მე-11 შვიდეული შემდგომად მეერგასისა
20.08.2025 მარხვა. ოთხშაბათი
უფლის ფერისცვალების შემდგომი დღესასწაული.
ღირსმოწამის დომენტი (დომეტი) სპარსისა და ორთა მოწაფეთა მისთა (363); მოწამეთა მარინ მხედრისა და ასტერი სვინკლიტიკოსისა (260); ღირსისა ორე მონაზონისა (390); ღირსმოწამისა პოტამია სასწაულთმოქმედისა.
დღის ლოცვები
ღირსმოწამე დომენტი სპარსელის და 2-თა მოწაფეთა მისთა
ტროპარი: მარხვითა აღუაწე პირველ მთათა ზედა და საცნაურთა მტერთა წყობანი ძალითა ჯუარისათა წარსწყმიდენ, ყოვლადსანატრელო, და კუალად ვნებათა მიმართ მხნედ შეიჭურე, და მრჩობლნი გვირგვინნი მოიხვენ ღმრთისა მიერ, ღირსო მოწამეო დომენტი, მარადის სახსენებელო.
კონდაკი: შეაიწრენ ხორცნი შენნი და განიძარცვენ ქუენანი ზრახვანი, ღირსო მოწამეო დომენტი, და გამოსჩნდი დიდად წინამძღურად მონაზონთა, და არა შეუშინდი მეფისა გულისწყრომასა, რომელმან არა ინება თაყვანისცემაი ქრისტესი; ამისთვის აღესრულე ესრეთ მღაღადებელი: ვითარმედ ღმერთი არს შენ თანა და ვერ ვინ შემძლებელ არს ვნებად ჩემდა.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, სავედრებელი ყოვლადწმიდისა მიმართ, ოთხშაბათსა დილას
ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულისთქმათაგან, და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე, და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროის რიცხვისა ქვიშისა, შეყროლდეს და დალბეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა: შენ, დედაო ღვთისა ჩვენისაო, მარადის განგარისხე არაწმინდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე, დედუფალო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე მეცა შენგან ვაიმე, ვაიმე დაბნელებული, ნუ, დედუფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე მტერთა ჩემთა! აღადგინე გულის სიტყვა ჩემი სინანულად, და ხელპყრობილმყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღვრებითა ვჰსცხონდე. ჰე, დედაუფალო წმიდაო, დედაო კაცთ-მოყვარისა ღვთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლე იგი მეოხებითა შენითა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკვდიდ! მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთათა და განვჰსწმიდნე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა, და უფროს თოვლისა განვჰსპეტაკნე. ჰე, დედაო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი და ვედრებაი ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა სინანულით უცდომელად, და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, რაჟამს მეგულებოდეს სიტყვად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი, დედუფალო, მოწყალითა თვალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყვის მიმხდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა, და მექმენ მე ვაქილ და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი! მაშინ წარმადგინე მე ურცხვენელი და ცხოვნებული, საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა, დიდებად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და დაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა და სულისა მისისა ცხოველსმყოფელისა ერთისა და დასაბამ ნათელთასა, და თანაარსისა სამებისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ძილად დაწოლისა, ოთხშაბათსა
აღსვლასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი განსვენებისათვის ხორცთა ჩემთასა, რათა მძინარეცა შენვე გაქებდე, რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონება და გულის სიტყვანი ჩემნი! წმიდა ჰყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოსი შენი, მცველად აღდგომისა ჩემისა, რათა დავიმარხნე ხორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშვებ ჩემ ზედა სატანასა ბოროტსა და მარადის მოძულესა სიწმიდისა შენისასა, მოყვარესა სულსა ამაოებისასა, და რათა ჟამსა განღვიძებისა ჩემისასა განვიმარტნე ხელნი ჩემნი სახედ ჯვარისა შენისა უფალო, და შენ ჯვარცმულსა აღგიარნე ბრალნი ჩემნი და მე განძლიერებული ესრეთ გიღაღადებდე: უფალო, დაიცევ მეფეი და ქალაქი ჩემი, მეფე, რომელ არს სული ჩემი და ქალაქი გვამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად სამკვიდრეელად სიწმიდისა შენისა ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, დავჰსწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯვარითა შენითა, და დავიძინებ მინდობითა საფარველისა შენისათა. მამაო დამიცევ, ძეო დამიფარე, და სულო წმიდაო შემიწყალე მე! მრავალმოწყალეო ღმერთო უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე უღირსი მონაი შენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტე შენისათა და წმინდა მყავ მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა, რათა განფრთხობილი არმურისა ბოროტთა ოცნებათაგან მტერისათა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირს ვიქმნე წმიდითა გონებითა მოსლვად და მოღებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განჰსწმედ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: 2 კორ. 3: 4-11 (დას. 173). მთ. 23: 29-39 (დას. 96).
