25.03.2026. დიდი მარხვის მე-5 შვიდეული. ოთხშაბათი

25.03.2026. დიდი მარხვის მე-5 შვიდეული. ოთხშაბათი

     „… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

     … მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).

     ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17). 

     ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

დიდი მარხვის მე-5 შვიდეული

25.03.2026. ოთხშაბათი

კეთილმსახურისა მეფისა მოწამისა დემეტრე თავდადებულისა (1289); წმ. გრიგოლ დიალოღონისა, რომის პაპისა (604); ღირსისა სვიმეონ ახალისა ღმრთისმეტყველისა (1021); ღირსისა თეოფანე აღმსარებელისა (818); მართლისა ფინეზისა (1500 წ. ქრისტეს შობამდე).

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე (1917 წ.) (აღესრულება სამადლობელი პარაკლისი და პანაშვიდი ავტოკეფალიის აღმდგენელთა სულთა საოხად).

დღის ლოცვები

ღირსი აღმსარებელის თეოფანე სიღრიანელის კონდაკი:
მაღლით მოიღე საღმრთო განცხადებაი და მოსწრაფედ წარხედ შორის საწუთოსა ამის შფოთისა, და მარტო მყოფობითა სასწაულთმოქმედება და წი-ნაისწარმეტყუელებაი ღირსად მოიგე, სიმდიდრისა და მეუღლისაგან დაკლებულმან.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, სავედრებელი ყოვლადწმიდისა მიმართ, ოთხშაბათსა დილას

ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულისთქმათაგან, და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე, და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროის რიცხვისა ქვიშისა, შეყროლდეს და დალბეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა: შენ, დედაო ღვთისა ჩვენისაო, მარადის განგარისხე არაწმინდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე, დედუფალო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე მეცა შენგან ვაიმე, ვაიმე დაბნელებული, ნუ, დედუფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე მტერთა ჩემთა! აღადგინე გულის სიტყვა ჩემი სინანულად, და ხელპყრობილმყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღვრებითა ვჰსცხონდე. ჰე, დედაუფალო წმიდაო, დედაო კაცთ-მოყვარისა ღვთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლე იგი მეოხებითა შენითა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკვდიდ! მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთათა და განვჰსწმიდნე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა, და უფროს თოვლისა განვჰსპეტაკნე. ჰე, დედაო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი და ვედრებაი ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა სინანულით უცდომელად, და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, რაჟამს მეგულებოდეს სიტყვად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი, დედუფალო, მოწყალითა თვალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყვის მიმხდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა, და მექმენ მე ვაქილ და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი! მაშინ წარმადგინე მე ურცხვენელი და ცხოვნებული, საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა, დიდებად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და დაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა და სულისა მისისა ცხოველსმყოფელისა ერთისა და დასაბამ ნათელთასა, და თანაარსისა სამებისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ძილად დაწოლისა, ოთხშაბათსა

აღსვლასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი განსვენებისათვის ხორცთა ჩემთასა, რათა მძინარეცა შენვე გაქებდე, რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონება და გულის სიტყვანი ჩემნი! წმიდა ჰყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოსი შენი, მცველად აღდგომისა ჩემისა, რათა დავიმარხნე ხორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშვებ ჩემ ზედა სატანასა ბოროტსა და მარადის მოძულესა სიწმიდისა შენისასა, მოყვარესა სულსა ამაოებისასა, და რათა ჟამსა განღვიძებისა ჩემისასა განვიმარტნე ხელნი ჩემნი სახედ ჯვარისა შენისა უფალო, და შენ ჯვარცმულსა აღგიარნე ბრალნი ჩემნი და მე განძლიერებული ესრეთ გიღაღადებდე: უფალო, დაიცევ მეფეი და ქალაქი ჩემი, მეფე, რომელ არს სული ჩემი და ქალაქი გვამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად სამკვიდრეელად სიწმიდისა შენისა ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, დავჰსწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯვარითა შენითა, და დავიძინებ მინდობითა საფარველისა შენისათა. მამაო დამიცევ, ძეო დამიფარე, და სულო წმიდაო შემიწყალე მე! მრავალმოწყალეო ღმერთო უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე უღირსი მონაი შენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტე შენისათა და წმინდა მყავ მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა, რათა განფრთხობილი არმურისა ბოროტთა ოცნებათაგან მტერისათა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირს ვიქმნე წმიდითა გონებითა მოსლვად და მოღებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განჰსწმედ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

ლიტურგია პირველშეწირულისა.

