5.02.2026. მეზვერისა და ფარისევლის შვიდეული. ხუთშაბათი

5.02.2026. მეზვერისა და ფარისევლის შვიდეული. ხუთშაბათი

     „… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ (ეფ. 6: 12).

     „ თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

       „… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3). 

        „ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს„ (ებრ. 13: 16).

        ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).

     გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

5.02.2026. მეზვერისა და ფარისევლის შვიდეული. ხუთშაბათი. მსგეფსი

მღვდელმოწამისა კლიმენტი (კლიმი) ანკვირელი ეპისკოპოსისა და მოწამისა აგათანგელოზისა (312); ღირსისა მავსიმე ასურისა (IV ); ღირსისა სალამან მდუმარისა (400); პავლინე მოწყალისა, ნოლალი ეპისკოპოსისა (431); წმიდათა მამათა, რომელნი შეიკრიბნენ VI მსოფლიო კრებაზე (680-681).

დღის ლოცვები

კლიმენტი (კლიმი) ანკვირელი ეპისკოპოსისა

ტროპარი: ვაზად სიწმიდისად და ხევნად წამებისა, და ყუავილად მღვდელობისა, ნაყოფად ღმრთისა შეწირულად ფრიად შუენიერად, მორწმუნეთა მოეცი, ყოვლადწმიდაო, არამედ, ვითარცა მოწამეთა თანა მოწამე და მღდელმთავართა თანა მოსაგრე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, მამაო წმიდაო კლიმენტი, შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: იქმენ პატიოსან რქა ვენახისა ქრისტესა, ყოვლადქებულო კლიმენტი, მრავალ მოღუაწედ რა გამოსჩნდი და თანა მოღუაწეთა შენთა თანა ღაღადებდ: შენ ხარ, ქრისტე, მოწამეთა ბრწყინვალე მხიარულებაი.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ხუთშაბათსა დილას

უფალო, ღმერთო ყოვლის-მპყრობელო, გულთ მეცნიერო და გულის-სიტყვათა მპყრობელო, რომელმან პყრობილჰყვენ ზღვანი და ხმელნი, ქალაქნი და მდინარენი ნათესავისათვის კაცთასა შენდა შევრდომითა! უფალო იესო ქრისტე ღმერთო ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, კრაო და მწყემსო ჭეშმარიტო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი შენ, სახიერო, დაამდოვრენ ღელვანი და აღტეხანი გულისა ამის ჩემისანი, და აღტყინებანი და აღძვრანი ხორცთა ჩემთანი, მოვლინებულნი უხილავთა მტერთა მიერ, და ვითარცა დააცხრვე და განაქარვე აღტეხაი იგი ზღვისა და დააყუდენ ქარნი მძაფრნი და იხსენ მოწაფენი შენნი დანთქმისაგან, ეგრეთვე შენ, მეუფეო, მოიხილე ჩემზედა მონასა ამას შენსა და მიხსენ აღტყინებისაგან მოუდრეკელთა მათ ხორცთა ჩემთასა! გარე უკუნ-აქციე გულისთქმაი ესე საშინელი, წარსაწყმედელი სულისა ხორცისა ჩემისა! გულს-მოდგინე მყავ მოხსენებად ჟამსა ამას ჯვარცმისა შენისა, გვერდისა შენისაგან გარდამოთხეულსა სისხლსა და წყალსა და კვალად დღე იგი საშინელი განკითხვისა და მიხსენ ვნებათა ამათგან მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ხუთშაბათსა დაწოლისასა

მომეც ჩვენ, მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო მეოხებითა წმიდათა შენთა მოციქულთათა ძილი მშვიდობისა და განსვენებისა სულისა და ხორცთასა! და მიცევ მე ყოვლისაგან საცთურისა ღამისა და ბნელისაგან ბოროტისა: დააცხვრენ აღძვრანი ვნებათანი, დაჰშრიტე მხურვალებაი ხორცთა და მომეც გულის-სიტყვაი და უბიწო მოქალაქობაი, ღამე ყოველ გალობით დიდებისმეტყველებაი, რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცული შენდა დიდებასა შევჰსწირვიდეთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები 

ლიტ.: 1 ინ. 1: 8-2: 6 (დას. 69). მკ. 13: 31-37; 14: 1-2 (დას. 62).
კლიმენტისი: ებრ. 13: 7-16 (დას. 334). ინ. 10: 9-16 (დას. 36).