ღირმოწ. ეფ. 6: 10-17 (დას. 233). ინ. 15: 17-16: 2 (დას. 52).
ლიტ.: 2 კორ. 3: 4-11
4. ასეთი ნდობა გვაქვს ქრისტეს მიერ ღვთის მიმართ. 5. იმიტომ კი არა, ვითომ შეგვეძლოს ჩვენით ვიაზრებდეთ რამეს, თითქოს ღვთისაგან კი არა, ჩვენგანვე გვქონდეს ამის უნარი; 6. არა, ღმერთმა მოგვცა იმისი ძალა, რომ ახალი აღთქმის მსახურნი ვიყოთ; არა ასოსი, არამედ სულისა, ვინაიდან ასო კლავს, ხოლო სული აცოცხლებს. 7. და თუ მსახურება სიკვდილისა, ქვაზე ასოებივით გამოსახული, იმდენად სასახელო იყო რომ ისრაელის ძენი თვალს ვერ უსწორებდნენ მოსეს სახეს, მისი დიდებული იერის გამო, რომელიც, თავისი დიდებულების მიუხედავად, მაინც წარმავალი გახლდათ, – 8. რამდენად უფრო სასახელი იქნება სულის მსახურება დიდებით? 9. რადგანაც, თუ განკითხვის მსახურება დიდებაა, მით უფრო მეტი იქნება დიდება სამართლიანობის მსახურებისა, 10. იმდენად, რომ იმ დიდებას აღარც კი ეთქმის დიდება ამ უზენაეს დიდებასთან შედარებით. 11. ვინაიდან თუ წარმავალს ჰქონდა დიდება, რამდენად უფრო მეტია დიდება წარუვალისა.
ლიტ.: მთ. 23: 29-39
29. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომელნიც აგებთ წინასწარმეტყველთა სამარხებს და ამკობთ მართალთა ძეგლებს; 30. და ამბობთ: ჩვენი მამების დროს რომ გვეცხოვრა, არ ვიქნებოდით მათი თანამოზიარენი წინასწარმეტყველთა სისხლში. 31. ამრიგად, თქვენი თავის წინააღმდეგ თვითონვე მოწმობთ, რომ წინასწარმეტყველთა მკვლელების ნაშიერნი ხართ. 32. და აღავსეთ საწყაული თქვენი მამების. 33. გველნო, იქედნეს ნაშიერნო, როგორ გაექცევით გეენის სასჯელს? 34. ამიტომ, აჰა, გიგზავნით წინასწარმეტყველთ, ბრძენთა და მწიგნობართ; და ზოგს მოჰკლავთ და ჯვარს აცვამთ, ზოგს მათრახით სცემთ სინაგოგებში და ზოგსაც ქალაქიდან ქალაქად დაუწყებთ დევნას; 35. რათა მოიწიოს თქვენზე ამ ქვეყნად დათხეული ყოველი მართალი სისხლი, აბელ მართლის სისხლიდან ვიდრე სისხლამდე ბარაქიას ძისა, ზაქარიასი, რომელიც მოჰკალით ტაძარსა და საკურთხეველს შორის. 36. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ყოველივე ეს მოიწევა ამ მოდგმაზე. 37. იერუსალიმ, იერუსალიმ, წინასწარმეტყველთა მკვლელო და შენდამი მოვლინებულთა ქვებით ჩამქოლველო! რამდენჯერ ვცადე შემეკრიბა შენი შვილები, როგორც ფრინველი კრებს ბარტყებს თავის ფრთებქვეშ, და არ ისურვე. 38. და აჰა, გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად. 39. რადგანაც გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, სანამ არ იტყვით: კურთხეულია მომავალი უფლის სახელით!
