28.12.2025. 29-ე კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა IV

28.12.2025. 29-ე კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა IV

     „… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ (ეფ. 6: 12).

     „ თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

     „… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

29-ე კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა IV

28.12.2025. შაბათი. მარხვა

წმიდათა მამათმთავართა კვირიაკე.

მღვდელმოწამისა ელევთერისა და დედისა მისისა მოწამისა ანთიასი და მოწამისა კორევორ ეპარხოსისა (II); ღირსისა პავლე ლატრიელისა (955); მოწამისა ელევთერისა (305-311); ღირსისა პარდოს განდეგილისა (VI); ღირსისა ქალწულმოწამისა სუსანა პალესტინელისა, დედათდიაკონისა (III-IV); წმიდისა მარიამისა – ყოვლადწმიდა ღმრთისშობლის დიდედისა (ბებია).

დღის ლოცვები
მღვდელმოწამე ელევთერისა და დედისა მისისა მოწამისა ანთიასი და მოწამისა კორივი ეპარქოსის კონდაკი:

ვითარცა პატიოსან იყავ მღდელთა შორის, ღირსო, ეგრეთვე ყოველთა მოღვაწეთა თანა ქებულ ხარ, გევედრებით შენ მღდელმოწამეო ელევთერი, ხსენებისა შენისა მედღესასწაულენი, მრავალფერთა განსაცდელთაგან განგვათავისუფლენ და ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, კვირიაკესა, შემდგომად ძილისაგან აღდგომისა

უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, განმწმინდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო, შენ უწყნი ცოდვანი ჩემნი, რამეთუ შენ ვითარცა გნებავს, აღხოცენ იგინი. შეგცოდე უფალო, შემინდვენ მე სახელისა შენისათვის წმიდისა. უფალო მომეც მე კეთილი ანგელოსი, მმართებელად და მოძღვრად ცხოვრებისა ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რაი მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათვის მომეც მე დაწყებაი დასაბამისა კეთილისა. უფალო, მასწავე მე, რათა ვჰსცხონდე და ნუ თანა წარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა, კაცთმოყვარე, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის კვირიაკესა, ძილად მისვლის დროს

უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაი ცოდვათა კაცთა მიანიჭე, და სახედ ცოდვათა შენდობისა და აღსარებისა, დავით წინასწარმეტყველისა სინანული შესანდობელად გვიჩვენე, შენ მეუფეო, ჩვენ მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა, და აღჰხოცენ ყოველი უსჯულოებაი ჩემი, რამეთუ შეგცოდე შენ, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და გაქვს ხემწიფებაი მიტევებად ცოდვათა, ხოლო გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, და სულითა მთავრობისათა დაგვამტკიცენ ჩვენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მოგვეც ჩვენ. ნუ განმაგდებ ჩვენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან ღმერთმან შეწყალებაი ჩვენი, და ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვამდე შეწირვად შენდა ვედრებათა, და თხოვად ცოდვათა მოტევებისა, და ღირსყოფად ჩვენდა სასუფეველსა ცათასა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

ცისკ.: სახ. მე-7. ინ. 20: 1-10 (დას. 63).
ლიტ.: კოლ. 3: 4-11 (დას. 257) (29-ე კვირიაკისა). ლკ. 14: 16-24 (დას. 76) (28-ე კვირიაკისა).

ცისკ.: ინ. 20: 1-10 

1. ხოლო კვირის პირველ დღეს მარიამ მაგდალელი დილაუთენია მივიდა სამარხთან, როცა ჯერ ისევ ბნელოდა, და დაინახა, რომ სამარხიდან აეღოთ ლოდი. 2. გაიქცა და მივიდა სიმონ-პეტრესა და მეორე მოწაფესთან, რომელიც უყვარდა იესოს, და უთხრა მათ: სამარხიდან წაუღიათ უფალი და არ ვიცით, სად დაასვენეს. 3. გამოვიდნენ პეტრე და მეორე მოწაფე და სამარხს მიაშურეს. 4. ორივენი ერთად მირბოდნენ, მაგრამ მეორე მოწაფემ გაუსწრო პეტრეს და პირველი მივიდა სამარხთან. 5. დაიხარა და დაინახა ძირს დაყრილი ტილოები, მაგრამ შიგ კი არ შესულა. 6. მას კვალდაკვალ მოჰყვა სიმონ-პეტრეც, სამარხში შევიდა და ძირს დაყრილი ტილოები დაინახა. 7. ხოლო სუდარა, თავზე რომ ჰქონდა შემოხვეული, ტილოებთან კი არ იდო, არამედ დაეკეცათ და ცალკე დაედოთ. 8. მაშინ შევიდა მეორე მოწაფეც, პირველად რომ მივიდა სამარხთან, და იხილა და იწამა. 9. რადგან ჯერ კიდევ არ იცოდნენ წერილი, რომ მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო. 10. და მოწაფეები კვლავ შინ დაბრუნდნენ.