VI ჟამზე: ეს. 41: 4-14

4. ვინ ჩაიდინა ეს, ვინ მოიმოქმედა? თაობათა გამომხობმა დასაბამით. მე ვარ უფალი – პირველი და უკანასკნელი. მე ვარ იგი. 5. დაინახეს ზღვისპირელებმა და შეეშინდათ, ქვეყნის კიდეები შეძრწუნდნენ, მოახლოვდნენ და მოვიდნენ. 6. ერთმანეთს ეშველებიან, ერთი მეორეს ეუბნებიან: გამაგრდი! 7. მოქანდაკე ამხნევებს ჩამომსხმელს, უროთი მბეგველი – გვერდზე მცემელს; ეტყვის ნაწიბურზე, კარგიაო, და ამაგრებს ლურსმნებით, რომ არ ირყეოდეს. 8. შენ კი, ისრაელ, ჩემო მორჩილო, იაკობ, რომელიც ამოგარჩიე, ჩემი საყვარელი აბრაამის თესლო, 9. რომელიც წამოგიყვანე ქვეყნის კიდეებიდან და მისი შორი კუთხეებიდან გამოგიხმე, გითხარი: ჩემი მორჩილი ხარ შენ, ამოგარჩიე და არ უკუგაგდებ-მეთქი. 10. ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ მე; ნუ დაფრთხები, რადგან შენი ღმერთი ვარ მე; გაგამხნევებ და შეგეწევი ჩემი მხსნელი მარჯვენით-მეთქი. 11. აჰა, შერცხვება და მიიმალება ყველა შენი მრისხველი, არარად იქცევიან და დაიღუპებიან-მეთქი შენი მოდავენი. 12. ძებნას დაუწყებ მათ და ვერ იპოვნი, შენს მოშუღარ ხალხს; არარად იქცევიან შენს წინააღმდეგ ომის ამტეხნი. 13. რადგან მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, შენი მარჯვენის განმამტკიცებელი, მთქმელი შენდა მიმართ: ნუ გეშინია, მე შეგეწევი. 14. ნუ გეშინია მატლო იაკობ, ერთი შეწვა ისრაელო! მე შეგეწევი, ამბობს უფალი და შენი გამომსყიდველი ისრაელის წმიდა.

მწუხრზე: დაბ. 17: 1-9

1. ოთხმოცდაცხრა წლის იყო აბრამი, როცა გამოეცხადა უფალი აბრამს და უთხრა: მე ვარ ღმერთი ძლიერი. იარე ჩემს წინაშე და სრული იყავი. 2. დავდებ აღთქმას ჩემსა და შენს შორის და დიდად, დიდად გაგამრავლებ. 3. პირქვე დაემხო აბრამი და ასე ელაპარაკა მას ღმერთი: 4. ეს მე ვარ და, აჰა, ჩემი აღთქმაც უამრავ ხალხთა მამა შეიქნები! 5. აღარ გერქვას ამიერიდან სახელად აბრამი, არამედ აბრაამი იყოს შენი სახელი, რადგან უამრავ ხალხთა მამად გაქცევ. 6. დიდად, დიდად გაგამრავლებ, ხალხებად გაქცევ და მეფენი გამოვლენ შენგან. 7. დავდებ აღთქმას ჩემსა და შენს შორის და შენს შთამთმავალთა შორის თაობიდან თაობამდე, სამარადისო აღთქმას, რომ შენი და შენი შთამომავლობის ღმერთი ვიქნები. 8. მოგცემ შენ და შენს შთამომავლობას შენი მდგმურობის ქვეყანას, ქანაანის მთელს ქვეყანას, სამარადისო საკუთრებად და თქვენი ღმერთი ვიქნები. 9. უთხრა ღმერთმა აბრაამს: ოღონდ დაიცავით ჩემი აღთქმა შენ და შენმა შთამომავლობამ თაობიდან თაობამდე.