ღირმოწ. ეფ. 6: 10-17
10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. 11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, 12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ. 13. ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ. 14. მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ, 15. ფეხთ კი მზადყოფნა ჩაიცვით მშვიდობის სახარების საქადაგებლად. 16. ამასთან, იფარეთ რწმენის ფარი, რომლითაც შესძლებთ ბოროტების ცეცხლოვან ისართა დაშრეტას, 17. აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა.
ღირმოწ. ინ. 15: 17-16: 2
17. ამას გიდებთ მცნებად, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი. 18. თუ ქვეყანას სძულხართ, იცოდეთ, რომ მე მომიძულა უწინ. 19. ამ ქვეყნისანი რომ იყოთ, ქვეყანას ეყვარებოდა თვისნი; მაგრამ რაკი ამ ქვეყნისანი არა ხართ, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნისაგან, ამიტომაც სძულხართ ქვეყანას. 20. გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: არ არის მონა, თავის ბატონზე უმეტესი. მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას; თუ დაიცვეს ჩემი სიტყვა, თქვენსასაც დაიცავენ. 21. ხოლო ყოველივე ამას შეგამთხვევენ ჩემი სახელის გამო, ვინაიდან არ იცნობენ ჩემს მომავლინებელს. 22. რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის. 23. ჩემს მოძულეს მამაჩემიც სძულს. 24. რომ არ მექმნა მათ შორის საქმენი, სხვას რომ არავის უქმნია; არ ექნებოდათ ცოდვა; ახლა კი მიხილეს და მომიძულეს მეცა და მამაჩემიც. 25. რათა აღსრულდეს მათ რჯულში დაწერილი სიტყვა: მომიძულეს მე უმიზეზოდ. 26. ხოლო როდესაც მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მოგივლენთ მამის მიერ, – ჭეშმარიტების სული, რომელიც გამოდის მამისაგან, ის იმოწმებს ჩემთვის. 27. და თქვენც მოწმენი იქნებით, ვინაიდან იმთავითვე ჩემთანა ხართ.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მოწამენი მარინ მხედარი და ასტერიოს სინკლიტიკოსი (+260)
წმიდა მოწამენი მარინ მხედარი და ასტერიოს სინკლიტიკოსი წარმართი იმპერატორის, გალიენუსის (260-268) ზეობაში აღესრულნენ.წმიდა მარინი პალესტინის კესარიაში მსახურობდა და თავისი სიმამაცისა და სათნოებებისათვის თვით წარმართთა მხრიდანაც პატივისცემას იმსახურებდა. ახოვანი მეომარი ასისთავად დანიშნეს, მაგრამ ახალი ხარისხის მისაღებად საჭირო იყო ფიცის დადება წარმართულ ღვთაებათა სახელების მოხმობით. მარინმა მის წარმოთქმაზე მტკიცე უარი განაცხადა. მსაჯულმა წმიდანს სამი საათი მისცა მოსაფიქრებლად: თუ ურჩობას არ დაიშლიდა, სიკვდილი ელოდა.
სამსჯავროდან გასულ უფლის რჩეულს ეპისკოპოსი თეოტეკნი შეხვდა და ტაძარში შეიყვანა. მღვდელმთავარმა ნეტარს ჯერ სახარებაზე მიუთითა, შემდეგ კი ქამარში ჩამაგრებულ მახვილზე და უთხრა: „აირჩიე ან წიგნი ცხოვრებისა, რომელშიც ჩაიწერება შენი სახელი, როგორც ზეციური მეუფის მხედრისა, ან მახვილი, რომლითაც მიწიერ მეფეს ემსახურები“. მარინი ოდნავადაც არ შეყოყმანებულა – წმიდა სახარებისკენ გაიშვირა ხელი. თეოტეკნმა განამტკიცა, აკურთხა ნეტარი და უთხრა: „მიიღე ის, რაც ირჩიე“. ლოცვითა და მღვდელმთავრის კურთხევით მარტვილმა მსაჯულის წინაშე კვლავ უარი განაცხადა წარმართული ფიცის წარმოთქმაზე, რისთვისაც თავი მოჰკვეთეს.
