„… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ” (ეფ. 6: 12).
„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).
ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).
ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

11.02.2026. უძღების შვილის (ხორციელის) შვიდეული. ოთხშაბათი
მღვდელმოწამისა ეგნატე ღმერთშემოსილისა (აღმოყ. წმ. ნაწ. 107 წ.). მოწამისა მეფისა აშოტ დიდისა, კურაპალატისა (829); მოწამეთა სამოსატელთა: რომანოზისა, იაკობისა, ფილოთეოსისა, იპერიქისა, აბიბოსი, ივლიანესი და პარიგორისა (297); მოწამეთა: სილოვანე ეპისკოპოსისა, ლუკა დიაკონისა და მოკი წიგნისმკითხველისა (312); მოწამეთა ზარბილისი და დისა მისისა ვევეასი, ედესში წამებულთა (98-117).
დღის ლოცვები
აღმოყვანება ნაწილთა მღვდელმოწამისა ეგნატე ღმერთშემოსილისა
კონდაკი: დღეს აღმობრწყინდი აღმოსავალით და სწავლითა შენითა ყოველი სოფელი განანათლე, ხოლო წამებითა განშუენდი, ღმერთშემოსილო წმიდაო ეგნატე.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, სავედრებელი ყოვლადწმიდისა მიმართ, ოთხშაბათსა დილას
ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულისთქმათაგან, და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე, და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროის რიცხვისა ქვიშისა, შეყროლდეს და დალბეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა: შენ, დედაო ღვთისა ჩვენისაო, მარადის განგარისხე არაწმინდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე, დედუფალო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე მეცა შენგან ვაიმე, ვაიმე დაბნელებული, ნუ, დედუფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე მტერთა ჩემთა! აღადგინე გულის სიტყვა ჩემი სინანულად, და ხელპყრობილმყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღვრებითა ვჰსცხონდე. ჰე, დედაუფალო წმიდაო, დედაო კაცთ-მოყვარისა ღვთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლე იგი მეოხებითა შენითა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკვდიდ! მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთათა და განვჰსწმიდნე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა, და უფროს თოვლისა განვჰსპეტაკნე. ჰე, დედაო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი და ვედრებაი ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა სინანულით უცდომელად, და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, რაჟამს მეგულებოდეს სიტყვად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი, დედუფალო, მოწყალითა თვალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყვის მიმხდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა, და მექმენ მე ვაქილ და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი! მაშინ წარმადგინე მე ურცხვენელი და ცხოვნებული, საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა, დიდებად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და დაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა და სულისა მისისა ცხოველსმყოფელისა ერთისა და დასაბამ ნათელთასა, და თანაარსისა სამებისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ძილად დაწოლისა, ოთხშაბათსა
აღსვლასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი განსვენებისათვის ხორცთა ჩემთასა, რათა მძინარეცა შენვე გაქებდე, რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონება და გულის სიტყვანი ჩემნი! წმიდა ჰყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოსი შენი, მცველად აღდგომისა ჩემისა, რათა დავიმარხნე ხორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშვებ ჩემ ზედა სატანასა ბოროტსა და მარადის მოძულესა სიწმიდისა შენისასა, მოყვარესა სულსა ამაოებისასა, და რათა ჟამსა განღვიძებისა ჩემისასა განვიმარტნე ხელნი ჩემნი სახედ ჯვარისა შენისა უფალო, და შენ ჯვარცმულსა აღგიარნე ბრალნი ჩემნი და მე განძლიერებული ესრეთ გიღაღადებდე: უფალო, დაიცევ მეფეი და ქალაქი ჩემი, მეფე, რომელ არს სული ჩემი და ქალაქი გვამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად სამკვიდრეელად სიწმიდისა შენისა ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, დავჰსწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯვარითა შენითა, და დავიძინებ მინდობითა საფარველისა შენისათა. მამაო დამიცევ, ძეო დამიფარე, და სულო წმიდაო შემიწყალე მე! მრავალმოწყალეო ღმერთო უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე უღირსი მონაი შენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტე შენისათა და წმინდა მყავ მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა, რათა განფრთხობილი არმურისა ბოროტთა ოცნებათაგან მტერისათა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირს ვიქმნე წმიდითა გონებითა მოსლვად და მოღებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განჰსწმედ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
1 ინ. 3: 21 – 4: 6 (დას. 73). მკ. 14: 43-15: 1 (დას. 65) – ოთხშ.
