოწამედ, რაჲთა წამოს ნათლისა მისთჳს, რაჲთა ყოველთა ჰრწმენეს მისგან. 8. არა თუ იგი იყო ნათელი, არამედ რაჲთა წამოს ნათლისა მისთჳს. 9. იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად. 10. სოფელსა შინა იყო, და სოფელი მის მიერ შეიქმნა, და სოფელმან იგი ვერ იცნა. 11. თჳსთა თანა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს. 12. ხოლო რაოდენთა-იგი შეიწყნარეს, მოსცა მათ ჴელმწიფებაჲ შვილ ღმრთისა ყოფად, რომელთა ჰრწამს სახელი მისი, 13. რომელნი არა სისხლთაგან, არცა ნებითა ჴორცთაჲთა, არცა ნებითა მამაკაცისაჲთა, არამედ ღმრთისაგან იშვნეს. 14. და სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის, და ვიხილეთ დიდებაჲ მისი, დიდებაჲ ვითარცა მხოლოდ შობილისაჲ მამისა მიერ, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა. 15. იოვანე წამა მისთჳს, ღაღად-ყო და თქუა: ესე არს, რომლისათჳს-იგი ვთქუ: რომელი ჩემსა შემდგომად მოვალს, ჩემსა უწინარეს იყო, რამეთუ პირველ ჩემსა არს. 16. და სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველთა მოვიღეთ, და მადლი მადლისა წილ. 17. რამეთუ სჯული მოსესგან მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტებაჲ ქრისტე იესუჲს მიერ იქმნა. 18. ღმერთი არავინ სადა იხილა; მხოლოდ-შობილმან ძემან, რომელი იყო წიაღთა მამისათა, მან გამოთქუა.
- დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა. 2. ის იყო დასაბამიდან ღმერთთან. 3. ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა. 4. მასში იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ნათელი კაცთა. 5. ნათელი ბნელში ნათობს და ბნელმა იგი ვერ მოიცვა. 6. იყო კაცი, მოვლინებული ღმერთის მიერ, და სახელი მისი იოანე. 7. ის მოვიდა სამოწმებლად, რათა ემოწმებინა ნათლისათვის და, ამრიგად, ყველას ერწმუნა მისგან. 8. არ იყო ის ნათელი, არამედ რათა ემოწმებინა ნათლისათვის. 9. იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც გაანათლებს ყველა კაცს, მომავალს ქვეყნად. 10. ამ ქვეყნად იყო და ქვეყანა მის მიერ შეიქმნა, და ქვეყანამ ვერ იცნო იგი. 11. თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ შეიწყნარეს. 12. ხოლო ყველას, ვინც შეიწყნარა იგი, მისცა ხელმწიფება ღმრთის შვილებად წოდებულიყვნენ; ყველას, ვისაც სწამს მისი სახელი; 13. და ვინც არა სისხლისაგან, არა ხორცის ნებისაგან, არა მამაკაცის ნებისაგან, არამედ ღმრთისაგან იშვნენ. 14. სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე. და ვიხილეთ დიდება მისი, დიდება მხოლოდშობილისა მამის მიერ. 15. იოანე მოწმობს მისთვის და ღაღადით ამბობს: ეს არის იგი, ვისთვისაც ვთქვი: ჩემს შემდეგ მომავალი ჩემი წინამორბედია, ვინაიდან ჩემზე უწინარეს იყო. 16. და მისი სავსებისგან ყველამ მივიღეთ მადლი მადლისა წილ. 17. რადგან რჯული მოსეს მიერ მოგვეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მიერ იქმნა. 18. ღმერთი არავის არასოდეს უხილავს: მხოლოდშობილმა ძემ, რომელიც იყო მამის წიაღში, მან გაგვიცხადა.(შემდ. 1:19-28. #20)
3. იესოს გენეოლოგია
წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი. 2. აბრაჰამ შვა ისაკ; ისაკ შვა იაკობ; იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი; 3. ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისგან; და ფარეზ შვა ესრომ; ესრომ შვა არამ; 4. არამ შვა ამინადაბ; ამინადაბ შვა ნაასონ; ნაასონ შვა სალმონ; 5. სალმონ შვა ბოოს რექაბისგან; ბოოს შვა იობედ რუთისგან; იობედ შვა იესე; 6. იესე შვა დავით მეფე; დავით მეფემან შვა სოლომონ ურიაჲს ცოლისაგან; 7. სოლომონ შვა რობოამ; რობოამ შვა აბია; აბია შვა ასა; 8. ასა შვა იოსაფატ; იოსაფატ შვა იორამ; იორამ შვა ოზია; ოზია შვა იოათამ; 9. იოათამ შვა აქაზ; აქაზ შვა ეზეკია; 10. ეზეკია შვა მანასე; მანასე შვა ამონ; ამონ შვა იოსია; 11. იოსია შვა იექონია და ძმანი მისნი ტყუეობასა მას ბაბილოვნელთასა. 12. შემდგომად ტყუეობისა მის ბაბილოვნისა იექონია შვა სალათიელ; სალათიელ შვა ზორობაბელ; ზორობაბელ შვა აბიუდ; 13. აბიუდ შვა ელიაკიმ; ალიაკიმ შვა აზორ; 14. აზორ შვა სადუკ; სადუკ შვა აქიმ; აქიმ შვა ალიუდ; 15. ელიუდ შვა ელეაზარ; ელეაზარ შვა მატთან; მატთან შვა იაკობ; 16. იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესუ, რომელსა ჰრქჳან ქრისტე. 17. ყოველი ნათესავი აბრაჰამისითგან ვიდრე დავითისამდე ნათესავი ათოთხმეტ; და დავითისითგან ვიდრე ტყუენვადმდე ბაბილოვნისა ნათესავი ათოთხმეტ; და ტყუენვითგან ბაბილოვნისაჲთ ვიდრე ქრისტესამდე ნათესავი ათოთხმეტ.
