„… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ” (ეფ. 6: 12).
„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
„… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

31-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი
7.01.2026. მსგეფსი
ხორციელად შობა უფლისა და ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი. ხმა 5.
დღის ლოცვები
ქრისტეშობა
ტროპარი: შობამან შენმან, ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, რამეთუ, რომელნი ვარსკულავსა მსახურებენ, ვარსკულავისაგან ისწავეს თაყუანის-ცემა შენი, მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთად, უფალო, დიდება შენდა.
კონდაკი: ქალწული დღეს არსებად უზესთაესსა შობს ჩვენთვის, და ქუეყანა ქვაბსა შეუხებელსა შესწირავნ, ანგელოსნი მწყემსთა-თანა დიდების მეტყუელებენ, ხოლო მოგვნი ვარსკულავისა-თანა მოგზაურობენ, რამეთუ ჩუენთვის იშვა ყრმა ახალი, პირველ საუკუნეთა ღმერთი.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, სავედრებელი ყოვლადწმიდისა მიმართ, ოთხშაბათსა დილას
ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულისთქმათაგან, და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე, და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროის რიცხვისა ქვიშისა, შეყროლდეს და დალბეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა: შენ, დედაო ღვთისა ჩვენისაო, მარადის განგარისხე არაწმინდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე, დედუფალო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე მეცა შენგან ვაიმე, ვაიმე დაბნელებული, ნუ, დედუფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე მტერთა ჩემთა! აღადგინე გულის სიტყვა ჩემი სინანულად, და ხელპყრობილმყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღვრებითა ვჰსცხონდე. ჰე, დედაუფალო წმიდაო, დედაო კაცთ-მოყვარისა ღვთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლე იგი მეოხებითა შენითა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკვდიდ! მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთათა და განვჰსწმიდნე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა, და უფროს თოვლისა განვჰსპეტაკნე. ჰე, დედაო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი და ვედრებაი ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა სინანულით უცდომელად, და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, რაჟამს მეგულებოდეს სიტყვად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი, დედუფალო, მოწყალითა თვალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყვის მიმხდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა, და მექმენ მე ვაქილ და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი! მაშინ წარმადგინე მე ურცხვენელი და ცხოვნებული, საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა, დიდებად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და დაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა და სულისა მისისა ცხოველსმყოფელისა ერთისა და დასაბამ ნათელთასა, და თანაარსისა სამებისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ძილად დაწოლისა, ოთხშაბათსა
აღსვლასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი განსვენებისათვის ხორცთა ჩემთასა, რათა მძინარეცა შენვე გაქებდე, რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონება და გულის სიტყვანი ჩემნი! წმიდა ჰყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოსი შენი, მცველად აღდგომისა ჩემისა, რათა დავიმარხნე ხორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშვებ ჩემ ზედა სატანასა ბოროტსა და მარადის მოძულესა სიწმიდისა შენისასა, მოყვარესა სულსა ამაოებისასა, და რათა ჟამსა განღვიძებისა ჩემისასა განვიმარტნე ხელნი ჩემნი სახედ ჯვარისა შენისა უფალო, და შენ ჯვარცმულსა აღგიარნე ბრალნი ჩემნი და მე განძლიერებული ესრეთ გიღაღადებდე: უფალო, დაიცევ მეფეი და ქალაქი ჩემი, მეფე, რომელ არს სული ჩემი და ქალაქი გვამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად სამკვიდრეელად სიწმიდისა შენისა ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, დავჰსწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯვარითა შენითა, და დავიძინებ მინდობითა საფარველისა შენისათა. მამაო დამიცევ, ძეო დამიფარე, და სულო წმიდაო შემიწყალე მე! მრავალმოწყალეო ღმერთო უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე უღირსი მონაი შენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტე შენისათა და წმინდა მყავ მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა, რათა განფრთხობილი არმურისა ბოროტთა ოცნებათაგან მტერისათა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირს ვიქმნე წმიდითა გონებითა მოსლვად და მოღებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განჰსწმედ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ცისკ.: მთ. 1: 18-25 (დას. 2).
ლიტ.: გალ. 4: 4-7 (დას. 209). მთ. 2: 1-12 (დას. 3).
