„… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ” (ეფ. 6: 12).
„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 20.იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
„… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! 2. ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! 3. უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

26-ე კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა I
7.12.2025. ხსნილი თევზით
ტაძრად მიყვანების შემდგომი დღესასწაული
დიდმოწამისა ეკატერინესი, ალექსანდრიელი ქალწულისა (305-313); დიდმოწამისა მერკურისა (III); მოწამეთა ვასილისა (ავგუსტა) დედოფლისა, პორფირი სტრატილატისა და 200-თა მხედართა (305-313); ღირსისა მასტრიდია ქალწულისა; ღირსისა სიმონ სოიგინელისა (1562).
დღის ლოცვები
დიდმოწამე ეკატერინეს
ტროპარი: სათნოებითა, ვითარცა მზისა შარავანდედითა, განანათლენ ურწმუნონი ბრძენნი და ვითარცა ყოვლადბრწყინვალემან მთოვარემან, ბნელსა შინა მავალთაგან ურწმუნოებისა ბნელი განსდევნე და დედოფალი მორწმუნე-ჰყავ და ზოგად ამხილე მძლავრსა, ღმრთივწოდებულო სძალო, ნეტარო ეკატერინე, და სიხარულით შეხვედი ზეცისა სასძლოსა, ყოვლადშუენიერსა სიძისა შენისა მიმართ, ქრისტესა, და მის მიერ სამეფოთა გვირგვინითა გვირგვინოსან იქმენ, და ანგელოზთა თანა მდგომარე ხარ, ევედრე მას ჩუენ ყოველთათვის, რომელნი აღვასრულებთ ყოვლადპატიოსანსა სახსენებელსა შენსა.
კონდაკი: მწყობრი პატიოსანი ღმრთისა მიერ, მარტვილთ მოყუარენო, აწ დაადგინენით მაქებელთა ყოვლადბრძენისა ეკატერინესა, რამეთუ ამან სტადიონსა შინა ქრისტე ქადაგა და გუელი დასთრგუნა, რიტორთა მეცნიერებისა განმნერწყუელმან.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, კვირიაკესა, შემდგომად ძილისაგან აღდგომისა
უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, განმწმინდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო, შენ უწყნი ცოდვანი ჩემნი, რამეთუ შენ ვითარცა გნებავს, აღხოცენ იგინი. შეგცოდე უფალო, შემინდვენ მე სახელისა შენისათვის წმიდისა. უფალო მომეც მე კეთილი ანგელოსი, მმართებელად და მოძღვრად ცხოვრებისა ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რაი მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათვის მომეც მე დაწყებაი დასაბამისა კეთილისა. უფალო, მასწავე მე, რათა ვჰსცხონდე და ნუ თანა წარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა, კაცთმოყვარე, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის კვირიაკესა, ძილად მისვლის დროს
უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაი ცოდვათა კაცთა მიანიჭე, და სახედ ცოდვათა შენდობისა და აღსარებისა, დავით წინასწარმეტყველისა სინანული შესანდობელად გვიჩვენე, შენ მეუფეო, ჩვენ მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა, და აღჰხოცენ ყოველი უსჯულოებაი ჩემი, რამეთუ შეგცოდე შენ, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და გაქვს ხემწიფებაი მიტევებად ცოდვათა, ხოლო გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, და სულითა მთავრობისათა დაგვამტკიცენ ჩვენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მოგვეც ჩვენ. ნუ განმაგდებ ჩვენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან ღმერთმან შეწყალებაი ჩვენი, და ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვამდე შეწირვად შენდა ვედრებათა, და თხოვად ცოდვათა მოტევებისა, და ღირსყოფად ჩვენდა სასუფეველსა ცათასა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ცისკ.: სახ. მე-4, ლკ. 24: 1-12. (დას. 112).
ლიტ.: ეფ. 5: 8-19 (დას. 229). ლკ. 13: 10-17 (დას. 71).
დიდმოწამეთა ეკატერინესი და მერკურისა: ეფ. 6: 10-17 (დას. 233). ლკ. 21: 12-19 (დას. 106).