1 ინ. 4: 20-5: 21 (დას. 74). მკ. 15: 1-15 (დას. 66) – ხუთშ.
1 ინ. 3: 21 – 4: 6
21. საყვარელნო, თუ ჩვენი გული არა გვგმობს, პირნათელნი ვართ ღვთის წინაშე. 22. ამიტომ, რასაც ვითხოვთ, მივიღებთ მისგან, ვინაიდან ვიმარხავთ მის მცნებებს და ისე ვიქცევით, როგორც მას მოსწონს. 23. მისი მცნება კი ისაა, რომ გვწამდეს მისი ძის იესო ქრისტეს სახელით და, როგორც გვამცნო, გვიყვარდეს ერთმანეთი. 24. თუ ვიმარხავთ მის მცნებებს, ის ჩვენში რჩება, ჩვენ კი – მასში; ხოლო იმას, რომ ჩვენში რჩება, მის მიერვე მოცემული სულით შევიცნობთ.
1. საყვარელნო, ყველა სულს ნუკი ენდობით, არამედ გამოსცადეთ, ღვთისაგან არიან თუ არა, რადგანაც მომრავლდნენ ცრუწინასწარმეტყველნი ქვეყნად. 2. ამით იცნობთ ღვთის სულს: ყოველი სული, რომელიც აღიარებს იესო ქრისტეს, ხორციელად მოსულს, ღვთისაგან არის. 3. ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესო ქრისტეს, ღვთისაგან კი არ არის, არამედ ესაა სული ანტიქრისტესი, ვისზედაც გსმენიათ, მოვაო, და მოვიდა კიდეც ქვეყნად. 4. თქვენ ღვთისაგან ხართ, შვილებო, და სძლიეთ მათ, რადგანაც ის, ვინც თქვენშია, მეტია იმაზე, ვინც არის ქვეყნად. 5. ისინი ქვეყნისანი არიან, ამიტომ ქვეყნისას იტყვიან და ქვეყანაც უსმენს მათ. 6. ჩვენ კი ღვთისაგან ვართ; ვინც იცნობს ღმერთს, ის გვისმენს, ხოლო ვინც ღვთისაგან არ არის, არ გვისმენს ჩვენ. ამით შევიცნობთ სულს ჭეშმარიტებისას და სულს ცთომისას.
მკ. 14: 43-15: 1
43. სიტყვა არ დაესრულებინა, რომ მოვიდა იუდა, ერთი თორმეტთაგანი, და მასთან ერთად დიდძალი ხალხი მახვილებითა და წათებით მღვდელმთავართა, მწიგნობართა და უხუცესთაგან. 44. ხოლო მის გამცემს ნიშანი მიეცა მათთვის და ეთქვა: ვისაც მე ვეამბორები, ის არის; შეიპყარით და ფრთხილად წაიყვანეთ. 45. მოსვლისთანავე მიეახლა და უთხრა: რაბი, რაბი! და ეამბორა მას. 46. ხოლო მათ ხელი სტაცეს და შეიპყრეს იგი. 47. ერთმა იქ მდგომთაგანმა ხმალი იშიშვლა, დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და ყური ჩამოათალა. 48. მიუგო იესომ და უთხრა მათ: როგორც ავაზაკს, მახვილებითა და წათებით მომიხტით შესაპყრობად. 49. დღენიადაგ თქვენთან ვიჯექი და გასწავლიდით ტაძარში, და არ შეგიპყრივართ. მაგრამ აღსრულდეს წერილი. 50. მაშინ ყველამ მიატოვა ის და გაიქცა. 51. ერთი ჭაბუკი, რომელსაც შიშველ ტანზე ტილო შემოეხვია, მისდევდა მას, და მეომრებმა შეიპყრეს იგი. 52. ხოლო მან ტილო შეატოვა ხელში და შიშველი გაექცა მათ. 53. მიიყვანეს იესო მღვდელმთავართან; და შეგროვდა მასთან ყველა მღვდელმთავარი, მწიგნობარი და უხუცესი. 