„… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ” (ეფ. 6: 12).
„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
„… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

31-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი
6.01.2026. მარხვა
წინადღე ქრისტეშობისა.
ღირსისა მოწამისა ევგენიასი და მის თანა მოწამეთა: პროტისა, იაკინთესი და კლავდიასი (262); ღირსისა ნიკოლოზ მონაზონისა (IX).
დღის ლოცვები
ქრისტეშობის წინადღე
ტროპარი: აღიწერებოდა ოდესმე მოხუცებულისა იოსების თანა, ვითარცა თესლისაგან დავითისა, ბეთლემს შინა მარიამ, მიდგომილი უთესლოთა მით მიდგომილებითა, ხოლო მორაიწია ჟამი შობისა და ადგილ არა იყო მათდა სავანესა მას, არამედ, ვითარცა ოქრო ბრწყინვალე პალატი, ქუაბი იცნობებოდა დედოფლისათვის. ქრისტე იშვების აღმართებად პირველ დაცემულისა მის ხატისა.
კონდაკი: ქალწული დღეს პირველსაუკუნეთა სიტყვისა შობად მოვალს ქუაბსა შინა გამოუთქმელად; განეწყვე, სოფელო, რომელსა გესმის, ადიდე ანგელოზთა თანა და მწყემსთა, რომელმან ინება გამოჩინება ყრმამან ახალმან იესო, პირველსაუკუნეთა ღმერთმან.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა
ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსა
უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტურგია წმ. ბასილი დიდისა. დიდნი ჟამნი.
I ჟამზე: მიქ. 5: 2-4. ებრ. 1: 1-12 (დას. 303). მთ. 1: 18-25 (დას. 2).
II ჟამზე: იერ. (ბარუქ.) 4: 36-38; 4: 1-4. გალ. 3: 23-29 (დას. 208). ლკ. 2: 1-20 (დას. 5).
VI ჟამზე: ეს. 7: 10-16; 8: 1-4, 8-10. ებრ. 1: 10-2: 3 (დას. 304). მთ. 2: 1-I12. (დას. 3).
IX ჟამზე: ეს. 9: 6-7. ებრ. 2: 11-I8 (დას. 306). მთ. 2: 1323 (დას. 4).
მწუხრ. (ლიტ.): 1) დაბ. 1: 1-13. 2) რიცხ. 24: 2-3, 5-9, 17-18. 3) მიქ. 4: 6-7; 5: 2-4. 4) ეს. 11: 1-10. 5) იერ. (ბარუქ.) 3: 36-38; 4: 1-4. 6) დან. 2: 31-36, 44-45. 7) ეს. 9: 6-7. 8) ეს. 7: 10-16; 8: 1-4, 8-10.
ებრ. 1: 1-12 (დას. 303). ლკ. 2: 1-20 (დას. 5).
I ჟამზე: მიქ. 5: 2-4
2. ამიტომ მიუშვებს მათ იმ დრომდე, ვიდრე არ შობს ის, რომელმაც უნდა შობოს; დანარჩენი ძმებიც დაბრუნდებიან ისრაელიანებთან. 3. ის დადგება და დამწყესავს უფლის ძალით, უფლის, თავისი ღმერთის სახელის დიდებით, და მობრუნდებიან; რადგან ამიერიდან იდიდებს ის ქვეყნის კიდემდმე 4. და ის იქნება, მშვიდობას რომ მოიტანს. როცა აშური მოვა ჩვენს ქვეყანაში და როცა ფეხს დაადგამს ჩვენს დარრზებში, მაშინ აღვძრავ მის წინააღმდეგ შვიდ მწყემსს და რვა ცხებულს.
I ჟამზე: ებრ. 1: 1-12
1. ღმერთი, რომელიც მრავალგზის და მრავალგვარად ელაპარაკებოდა მამებს წინასწარმეტყველთა პირით, 2. ამ უკანასკნელ დღეებში გველაპარაკა ჩვენ ძის მიერ, რომელიც დაადგინა ყოვლის მემკვიდრედ და რომლის მეშვეობითაც შექმნა საუკუნენი, 3. რომელიც არის ბრწყინვალება დიდებისა და მისი არსების აღნაბეჭდი, თავისი ძალმოსილების სიტყვით ყოვლის მტვირთველი და, ცოდვებისგან ჩვენი განწმედის შემდეგ, ზესკნელს სიდიადის მარჯვნივ მჯდომელი, 4. ანგელოზებზე იმდენადვე უზენაესი, რამდენადაც მათზე უდიადესი დაიმკვიდრა სახელი. 5. ვინაიდან რომელი ანგელოზისთვის უთქვამს ოდესმე: „ძე ხარ შენ ჩემი, დღეს გშობე შენ“; ანდა: „მე ვიქნები მისი მამა, და ის იქნება ჩემი ძე“. 6. ასევე, როცა კვლავ შემოჰყავს პირმშო ქვეყნად, ამბობს: „დე, თაყვანი სცეს მას ყველა ანგელოზმა ღვთისა“. 7. ხოლო ანგელოზებზე ამბობს: „რომელიც ქმნის თავის ანგელოზებს სულებად და თავის მსახურთ – ალად ცეცხლისა“. 8. ძეზე კი: „ტახტი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე, და კვერთხი სიმართლისა – შენი სუფევის კვერთხი“. 9. „შეიყვარე სიმართლე და მოიძულე ურჯულოება, ამიტომაც გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა სიხარულის ზეთი უფრო უხვად, ვიდრე შენს თანაზიართ“. 10. და: „თავდაპირველად შენ დააფუძნე, უფალო, მიწა, და შენი ხელით შეიქმნენ ცანი. 11. ისინი გარდავლენ, ხოლო შენ წარუვალი ხარ, და ყველაფერი დაძველდება, როგორც სამოსი. 12. სამოსივით შეგრაგნი მათ და შეიცვლებიან, თავად კი უცვლელი ხარ, და არასდროს დასრულდება შენი წლები“.
