„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).
ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).
ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

4.03.2026. დიდი მარხვის მე-2 შვიდეული.
ხუთშაბათი. მარხვა
ღირსისს ლეონ კატანელისა ეპისკოპოსისა (780); მღვდელმოწამისა სადოკ სპარსელ ეპისკოპოსისა და მის თანა 128-თა მოწამეთა (342-344); ღირსისა აღათონ რომის პაპისა (682).
დღის ლოცვები
ღირსი ლეონის, კატანელი ეპისკოპოსის, კონდაკი:
ვითარცა რა მნათობი დიდი აქუ შენ ეკლესიასა, ყოვლადნეტარო ლეონი, და უფროის მზისა განაბრწყინვებ მას, რომელიცა უკუე დაიცევ, ღირსო, უძლეველად და შეურყეველად, და შეუგინებელადცა მწვალებელთაგან, ვითარცა მარადის მოხსენებულმან.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ხუთშაბათსა დილას
უფალო, ღმერთო ყოვლის-მპყრობელო, გულთ მეცნიერო და გულის-სიტყვათა მპყრობელო, რომელმან პყრობილჰყვენ ზღვანი და ხმელნი, ქალაქნი და მდინარენი ნათესავისათვის კაცთასა შენდა შევრდომითა! უფალო იესო ქრისტე ღმერთო ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, კრაო და მწყემსო ჭეშმარიტო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი შენ, სახიერო, დაამდოვრენ ღელვანი და აღტეხანი გულისა ამის ჩემისანი, და აღტყინებანი და აღძვრანი ხორცთა ჩემთანი, მოვლინებულნი უხილავთა მტერთა მიერ, და ვითარცა დააცხრვე და განაქარვე აღტეხაი იგი ზღვისა და დააყუდენ ქარნი მძაფრნი და იხსენ მოწაფენი შენნი დანთქმისაგან, ეგრეთვე შენ, მეუფეო, მოიხილე ჩემზედა მონასა ამას შენსა და მიხსენ აღტყინებისაგან მოუდრეკელთა მათ ხორცთა ჩემთასა! გარე უკუნ-აქციე გულისთქმაი ესე საშინელი, წარსაწყმედელი სულისა ხორცისა ჩემისა! გულს-მოდგინე მყავ მოხსენებად ჟამსა ამას ჯვარცმისა შენისა, გვერდისა შენისაგან გარდამოთხეულსა სისხლსა და წყალსა და კვალად დღე იგი საშინელი განკითხვისა და მიხსენ ვნებათა ამათგან მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ხუთშაბათსა დაწოლისასა
მომეც ჩვენ, მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო მეოხებითა წმიდათა შენთა მოციქულთათა ძილი მშვიდობისა და განსვენებისა სულისა და ხორცთასა! და მიცევ მე ყოვლისაგან საცთურისა ღამისა და ბნელისაგან ბოროტისა: დააცხვრენ აღძვრანი ვნებათანი, დაჰშრიტე მხურვალებაი ხორცთა და მომეც გულის-სიტყვაი და უბიწო მოქალაქობაი, ღამე ყოველ გალობით დიდებისმეტყველებაი, რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცული შენდა დიდებასა შევჰსწირვიდეთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
VI ჟამზე: ეს. 6: 1-12