ცისკ.: მთ. 1: 18-25
18. ხოლო იესო ქრისტეს შობა ასე მოხდა: დედამისი მარიამი დანიშნული იყო იოსებზე, და მათ შეერთებამდე აღმოჩნდა, რომ მუცლად ეღო სული წმიდისაგან. 19. ხოლო იოსები, მისი ქმარი, მართალი იყო, არ უნდოდა მისი შერცხვენა და განიზრახა ფარულად გაეშვა იგი. 20. ეს რომ დააპირა, აჰა, ანგელოზი უფლისა ეჩვენა სიზმრად და უთხრა: იოსებ, დავითის ძეო, ნუ შიშობ მოიყვანო მარიამი, ცოლი შენი: რადგან ვინც მასში ჩასახულია, სული წმიდისაგან არის. 21. და შობს ძეს და უწოდებ სახელად იესოს, რადგან ის იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან. 22. ხოლო ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულდეს სიტყვა უფლისა, წინასწარმეტყველის მიერ თქმული: 23. აჰა, ქალწული მუცლად იღებს, და შობს ძეს, და უწოდებენ მას სახელად ემმანუელს, რაც თარგმანით ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი. 24. გამოიღვიძა იოსებმა ძილისგან და ისე მოიქცა, როგორც უბრძანა ანგელოზმა უფლისა, და მოიყვანა თავისი ცოლი. 25. და არ უცვნია იგი, ვიდრე არა შვა ძე თვისი პირმშო, და უწოდა სახელი მისი იესო.
ლიტ.: გალ. 4: 4-7
4. მაგრამ, როდესაც მოიწია დროის სისრულე, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე, რომელიც იშვა ქალისაგან და დაემორჩილა რჯულს. 5. რათა გამოესყიდა რჯულის ქვეშ მყოფნი და, ამრიგად, მიგვეღო ძეობა. 6. ხოლო რაკი ძენი ხართ, ღმერთმა მოავლინა თქვენს გულებში თავისი ძის სული, რომელიც ღაღადებს: „აბბა, მამაო“! 7. ასე რომ, მონა კი აღარა ხარ, არამედ ძე: ხოლო თუ ძე ხარ, მემკვიდრეცა ხარ ღვთის მიერ.
ლიტ.: მთ. 2: 1-12
1. ხოლო როცა იუდეის ბეთლემში დაიბადა იესო ქრისტე, ჰეროდეს მეფობის ჟამს, აჰა, აღმოსავლეთით მოვიდნენ მოგვნი იერუსალიმს, 2. და თქვეს: სად არის იუდეველთა ახალშობილი მეფე? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას. 3. ეს რომ გაიგო, შეძრწუნდა მეფე ჰეროდე და მთელი იერუსალიმი მასთან ერთად. 4. შეკრიბა ყველა მღვდელმთავარი და ერის მწიგნობარნი და გამოიკითხა მათგან, სად უნდა შობილიყო იესო ქრისტე. 5. ხოლო მათ უთხრეს: იუდეის ბეთლემში; ვინაიდან ასე დაიწერა წინასწარმეტყველის მიერ: 6. და შენ, ბეთლემ, იუდას ქვეყანაო, არაფრითა ხარ უმცირესი იუდას მთავართა შორის, ვინაიდან შენგან გამოვა მთავარი, რომელიც დამწყემსავს ჩემს ერს ისრაელს. 7. მაშინ ჰეროდემ ფარულად მოუწოდა მოგვებს და გამოიკითხა მათგან ვარსკვლავის გამოჩენის ჟამი. 8. წარგზავნა ისინი ბეთლემს და უთხრა: წადით და გამოწვლილვით გამოიძიეთ ყრმის ამბავი, და როდესაც ჰპოვებთ, მაცნობეთ მე, რათა თავადაც მივიდე და თაყვანი ვცე მას. 9. ხოლო მათ უსმინეს მეფეს და წავიდნენ. და, აჰა, ვარსკვლავი, რომელიც იხილეს აღმოსავლეთით, წინ მიუძღოდა მათ, სანამ არ მივიდა და თავს დაადგა იმ ადგილს, სადაც ყრმა იყო. 10. ხოლო მათ, ვარსკვლავის დანახვისას, ძალიან დიდი სიხარულით გაიხარეს. 11. როდესაც შევიდნენ სახლში, იხილეს ყრმა მარიამთან, თავის დედასთან ერთად, დაემხნენ და თაყვანი სცეს მას; გახსნეს თავიანთი საუნჯე და მიართვეს მას ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური. 12. და ეუწყათ სიზმრად, არ დაბრუნებულიყვნენ ჰეროდესთან და სხვა გზით მიიქცნენ თავიანთ ქვეყნად.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
ხორციელად შობა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი
მაცხოვარი სოფლისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისაგან იშვა იუდეის ბეთლემში იმპერატორ ავგუსტუს ოქტავიანეს დროს. იმ ხანებში გამოვიდა ბრძანება, აღეწერათ რომის მთელი იმპერიის მოსახლეობა, რომლის ერთ პროვინციასაც პალესტინა წარმოადგენდა. ებრაელებს ჩვეულებად ჰქონდათ, საყოველთაო აღწერები ტომებისა და გვარების მიხედვით ჩაეტარებინათ. თითოეულ ტომსა და გვარს თავისი ქალაქები და მამამთავართა სახელებთან დაკავშირებული ადგილები ჰქონდა. რადგან მარიამი და იოსები დავით მეფის შთამომავლები იყვნენ, აღწერისთვის დავითის ქალაქში – იუდეის ბეთლემში ჩავიდნენ. ბეთლემში ჩასული მარიამისა და იოსებისთვის არც ერთ სასტუმროში არ აღმოჩნდა თავისუფალი ადგილი და ისინი იძულებულნი გახდნენ, ქალაქის განაპირას მდებარე ერთ გამოქვაბულს შეჰფარებოდნენ, რომელიც უამინდობისას პირუტყვთა სადგომს წარმოადგენდა. ამ გამოქვაბულში, პირუტყვთა საკვებად და საფენად მიმობნეულ თივასა და ჩალაში, ზამთრის ცივ ღამეში იშვა მაცხოვარი სოფლისა. უმტკივნეულოდ ნაშობი ჩვილი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა თავად გაახვია სახვევებში და ბაგაში მიაწვინა, „რამეთუ არა იყო მათა ადგილ სავანესა მას“ (ლკ. 2,7). შუაღამის სიჩუმეში, მახლობლად, სოფელში მწყემსები „ველთა დგებოდეს და ჴუმილვიდეს საჴუმილავსა ღამისასა სამწყსოსა მათსა“. ანგელოზებმა პირველად სწორედ მათ ახარეს მხსნელის განკაცება: „ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა ესერა გახარებ თქუენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა: რამეთუ იშვა დღეს თქუენდა მაცხოვარი, რომელ არს ქრისტე უფალი, ქალაქსა დავითისსა“ (ლკ. 2,10-11). მწყემსებმა გულითა და ჭეშმარიტი სარწმუნოებით თაყვანი სცეს ახალშობილ ჩვილს. მათ შემდეგ ახლად გაბრწყინებული უჩვეულო ვარსკვლავის წინამძღოლობით „მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალიმად. თაყუანისცემად მისა“ (მთ. 2,1-2) და, როცა იხილეს ყრმა მაცხოვარი, „დავარდეს და თაყუანის-სცეს მას; და აღაღეს საუნჯეთა მათთა, და შეწირეს მისა ძღუენი: ოქრო, გუნდრუკი და მური“ (მთ. 2,11): ოქრო – როგორც მეფეს, გუნდრუკი – როგორც ღმერთს და მური – როგორც ადამიანს.ქრისტეშობის დღესასწაულს ეკლესია პირველი საუკუნიდან აღნიშნავს. მოციქულთა კანონებში ვკითხულობთ: „შობის დღესასწაულს უნდა უქმობდნენ, რადგან იგი ადამიანებს აძლევს სიხარულს მარიამ ქალწულისგან ამ სოფლის გადასარჩენად ღვთის სიტყვის შობით“.
IV საუკუნიდან როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის ეკლესიები მაცხოვრის შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ.
ქრისტეშობის თარიღთან დაკავშირებული ძველი და ახალი ცნობების ანალიზი
კაცობრიობა უკვე დიდი ხანია სარგებლობს ტერმინებით „ახალი ერა“ და „ჩვენი ერა“. ათვლა ქრისტესშობიდან იწყება. უფრო დიდი ხანია მიმდინარეობს დავა იმის შესახებ სინამდვილეში რომელ წელს დაიბადა იესო ქრისტე. ამასთან, ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია ქრისტესშობის ზუსტი თარიღის დადგენა, რადგან კანონიკურ სახარებებში ბევრი „გადაულახავი წინააღმდეგობაა“. სინამდვილეში კი სახარებებში არავითარი შეუსაბამობა არ არის, უფრო მეტიც, მათში ასახული ქრონოლოგიური მინიშნებები საშუალებას გვაძლევს დავათარიღოთ მთელი რიგი უმნიშვნელოვანესი მოვლენები იესო ქრისტეს ცხოვრებაში.
მოგვებმა ქრისტესშობა ციური სხეულების მოძრაობის მიხედვით იწინასწარმეტყველეს. იმ დროს სჯეროდათ, რომ გამორჩეული პიროვნების დაბადების შემთხვევაში ცაზე ახალი ვარსკვლავი უნდა გამოჩენილიყო. ამასთან, მკვლევრები ფიქრობენ, რომ მოგვებს ინფორმაცია მესიის მობრძანების შესახებ, სპარსეთის სამეფოს ტერიტორიაზე მცხოვრები ებრაელებისგან უნდა ჰქონოდათ. მაგრამ იმისათვის, რათა ჭეშმარიტი ღვთის რწმენა წარმართებშიც გავრცელებულიყო, უფალმა ცაზე მოგვებისათვის ცნობადი ნიშანი გამოაჩინა. მოგვებმა ვარსკვლავი იხილეს და მიხვდნენ, რომ უნდა დაბადებულიყო ახალი მეფე და ამ მეფეს მთელი ქვეყნიერება ელოდა.
ოთხი უმნიშვნელოვანესი ეპიზოდი:
- ხარება მარიამისა, რომელიც მთავარანგელოზის ამ სიტყვებით გაცხადდა: „გიხაროდეს მადლით მოსილო: უფალი შენთანაა; კურთხეული ხარ დედათა შორის“ (ლკ. 1: 28). აშკარაა, რომ საქმე გვაქვს უშუალოდ ქალწული მარიამის ხარებასთან და დრომდე, ანუ ღვთისმშობლის ელისაბედთან მისვლამდე, მთელ სამყაროში ეს ახალი, ძნელად დასაჯერებელი ამბავი მხოლოდ მარიამისთვის იქნებოდა ცნობილი;
- ელისაბედისა და წუთისოფლის ხარება ღვთისმშობლის ხარებიდან რამდენიმე დღის შემდეგ მოხდა და იგი მუცლადღებული იოანე ნათლისმცემლის მიერ იქნა გაცხადებული. დაწერილია: „შევიდა (მარიამი. – რ. ჩ.) ზაქარიას სახლში და მოიკითხა ელისაბედი. როგორც კი გაიგონა ელისაბედმა მარიამის მოკითხვა, ყრმა შეიძრა მის მუცელში და აღივსო სულით წმიდით ელისაბედი. ხმამაღლა შეღაღადა და თქვა: კურთხეული ხარ დედათა შორის და კურთხეულია შენი მუცლის ნაყოფი! ვინ გამხადა იმის ღირსი, რომ ჩემთან მოვიდა ჩემი უფლის დედა? ვინაიდან, როგორც კი ჩემს ყურს მოსწვდა შენი მოკითხვის ხმა, სიხარულით შეიძრა ყრმა ჩემს მუცელში. ნეტარია, ვინც ირწმუნა, რადგანაც აუსრულდება ყველაფერი, რაც ეუწყა უფლის მიერ“ (ლკ. 1: 40–45). ეს იყო მთელი სამყაროს და უშუალოდ ყველა იმ ადამიანის ხარება, ვისაც რწმენა და ნამდვილი მოლოდინი ჰქონდა უფლის მობრძანებისა. ელისაბედის სიტყვებს მარიამის წინასწარმეტყველება მოჰყვა: „წყალობა მისი თაობებიდან თაობებამდე ღმრთისმოშიშთა მიმართ. მოავლინა თავისი მკლავის სიმტკიცე და გაჰფანტა ქედმაღალთა გულის ზრახვანი. დაამხო ტახტთაგან ძლიერნი და აამაღლა მდაბალნი. სიკეთით აავსო მშიერნი და ხელცარიელი გაისტუმრა მდიდარნი“ (ლკ. 1: 51:53) – ეს სიტყვები ეხება ყველა დროის და ყველა ჯურის ადამიანს, ყველას, ვის ყურსაც შეუძლია ამ საოცარ ამბავს შესწვდეს და ვის გულსაც ძალუძს ეს სიხარული გაიზიაროს;
- მოგვებისათვის კოსმოსი მრავლის მაუწყებელი იყო. მოგვები ასტრონომები და ასტროლოგები იყვნენ, ისინი კარგად იცნობდნენ ზოდიაქოს ნიშნებს. ზეცას მოგვები ღმერთის სიტყვის ამოკითხვის მიზნით აკვირდებოდნენ და მომავალს ვარსკვლავების გადაადგილების მიხედვით წინასწარმეტყველებდნენ. მაცხოვრის მობრძანების შემდეგ წარმართული ნიშნებით ღმერთის ძიების დრო დასრულდა, ღმერთი (უკვე ყველასათვის – რ. ჩ.) გამოჩნდა ხორცით, გამართლდა სულით, ეჩვენა ანგელოზებს, ქადაგებულ იქნა წარმართთა შორის, სარწმუნო იქნა საწუთროსათვის და ამაღლდა დიდებით (1 ტიტ. 3: 16).