I ჟამზე: მთ. 1: 18-25
18. ხოლო იესო ქრისტეს შობა ასე მოხდა: დედამისი მარიამი დანიშნული იყო იოსებზე, და მათ შეერთებამდე აღმოჩნდა, რომ მუცლად ეღო სული წმიდისაგან. 19. ხოლო იოსები, მისი ქმარი, მართალი იყო, არ უნდოდა მისი შერცხვენა და განიზრახა ფარულად გაეშვა იგი. 20. ეს რომ დააპირა, აჰა, ანგელოზი უფლისა ეჩვენა სიზმრად და უთხრა: იოსებ, დავითის ძეო, ნუ შიშობ მოიყვანო მარიამი, ცოლი შენი: რადგან ვინც მასში ჩასახულია, სული წმიდისაგან არის. 21. და შობს ძეს და უწოდებ სახელად იესოს, რადგან ის იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან. 22. ხოლო ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულდეს სიტყვა უფლისა, წინასწარმეტყველის მიერ თქმული: 23. აჰა, ქალწული მუცლად იღებს, და შობს ძეს, და უწოდებენ მას სახელად ემმანუელს, რაც თარგმანით ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი. 24. გამოიღვიძა იოსებმა ძილისგან და ისე მოიქცა, როგორც უბრძანა ანგელოზმა უფლისა, და მოიყვანა თავისი ცოლი. 25. და არ უცვნია იგი, ვიდრე არა შვა ძე თვისი პირმშო, და უწოდა სახელი მისი იესო.
II ჟამზე: იერ. (ბარუქ.) 4: 36-38
II ჟამზე: იერ. (ბარუქ.) 4: 1-4
1. თუ მოიქცევი, ისრაელო, ამბობს უფალი, ჩემკენ მოიქეცი; თუ მომაშორებ შენს სისაძაგლეებს და აღარ იწანწალებ, 2. დაიფიცებ უფლის სახელს ჭეშმარიტებით, სამართლიანად და სიმართლით, ხალხებიც დაილოცებიან და განითქმიან მასში. 3. რადგან ასე უთხრა უფალმა იუდას ხალხს და იერუსალიმს: გატეხე ყამირი და ეკალბარდებში ნუ დათესავ! 4. წინდაიცვითეთ უფლისათვის და მოიშორეთ გულის ჩუჩა, იუდას ხალხო და იერუსალიმის მკვიდრნო, რათა ცეცხლივით არ აინთოს ჩემი რისხვა თქვენი ბოროტმოქმედების გამო და ისე არ აბრიალდეს, რომ ვერავინ ჩააქროს.
II ჟამზე: იერ. (ბარუქ.) გალ. 3: 23-29
23. რწმენის მოვლინებამდე კი რჯულის მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავით მომწყვდეულნი, ვიდრე გამოჩნდებოდა რწმენა. 24. ასე რომ, რჯული ჩვენი აღმზრდელი აღმოჩნდა, რომელმაც მიგვგვარა ქრისტეს, რათა რწმენით გავმართლებულიყავით. 25. ხოლო რწმენის მოვლინების შემდეგ უკვე აღარა ვართ აღმზრდელის მეთვალყურეობის ქვეშ. 26. რადგან ყველანი ღვთის შვილები ხართ იესო ქრისტეს რწმენით. 27. ვინაიდან ყველანი, ვინც ქრისტეში მოინათლეთ, ქრისტეთივე შეიმოსენით. 28. აღარ არის იუდეველი, აღარც ბერძენი, აღარც მონა და აღარც თავისუფალი, აღარც მამრი და აღარც მდედრი, რადგანაც ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში. 29. ხოლო თუ ქრისტესნი ხართ, მაშასადამე, აბრაამის თესლი ხართ და, აღთქმის თანახმად, – მემკვიდრენიც.
II ჟამზე: იერ. ლკ. 2: 1-20
1. ამ დღეებში გამოქვეყნდა კეისარ ავგუსტუსის ბრძანება, აღწერა ჩაეტარებინათ მთელს ქვეყანაში. 2. ეს იყო პირველი აღწერა სირიაში კვირინუსის გამგებლობისას. 3. და ყველამ თავ-თავის ქალაქს მიაშურა ჩასაწერად. 4. წავიდა იოსებიც გალილეიდან, ქალაქ ნაზარეთიდან, იუდეაში, დავითის ქალაქში, რომელსაც ჰქვია ბეთლემი, ვინაიდან დავითის სახლისა და გვარისა იყო, 5. რათა ჩაწერილიყო მარიამთან, თავის დანიშნულთან ერთად, რომელიც ფეხმძიმედ იყო. 6. და იქ ყოფნისას მოაწია მისი მშობიარობის ჟამმა. 7. და შობა ძე, თავისი პირმშო, ჩვრებში შეახვია და ბაგაში ჩააწვინა, ვინაიდან ფუნდუკში ადგილი არ იყო მათთვის. 8. იყვნენ იმ მხარეში მწყემსები, რომლებიც ველად იდგნენ და თავიანთ ფარას დარაჯობდნენ ღამით. 9. და აჰა, უფლის ანგელოზი წარუდგა მათ, გამოუბრწყინდათ დიდება უფლისა და შეშინდნენ დიდი შიშით. 10. ანგელოზმა უთხრა მათ: ნუ გეშინიათ; აჰა, მე გახარებთ დიად სიხარულს, რომლითაც იხარებს მთელი ხალხი. 11. რადგან დღეს დავითის ქალაქში დაიბადა თქვენი მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი. 12. და აი, თქვენი ნიშანი: იპოვით ყრმას შეხვეულს და მწოლარეს ბაგაში. 13. ანაზდად გაჩნდა ანგელოზთან ციურ მოლაშქრეთა სიმრავლე, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: 14. დიდება მაღალთა შინა ღმერთს, მშვიდობა ქვეყნად და სათნოება კაცთა შორის. 15. და როცა ანგელოზები ზეცად ამაღლდნენ, მწყემსებმა უთხრეს ერთმანეთს: წავიდეთ ბეთლემს და ვნახოთ, რა მოხდა, როგორც გვაუწყა უფალმა. 16. სასწრაფოდ მივიდნენ და იხილეს მარიამი, იოსები და ბაგაში მწოლარე ყრმა. 17. და ხილვისთანავე გაანდეს სიტყვა, ყრმისთვის რომ ეუწყა მათ. 18. და ყველა მსმენელს უკვირდა მწყემსების ნაამბობი. 19. ხოლო მარიამი იმახსოვრებდა თითოეულ მათ სიტყვას და გულში იმარხავდა. 20. გაბრუნდნენ მწყემსები და ადიდებდნენ და აქებდნენ ღმერთს ყოველივე იმის გამო, რაც იხილეს და ისმინეს, როგორც ეუწყა მათ.