ცისკ.: ინ. 24: 1-12
1. ხოლო კვირის პირველ დღეს გამზადებული სურნელებით დილაუთენია მივიდნენ სამარხთან. 2. მაგრამ ლოდი სამარხიდან გადაგორებული დახვდათ. 3. და შიგ შესვლისას ვეღარ ნახეს უფალი იესოს გვამი. 4. ამის გამო საგონებელში ჩავარდნილთ, აჰა, წარმოუდგათ მოელვარე სამოსით მოსილი ორი კაცი. 5. რაკი ისინი შეშინებულნი იყვნენ და თავჩაქინდრულნი ჩაშტერებოდნენ მიწას, უთხრეს მათ: რად ეძებთ ცოცხალს მკვდრებში? 6. აქ აღარ არის, არამედ აღდგა; გაიხსენეთ, რას გეუბნებოდათ, როცა ჯერ კიდევ გალილეაში იყო: 7. რომ ძე კაცისა უნდა მიეცეს ცოდვილ კაცთა ხელში, ჯვარს ეცვას, და მესამე დღეს აღდგეს. 8. და გაახსენდათ მისი სიტყვები. 9. გამობრუნდნენ სამარხიდან და აუწყეს ყოველივე ეს თერთმეტსა და სხვა დანარჩენთაც. 10. ესენი იყვნენ მარიამ მაგდალელი, იოანა, მარიამი, იაკობის დედა, და სხვები მათთან ერთად, მოციქულებს რომ აუწყეს ეს. 11. მაგრამ ფუჭად მოეჩვენათ ეს სიტყვები და არ ერწმუნენ მათ. 12. ხოლო პეტრე ადგა, სამარხს მიაშურა და როცა დაიხარა, დაყრილი ტილოების მეტი ვერაფერი ნახა; და წამოვიდა განცვიფრებული იმის გამო, რაც მოხდა.
ლიტ.: ეფ. 5: 8-19
8. რადგან ოდესღაც ბნელი იყავით, ახლა კი ნათელი ხართ უფალში. მაშ, იარეთ, როგორც ნათლის შვილებს შეშვენით. 9. ვინაიდან ნათლის ნაყოფი ყოველგვარ სიკეთეშია, სამართლიანობასა და ჭეშმარიტებაში. 10. გამოსცადეთ, რა შეიძლება მოსწონდეს უფალს. 11. ნუ ეზიარებით ბნელის უნაყოფო საქმეს, არამედ უმეტესად ამხილეთ, 12. ვინაიდან რასაც ფარულად სჩადიან ისინი, სათქმელადაც სამარცხვინოა. 13. ხოლო ყოველივე მხილებული ნათლით ცხადდება, 14. რადგანაც ნათელია ყოველივე გაცხადებული. ამიტომაც ითქვა: „გაიღვიძე, მძინარევ, აღსდეგ მკვდრეთით, და გაგანათლებს შენ ქრისტე“. 15. მაშ, დაუკვირდით თქვენს ქცევას, არა როგორც უგუნურნი, არამედ როგორც ბრძენნი. 16. გაუფრთხილდით დროს, რადგანაც უკეთურნი არიან დღენი. 17. ასე რომ, ნუ იქნებით უგუნურნი, არამედ შეიცანით, რა არის ნება ღვთისა. 18. ნუ დათვრებით ღვინით, საიდანაც წარმოსდგება აღვირახსნილობა, არამედ აღივსეთ სულით. 19. ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი სიმღერებით ელაპარაკეთ ერთმანეთს; თქვენი გულებით უგალობეთ და უმღერეთ უფალს.
