10.03.2026. დიდი მარხვის მე-3 შვიდეული. სამშაბათი

10.03.2026. დიდი მარხვის მე-3 შვიდეული. სამშაბათი

           „… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

          … მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3). 

          ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).

          ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

 10.03.2026. დიდი მარხვის მე-3 შვიდეული.

სამშაბათი. მარხვა

ტარასი კონსტანტინეპოლელ პატრიარქისა, რომელმან პატიოსანთა ხატთა თაყვანისცემა იქადაგა (806); მოწამისს ალექსანდრესიი„ რომელი ეწამა თრაკიის დრიზიპარში (III-IV); მღვდელმოწამისა რიგინისა, სკოპელოსელ ეპისკოპოსისა; მღვდელმოწამისა მარკელე კვიპრელ ეპისკოპოსისა; მოწამისა აბდალმესია ჰურიისა.

დღის ლოცვები

ტარასის, კონსტანტინეპოლელი მთავარეპისკოპოსის კონდაკი:
მართლმადიდებლობისა მოძღურებითა ეკლესია განაბრწყინვე და ქრისტეს პატიოსნისა ხატისა გამოწერა გამოაჩინე, სანატრელო, და თაყვანისცემაი მისი ყოველთა უქადაგე, და განაქიქენ უღმრთონი ხატთა მბრძოლნი მწვალებელნი; ამისთვის გიღაღადებთ შენ: გიხაროდენ, ჰოი, მამაო ბრძენო ტარასი.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა

ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსა

უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

დღის საკითხავები

 

VI ჟამზე: ეს. 9: 9-10: 4

9. აგურები ჩამოცვენილია, თლილი ქვებით დავიწყებთ შენებასო; ლეღვსულელი გახეხილია, კედარით შევცვლითო. 10. აუმხედრებს მას უფალი რეცინის მტრებს და ააგულიანებს მის დუშმანებს. 11. არამი აღმოსავლეთით და ფილისტიმელი დასავლეთით – და პირაშკმით ჭამენ ისრაელს. მაინც არ დამცხრალა მისი რისხვა და კვლავ მოღებულია მისი ხელი. 12. ხალხი არ მიქცეულა თავისი მგვემელისკენ და ცაბაოთ უფალს არ ეძიებს. 13. მოსწყვიტა ისრაელს უფალმა თავი და კუდი, რტოები და ღერო ერთ დღეს. 14. მოხუცი და პატივდებული თავია, სიცრუის ქადაგმოძღვარი კი – კუდი. 15. ამ ხალხს მისი წინამძღოლნი გზა-კვალს ურევენ და მათგან გაძღოლილნი იკარგებიან. 16. ამიტომაც თავის ჭაბუკებზე არ ხარობს უფალი და ქვრივ-ობლებს არ იბრალებს, რადგან ყველანი უკეთურნი და ბოროტეულნი არიან, და ყოველი პირი სიბილწეს ლაპარაკობს. მაინც არ დამცხრალა მისი რისხვა და კვლავ მოღერებულია მისი ხელი. 17. რადგან აღიგზნო ბოროტება, როგორც ცეცხლი, ძეძვისა და ნარ-ეკლის შემჭმელი, აბრიალდება უსიერ ტევრში და აღიმართება კვამლის სვეტები. 18. ცაბაოთ უფლის რისხვისაგან დაბნელდება მიწა და ხალხი ცეცხლის კერძი შეიქნება, ერთი მეორეს არ დაინდობს. 19. მარჯვნივ გამოგლეჯს, მშიერი დარჩება; მარცხნივ შეჭამს, ვერ გაძღება. ყველანი თავის მკლავის ხორცს დაუწყებენ ჭამას. 20. მენაშე ეფრემს, ეფრემი მენაშეს, ორივენი ერთად იუდას ესხმის. მაინც არ დამცხრალა მისი რისხვა და კვლავ მოღერებულია მისი ხელი.

1. ვაი უსამართლო განაჩენის გამომტანთ და უკანონო მსჯავრისმდებელთ, 2. სამართლისგან რომ განარიდებენ ღარიბ-ღატაკთ, ამტყუნებენ ჩემი ერის ჩაგრულს, ქვრივებს ნადავლად იტაცებენ და ობლებს ძარცვავენ! 3. რას იზამთ განკითხვისა და დაქცევის დღეს, შორიდან რომ მოდის? ვისთან გაიქცევით შეწევნისთვის და თქვენს დიდებას სად დატოვებთ? 4. ვინ სად ჩაიჩოქებს ტყვეთა შორის, ვინ სად დაეცემა დახოცილთა შორის! მაინც არ დამცხრალა მისი რისხვა და კვლავ მოღერებულია მისი ხელი.

მწუხრზე: დაბ. 7: 1-5. იგავ. 8: 32 – 9: 11

1. უთხრა უფალმა ნოეს: შედი კიდობანში მთელი შენი სახლითურთ, რადგან მართალ კაცად გცანი ჩემს წინაშე ამ თაობაში. 2. ყოველი წმიდა პირუტყვისგან შვიდ-შვიდი წაიყვანე, მამალი და დედალი; უწმიდური პირუტყვისგან – ორ-ორი, მამალი და დედალი. 3. ცის ფრინველისგანაც შვიდ-შვიდი, მამალი და დედალი, რათა გადარჩეს თესლი მთელს ქვეყანაზე. 4. რადგან შვიდი დღის შემდეგ ორმოც დღესა და ორმოც ღამეს ვაწვიმებ ქვეყანაზე და წარვხოცავ მიწის პირისაგან ყოველ არსებას, რაც კი შემიქმნია. 5. ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც უფალმა ღმერთმა დაარიგა.

32. ახლა კი მისმინეთ, შვილებო! ნეტარნი არიან, ვინც ჩემს გზებს იცავენ! 33. მოისმინეთ შეგონება, დაბრძენდით და ნუღარ მიატოვებთ. 34. ნეტარია კაცი, მე რომ მისმენს, ჩემს კარებთან ფხიზლობს დღენიადაგ და ჩემი კარის წყრთილებს იცავს. 35. ვინაიდან ჩემმა მპოვნელმა სიცოცხლე ჰპოვა და უფლისგან მადლს მოიხვეჭს. 36. ჩემი შემცოდე კი თავის თავს ავნებს. ყველას, ჩვენს მოძულეს, სიკვდილი უყვარს.

1. სიბრძნემ სახლი აიშენა, მისი შვიდი ბოძი გათალა. 2. დაკლა თავისი საკლავი, გააზავა თავისი ღვინო და გაშალა თავისი ტაბლა, 3. გაგზავნა თავისი მხევლები, გადასძახა ქალაქის მაღლობებიდან: 4. ბრიყვი ვინც არის, აქეთ მობრუნდეს! ჭკუათხელებს კი უთხრა: 5. მოდით, დაპურდით ჩემი პურით და შესვით ჩემი განზავებული ღვინო. 6. მიატოვეთ სიბრიყვე და იცოცხლებთ, ჭკვიანური გზით იარეთ. 7. ღვთისმგმობელის დამრიგებელი დამცირებას იხვეჭს, ბოროტეულის მამხილებელი – შეურაცხყოფას; 8. ნუ ამხილებ ღვთისმგმობელს, თორემ შეგიძულებს; ამხილე ბრძენი და შეგიყვარებს; 9. მიეცი დარიგება ბრძენს და კიდევ უფრო დაბრძენდება, ასწავლე მართალს და ცოდნას შეიმატებს. 10. უფლის შიში სიბრძნის სათავეა, სიწმინდეთა ცოდნა კი გონიერება. 11. რადგან ჩემით გამრავლდება შენი დღენი და მოგემატება სიცოცხლის წლები.

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით

                                                                    (1 ინ. 3: 14)

 

წმიდა ტარასი დიდგვაროვანთა ოჯახის ჩამომავალი იყო. იგი კონსტანტინეპოლში დაიბადა და აღიზარდა, განათლებაც იქვე მიიღო. ღრმად განსწავლული ჭაბუკი მალე დაწინაურდა კონსტანტინე VI პორფიროგენეტის (780-797) და მისი დედის, დედოფალ ირინეს (797-82, ხს. 7 აგვისტოს) კარზე და სენატორის ხარისხს მიაღწია. იმ ხანებში ეკლესიურ ცხოვრებას აშფოთებდა ხატმებრძოლთა ერესი. წმიდა პატრიარქი პავლე (780-784: ხს. 30 აგვისტოს) მწვალებლებს არ თანაუგრძნობდა, მაგრამ მერყევი ხასიათის გამო მათ წინააღმდეგ გადამჭრელი ზომების მიღებასაც ვერ ახერხებდა, ამიტომ ნებით გადადგა ტახტიდან, მონასტერს მიაშურა და სქემა შეიმოსა. როცა ყოფილი პატრიარქი დედოფალმა ელენემ მოინახულა ძესთან ერთად, პავლემ განაცხადა, ჩემი ერთადერთი ღირსეული მემკვიდრე ტარასიაო. ტარასი, იმ დროს ჯერ კიდევ ერისკაცი, დიდხანს უარობდა, რადგან ასეთი მაღალი ხარისხისთვის თავი უღირსად მიაჩნდა, მაგრამ ბოლოს დაჰყვა მვედრებელთა ნებას ერთი პირობით – ხატმბრძოლობის ერესის დასაგმობად მსოფლიო კრება უნდა მოწვეულიყო. წმიდანმა მოკლე ხანში გაიარა იერარქიის ყველა საფეხური და 784 წელს პატრიარქის ტახტზე აღსაყდრდა. 787 წელს ტარასის თავმჯდომარეობით ქ. ნიკეაში გაიმართა VII მსოფლიო კრება, რომელსაც 367 ეპისკოპოსი ესწრებოდა. კრების მამებმა დაამტკიცეს წმიდა ხატების თაყვანისცემის წესი. ის მღვდელმთავრები, რომლებმაც მოინანიეს ხატმბრძოლობა, ეკლესიამ კვლავ მიიღო თავის წიაღში.
წმიდა ტარასი 22 წლის მანძილზე ბრძნულად განაგებდა სამწყსოს. იგი მკაცრი ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა; მთელი ქონება საქველმოქმედო საქმეებს გადააგო: ზრდიდა და განუსვენებდა მოხუცებს, გლახაკებს, ობლებსა და ქვრივებს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე მათთვის ტრაპეზს აწყობდა, რომელზეც თვითონ მსახურობდა. წმიდა პატრიარქმა უშიშრად ამხილა იმპერატორი კონსტანტინე, როცა მან ცილი დასწამა თავის მეუღლეს მარიამს იმ მიზნით, რომ მონასტერში გამოეკეტა იგი, თვითონ კი ხორციელ ნათესავზე დაქორწინებულიყო. წმიდა ტარასიმ მტკიცე უარი განაცხადა იმპერატორის განქორწინებაზე, რის გამოც მისი საშინელი რისხვა დაატყდა თავს, მაგრამ მალე კონსტანტინე დედამისმა, ირინემ ჩამოაგდო ტახტიდან. მღვდელმთავარი ტარასი გარდაიცვალა 806 წელს. აღსასრულის ჟამს ეშმაკები მიეახლნენ წმიდანს, ახსენებდნენ მთელს ცხოვრებას სიყრმიდან მოყოლებული და ცდილობდნენ, ისეთი ცოდვებიც მიეწერათ მისთვის, რომლებიც არასოდეს ჩაედინა. „ცილსა მსწამებთ, თქვენ არანაირი ძალაუფლება არა გაქვთ ჩემზე!“ – შერისხა ბოროტი სულები ღირსმა მამამ და მშვიდად შეჰვედრა სული უფალს. სამწყსო მხურვალე ცრემლებით დასტიროდა საყვარელ მღვდელმთავარს. მის საფლავთან მრავალი კურნება აღესრულა.