წიგნი შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა აბრაამისა. 2. აბრაამმა შვა ისააკი; ისააკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები. 3. ხოლო იუდამ შვა ფარეზი და ზარა თამარისაგან; ფარეზმა შვა ესრომი; ესრომმა შვა არამი. 4. არამმა შვა ამინადაბი; ამინადაბმა შვა ნაასონი; ნაასონმა შვა სალმონი. 5. სალმონმა შვა ბოოსი რაქაბისაგან; ბოოსმა შვა იობედი რუთისაგან; იობედმა შვა იესე; იესემ შვა მეფე დავითი. 6. მეფე დავითმა შვა სოლომონი ურიას ცოლისაგან. 7. სოლომონმა შვა რობოამი; რობოამმა შვა აბია; აბიამ შვა ასა. 8. ასამ შვა იოსაფატი; იოსაფატმა შვა იორამი; იორამმა შვა ოზია. 9. ოზიამ შვა იოთამი; იოთამმა შვა აქაზი; აქაზმა შვა ეზეკია. 10. ეზეკიამ შვა მანასე; მანასემ შვა ამონი;. ამონმა შვა იოსია. 11. იოსიამ შვა იექონია და მისი ძმები ბაბილონის ტყვეობის ჟამს. 12. ხოლო ბაბილონის ტყვეობის შემდეგ იექონიამ შვა სალათიელი; სალათიელმა შვა ზორობაბელი. 13. ზორობაბელმა შვა აბიუდი; აბიუდმა შვა ელიაკიმი; ელიაკიმმა შვა აზორი. 14. აზორმა შვა სადოკი; სადოკმა შვა აქიმი; აქიმმა შვა ელიუდი. 15. ელიუდმა შვა ელეაზარი; ელეაზარმა შვა მატთანი; მატთანმა შვა იაკობი. 16. ხოლო იაკობმა შვა იოსები, ქმარი მარიამისა, ვისგანაც იშვა იესო, რომელსაც ჰქვია ქრისტე. 17. ასე რომ, მთელი შთამომავლობა აბრაამიდან დავითამდე თოთხმეტი თაობა, და დავითიდან ბაბილონის ტყვეობამდე თოთხმეტი თაობა და ბაბილონის ტყვეობიდან ვიდრე ქრისტემდე თოთხმეტი თაობა
და თავადსა იესუს ეწყო ოდენ ყოფად მეოცდაათესა წელსა, რომელი საგონებელ იყო ძედ იოსებისა, ელისა, 24. მატათანისა, ლევისა, მელქისა, იანესა, იოსებისა, 25. მატათისა, ამოსისა, ნაომისა, ესლისა, ნაგესა, 26. მაათისა, მატათისა, სემისა, იოსებისა, იუდაჲსა, 27. იონანისა, რესაჲსა, ზორობაბელისა, სალათიელისა, ნერისა, 28. მელქისა, ადდისა, კოსამისა, ელმოდადისა, ერისა, 29. იოსისა, ელიეზერისა, იორამისა, მატტათისა, ლევისა, 30. სჳმეონისა, იუდაჲსა, იოსებისა, იონანისა, ელიაკიმისა, 31. მელეაჲსა, მაჲნანისა, მატათანისა, ნათანისა, დავითისა, 32. იესესა, იობედისა, ბოოსისა, სალმუნისა, ნაასონისა, 33. ამინადაბისა, არამისა, ესრომისა, ფარეზისა, იუდაჲსა, 34. იაკობისა, ისაკისა, აბრაჰამისა, თარაჲსა, ნაქორისა, 35. სერუქისა, რაგავისა, ფალეგისა, ებერისა, სალაჲსა, 36. კაინანისა, არფაქსადისა, სემისა, ნოესა, ლამექისა, 37. მათუსალაჲსა, ენუქისა, იარედისა, მალელეილისა, კაინანისა, 38. ენოსისა, სეითისა, ადამისა და ღმრთისა.
ხოლო იესო ამ დროისათვის იყო ოცდაათი წლისა, და იყო, როგორც ეგონათ, ძე იოსებისა, ელისა, 24. მატთატისა, ლევისა, მელქისა, იანაისა, იოსებისა, 25. მატათიასი, ამოსისა, ნაუმისა, ესლისა, ნაგესი, 26. მაათისა, მატათიასი, სემეისა, იოსებისა, იუდასი, 27. იოანასი, რესასი, ზორობაბელისა, სალათიელისა, ნერისა, 28. მელქისა, ადისა, კოსამისა, ელმოდამისა, ერისა, 29. იოსესი, ელიეზერისა, იორეიმისა, მატთატასი, ლევისა, 30. სიმეონისა, იუდასი, იოსებისა, იონანისა, ელიაკეიმისა, 31. მელეასი, მაინანისა, მატათასი, ნათანისა, დავითისა, 32. იესესი, იობედისა, ბოოსასა, სალმონისა, ნაასონისა, 33. ამინადაბისა, არამისა, ესრომისა, ფარესისა, იუდასი, 34. იაკობისა, ისააკისა, აბრაამისა, თარასი, ნაქორისა, 35. სარუქისა, რაგავისა, ფალეკისა, ებერისა, სალასი, 36. კაინანისა, არფაქსადისა, სემისა, ნოესი, ლამექისა, 37. მათუსალასი, ენოქისა, იარედისა, მადელეილისა, კაინანისა, 38. ენოსისა, სეთისა, ადამისა, ღმრთისა.