54. ხოლო პეტრე შორით მისდევდა, ვიდრე არ შევიდა მღვდელმთავრის ეზოში; მსახურებთან ერთად მიუჯდა ცეცხლს და თბებოდა. 55. მღვდელმთავარნი და მთელი სინედრიონი მოწმეებს ეძებდნენ იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი, მაგრამ ვერ პოულობდნენ. 56. რადგან ბევრი იყო ცრუმოწმე, მაგრამ მათი მოწმობანი არ ემთხვეოდნენ ერთმანეთს. 57. ზოგიერთი ადგა, ცრუმოწმობდა მის წინააღმდეგ და ამბობდა: 58. ჩვენ გვსმენია მაგის ნათქვამი: დავანგრევ ამ ხელთქმნილ ტაძარს და სამ დღეში ახალს ავაგებ, ხელთუქმნელსო. 59. მაგრამ არც ეს მათი მოწმობანი ემთხვეოდა ერთმანეთს. 60. მაშინ შუაში ჩადგა მღვდელმთავარი და ჰკითხა იესოს: რატომ არაფერს იტყვი პასუხად, ესენი რომ მოწმობენ შენს წინააღმდეგ? 61. ხოლო ის დუმდა და არაფერი მიუგო მათ. მაშინ კვლავ ჰკითხა მღვდელმთავარმა: შენ ხარ ქრისტე, ძე კურთხეულისა? 62. იესომ მიუგო: მე ვარ. იხილავთ ძეს კაცისას, მჯდომარეს ძალის მარჯვნივ და მომავალს ზეცის ღრუბლებით. 63. მაშინ მღვდელმთავარმა შემოიხია სამოსი და თქვა: რაღად გვინდა მოწმენი? 64. ხომ მოისმინეთ ღვთის გმობა? რას იტყვით? მაშინ ყველამ სიკვდილის ღირსად სცნო იგი. 65. ზოგიერთებმა დაუწყეს ფურთხება, სახეს უფარავდნენ, ურტყამდნენ და ეუბნებოდნენ: გვიწინასწარმეტყველე. მსახურები კი ყვრიმალში სცემდნენ მას. 66. ხოლო, როცა პეტრე ქვემოთ, ეზოში იყო, მოვიდა მღვდელმთავრის ერთი მხევალი 67. და, ცეცხლს მიფიცხებული პეტრე რომ დაინახა, დააკვირდა და უთხრა მას: შენც ხომ იესო ნაზარეველთან იყავი? 68. მაგრამ მან უარყო და თქვა: არ ვიცი, არ მესმის, რას ამბობ; ეზოდან გავიდა, და იყივლა კიდეც მამალმა. 69. მხევალმა კვლავ შეასწრო თვალი და იქვე მდგომთ უთხრა: ესეც ერთი მათგანიაო. 70. მან კვლავ უარყო. ცოტა ხნის შემდეგ იქვე მდგომებმაც უთხრეს პეტრეს: მართლაც ერთი მათგანი ხარ, რადგან კილოზე გეტყობა, რომ გალილეველი უნდა იყო. 71. ხოლო ის მოჰყვა წყევლას და ფიცს: არ ვიცნობ იმ კაცს, ვისზედაც მელაპარაკებითო; და მეორედ იყივლა მამალმა. 72. გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი: მამლის მეორე ყივილამდე სამჯერ უარმყოფო, და ტირილი დაიწყო.
1. ინათა თუ არა, ბჭობა გამართეს მღვდელმთავრებმა უხუცესებთან, მწიგნობრებსა და მთელ სინედრიონთან ერთად. შეკრეს იესო, წაიყვანეს და მისცეს პილატეს.