ლიტ.: 1 ინ. 1: 8-2: 6 

8. თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში. 9. თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, სანდო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უსამართლობისაგან. 10. თუ ვიტყვით, რომ არ შეგვიცოდავს, ცრუდ ვსახავთ მას და მისი სიტყვა არ არის ჩვენში.

1. შვილნო ჩემნო, ამას გწერთ, რათა არ სცოდოთ, ხოლო თუ ვინმე შესცოდავს, ქომაგი გვყავს მამის წინაშე – იესო ქრისტე მართალი. 2. ის არის ჩვენი და არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი ქვეყნის ცოდვათა მიმტევებელი. 3. იმით გავიგებთ, რომ შევიცნეთ იგი, თუ დავიმარხავთ მის მცნებებს. 4. ვინც ამბობს, რომ შეიცნო იგი, მაგრამ არ იმარხავს მის მცნებებს, ცრუა და ჭეშმარიტება არ არის მასში. 5. ხოლო ვინც იმარხავს მის სიტყვას, მასში ჭეშმარიტად აღსრულებულა ღვთის სიყვარული; ამით შევიცნობთ, რომ მასში ვართ. 6. ვინც ამბობს, რომ მასში რჩება, ისე უნდა იაროს, როგორც იარებოდა იგი.

ლიტ.: მკ. 13: 31-37; 14: 1-2 

31. ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ. 32. მაგრამ იმ დღისა და იმ საათისა არავინ არაფერი იცის, არც ანგელოზებმა ცაში, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ. 33. ფრთხილად იყავით, იფხიზლეთ და ილოცეთ, რადგან არ იცით, როდის მოაწევს ჟამი. 34. მსგავსად კაცისა, შორს რომ გაემგზავრა, მიატოვა თავისი სახლი და მისცა თავის მონებს გამგებლობა, თვითეულს თავისი საქმე მიუჩინა და უბრძანა კარის მცველს, ფხიზლად სჭეროდა თვალი. 35. მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან  არ იცით, როდის მოვა სახლის პატრონი: საღამოს, შუაღამისას, მამლის ყივილისას თუ განთიადისას. 36. რათა ანაზდად არ მოგისწროთ მძინარეთ. 37. ხოლო რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები: იფხიზლეთ.

1. ორი დღის შემდეგ იყო პასექისა და უფუარობის დღესასწაული. და მღვდელმთავრები და მწიგნობრები ეძებდნენ ხერხს, როგორ შეეპყროთ მზაკვრთბით და მოეკლათ იგი. 2. მაგრამ ამბობდნენ: ოღონდ არა დღესასწაულზე, რათა ხალხი არ ამბოხდესო.

