5. ქალწული მარიამის ხარება ძე მაღლის შობის შესახებ

ნაზარეთი
ძვ. წ. აღ. 6 წელი, 7 აპრილი

მთ. მკ.

ლკ. 1

26. და თუესა მეექუსესა მოივლინა გაბრიელ ანგელოზი ღმრთისა მიერ ქალაქად გალილეაჲსა, რომლისა სახელი ნაზარეთ, 27. ქალწულისა, თხოილისა ქმრისა, რომლისა სახელი იოსებ, სახლისაგან და ტომისა დავითისა, და სახელი ქალწულისაჲ მის მარიამ. 28. და შევიდა ანგელოზი იგი მისა და ჰრქუა: გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის. 29. ხოლო მან რაჲ იხილა, შეძრწუნდა სიტყუასა მას მისსა ზედა და განიზრახვიდა: ვითარ-მე არს მოკითხვაჲ ესე? 30. და ჰრქუა მას ანგელოზმან მან: ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა. 31. და აჰა ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვე ძე და უწოდი სახელი მისი იესუ. 32. ესე იყოს დიდ და ძე მაღლის ეწოდოს, და მისცეს მას უფალმან ღმერთმან საყდარი დავითის, მამისა თჳსისაჲ. 33. და მეუფებდეს სახლსა ზედა იაკობისსა საუკუნოდ, და სუფევისა მისისაჲ არა იყოს დასასრულ. 34. ჰრქუა მარიამ ანგელოზსა მას: ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი? 35. მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა მას: სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა, და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ; ამისთჳსცა შობილსა მას წმიდა ეწოდოს და ძე მაღლის. 36. და აჰა ელისაბედ, ნათესავი შენი, იგიცა მიდგომილ არს ძესა სიბერესა თჳსსა, და ესე მეექუსე თუჱ არს მისი, რომელსა-იგი ერქუა ბერწ. 37. რამეთუ არა შეუძლებელ არს წინაშე ღმრთისა ყოველი სიტყუაჲ. 38. ჰრქუა მას მარიამ: აჰა მჴევალი უფლისაჲ; მეყავნ მე სიტყჳსაებრ შენისა! და წარვიდა მისგან ანგელოზი იგი.

26. ხოლო მეექვსე თვეს მოვლინებულ იქნა გაბრიელ ანგელოზი ღმერთის მიერ გალილეის ქალაქში, რომელსაც ეწოდება ნაზარეთი, 27. ქალწულთან, რომელიც დანიშნული იყო კაცზე, და სახელი მისი – იოსები, დავითის მოდგმისა, ხოლო სახელი ქალწულისა – მარიამი. 28. შევიდა ანგელოზი მასთან და უთხრა: გიხაროდეს მადლით მოსილო: უფალი შენთანაა; კურთხეული ხარ დედათა შორის. 29. ხოლო ის შეძრწუნდა მის სიტყვაზე და ჩაფიქრდა: ნეტა რას უნდა ნიშნავდეს ეს მოკითხვაო? 30. ანგელოზმა უთხრა მას: ნუ გეშინია, მარიამ, რადგანაც ჰპოვე მადლი ღმრთის წინაშე. 31. აჰა, მუცლად იღებ და შობ ძეს, და უწოდებ სახელად იესოს. 32. დიდი იქნება იგი და უზენაესის ძედ იწოდება, და მისცემს ღმერთი მამამისის, დავითის, ტახტს. 33. საუკუნოდ იმეფებს იაკობის სახლზე და არ იქნება დასასრული მისი სუფევისა. 34. ხოლო მარიამმა უთხრა ანგელოზს: როგორ იქნება ეგ, მამაკაცი რომ არ ვიცი? 35. მიუგო ანგელოზმა და უთხრა მას: სული წმიდა გადმოვა შენზე, და უზენაესის ძალა მოგიჩრდილებს. ამიტომაც ღმრთის ძედ იწოდება წმიდა შობილი. 36. აჰა, ელისაბედმაც, შენმა ნათესავმა, მუცლად იღო ძე სიბერის ჟამს, და ეს მეექვსე თვეა მისთვის, ვინც უნაყოფოდ იყო ხმობილი, 37. რადგან ღმერთისთვის არაფერია შეუძლებელი. 38. ხოლო მარიამმა თქვა: აჰა, მხევალი უფლისა! მეყოს მე შენი სიტყვისამებრ! და განეშორა მას ანგელოზი.

ინ.