1 ინ. 4: 20-5: 21
20. თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარსო, თავისი ძმა კი სძულს ცრუა, ვინაიდან თუ თავისი ძმა არ უყვარს, რომელსაც ხედავს როგორღა შეიყვარებს ღმერთს რომელსაც ვერ ხედავს? 21. და ასეთი მცნება გვაქვს მისგან: ვისაც ღმერთი უყვარს თავისი ძმაც უნდა უყვარდეს.
1. ყველა, ვისაც სწამს, რომ იესო არის ქრისტე, ღვთისაგანაა შობილი, და ყველას, ვისაც უყვარს მშობელი, მის მიერ შობილიც უყვარს. 2. იმით შევიცნობთ, რომ გვიყვარს ღვთის შვილნი, თუ გვიყვარს ღმერთი და ვიმარხავთ მის მცნებებს. 3. ვინაიდან ღვთის სიყვარული ისაა, რომ ვიმარხავდეთ მის მცნებებს; მისი მცნებები კი მძიმე როდია. 4. რადგანაც ყველა, ვინც ღვთისაგან არის შობილი, სძლევს ამ ქვეყანას; და ეს არის ძლევა, ქვეყნის მძლეველი: ჩვენი რწმენა. 5. ვინ არის ქვეყნის მძლეველი, თუ არა ის, ვისაც სწამს, რომ იესო არის ძე ღვთისა? 6. ეს არის იესო ქრისტე, რომელიც მოვიდა წყლითა და სისხლით; არა მარტო წყლით, არამედ წყლითა და სისხლით; და ამას მოწმობს სული, რადგანაც სულია ჭეშმარიტება. 7. ვინაიდან სამნი მოწმობენ ზეცად: მამა, სიტყვა და სული წმიდა, ხოლო ეს სამი ერთია. 8. და სამნი მოწმობენ ქვეყნად: სული, წყალი და სისხლი, ხოლო ეს სამი ერთია. 9. თუ კაცთა მოწმობას ვიღებთ, ღვთის მოწმობა უმეტესია, რადგანაც ეს არის საღმრთო მოწმობა, რომლითაც ღმერთმა გვიმოწმა თავისი ძე. 10. ვისაც სწამს ძე ღვთისა, თავის თავშივე აქვს მოწმობა; ვისაც არა სწამს ღმერთი, ცრუდ სახავს მას, ვინაიდან არა სწამს მოწმობა, რომლითაც ღმერთმა გვიმოწმა თავისი ძე. 11. მოწმობა კი ის არის, რომ ღმერთმა მოგვცა საუკუნო სიცოცხლე, და ეს სიცოცხლე მის ძეშია. 12. ვისაც ჰყავს ძე, სიცოცხლე აქვს; ვისაც არა ჰყავს ძე ღვთისა, არც სიცოცხლე აქვს. 13. ეს მოგწერეთ, ღვთის ძის სახელის მორწმუნენო, რათა იცოდეთ, რომ გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. 14. და ისეთი კადნიერნი ვართ მის მიმართ, რომ, თუ ისე ვთხოვთ რამეს, როგორც მას ნებავს, კიდევაც გვისმენს. 15. და რაკი ვიცით, რომ რაც უნდა ვთხოვოთ, შეისმენს ჩვენსას, ისიც ვიცით, რომ გვექნება ყველაფერი, რაც ვთხოვეთ. 16. თუ ვინმე ხედავს, რომ მისი ძმა სცოდავს, მაგრამ ეს არ არის ცოდვა, რომელსაც სიკვდილი მოსდევს, ილოცოს და ღმერთი მისცემს სიცოცხლეს არამომაკვდინებელი ცოდვით შემცოდეს; არის მომაკვდინებელი ცოდვაც; მასზე როდი ვამბობ, ილოცოს-მეთქი. 17. ყოველგვარი უსამართლობა ცოდვაა, მაგრამ ყოველი ცოდვა როდია მომაკვდინებელი. 18. ვიცით, რომ ღვთის მიერ შობილთაგან არავინ სცოდავს, რადგანაც ღვთის მხოლოდშობილი ძე იცავს და ბოროტი ვერ ეხება მას. 19. ვიცით, რომ ღვთისაგან ვართ, და მთელი ქვეყანა ბოროტებაშია დანთქმული. 20. ისიც ვიცით, რომ მოვიდა ძე ღვთისა და მოგვცა გონება, რათა შევიცნოთ ჭეშმარიტება და ვიყოთ ჭეშმარიტში, რომელიც არის ძე ღვთისა იესო ქრისტე: ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე. 21. შვილებო, დაიცავით თავი კერპთაგან. ამინ.