კლიმენტისი: ებრ. 13: 7-16 

7. გახსოვდეთ თქვენი წინამძღვარნი, რომელნიც გიქადაგებდნენ ღვთის სიტყვას, და მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურენი ჰბაძავდეთ მათ რწმენას. 8. იესო ქრისტე იგივეა გუშინ, დღეს და უკუნითი უკუნისამდე. 9. ნუ გაგიტაცებთ სხვადასხვა უცხო მოძღვრება, რადგანაც სასიკეთოა მადლით განიმტკიცოთ გული და არა საჭმლით, რომელსაც ვერას გამორჩნენ ჭამას გადაყოლილნი. 10. ჩვენ გვაქვს სამსხვერპლო, საიდანაც ჭამის უფლება არა აქვთ კარვის მსახურთ. 11. რადგანაც ცხოველთა ხორცი, რომელთა სისხლიც ცოდვის განსაწმედად შეაქვს მღვდელმთავარს საწმიდარში, ბანაკის გარეთ დაიწვის. 12. ამიტომ იესოც, თავისი სისხლით რომ განეწმიდა ხალხი, ბჭის გარეთ ევნო. 13. მაშ, გავიდეთ მასთან ბანაკის გარეთ და მისი შეურაცხყოფა ვიტვირთოთ. 14. რადგანაც არა გვაქვს აქ მკვიდრი ქალაქი, არამედ მომავლის ქალაქს ვეძებთ. 15. ამიტომ მისი მეშვეობით გამუდმებით ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ანუ ბაგეთა ნაყოფს, რომელნიც აღიარებენ მის სახელს. 16. ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს.

კლიმენტისი: ინ. 10: 9-16

9. მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს. 10. ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ხოლო მე მოვედი, რათა ჰქონდეთ სიცოცხლე და ჭარბადაც ჰქონდეთ. 11. მე ვარ მწყემსი კეთილი: კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის. 12. ხოლო მოქირავე, ვინც არ არის მწყემსი და ვისიც არ არიან ცხვრები, მომავალი მგლის დანახვისას მიატოვებს ცხვრებს და გარბის; მგელი კი წარიტაცებს და გაფანტავს ცხვრებს. 13. მოქირავე იმიტომ გარბის, რომ მოქირავეა და არ ედარდება ცხვრები. 14. მე ვარ მწყემსი კეთილი, და ვიცნობ ჩემს ცხვრებს, ჩემები კი მიცნობენ მე. 15. როგორც მე მიცნობს მამა, ასევე ვიცნობ მეც მამას, და დავდებ ჩემს სულს ცხვრებისთვის. 16. სხვა ცხვრებიც მყვანან, რომლებიც არ არიან ამ ფარეხისა; მათი მოყვანაც მმართებს, რათა ისმენდნენ ჩემს ხმას, და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი.

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
                                                                    (1 ინ. 3: 14) 

 

