23.08.2025. მე-11 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი

23.08.2025. მე-11 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

 

სულთმოფენობის შემდგომ მე-11 კვირის შაბათი

23.08.2025 მარხვა 

უფლის ფერისცვალების შემდგომი დღესასწაული. ხმა 1

მოწამეთა: ლავრენტი მთავარდიაკონისა, სიქსტე პაპისა, ფელიკისიმე და აგაპიტე დიაკონთა, და რომანოზისა, რომაელთა (258); მოწამისა ელიანოსისა. 

დღის ლოცვები

მოწამეთა: ლავრენტი მთავარდიაკონის, სიქსტე პაპის, ფელიქსიმე და აგაპიტე დიაკონთა,

რომანოზის, რომაელთა კონდაკი:

ცეცხლითა ღმრთაებისათა აღტყინებულმან ცეცხლნი ვნებათანი სრულიად დაშრიტენ, მოწამეთა სიმტკიცეო, ღმერთშემოსილო ლავრენტი, და ვნებათა შინა სარწმუნოდ ღაღადებდი: ვერარამან განმაშოროს სიყუარულსა ქრისტესსა. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის შაბათს დილით

საყვარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოზთა შეყვარებულო, ხმა მაღალო ქადაგო ღვთისმეტყველებისაო, ღირს ქმნილო ძედ წმიდისა ქალწულისა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძველო საღმრთოისა სწავლისაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდს მიყრდნობილო, ყოვლად ბრძენო, ნეტარო იოანე, ქადაგო სამებისაო! მითხოვე ქრისტესაგან შენდობაი ცოდვათა და ხსნაი განსაცდელთაგან, განჰსდევნენ ჩვენგან მტერნი ჩვენნი უხილავნი, ვითარცა განჰსდევნე კვინოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

ლოცვა ძილად დაწოლისა შაბათს

უფალო! რაოდენიცა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა სიტყვით, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულისხმის-ყოფით, შემინდევ მე სახელისა შენისათვის წმიდისა და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ხორცთასა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგვემისა გვლარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არა-წმიდათა ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები 

1 კორ. 1: 3-9 (დას. 123). მთ. 19: 3-12 (დას. 78).

1 კორ. 1: 3-9 

3. მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტეს მიერ. 4. მარადჟამ ვმადლობ ღმერთს თქვენს გამო ღვთის მადლისათვის, ქრისტე იესოში რომ მოგეცათ. 5. რადგანაც ყოვლითურთ გამდიდრდით მასში, ყოველგვარი სიტყვით და ცოდნით. 6. ვინაიდან ქრისტეს მოწმობა განმტკიცდა თქვენში. 7. ასე რომ, არ გაკლიათ არავითარი ნიჭი, და მოელით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გამოცხადებას, 8. ვინც განგამტკიცებთ ბოლომდე, რათა უმწიკვლონი იყოთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დღეს. 9. სარწმუნოა ღმერთი, რომელმაც გიხმოთ, რათა ეზიაროთ მის ძეს, ჩვენს უფალს იესო ქრისტეს. 