VI ჟამზე: ეს. 7: 10-16; 8: 1-4, 8-10
10. კვლავ უთხრა უფალმა ახაზს: 11. მოსთხოვე უფალს, შენს ღმერთს, შენთვის ნიშანი დაბლა ქვესკნელიდან ან მაღლა ზესკნელიდან. 12. უთხრა ახაზმა: არ მოვთხოვ და არ გამოვცდი უფალს. 13. უთხრა: ახლა ისმინე, დავითის სახლო, არ კმარა შენთვის, რომ ხალხს აღონებ, ახლა ჩემი ღმერთიც გინდა შეაღონო? 14. ამიტომ თავად მოგცემს მეუფე ნიშანს: აჰა, მუცლადიღებს ქალწული და შობს ძეს, და უწოდებს საბელად ემანუელს. 15. ერბოსა და თაფლს უნდა ჭამდეს, ვიდრე ბოროტების უკუგდებას და სიკეთის არჩევას არ ისწავლის. 16. მაგრამ ვიდრე ყრმა ისწავლიდეს ბოროტის უკუგდებას და სიკეთის არჩევას, გაუდაბურდება ეს მიწა, რომელსაც შენ მისი ორი მეფის გამო განუდექი.
1. მითხრა უფალმა: აიღე დიდი დაფა და ზედ გარკვევით დაწერე: იჩქარე სათარეშოდ, ისწრაფე საძარცვად. 2. ავიყვანე სანდო მოწმეები – ურია მღვდელი და ზაქარია ბარაქიას ძე. 3. დავუახლოვდი ქადაგ ქალს, რომელმაც მუცლადიღო და შვა ვაჟი. მითხრა უფალმა: დაარქვი სახელად მაჰერ-შალალ ხაშ-ბაზ (იჩქარე სათარეშოდ, ისწრაფე საძარცვავად). 4. რადგან, ვიდრე ყმაწვილი ისწავლიდეს დაძახებას: მამი და დედი, დამასკოს დოვლათს და სამარიის ნადავლს აშურის მეფეს მიუტანენ.
8. შეაღწევს იუდაში, დატბორავს და ანიაღვრდება, კისრამდე ასწვდება; ფრთებს გაშლის და აავსებს შენი ქვეყნის მთა-ბარს, ემანუელ! 9. დაეცით ყიჟინა, ხალხებო, და ძრწოდეთ! ყური უგდეთ, შორი ქვეყნისანო! იარაღი აისხით და ძრწოდეთ! იარაღი აისხით და ძრწოდეთ! 10. ქმენით თათბირი, გაცუდდება! თქვით სიტყვა, არ შესრულდება, რადგან ჩვენთან არის ღმერთი (ემანუელი)
VI ჟამზე: ეს. ებრ. 1: 10-2: 3
10. და: „თავდაპირველად შენ დააფუძნე, უფალო, მიწა, და შენი ხელით შეიქმნენ ცანი. 11. ისინი გარდავლენ, ხოლო შენ წარუვალი ხარ, და ყველაფერი დაძველდება, როგორც სამოსი. 12. სამოსივით შეგრაგნი მათ და შეიცვლებიან, თავად კი უცვლელი ხარ, და არასდროს დასრულდება შენი წლები“. 13. რომელი ანგელოზისთვის უთქვამს ოდესმე: „დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე ფეხქვეშ დაგიმხობ მტრებს“? 14. განა ყველანი მომსახურე სულები არ არიან, მათდა სამსახურად მოვლინებულნი, რომელთაც უნდა დაიმკვიდრონ საუკუნო სიცოცხლე?
3. ჩვენ როგორღა დავიხსნით თავს, უგულებელმყოფელნი ესოდენ დიადი ხსნისა, თავდაპირველად რომ გვიქადაგა უფალმა და მსმენელთა მეშვეობით დამკვიდრდა ჩვენში,
VI ჟამზე: მთ. 2: 1-12
1. ხოლო როცა იუდეის ბეთლემში დაიბადა იესო ქრისტე, ჰეროდეს მეფობის ჟამს, აჰა, აღმოსავლეთით მოვიდნენ მოგვნი იერუსალიმს, 2. და თქვეს: სად არის იუდეველთა ახალშობილი მეფე? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას. 3. ეს რომ გაიგო, შეძრწუნდა მეფე ჰეროდე და მთელი იერუსალიმი მასთან ერთად. 4. შეკრიბა ყველა მღვდელმთავარი და ერის მწიგნობარნი და გამოიკითხა მათგან, სად უნდა შობილიყო იესო ქრისტე. 5. ხოლო მათ უთხრეს: იუდეის ბეთლემში; ვინაიდან ასე დაიწერა წინასწარმეტყველის მიერ: 6. და შენ, ბეთლემ, იუდას ქვეყანაო, არაფრითა ხარ უმცირესი იუდას მთავართა შორის, ვინაიდან შენგან გამოვა მთავარი, რომელიც დამწყემსავს ჩემს ერს ისრაელს. 7. მაშინ ჰეროდემ ფარულად მოუწოდა მოგვებს და გამოიკითხა მათგან ვარსკვლავის გამოჩენის ჟამი. 8. წარგზავნა ისინი ბეთლემს და უთხრა: წადით და გამოწვლილვით გამოიძიეთ ყრმის ამბავი, და როდესაც ჰპოვებთ, მაცნობეთ მე, რათა თავადაც მივიდე და თაყვანი ვცე მას. 9. ხოლო მათ უსმინეს მეფეს და წავიდნენ. და, აჰა, ვარსკვლავი, რომელიც იხილეს აღმოსავლეთით, წინ მიუძღოდა მათ, სანამ არ მივიდა და თავს დაადგა იმ ადგილს, სადაც ყრმა იყო. 10. ხოლო მათ, ვარსკვლავის დანახვისას, ძალიან დიდი სიხარულით გაიხარეს. 11. როდესაც შევიდნენ სახლში, იხილეს ყრმა მარიამთან, თავის დედასთან ერთად, დაემხნენ და თაყვანი სცეს მას; გახსნეს თავიანთი საუნჯე და მიართვეს მას ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური. 12. და ეუწყათ სიზმრად, არ დაბრუნებულიყვნენ ჰეროდესთან და სხვა გზით მიიქცნენ თავიანთ ქვეყნად.