ლიტ.: ლკ. 13: 10-17
10. შაბათ დღეს ერთ-ერთ სინაგოგაში ასწავლიდა იგი. 11. იყო იქ თვრამეტ წელიწადს უძლურების სულით შეპყრობილი ქალი, მოკრუნჩხულს რომ არ შეეძლო წელში გამართვა. 12. იესომ დაინახა, მიიხმო და უთხრა: ქალო, დახსნილი ხარ შენი უძლურებისგან. 13. როგორც კი ხელი დაადო, მყისვე გაიმართა და ადიდებდა ღმერთს. 14. მაშინ განრისხდა სინაგოგის წინამძღვარი, ვინაიდან იესომ შაბათს განკურნა სნეული, და უთხრა ხალხს: ექვსი დღეა, როცა შეიძლება საქმის კეთება; თქვენც მაშინ მოდით განსაკურნავად, და არა შაბათს. 15. მიუგო უფალმა და უთხრა მას: თვალთმაქცო, განა რომელი თქვენგანი არ ახსნის შაბათს ბაგაზე დაბმულ ხარსა თუ ვირს და არ მიჰყავს დასარწყულებლად? 16. ხოლო ეს ასული აბრაამისა, რომელიც თვრამეტ წელიწადს შეკრული ჰყავდა სატანას, არ უნდა დაგვეხსნა ამ საკრველისაგან შაბათს? 17. ამას რომ ამბობდა, რცხვენოდა ყველას, ვინც ეურჩებოდა; მთელი ხალხი კი ხარობდა ყოველივე იმის გამო, რასაც ესოდენ სახელოვნად იქმოდა იგი.
დიდმოწამეთა ეკატერინესი და მერკურისა: ეფ. 6: 10-17
10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. 11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, 12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ. 13. ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ. 14. მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ, 15. ფეხთ კი მზადყოფნა ჩაიცვით მშვიდობის სახარების საქადაგებლად. 16. ამასთან, იფარეთ რწმენის ფარი, რომლითაც შესძლებთ ბოროტების ცეცხლოვან ისართა დაშრეტას, 17. აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა.
დიდმოწამეთა ეკატერინესი და მერკურისა: ლკ. 21: 12-19
12. უწინარეს ყოვლისა კი ხელს დაგადებენ და დევნას დაგიწყებენ, სინაგოგებსა და საპყრობილეებს მიგცემენ, და მიგიყვანენ მეფეებისა და მთავრების წინაშე ჩემი სახელის გამო. 13. და ეს იქნება თქვენს სამოწმებლად. 14. მაშ, გულს ჩაიბეჭდეთ, რომ წინასწარ არ იზრუნებთ, რითი იმართლოთ თავი. 15. ვინაიდან მე მოგცემთ სიტყვას და სიბრძნეს, რომელსაც წინ ვეღარ აღუდგება და ვერც შეეპასუხება ვერც ერთი თქვენი მოპირისპირე. 16. გაგცემენ მშობლებიც და ძმებიც, ნათესავებიც და მეგობრებიც, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ. 17. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო. 18. მაგრამ თქვენი თავიდან ერთი ბეწვიც არ დაიკარგება. 19. მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
დიდმოწამე მერკური (III)
დიდმოწამე მერკური წარმოშობით სკვითი იყო და მხედრად მსახურობდა რომაელთა ლაშქარში. უსჯულო იმპერატორმა დეკიუსმა (249-251) გამოსცა კანონი, რომელიც რომის მოქალაქეებისგან წარმართული ღვთაებების თაყვანისცემას მოითხოვდა, ქრისტიანებს კი სასიკვდილო სასჯელით ემუქრებოდა. ამ დროს იმპერიას ბარბაროსები დაესხნენ თავს და დეკიუსმა ლაშქრი შეკრიბა მათთან საბრძოლველად. ერთ-ერთი ბრძოლის დროს წმიდა მერკურის უფლის ანგელოზი გამოეცხადა, მახვილი გაუწოდა და უთხრა: „ნუ გეშინია, მხნედ შეებრძოლე მტერს და როცა გაიმარჯვებ, არ დაივიწყო უფალი ღმერთი შენი“. წმიდა მეომარმა ამ მახვილით გაბედულად გაიკაფა გზა მოწინააღმდეგის ურდოებს შორის, ბარბაროსთა მეფეც მოკლა და რომაელებს გამარჯვება მოუტანა. მადლიერმა იმპერატორმა სიმამაცისთვის წმიდა მერკური უხვად დააჯილდოვა და მხედართუფროსად დანიშნა.წმიდა მხედარს კვლავ გამოეცხადა უფლის ანგელოზი, შეახსენა, ვისგან ებოძა გამარჯვება და ღვთის სამსახურისკენ მოუწოდა. მაშინ წმიდა მერკურის მოაგონდა, რომ მამამისი, გორდიანე, ქრისტიანულ სარწმუნოებას აღიარებდა და თავადაც მოინათლა. მან უარი განაცხადა საზეიმო წარმართულ მსხვერპლშეწირვაში მონაწილეობაზე, რისთვისაც მრისხანე იმპერატორმა თავისთან მოიხმო. მერკურიმ დაუფარავად აღიარა, რომ ქრისტიანი იყო, უღმრთო თვითმპყრობელს ფეხებთან მიუგდო მეომრის სარტყელი და მანტია და მიწიერ პატივზე უარი განაცხადა. საპყრობილეში წმიდანს კვლავ გამოეცხადა ანგელოზი, განამტკიცა და მოუწოდა, ყოველგვარი სატანჯველი გაბედულად დაეთმინა ქრისტესთვის.
