25.01.2026. 33-ე კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა VIII.

25.01.2026. 33-ე კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა VIII.

     „… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ (ეფ. 6: 12).

     „ თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

     „… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).

      ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

25.01.2026. ხსნილი

მოწამისა ტატიანასი და მის თანა რომში წამებულთა (222-235); მოწამისა მერტი (მეორტი) მხედრისა (284-305); მოწამისა პეტრესი, რომელსაც ერქვა აბესალომ (აბესალამიტი) პალესტინის სამარიის ავლონელისა (309-311); ანტიოქიელ მოწამეთა: ფილოთეოსი და მის თანა სამთა მხედართა და ცხრა ათასთა მოწამეთა (284-305); ღირსისა ევპრაქსია ტაბენისელისა, ეგვიპტეში მოღვაწისა (393); საბასი, სერბეთის პირველი მთავარეპისკოპოსისა (1236).

დღის ლოცვები

მოწამისა ტატიანასი და მისთანა რომში წამებულთა

კონდაკი: გამობრწყინდი ვნებათა შინა შენთა, ღუაწლით შემოსილო, და სისხლითა მიერ შენთა განშუენებული, ვითარცა ტრედი შუენიერი, ცად მიმართ აღფრინდი, ტატიანა, ევედრე ღმერთსა პატივისმცემელთა შენთათვის.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, კვირიაკესა, შემდგომად ძილისაგან აღდგომისა

უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, განმწმინდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო, შენ უწყნი ცოდვანი ჩემნი, რამეთუ შენ ვითარცა გნებავს, აღხოცენ იგინი. შეგცოდე უფალო, შემინდვენ მე სახელისა შენისათვის წმიდისა. უფალო მომეც მე კეთილი ანგელოსი, მმართებელად და მოძღვრად ცხოვრებისა ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რაი მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათვის მომეც მე დაწყებაი დასაბამისა კეთილისა. უფალო, მასწავე მე, რათა ვჰსცხონდე და ნუ თანა წარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა, კაცთმოყვარე, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის კვირიაკესა, ძილად მისვლის დროს

უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაი ცოდვათა კაცთა მიანიჭე, და სახედ ცოდვათა შენდობისა და აღსარებისა, დავით წინასწარმეტყველისა სინანული შესანდობელად გვიჩვენე, შენ მეუფეო, ჩვენ მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა, და აღჰხოცენ ყოველი უსჯულოებაი ჩემი, რამეთუ შეგცოდე შენ, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და გაქვს ხემწიფებაი მიტევებად ცოდვათა, ხოლო გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, და სულითა მთავრობისათა დაგვამტკიცენ ჩვენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მოგვეც ჩვენ. ნუ განმაგდებ ჩვენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან ღმერთმან შეწყალებაი ჩვენი, და ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვამდე შეწირვად შენდა ვედრებათა, და თხოვად ცოდვათა მოტევებისა, და ღირსყოფად ჩვენდა სასუფეველსა ცათასა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

ცისკ.: სახ. მე-11, ინ. 2115-25 (დას. 67).
ლიტ.:  ნათლისღების შემდგომი კვირიაკისა: ეფ. 4: 7-13 (დას. 224, შუა). მთ. 4: 12-17 (დას. 8).
რიგ.: 1 ტიმ. 4: 9-15 (დას. 285 შუა). ლკ. 19: 1-10 (დას. 94).

ცისკ.: ინ. 2115-25 

15. ხოლო როდესაც ისაუზმეს, იესომ სიმონ-პეტრეს უთხრა: სიმონ, იონას ძეო, ამათზე მეტად გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი კრავები. 16. მეორედაც უთხრა მას: სიმონ იონას ძეო, გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: მწყემსე ჩემი ცხვრები. 17. მესამედაც უთხრა მას: სიმონ, იონას ძეო, გიყვარვარ? შეწუხდა პეტრე, რადგან მესამედ ჰკითხა, გიყვარვარო? და უთხრა მას: უფალო, შენ ყველაფერი იცი, იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი ცხვრები. 18. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: სანამ ახალგაზრდა იყავი, სარტყელს შემოირტყამდი და მიდიოდი, სადაც გინდოდა; ხოლო როდესაც დაბერდები, ხელებს გაიწვდი, სხვა შემოგარტყამს სარტყელს და წაგიყვანს იქ, სადაც არ გინდა. 19. ხოლო ეს თქვა, რათა ენიშნებინა, როგორი სიკვდილით განადიდებდა იგი ღმერთს. ეს რომ თქვა, უთხრა: მომყევიო. 20. შემობრუნდა პეტრე და დაინახა, რომ უკან მოსდევდა მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს, სწორედ ის, სერობისას მის მკერდზე მიყრდნობილმა რომ უთხრა: უფალო, ვინ გაგცემს შენ? 21. ეს რომ დაინახა, პეტრემ უთხრა იესოს: უფალო, ამას რა? 22. უთხრა მას იესომ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, შენ რა? შენ მე გამომყევ. 23. და გავრცელდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ ის მოწაფე არ მოკვდებოდა. მაგრამ იესოს ის კი არ უთქვამს, არ მოკვდებაო, არამედ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, მერე შენ რაო? 24. ეს არის მოწაფე, რომელიც მოწმობს ამას და რომელმაც დაწერა ეს. და ვიცით, რომ მისი მოწმობა ჭეშმარიტია. 25. ბევრი სხვა რამეც მოიმოქმედა იესომ, მაგრამ ყველაფერი სათითაოდ რომ დაწერილიყო, ვგონებ, ქვეყანაც ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს. ამინ.

ლიტ.:  ნათლისღების შემდგომი კვირიაკისა: ეფ. 4: 7-13 

7. ხოლო თვითეულ ჩვენგანს ქრისტესმიერი ნიჭის ზომისამებრ მიეცა მადლი. 8. ამიტომაც თქმულა: „ავიდა მაღლა, წამოასხა ტყვენი და საბოძვარი უბოძა ხალხს“. 9. მაგრამ რას ნიშნავს „ავიდა“, თუ არა იმას, რომ უფრო უმალ ქვესკნელში უნდა ჩასულიყო? 10. ჩასული კი იგივეა, რაც ყველა ცაზე მაღლა ასული, რათა აღავსოს ყოველი. 11. მანვე დაადგინა ზოგი მოციქულად, ზოგი წინასწარმეტყველად, ზოგი მახარებლად, ზოგნიც მწყემსებად და მოძღვრებად. 12. რათა სრულეყოთ წმიდანი მსახურების საქმისათვის – ქრისტეს სხეულის ასაშენებლად, 13. ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ რწმენის ერთობას და ღმერთის ძის შემეცნებას სრულყოფილ კაცად, ქრისტეს ასაკის სისრულის ზომას.

ლიტ.:  ნათლისღების შემდგომი კვირიაკისა: მთ. 4: 12-17 

12. ხოლო როდესაც გაიგო იესომ, იოანე შეუპყრიათო, გალილეას გაემართა. 13. მიატოვა ნაზარეთი, მივიდა და დაემკვიდრა ზღვისპირა კაპერნაუმს, ზაბულონის და ნეფთალემის მხარეს, 14. რათა აღსრულდეს თქმული ესაია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: 15. ქვეყანა ზაბულონისა და ქვეყანა ნეფთალემისა, გზა ზღვისა იორდანეს გაღმა, გალილეა წარმართთა; 16. ბნელში მსხდომარე ხალხმა იხილა ნათელი დიდი, და ქვეყნად და სიკვდილის ჩრდილში მსხდომთ გამოუბრწყინდა ნათელი. 17. შემდგომ ამისა, დაიწყო იესომ ქადაგება და ამბობდა: მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოვდა ცათა სასუფეველი.

რიგ.: 1 ტიმ. 4: 9-15 

9. სარწმუნოა ეს სიტყვა და ღირსი სრული შეწყნარებისა. 10. ვინაიდან იმისთვის ვშრომობთ და ვიღვწით, რომ ვესავთ ცოცხალ ღმერთს, რომელიც არის ყოველი კაცისა და, მით უმეტეს, მორწმუნეთა მხსნელი. 11. ამას ამცნებდე და ასწავლიდე. 12. ნურავის დაამცირებინებ შენს სიჭაბუკეს, არამედ ნიმუშად ექმენ მორწმუნეთ სიტყვით, ქცევით, სიყვარულით, სულით, რწმენით, სიწმიდით; 13. ვიდრე მოვიდოდე, გამუდმებით იკითხე, შეაგონე, დამოძღვრე. 14. ნუ უგულებელყოფ შენთვის ბოძებულ ნიჭს, რომელიც მოგეცა წინასწარმეტყველებითა და უხუცესთა ხელდასხმით. 15. ამაზე იზრუნე და ასე იყავი, რათა შენი წარმატება ცხადი შეიქნეს ყველასთვის.

რიგ.: ლკ. 19: 1-10

1. შევიდა იერიხონში და გაიარა ქალაქი. 2. და, აჰა, ერთ მდიდარ კაცს, სახელად ზაქეს, რომელიც იყო მებაჟეთა უფროსი, 3. სურდა ეხილა იესო, რათა გაეგო, ვინ იყო, მაგრამ ხალხმრავლობის გამო ვერ მოჰკრა თვალი, ვინაიდან ტანმორჩილი იყო; 4. წინიდან მოურბინა და ლეღვის ხეზე ავიდა მის დასანახად, ვინაიდან იქ უნდა გაევლო. 5. როცა იმ ადგილს გაუსწორდა, იესომ ზევით აიხედა, დაინახა იგი და უთხრა: ზაქე, ჩქარა ჩამოდი ძირს, ვინაიდან დღეს შენს სახლში უნდა ვიყო. 6. ისიც საჩქაროდ ჩამოვიდა და სიხარულით მიიღო იგი. 7. ხოლო ამის მხილველნი დრტვინავდნენ და ამბობდნენ: ცოდვილთან შევიდაო. 8. ადგა ზაქე და უთხრა უფალს: აჰა, უფალო, ჩემი ქონების ნახევარს მივცემ გლახაკთ, და თუ ვინმეს ცილი ვწამე, ოთხმაგად ვუზღავ. 9. უთხრა მას იესომ: დღეს მოევლინა ხსნა ამ სახლს, ვინაიდან ესეც ძეა აბრაამისა. 10. რადგან ძე კაცისა დაკარგულთა საძებნად და დასახსნელად მოვიდა.

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით

                                                                                         (1 ინ. 3: 14)

 

წმიდა მოწამე ტატიანა დიდგვაროვან რომაელთა ოჯახში დაიბადა. მამამისი ფარული ქრისტიანი იყო და ასულიც ღვთისა და ეკლესიის ერთგულებით აღზარდა. სრულწლოვანებას მიღწეულმა ტატიანამ გადაწყვიტა, ქალწულება დაემარხა და უფლის სადიდებლად ეცხოვრა. მან დიაკონისად დაიწყო მსახურება ერთ-ერთ ტაძარში, ლოცვითა და მარხვით იწვრთნიდა სულს, ავადმყოფებს უვლიდა და გაჭირვებულებს ეხმარებოდა.
როცა რომში თექვსმეტი წლის ალექსანდრე სევერი (222-235) გამეფდა, ქვეყნის მმართველობის სადავეები ქრისტიანთა უბოროტესმა მტერმა, ულპიანემ ჩაიგდო ხელში და მართლმადიდებლების სასტიკი დევნა დაიწყო. შეიპყრეს დიაკონისა ტატიანაც, აპოლონის ტაძარში მიიყვანეს და აიძულებდნენ, მსხვერპლი შეეწირა კერპებისთვის. ქალწულმა გულმხურვალე ლოცვით შემწეობა სთხოვა უფალს. ლოცვის პასუხად უეცრად საშინლად შეინძრა მიწა, კერპი დაიმსხვრა, ტაძრის ნაწილი ჩამოიქცა და ქურუმები და წარმართნი ქვეშ მოიყოლა, შემდეგ საშინელი გოდების ხმა გაისმა და კერპში ჩაბუდებულმა ბოროტმა სულმა დატოვა იქაურობა . ყველამ ცხადად დაინახა, თუ როგორ გაიელვა ჰაერში მისმა ბნელმა აჩრდილმა. გამხეცებულმა უსჯულოებმა სასტიკად გვემეს წმიდანი. თვალები დათხარეს, ის კი მოთმინებით იტანდა ტკივილებს და უფალს შესთხოვდა, სულიერი თვალები აეხილა მისი მტანჯველებისათვის. ყოვლადსახიერმა ღმერთმა შეისმინა მხევლის ვედრება და ჯალათებმა ცხადად დაინახეს, თუ როგორ შემოერტყნენ მას მცველებად ანგელოზები, თან ზეციდან მარტვილისადმი მიმართული უფლის სიტყვებიც გაიგონეს. სასწაულით უსჯულოებმა ჭეშმარიტი ღმერთი ირწმუნეს, ფეხებში ჩაუვარდნენ ტატიანას და პატიება სთხოვეს. რვავე ჯალათყოფილი ქრისტეს აღსარებისათვის სასტიკად აწამეს და სიკვდილით დასაჯეს. მოწამეებმა საკუთარი სისხლით ნათელიღეს. მეორე დღეს უღმერთოებმა წმიდა ტატიანას ტანჯვა განაგრძეს: გააშიშვლეს, სასტიკად გვემეს და სხეული სამართებლით დაუსერეს. მაშინ მოხდა კიდევ ერთი სასწაული: ქრისტეს ტარიგის ჭრილობებიდან რძემ გადმოხეთქა და ირგვლივ კეთილსურნელება დაიფრქვა. ჯალათებს ძალა გამოეცალათ და განაცხადეს, ვიღაც უხილავი რკინის ჯოხით გვცემსო. ცხრა მათგანი იქვე გარდაიცვალა. წმიდა ქალწული საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც მთელი ღამე ლოცვად იდგა და ანგელოზებთან ერთად ადიდებდა უფალს. დილით ტატიანა კვლავ სამსჯავროზე გაიყვანეს. მტარველები გაოგნდნენ, როცა იხილეს, რომ მას წამების კვალი არც ეტყობოდა, პირიქით, კიდევ უფრო გამშვენებული ჩანდა და პირისახე უწინდელზე მეტად უბრწყინავდა. ქალწულმოწამეს მოსთხოვეს დიანას კერპისთვის მსხვერპლი შეეწირა. როცა საკერპოში მიიყვანეს, წმიდანმა პირჯვარი გადაისახა და სასოებით ჰხადა უფალს. უეცრად მეხისტეხამ გააყრუა იქაურობა და კერპი, წინაგამზადებული ძღვენი და ქურუმები ზეციურმა ცეცხლმა დაანახშირა. ვერც ამ სასწაულმა ვერ მოიყვანა გონს უღმერთოები: მათ ტატიანა კვლავ საშინლად აწამეს და საკანში ჩააბრუნეს, სადაც ისევ უფლის ანგელოზები გამოეცხადნენ მას და დაუამეს წყლულები. მეორე დილით მოწამე ცირკში მიიყვანეს, დამშეული ლომი გამოუშვეს მის დასაგლეჯად, მაგრამ მხეცმა მას არაფერი ავნო და მორჩილად აულოკა ფეხები. ამის შემდეგ ტატიანა კოცონში ჩააგდეს და როცა ალმაც არ დაწვა, წარმართებმა იფიქრეს, საქმე ჯადოქართან გვაქვსო. ნეტარი დედისთვის „მაგიური ძალა” რომ გამოეცალათ, მას თმები მოაკვეცეს და ზევსის ტაძარში გამოკეტეს. მესამე დღეს წარმართთა ბრბოთი გარშემორტყმული ქურუმები მივიდნენ მსხვერპლშეწირვის აღსასრულებლად და კარები გააღეს, მაგრამ კერპი დამსხვრეული დაუხვდათ. სიხარულით გაცისკროვნებული ტატიანა ადიდებდა უფალს. ვერანაირმა სატანჯველმა ვერ მოდრიკა ქრისტეს მხნე აღმსარებელი, ამიტომ მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. წმიდა ქალწულმოწამესთან ერთად თავი მოკვეთეს მის კეთილმსახურ მამასაც.
წმიდა მოწამე მერტი მხედარი იყო. იგი ქრისტეს აღსარებისთვის ეწამა აფრიკაში იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს. წმიდანს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს, მაგრამ პასუხად მტკიცე უარი მიიღეს. ამისთვის საშინლად აწამეს ქრისტეს მარტვილი, შემდეგ კი დილეგში ჩააგდეს, სადაც შიმშილისა და ჭრილობებისაგან დაუძლურებულს აღმოხდა სული.
წმიდა მოწამე პეტრე აბესალომელი (ანეველი) პალესტინის სოფელ ანეაში ცხოვრობდა. ქრისტიანთა დევნის დროს იგი შეიპყრეს და მმართველს წარუდგინეს. მსაჯული და ხალხი წმიდანს ურჩევდა, შეეწყალებინა საკუთარი თავი და თაყვანი ეცა კერპებისთვის. ნეტარი მარტვილი კი პასუხობდა: „მე მაშინ შევიწყალებ თავს, თუ სახარებას არ უარვყოფ და ცრუ-ღმერთებს კერპს არ შევწირავ!” ქრისტეს აღსარებისათვის წმიდა პეტრე ცეცხლში დაწვეს.
ღირსი მარტინიან ბელოზერელი (ერისკაცობაში მიხეილი) 1370 წელს დაიბადა სოფელ ბერეზნიკებში. ცამეტი წლის იყო წმიდანი, როცა სახლიდან გაიპარა, მონასტერში მივიდა და ღირს კირილე ბელოზერელს (ხს. 9 ივნისს) დაემოწაფა. საღვთო შურით აღსავსე ყმაწვილი მარტინიანე ბაძავდა თავის მოძღვარს და ყველაფერში მას ემორჩილებოდა. მან მონასტერში ისწავლა წერა-კითხვა, შემდეგ კი, მოძღვრის კურთხევით, წიგნების გადაწერას მიჰყო ხელი. გავიდა დრო და წმიდანი ჯერ-ბერდიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდელ-მონაზვნად. ღირსი კირილეს (+1427) სიკვდილის შემდეგ ნეტარი მარტინიანე ვოჟის ტბაში მდებარე უკაცრიელ კუნძულზე განმარტოვდა, სადაც თანდათან შემოიკრიბნენ მისი ხელმძღვანელობით მოღვაწეობის მსურველი ბერები. წმიდა მამამ მათთვის უფლის ფერიცვალების ტაძარი ააგო და წეს-განგებაც შეუდგინა. გავიდა ხანი და ღირს მარტინიანეს თერაპონტეს მონასტრის ძმებმა წინამძღვრობა სთხოვეს. მისი იღუმენობის დროს სულიერი ცხოვრება ჰყვაოდა ამ სავანეში. მოგვიანებით, მარტინიანე სერგი რადონეჟელის სავანის წინამძღვარი გახდა.
1455 წელს ღირსი მამა კვლავ დაუბრუნდა თერაპონტეს მონასტერს, სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იგი ძლიერ ავადმყოფობდა, სიარულიც არ შეეძლო და მოწაფეებს დაჰყავდათ ტაძარში. წმიდანი გარდაიცვალა 85 წლის ასაკში. 1514 წელს მოხდა მისი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება.
ღირსი გალაქტიონ ბელოზერელი თერაპონტეს მონასტერში ცხოვრობდა და ღირსი მარტინიანეს მოწაფე და მორჩილი იყო. წმინდანი მამასავით უვლიდა მოხუც მოძღვარს და, როცა იგი ძალიან დაუძლურდა, საკუთარი მხრებით დაჰყავდა ტაძარში. ხედავდა რა მოწაფის სულიერ ზრდას, მარტინიანემ იგი სალოსობის მძიმე ღვაწლზე აკურთხა. ადამიანის თვალისათვის დაფარული მოღვაწეობით ნეტარმა მამამ სულიერ სრულყოფას მიაღწია და უფლისგან განჭვრეტის ნიჭი მიემადლა.
ღირსი გალაქტიონი გარდაიცვალა 1506 წელს და მოძღვრის, მარტინიანე ბელოზერელის ფეხებთან დაკრძალეს, თერაპონტეს მონასტერში.