მკ. 15: 1-15
1. ინათა თუ არა, ბჭობა გამართეს მღვდელმთავრებმა უხუცესებთან, მწიგნობრებსა და მთელ სინედრიონთან ერთად. შეკრეს იესო, წაიყვანეს და მისცეს პილატეს. 2. პილატემ ჰკითხა მას: შენა ხარ იუდეველთა მეფე? ხოლო იესომ მიუგო და უთხრა: შენ ამბობ. 3. მღვდელმთავრები ბევრ რასმე სდებდნენ ბრალად. 4. ხოლო პილატემ კვლავ ჰკითხა მას: რატომ არაფერს იტყვი პასუხად? ხედავ, რამდენ რასმე გწამებენ? 5. მაგრამ იესომ ამჯერადაც არა მიუგო რა, ასე რომ, უკვირდა პილატეს. 6. ხოლო ყოველ დღესასწაულზე ათავისუფლებდა იგი ერთ პატიმარს, რომელსაც სთხოვდა ხალხი. 7. და იყო მაშინ ვინმე ბარაბა, ბორკილდადებული მეამბოხეებთან ერთად, რომლებსაც მკვლელობა ჩაედინათ ამბოხებისას. 8. მოვიდა ხალხი და დაუწყო იმისი თხოვნა, რასაც პილატე ყოველთვის უსრულებდა მათ. 9. ხოლო პილატემ მიუგო და უთხრა მათ: თუ გნებავთ გაგითავისუფლებთ იუდეველთა მეფეს. 10. რადგან იცოდა, რომ მღვდელმთავრებმა შურით გასცეს იგი. 11. მაგრამ მღვდელმთავრებმა წააქეზეს ხალხი, რათა უმალ ბარაბა გაეთავისუფლებინა მათთვის. 12. ხოლო პილატემ მიუგო და კვლავ უთხრა მათ: კი მაგრამ, რა გსურთ, რა ვუყო იმას, ვისაც იუდეველთა მეფეს უწოდებთ? 13. ისინი კვლავ აყვირდნენ: ჯვარს აცვი იგი! 14. პილატემ თქვა: რა დააშავა? მაგრამ ისინი უფრო ხმამაღლა აყვირდნენ: ჯვარს აცვი იგი! 15. მაშინ პილატემ, ხალხის მოსამადლიერებლად, გაათავისუფლა ბარაბა, ხოლო იესო გაამათრახებინა და ჯვარზე საცმელად მისცა მათ.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
აღმოყვანება ნაწილთა მღვდელმოწამისა ეგნატე ღვთივშემოსილისა (+107)
წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილის ნაწილთა აღმოყვანება. მას შემდეგ, რაც მღვდელმთავარი ეგნატე იმპერატორ ტრაიანეს (98-117) ბრძანებით მხეცებს დააგლეჯინეს, 107 წელს ქრისტიანებმა შეკრიბეს მისი ძვლები და რომში დაკრძალეს. 108 წელს წმიდანის უხრწნელი ნაწილები ანტიოქიის გარეუბანში გადაასვენეს. მათი მეორე გადასვენება თვით ქალაქ ანტიოქიაში მოხდა 438 წელს. როცა ეს ქალაქი სპარსელებმა დაიპყრეს, 540 წელს (სხვა ცნობით, 638 წელს), მღვდელმთავრის ნეშტი რომში დააბრუნეს და წმიდა პაპ კლიმენტის სახელობის ტაძარში დაასვენეს.მოწამენი: რომანოზი, იაკობი, ფილოთეოზი, იპერიხი, აბიბო, იულიანე, პალიგორი (+297)
წმიდა მოწამენი: რომანოზი, იაკობი, ფილოთეოზი, იპერიხი, აბიბოსი, იულიანე და პარიგორი ქალაქ სამოსატში (სირია) ეწამნენ 297 წელს, დიოკლეტიანეს დროინდელი დევნულობისას. მათ უშიშრად ამხილეს კერპთმსახურთა უგნურება, რისთვისაც საშინელი წამების დათმენა მოუხდათ. ბოლოს ჯვარს აცვეს და თავებით ძელზე მიალურსმნეს.მოწამე სილუანე ეპისკოპოსი, ლუკა დიაკონი და მოკი მკითხველი (+312)
