19.02.2026. ყველიერის შვიდეული. ხუთშაბათი

19.02.2026. ყველიერის შვიდეული. ხუთშაბათი

           „… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ (ეფ. 6: 12).

           „ თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

          … მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3). 

         ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).

         ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).        

 გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

19.02.2026. ყველიერის შვიდეული. ხუთშაბათი

მიგებების დღესასწაულის წარგზავნა.

ღირსისა შიო მღვიმელისა (VI) გარდამავალია და აღესრულება ყველიერის ხუთშაბათს; ღირსისა არსენ იყალთოელისა (ვაჩეს ძისა 1127); ღირსისა ვუკოლე სმირნელ ეპისკოპოსისა (100); ღირსთა ბარსანოფი დიდისა და იოანე წინასწარმეტყველისა (VI); ფოტი კონსტანტინეპოლელ პატრიარქისა (891); მოწამეთა: დოროთეასი, ქრისტინესი, კალისტასი და თეოფილესი (288-300); მოწამისა იულიანე ემესელისა (312); მოწამეთა: ფავსტასი, ევილასესი და მაქსიმესი (305-311); მოწამეთა: მართასი, მარიამისა და ძმისა მათისა ღირსმოწამისა ლიკარიონ ყრმისა.

დღის ლოცვები

ღირსი შიო მღვიმელისა

ტროპარი: სიყრმითგან ფრთოვან ქმნილმან, სათნოებითა წარმართე ყოველი ცხოვრება შენი, ღმერთ შემოსილო, და სასწაულთა, ღმრთისა მიერ მოცემულთა, ივღწიდ ქართველთა ერსა, ვინაცა მხედველნი შენ შორის მადლთა სულიერთა, ვადიდებთ შემოქმედსა, ღირსო შიო, და აწ ძვალნი შენნი შიშველნი, მღვიმით ქვეშე ქვეყანით, ფრთე მაღლობით აღმოიწევის სიმაღლედ, მეოხად მორწმუნეთა და კურნებად სულთა ჩვენთა.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ხუთშაბათსა დილას

უფალო, ღმერთო ყოვლის-მპყრობელო, გულთ მეცნიერო და გულის-სიტყვათა მპყრობელო, რომელმან პყრობილჰყვენ ზღვანი და ხმელნი, ქალაქნი და მდინარენი ნათესავისათვის კაცთასა შენდა შევრდომითა! უფალო იესო ქრისტე ღმერთო ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, კრაო და მწყემსო ჭეშმარიტო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი შენ, სახიერო, დაამდოვრენ ღელვანი და აღტეხანი გულისა ამის ჩემისანი, და აღტყინებანი და აღძვრანი ხორცთა ჩემთანი, მოვლინებულნი უხილავთა მტერთა მიერ, და ვითარცა დააცხრვე და განაქარვე აღტეხაი იგი ზღვისა და დააყუდენ ქარნი მძაფრნი და იხსენ მოწაფენი შენნი დანთქმისაგან, ეგრეთვე შენ, მეუფეო, მოიხილე ჩემზედა მონასა ამას შენსა და მიხსენ აღტყინებისაგან მოუდრეკელთა მათ ხორცთა ჩემთასა! გარე უკუნ-აქციე გულისთქმაი ესე საშინელი, წარსაწყმედელი სულისა ხორცისა ჩემისა! გულს-მოდგინე მყავ მოხსენებად ჟამსა ამას ჯვარცმისა შენისა, გვერდისა შენისაგან გარდამოთხეულსა სისხლსა და წყალსა და კვალად დღე იგი საშინელი განკითხვისა და მიხსენ ვნებათა ამათგან მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ხუთშაბათსა დაწოლისასა

მომეც ჩვენ, მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო მეოხებითა წმიდათა შენთა მოციქულთათა ძილი მშვიდობისა და განსვენებისა სულისა და ხორცთასა! და მიცევ მე ყოვლისაგან საცთურისა ღამისა და ბნელისაგან ბოროტისა: დააცხვრენ აღძვრანი ვნებათანი, დაჰშრიტე მხურვალებაი ხორცთა და მომეც გულის-სიტყვაი და უბიწო მოქალაქობაი, ღამე ყოველ გალობით დიდებისმეტყველებაი, რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცული შენდა დიდებასა შევჰსწირვიდეთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

 

დღის საკითხავები

 

მწუხრ.: შიოსი: 1) სიბრძ. 3: 1-9. 2) სიბრძ. 5: 15-24; 6: 1-3. 3) სიბრძ. 4: 7-15.
ცისკ.:
 მთ. 11: 27-30 (დას. 43).

ლიტ.: რიგ.: იუდ. 1: 11-25 (დას. 78). ლკ. 23: 1-34, 44-56 (დას. 110).
ღირ.: გალ. 5: 22 – 6: 2 (დას. 213). ლკ. 6: 17-23 (დას. 24).

მწუხრ.: შიოსი: 1) სიბრძ. 3: 1-9. 2) სიბრძ. 5: 15-24; 6: 1-3. 3) სიბრძ. 4: 7-15

1).

1. მართალთა სულები ღვთის ხელში არიან და ტანჯვა-წამება მათ ვერ შეეხება. 2. უგუნურთა თვალში კი მკვდრებად ჩანან და მათი აღსასრული საუბედუროდ მიუჩნევიათ. 3. ჩვენგან წასვლა კი – განადგურებად, მაგრამ ისინი მშვიდობით სუფევენ. 4. თუმც კაცთა თვალში დასჯილნი არიან, მათი სასოება უკვდავებითაა აღსავსე. 5. მცირედ დასჯილებს სიკეთით უხვად მიეზღვებათ, რადგან ისინი ღმერთმა გამოსცადა და თავისი თავის ღირსად შერაცხა. 6. ქურაში ოქროსავით გამოსცადა ისინი და დასაწველ მსხვერპლად შეიწყნარა. 7. გაბრწყინდებიან ისინი სამაგიეროს მიგების ჟამს, როგორც წალამიდან ავარდნილი ნაპერწკლები. 8. განსჯიან ტომებს და ხალხებს დაიპყრობენ, მათზე კი სამარადისოდ იმეფებს უფალი. 9. უფლის მოსავნი სიმართლეს შეიცნობენ და მორწმუნენი მის სიყვარულში იქნებიან, რადგან მისი მადლი და წყალობა მის რჩეულებზეა.

2).

15. მართალნი კი საუკუნოდ იცოცხლებენ; მათი საზღაური უფალთანაა და უზენაესი ზრუნავს მათზე. 16. ამიტომაც მიიღებენ დიდებულ სამეფოს და სიკეთის შარავანდს უფლის ხელიდან, რომელიც მარჯვენით იფარავს მათ და თავის მკლავით შეეწევა. 17. აიღებს სრულ საჭურველს – თავის მრისხანებას და აღჭურავს თავის ქმნილებას, რათა მტრებზე შური იძიოს. 18. შეიმოსება აბჯრით – სამართლიანობით და დაიდგამს მუზარადს – მოუსყიდველ სამართალს; 19. დაწვდება უძლეველ ფარს – სიწმინდეს, 20. მკაცრ რისხვას გალესავს მახვილივით და მასთან ერთად სამყაროც გაილაშქრებს შეშლილებზე. 21. ღრუბლებიდან, როგორც მოზიდული მშვილდიდან, გამოიტყორცნებიან მარჯვედ ნასროლი ელვის ისრები და სამიზნისკენ გაფრინდებიან. 22. ლოდსატყორცნელის მსგავსად რისხვით წამოუშენს სეტყვა, ზღვის წყალიც გაცოფდება და მდინარენიც გაშმაგებით წარღვნიან მათ. 23. მათ წინააღმდეგ აღდგება ძლიერების სული და გრიგალივით გაფანტავს მათ. მოაოხრებს ურჯულოება მთელს ქვეყნიერებას და მბრძანებელთა ტახტებს ბოროტმოქმედება დაამხობს.

1. მაშ, მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! 2. ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! 3. უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის.

3).

7. მართალი კი, თუნდაც ნაადრევად აღესრულოს, განსასვენებელში იქნება. 8. რადგან საპატიო სიბერე არც დღეგრძელობაშია და არც წელთა რიცხვით განიზომება. 9. სიბრძნე ჭაღარაა ადამიანთათვის და უბიწო ცხოვრება სიბერის ასაკია. 10. ღვთისთვის სათნო შეყვარებულ იქნა და ცოდვილთა შორის მცხოვრები წაყვანილ იქნა. 11. წარიტაცეს, რათა მისი გონება ბოროტებას არ შეეცვალა ან მზაკვრობას არ შეეცდინა მისი სული. 12. რადგან სიგლახისკენ ლტოლვა სიკეთეს აბნელებს და უმანკო გონებას რყვნის ვნებათა ღელვა. 13. მცირე ხნის მანძილზე სრულქმნილმა მრავალი ჟამი შეასრულა; 14. რადგან უფლისათვის სათნო იყო მისი სული, ამიტომაც იჩქარა წასვლა ბოროტების შუაგულიდან; ხალხმა ეს დაინახა და ვერ მიხვდა, არც კი იფიქრა, 15. რომ ღვთის მადლი და წყალობა მის რჩეულებთანაა და რომ ზრუნავს იგი თავის წმიდანებზე.

ცისკ.: მთ. 11: 27-30

27. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას. 28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ. 29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს. 30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი – მსუბუქი.

ლიტ.: რიგ.: იუდ. 1: 11-25

11. ვაი მათ, რადგან კაენის გზას დაადგნენ, საზღაურისთვის აჰყვნენ ბალაამის საცთურს და ურჩობით დაიღუპნენ, როგორც კორე. 12. ისინი არიან თქვენი სიყვარულის სერობათა შემბილწველნი, დაურიდებლად რომ ილხენენ თქვენთან ერთად და თავიანთ თავს მასპინძლობენ; უწყლო ღრუბელნი, ქარის მიერ მიმოფანტულნი, შემოდგომის უნაყოფო ხენი, ორგზის გამხმარნი, ფესვებითურთ ამოძირკვულნი; 13. ზღვის მძვინვარე ტალღები, თავიანთივე სირცხვილით აქაფებულნი, ცთომილი ვარსკვლავნი, რომელთათვისაც საუკუნოდ გამზადებულია ბნელეთის უკუნი. 14. მათთვის იწინასწარმეტყველა ენოქმა, მეშვიდემ ადამის შემდეგ, რომელმაც თქვა: აჰა, მოვიდა უფალი მისივე წმიდათა სიმრავლით, 15. რათა განსაჯოს ყველანი და ამხილოს უღმერთონი მათივე უღვთო საქმეთა და ღვთისმგმობლურ სიტყვათა გამო, მის მიმართ რომ იტყოდნენ უღვთო ცოდვილნი. 16. ისინი არიან მდრტვინავნი, მოდავენი, თავიანთ გულისთქმას აყოლილნი, მაღალფარდოვნად მოუბარნი და – ანგარების გამო – პირფერნი. 17. თქვენ კი, საყვარელნო, გახსოვდეთ სიტყვები, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოციქულთა მიერ წინასწარ თქმული. 18. ისინი გეუბნებოდნენ, რომ უკანასკნელ ჟამს მოვლენ მკრეხელნი, თავიანთი უკეთური გულისთქმისამებრ მავალნი. 19. ესენი არიან განხეთქილების მიზეზნი, მშვინვიერნი, სულის არმქონენი. 20. ხოლო თქვენ, საყვარელნო, უწმიდესი რწმენით დაიმკვიდრეთ თავი, ილოცეთ სულით წმიდით. 21. ღვთის სიყვარულით დაიცავით თავი და ელოდეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წყალობას საუკუნო სიცოცხლისათვის. 22. ზოგიერთ მეჭველს სწყალობდეთ. 23. ზოგიერთი ცეცხლს გამოსტაცეთ და იხსენით: ზოგის მიმართაც შიშნარევი სიბრალული გქონდეთ. გძულდეთ ხორცისაგან შებღალული თვით სამოსელიც. 24. ხოლო ვისაც შეუძლია დაცემისაგან დაგიცვათ და უმწიკვლონი სიხარულით დაგადგინოთ თავისი დიდების წინაშე, 25. ღმერთს, ერთსა და ბრძენს, მაცხოვარს ჩვენსას უფალ იესო ქრისტეს მიერ, დიდება და სიდიადე, ძალა და ხელმწიფება, აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლიტ.: რიგ.: ლკ. 23: 1-34, 44-56

1. ადგა მთელი ხალხი და წაიყვანეს იგი პილატესთან. 2. დაიწყეს მისი ბრალდება და თქვეს: ჩვენ ვნახეთ, რომ ეს აქეზებს ხალხს და უკრძალავს კეისრისთვის ხარკის მიცემას, ხოლო თავის თავს უწოდებს ქრისტეს, მეუფეს. 3. პილატემ ჰკითხა მას: მაშ შენა ხარ იუდეველთა მეფე? ხოლო მან მიუგო და უთხრა: შენ ამბობ. 4. და უთხრა პილატემ მღვდელმთავრებს და ხალხს; მე ვერაფერ ბრალს ვპოულობ ამ კაცში. 5. მაგრამ ისინი დაჟინებით გაიძახოდნენ, რომ ის აშფოთებს ხალხს და ასწავლის მთელს იუდეაში, გალილეადან მოყოლებული ვიდრე აქამდე. 6. გალილეა რომ გაიგონა, პილატემ იკითხა: მაშ, ეს კაცი გალილეველია? 7. როდესაც გაიგო, ჰეროდეს სამფლობელოდან არისო, გაუგზავნა იგი ჰეროდეს, რომელიც იმ დღეებში თავადაც იერუსალიმში იყო. 8. ხოლო ჰეროდემ ძალიან გაიხარა იესოს დანახვისას, ვინაიდან დიდი ხანია ეწადა მისი ხილვა, რადგანაც ბევრი რამ სმენოდა მასზე და იმედი ჰქონდა, ეგებ რაიმე სასწაული მიჩვენოსო. 9. ბევრი რამ გამოჰკითხა, მაგრამ იესომ არაფერი მიუგო. 10. მღვდელმთავრები და მწიგნობრები კი იდგნენ და თავგამოდებით ბრალს სდებდნენ მას. 11. ხოლო ჰეროდემ თავისი მეომრებითურთ შეურაცხყო და მასხრად აიგდო იესო, შემოსა ბრწყინვალე სამოსით და უკანვე გაუგზავნა პილატეს. 12. და იმ დღეს დამეგობრდნენ პილატე და ჰეროდე, ვინაიდან მანამდე ერთმანეთს მტრობდნენ. 13. ხოლო პილატემ მოიწვია მღვდელმთავარნი, მთავარნი და ხალხი 14. და უთხრა მათ: თქვენ მომიყვანეთ ეს კაცი, როგორც ხალხის წამქეზებელი, და, აჰა, მე თქვენთან ერთად გამოვიძიე, მაგრამ ვერ ვუპოვე ამ კაცს ვერცერთი დანაშაული, რასაც ბრალად სდებთ. 15. და ვერც ჰეროდემ, ვინაიდან მასთან გავგზავნე; და აჰა, სიკვდილის ღირსი არაფერი უქნია მას. 16. ამიტომ ჭკუას ვასწავლი და გავუშვებ. 17. რადგან სადღესასწაულოდ უთუოდ უნდა გაეთავისუფლებინათ ერთი პატიმარი. 18. მაგრამ მთელი ხალხი აყვირდა: მოგვაშორე ეგ და გაგვითავისუფლე ბარაბა. 19. ხოლო ეს ბარაბა საპყრობილეში იჯდა ქალაქში მომხდარი არეულობისა და მკვლელობის გამო. 20. კვლავ აიმაღლა ხმა პილატემ, ვინაიდან იესოს გაშვება სურდა. 21. მაგრამ ისინი ყვიროდნენ: ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი იგი! 22. პილატემ მესამედაც იკითხა: კი მაგრამ, რა დააშავა? ვერაფერი ვუპოვე სიკვდილით დასჯის ღირსი. ამიტომ ჭკუას ვასწავლი და გავუშვებ. 23. მაგრამ ისინი ხმამაღლა ყვიროდნენ და დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ ჯვარს ეცვათ იგი; და იმძლავრა მათმა და მღვდელმთავართა ხმამ. 24. და მათი თხოვნისამებრ განსაჯა პილატემ. 25. გაუშვა ის, ვინც საპყრობილეში იჯდა არეულობისა და მკვლელობის გამო, ხოლო იესო მისცა მათ ნებას. 26. ის რომ მიჰყავდათ, შეიპყრეს ვინმე სიმონ კირენელი, მინდვრიდან მომავალი, და აჰკიდეს მას ჯვარი, რათა წამოეღო იესოს კვალდაკვალ. 27. უკან მისდევდა ურიცხვი სიმრავლე ხალხისა და ქალებისა, რომლებიც ტიროდნენ და გლოვობდნენ მას. 28. ხოლო იესო შემობრუნდა და უთხრა მათ: იერუსალიმის ასულნო, მე კი ნუ დამტირით, არამედ დაიტირეთ თქვენი თავი და თქვენი შვილები. 29. რადგან, აჰა, მოვლენ დღენი, როცა იტყვიან: ნეტარ არიან უნაყოფონი და საშონი, რომელთაც არ უშობიათ, და ძუძუნი, რომელთაც არ უწოვებიათ. 30. მაშინ ეტყვიან მთებს: თავზე დაგვემხეთ; და ბორცვებს: დაგვმარხეთ ჩვენ; 31. რადგან თუ ნედლ ხეს ასე ექცევიან, რაღას უზამენ ხმელს? 32. მასთან ერთად სასიკვდილოდ მიჰყავდათ ორი ბოროტმოქმედიც. 33. და როცა მიაღწიეს იმ ადგილს, რომელსაც ჰქვია თხემის ადგილი, ჯვარს აცვეს იქ ისიცა და ბოროტმოქმედნიც, ერთი მის მარჯვნივ და მეორე – მარცხნივ. 34. ხოლო იესო ამბობდა: მამაო, მიუტევე ამათ, რადგანაც არ იციან, რას სჩადიან. და წილისყრით გაიყვეს მისი სამოსი.

44. იყო ასე ექვსი საათი და წყვდიადმა მოიცვა მთელი ქვეყანა მეცხრე საათამდე. 45. დაბნელდა მზე და შუა ჩაიხა ტაძრის ფარდა. 46. მაშინ ხმამაღლა შეღაღადა იესომ და თქვა: მამაო, შენს ხელს ვაბარებ ჩემს სულს; და ამ სიტყვებით განუტევა სული. 47. ხოლო ასისთავმა, რომელმაც დაინახა, რაც მოხდა, ადიდა ღმერთი და თქვა: ჭეშმარიტად ეს კაცი მართალი იყო. 48. სეირის საყურებლად მოსული მთელი ხალხი, რომელმაც იხილა ყველაფერი, რაც მოხდა, მკერდში მჯიღის ცემით ბრუნდებოდა უკან. 49. ხოლო ყველა მისი ნაცნობი და ქალები, გალილეიდან რომ მოჰყვებოდნენ იესოს, მოშორებით იდგნენ და უმზერდნენ ამას. 50. და, აჰა, ერთი კაცი, სახელად იოსები, წარჩინებული მრჩეველი, კაცი კეთილი და სამართლიანი, 51. რომელიც არ მონაწილეობდა მათ თათბირსა და მათ საქმეში და თავადაც მოელოდა ღმრთის სასუფეველს, იუდეის ქალაქ არიმათეის მკვიდრი, 52. მივიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი. 53. ჩამოხსნა იგი, გაახვია ტილოში და დაასვენა კლდეში გამოკვეთილ სამარხში, სადაც ჯერ კიდევ არავინ დაესვენებინათ. 54. პარასკევი დღე იყო და თენდებოდა შაბათი. 55. უკან მიჰყვნენ გალილეიდან იესოსთან ერთად მოსული ქალებიც და იხილეს სამარხიცა და ისიც, თუ როგორ დაიდო მისი გვამი. 56. ხოლო შემდეგ დაბრუნდნენ, მოამზადეს სურნელოვანი საკმეველი და ნელსაცხებელი და, მცნებისამებრ, უქმად იყვნენ შაბათს.

ღირ.: გალ. 5: 22 – 6: 2 

22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, 23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. 24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ. 25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ. 26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი.

1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში. 2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.

ღირ.: ლკ. 6: 17-23 

17. ჩამოვიდა მათთან ერთად და ვაკეზე დადგა; იქ იყვნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი მთელი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ტიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან; 18. რომლებიც მოსულიყვნენ მის მოსასმენად და თავიანთ სნეულებათაგან განსაკურნავად; აგრეთვე უწმინდური სულებით ვნებულნი, და იკურნებოდნენ. 19. მთელი ხალხი ცდილობდა, როგორმე შეხებოდა მას: ვინაიდან ძალი გამოდიოდა მისგან და კურნავდა ყველას. 20. ხოლო ის, თავის მოწაფეების მიმართ თვალმიპყრობილი ამბობდა: ნეტარნი ხართ გლახაკნი სულითა, ვინაიდან თქვენია ღმრთის სასუფეველი; 21. ნეტარნი ხართ მშიერნი ამჟამად, ვინაიდან გაძღებით; ნეტარნი ხართ მოტირალნი ამჟამად, ვინაიდან გაიცინებთ; 22. ნეტარნი ხართ, როცა მოგიძულებენ და მოგიკვეთენ კაცნი, შეურაცხგყოფენ და სათრეველად აქცევენ თქვენს სახელს, როგორც უკეთურს, კაცის ძის გამო. 23. იხარებდეთ და ილხენდეთ იმ დღეს, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთაც მათი მამები.

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
                                                                    (1 ინ. 3: 14) 

 

ღირსი ვუკოლი წმიდა მოციქულისა და მახარებლის, იოანე ღვთისმეტყველის მოწაფე იყო და მის მიერვე იკურთხა ზმირნის ეკლესიის (მცირე აზია) პირველ ეპისკოპოსად.
ღვთის მადლით, მწყემსმთავარმა მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. გამოცდილი და ბრძენი მოძღვარი ერთგულად იცავდა სამწყსოს მწვალებლობათა წყვდიადისაგან. იგი მშვიდობით მიიცვალა დაახლოებით 100-105 წლებში. 
წმიდა ვუკოლის საფლავზე ამოიზარდა ხე, რომელიც სნეულებს სასწაულებრივ კურნავდა.
წმიდა მოწამე დოროთეა კაბადოკიის კესარიაში ცხოვრობდა. იგი იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს, 288 ან 300 წელს ეწამა წმიდა ქრისტინასთან, კალისტასთან და თეოფილესთან ერთად.
წმიდა დოროთეა კეთილმსახური ქრისტიანი ქალწული იყო და გამოირჩეოდა თავმდაბლობით, მორჩილებითა და კეთილგონიერებით. მმართველ საპროკიუსის ბრძანებით შეპყრობილმა წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე, რისთვისაც საშინლად აწამეს. მოუდრეკელი ქალწული დებს – ქრისტინასა და კალისტას ჩააბარეს. ისინიც ადრე ქრისტიანები იყვნენ, მაგრამ წამების შიშით განუდგნენ ჭეშმარიტ ღმერთს და უსჯულო ცხოვრებას მიეცნენ. მმართველმა დებს დაავალა, დაეჯერებინათ დოროთეა, რომ წარმართული ღვთაებებისთვის მსხვერპლი შეეწირა, მაგრამ მოხდა საპირისპირო, თავად დოროთეამ შეაჯერა განდგომილები, რომ ღვთის წყალობით ყველა მონანულს მიეტევება ცოდვები. წმიდანები კვლავ დაუბრუნდნენ ქრისტეს. ამისთვის მტარვალებმა ზურგებით მიაკრეს ისინი ერთმანეთს, ფისიან კასრში ჩასხეს და დაწვეს.
წმიდა დოროთეა კვლავ საწამებლად გადასცეს. იგი სიხარულით ითმენდა სატანჯველებს და სიხარულითვე შეხვდა სასიკვდილო განაჩენს. ერთმა სწავლულმა – სქოლასტიკოსმა თეოფილემ დაცინვით მიმართა ქალწულს: „ქრისტეს სასძლოვ, შენი სიძის ბაღიდან ვარდები და ვაშლები გამომიგზავნე”. წმიდანმა მშვიდად დახარა თავი. სიკვდილის წინ მან ლოცვისთვის დრო ითხოვა. როცა ლოცვა დაასრულა, მის წინაშე ანგელოსი წარსდგა მშვენიერი ჭაბუკის სახით და სპეტაკი ტილოთი სამი ვაშლი და სამი ვარდი მიართვა. ქრისტეს ტარიგმა ითხოვა, ეს ყველაფერი თეოფილესთვის გადაეცათ, რის შემდეგაც მას თავი მოჰკვეთეს. საოცარმა მოსაკითხმა თავზარი დასცა ქრისტიანთა მდევნელს, მან ირწმუნა მაცხოვარი და აღიარა ქრისტე. ამისთვის ისიც საშინლად აწამეს და მახვილით მოკლეს.
წმიდა დოროთეას უხრწნელი ნაწილები რომში, მისივე სახელობის ტაძარში განისვენებს, მისი თავიც რომშია დასვენებული, ტროსტევერის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში. 
წმიდა ქალწულმოწამე ფავსტა და მასთან ერთად ევილასი და მაქსიმე დიოკლეტიანეს დროინდელ დევნულობისას ეწამნენ ქალაქ კვიზიკში (მიზია), 305-311 წლებს შორის.
ღვთისმოშიში ქრისტიანების ასული, ადრე დაობლებული ფავსტა მკაცრი და კეთილმსახური ცხოვრებით ცხოვრობდა. ქრისტიანი ქალწული მმართველთან დაასმინეს და მანაც 80 წლის ქურუმი ევილასი გააგზავნა ფავსტის ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან გადასაცდენად. წმიდანმა ახოვნად აღიარა ქრისტე, რისთვისაც იგი საშინლად აწამეს და ხის ყუთში ჩასვეს. მტარვალები ქანცის გაწყვეტამდე ცდილობდნენ გაეხერხათ, ან ცეცხლში დაეწვათ ყუთში გამოკეტილი მარტვილი, მაგრამ ვერაფერს გახდნენ: არა მხოლოდ ქალწული, ღვთის მადლით დაცული ყუთიც უვნებელი რჩებოდა. ქურუმი ევილასი გააოცა ღვთის მადლის ასეთმა გამოვლინებამ, ირწმუნა და უშიშრად აღიარა ქრისტე.
მომხდარის გამოძიება მეფემ ეპარქ მაქსიმეს დაავალა, რომელმაც გაქრისტიანებული მოხუცის წამება დაიწყო. ევილასმა ფავსტას სთხოვა, ელოცა მისთვის, შემდეგ კი ახოვნად დაითმინა სატანჯველები. წმიდა ფავსტა მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ მათ პირი არ დააკარეს მოწამეს. მაშინ მარტვილები მდუღარე წყალში ჩააგდეს, მოწამეები კვლავ უვნებლად რჩებოდნენ და ლოცულობდნენ ჯალათებისთვის.
წმიდანების სარწმუნოებითა და მოთმინებით გაოცებულმა მაქსიმემ შესთხოვა უფალს, მისთვისაც მოწყალე თვალით მოეხედა. უეცრად გაიხსნა ცა და ეპარქმა იხილა იესო ქრისტე ნათელმოსილ ანგელოზებთან, მთავარანგელოზებთან და სხვა წმიდანებთან ერთად. ამ საოცარი ჩვენებით შეძრწუნებულმა ხმამაღლა ღაღადჰყო: „უფალო, მიიღე ჩემი სულიც’’, გაიქცა ცეცხლზე შემოდგმული ქვაბისკენ, რომელშიც ცოტა ხნის წინ მისივე ბრძანებით ჩაყარეს წმიდა მარტვილები და შიგ გადაეშვა. ზეციდან გაისმა: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ!’’ და ამ მოწოდებით გამხნევებულმა და სიხარულით აღვსილმა ტარიგებმა უფალს შეჰვედრეს სული.
წმიდა მოწამე იულიანე ფინიკიის ქალაქ ემესიდან იყო. იგი 312 წელს ეწამა, იმპერატორ მაქსიმიანეს ზეობისას. იულიანე დახელოვნებული მკურნალი იყო, კურნავდა როგორც ხორციელ, ასევე სულიერ ავადმყოფსაც და მრავალს მოაქცევდა ქრისტიანულ სარწმუნოებაზე.
როცა წმიდა მოწამეები – ეპისკიპოსი სილვანი, დიაკონი ლუკა, და მოკი მკითხველი (ხს. 29 თებერვალს) მხეცების დასაგლეჯად მიჰყავდათ, იულიანე ამხნევებდა და გამანტკიცებდა მათ, რისთვისაც შეიპყრეს, ვიწრო ნაპრალში შეიმწყვდიეს, ხელებსა და ფეხებში გრძელი ლურსმანები ჩააჭედეს და ისე მოკლეს.
ღირსი ბარსანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი VI საუკუნეში იმპერატორ იუსტინიანეს (483-565) მეფობისას ცხოვრობდნენ და პალესტინაში, ქალაქ ღაზის მახლობლად, ამბა სერიდის მონასტერში მოსაგრეობდნენ.
ღირსი ბარსანოფი ეგვიპტეში დაიბადა და სიყმაწვილიდანვე მეტად თავშეკავებული ცხოვრებით ცხოვრობდა. ამბა სერიდის მონასტერში მისული მამა ტაძრის მახლობლად მცირე კელიაში დაემკვიდრა (აღმოსავლეთში კელიები ხშირად კლდის გამოქვაბულებს წარმოადგენდა). მოგვიანებით ამ კელიაში დაეყუდა და აქ სიკვდილამდე 18 წლის განმავლობაში ცხოვრობდა მისი მოწაფე ღირსი იოანე, წმიდა ბარსანოფი კი სხვა ვიწრო სამყოფელში დაემკვიდრა, ისევ მონასტრის მახლობლად. ადამიანთაგან განრიდებულმა მოსაგრემ 50 წელი გაატარა სრულ მდუმარებასა და ლოცვაში. იგი მხოლოდ პურითა და წყლით იკვებებოდა. დაყუდებაში გატარებული მრავალი წლის შემდეგ, წმიდა მამამ სულიერი შეწევნის მთხოვნელთა დამოძღვრა დაიწყო. კითხვებზე პასუხს ის ღირსი იოანეს და ამბა სერიდის მეშვეობით აძლევდა მომსვლელებს, ზოგჯერ კი იოანეს ავალებდა მათ დამოძღვრას. ამბა სერიდი წმიდანის პასუხებს იწერდა. ღირსმა ბარსანოფიმ უდრტვინველად დაითმინა მრავალი მძიმე სნეულება და განსაცდელი, რის შემდგომაც უფალმა სასწაულთქმედების და წინასწარცნობის მადლით დააჯილდოვა. იგი განასხმიდა ეშმაკებს, კურნავდა უიმედო ავადმყოფებს, ამბა სერიდის მონასტრის მდუმარე ბერს – ექვთიმეს წმიდანმა უწინასწარმეტყველა, სხვა მრავალთან ერთად, ახდა. სნეულები და შეჭირვებულები შვებას პოულობდნენ წმიდა მამის სახელის ხსენებით და მის მიერ ნაკურთხი ნივთების შეხებით.
ღირსი იოანე წინასწარმეტყველი წმიდა ბარსანოფის მოწაფე იყო. მოძღვრის მორჩილებით მან სრულყოფილების მწვერვალს მიაღწია, მაგრამ თავმდაბლობისა და მოკრძალების გამო მასთან მოსულ სულიერი დამოძღვრის მსურველებს ღირს ბარსანოფისთან აგზავნიდა. წმიდანმა წინასწარ განჭვრიტა აღსასრულის მოახლოება, მაგრამ ახალგარდაცვლილი ამბა სერიდის შემდგომ დადგენილმა ახალგაზრდა იღუმენმა ელიანმა შესთხოვა, ეცოცხლა კიდევ, თუნდაც ორი კვირის მანძილზე, რომ მონასტრის წეს-განგება ესწავლებინა მისთვის. ღირსმა მამამ შეისმინა ვედრება და, მართლაც, ორ კვირაში გარდაიცვალა. წმიდა ბარსანოფი შეესწრო მოწაფის სიკვდილს.
წმიდა ფოტი, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი IX საუკუნეში ცხოვრობდა და კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახის ჩამომავალი იყო. მამამისი ხატთაყვანისცემის დაცვისთვის მოწამეობრივად აღსრულებულა.
ფოტიმ ბრწყინვალე განათლება მიიღო: თანამედროვეთა მოწმობით, მას განსწავლულობით თავის საუკუნეში ტოლი არ ჰყავდა. ფილოსოფიის, მედიცინის, ასტრონომიისა და ღვთისმეტყველების ამ შესანიშნავ მასწავლებელთან სხვადასხვა მეცნიერებებს ეუფლებოდნენ იმპერატორის ტახტის მემკვიდრე მიხეილი და მომავალი სლავთა განმანათლებელი, მოციქულთასწორი კირილე. ფოტის პირველი სახელმწიფო მდივნის თანამდებობა ეჭირა სენატში, მაგრამ სასახლის კარის ბრწყინვალე ცხოვრება არ იზიდავდა მონაზვნობისკენ მიდრეკილ მის სულს.
857 წელს იმპერატორ მიხეილის თანამმართველმა, ბარდამ კონსტანტინეპოლის კათედრიდან გააძევეს პატრიარქი ეგნატე და მის ნაცვლად ფოტის დადგინება გადაწყვიტა. მომავალ წმიდანს ამ მაღალი ხარისხისათვის თავი უღირსად მიაჩნდა და უარობდა, მაგრამ მისი არ შეისმინეს: ექვსი დღის განმავლობაში აამაღლეს იერარქიის საფეხურებზე და შობის დღესასწაულზე პატრიარქადაც აკურთხეს. მალე გადაყენებული მღვდელმთავრის მომხრეებმა შფოთი დაიწყეს. 861 წელს მღელვარების ჩასაცხრობად მოწვეულ იქნა კრება, რომელმაც დაადასტურა ეგნატეს გადაყენება და ფოტი პატრიარქად დაამტკიცა. პაპი ნიკოლოზ 1 იმედოვნებდა, რომ კონსტანტინეპოლის ეკლესიის ახალი მესაჭე მისი ნების აღმსრულებელი იქნებოდა, მაგრამ, როცა იმედები არ გაუმართლდა, ფოტი ანათემას გადასცა. ამ დროიდან მოყოლებული, სიცოცხლის აღსასრულამდე წმიდანს უხდებოდა დაუცხრომელი ბრძოლა პაპის თვითნებობასთან და მის მიერ აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელყოფის ცდებთან. 864 წელს ბულგარეთი საკუთარი ნებით მოექცა მართლმადიდებლობაზე. როგორც ვარაუდობდნენ, ბულგარეთის მეფე ბორისი პატრიარქმა ფოტიმ მონათლა, რის შემდეგაც ახალმოქცეულ ქვეყანაში მთავარეპისკოპოსი და მღვდლები გაგზავნა. შემდეგ, წმიდა ფოტის კურთხევით, ბულგარეთში გაემგზავრნენ წმიდა კირილე და მეთოდე – სლავურ ენაზე ქრისტეს მოძღვრების საქადაგებლად. პაპის მომხრეებმა შეძლეს, რომ ქვეყანაში აღმოსავლელი მქადაგებლებისადმი უნდობლობა გაეღვივებინათ. ამასთან, გერმანელთა თავდასხმებით შევიწროებული მეფე მიხეილი იძულებული შეიქმნა, დახმარება დასავლეთში ეძია და პაპს მიმართა თხოვნით, ბულგარეთში თავისი ეპისკოპოსები გამოეგზავნა. ახალნერგ ქვეყანაში ჩამოსულმა პაპის ლეგატებმა აქ ლათინთა სწავლებისა და წეს-ჩვეულებების დანერგვა დაიწყეს, ამასთან ირწმუნებოდნენ, რომ პატრიარქ ფოტის მიერ აღსრულებულ მღვდელმოქმედებებს ძალა არ ჰქონდა და ნათელღებულ ბულგარელებს ხელმეორედ სცხებდნენ მირონს. ეს იყო მთელი კონსტანტინეპოლის ეკლესიის დიდი შეურაცხყოფა. მართლმადიდებლობის მტკიცე დამცველმა და უსჯულოების მამხილებელმა წმიდა ფოტიმ აღმოსავლეთის ეკლესიებს დაუგზავნა ეპისტოლეები, რომლითაც აუწყა ისინი პაპის ქმედებების შესახებ და ამცნო, რომ რომის ეკლესია მართლმადიდებლობას ემიჯნებოდა არა მარტო წეს-ჩვეულებებით, არამედ სწავლებითაც და მათ ანტიქრისტეს მსახურები უწოდა.
867 წელს, იმპერატორ მიხეილის მკვლელობის შემდეგ, სამეფო ტახტი მიიტაცა ბასილი მაკედონელმა. მღვდელმთავარმა ფოტიმ უშიშრად ამხილა მკვლელი. ამის გამო ის გადააყენეს პატრიარქობიდან, მონასტერში გამოამწყვდიეს და მის ნაცვლად ეკლესიის მესაჭეობა კვლავ ეგნატეს მიანდეს. მღვდელმთავარ ფოტის მოქმედების გამოსაძიებლად მოწვეულ კრებას პაპის ლეგატებიც ესწრებოდნენ. მათ შეკრებილებს ხელმოსაწერად წარუდგინეს სიგელები, რომელთა მიხედვითაც მთელი ეკლესია პაპის სამსჯავროს უნდა დაქვემდებარებოდა. აღმოსავლელი ეპისკოპოსები არ დაყვნენ პაპის ნებას და ლეგატებთან გაცხარებული კამათი წამოიწყეს. კრებაზე გამოძახებულმა ფოტიმ დუმილით მოისმინა მისი დაპატიმრების უსამართლო განაჩენი. ბოლო კითხვაზე – ხომ არ მოინანიებდა წმიდა ფოტი მის დანაშაულს, მღვდელმთავარმა უპასუხა: „იქნებ თქვენ გადაიფიქროთო რამე”.
შემდგომ მოვლენები ისე წარიმართა, რომ ბულგარეთიდან განდევნეს ლათინი ღვთისმსახურები და პატრიარქმა ეგნატემ ისევ თავისი ეპისკოპოსები გაგზავნა ქვეყანაში. 879 წელს, ეგნატეს სიკვდილის შემდეგ, მოწვეულ იქნა კრება, რომელმაც კვლავ ცნო ფოტი კანონიერ მწყემსმთავრად.
იმპერატორ ბასილის მემკვიდრის, ლეონის დროს მღვდელმთავარ ფოტის მეფის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში მონაწილეობა დასდეს ბრალად და 886 წელს კათედრიდან გადააყენეს. წმიდა მამა არმონიის მონასტერში გამოამწყვდიეს, სადაც დაასრულა კიდეც თავისი მრავალტანჯული სიცოცხლე.
მართლმადიდებლური ეკლესია თაყვანს სცემს ფოტის, როგორც პაპის თვითნებობისაგან აღმოსავლეთის ეკლესიის მხურვალე დამცველს, როგორც ღრმად განსწავლულ ღვთისმეტყველს, რომელმაც დაგვიტოვა მრავალი ნაშრომი ლათინთა ცდომისა თუ სხვა ერესების სამხილებლად, წმიდა წერილის განსამარტავად და სხვა სარწმუნოებრივი საკითხების გასარკვევად.
წმიდა ქალწულმოწამენი: მართა და მარიამი დები იყვნენ და ასიაში (მცირე აზია) ცხოვრობდნენ. მათ ქრისტესთვის მოწამეობის საღვთო შური არ ასვენებდათ და ხელსაყრელ შემთხვევას ეძებდნენ. ერთხელ მათი სახლის წინ წარმართმა მხედართმთავარმა ჩამოიარა. ასულები გამოვიდნენ მის შესახვედრად და ხმამაღლა განაცხადეს, რომ ისინი ქრისტიანები იყვნენ. მხედარმთავარმა თავიდან მათ ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ ნეტარი დები დაჟინებით მისძახოდნენ მას თავიანთ აღმსარებლობას. მაშინ წარმართმა ორივენი შეიპყრო და ძმასთან – ყრმა ლიკარიონთან ერთად ჯვარს აცვა. მშობელი დედა უყურებდა შვილების ტანჯვას და მათ სიმტკიცისკენ მოუწოდებდა. ბოლოს მართა და მარიამი შუბით მოკლეს, ლიკარიონს კი თავი მოჰკვეთეს.