წმიდანის წამებას შეესწრო რომაელი სენატორი ასტერიოსი. იგი კეთილმსახური ცხოვრებით სათნოეყოფოდა ღმერთს, მტკიცე ქრისტიანი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანები სასტიკად იდევნებოდნენ, ურყევად იდგა თავის სარწმუნოებაზე. ერთხელ, პალესტინაში ყოფნისას ნეტარი ფილიპიის კესარიაში ჩავიდა. აქ, ჩვეულებისამებრ, წარმართული მსხვერპლშეწირვა აღესრულებოდა. შეწირულ მსხვერპლს კერპში ჩაბუდებული ეშმაკი უჩინარს ხდიდა, რაც უღმრთოებს დიდ სასწაულად მიაჩნდათ. წმიდა ასტერიოსმა ცრუღვთაების ქანდაკიდან განდევნა ბოროტი სული.
როცა წმიდა მარინი სიკვდილით დასაჯეს, ასტერიოსმა გაიხადა სენატორის მდიდრული შესამოსელი, მიწაზე გაფინა, შიგ მარტვილის პატიოსანი ცხედარი გაახვია, საკუთარი მხრებით მიაბრძანა საფლავამდე და დაფლა. ამ საქციელისათვის იგი შეიპყრეს და თავის მოკვეთა მიუსაჯეს. ქრისტეს ტარიგმა 260 წელს შეჰვედრა სული უფალს.
ღირსმოწამე დომენტი სპარსი და ორნი მოწაფენი მისნი (+363)
ღირსმოწამე დომენტი სპარსი იყო და წინაპართა ცრუსარწმუნოებას ერთგულებდა მანამ, სანამ სიყმაწვილეში ქრისტიანმა უარმა სახარების სწავლების ნათლით არ გაუნათა გონება. ამის შემდეგ ნეტარმა არ ისურვა სამშობლოში დარჩენა, სასაზღვრო ქალაქ ნიზიბიას მიაშურა (მესოპოტამიაში), ნათელიღო და ერთ-ერთ მონასტერში ბერად შედგა. ნეტარის მადლმოსილებამ შური აღუძრა სავანის მკვიდრთ, რის გამოც დომენტი განერიდა მათ და წმიდა სერგისა და ბაქოსის სახელობის მონასტერს მიაშურა თეოდოსიპოლში. აქ წმიდანი მოღვაწეობდა მკაცრი ასკეტის, არქიმანდრიტ ნურველის ხელმძღვანელობით. დომენტის საკვირველი ღვაწლი რომ იხილა, ნურველმა იგი დიაკვნად აკურთხა, შემდეგ მოისურვა, ხუცესადაც დაედგინა, მაგრამ წმიდანმა თავი უღირსად ჩათვალა და სირიაში, ერთ უდაბურ მთაზე განმარტოვდა. აქ ნეტარი მამა ღია ცის ქვეშ ცხოვრობდა, შემდგომ კი გამოქვაბულში დამკვიდრდა ორ მოწაფესთან ერთად. დომენტიმ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. ერთხელ იმ მხარეში, სადაც ნეტარი მამა და მისი მოწაფეები მოღვაწეობდნენ, გაიარა სპარსელებთან საბრძოლველად მიმავალმა იმპერატორმა იულიანე განდგომილმა (361-363). მისი ბრძანებით მხედრებმა მოძებნეს უფლის სათნომყოფელნი, შემდეგ კი, ერთი გადმოცემით, ქვებით ჩაქოლეს, სხვა ცნობით – მღვიმის შესასვლელი ამოქოლეს და შიგ ცოცხლად დამარხეს (+363). ღირსი ორე მონაზონი (+დაახლ. 390)