წმიდა მოწამე სილუანე ეპისკოპოსი, ლუკა დიაკონი და მოკი მკითხველი ფინიკიაში ეწამნენ 312 წელს. ისინი ჯერ სასტიკად დატანჯეს, შემდეგ საპყრობილეში ჩაყარეს და მხეცები მიუსიეს დასაგლეჯად. ნადირებმა პირი არ დააკარეს მარტვილებს. უფალმა ყურად-იღო თავის რჩეულთა ლოცვა და მშვიდობით შეივედრა მათი სულები. ქრისტიანებმა პატივით დაკრძალეს მოწამეთა ცხედრები.ღირსი აფრაატი (+370)
ღირსი აფრაატი წარმოშობით სპარსი იყო. მას შემდეგ, რაც ირწმუნა ქრისტე, იგი განეშორა უსჯულო თანამემამულეებს და ჯერ ედესას მიაშურა, შემდეგ კი ანტიოქიას. აქ იგი თავისი წმიდა ცხოვრებით მრავალ ადამიანს იზიდავდა და ღვთის სიტყვას უქადაგებდა. წმიდანი 370 წელს მიიცვალა.წმიდა მოწამე აშოტ კურაპალატი, არტანუჯის ტაძარში წამებული (+829)
წმიდა აშოტ დიდი კურაპალატი, ქართლის ერისთავ ადარნასეს შვილი იყო. აშოტი 786 წელს გახდა ქართლის ერისმთავარი. ამ დროს საქართველო ოთხ ნაწილად იყო დაყოფილი: ქართლი, ანუ თბილისი მისი შემოგარენით და შუა ნაწილი საქართველოსი არაბთა ამირას ემორჩილებოდა, აღმოსავლეთი, კახთა მთავარს, გრიგოლს ეპყრა, დასავლეთ საქართველოს აფხაზთა მეფე განაგებდა, სამხრეთ საქართველო კი, ღვთის ნებით, იქცა სამკვიდრებელად აშოტ კურაპალატისა და მისი შთამომავლობისა.ერისმთავრად დადგინების დღიდანვე დაიწყო აშოტმა ბრძოლა საქართველოს გაერთიანებისათვის, ისარგებლა არაბთა დაუძლურებით და თბილისიდან განდევნა აგარიანნი. „თბილისს არავინ დარჩა სარკინოზთაგანი, თჳნიერ ალი შუაბის ძისა“, ქართლის შემომტკიცების შემდეგ ბარდავიც ქართლს შეუერთა აშოტმა და სამი წლის მანძილზე მის „სახლად იყო ტფილისი და ბარდავი“. ამასობაში არაბთა ხალიფას ტახტზე ახალი მბრძანებელი ავიდა, „განძლიერდა ხელმწიფება აგარიანთა და იწყეს ძიება აშოტისა და ვერ უძლო წინააღმდგომად მათდა აშოტ და ივლტოდა მათგან“. თბილისი კვლავ არაბებმა ჩაიგდეს ხელში. აშოტი იძულებული გახდა, ქართლს განრიდებოდა და საბერძნეთში წასულიყო ცოლ-შვილთან და მცირერიცხოვან სპასთან ერთად. ჯავახეთს მიწევნული ლტოლვილები ფარავნის ტბასთან შეჩერდნენ დასასვენებლად. მძინარეებს სარკინოზთა ლაშქარი დაესხათ თავს. მცირერიცხოვანი სპა სასიკვდილოდ იყო განწირული, მაგრამ „შეეწია ღმერთი აშოტ კურაპალატსა და კნინსა ლაშქარსა მისსა, მოსცა ძლევა მას ზედა და მოსრნეს სიმრავლენი ურიცხუნი“. ერისმთავარმა ამ გამარჯვებაში ღვთის ნიშანი განსჭვრიტა, საბერძნეთში წასვლა გადაიფიქრა და შავშეთ-კლარჯეთში დარჩენა გადაწყვიტა. ამ დროს სამხრეთ საქართველო საცოდავ მდგომარეობაში იმყოფებოდა. უსჯულოთაგან დარბეული ხალხის გაჭირვებას ქოლერის ეპიდემიაც დაემატა და „მცირედღა დაშთეს კაცნი ადგილ-ადგილ“.