1. მეფე ყუზიას სიკვდილის წელს ვიხილე უფალი, მჯდარი ამაღლებულ, ზეამართულ ტახტზე, და მისი კალთები ავსებდა ტაძარს. 2. თავთით სერაფიმები ედგნენ, ექვს-ექვსი ფრთა ესხა თითოეულს; ორით სახეს იფარავდნენ, ორით ფეხებს იფარავდნენ, ორით ფრენდნენ. 3. ერთი მეორეს გასძახოდნენ და ამბობდნენ: წმიდაა! წმიდაა! წმიდაა ცაბაოთ უფალი! მისი დიდებით სავსეა ქვეყნიერება! 4. შეიძრა ზღურბლთა საძირკვლები ამ ძახილის ხმაზე და კვამლით აივსო სახლი. 5. ვიფიქრე: ვაი მე, დავიღუპე, რადგან ბაგეუწმიდური კაცი ვარ და ბაგეუწმიდურ ხალხში ვცხოვრობ-მეთქი, ჩემმა თვალებმა კი მეუფე, ცაბაოთ უფალი იხილეს. 6. მოფრინდა ჩემთან ერთ-ერთი სერაფიმი და ხელში სამსხვერპლოდან აღებული მუგუზალი ეჭირა მაშით. 7. ბაგეზე შემახო და მითხრა: აჰა, შეეხო ეს შენს ბაგეს და მოგცილდა უკეთურება, მიტევებულია შენი ცოდვა. 8. მომესმა ხმა მეუფისა, რომელიც ამბობდა, ვინ მივავლინო და ვინ გაგვეგზავნება? ვთქვი: აჰა, მიმავლინე. 9. თქვა: წადი და უთხარი მაგ ხალხს: სმენით მოისმენთ, მაგრამ ვერ გაიგებთ; ხილვით იხილავთ, მაგრამ ვერ მიხვდებით. 10. უგრძნობს გახდი მაგ ხალხის გულს, სასმენელთ დაუმძიმებ და სახედველთ აუხვევ, რომ თვალით ვერ ხედავდეს, ყურით ვერ ისმენდეს, გულით ვერ ხვდებოდეს, რომ არ მოიქცეს და არ განიკურნოს. 11. ვთქვი: როდემდის, უფალო? თქვა: ვიდრე ქალაქები უმკვიდროდ არ გადაშენდება, სახლები არ გაუკაცრიელდება და მიწა არ გაუდაბურდება. 12. გადახვეწავს ადამიანებს უფალი და დიდი უდაბურება დასადგურდება ქვეყანაში.
მწუხრზე: დაბ. 5: 1-24. იგავ. 6: 3-20
1. ეს არის ადამის წარმოშობის წიგნი: როცა გააჩინა ღმერთმა ადამი, ღვთის მსგავსად შექმნა იგი; 2. მამაკაცად და დედაკაცად გააჩინა ისინი, აკურთხა და უწოდა მათ სახელად ადამი, მათი შექმნის დღეს. 3. ადამმა ას ოცდაათი წელი იცოცხლა და შეეძინა თავისი მსგავსი და თავისი ხატი, და უწოდა სახელად შეთი. 4. შეთის დაბადების შემდეგ შეემატა ადამს რვაასი წელი და შვა ძენი და ასულნი. 5. სრული ხანი ადამისა, რაც იცოცხლა, იყო ცხრაას ოცდაათი წელი და მოკვდა. 6. იცოცხლა შეთმა ას ხუთი წელი და შვა ენოში. 7. იცოცხლა შეთმა ენოშის დაბადების შემდეგ რვაას შვიდი წელი და შვა ძენი და ასულნი. 8. სრული ხანი შეთისა იყო ცხრაას თორმეტი წელი, და მოკვდა. 9. იცოცხლა ენოშმა ოთხმოცდაათი წელი და შვა კაინანი. 10. იცოცხლა ენოშმა კაინანის დაბადების შემდეგ რვაას თხუთმეტი წელი და შვა ძენი და ასულნი. 11. სრული ხანი ენოშისა იყო ცხრაას ხუთი წელი, და მოკვდა. 12. იცოცხლა კაინანმა სამოცდაათი წელი და შვა მაჰალალეელი. 13. იცოცხლა კაინანმა მაჰალალეელის დაბადების შემდეგ რვაას ორმოცი წელი და შვა ძენი და ასულნი. 14. სრული ხანი კაინანისა იყო ცხრაას ათი წელი, და მოკვდა. 15. იცოცხლა მაჰალალეელმა სამოცდახუთი წელი და შვა იარედი. 16. იცოცხლა მაჰალალეელმა იარედის დაბადების შემდეგ რვაას ოცდაათი წელი და შვა ძენი და ასულნი. 17. სრული ხანი მაჰალალეელისა იყო რვაას ოთხმოდათხუთმეტი წელი, და მოკვდა. 18. იცოცხლა იარედმა ას სამოცდაორი წელი და შვა ენოქი. 19. იცოცხლა იარედმა ენოქის დაბადების შემდეგ რვაასი წელი და შვა ძენი და ასულნი. 20. სრული ხანი იარედისა იყო ცხრაას სამოცდაორი წელი, და მოკვდა. 21. იცოცხლა ენოქმა სამოცდახუთი წელი და შვა მეთუშალახი. 22. დადიოდა ღმერთთან ენოქი მეთუშალახის დაბადების შემდეგ სამასი წელი და შვა ძენი და ასულნი. 23. სრული ხანი ენოქისა იყო სამას სამოცდახუთი წელი. 24. დადიოდა ღმერთთან ენოქი და აღარ იყო, რადგან წაიყვანა იგი ღმერთმა.
3. ამ დროს ასე მოიქეცი, შვილო, და იხსენი თავი, რადგან შენი ახლობელის ხელში ხარ ჩავარდნილი. მიდი, თავი შეაცოდე შენს ახლობელს და შეევედრე. 4. თვალებს ძილს ნუ მისცემ და წამწამებს – თვლემას. 5. იხსენი თავი, როგორც ქურციკმა მონადირის ხელიდან, როგორც ფრინველმა ფრინველმჭერის ხელიდან. 6. მიდი ჭიანჭველასთან, მცონარავ, დააკვირდი მის ქცევას და ჭკუა ისწავლე. 7. არა ჰყავს მას არც უფროსი, არც ზედამხედველი, არც ბატონი. 8. ზაფხულობით იმარაგებს თავის პურს, აგროვებს თავის საზრდოს მოსავლის აღებისას. 9. როდემდე უნდა გეძინოს, მცონარავ? როდის გაიღვიძებ ძილისგან? 10. მცირე ხანს გასტანს შენი ძილი, მცირე ხანს გასტანს შენი თვლემა, მცირე ხანს გასტანს შენი ხელდაკრეფა დასაძინებლად. 11. ყარიბივით მოგადგება შენი სიღარიბე და იარაღასხმული კაცივით – შენი გაჭირვება. 12. უგვანი ადამიანი, ბოროტი კაცი ცბიერი ბაგეებით დადის. 13. თვალებს ჭუტავს, ფეხებით ლაპარაკობს, თითებით ასწავლის; 14. ღალატია მის გულში, ავს ფიქრობს, სულმუდამ შუღლს თესავს. 15. ამიტომაც ანაზდად ეწევა უბედურებას, ერთბაშად განადგურდება და არავინ იქნება მხსნელი. 16. აჰა, ექვსი რამ უფლის საძულველი, და აჰა, შვიდი სიბილწე მის თვალში: 17. ამპარტავანი თვალები, ცრუ ენა, უბრალო სისხლის მღვრელი ხელები, 18. ავისმზრახველი გული, საბოროტოდ მარდი ფეხები, 19. ტყუილების აღმომსუნთქველი, ცრუ მოწმე და ძმათა შორის შუღლის მთესველი. 20. დაიმარხე, შვილო, მამაშენის ანდერძი და დედაშენის რჯულს ნუ გადახვალ.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
მღვდელმოწამე სადუკი, სპარსელი ეპისკოპოსი და მისი თანა 128 მოწამე (+342-344)
მღვდელმოწამე სადუკი, სპარსელი ეპისკოპოსი და მასთან ერთად 128 მოწამე სპარსეთში აღესრულნენ საპორ II-ის ზეობისას. სადუკი მღვდელმოწამე სვიმეონის (ხს. 17 აპრილს) მემკვიდრე იყო. ერთხელ, ძილში სვიმეონმა გააფრთხილა იგი მოსალოდნელი მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ. წმიდა მამა ცამდე წვერმიბჯენილი კიბის თავზე მდგომი ეჩვენა ეპისკოპოსს და უთხრა: „ამოდი ჩემთან, სადუკ, და ნუ შიშობ“. მალე მეფე საპორმა ქრისტიანთა დევნა წამოიწყო და ბრძანა, შეეპყროთ სადუკი ღვთისმსახურთა დასთან და სამწყსოსთან ერთად. სულ 128 კაცი დაატუსაღეს, მათ შორის – 9 ქალწული. ისინი საპყრობილეშო ჩააგდეს, სადაც 5 თვის განმავლობაში სასტიკად აწამებდნენ და ითხოვდნენ, განეგდოთ ქრისტიანობა და მზისა და ცეცხლისთვის ეცათ თაყვანი. წმიდა მოწამეები გაბედულად პასუხობდნენ: „ჩვენ ქრისტიანები ვართ და ერთადერთ, ჭეშმარიტ ღმერთსა ვცემთ თაყვანს“. ქრისტეს მარტვილებს თავი მოჰკვეთეს. ღირსი აღათონი, რომის პაპი (+682)