ნეტარი მარტვილი ცეცხლის ზემოთ გაჭიმეს, დანებით დასერეს და წკნელებით დაუნდობლად სცემეს. რამდენჯერაც ასე სასტიკად ნაწამები წმიდანი საპყრობილეში ჩააგდეს, იმდენჯერ სასწაულებრივი კურნება მიემადლა უფლისგან, რაც ქრისტეს სარწმუნოების უძლეველობას უმტკიცებდა უსჯულოებს. სიკვდილმისჯილ მერკურის თავად უფალი გამოეცხადა და აღუთქვა, რომ მალე დაიხსნიდა სატანჯველთაგან. დიდმოწამეს კაბადოკიის კესარიაში მოჰკვეთეს თავი. მისი პატიოსანი ცხედარი მირონისა და საკმევლის სურნელს აფრქვევდა და მრავალ სნეულს კურნავდა.
ნეტარმა მერკურიმ სიკვდილის შემდეგაც აღასრულა მხედრული სამსახური მიწიერი ეკლესიის სასიკეთოდ: მღვდელმთავარი ბასილი დიდი (ხს. 1 იანვარს) მხურვალედ ლოცულობდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინ და უსჯულო იმპერატორის, იულიანე განდგომილისგან (361-363) მართლმორწმუნეთა დახსნას ითხოვდა. ზეციურმა დედოფალმა შეისმინა მისი ვედრება და მედღესასწაულე ეკლესიიდან წმიდა მხედარი მერკური გამოგზავნა მებრძოლი ეკლესიის დასაცავად: ხატზე ყოვლადწმიდა მარიამის გვერდით აღბეჭდილი დიდმოწამის გამოსახულება გაქრა, შემდეგ კი კვლავ გამოჩნდა გასისხლიანებული მახვილით ხელში. სწორედ ამ დროს სპარსელებთან ომში იულიანე განდგომილი სასიკვდილოდ დაჭრა უცნობმა მეომარმა, რომელიც იმავ წამს გაუჩინარდა. სულთმობრძავი ღვთისმგმობელის უკანასკნელი სიტყვები იყო: „შენ გაიმარჯვე, გალილეველო!“
დიდმოწამე ეკატერინე (+305-313); წმიდა მოწამე ავგუსტა; წმიდა მოწამე პორფირი სტრატილატი და 200 მხედარნი (+305-313)
დიდმოწამე ეკატერინე ეგვიპტის ალექსანდრიის მმართველის, კონსტის ასული იყო. გონიერებით შემკულმა ქალწულმა ბრწყინვალე განათლება მიიღო. ჭაბუკები იმპერიის ყველაზე დიდგვაროვანი ოჯახებიდან ეძიებდნენ მის ხელს, მაგრამ ეკატერინეს გულმა ვერც ერთი ვერ შეიყვარა. წმიდანმა მშობლებს განუცხადა, რომ ცოლად მხოლოდ გვარიშვილობით, სიმდიდრით, მშვენიერებითა და სიბრძნით მასზე აღმატებულს გაჰყვებოდა.