IX ჟამზე: ეს. 9: 6-7
1. ხალხმა, ბნელში მოარულმა, იხილა ნათელი დიდი, წყვდიადის ქვეყანაში მცხოვრებლებს ნათელი გამოუბრწყინდა. 2. შენ გაამრავლე ხალხი, გაუზარდე მას სიხარული; მხიარულობდნენ შენ წინაშე, როგორც მკის დროს იციან სიხარული, როგორც ხარობენ ნადავლის გაყოფისას. 3. რადგან შენ დალეწე მისი კირთების უღელი, და მისი ბეჭების კეტი – მისი დამჩაგვრელის კვერთხი, როგორც მიდიანის დღეს. 4. რადგან ყოველი ხამლი, ბრძოლაში ნატარები, და სამოსელი, სისხლში ნათრევი, დასაწვავი იქნება, როგორც ცეცხლის კერძი. 5. რადგან შეგვეძინა შვილი, მოგვეცა ძე და უფლობა იყო მის ბეჭებზე, ეწოდა სახელად საკვირველი მრჩეველი, ღმერთი ძლიერი, მარადისობის მამა, მშვიდობის მთავარი. 6. ხელმწიფების განსადიდებლად და უბოლოო მშვიდობისთვის დავითის ტახტზე და მის სამეფოში, მის განსამტკიცებლად და გასაძლიერებლად სამართალში და სიმართლეში აწ და მარადის. ცაბაოთ უფლის შური აღასრულებს ამას. 7. სიტყვა მოუვლინა უფალმა იაკობს და გარდამოვიდა ისრაელზე.
IX ჟამზე: ებრ. 2: 11-18
11. ვინაიდან განმწმენდიც და განწმენდილნიც ერთისგან არიან ყველანი, ამიტომაც არ რცხვენია, ძმები უწოდოს მათ, 12. და ამბობს: „ვაუწყებ შენს სახელს ჩემს ძმებს, და შუა საკრებულოში გიგალობ შენ“. 13. ან კიდევ: „მე ვიქნები მისი მოსავი“. ანდა: „აჰა, მე და შვილები, რომლებიც მომცა მამამ“. 14. და რაკი შვილები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, თავადაც ეზიარა მათ, რათა სიკვდილით განექარებინა ის, ვისაც აქვს ხელმწიფება სიკვდილისა, ანუ ეშმაკი, 15. და დაეხსნა ისინი, ვისაც სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლის მანძილზე მონობის უღელი ედგა. 16. რადგანაც ანგელოზებს კი არ ევლინება მწედ, არამედ – აბრაამის მოდგმას. 17. ამიტომ ყოველნაირად უნდა დამსგავსებოდა ძმებს, რათა მოწყალე და სარწმუნო მღვდელმთავარი ყოფილიყო ღვთის წინაშე, ხალხის ცოდვათა სალხინებლად. 18. ვინაიდან, როგორც თვითონ ევნო და გამოიცადა, ასევე განსაცდეღში მყოფთა შეწევნაც ძალუძს.
IX ჟამზე: მთ. 2: 13-23
13. ხოლო მათი წასვლის შემდეგ, აჰა, ანგელოზი უფლისა ეჩვენა სიზმრად იოსებს და უთხრა: ადექი, წაიყვანე ყრმა და დედა მისი და გაიქეცი ეგვიპტეს; და იყავი იქ, სანამ არ გეტყვი შენ; ვინაიდან ჰეროდეს სურს მოძებნოს ყრმა და მოაკვდინოს იგი. 14. ისიც ადგა, წაიყვანა ყრმა და დედა მისი ღამით, და წავიდა ეგვიპტეს. 15. და იყო იქ ჰეროდეს აღსასრულამდე; რათა აღსრულებულიყო სიტყვა უფლისა, თქმული წინასწარმეტყველის მიერ: ეგვიპტით მოვუხმე ჩემს ძეს. 16. მაშინ, რა იხილა ჰეროდემ, რომ მოტყუებულ იქნა მოგვების მიერ, ძალზე განრისხდა, წარგზავნა ხალხი და ამოაწყვეტინა ყოველი ყრმა ბეთლემსა და მთელს მის შემოგარენში, ორ-ორი წლისა და უმრწემესნი, თანახმად ასაკისა, რომელიც გამოიკითხა მოგვებისაგან. 17. მაშინ აღსრულდა თქმული იერემია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: 18. ხმა გაისმა რამაში გოდებისა და დიდი გლოვისა: რაქელი დასტირის თავის შვილებს და არა სურს ნუგეში, ვინაიდან აღარ არიან. 19. ხოლო როდესაც აღესრულა ჰეროდე, აჰა, ანგელოზი უფლისა გამოეცხადა სიზმრად იოსებს ეგვიპტეში, 20. და უთხრა: ადექი და წაიყვანე ყრმა და დედამისი და წადი ისრაელის ქვეყნად, ვინაიდან მოკვდნენ ისინი, ვინც ეძიებდნენ ყრმის სულს. 21. ისიც ადგა და წამოიყვანა ყრმა და დედამისი და მოვიდა ისრაელის ქვეყნად. 22. მაგრამ, როდესაც გაიგო, არქელაოსი მეფობსო იუდეაში მამამისის ჰეროდეს ნაცვლად, შეეშინდა იქ მისვლა და სიზმარეული ჩვენებით გაფრთხილებულმა მიაშურა გალილეის მხარეს. 23. მივიდა და დაესახლა ქალაქში, რომელსაც ჰქვია ნაზარეთი, რათა აღსრულებულიყო თქმული წინასწარმეტყველთა მიერ: ნაზარეველად იწოდებისო.