მთ. 19: 3-12 

3. მაშინ საცდუნებლად მიუახლოვდნენ ფარისევლები და უთხრეს: აქვს თუ არა ნება კაცს, ყოველგვარი მიზეზით გაუშვას ცოლი? 4. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაბამიდან კაცად და ქალად შექმნა ისინი? 5. და თქვა: ამიტომ მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას, შეერთვის თავის ცოლს, და იქნებიან ორივენი ერთ ხორც. 6. ასე რომ, ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთ ხორც. ამრიგად, ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე, ნუ განაშორებს კაცი. 7. კვლავ უთხრეს მას: მაშინ რატომღა გვამცნო მოსემ გაყრის წერილის მიცემა და ცოლთან გაყრა? 8. მიუგო მათ: მოსემ თქვენი გულქვაობის გამო მოგცათ ცოლებთან გაყრის ნება, თავიდან კი არ იყო ასე. 9. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ვინც გაეყრება თავის ცოლს, სიძვის მიზეზის გარეშე, და სხვას შეირთავს, მრუშობს; და ვინც განაშვებს შეირთავს, აგრეთვე მრუშობს. 10. უთხრეს მას მოწაფეებმა: თუ კაცს ამდენი რამ მართებს ცოლის მიმართ, უმჯობესია სულაც არ შეირთოს. 11. ხოლო იესომ პასუხად თქვა: ყველას როდი შეუძლია ამ სიტყვის წვდომა, არამედ მხოლოდ იმათ, ვისაც მიეცა. 12. ვინაიდან არიან საჭურისნი, რომელნიც დედის საშოდანვე ასე იშვნენ; არიან საჭურისნი, რომელნიც კაცთაგან დასაჭურისდნენ; და არიან საჭურისნი, რომელთაც თავად დაისაჭურისეს თავი ცათა სასუფევლის გულისთვის. ვისაც წვდომის თავი აქვს, ჩასწვდეს. 

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით 

                                                                                         (1 ინ. 3: 14) 

 