ეკატერინეს დედამ, ფარულმა ქრისტიანმა, ასული თავის სულიერ მამასთან, ქალაქის მახლობლად, განკრძალულ გამოქვაბულში მოღვაწე წმიდა მოძღვართან მიიყვანა რჩევა-დარიგების მისაღებად. ნეტარმა ბერმა ქალწულს რომ მოუსმინა, უთხრა: „მე ვიცნობ ჭაბუკს, რომელიც ყველაფრით აღმატებულია შენზე: მისი მშვენება მზეზე უბრწყინვალესია, სიბრძნე – ყველაფერ არსებულს განაგებს, სიმდიდრე – მთელს სამყაროს ეფრქვევა, მაგრამ ოდნავადაც არ მცირდება – პირიქით, მრავლდება; წარმომავლობა კი – ენით გამოუთქმელია“. გამომშვიდობებისას მოძღვარმა ეკატერინეს გადასცა ხატი, რომელზეც ყოვლადწმიდა მარიამი ჩვილი მაცხოვრით ხელში იყო გამოსახული.
ეკატერინე მთელი ღამე მხურვალედ ლოცულობდა. ბოლოს წრფელი გულით აღვლენილი მისი ვედრება შესმენილ იქნა – წმიდანის წინ საღვთო ჩვენებით წარდგა ყოვლადწმიდა ქალწული, რომელიც თავის ღვთაებრივ ძეს სთხოვდა, შეეხედა მათ წინ მუხლმოყრილი ქალწულისთვის, მაგრამ ყრმამ პირი აარიდა ასულს. საშინლად დამწუხრებულმა ეკატერინემ კვლავ მოძღვარს მიმართა. ბერმა სიყვარულით მიიღო იგი, ქრისტიანულ სარწმუნოებაში დამოძღვრა და ნათლობის წესი აღასრულა. მაშინ წმიდა ეკატერინეს სიზმრისეულ ჩვენებაში კვლავ გამოეცხადა ღვთისმშობელი ყრმა იესოთი. ამჟამად უფალმა ბეჭედი უბოძა წმიდა ქალწულს. როცა ეკატერინეს გამოეღვიძა, ხელზე მაცხოვრის საკვირველი საჩუქარი – ოქროს ბეჭედი უბრწყინავდა.
ამ დროს ალექსანდრიაში წარმართულ დღესასწაულზე თავად იმპერატორი მაქსიმინე (305-313) ჩავიდა. მოედნებზე გამოფენილმა ბრბომ აავსო ქალაქი. მსხვერპლად ადამიანებსაც სწირავდნენ – დაუნდობლად ყრიდნენ ცეცხლში ქრისტეს აღმსარებლებს, რომლებიც სასტიკი სატანჯველებითაც ვერ გადაედრიკათ მაცხოვნებელი სარწმუნოებისაგან. ქრისტეს მოწამეებისადმი წმიდა სიყვარულითა და მათთვის ხვედრის შემსუბუქების დაუოკებელი სურვილით აღძრულმა ეკატერინემ თვით იმპერიის მთავარ ქურუმებსა და უღმრთო იმპერატორ მაქსიმინეს მიმართა. ნეტარმა ვინაობა განაცხადა, დაუფარავად აღიარა თავისი სარწმუნოება და ბრძნულად ამხილა წარმართთა ცდომა. ქალწულის სილამაზემ მეფე მოხიბლა. იმპერატორმა იმპერიის ორმოცდაათ ყველაზე განსწავლულ ბრძენკაცს მოუწოდა, მაგრამ ეკატერინემ სიტყვიერ პაექრობაში დაჯაბნა ისინი და ყველანი ქრისტიანობაზე მოაქცია. ნეტარმა ქალწულმა ჯვარი გადასახა აღმსარებლებს, რის შემდეგაც მათ ახოვნად იდეს თავს სიკვდილი ქრისტესთვის – იმპერატორის ბრძანებით მარტვილები ცეცხლში გამოწვეს.