მწუხრ. (ლიტ.): 1) დაბ. 1: 1-13
1. თავდაპირველაღ ღმერთმა შექმნა ცა და მიწა. 2. მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ. 3. თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი. 4. და ნახა ღმერთმა, რომ ნათელი კარგი იყო, და გაჰყარა ღმერთმა ნათელი და ბნელი. 5. ნათელს ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე. იყო საღამო, იყო დილა – პირველი დღე. 6. თქვა ღმერთმა: იყოს წყალთა შორის მყარი და გაჰყაროს წყლები. 7. გააჩინა ღმერთმა მყარი და გაჰყარა ერთმანეთისგან წყალი, რომელიც არის მყარს ქვემოთ, და წყალი, რომელიც არის მყარს ზემოთ. და იქმნა ასე. 8. მყარს ღმერთმა უწოდა ცა. იყო საღამო, იყო დილა – მეორე დღე. 9. თქვა ღმერთმა: შეგროვდეს ერთგან ცისქვეშეთის წყალი და გამოჩნდეს ხმელეთი. და იქმნა ასე. 10. ხმელეთს ღმერთმა უწოდა მიწა და შეგროვილ წყალს უწოდა ზღვა. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო. 11 . თქვა ღმერთმა: აღმოაცენოს მიწამ მცენარეული – ბალახი, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი, თესლოვანი ნაყოფის მომტანი მიწაზე თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე. 12. წარმოშვა მიწამ მცენარეული – ბალახი, თესლის მთესველი თავისი გვარისდა მიხედვით, და ხე, თესლოვანი ნაყოფის მომტანი, თავისი გვარისდა მიხედვით. 13. იყო საღამო, იყო დილა – მესამე დღე.
მწუხრ. (ლიტ.): 2) რიცხ. 24: 2-3, 5-9, 17-18
2. გაიხედა ბალაამმა და დაინახა ისრაელი შტოებად დაწყობილი და ღვთის სული გადმოვიდა მასზე. 3. წარმოთქვა თავისი იგავი: ნათქვამი ბალაამისა, ბეყორის ძისა, ნათქვამი თვალღია კაცისა,
5. რა მშვენიერია შენი კარვები, იაკობ! შენი სადგომები, ისრაელ! 6. როგორც გაშლილი ჭალები, როგორც ბაღები მდინარის პირას, როგორც უფლის დარგული ალვები, როგორც წყლისპირა კედრები. 7. იდინებს წყალი მისი სარწყულებიდან და მისი თესლი დიდ წყლებში იქნება; აგაგზე უფრო ამაღლდება მისი მეფე და აღზევდება მისი სამეფო. 8. ღმერთია მისი გამომყვანებელი ეგვიპტიდან, მარტორქის ძალაა იგი მისთვის; ჭამს მის მტრებს, ძვლებს უმტვრევს და თავისი ისრებით გმირავს. 9. ჩაიმუხლა, გაწვა ხვადი ლომივით და ძუ ლომივით, ვინ წამოაგდებს? დალოცვილია შენი დამლოცველი და დაწყევლილია შენი მაწყევარი.
17. ვხედავ მას, მაგრამ არა ახლა; ვუყურებ მას, მაგრამ არა ახლოდან. ამოდის ვარსკვლავი იაკობისგან და იმართება კვერთხი ისრაელისგან, მოწყლავს მოაბის მთავრებს და გაანადგურებს შეთის მთელს მოდგმას. 18. საკუთრება გახდება ედომი, თავისი მტრების საკუთრება გახდება სეყირი, ხოლო ისრაელი გამოაჩენს ძალას.
მწუხრ. (ლიტ.): 3) მიქ. 4: 6-7; 5: 2-4
6. იმ დღეს, ამბობს უფალი, შევკრებ კოჭლებს და თავს მოვუყრი განდევნილთ, რომელნიც მე გავაუბედურე. 7. ნატამალად დავტოვებ კოჭლებს და ძლიერ ხალხად გავხდი მოკვეთილებს; უფალი იქნება მათი მეფე სიონის მთაზე უკუნისამდე.
2. ამიტომ მიუშვებს მათ იმ დრომდე, ვიდრე არ შობს ის, რომელმაც უნდა შობოს; დანარჩენი ძმებიც დაბრუნდებიან ისრაელიანებთან. 3. ის დადგება და დამწყესავს უფლის ძალით, უფლის, თავისი ღმერთის სახელის დიდებით, და მობრუნდებიან; რადგან ამიერიდან იდიდებს ის ქვეყნის კიდემდმე 4. და ის იქნება, მშვიდობას რომ მოიტანს. როცა აშური მოვა ჩვენს ქვეყანაში და როცა ფეხს დაადგამს ჩვენს დარრზებში, მაშინ აღვძრავ მის წინააღმდეგ შვიდ მწყემსს და რვა ცხებულს.
მწუხრ. (ლიტ.): 4) ეს. 11: 1-10
1. ამოვა ყლორტი იესეს ღეროდან და მისი ფესვის ამონაყარი გაიხარებს. 2. დაივანებს მასზე უფლის სული, სული სიბრძნისა და გონიერებისა, სული რჩევისა და სიმხნევისა, სული შეგნებისა და უფლის შიშისა. 3. ის უფლის შიშით ისულდგმულებს, დანახულით არ განსჯის და გაგონილით არ დაიწყებს მხილებას. 4. სიმართლით განსჯის ღარიბ-ღატაკთ, სისწორით განიკითხავს ქვეყნის ბედშავთ, დაჰკრავს მიწას თავის ბაგეთა კვერთხს და თავის პირისქარით ბოროტეულს მოაკვდინებს. 5. სიმართლე იქნება სარტყლად მის წელზე და სიწრფელე სარტყლად მის ფერდებზე, 6. დადგება მგელი ცხვართან ერთად და ვეფხვი დაბინავდება ციკანთან ერთად. ხბო, ლომი და ნასუქალი პირუტყვი ერთად იქნებიან და ჩვილი ბავშვი წაუძღვება მათ. 7. ძროხა და დედადათვი ერთად მოსძოვენ და მათა შვილები ერთმანეთის გვერდით დაწვებიან, ლომი ძროხასავით შეჭამს ჩალას. 8. ძუძუთა ბავშვი უნასის ხვრელთან ითამაშებს და ძუძუანასხლეტი ასპიტის ბუდეში ჩაყოფს ხელს. 9. არავინ იბოროტებს და არავინ იბილწებს მთელ ჩემ წმიდა მთაზე, რადგან აივსება მიწა უფლის ცოდნით, როგორც ზღვა არის წყლებით დაფარული. 10. იმ დღეს ხალხთა დროშად იდგება იესეს ფესვი და მისკენ დაიწყებენ დენას ტომები; დიდება იქნება მისი საშვებელი.
მწუხრ. (ლიტ.): 5) იერ. (ბარუქ.) 3: 36-38; 4: 1-4
36. როცა ჩაგრავენ ადამიანს მის სამართალში, განა ამას ვერ ხედავს უფალი? 37. ვის თქმაზე აღსრულდება რამე, თუ უფალმა არ ბრძანა? 38. განა უზენაესის პირიდან არ გამოდის უბედურება და სიკეთე?