როდესაც მოგვებმა ცაზე ნიშანი დაინახეს, მიხვდნენ, რომ სამყაროს მოევლინა მეფე! არაჩვეულებრივი მეფე! ყველა დროის, ყველა მეფეთა მეფე! მეფე, რომელსაც ყოველგვარი მეფობის ძალა უნდა გაეუქმებინა. ეს ღვთაებრივი ნიშანი მრავალთათვის დღევანდლამდე აუხსნელ საოცრებად რჩება…
აღორძინების ეპოქაში ფიქრობდნენ, რომ მოგვებმა ცაზე კომეტა დაინახეს. სხვები მიიჩნევდნენ, ეს ისეთი ზეახალი ვარსკვლავი უნდა ყოფილიყო, რომელმაც მთელი ზეცა გაანათა. შეფილდის უნივერსიტეტის პროფესორის, ასტრონომ დევიდ ჰიუსის აზრით, მოგვებისთვის მეფის დაბადების მაუწყებელი შეიძლებოდა პლანეტების გარკვეული განლაგება გამხდარიყო. მას მიაჩნია, რომ ამ ვერსიის მნიშვნელოვანი საბუთმტკიცება ლონდონში, ბრიტანეთის მუზეუმში ინახება და ეს არის თიხის ფირფიტები, რომელზეც ძველ ბაბილონურ, ანუ მოგვების მშობლიურ ენაზე შემონახული ტექსტები იკითხება. ერთ-ერთ ფირფიტაზე ძვ. წ. აღ. 7 წელს პლანეტების – სატურნისა და იუპიტერის მოძრაობაა გამოსახული. ამ პლანეტებს მოგვებისათვის დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა, რადგან მეფეთა ჰოროსკოპებში, ახალი პიროვნების გამეფებაში მთავარ როლს იუპიტერს მიაკუთვნებდნენ. იუპიტერი მომავალი მეფის სიმბოლო იყო, სატურნი კი ძველი, წარმავალი მეფის ნიშანს წარმოადგენდა. მათი ურთიერთდაახლოება მმართველობის შეცვლას იუწყებოდა, ხოლო თუ ისინი თევზების ზოდიაქოში იკვეთებოდნენ (ეს თანავარსკვლავედი ისრაელის ზოდიაქალური სიმბოლო იყო), ცვლილება ისრაელში უნდა მომხდარიყო. ძველი წელთაღრიცხვის 7 წელს იუპიტერი და სატურნი თევზების თანავარსკვლავედში სამჯერ გადაიკვეთა. ეს მოვლენა ყოველი 820 წლის შემდეგ მეორდება. ამიტომ გაჩნდა ეჭვი, რომ იესო ქრისტე ძვ. წ. აღ. 7 წელს უნდა დაბადებულიყო.
მოგვიანებით, მეცნიერებმა ახალ საბუთს მიაკვლიეს: როდჯერსის უნივერსიტეტის პროფესორმა, ასტრონომმა მაიკლ მოლნერმა ისრაელის უშუალოდ იმ კუთხის ზოდიაქოს მიაგნო სადაც იესო ქრისტე დაიბადა. მოლნერის ხელთ რომის მმართველობის პერიოდში იუდეაში მოქმედი ძველი მონეტა აღმოჩნდა. მასზე ამ კუთხის მაშინდელი ზოდიაქოს ნიშანი – ვერძია გამოსახული. ის კოსმოსურ სივრცეში მოძრაობს და თან თვალს მის ზურგს უკან დარჩენილ ვარსკვლავს ადევნებს. მოლნერი აგრეთვე კლავდიოს ფტოლემეს ასტროლოგიური ენციკლოპედიით დაინტერესდა და მასში იესო ქრისტეს ცხოვრების წლების შესახებ გარკვეული ინფორმაცია აღმოაჩინა. ფტოლომეს თავის მასალებში ქვეყნების შესაბამისი ზოდიაქოს ნიშნების სახელწოდებები ორჯერ აქვს ჩამოთვლილი და ამ ჩამონათვალითაც დასტურდება, რომ იუდეას ვერძის ნიშანი შეესაბამებოდა. ე. ი. უნდა ვიფიქროთ, რომ მოგვებმა კოსმოსური ნიშანი ვერძის ზოდიაქოში დაინახეს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძვ. წ. აღ. 7 წელს იუპიტერი და სატურნი ვერძის ნიშანში არ გადაკვეთილა.
საგულისხმოა, რომ ერთი წლის შემდეგ, ძვ. წ. აღ. 6 წლის 17 აპრილს, ვერძის ზოდიაქოში ისეთი ასტრონომიული მოვლენა განხორცილდა, რომელიც მოგვებს უეჭველად განაცვიფრებდა: პლანეტების მეფე იუპიტერი მთვარემ გადაფარა. მოგვებისათვის ეს მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა უნდა ყოფილიყო, რადგან იგი იუწყებოდა, რომ იუდეაში უნდა დაბადებულიყო მეფეთმეფე, რომლის სიმბოლოც ვერძი იქნებოდა. ამ დროს იუპიტერი სწორედ აღმოსავლეთის ცაზე მოჩანდა. ამიტომ, ციური სხეულების ასეთი გადაადგილების დანახვა მხოლოდ აღმოსავლეთში იყო შესაძლებელი და ეს მოგვებისათვის ცისკრის ვარსკვლავის გადაფარვა იქნებოდა, ანუ ყველაფერი ისე მომხდარა, როგორც ამ ამბის შესახებ წმინდა მათე მახარებელმა გვაუწყა. მოლნერის და სხვა მეცნიერების აზრით, ის დღე, ძვ. წ. აღ. 6 წლის 17 აპრილი, ანუ დღე, როდესაც მთვარემ იუპიტერი გადაფარა, იესო ქრისტეს დაბადების თარიღად უნდა მივიჩნიოთ.
ამრიგად, ევროპელი მეცნიერები ფიქრობენ, რომ იესო ქრისტეს შობის დღე 17 აპრილია. მაგრამ ეს ვერსია ჩვენთვის არადამაჯერებელია. ჯერ ერთი მართლმადიდებლური კალენდრის მიხედვით, ახალი სტილით 7 აპრილს მარიამის ხარება იყო, ამასთან, ქრისტესშობის აპრილით დათარიღება წმინდა იოანე ოქროპირის, ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელისა და სხვა წმინდა მამების აზრებს ეწინააღმდეგება. ამავე დროს, თუ სახარების ტექსტს დავაკვირდებით აშკარაა, რომ იუპიტერის მთვარით გადაფარვა ის დღე უნდა ყოფილიყო, როდესაც მარიამი ელისაბედთან მივიდა და მუცლადღებულმა იოანე ნათლისმცემელმა, მუცლადღებული იესო ქრისტე შეიგრძნო. და კიდევ, ვარსკვლავმა იუდეა მიუთითა და არა ნაზარეთი ან გალილეა, სადაც ღვთისმშობელს მთავარანგელოზმა იესო ქრისტეს მუცლადღება ახარა. ღვთისმშობლის ხარებას 17 აპრილამდე დაახლოებით 10 დღე, ანუ ის დრო აშორებს რაც მარიამს ნაზარეთიდან იუდეაში, ელისაბედთან ჩასვლისათვის უნდა დასჭირებოდა.
„ადგა მარიამი იმ დღეებში და სასწრაფოდ მიაშურა მთიანეთს, იუდეას ქალაქს“ (ლკ. 1: 39). ამავე დროს, ცნობილია, რომ მანძილი ნაზარეთსა და მთიან მხარეს შორის დაახლოებით 100 კილომეტრია და იმ დროისათვის ასეთ ძნელ და გრძელ გზაზე გასამგზავრებლად მარიამს შესაძლებელია თანამგზავრის მოძებნაც დასჭირვებოდა. ამ გარემოებების გათვალისწინებით, მარიამი ელისაბედთან ხარებიდან 8-10 დღეზე ადრე ვერ ჩავიდოდა. ამიტომ, მუცლადღებული იოანე ნათლისმცემლის მიერ ელისაბედისა და სამყაროს ხარებაც 8-10 დღეზე, ანუ 15 აპრილზე ადრე ვერ იქნებოდა…
მართლმადიდებლური თვალსაზრისით, ჩასახვა და განკაცება ტოლფასი მოვლენებია. ამის საბუთად მოვიყვანთ ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელის სიტყვებს, სადაც ის ზორობაბელის დაბადების შესახებ ბრძანებს:
„იუდეველები ამბობენ იესო ქრისტეს შესახებ დაწერილი სიტყვები: „შენგან გამოვიდეს“, სინამდვილეში ზორობაბელის შესახებ წინასწარმეტყველება იყო, მაგრამ აშკარად იტყუებიან და თავსაც იტყუებენ, რადგან ზორობაბელი ბეთლემში კი არა ბაბილონში დაიბადა: „ზორო“ ნიშნავს თესლს და შობას, ხოლო „ბაბელი“-– ბაბილონს, ანუ ბაბილონში ჩასახულს ან გაჩენილს“, როგორც ვხედავთ, „ჩასახული და გაჩენილი“ ადამიანის ამქვეყნად მოსვლის თვალსაზრისით ტოლფასი მოვლენებია. ამიტომ, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მარიამისა და ელისაბედის შეხვედრის დღეს, რადგან როგორც აღვნიშნეთ, ამ შეხვედრის დროს საყოველთაოდ გაცხადდა განგებულება საიდუმლოსი: „განათლებად ყოველთა, რაი–იგი არს განგებულებაი იგი საიდუმლოისაი მის დაფარულისაი საუკუნითგან ღმრთისა თანა“ (ეფ. 3: 9). „ახალი აღთქმა“ ამ დღით, დაახლოებით 17 აპრილით უნდა დაწყებულიყო. მოლოდინი ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონოდა, როგორც იუდეველს, ისე წარმართს, ნიშნები კი სხვადასხვანაირი იქნებოდა, იმ დღიდან მოყოლებული, ღვთაებრივი საიდუმლოს შესაცნობად მხოლოდ ადამიანის მზაობაა საჭირო.
ამასთან, ჩვენი მხრივ დარწმუნებული ვართ, რომ ღმერთის ვერც ჩასახვისა და ვერც განკაცების შესახებ იოანე ნათლისმცემელზე ადრე მოგვები ვერ შეიტყობდნენ, რადგან წმინდა წერილის მიხედვით, ქრისტეს მობრძანების შესახებ კაცობრიობისათვის პირველს იოანე ნათლისმცემელს უნდა ეწინასწარმეტყველებინა. ეს უნდა ყოფილიყო ხმა „უდაბნოში მღაღადებლისა“. სწორედ ამიტომ, მაცხოვრის შესახებ ჯერ კიდევ მუცლადღებულ იოანეში გაჩენილი პირველი სიტყვა იოანეს დედამ, ელისაბედმა გაახმოვანა. მოგვებს კი ვარსკვლავი, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლებოდა ეხილათ.
თანამედროვე ასტროლოგების გამოთვლებით იუპიტერი მთვარემ ახალი სტილით 17 აპრილს გადაფარა და მოგვებისათვის სწორედ ეს იყო სამყაროს მეფის დაბადების ნიშანი. გამოდის, რომ თანამედროვე მეცნიერებმა ქრისტეს დაბადების დასაბუთებულ თარიღს მიაკვლიეს: თუ იუპიტერის მთვარით გადაფარვას და მართლმადიდებლურ კალენდარს შევაჯერებთ ადვილად მივხვდებით, რომ ხარება მარიამისა იყო ძვ. წ. აღ. 6 წლის 7 აპრილს, ხარება ელისაბედისა და მოგვების მიერ ცისკრის ვარსკვლავის ხილვა იყო დაახლოებით 10 დღის შემდეგ – 17 აპრილს და ამ თარიღებიდან გამომდინარე, მართლმადიდებლური ქრისტეშობა: ძვ. წ. აღ. 5 წლის 7 იანვარს (ახალი სტილით) და ძველი სტილით – 6 წლის 25 დეკემბერს, აბსოლუტურად ზუსტი ყოფილა. ასევე უკვე აღვნიშნეთ, რომ ვარსკვლავმა მოგვებს ნაზარეთი – მთავარანგელოზის მიერ მარიამის ხარების ადგილი კი არა, იუდეა – სამყაროს ხარების ადგილი მიუთითა. ბეთლემის შესახებ კი მოგვებმა ჰეროდეს მწიგნობრებისგან შეიტყვეს, ხოლო დაბადების ადგილის შესახებ, სადაც მათ უფალი იხილეს დაწერილია: „აჰა, ვარსკვლავი, რომელიც იხილეს აღმოსავლეთით, წინ მიუძღოდა მათ, სანამ არ მივიდა და თავს დაადგა იმ ადგილს, სადაც ყრმა იყო. ხოლო მათ, ვარსკვლავის დანახვისას, ძალიან დიდი სიხარულით გაიხარეს“ (მთ. 2: 9–10). წმინდა წერილიდან ჩანს, რომ ვარსკვლავი მათ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში მიუძღვებოდა. ჩვენ კი გვსურს განვაცხადოთ, რომ მიუხედავად უდიდესი ძალისხმევისა, რის გამოც არ შეიძლება თანამედროვე ევროპელი მკვლევრებისადმი ღრმა პატივისცემით არ განეწყო, მათ თავისი ტრადიციებიდან გამომდინარე, მართლმადიდებლური ხარების თარიღს ყურადღება არ მიაქციეს და ხარება უნებლიეთ ქრისტესშობად გამოაცხადეს. ამ უზუსტობის გამო ისინი ერთხმად ამტკიცებენ, რომ ქრისტე არც 25 დეკემბერს და არც 7 იანვარს არ დაბადებულა.
- მწყემსთა ხარება. ლინგ აილენდის უნივერსიტეტის პროფესორმა, ეგვიპტოლოგმა და პალეოპათოლოგმა ბობ ბრიერმა გაარკვია: იმის გამო, რომ წლის სხვა დროს ცივი ღამეებია, იუდეველები საძოვარზე ცხვარს წელიწადში მხოლოდ 6 თვის განმავლობაში აპრილიდან სექტემბრამდე ტოვებენ. ეს ინფორმაცია მან ლუკას სახარების ტექსტთან: „იყვნენ იმ მხარეში მწყემსები, რომლებიც ველად იდგნენ და თავიანთ ფარას დარაჯობდნენ ღამით“ (ლკ. 2:8) შეაჯერა და დაასკვნა: „ვინაიდან, იმ მხარეში მწყემსებს ღამით ველად ფარა არ შეიძლებოდა ჰყოლოდათ, მაცხოვარი დეკემბერში ვერ დაიბადებოდა, ე. ი. მოლნერის გამოთვლები სწორია და ქრისტე აპრილის თვეში უნდა დაბადებულიყო“.
რჩება შთაბეჭდილება, რომ თანამედროვე ევროპელი მკვლევრები ლოგიკურ დასკვნამდე მივიდნენ. მათი აზრით, იესო ქრისტე იშვა ძვ. წ. აღ. 6 წლის 17 აპრილს. მაგრამ მათ კვლავ არ გაითვალისწინეს ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური ფაქტორი: ებრაული მიშნა (ზეპირი კანონების კრებული) ისრაელის მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში საერთოდ კრძალავს საქონლის დიდი სადგომების არსებობას. გამონაკლისს პალესტინის მიდამოებში, ბეთლემთან ახლოს, იმ საქონლის სადგომი წარმოადგენდა, რომელიც ტაძარში მსხვერპლშესაწირად იყო განკუთვნილი. ანუ ეს არ იყო ჩვეულებრივი ცხვრის ფარა. იგივე ფრაგმენტი მიშნადან გვამცნობს, რომ ამ ადგილზე ცხვრის ფარა მთელი წლის განმავლობაში იდგა, თუმცა ჩვენთვის უმთავრესი ეს მაინც არ არის. ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი მაცხოვრის დაბადების კომენტირების დროს ხაზგასმით ბრძანებს: „უფალი იმიტომ მოგვევლინა ამ ქვეყნად რათა გამოვესყიდეთ უგუნურებისაგან“. გამოსყიდვა მხოლოდ შესაწირავის საშუალებით ხდება, რადგან, როგორც მოციქული პავლე ბრძანებს: „რჯულის მიხედვით, თითქმის ყველაფერი სისხლით განიწმიდება, და სისხლის დათხევის გარეშე არ არსებობს მიტევება“. ზემოხსენებულის გათვალისწინებით, აღსანიშნავია ის, რომ ანგელოზებმა ახალშობილი უფლის ხილვა პირველებს სწორედ იმ მწყემსებს ახარეს, რომლებიც შესაწირ ფარას პატრონობდნენ…
მეორე მხრივ, იესო ქრისტე ბრძანებს: „მე ვარ მწყემსი კეთილი, და ვიცნობ ჩემს ცხვრებს, ჩემები კი მიცნობენ მე“ (ინ. 10: 14), „შენ, ბეთლემ, იუდას ქვეყანაო, არაფრითა ხარ უმცირესი იუდას მთავართა შორის, ვინაიდან შენგან გამოვა მთავარი, რომელიც დამწყემსავს ჩემს ერს ისრაელს“ (მთ. 2: 6).
მაგრამ მთელი ამ სიხარულის ფონზე ჩაგვესმის იოანე ნათლისმცემლის სიტყვები, რომელიც მან იესო ქრისტეს საუფლო მსახურების დაწყების წინ განაცხადა: აჰა, ტარიგი ღმრთისა, რომელიც იტვირთავს ქვეყნის ცოდვებს… ახალშობილი მაცხოვარი ბაგაში პირველებმა მწყემსებმა იხილეს. იერუსალიმის ტაძართან ახლოს, ბეთლემში, შესაწირი ფარის მწყემსებმა ახალშობილი ტარიგი ღმრთისა იხილეს.
ამრიგად, ჭეშმარიტად ასე ყოფილა:
ძველი სტილი
ხარება მარიამისა – 25 მარტი (ძვ. წ. ა. 6 წ.)
ხარება ელისაბედისა და მოგვებისა, ანუ საყოველთაო ხარება – 4 აპრილი (ძვ.წ.ა.6 წ.)
ქრისტესშობა – 25 დეკემბერი (ძვ. წ. ა. 6 წ.)
ახალი სტილი
ხარება მარიამისა – 7 აპრილი (ძვ. წ. ა. 6 წ.)
ხარება ელისაბედისა და მოგვებისა, ანუ საყოველთაო ხარება – 17აპრილი (ძვ.წ.ა. 6 წ.)
ქრისტეშობა – 7 იანვარი (ძვ. წ. ა. 5 წ.)
მოამზადა: რომილე ჩხეიძემ