ლიტ.: კოლ. 3: 4-11 

4. როდესაც გამოჩნდება ქრისტე, თქვენი სიცოცხლე, მასთან ერთად თქვენც გამოჩნდებით დიდებით. 5. მაშ, მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასონი: სიძვა, უწმინდურება, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება, რომელიც არის კერპთმსახურება. 6. მათ გამო მოიწევა ღვთის რისხვა ურჩობის ძეთა თავზე, 7. რომელთა შორისაც იყავით თქვენც, როცა მათთან ერთად ცხოვრობდით. 8. ახლა კი განიშორეთ ყველაფერი: რისხვა, გულისწყრომა, ბოროტება, გმობა და უგვანი სიტყვა თქვენს ბაგეთაგან. 9. ნუ ეცრუებით ერთმანეთს, რაკიღა უკვე შემოიძარცვეთ ძველი კაცი მისი ყოველი საქმითურთ, 10. და შეიმოსეთ ახალი, რომელიც განახლდება შემეცნებით მისი შემოქმედის ხატად, 11. სადაც არ არის ბერძენი და იუდეველი, წინადაცვეთილობა თუ წინადაუცვეთელობა, ბარბაროსი, სკვითი, მონა თუ თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყველაფერი და ყველაფერში.

ლიტ.: ლკ. 14: 16-24 

16. ხოლო იესომ მიუგო მას: ერთმა კაცმა დიდი წვეულება გამართა და მრავალნი მიიპატიჟა. 17. როცა პურობის დრომ მოაწია, თავისი მონა გაგზავნა წვეულთა დასაძახებლად: მობრძანდით, ყველაფერი უკვე მზად მაქვსო. 18. მაგრამ ყველამ ერთხმად დაიწყო მობოდიშება. ერთმა თქვა: ყანა ვიყიდე; უეჭველად უნდა მივიდე და დავხედო, გთხოვ, მაპატიო. 19. მეორემ თქვა: ხუთი უღელი ხარი ვიყიდე და მათ გამოსაცდელად მივდივარ: გთხოვ, მაპატიო. 20. მესამემ თქვა: ცოლი შევირთე და ამიტომ ვერ გეახლები. 21. დაბრუნდა მონა და ყველაფერი მოახსენა პატრონს. მაშინ განრისხდა სახლის პატრონი და უთხრა თავის მონას: დაიარე სასწრაფოდ ქალაქის მოედნები და ქუჩები და მომგვარე გლახაკნი, საპყარნი, კოჭლნი და ბრმანი. 22. მონამ უთხრა: ბატონო, შევასრულე შენი ბრძანება, მაგრამ მაინც გვრჩება ადგილი. 23. მაშინ უთხრა ბატონმა მონას: გადი გზებსა და შუკებში და ძალით მორეკე წვეულნი, რათა აივსოს ჩემი სახლი. 24. რადგანაც გეუბნებით: ვერცერთი იმ წვეულთაგანი ვერ იგემებს ჩემს სადილს.

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით

                                                                                         (1 ინ. 3: 14) 

 