ღირსი აღათონი, რომის პაპი მდიდარი და კეთილმსახური ქრისტიანების შვილი იყო და მათი წყალობით კარგი განათლებაც მიიღო. მშობლების სიკვდილის შემდეგ ნეტარმა მამამ მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, თვითონ კი ბერად აღიკვეცა. მისი კეთილმსახური ცხოვრება ადამიანთაგან დაფარული არ დარჩენილა, 679 წელს წმიდა რომის პაპად იქნა არჩეული. ღირსი აღათონი სიკვდილამდე ბრძნულად განაგებდა სამწყსოს.წმიდა ლეონი, კატანელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 780)
წმიდა ლეონი, სიცილიის ქალაქ კატანის ეპისკოპოსი, განთქმული იყო თავისი სიკეთით, გულმოწყალებით, გლახაკებისა და მწირების სიყვარულით. უფალმა მას სნეულებათა კურნებისა და სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა. წმიდა ლეონის ეპისკოპოსობის დროს კატანში ცხოვრობდა მოგვი ილიოდორი, რომელიც ხალხს თავისი სასწაულებით აოცებდა. ილიოდორი თავდაპირველად ქრისტიანი იყო, მაგრამ შემდგომ უარყო მაცხოვრის სარწმუნოება და დემონის მსახური გახდა. მღვდელმთავარი ლეონი ხშირად შეაგონებდა ჯადოქარს, ხელი აეღო ბოროტმოქმედებაზე და სინანულით განწმენდილი, უფალს მობრუნებოდა, მაგრამ ამაოდ. უსჯულოს თავხედობა იქამდე მივიდა, რომ თვით წმიდა ეპისკოპოსის აბუჩად აგდებაც კი გადაწყვიტა. ის სამეუფო წირვის დროს შევიდა ტაძარში და თავის ჯადოქრობით მრევლში შფოთი და აურზაური გამოიწვია: ზოგმა ფეხების ბაკუნი დაიწყო, ზოგმა – უაზრო ხარხარი, სხვები საშინელ მრისხანებაში ჩავარდნენ. ილიოდორი იმუქრებოდა, თავად ეპისკოპოსსაც ღვთისმსახურთა დასით ხტუნვასა და ცეკვა-თამაშს დავაწყებინებო. ღირსი ლეონი მიხვდა, რომ უწყინარი შეგონებების დრო დამთავრდა, მუხლი მოიყარა ტრაპეზის წინაშე, მხურვალედ ილოცა, შემდეგ გამოვიდა საკურთხევლიდან, ომოფორი ყელზე შემოაჭდო უსჯულოს, მოედანზე გაიყვანა და აიძულა, საჯაროდ ეღიარებინა ყველა ცოდვა. ამის შემდეგ მწყემსმთავარმა ხალხს დიდი კოცონი დააგზნებინა და გრძნეულთან ერთად შიგ შევიდა ისე, რომ ომოფორისთვის ხელი არ გაუშვია. ეშმაკის მსახური მალე დანახშირდა და ჩაიფერფლა, წმიდა ლეონი კი სრულიად უვნებელი გამოვიდა ცეცხლიდან და მშვიდად დაასრულა საღვთო ლიტურღია. ამ სასწაულმა სიცოცხლეშივე დიდად გაუთქვა სახელი ღირს მამას.წმიდანი მოხუცებულობაში მიიცვალა. მისი უხრწნელი ცხედრიდან ღვთის სადიდებლად კეთილსურნელოვანმა მირონმა იწყო დენა.