1. თუ მოიქცევი, ისრაელო, ამბობს უფალი, ჩემკენ მოიქეცი; თუ მომაშორებ შენს სისაძაგლეებს და აღარ იწანწალებ, 2. დაიფიცებ უფლის სახელს ჭეშმარიტებით, სამართლიანად და სიმართლით, ხალხებიც დაილოცებიან და განითქმიან მასში. 3. რადგან ასე უთხრა უფალმა იუდას ხალხს და იერუსალიმს: გატეხე ყამირი და ეკალბარდებში ნუ დათესავ! 4. წინდაიცვითეთ უფლისათვის და მოიშორეთ გულის ჩუჩა, იუდას ხალხო და იერუსალიმის მკვიდრნო, რათა ცეცხლივით არ აინთოს ჩემი რისხვა თქვენი ბოროტმოქმედების გამო და ისე არ აბრიალდეს, რომ ვერავინ ჩააქროს.
მწუხრ. (ლიტ.): 6) დან. 2: 31-36, 44-45
31. აჰა, ხედავდი, მეფეო, ერთ დიდ კერპს; უზარმაზარი იყო ეს კერპი და უცხოდ გაბრწყინებული იდგა შენს წინაშე; საშინელი შესახედავი იყო. 32. ამ კერპს თავი წმინდა ოქროსი ჰქონდა, მკერდი და ხელები – ვერცხლისა, მუცელი და ბარძაყები – სპილენძისა, 33. წვივები – რკინისა, ფეხები ნაწილობრივ რკინის, ნაწილობრივ – თიხისა. 34. შენ დაინახე, რომ ხელისუკვრელად ადგილიდან მოსწყდა ერთი ლოდი, დაეცა კერპს, რკინისა და თიხის ფეხებზე მდგარს, და შემუსრა იგი. 35. მაშინ ყველაფერი ერთიანად დაიფშვნა, რკინა, თიხა, სპილენძი, ვერცხლი და ოქრო ისეთი გახდა, როგორც ბზე ზაფხულის კალოზე. ქარმა წაიღო ისინი და მათი ნატამალიც კი აღარ დარჩა. ხოლო ის ლოდი, კერპი რომ შემუსრა, ვეებერთელა მთად იქცა და მთელი დედამიწა დაიჭირა. 36. სიზმარი ეს იყო. ახლა კი მის ახსნასაც ვიტყვი მეფის წინაშე.
44. იმ მეფეთა დღეებში ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა და მისი ხელმწიფება სხვა ხალხში არ გადავა. იგი შემუსრავს, და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება. 45. როგორც დაინახე, ის ლოდი მთას ხელისკვრის გარეშე მოსწყდა და ნამსხვრევებად აქცია თიხა, ვერცხლი და ოქრო. დიდმა ღმერთმა აუწყა მეფეს, თუ რა იქნება მის შემდეგ. ჭეშმარიტია ეს სიზმარი და სარწმუნოა მისი ახსნა.
მწუხრ. (ლიტ.): 7) ეს. 9: 6-7
6. ხელმწიფების განსადიდებლად და უბოლოო მშვიდობისთვის დავითის ტახტზე და მის სამეფოში, მის განსამტკიცებლად და გასაძლიერებლად სამართალში და სიმართლეში აწ და მარადის. ცაბაოთ უფლის შური აღასრულებს ამას. 7. სიტყვა მოუვლინა უფალმა იაკობს და გარდამოვიდა ისრაელზე.
მწუხრ. (ლიტ.): 8) ეს. 7: 10-16; 8: 1-4, 8-10
10. კვლავ უთხრა უფალმა ახაზს: 11. მოსთხოვე უფალს, შენს ღმერთს, შენთვის ნიშანი დაბლა ქვესკნელიდან ან მაღლა ზესკნელიდან. 12. უთხრა ახაზმა: არ მოვთხოვ და არ გამოვცდი უფალს. 13. უთხრა: ახლა ისმინე, დავითის სახლო, არ კმარა შენთვის, რომ ხალხს აღონებ, ახლა ჩემი ღმერთიც გინდა შეაღონო? 14. ამიტომ თავად მოგცემს მეუფე ნიშანს: აჰა, მუცლადიღებს ქალწული და შობს ძეს, და უწოდებს საბელად ემანუელს. 15. ერბოსა და თაფლს უნდა ჭამდეს, ვიდრე ბოროტების უკუგდებას და სიკეთის არჩევას არ ისწავლის. 16. მაგრამ ვიდრე ყრმა ისწავლიდეს ბოროტის უკუგდებას და სიკეთის არჩევას, გაუდაბურდება ეს მიწა, რომელსაც შენ მისი ორი მეფის გამო განუდექი.
1. მითხრა უფალმა: აიღე დიდი დაფა და ზედ გარკვევით დაწერე: იჩქარე სათარეშოდ, ისწრაფე საძარცვად. 2. ავიყვანე სანდო მოწმეები – ურია მღვდელი და ზაქარია ბარაქიას ძე. 3. დავუახლოვდი ქადაგ ქალს, რომელმაც მუცლადიღო და შვა ვაჟი. მითხრა უფალმა: დაარქვი სახელად მაჰერ-შალალ ხაშ-ბაზ (იჩქარე სათარეშოდ, ისწრაფე საძარცვავად). 4. რადგან, ვიდრე ყმაწვილი ისწავლიდეს დაძახებას: მამი და დედი, დამასკოს დოვლათს და სამარიის ნადავლს აშურის მეფეს მიუტანენ.