მღვდელმოწამე კლიმი გალატიის ქალაქ ანკვირში დაიბადა 258 წელს. მამამისი წარმართი იყო, დედა კი – ქრისტიანი. ადრე დაობლებული ბავშვის აღზრდა კეთილმსახურმა ქალმა სოფიამ იტვირთა. გალატეაში შიმშილობის მძვინვარების ჟამს, წარმართები დამშეულ შვილებს უპატრონოდ ყრიდნენ ქუჩებში. სოფია აგროვებდა უმწეოებს, აპურებდა და მოსავდა მათ. ღვთისმოყვარე გამზრდელს გვერდში ედგა კლიმენტიც – იგი ბავშვებს განსწავლიდა და ნათლისღების მისაღებად ამზადებდა. ბევრი შემდეგში ქრისტესთვის მოწამეობრივად აღესრულა.
კეთილმსახური ცხოვრებისათვის კლიმენტი ჯერ მედავითნედ აკურთხეს, შემდეგ დიაკვნად; თვრამეტი წლისას ხუცესად დაასხეს ხელი, ოცი წლის ასაკში კი ანკვირელ ეპისკოპოსად აირჩიეს. მალე დიოკლეტიანემ (258-305) ქრისტიანთა დევნა დაიწყო. სხვებთან ერთად შეიპყრეს და დაატუსაღეს წმიდა მღვდელმთავარიც. გალატიის მმართველი დომენტიანე ცდილობდა, წარმართული ღვთაებების თაყვანისცემისკენ გადაედრიკა მოციქულთა ტახტის მემკვიდრე, მაგრამ მან ახოვნად დაითმინა სასტიკი სატანჯველები და მტკიცედ დაიცვა თავისი აღმსარებლობა. კლიმენტის ხეზე ჰკიდებდნენ, ბასრი დანებით სხეულს უსერავდნენ ისე, რომ ძვლებიც კი უჩანდა, არგნებითა და ქვებით გვემდნენ, ბორბალზე აკრავდნენ, ატრიალებდნენ და ნელ ცეცხლზე წვავდნენ. უფალი თავის რჩეულს იცავდა და წყლულებს უამებდა. ბოლოს დომენტიანემ წმიდა მოწამე რომში გაგზავნა, დიოკლეტიანესთან. უსჯულო იმპერატორმა, როცა კლიმენტის უვნებელი სხეული იხილა, არ დაიჯერა, რომ ის ნაწამები იყო და კიდევ უფრო საშინელი სატანჯველი დაატეხა თავს, შემდეგ კი საპყრობილეში გამოაწყვდია.
მოწამის სიწმიდისა და მისი სასწაულებრივი კურნების მოწმე მრავალმა წარმართმა ირწმუნა ქრისტე. მის საკანში თავს იყრიდნენ სულიერი დამოძღვრის თუ ნათლისღების მსურველები, ხორციელ სნეულებათაგან შეჭირვებულები საპყრობილე ტაძრად იქცა. ავ ენათაგან დასმენილი კლიმენტის მრავალი მნახველი სიკვდილით იქნა დასჯილი. წმიდა მამის მოთმინებით გაოცებულმა დიოკლეტიანემ იგი ნიკომიდიაში თავის თანამმართველ მაქსიმიანესთან გაგზავნა. გზად ხომალდზე, მღვდელმთავრის მოწაფე აღათანგელოსი ამოვიდა – მასაც კლიმენტისთან ერთად სურდა სიკვდილი.
იმპერატორმა მაქსიმიანემ კლიმენტი და აღათანგელოსი მმართველ აგრიპინს გადასცა, რომელმაც ისეთ მხეცურ სატანჯველებს მისცა ისინი, რომ თვით წარმართებში იფეთქა თანაგრძნობამ მოწამეთა მიმართ და ქვებით ჩაქოლეს მათი მტარვალები.
განთავისუფლებული წმიდანები თავზე ხელის დადებით კურნავდნენ სნეულებს, ნათლავდნენ და მოძღვრავდნენ წარმართებს. ბოლოს მაქსიმიანეს ბრძანებით, კვლავ შეიპყრეს ისინი და სამშობლოში, ქალაქ ანკვირში გაგზავნეს, სადაც ანკვირელმა მთავარმა კურინიუსმა აწამა აღმსარებლები, შემდეგ კი სისასტიკით განთქმულ ნაცვალ დომენტისთან გააგზავნა.
ამასიაში წმიდა მოწამეები კირის ხსნარში ჩაყარეს, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ იქიდან უვნებელი ამოვიდნენ. მოწამეები შემდგომი წამებისათვის ტარსუსის გზას გაუყენეს. ღმერთმა კლიმენტის განუცხადა, რომ კიდევ 28 წელი მოუწევდა ქრისტესთვის ტანჯვა, მხნე აღმსარებლები კვლავ სასტიკად აწამეს, შემდეგ კი საპყრობილეში ჩაყარეს.
მაქსიმიანეს სიკვდილის შემდეგ აღათანგელოსს თავი მოჰკვეთეს. წმიდა კლიმენტი კი ანკვირელმა ქრისტიანებმა გაანთავისუფლეს და ტაძარში მიიყვანეს. აქ ლიტურღიის აღსრულების შემდეგ, წმიდანმა წინასწარმეტყველურად განაცხადა, რომ ქრისტიანთა დევნის დასასრული მოახლოებული იყო და თვითონაც მალე მიიღებდა მოწამის გვირგვინს.
მართლაც, მცირე ხნის შემდეგ, ტაძარში შეჭრილმა მეომრებმა წმიდა მღვდელმთავარს უსისხლო მსხვერპლშეწირვის დროს თავი მოკვეთეს (+დაახლ. 312).