ღირსი ორე მონაზონი სიჭაბუკეშივე განერიდა ამსოფელს, თებაიდის უდაბნოს მიაშურა და მრავალი წელი ცხოვრობდა აქ განდეგილი ბერის მკაცრი ცხოვრებით. უკვე მხცოვან მოსაგრეს ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა, რომ უფალი ანდობდა მას ზრუნვას იმ ადამიანთა სულებზე, რომლებიც მისი ხელმძღვანელობით ცხოვრებას მოისურვებდნენ. უფალმა მას საღვთო წერილის კითხვის ნიჭი მიმადლა, თუმცა ბავშვობიდანვე წერა-კითხვის უცოდინარი იყო. თანდათან ღირსი ორეს ირგვლივ შემოიკრიბა მრავალრიცხოვანი ძმობა, დაარსდა სავანე, ნეტარი კი მისი სულიერი წინამძღვარი შეიქნა. იგი ხშირად მოუთხრობდა მოწაფეებს იმ საცთურთა შესახებ, რომლებიც თავს ატყდებათ ხოლმე განმარტოებით მოღვაწე ბერებს, მაგრამ ყველაფერს ისე ყვებოდა, თითქოს ამის შესახებ ნაცნობ მეუდაბნოეთა ცხოვრებიდან უწყოდა მხოლოდ. ღირსი მამა ფარავდა თავის ღვაწლს, ის თავის მოწაფეთა ყველა აზრსა და მოქმედებას ჭვრეტდა; ვერავინ ბედავდა მის მოტყუებას. ღრმა მოხუცებულობას მიღწეულმა წმიდანმა რამდენიმე მონასტერი დააარსა, რომლებშიც ათასზე მეტი მონაზონი მოსაგრეობდა. ნეტარი ორე დაახლოებით 390 წელს მიიცვალა, ოთხმოცდაათი წლის ასაკში. ღირსი პიმენ მრავალსნეული, ახლო მღვიმეებში (+დაახლ. 1110)
ღირსი პიმენ მრავალსნეული ავადმყოფი დაიბადა და მხურვალედ ევედრებოდა დედ-მამას, წაეყვანათ კიევო-პეჩორის მონასტერში. როცა სნეულება მეტად გართულდა, მშობლებმა მას სურვილი შეუსრულეს. მათ სავანის ბერებს სთხოვეს, ელოცათ ყმაწვილის გამოჯანმრთელებისთვის; თავად დავრდომილი კი უფალს შესთხოვდა, გაეხანგრძლივებინა მისი ავადმყოფობა და ბერობის ღირსადაც გაეხადა. ნეტარის ლოცვა შესმენილ იქნა; როცა ყველას ეძინა, ოთახში, სადაც პიმენი იწვა, ანგელოზები გამოცხადდნენ იღუმენისა და ძმების სახით, ბერად აღკვეცეს იგი, თან განუცხადეს, რომ მთელი სიცოცხლე სნეული იქნებოდა და სიკვდილამდე სამი დღით ადრე განიკურნებოდა მხოლოდ. გალობის ხმა რომ შემოესმათ, ბერებმა ღირს პიმენს მიაშურეს და იგი სამონაზვნო სამოსელში იხილეს, ანთებული სანთლით ხელში; მისი მოკვეცილი კულული თეოდოსი პეჩორელის ლუსკუმაში აღმოჩნდა. წმიდანი მრავალი წელი მძიმედ ავადმყოფობდა. ტანჯვათა უდრტვინველი დათმენისთვის წმიდანს სხვათა სნეულებების კურნების ნიჭი მიემადლა. მან თავისივე მსგავსი დავრდომილი განკურნა იმ პირობით, რომ სიკვდილამდე ავადმყოფებზე იზრუნებდა. ერთხელ ძმას დაეზარა სნეულთა მსახურება და ავადმყოფობა კვლავ შეუბრუნდა. ღირსმა პიმენმა ისევ განკურნა იგი, თან დამოძღვრა, სნეული და სნეულის მსახური თანასწორ საზღაურს მიიღებენო. ოცი წელი გაატარა ნეტარმა მამამ საშინელ ტანჯვაში და, ანგელოზის წინასწარმეტყველებისამებრ, სიკვდილამდე სამი დღით ადრე გამოჯანმრთელდა.წმიდა პიმენ მრავალსნეულის ამსოფლიდან განსვლის დღეს ტრაპეზზე აღიმართა სამი მანათობელი სვეტი, რომლებიც ტაძრის გუმბათს ზემოთაც გრძელდებოდა. მატიანეში აღწერილი მსგავსი ხილვა 1110 წლის 11 თებერვლით თარიღდება; ამაზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ ღირსი პიმენი მიიცვალა 1110 წლის 11 თებერვალს. წმიდა მამის უხრწნელი ნაწილები ანტონის მღვიმეებშია დაკრძალული.