8. შეაღწევს იუდაში, დატბორავს და ანიაღვრდება, კისრამდე ასწვდება; ფრთებს გაშლის და აავსებს შენი ქვეყნის მთა-ბარს, ემანუელ! 9. დაეცით ყიჟინა, ხალხებო, და ძრწოდეთ! ყური უგდეთ, შორი ქვეყნისანო! იარაღი აისხით და ძრწოდეთ! იარაღი აისხით და ძრწოდეთ! 10. ქმენით თათბირი, გაცუდდება! თქვით სიტყვა, არ შესრულდება, რადგან ჩვენთან არის ღმერთი (ემანუელი)
ებრ. 1: 1-12
1. ღმერთი, რომელიც მრავალგზის და მრავალგვარად ელაპარაკებოდა მამებს წინასწარმეტყველთა პირით, 2. ამ უკანასკნელ დღეებში გველაპარაკა ჩვენ ძის მიერ, რომელიც დაადგინა ყოვლის მემკვიდრედ და რომლის მეშვეობითაც შექმნა საუკუნენი, 3. რომელიც არის ბრწყინვალება დიდებისა და მისი არსების აღნაბეჭდი, თავისი ძალმოსილების სიტყვით ყოვლის მტვირთველი და, ცოდვებისგან ჩვენი განწმედის შემდეგ, ზესკნელს სიდიადის მარჯვნივ მჯდომელი, 4. ანგელოზებზე იმდენადვე უზენაესი, რამდენადაც მათზე უდიადესი დაიმკვიდრა სახელი. 5. ვინაიდან რომელი ანგელოზისთვის უთქვამს ოდესმე: „ძე ხარ შენ ჩემი, დღეს გშობე შენ“; ანდა: „მე ვიქნები მისი მამა, და ის იქნება ჩემი ძე“. 6. ასევე, როცა კვლავ შემოჰყავს პირმშო ქვეყნად, ამბობს: „დე, თაყვანი სცეს მას ყველა ანგელოზმა ღვთისა“. 7. ხოლო ანგელოზებზე ამბობს: „რომელიც ქმნის თავის ანგელოზებს სულებად და თავის მსახურთ – ალად ცეცხლისა“. 8. ძეზე კი: „ტახტი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე, და კვერთხი სიმართლისა – შენი სუფევის კვერთხი“. 9. „შეიყვარე სიმართლე და მოიძულე ურჯულოება, ამიტომაც გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა სიხარულის ზეთი უფრო უხვად, ვიდრე შენს თანაზიართ“. 10. და: „თავდაპირველად შენ დააფუძნე, უფალო, მიწა, და შენი ხელით შეიქმნენ ცანი. 11. ისინი გარდავლენ, ხოლო შენ წარუვალი ხარ, და ყველაფერი დაძველდება, როგორც სამოსი. 12. სამოსივით შეგრაგნი მათ და შეიცვლებიან, თავად კი უცვლელი ხარ, და არასდროს დასრულდება შენი წლები“.
ლკ. 2: 1-20
1. ამ დღეებში გამოქვეყნდა კეისარ ავგუსტუსის ბრძანება, აღწერა ჩაეტარებინათ მთელს ქვეყანაში. 2. ეს იყო პირველი აღწერა სირიაში კვირინუსის გამგებლობისას. 3. და ყველამ თავ-თავის ქალაქს მიაშურა ჩასაწერად. 4. წავიდა იოსებიც გალილეიდან, ქალაქ ნაზარეთიდან, იუდეაში, დავითის ქალაქში, რომელსაც ჰქვია ბეთლემი, ვინაიდან დავითის სახლისა და გვარისა იყო, 5. რათა ჩაწერილიყო მარიამთან, თავის დანიშნულთან ერთად, რომელიც ფეხმძიმედ იყო. 6. და იქ ყოფნისას მოაწია მისი მშობიარობის ჟამმა. 7. და შობა ძე, თავისი პირმშო, ჩვრებში შეახვია და ბაგაში ჩააწვინა, ვინაიდან ფუნდუკში ადგილი არ იყო მათთვის. 8. იყვნენ იმ მხარეში მწყემსები, რომლებიც ველად იდგნენ და თავიანთ ფარას დარაჯობდნენ ღამით. 9. და აჰა, უფლის ანგელოზი წარუდგა მათ, გამოუბრწყინდათ დიდება უფლისა და შეშინდნენ დიდი შიშით. 10. ანგელოზმა უთხრა მათ: ნუ გეშინიათ; აჰა, მე გახარებთ დიად სიხარულს, რომლითაც იხარებს მთელი ხალხი. 11. რადგან დღეს დავითის ქალაქში დაიბადა თქვენი მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი. 12. და აი, თქვენი ნიშანი: იპოვით ყრმას შეხვეულს და მწოლარეს ბაგაში. 13. ანაზდად გაჩნდა ანგელოზთან ციურ მოლაშქრეთა სიმრავლე, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: 14. დიდება მაღალთა შინა ღმერთს, მშვიდობა ქვეყნად და სათნოება კაცთა შორის. 15. და როცა ანგელოზები ზეცად ამაღლდნენ, მწყემსებმა უთხრეს ერთმანეთს: წავიდეთ ბეთლემს და ვნახოთ, რა მოხდა, როგორც გვაუწყა უფალმა. 16. სასწრაფოდ მივიდნენ და იხილეს მარიამი, იოსები და ბაგაში მწოლარე ყრმა. 17. და ხილვისთანავე გაანდეს სიტყვა, ყრმისთვის რომ ეუწყა მათ. 18. და ყველა მსმენელს უკვირდა მწყემსების ნაამბობი. 19. ხოლო მარიამი იმახსოვრებდა თითოეულ მათ სიტყვას და გულში იმარხავდა. 20. გაბრუნდნენ მწყემსები და ადიდებდნენ და აქებდნენ ღმერთს ყოველივე იმის გამო, რაც იხილეს და ისმინეს, როგორც ეუწყა მათ.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
ღირსმოწამე ევგენია და მის თანა მოწამენი: პროტიოსი, იაკინთე და კლავდია (+დაახლ. 262)