წმიდა მოწამენი: მთავარდიაკონი ლავრენტი, სიქსტე პაპი, ფელიკისიმე და აღაპიტე დიაკონნი და რომანოზ მხედარი ეწამნენ 258 წელს, იმპერატორ ვალერიანეს (253-259) ზეობისას. სიქსტე პაპი რომის ეკლესიის მესაჭედ წმიდა პაპის, სტეფანეს (+253-257 ხს. 2 აგვისტოს) მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ იქნა დადგენილი. მალე სიქსტეც შეიპყრეს და თავის ორ დიაკონთან – ფელიკისიმესა და აღაპიტესთან ერთად საპყრობილეში გამოამწყვდიეს. როცა მთავარდიაკონი ლავრენტი შეხვდა პაპს, რომელიც დილეგში მიჰყავდათ, შეჰღაღადა: „სად მიდიხარ, მეუფეო? მტოვებ შენს მთავარდიაკონს, ვისთან ერთადაც წირავდი უსისხლო მსხვერპლს?! წამიყვანე, რომ ქრისტესთვის სისხლის დათხევაშიც შენი თანაზიარი ვიყო!“ ნეტარმა სიქსტემ მიუგო: „კი არ გტოვებ, შვილო ჩემო, მოხუცი ვარ და იოლ სიკვდილზე მივდივარ. შენ უფრო ძლიერ დაიტანჯები. უწყოდე, ჩვენი აღსასრულიდან სამი დღის შემდეგ თან გამომყვები. ახლა კი წადი, გაყიდე ეკლესიის განძეულობა და დევნილ და გლახაკ ქრისტიანებს დაუნაწილე“. წმიდანმა აღასრულა მღვდელმთავრის კურთხევა.
როცა ლავრენტიმ გაიგო, წმიდა პაპი დიაკვნებთან ერთად სამსჯავროზე წარადგინესო, მათკენ გაეშურა და სიქსტეს მიმართა: „მეუფეო, უკვე შევასრულე დავალება – შენი გადმოცემული განძი დავარიგე; არ დამტოვო!“ რაღაც განძის შესახებ რომ ესმათ, მეომრებმა დააკავეს ნეტარი, მარტვილებს კი თავები მოკვეთეს (+6 აგვისტო, 258 წ.). იმპერატორმა ლავრენტი საპყრობილეში გამოამწყვდია და მასზე თვალყურის დევნება ციხისთავ იპოლიტეს დაავალა. წმიდა მთავარდიაკონი ლოცვით კურნავდა მასთან შეკრებილ სნეულებს.
აღსრულებული სასწაულებით განცვიფრებულმა იპოლიტემ ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და მთელ სახლეულთან ერთად ნათელიღო. მალე წმიდა ლავრენტი კვლავ წარადგინეს იმპერატორთან, რომელმაც გადამალული საუნჯის ადგილსამყოფელის გამხელა მოითხოვა მისგან. ნეტარმა მიუგო: „თუ სამი დღის ვადას მომცემ, გაჩვენებ განძს“. ამ ხნის მანძილზე ლავრენტიმ თავი მოუყარა მხოლოდ ეკლესიის კმაყოფაზე მყოფ მრავალ დავრდომილსა და გლახაკს, მეფეს წარუდგინა ისინი და უთხრა: „აი ჭურჭლეულობა, რომელშიც განძია დაფლული. ყველა, ვინც ამ კეცისჭურებში დამარხავს თავის საუნჯეს, აღნადგინებითურთ მიიღებს მას ცათა სასუფეველში“.
ამის შემდეგ მტარვალებმა კერპების თაყვანისცემა მოსთხოვეს ქრისტეს ტარიგს, და როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღეს, საშინელი სატანჯველები დაატეხეს მას თავს: გვემდნენ ნემსებიანი წვრილი რკინის ჯაჭვებით – „ღრიანკალებით“, ჭრილობებს ცეცხლზე უწვავდნენ, კალის წკეპლებს ურტყამდნენ… მარტვილის წამების დროს უეცრად მხედარმა რომანოზმა წამოიძახა: „წმიდაო ლავრენტი, მე ვხედავ ჭაბუკს, რომელიც შენს სიახლოვეს დგას და წყლულებს გიწმენდს! შენი უფლის, იესო ქრისტეს სახელისათვის, არ დამტოვო!“ ლავრენტი საწამებელი ძელიდან ჩამოხსნეს და საპყრობილეში ჩააბრუნეს, იპოლიტესთან. რომანოზმა საკანში სარწყულით წყალი მიუტანა ნეტარს და სთხოვა, მოენათლა. წმიდა საიდუმლოს აღსრულებისთანავე ქრისტეს ახალშევედრებულ ცხოვარს თავი მოჰკვეთეს (9 აგვისტო). როცა ლავრენტი უკანასკნელად გაჰყავდათ საწამებლად, იპოლიტეს სურდა, გაეცხადებინა თავისი სარწმუნოება და მასთან ერთად მომკვდარიყო, მაგრამ წმიდა აღმსარებელმა დაუშალა: „შენი აღმსარებლობა ჯერ გულში დაიმარხე. სულ მალე მე მოგიხმობ, შენც ყურად-იღებ და მოხვალ ჩემთან. ჩემს გამო კი ნუ ტირი – გიჯობს, ხარობდე: ბრწყინვალე მოწამეობრივი გვირგვინით შესამკობად მივდივარ“. მარტვილი რკინის ცხაურით გავარვარებულ ნაღვერდალზე დააწვინეს. მსახურები ზემოდან აწვებოდნენ ნეტარის სხეულს და მის წამებას აძლიერებდნენ. წმიდა ლავრენტიმ მსაჯულებს მიაპყრო თვალები და თქვა: „ერთი მხარე უკვე გამოცხვა, გადმომაბრუნეთ!“ შემდეგ, უკვე სულთმობრძავმა, ხმა-ჰყო: „გმადლობ, უფალო იესო ქრისტე, რამეთუ ღირს-მყავ შენს ბჭეთა შორის განსვლისა“, და აღესრულა.
ღამით წმიდა იპოლიტემ წაასვენა წმიდა ცხედარი, სურნელოვანი ნელსაცხებლებით გაპოხილ ტილოებში შეგრაგნა და ამის შესახებ ხუცეს იუსტინეს აუწყა. ქვრივი კვირიკიას სახლში უფლის სათნომყოფლის ნაწილებზე ღამისთევის ლოცვები და საღვთო ლიტურგია აღასრულეს. იქ მყოფი ყველა ქრისტიანი ეზიარა წმიდა საიდუმლოს, შემდეგ კი, 258 წლის 10 აგვისტოს, წმიდანის პატიოსანი ცხედარი მღვიმეში დაფლეს. წმიდა იპოლიტე და სხვა აღმსარებლები წმიდა ლავრენტის მიცვალებიდან სამი დღის შემდეგ (13 აგვისტოს) ეწამნენ, რაც ადრევე უწინასწარმეტყველა მათ ნეტარმა მთავარდიაკონმა.