11.03.2026. დიდი მარხვის მე-3 შვიდეული. ოთხშაბათი

11.03.2026. დიდი მარხვის მე-3 შვიდეული. ოთხშაბათი

           „… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

          … მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3). 

          ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).

          ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

 11.03.2026. დიდი მარხვის მე-3 შვიდეული.

ოთხშაბათი. მარხვა

პორფირისა, ღაზელი მთავარეპისკოპოსისა (420); მოწამეთა: ანატოლიასი, ფოტოსი, ფოტიდასი, პარასკევასი, კირიაკიასი, დომნინასი და სებასტიანესი (54-68); ახალმოწამისა იოანე კალფასი, კონსტანტინეპოლელისა (1575).

დღის ლოცვები

პორფირის, ღაზელი მთავარეპისკოპოსის კონდაკი:
მღდელობისა წესითა შემკობილ იქმენ და სამღდელონი სამკაულნი შეიმოსენ, ყოვლადსანატრელო ღმრთივგანბრძნობილო პორფირი, და კურნებისა სიმაღლითა განშუენდი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, სავედრებელი ყოვლადწმიდისა მიმართ, ოთხშაბათსა დილას

ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულისთქმათაგან, და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე, და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროის რიცხვისა ქვიშისა, შეყროლდეს და დალბეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა: შენ, დედაო ღვთისა ჩვენისაო, მარადის განგარისხე არაწმინდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე, დედუფალო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე მეცა შენგან ვაიმე, ვაიმე დაბნელებული, ნუ, დედუფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე მტერთა ჩემთა! აღადგინე გულის სიტყვა ჩემი სინანულად, და ხელპყრობილმყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღვრებითა ვჰსცხონდე. ჰე, დედაუფალო წმიდაო, დედაო კაცთ-მოყვარისა ღვთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლე იგი მეოხებითა შენითა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკვდიდ! მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთათა და განვჰსწმიდნე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა, და უფროს თოვლისა განვჰსპეტაკნე. ჰე, დედაო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი და ვედრებაი ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა სინანულით უცდომელად, და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, რაჟამს მეგულებოდეს სიტყვად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი, დედუფალო, მოწყალითა თვალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყვის მიმხდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა, და მექმენ მე ვაქილ და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი! მაშინ წარმადგინე მე ურცხვენელი და ცხოვნებული, საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა, დიდებად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და დაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა და სულისა მისისა ცხოველსმყოფელისა ერთისა და დასაბამ ნათელთასა, და თანაარსისა სამებისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ძილად დაწოლისა, ოთხშაბათსა

აღსვლასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი განსვენებისათვის ხორცთა ჩემთასა, რათა მძინარეცა შენვე გაქებდე, რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონება და გულის სიტყვანი ჩემნი! წმიდა ჰყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოსი შენი, მცველად აღდგომისა ჩემისა, რათა დავიმარხნე ხორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშვებ ჩემ ზედა სატანასა ბოროტსა და მარადის მოძულესა სიწმიდისა შენისასა, მოყვარესა სულსა ამაოებისასა, და რათა ჟამსა განღვიძებისა ჩემისასა განვიმარტნე ხელნი ჩემნი სახედ ჯვარისა შენისა უფალო, და შენ ჯვარცმულსა აღგიარნე ბრალნი ჩემნი და მე განძლიერებული ესრეთ გიღაღადებდე: უფალო, დაიცევ მეფეი და ქალაქი ჩემი, მეფე, რომელ არს სული ჩემი და ქალაქი გვამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად სამკვიდრეელად სიწმიდისა შენისა ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, დავჰსწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯვარითა შენითა, და დავიძინებ მინდობითა საფარველისა შენისათა. მამაო დამიცევ, ძეო დამიფარე, და სულო წმიდაო შემიწყალე მე! მრავალმოწყალეო ღმერთო უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე უღირსი მონაი შენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტე შენისათა და წმინდა მყავ მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა, რათა განფრთხობილი არმურისა ბოროტთა ოცნებათაგან მტერისათა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირს ვიქმნე წმიდითა გონებითა მოსლვად და მოღებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განჰსწმედ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

ლიტურგია პირველშეწირულისა.

VI ჟამზე: ეს. 10: 12-20

12. როცა მოათავებს უფალი ყველა თავის საქმეს სიონის მთაზე და იერუსალიმში, მაშინ მოვკითხავ აშურის მეფეს მისი დიდგულობის ნაყოფს – მის ქედმაღლურ მზერას. 13. რადგან ნათქვამი აქვს: ჩემი ხელის ძალით ვქმენი ეს და ჩემი სიბრძნით, რადგან გამჭრიახი ვარ; მე გადავწიე ხალხთა სამანები და გავძარცვე მათი საგანძურები, ბუმბერაზივით ჩამოვყარე ტახტებზე მსხდომარენი. 14. ბუდესავით მოძებნა ჩემმა ხელმა ხალხთა საბადებელნი; მიტოვებულ კვერცხებს რომ კრეფენ, ისე ავკრიფე მთელი ქვეყანა, ფრთა არ შერხეულა, პირი არ გაღებულა, ხმა არ დაძრულა. 15. თუ ეყოყოჩება ცული მჩეხელს, თუ ედიდგულება ხერხი მხერხელს? ვითომ დაეღირება კვერთხი მის მომქნევს, ვითომ თავისით აღიმართება კეტი, თითქოს ხე არ იყოს? 16. ამიტომ სიმჭლევეს მოუვლენს მეუფე, ცაბაოთ უფალი მის ნასუქალებს და მისი დიდების ქვეშ ცეცხლის ხანძარივით ატყდება ხანძარი. 17. ცეცხლად გადაიქცევა ისრაელის ნათელი და ხანძრად – მისი წმიდა, ერთ დღეში დაწვავს და გადაბუგავს მის ძეძვს და ნარ-ეკალს. 18. გაანადგურებს სულით ხორცამდე მისი ჭალების და ბაღ-ვენახების დიდებას, ჩაჭკნება და ჩაიხაშმება. 19. გამეჩხერდება მისი მაღნარი და ბავშვიც კი დაითვლის დარჩენილ ხეებს. 20. იმ დღეს აღარ დაენდობა ისრაელის ნატამალი და იაკობის სახლის ნარჩომი თავის მგვემელს; უფალს, ისრაელის წმიდას, დაენდობა დარწმუნებით.

მწუხრზე: დაბ. 7: 6-9. იგავ. 9: 12-18

6. ექვსასი წლისა იყო ნოე, როცა წარღვნა მოხდა ქვეყნად. 7. შევიდნენ ნოე და მისი შვილები, მისი ცოლი და მისი შვილების ცოლები კიდობანში, რომ განრიდებოდნენ წარღვნას. 8. წმინდა პირუტყვი და უწმიდური პირუტყვი, ფრინველი და ყოველი ქვეწარმავალი 9. წყვილ-წყვილად შევიდნენ კიდობანში, დედალ-მამალი, როგორც ღმერთს ჰქონდა ნაბრძანები ნოესთვის.

12. თუ ბრძენი ხარ, შენთვის ხარ ბრძენი, თუ ღვთისმგმობელი ხარ, შენვე აგებ პასუხს. 13. სულელი ქალი მყვირალაა, ბრიყვი და არაფრის მცოდნე; 14. თავისი სახლის კართან ტახტზე ზის, ქალაქის მაღლობზე, 15. რათა მოიწვიოს სწორი გზით მოარულნი; 16. ბრიყვი ვინც არის, აქეთ მობრუნდეს! ჭკუათხელს იგი ეუბნება: 17. ტკბილია მოპარული წყალი, გემრიელია გადამალული პური. 18. არ კი იცის, რომ იქ აჩრდილნი არიან, რომ მისი წვეულნი შავეთის უფსკრულებში იმყოფებიან.

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით

                                                                    (1 ინ. 3: 14)

 

წმიდა მოწამე – სებასტიანე და ქრისტოდულე წმიდა ფოტინის რაზმის მეომრები იყვნენ. ისინი მახვილით აღესრულნენ იმპერატორ ნერონის (54-68) დროს.
წმიდა პორფირე ღაზელი დაახლოებით 346 წელს დაიბადა მაკედონიის ქალაქ თესალონიკეში. შეძლებულმა მშობლებმა მას კარგი განათლება მიაღებინეს. სიყრმიდანვე მონაზვნური ცხოვრებისკენ მიდრეკილმა ჭაბუკმა ოცდახუთი წლის ასაკში დატოვა სამშობლო და იერუსალიმში გაემგზავრა იქაური სიწმიდეების თაყვანისაცემად. ამის შემდეგ ღირსი მამა იორდანეს უდაბნოში დამკვიდრდა, სადაც მძიმედ დასნეულდა. განკურნების იმედით მან წმიდა ადგილების მოლოცვა გადაწყვიტა. ერთხელ, გოლგოთის ძირში მიგდებულმა, ავადმყოფობისგან ძალაგამოცლილმა წმიდანმა ჩვენებით იხილა მაცხოვარი, რომელიც ჯვრიდან გარდამოხდა და მას მიმართა: „მიიღე ეს ძელი და დაიცავი“. გამოღვიძებულმა პორფირემ სრული სიჯანსაღე იგრძნო. მაცხოვრის სიტყვები მალე აღსრულდა: იერუსალიმის პატრიარქმა წმიდანი მღვდლად აკურთხა და უფლის ცხოველსმყოფელი ჯვრის ძელის მცველად დაადგინა. იმ ხანებში ღირსმა მამამ მშობლებისგან მემკვიდრეობით 400 ოქროს მონეტა მიიღო, რომელიც გლახაკთა განკითხვისა და ტაძრების კეთილმოწყობას მოახმარა.
395 წელს გარდაიცვალა ქალაქ ღაზის (პალესტინა) ეპისკოპოსი. ადგილობრივი ქრისტიანები კესარიაში მივიდნენ მიტროპოლიტ იოანესთან და სთხოვეს, ისეთი ეპისკოპოსი დაედგინა მათთვის, რომელიც შეძლებდა წინ აღდგომოდა მომძლავრებულ წარმართებს. უფლის შთაგონებით მიტროპოლიტმა იერუსალიმელ ხუცესს პორფირეს მოუწოდა. კრძალვით და შიშით მიიღო წმიდანმა მღვდელმთავრის ხარისხი, თაყვანი სცა ცხოველმყოფელ ძელს და ახალი მორჩილების აღსასრულებლად გაეშურა. ღაზში მას დახვდა სამი ქრისტიანული ეკლესია უამრავი წარმართული სამსხვეპლოსა და კერპის გარემოცვაში. ამ დროს ქალაქში საშინელი გვალვა იყო. ქურუმები მსხვერპლს სწირავდნენ ბომონებს, მაგრამ უბედურებას ბოლო არ უჩანდა. პორფირემ ქრისტიანებს მარხვისკენ მოუწოდა, მწუხრის ლოცვა აღასრულა, შემდეგ კი ლიტანიით შემოუარა მთელ ქალაქს. უეცრად ცა მოიქუფრა, იჭექა და ხშირმა წვიმამ დაუშვა. ამ სასწაულის მხილველმა უსჯულოებმა ადიდეს ჭეშმარიტი ღმერთი. იმ დღეებში ორასზე მეტი კერპთაყვანისმცემელი მოინათლა.
მიუხედავად ამისა, წარმართები განაგრძობდნენ ქრისტიანთა შევიწროებას: თანამდებობიდან ანთავისუფლებდნენ მათ, გადასახადებს უმძიმებდნენ. მღვდელმთავარი პორფირე და მიტროპოლიტი იოანე კონსტანტინეპოლში გაემგზავრნენ, რომ იმპერატორისთვის შეწევნა ეთხოვათ. აქ მათ დახვდათ წმიდა მამა იოანე ოქროპირი.
იოანე და პორფირე დედოფალ ევდოქსიას წარუდგინეს, რომელიც მაშინ ორსულად იყო. „იზრუნე ჩვენზე, – უთხრეს მას ეპისკოპოსებმა, – და უფალი გამოგიგზავნის ძეს, რომელიც შენსავე სიცოცხლეში გამეფდება“. მართლაც, წმიდა მამების ლოცვით, იმპერატორს მემკვიდრე შეეძინა. ამის შემდგომ, 401 წელს გამოვიდა იმპერატორის ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც ღაზაში წარმართული სამსხვერპლოები უნდა დაემსხვრიათ და ქრისტიანებს პრივილეგიები მინიჭებოდათ. გარდა ამისა, დედოფალმა მღვდელმთავრებს სახსრებიც გამოუყო ქალაქში ახალი ტაძრის ასაშენებლად.
მღვდელმთავარმა პორფირემ სრულიად განამტკიცა ქრისტიანობა ღაზაში. ღირსი მამა 420 წელს გარდაიცვალა, ღრმა მოხუცებულობაში.
წმინდა მოწამე იოანე კალფა (ხუროთმოძღვარი) კონსტანტინოპოლის გარეუბანში ცხოვრობდა. ის პროფესიით ხუროთმოძღვარი იყო და თავის ხელოვნებაში ისეთ ოსტატობას მიაღწია, რომ ცნობილი დიდებულები აძლევდნენ შეკვეთებს. მას დაევალა სულთნის სასახლის შიდა ფასადის მოპირკეთებაც.
წმიდა იოანე ქრისტიანული გულმოწყალებით გამოირჩეოდა: ზრუნავდა ობლებზე, ტუსაღებზე, ბევრი მიმართავდა მას შემწეობის თხოვნით. ერთხელ ერთმა დიდებულმა სთხოვა წმიდანს, მოწაფედ აეყვანა მისი ძმისწული. იოანეც დათანხმდა და მალე ჭაბუკმა მისი შემწეობით სასახლეში საპატიო თანამდებობა დაიკავა. ერთხელ, ყოფილი მოწაფე შეხვდა თავის ოსტატს და, სხვათა შორის, ჰკითხა, – „რა არისო ნათქვამი ქრისტიანულ წიგნებში „წინასწარმეტყველ“ მუჰამედის შესახებ“? წმიდანს არ უნდოდა პასუხი გაეცა, მაგრამ ჭაბუკმა დაიჟინა და იოანემაც განუმარტა მას მაჰმადიანური სარწმუნოების სიცრუე და უსაფუძვლობა, ისლამის ერთგულმა მსახურმა თანამორწმუნეებს აცნობა, რომ ხუროთმოძღვარმა ჰგმო მაჰმადი. იოანე შეიპყრეს, სამსჯავროზე წარადგინეს და ქრისტეს უარყოფა მოსთხოვეს, მაგრამ წმიდანმა გაბედულად აღიარა მართლმადიდებლური სარწმუნოება. ნეტარი მარტვილი წამების შემდეგ კატორღაში გააგზავნეს, სადაც 6 თვე ქანცგაწყვეტამდე ამუშავებდნენ, შემდეგ საპყრობილეში ჩააგდეს და გვემეს, ბოლოს კი, 1575 წლის 26 თებერვალს, იგი სავაჭრო მოედანზე გადაიყვანეს და თავი მოჰკვეთეს. წმიდა იოანეს ღვაწლი აღწერა კონსტანტინეპოლის პატრიარქის იკონომოსმა ანდრიამ, რომელმაც აზიარა იგი საპყრობილეში წმიდა საიდუმლოს.