წმიდა მოწამენი: ელეფთერი, დედა მისი ანთია და კორივ ეპარქი. ელეფთერის დედა დიდგვაროვანი და მდიდარი რომაელი ქალი იყო. მან, ქრისტიანობაზე პავლე მოციქულის მიერ მოქცეულმა და მისი ხელითვე მონათლულმა, შვილიც ღვთისმოშიშებით აღზარდა. როცა ელეფთერის თხუთმეტი წელი შეუსრულდა, რომის პაპმა, ანაკლეტუსმა (76-88) იგი დიაკვნად აკურთხა, სამი წლის შემდეგ კი – მღვდლად დაასხა ხელი. ოცი წლის ასაკში ელეფთერი (ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია ეკლესიის ისტორიაში) ილირიის ეპისკოპოსად დაადგინეს. ახალგაზრდა მეუფე ბრძნულად განაგებდა სამწყსოს და მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. წმიდანი ღვთაებრივი მადლით იყო აღსავსე, მთლიანად უფალს იყო მინდობილი და ამიტომაც მის ყოველგვარ უძლურებასა და ადამიანურ ნაკლს სულიწმიდის მადლი აღავსებდა.
როცა ღვთისმოძულე იმპერატორმა ადრიანემ (117-138) ქრისტიანთა დევნა დაიწყო, ეპისკოპოსი ელეფთერიც შეიპყრეს. ღვთის ძალით დაცულმა ელეფთერმა გაბედულად აღიარა ქრისტე, მეფის უსჯულოება ამხილა და ილოცა თავისი ჯალათების მოქცევისათვის. 
როცა ადრიანემ იხილა, რომ ელეფთერს წამებით ვერაფერს ვნებდა, ბრძანა, ორი გახელებული ხარისთვის მიებათ იგი, მაგრამ ამჯერადაც ვერ ეწია საწადელს: უფლის ანგელოზმა საკვრელები გაწყვიტა, ჯალათების ხელიდან დაიხსნა წმიდა მოწამე და ქალაქის მახლობლად მდებარე ერთი მთის მწვერვალზე დასვა. ამის შემდეგ ნეტარი ელეფთერი მხეცებს შორის ცხოვრობდა. როცა ეს ადრიანემ შეიტყო, მხედრები გაგზავნა უფლის რჩეულის შესაპყრობად. წმიდა ელეფთერი თავად ჩაბარდა მეომრებს.
უსჯულო მეფის ბრძანებით ელეფთერს თავი მოჰკვეთეს. წმიდა ანთია მადლობდა უფალს, რომელმაც მისი ძე ქრისტესთვის ვნების ღირსი გახადა. ამის შემდეგ ანთიაც თავის მოკვეთით დასაჯეს. ეპარქმა კორივმა თავადაც ირწმუნა ქრისტე, რისთვისაც ისიც სიკვდილით დასაჯეს. მართლმორწმუნეებმა უფლის რჩეულთა ცხედრები პატივით დაკრძალეს.
წმიდა მოწამე ელეფთერი იმპერატორ მაქსიმიანე ჰერკულესის (284-305; 307-311) კარზე დაახლოებული დიდგვაროვანი და მდიდარი კარისკაცი იყო. ქრისტიანობაზე მოქცევის შემდეგ იგი განერიდა სასახლეს და ცდილობდა, ლოცვითა და კეთილი საქმეებით სათნოჰყოფოდა უფალს. ბოლოს ერთმა მსახურმა იმპერატორთან დაასმინა ნეტარი ელეფთერი. უსჯულო თვითმპყრობელი ამაოდ ეცადა, ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან გადაედრიკა წმიდანი, რის შემდეგაც მისთვის თავის მოკვეთა ბრძანა. ძაღლების საგლეჯად და ფრინველების საკორტნად მიგდებული მისი ცხედარი ერთმა კეთილმსახურმა ქრისტიანმა პატივით მიაბარა მიწას (მოწამის ხსენებას ეკლესია 4 აგვისტოსაც აღნიშნავს).
ღირსი პარდოს განდეგილი რომში დაიბადა. სიჭაბუკეში იგი მეეტლედ მსახურობდა. ერთხელ, როცა ნეტარი იერიქონისკენ მიემგზავრებოდა, მისმა ეტლმა პატარა ბავშვი გაიტანა. თავზარდაცემული პარდოსი ბერად აღიკვეცა და არიონის მთას მიაშურა. იგი თვლიდა, რომ მსჯავრი უნდა მოეხადა, როგორც მკვლელს და სიკვდილს ეძიებდა. პარდოსი ლომის ბუნაგში მივიდა რომ მისგან დაგლეჯილს ამოხდომოდა სული, მაგრამ ამაოდ. განდეგილი ღვთის ნებას დამორჩილდა, თავის მთას დაუბრუნდა და მარხვასა და ლოცვაში გალია სიცოცხლე (VI).
ღირსი პავლე ლატრელი ქალაქ ჰელენის მკვიდრი იყო. მან მამა ადრე დაკარგა და ფრიგიაში, წმიდა სტეფანეს სავანეში აღიზარდა. შემდეგ კი მილეტის მახლობლად, ლატრის მთაზე დაიწყო მოსაგრეობა. სრულყოფილების კიდევ უფრო მაღალი საფეხურებისკენ მოსწრაფე მამა გამოქვაბულში დაეყუდა და განჭვრეტისა და სასწაულთქმედების ნიჭი მოიგო. იმპერატორი კონსტანტინე VII პორფიროგენეტი (912-959) ხშირად ეპისტოლეებით მიმართავდა უფლის რჩეულს და ლოცვა-კურთხევასა და რჩევა-დარიგებებს სთხოვდა. წმიდანმა წინასწარ განჭვრიტა აღსასრულის მოახლოება და 955 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.