სასომიხდილმა და უბედურებისაგან ქანცგაწყვეტილმა მოსახლეობამ სიხარულით მიიღო აშოტ კურაპალატი. იგი შეუდგა დანგრეული ქვეყნის აღდგინებას, „რომელნიმე სოფელნი მის ქვეყანაჲსანი მოიყიდნა საფასოთი, ზოგნი ოჴერნი აღაშენნა და განამრავლა სოფლები აშოტ კურაპალატმან ქვეყანათა მათ შინა“. აშოტ კურაპალატმა აღადგინა წმიდა კეთილმსახური მეფის, ვახტანგ გორგასლის (ხს. 30 ნოემბერს) მიერ აშენებული არტანუჯის ციხე, რომელიც მურვან-ყრუს მიერ იყო აოხრებული, მის მახლობლად ქალაქი გააშენა და კლარჯეთელ ბაგრატიონთა საბრძანებლად გამოაცხადა იგი, ააგო წმიდა პეტრე და პავლე მოციქულების სახელობის ეკლესია. „მრავალგზის მოსცა ღმერთმან აშოტ კურაპალატსა ძლევა და დიდი დიდება ბრძოლასა შინა“.
კლარჯეთი ახალ სიცოცხლეს იძენდა. სრულიად საქართველოს პოლიტიკურ ცენტრად ქცეული მხარე სულიერადაც მტკიცდებოდა და ძლიერდებოდა. ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელის (ხს. 5 ოქტომბერს) და მისი თანამოსაგრეების ძალისხმევით უდაბნო დაბა-სოფლებად იქცა, აშენდა ეკლესია-მონასტრები, ჩამოყალიბდა ლიტერატურული სკოლები, ერის საუკეთესო შვილები მიდიოდნენ კლარჯეთში და ღმერთშემოსილი მამების გვერდით საქართველოს კეთილ მომავალს ჭედდნენ.
საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლი წმიდა აშოტ დიდი ღვთის მოშიში და მოყვარული იყო. მან დიდი სიხარულით და პატივით ისტუმრა თავის სასახლეში წმიდა მამა გრიგოლი, „ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი“. ღირსმა მამამ აკურთხა ხელმწიფე: „არა მოაკლდეს მთავრობაჲ შვილთა შენთა და ნათესავთა მათთაჲ ქუეყანათა ამათ უკუნისამდე ჟამთა, არამედ იყვნენ იგინი მტკიცედ უფროჲს კლდეთა მყართა და მთათა საუკუნეთა და დიდებულ იყვნენ უკუნისამდე“.
წმიდა აშოტ კურაპალატი ღირსი გრიგოლის კეთილ საქმეს მატერიალურადაც შეეწია. „შესწირა ადგილნი კეთილნი და შატბერდისა ადგილი აგარაკად ხანძთისა“. მეფის შვილებმაც – ადარნასემ, ბაგრატმა და გუარამმაც, დიდძალი საფასე გაიღეს კლარჯეთის უდაბნოთა ასაღორძინებლად.