ღირსმოწამე ევგენია წარმოშობით რომაელი იყო, მაგრამ ალექსანდრიაში ცხოვრობდა, სადაც მამამისი – ფილიპე იმპერატორმა კომოდუსმა (180-192) ეგვიპტის ეპარქოსად გაამწესა. წმიდანმა მშვენიერი განათლება მიიღო, ამასთან ზნეკეთილობითა და მშვენიერებითაც გამოირჩეოდა. ბევრი დიდებული ჭაბუკი ეძებდა მის ხელს, მაგრამ ნეტარს გათხოვება არ სურდა. ერთხელ ევგენიას პავლე მოციქულის ეპისტოლეები ჩაუვარდა ხელში, მისი წაკითხვის შემდეგ ირწმუნა ქრისტე, მისთვის ცხოვრების შეწირვის სურვილით აენთო, მამაკაცის სამოსელი გადაიცვა და მონებთან – პროტიოსთან და იაკინთესთან ერთად ნათელიღო ეპისკოპოს ელიას ხელით, რომელსაც ევგენიას შესახებ წინასწარ განეცხადა საღვთო ხილვაში. მღვდელმთავარმა წმიდა დედა აკურთხა, მამაკაცის სამოსელში გადაცმულს ევგენის სახელით ეღვაწა, ამით წმინდა ევგენიას საშუალება ეძლეოდა დამალვოდა მამას, რომელსაც წმინდანის გათხოვება სურდა.დაუცხრომელი მოსაგრეობით უფლის რჩეულმა კურნების ნიჭი მოიგო. ერთხელ მას ახალგაზრდა ქვრივმა, მელანიამ მიმართა შემწეობის სათხოვნელად. ქვრივი მელანია მოიხიბლა ევგენის სილამაზითა და გულმოწყალებით და ყოველნაირად ეცადა ეცდუნებინა წმინდანი. გულისთქმები აღეძრა, მაგრამ როცა ხელი ჰკრეს, გააფთრებულმა, წმიდანს მასზე ძალის ხმარების მცდელობაში დასდო ბრალი. ევგენია მამამისის, ეგვიპტის ეპარქის წინაშე წარდგა სამსჯავროზე და იძულებული შეიქნა, თავისი საიდუმლო გაეცხადებინა. კარგა ხნის გამოტირებული ქალწულის პოვნამ მისი ახლობლები სიხარულით აღავსო და რამდენიმე ხანში ყველანი მოინათლნენ. ეს რომ იმპერატორმა გაიგო, მამამისი ეპარქის თანამდებობიდან გადააყენა. ალექსანდრიელმა ქრისტიანებმა ფილიპე თავიანთ ეპისკოპოსად აირჩიეს. ეგვიპტის ახალმა მმართველმა სახალხო მღელვარების შიშით ვერ გაბედა საჯაროდ დაესაჯა სიკვდილით თავისი წინამორბედი და დაქირავებული მკვლელები მიუგზავნა. ავაზაკები ლოცვის დროს დაესხნენ თავს მღვდელმთავარს და სასიკვდილოდ დაჭრეს, რის შედეგადაც იგი სამ დღეში გარდაიცვალა. დაქვრივებული კლავდია ასულთან და მსახურებთან ერთად რომის მახლობლად მდებარე თავის მამულს დაუბრუნდა. აქ ევგენიამ მრავალი ქალწული მოაქცია ქრისტიანობაზე, კლავდიამ კი დავრდომილთა თავშესაფარი მოაწყო და ქვრივებს ემსახურებოდა. რამდენიმე მშვიდობიანი წელიწადის შემდეგ იმპერატორმა გალიენუსმა (260-268) ისევ დაიწყო ქრისტიანთა დევნა და მრავალმა მათგანმა კლავდიასა და ევგენიასთან ჰპოვა თავშესაფარი.
დაობლებულმა ახალგაზრდა რომაელმა ქალმა, სამეფო გვარის ჩამომავალმა ბასილამ შეიტყო წმიდა ევგენიას შესახებ, ნეტარ ქალწულთან შეხვედრა ისურვა და მას წერილით მიმართა. პასუხად ევგენიამ მასთან თავისი მეგობრები და თანამოსაგრეები, პროტიოსი და იაკინთე გაგზავნა. წმიდანებმა ჭეშმარიტ სარწმუნოებაში დამოძღვრეს წრფელი გზის მაძიებელი, რის შემდეგაც მან ირწმუნა ქრისტე და მოინათლა. ბასილას მხევალმა თავისი ქალბატონის საქმროს, პომპიუსს აუწყა, რომ მისი სასძლო ქრისტეს შეუდგა, პომპიუსმა კი იმპერატორთან დაასმინა თითქოსდა უქორწინებლობის მქადაგებელი მართლმორწმუნეები. სამსჯავროზე გამოძახებულმა ბასილამ უარი განაცხადა პომპიუსთან შეუღლებაზე, რის გამოც მახვილით განგმირეს. პროტიოსი და იაკინთე წარმართულ ტაძარში წაიყვანეს მსხვერპლის შესაწირად, მაგრამ შიგ ფეხი შედგეს თუ არა, კერპი ჩამოვარდა და დაიმსხვრა. ამის შემდეგ წმიდა მოწამეებს თავები მოკვეთეს. წმიდა ევგენიაც ძალდატანებით წაიყვანეს დიანას ტაძრისკენ, მაგრამ საკერპოსთან ნეტარის მიახლოება და მისი ნანგრევებად ქცევა ერთი იყო. ამის შემდეგ უფლის რჩეულს ყელზე ლოდი გამოაბეს და მდინარე ტიბრში ჩააგდეს, მაგრამ ლოდის საკვრელი გაწყდა და მოწამე გადარჩა. წმიდანი ცეცხლშიც უვნებელი დარჩა. მაშინ იგი ორმოში ჩააგდეს და შიგ ათი დღე ამყოფეს. ამ დროს მას თავად მაცხოვარი გამოეცხადა და აუწყა, რომ ქრისტეშობის დღეს შევიდოდა ცათა სასუფეველში. მართლაც, 262 წელს, ამ ბრწყინვალე დღესასწაულზე, ჯალათმა ქრისტეს ტარიგს თავი მოჰკვეთა. სულ მალე მოწამეობრივად აღესრულა წმიდა კლავდიაც. ღირსმოწამე ევგენიამ მას წინასწარ აუწყა თავისი მიცვალების დღე.
ღირსი ნიკოლოზ მონაზონი (IX)
ღირსი ნიკოლოზ მონაზონი მხედართმთავრად მსახურობდა ბიზანტიის იმპერატორის, ნიკიფორე I-ის (802-811) ზეობისას. იგი ბულგარელებთან ომში გაგზავნეს. ბრძოლის წინა დღეს ერთი ქალი წმიდანის ცთუნებას ეცადა, მაგრამ უფლის რჩეული ახოვნად წინ აღუდგა მას. სისხლისმღვრელ ბრძოლაში ნიკოლოზის ყველა თანამებრძოლი დაიღუპა და მხოლოდ ის გადარჩა. მხედარს ზეციური ჩვენებით განეცხადა, რომ სიცოცხლე საცთურის დაძლევისათვის ებოძა. ამის შემდეგ მან მონასტერს მიაშურა, სქიმა შეიმოსა და დაუდუმებლად ლოცულობდა ომებში დაღუპული მეომრებისათვის. დაუცხრომელი ღვაწლით ნეტარი სათნოეყო უფალს და განჭვრეტის ნიჭი მოიგო.