 

ღირსი მაქსიმე ასური (IV) სირიაში ცხოვრობდა. მან ნებსით იტვირთა უპოვარება და მოყვასის მსახურებისათვის გადადო თავი. წმიდა მამის ქოხის კარები მუდამ ღია იყო მნახველთათვის. გაჭირვებულებს აქ ყოველთვის შეეძლოთ მიეღოთ საზრდელი პურითა და ზეთით სავსე ორი ჭურჭლიდან, რომლებიც, ღვთის ნებით, არასოდეს ცარიელდებოდა.
ღირსი სალამან მდუმარე არის პირველი წმიდანი, რომელმაც მდუმარების აღთქმა დაიმარხა. ის მდინარე ევფრატის სანაპიროზე მდებარე ერთ გამოქვაბულში დაეყუდა და მხოლოდ უფალს ესაუბრებოდა თავის წმიდა ლოცვებში, როცა კაპერსანის ეპისკოპოსმა წმიდანის მღვდლად კურთხევა გადაწყვიტა, მან პასუხად ერთი სიტყვაც კი არ მიუგო. ასეთ ღვაწლში იმყოფებოდა ღირსი სალამანი აღსასრულამდე (+დაახ. 400).
წმიდა პავლიანე მოწყალე, ნოლანის ეპისკოპოსი ქალაქ ბორდოში (საფრანგეთი) მცხოვრები მდიდარი და კეთილშობილი ოჯახის შვილი იყო. თავისი საოცარი განსწავლულობის წყალობით, 20 წლის ჭაბუკი რომის სენატორად იქნა არჩეული, შემდეგ – კონსულად, ბოლოს კი კამპანიის ოლქის (იტალია) გუბერნატორიც გახდა. 25 წლის იყო პავლიანე, როცა მეუღლესთან ერთად ქრისტიანობაზე მოექცა. ამის შემდეგ მან სრულიად შეიცვალა ცხოვრების წესი: სამკვიდრებელი გაყიდა და მიღებული საზღაური გლახაკებს დაურიგა, რითაც მეგობრებისა და მსახურების კიცხვა და სიძულვილი დაიმსახურა. უშვილო ცოლ-ქმარი უპოვარ ობლებს ივრდომებდა და ღვთისმოშიშებით ზრდიდა. შემდეგ კი, განმარტოებული ცხოვრების მაძიებელმა პავლიანემ ესპანეთის ქალაქ ბარსელონას მიაშურა. ასკეტური ცხოვრებით სახელგანთქმულ მოღვაწეს 393 წელს მღვდლად დაასხეს ხელი. მალე მან დატოვა ესპანეთი და იტალიის ქალაქ ნოლანისკენ გაემართა, სადაც ეპისკოპოსად იქნა არჩეული.
ერთხელ ვანდალები თავს დაესხნენ იტალიას და მისი მრავალი მცხოვრები აფრიკაში ტყვედ წაასხეს. პავლიანე მთელ საეკლესიო ქონებას მათ გამოსყიდვას ახმარდა. როცა წმიდანმა ერთი ქვრივი დედაკაცის შვილის გამოსასყიდად სახსრები ვერ მოიძია, მის მაგივრად თვითონ წავიდა ტყვეობაში და ვანდალი მთავრის მსახურება იტვირთა. მალე საიდუმლო გამჟღავნდა და წმიდა მღვდელმთავარი გაანთავისუფლეს. მისი შუამდგომლობით თავისუფლება მოიპოვეს სხვა პყრობილებმაც.
მოყვასის სიყვარულით აღსავსე ღირსი პავლიანე უშურველად ეხმარებოდა გაჭირვებულებს, აშენებდა ტაძრებს, წერდა ჰიმნოგრაფიულ ნაწარმოებებს. წმიდანი გარდაიცვალა 431 წლის 22 ივნისს, 78 წლის ასაკში. მისი წმიდა ნაწილები რომში, წმიდა მოციქულ ბართლომეს ტაძარში განისვენებს.