ბრძოლებში შეუდრეკელი აშოტი უსიტყვოდ ემორჩილებოდა ეკლესიის მსახურებს. ზნეკეთილ მეფეს, „გარდარეული სიყუარულით“ შეუყვარდა ერთი ქალი, დაივიწყა ღირსებაც, პატივიც, მოვალეობაც ღვთისა და ერის წინაშე და დედოფლისთვის აღდგენილ არტანუჯის სასახლეში მიიყვანა იგი. ღირსმა გრიგოლმა შეიტყო „საქმეჲ იგი სულისა განმხრწნელი“, „შეწუხდა ფრიად“, ეახლა მეფეს და ამხილა მისი უღირსი საქციელი. შეცბუნებულმა აშოტმა აღუთქვა განტევება ქალისა, მაგრამ სიტყვა ვერ შეასრულა, „რამეთუ დაემონა გულის-თქუმასა“. ღირსმა გრიგოლმა აშოტ კურაპალატის დაუკითხავად დედაკაცი სასახლიდან წაიყვანა და მერეს დედათა მონასტერში წინამძღვარ თებრონიას (ხს. 5 ოქტომბერს) მიჰგვარა. მეფემ დედა თებრონიას ქალის გაშვება სთხოვა: მონაგები ჩვენი მის ხელთ არისო. დედა თებრონიამ მკაცრად შეახსენა მეფეს, „მიზეზებად მიზეზთა კაცთა თანა, რომელნი იქმან უსჯულოებასა“. ხორციელად ძლიერმა ხელმწიფემ თავი დადრიკა „სულით ძლიერი“ დედის წინაშე და ოხვრით წამოსცდა: „ნეტარ მას კაცსა, ვინ არღარა ცოცხალ არს“. ღვთისმოშიშმა მეფემ, რომელსაც „მამხილებელად აქუნდა თჳსი გონებაჲ“ ძლია მის პირად გრძნობებს და მიუხედავად უდიდესი შინაგანი ბრძოლისა „სიხარულით წარვიდა, რამეთუ გულითა წმიდითა აქუნდა ნეტართა მათ პატივი, ვითარცა სულისა მისისა საუკუნოდ გჳრგჳნოსან-მყოფელთაჲ“.
ღვთისა და ქვეყნის მოყვარული მეფე მთელი ქართლის დაბრუნებისათვის ემზადებოდა, მაგრამ „მოვიდა ხალილ იაზიდის ძე არაბი და დაიპყრა სომხითი, ქართლი და ჰერეთი“.
წმიდა აშოტი საბრძოლველად მოემზადა, მალემსრბოლი გაგზავნა ლაშქრის შესაკრებად, მაგრამ, სანამ ჯარი შეიკრიბებოდა, „დაესხნენ სარკინოზნი უცნაურად და აოტეს იგი“. ხელმწიფემ ნიგალის ხევს მიჰმართა და „იწყო ძებნად ერისა, რათამცა ვითა განიმრავლა ლაშქარი თჳსი“. საუბედუროდ, წვეულთა შორის მოღალატენიც აღმოჩნდნენ. მეფე ძალიან გვიან მიხვდა ღალატს. მან თავი ტაძარს შეაფარა, მაგრამ იუდას ცოდვით დამძიმებულებმა იქაც შეაღწიეს და მოკლეს მეფე „მახჳლითა საკურთხეველსა ზედა“. „დაკლეს იგი, ვითარცა ცხოვარი აღსავალსა საკურთხევლისასა და სისხლი იგი მისი დათხეული დღესაცა საჩინოდ სახილველ არს“, – წერს სუმბატ დავითის ძე თავის წიგნში „ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა“.
ასე მოწამეობრივად აღესრულა პირველი ბაგრატოვანი ხელმწიფე, „კეთილად მორწმუნე, რომლისა გამო დაემტკივა ქართველთა ზედა მთავრობაჲ მისი და შვილთა მისთაჲ“.
ქართველებმა მტერს არ შეარჩინეს საყვარელი ხელმწიფის სიკვდილი. დოლისყანას მყოფებმა გაიგეს, რომ „მოიკლა მათი უფალი აშოტი“, დაედევნენ მკვლელებს, ჭოროხის მიდამოებში დაეწივნენ გაქცეულებს და ისე ამოწყვიტეს, რომ ამბის წამღებიც არ დარჩენილა.
წმიდა მოწამის, აშოტ დიდის ნეშტი დაკრძალეს მის მიერ აშენებულ, წმიდა მოციქულთა, პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიაში.