20.02.2026. ყველიერის შვიდეული. პარასკევი

20.02.2026. ყველიერის შვიდეული. პარასკევი

           „… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ (ეფ. 6: 12).

           „ თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

          … მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3). 

         ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).

         ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).        

 გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

20.02.2026. ყველიერის შვიდეული. ხუთშაბათი

კეთილმსახურისა მეფისა სოლომონ II-ისა, სამშობლოსათვის თავდადებულისა (1815); ღირსისა პართენი ლამფსაკიელ ეპისკოპოსისა (IV); ღირსისა ლუკა ელადელისა (946); 1003-თა ნიკომიდიელ მოწამეთა (303). ნაწილთა აღმოყვანება ღირსთა – იოანე (მაისურაძე, 1957) და გიორგი-იოანე (მხეიძე, 1962) აღმსარებელთა, ბეთანიელთა (2014 წ.).

     კეთილშობილო მკითხველო, კალენდრის მუშაობა 24 თებერვლს აღდგება. შეფერხებისთვის ბოდიშს გიხდით.  

დღის ლოცვები

 

ღირსი პართენიოსის, ლამფსაკიელი ეპისკოპოსის კონდაკი:
საღმრთო იგი მადლი სასწაულთა მოიღე შენ, ღმრთივგანბრძნობილო სანატრელო პართენი, და საკვირველმოქმედად გამოსჩნდი, ღმერთშემოსილო მამაო, და ყოველთა მორწმუნეთა კაცთა ვნებათა განსწმედ, და სულთა უკეთურთა იოტებ; ამისთვის გიგალობთ შენ, ვითარცა დიდსა მესაიდუმლესა ღმრთისა მადლისასა.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, პარასკევს დილით

წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანისვჰსცე და მას მხოლოსა ვმსახურო. ხოლო შენი სალმობა და რისხვა მიიქეცინ თავსავე შენსა და თხემსა შენსა ზედა გმობა შენი დაჰხედინ აწინდელსა ჟამსა შინა და ყოფადსა საუკუნესა უფსკრულსა შინა. რაი არს შენი და ჩვენი უცხოო ღვთისაგან, ლტოლვილო ცათაგან, მონაო ბოროტო და განდგომილო! არა გაქვს შენ ფლობაი ჩვენი, ქრისტესა ძესა ღვთისასა აქვს ფლობაი ჩვენი, ყოველთა მისა ვჰსცოდეთ და მასვე სიტყვა უგოთცა. ხოლო შენ ივლტოდე ჩემგან, მომსვრელო და წინააღმდგომო მტერო ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, და გეენისა და ყოვლისა სატანჯველისა დამკვიდრებულო! ჩვენ სიმტკიცედ გვაქვს ჯვარი პატიოსანი და მით დავჰსთრგუნავთ შენ გველისა თავსა სახელითა ერთარსისა წმიდისა სამებისათა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ზედა მდგომელობითა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისათა, რამეთუ მისსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა დაწოლისა, პარასკევს

დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელი პირველ საუკუნეთა იყავ და ვიდრე უკუნისამდე ხარ, და დასასრული არა გაქვს, რომელმან ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ სახიერო და კაცთმოყვარეო! სულგრძელო და მრავალმოწყალეო, შემიწყალე მე ცოდვილი ესე და ნუ განმირისხდები, მეუფეო, რამეთუ რომელთა საქმეთათვის ვითხოვ შენგან შენდობასა, მათვე დაუცხრომელად შთავვარდები და ვიცი, უფალო, რომელ უკეთუმცა არა მლხინებელ გყოფდა აურახცელი ეგე სახიერება და კაცთმოყვარება შენი, არამცა დაუტევე ტანჯვაი, რომელიცა არა მოაწიე ჩემზედა და ქვეყანასამცა უბრძანე დანთქმაი ჩემი! არამედ სულგრძელ ხარ, უფალო, ჩემზედა თვით დასჯილსა ამას, და სიტყვის-მიცემადცა ვერ შემძლებელსა. დიდება შენდა სახიერო, და მრავალმოწყალეო: აწ უკვე გევედრები, შემიწყალე მაცხოვარო და კაცთმოყვარეო, შემიწყალე თანამდები ესე ყოვლისა ტანჯვისა, და შემინდვენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი, ყოველნი, რომელნი საშოითგან დედისათ ვიდრე აქამომდე მიქმნიან ღამით და დღისით, მეცნიერებით და უმეცრებით, ნებსით და უნებლიეთ, ყოველნი ბრალნი ჩემნი ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, რაოდენიცა მიცოდავს თვალითა და ენითა, სასმენელითა და საყნოსელითა, შეხებითა და სლვითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის წმიდისა! უფალო სახიერო და კაცთმოყვარეო, სულგრძელო, ტკბილო და მრავალმოწყალეო, რაოდენიცა შემიცოდებია შენდა საქმით, სიტყვით, გონებით და გულის-სიტყვით და მოგონებით შემინდევ, უფალო, შემინდევ სახიერო, შემინდევ კაცთმოყვარეო, შემინდევ სულგრძელო და მრავალმოწყალეო, ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეოხებითა მით აურაცხელისა მოწყალებისა და სიტკბოებისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, სულგრძელი და მრავალმოწყალე და მწყალობელი, და შენდა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

დღის საკითხავები

 

ლიტურგია არ აღესრულება

VI ჟამზე: ზაქ. 8: 7-17.

7. ნუ იხარებ მკვდარზე, გახსოვდეს, ყველანი მოვკვდებით. 8. ნუ უგულებელყოფ ბრძენთა მონათხრობს და მათი იგავების მიხედვით იცხოვრე, რათა მათგან შეიძინო ცოდნა და დიდებულთა სამსახური ისწავლო. 9. ნუ უგულებელყოფ მოხუცთა მონათხრობს, რადგან მათაც თავიანთი მამებისგან ისწავლეს; მათგან ისწავლი განსჯას, და პასუხის გაცემას ჟამის შესაფერისად. 10. ნუ გააღვივებ ცოდვილის ნაკვერჩხლებს, ვაითუ მისი ცეცხლის ალით დაიწვა. 11. ნუ აღდგები თავხედის წინააღმდეგ, ვაითუ ჩაუსაფრდეს შენს სიტყვებს. 12. სესხს ნუ მისცემ შენზე ძლიერ კაცს; თუ მისცემ, დამკარგველი იქნები. 13. თავს ნუ იდებ, რაც შენს ძალას აღემატება; თუ თავს იდებ, მოიქეცი, როგორც გარდამხდელი. 14. ნუ უჩივლებ მსაჯულს, რადგან მას მისი პატივისამებრ განსჯიან. 15. თავზეხელაღებულს ნუ დაემგზავრები, რათა ტვირთად არ აიკიდო, რადგან იგი თავისი ნებისამებრ მოიქცევა და მისი უგუნურება დაგღუპავს. 16. გულფიცხს ბრძოლას ნუ გაუმართავ და უდაბნოს ნუ გადაივლი მასთან ერთად, რადგან სისხლი მის თვალში არაფერია, და, სადაც შეწევნა არ გექნება, იქ დაგცემს. 17. სულელთან ნუ ითათბირებ, რადგან ვერ შეძლებს სიტყვის შენახვას.

მწუხრზე: ზაქ. 8: 19-23

19. ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: მარხვაჲ მეოთხე, და მარხვაჲ მეხუთე, და მარხვაჲ მეშჳდე, და მარხვაჲ მეათე – იყვნენ სახლსა იუდაჲსსა სიხარულად და შუებად, და დღესასწაულებად კეთილებად და იშუებდით და ჭეშმარიტება და მშჳდობა შეიყუარეთ. 20. ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: მერმე მოვიდენ ერნი მრავალნი და მკჳდრნი ქალაქთა მრავალთა 21. და თან შემოვიდენ დამკჳდრებულნი ქალაქთა ხუთთა ქალაქად ერთად მეტყუელნი: მივიდეთ ვედრებად პირისა უფლისა გამოძიებად პირისა ღმრთისა, ყოვლისა მპყრობელისასა, და მივიდე მეცა 22. და მოვიდნენ ერნი მრავალნი ძიებად პირისა უფლისა, ყოვლისა მპყრობელისა, იერუსალჱმს შინა ლხინებად-ყოფად პირი უფლისაჲ. 23. ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: მათ დღეთა შინა, უკეთუ მოეკიდნენ ათნი მამაცნი ყოველთაგან ნათესავთა ენათაჲსა და მოეკიდნენ ფესუსა მამაცისა იუდეანისასა მეტყუელნი: მოვიდეთ შენ თანა მით, რამეთუ გუესმა, ვითარმედ ღმერთი თქუენ შორის არს. 

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
                                                                    (1 ინ. 3: 14) 

 

წმიდა მოწამენი, ნიკომიდიაში აღსრულებულნი, დიოკლეტიანეს (284-305) დროს ქრისტესთვის წამებული დიდებულების: ვასის, ევესტის, ევტიქისა და ვასილიდის (ხს. 20 იანვარს) მსახურები იყვნენ.
ბატონების მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ მათაც აღეძრათ ქრისტესთვის მარტვილობის სურვილი, მხნედ აღიარეს თავიანთი სარწმუნოება. ვერანაირმა შეგონებამ და დაპირებამ ვერ მოდრიკა ნეტარი აღმსარებლები, რის შემდეგაც მეომრებმა ალყაში მოიმწყვდიეს ისინი და ყველანი – 1003 ადამიანი დედებთან და ყრმებთან ერთად აჩეხეს. ცოცხალი არავინ გადარჩენილა.
ღირსი პართენი, ლამპსაკელი ეპისკოპოსი დაიბადა ქალაქ მელიტოპოლში (მცირე აზია),სადაც მამამისი, ქრისტეფორე, დიაკვნად მსახურობდა. ყმაწვილისთვის წერა-კითხვა არ უსწავლებიათ, მაგრამ საღვთო წერილი მან კარგად შეითვისა ტაძარში, ღვთისმსახურებაზე დასწრებით. მომავალი წმიდანი მებადური იყო და აღებულ თანხას გულუხვად უნაწილებდა გლახაკებს. ღვთის მადლმა ადრევე დაივანა მასში – 18 წლის ასაკიდან ქრისტეს სახელით კურნავდა სნეულებს და განასხმიდა ეშმაკებს. როცა ჭაბუკის კეთილმსახური ცხოვრების შესახებ შეიტყო, მელიტოპოლის ეპისკოპოსმა ფილიპემ მას განათლება მიაღებინა და ხუცესად აკურთხა. 325 წელს კონსტანტინე დიდის მეფობაში, კვიზიკელმა მთავარეპისკოპოსმა აქილიუსმა იგი ქალაქ ლამპსაკის (მცირე აზია) ეპისკოპოსად აკურთხა. ქალაქში ბევრი წარმართი ცხოვრობდა და მღვდელმთავარი მათ შორის გულმოდგინედ ქადაგებდა ღვთის სიტყვას. მის მხურვალე ქადაგებებს უფლის დაშვებით მრავალი სასწაული და კურნება ახლდა თან. ხალხს თანდათან გული გაუცივდა წარმართული ღმერთების მიმართ. წმიდა პართენმა კონსტანტინე დიდს მიმართა თხოვნით, მიეცა მისთვის უფლება, დაემსხვრია საკერპოები და მათ ნაცვლად ქრისტიანული ტაძრები აეგო. მეფემ დააკმაყოფილა მისი თხოვნა და კეთილი განზრახვის განხორციელებისათვის საჭირო სახსრებიც გამოუყო. ლამპსაკში დაბრუნებულმა პართენმა ბრძანა, აღეხოცათ პირისაგან მიწისა წარმართული ბომონები, ქალაქის ცენტრში კი უფლის სადიდებლად მშვენიერი ტაძარი აეგოთ.
ერთ საკერპოში წმიდანმა იპოვა წმიდა ტრაპეზის მოსაწყობად შესაფერი ლოდი და ბრძანა, დამუშავების შემდეგ იგი ტაძრის მშენებლობაზე წაეღოთ. გაშმაგებული ეშმაკის მანქანებით ურემი გადაყირავდა, ქვამ მეურმე მოიყოლა და გასრისა. წმიდა პართენმა მკვდრეთით აღადგინა იგი და შერისხა დემონი, რომელსაც სურდა, წინ აღდგომოდა საღვთო საქმეს.
მწყემსმთავარი იმდენად გულმოწყალე იყო, რომ სხვადასხვა სნეულებებით გატანჯული თუ ბოროტი სულებით შეპყრობილი უამრავი ადამიანიდან, რომლებიც ხან შინ აკითხავდნენ, ხან კი – ქუჩაში ხვდებოდნენ, კურნებაზე უარს არც ერს არ ეუბნებოდა. ხალხმა ექიმებთან სიარული შეწყვიტა, რადგან პართენი, იესო ქრისტეს სახელის მოხმობით, უსასყიდლოდ კურნავდა მათ. ქრისტეს სახელით უძლეველი ძალით, იგი უამრავ დემონს განასხმიდა ადამიანებიდან.
ღირსი პართენი მშვიდობით მიიცვალა და დაკრძალეს ლამპსაკის საკათედრო ტაძრის გასწვრივ, თავისსავე აგებულ ეკვდერში.
ღირსი ლუკა ელადელი საბერძნეთის სოფელ კასტარიაში დაიბადა. მისი მშობლები ღარიბი მიწათმოქმედები იყვნენ. წმიდანი ბევრს შრომობდა, მიწას ამუშავებდა, ცხვრებს მწყემსავდა. იგი უდრტვინველად ემორჩილებოდა მშობლებს. ხშირად გულმოწყალე ჭაბუკი თავის ულუფა საჭმელს და ტანსაცმელს გლახაკებს უნაწილებდა, რისთვისაც მრავალი საყვედურების დათმენა უწევდა მშობლებისაგან. ერთხელ, იმ თესლების უმეტესობა, რომელიც თავის მინდორზე უნდა დაეთესა, უპოვრებს მისცა, მაგრამ ღმერთმა დააჯილდოვა გულმოწყალებისათვის: იმ წელს წინანდელზე მეტი მოსავალი მოვიდა.
სიყმაწვილიდანვე წმიდანი ბევრს და გულმოდგინედ ლოცულობდა. ერთხელ დედამ იგი ლოცვის დროს ჰაერში ამაღლებული იხილა.
მამის სიკვდილის შემდეგ ლუკა დედისგან ფარულად წავიდა ათონის მთაზე და მორჩილად შედგა, მაგრამ ღმერთმა შეისმინა დამწუხრებული მშობლის ვედრება და იგი სასწაულებრივად დააბრუნა მშობლიურ სახლში. აქ მან ოთხიოდე თვე იცხოვრა, დაამშვიდა დედა, შემდეგ კი, უკვე მისი კურთხევით, იოანეს მთაზე განმარტოვდა. აქვე აღკვეცეს იგი ბერად ამ ადგილის მოსალოცად მოსულმა მღვდელმსახურებმა. ამის შემდეგ ლუკამ გააძლიერა თავისი ღვაწლი და უფალმა დაუცხრომელი მოღვაწეობისთვის განჭვრეტის ნიჭი მიმადლა.
იოანეს მთაზე შვიდი წელი დაჰყო ღირსმა მამამ, ამის შემდეგ კი, ბულგარელთა შემოსევამ აიძულა შეეცვალა მოღვაწეობის ადგილი და კორინთოს მიაშურა. აქ მან შეიტყო ერთი მესვეტე ბერის შესახებ, რომელიც პატრებში მოღვაწეობდა, მოძებნა იგი და 10 წელი მის მორჩილებაში იმყოფებოდა, შემდეგ კი დაბრუნდა სამშობლოში და კვლავ იოანეს მთაზე დამკვიდრდა. აქ ამომსვლელ ადამიანთა სიმრავლე არღვევდა ღირსი ლუკას მყუდროებას, ამიტომ მოძღვრის, თეოფილაქტეს კურთხევით იგი უფრო მივარდნილ ადგილას გადავიდა მოწაფესთან ერთად. სამი წლის შემდეგ არაბთა თავდასხმების გამო წმიდანი უდაბურ და უწყლო კუნძულზე ამპილზე გადასახლდა. მისი მოღვაწეობის უკანასკნელი ადგილი გახდა სტირი (სოტერიე). აქ ღირსი მამის ირგვლივ საძმო შემოიკრიბა და დაარსდა მცირე მონასტერი, რომლის ტაძარიც წმიდა დიდმოწამე ბარბარეს სახელზე აკურთხეს. ამ სავანეში ღირსი მამა მრავალ სასწაულს აღასრულებდა, კურნავდა სულიერ და ხორციელ სნეულებებს. მან წინასწარ განჭვრიტა აღსასრულის მოახლოება, კელიაში ჩაიკეტა და სამი თვის მანძილზე ემზადებოდა სიკვდილთან შესახვედრად. ღირსი მამა 946 წლის 7 თებერვალს აღესრულა. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „ხელთა შენთა შევვედრებ, უფალო, სულსა ჩემსა!“ შემდგომში მის საფლავზე ტაძარი ააგეს. წმიდანის უხრწნელი ნაწილებიდან მირონი გადმოდინდა და მრავალი კურნება აღესრულა.
წმიდა მეფე სოლომონ II (გამეფებამდე დავით არჩილის-ძე) დაიბადა 1772 წლის 7 (20) თებერვალს. მამამისი იმერეთის მეფის სოლომონ I-ის (+1784) ძმა იყო. დედა – ელენე კი ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ის (+1798) ასული. დავითი ძირითადად დედულეთში იზრდებოდა. ბიბლიური დავითის მსგავსად უფალმა ისიც ბავშვობაში გამოარჩია და უმემკვიდროდ დარჩენილმა იმერეთის მეფე სოლომონ I-მა ღვთის განგებით სიცოცხლეშივე უანდერძა ტახტი.
დავითი იზრდებოდა როგორც მომავალი მეფე. სარწმუნოებისა და სამშობლოსათვის თავგანწირვის მაძიებელი და თავისუფლებისთვის მებრძოლი.
თორმეტი წლის იყო დავითი, როდესაც იმერეთის მეფე სოლომონ I გარდაიცვალა. მეფის ანდერძის საწინააღმდეგოდ იმერეთის გავლენიანმა ფეოდალებმა მცირეწლოვანი დავითის არჩილის ძის ნაცვლად ტახტზე დავით გიორგის ძე (მეფე დავით II) აიყვანეს. გარდაცვლილი მეფის ანდერძის უგულებელყოფამ მღელვარება გამოიწვია ხალხში. ახალი მეფის პოლიტიკით უკმაყოფილო თავადები ცდილობდნენ სოლომონ I-ის ანდერძისაებრ იმერეთის სამეფო ტახტზე დავით არჩილის-ძე დაესვათ. სამწუხაროდ ეს სასიკეთო მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა.
1790 წელს მათხოჯთან გამართულ ბრძოლაში, მეფე დავით II დამარცხდა და ტახტზე ავიდა დავით არჩილის ძე – წმიდა მეფე სოლომონ II.
მეფემ აქტიურად დაიწყო ქვეყნის გაერთიანებისთვის ბრძოლა, მან ცოლად შეირთო ოდიშის მთავრის გრიგოლ დადიანის და მარიამ კაცის ასული, მის სამეფოში შედიოდა გურიის სამთავრო და ქართლ-კახეთის სამეფოსთან სისხლით ნათესაობა აკავშირებდა. წმიდა სოლომონ II-ის მოძღვარი იყო წმიდა ილარიონ ყანჩაველი. მათმა სულერმა კავშირმა და ერთნაირმა სახელმწიფოებრივმა მსოფლმხედველობამ განაპირობა სამეფოში ბევრი სასიკეთო ცვლილებები. სარწმუნოებრივი და სახელმწფოებრივი აზროვნების განვითარებისა და განმტკიცების მიზნით მეფემ გააძლიერა ეკლესია და დააწინაურა ღირსეული ადამიანები. მეფე სოლომონ II საკუთარი მამულებით აჯილდოვებდა ქვეყნის ერთგულ თავადებს, დაუმტკიცა იერუსალიმის ეკლესიას იმერეთში მამულები და გადასახადები, განუახლა გუჯარი ბიჭვინთის ეკლესიას…
ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების შემდეგ რუსეთის მთავრობა ყოველნაირად ცდილობდა იმერეთის სამეფოს მიერთებასაც. გამჭრიახი და შორსმჭვრეტელი წმიდა სოლომონი კარგად ხედავდა რომ ქვეყნის განთავისუფლებისა და გაერთიანების იდეა ნელ-ნელა იმსხვრეოდა ისტორიულ სინამდივლესთან შეჯახებით, სოლომონი ცდილობდა თავისუფლება შეენარჩუნებინა იმერეთის სამეფოსთვის, წმიდანის პოლიტიკური ლავირებები რუსეთსა და ოსმალეთ შორის წარუმატებლად დამთავრდა. რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I ბრძანებით 1810 წლის 20 თებერვალს წმიდა სოლომონ II ტახტიდან ჩამოაგდეს და იმერეთში რუსეთის მმართველობა გამოცხადდა.
წმიდა სოლომონ II მოტყუებით შეიპყრეს და თბილისში ჩაიყვანეს, მაგრამ მეფემ მოახერხა გაქცევა და ახალციხის საფაშოს შეაფარა თავი. საიდანაც ხელმძღვანელობდა ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას. 1810 წლის იმერეთს აჯანყება რუსეთის მთავრობამ კვლავ სისხლში ჩაახშო და წმიდა სოლომონ II-მ კვლავ ახალციხეს შეაფარა თავი, საიდანაც ოსმალეთში გადვიდა. წმიდა სოლომონი შვიდი წელი ცხოვრობდა ქალაქ აზმურში, შემდეგ კი ტრაპიზონში გადვიდა სადაც პატივით მიიღო იქაურმა ფაშამ, წარმოშობით ქართველმა თავადმა.
შემორჩენილია სოლომონ II-ის მიერ ტრაპიზონის ბერძნული ეკლესიისადმი შეწირული ოქროთი მოჭედილი ბერძნული სახარება წარწერით: “შეიწირე წმიდა გიორგი აქა მდებარე სრულად იმერთა მეფე ძე ქართლისა მეორე სოლომონის მიერ წმ. ესე სახარება”, მეორე გვერდზე მოხსენიებულია მეფის მოძღვარი იესე ყანჩაველი – (წმ. ილარიონ ქართველი) ემიგრაციაში ყოფნის დროს წმიდა სოლომონ II დაუცხრომლად იბრძოდა ქვეყნის განთავისუფლებისთვის, რომელსაც რა თქმა უნდა ამ ქვეყნად ვერ მოესწრო. გარდაიცვალა ტრაპიზონში 1815 წლის 7(20) თებერვალს დაკრძალეს ბერძენთა ეკლესიის გალავანში.
წმიდა სოლომონ II კანონიზაცია მოხდა 2005 წლის 27 ივლისს საქართველოს ეკლესიის მიერ წმიდა სინოდის მიერ, მანამდე კი წმიდა სოლომონ II-ის ნეშტი ტრაპიზონიდან გადმოასვენეს და დაკრძალეს გელათის მონასტერში.