იმპერატორმა საწამებლად შეაგდო ნეტარი, შემდეგ კი საპყრობილეში გამოამწყვდია. დედოფალმა ავგუსტამ, რომელსაც ბევრი სმენოდა წმიდა ეკატერინეს შესახებ, მისი ხილვა მოიწადინა. დედოფალი გააოცა ღვთაებრივი მადლით სახეგაბრწყინებული წმიდანის სულის სიმტკიცემ. წმიდა ეკატერინემ მოსულებს ქრისტიანული სწავლება განუმარტა და მათაც ირწმუნეს ჭეშმარიტი ღმერთი.
მომდევნო დღეს მარტვილი კვლავ სამსჯავროზე წარადგინეს, ბორბალზე წამებით დაემუქრნენ და კიდევ ერთხელ მოსთხოვეს ქრისტეს უარყოფა და ცრუღვთაებებისთვის მსხვერპლის შეწირვა. უფლის რჩეულმა ისევ ახოვნად აღიარა მაცხოვარი. იგი თავად მიუახლოვდა ბორბლებს, მაგრამ ანგელოზმა შემუსრა წამების იარაღები და მიმოფანტულმა ნამსხვრევებმა ბევრი წარმართი იმსხვერპლა. ეს სასწაული რომ იხილეს, დედოფალმა ავგუსტამ და მხედართუფროსმა პორფირიმ ორას მეომართან ერთად დაუფარავად აღიარეს ქრისტეს სარწმუნოება, რისთვისაც ყველა სიკვდილით დასაჯეს. მაქსიმინე ისევ შეეცადა ქალწულის ცთუნებას და ამჟამად ცოლობა შესთავაზა მას, მაგრამ პასუხად უარი მიიღო. ნეტარმა ეკატერინემ მტკიცედ განაცხადა, რომ თავისი ზეციური სიძის – ქრისტეს ერთგული რჩებოდა, ლოცვა აღავლინა მისადმი და თავად დადო თავი ჯალათის კუნძზე. უსჯულოებმა მარტვილს თავი მოჰკვეთეს. ნეტარი ეკატერინეს წმიდა ნაწილები ანგელოზებმა სინას მთაზე გადაიტანეს. VI საუკუნეში ზეციური გამოცხადებით მიაკვლიეს უფლის სათნომყოფლის პატიოსან თავსა და მარცხენა ხელს და პატივით გადააბრძანეს იმპერატორ იუსტინიანეს (527-565; ხს. 14 ნოემბერს) მიერ აგებულ სინას მონასტრის ტაძარში.
ღირსი მასტრიდია
ღირსი მასტრიდია ეგვიპტის ალექსანდრიაში ცხოვრობდა. მან ქალწულობის აღთქმა დადო, მკაცრად მარხულობდა და გამუდმებით ლოცულობდა. ერთხელ ქალწულის წმიდა ცხოვრებას გამოცდის ჟამი დაუდგა: ერთ ჭაბუკს ბილწი გულისთქმები აღეძრა მის მიმართ და ისე შეავიწროვა, რომ მასტრიდია იძულებული გახდა, შინ გამოკეტილიყო – ტაძარშიც არ დადიოდა. ის წუხდა, რომ უნებლიეთ აცთუნა ჭაბუკი, მისი საცხოვნებელ გზაზე დაყენების საღვთო შური აღეძრა და შინ მოუხმო. როცა შეიტყო, რომ ვაჟს განსაკუთრებით მისი მშვენიერი თვალები იზიდავდა, წმიდა მასტრიდიამ დაუნდობლად დაითხარა ისინი მაქოთი, რომლითაც ტილოს ქსოვდა. ასე დაიხსნა მან ცთუნებისაგან საკუთარი თავი და ჭაბუკიც, რომელიც სინანულში ჩავარდა, ბერად აღიკვეცა და მკაცრ, ასკეტურ ღვაწლს შეუდგა. თავად წმიდა ქალწულმაც ცხოვრება ღვთივსათნო ღვაწლში გალია.