მწუხრზე: იგავ. 15: 20 – 16: 9

20. ბრძენი შვილი მამას ახარებს, ბრიყვ ადამიანს კი საკუთარი დედა ეჯავრება. 21. სისულელე ჭკუათხელის სიხარულია, ხოლო გონიერი კაცი სწორ გზაზე დადის. 22. თათბირის გარეშე ჩანაფიქრი იფუშება, მრავალი მრჩევლის შემწეობით კი ხორციელდება. 23. კაცის სიხარული მის ბაგეთა პასუხშია; რა კარგია დროულად ნათქვამი სიტყვა! 24. ცხოვრების გზა გონიერისათვის ზევით მიემართება, რათა ქვევით შავეთს ასცდეს. 25. ქედმაღალთა სახლს დაანგრევს უფალი, ქვრივის საბანს კი ზეაღმართავს. 26. უკეთურის ზრახვები სიბილწეა უფლის წინაშე, უმწიკვლოთა სიტყვები კი საამურია. 27. მომხეჭველი თავის სახლს აჩანაგებს, ქრთამის მოძულე კი იცოცხლებს. 28. მართლის გული პასუხს წონის, ბოროტეულთა პირიდან კი სიავე გადმოდის. 29. ბოროტეულთაგან შორს არის უფალი, მართალთა ლოცვას კი ისმენს. 30. თვალთა ნათელი გულს ახარებს, კეთილი ამბავი კი ძვლებს აპოხიერებს. 31. სასიცოცხლო მხილების გამგონე ყური ბრძენკაცთა შორის იმყოფება. 32. შეგონების აბუჩად ამგდები საკუთარი თავის მოძულეა, მხილების გამგონე კი გონებას იხვეჭს. 33. უფლის შიშით სიბრძნე ისწავლება და მორჩილება წინ უძღვის დიდებას.

1. გულის ზრახვები კაცს ეკუთვნის, ენის პასუხი კი უფლისაგან მოდის. 2. კაცის ყოველი გზა სუფთაა მის თვალში, სულთა ამწონი კი უფალია. 3. შენი საქმეები უფალს ჩააბარე და აღსრულდება შენი განზრახვები. 4. უფალმა ყოველივე საკუთარი მიზნისთვის შეჰქმნა, ასევე ურჯულოც ავი დღისათვის. 5. ყველა გულზვიადი სიბილწეა უფლის წინაშე; გჯეროდეს, დაუსჯელი ვერ გადარჩება. 6. სიწრფელით და ჭეშმარიტებით გამოისყიდება ცოდვა, უფლის მოშიშებით ბოროტებისგან თავს დაიხსნის კაცი. 7. თუ უფალს მოსწონს კაცის გზები, მტრებსაც კი შეარიგებს მასთან. 8. უკეთესია მცირედი, ოღონდ სიმართლით, ვიდრე დიდძალი მოგება უსამართლობით. 9. კაცის გული თავის გზებს გეგმავს, მის ნაბიჯებს კი უფალი წარმართავს. 

 

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე. საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო, მაგრამ მაცხოვრის გამოცხადებით თავის ნაცვლად ივერიაში წამოსასვლელად წმიდა ანდრია პირველწოდებული (ხს. 30 ნოემბერს) აკურთხა და თან თავისი ხატი გამოატანა.
წმიდა ანდრიამ და წმიდა სვიმონ კანანელმა (ხს. 10 მაისს) ქრისტეს სჯული იქადაგეს დიდაჭარაში, სამხრეთ საქართველოში, შემდგომ შავი ზღვის მთელ სანაპიროზე, სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ. წმიდა სვიმონ კანანელი აფხაზეთში დარჩა და იქვე აღესრულა მოწამეობრივად (დაკრძალულია ანაკოფიაში). სხვადასხვა დროს ქართლში ყოფილან მოციქულები: წმიდა მატათა (ხს. 9 აგვისტოს), წმიდა ბართლომე (ხს. 11 ივნისს). მატათას წმიდა ნაწილები აჭარაში, გონიოში განისვენებს.
IV საუკუნის დასაწყისში, სანამ აღმოსავლეთ საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდებოდა, დასავლეთში, კერძოდ, ბიჭვინთაში, საეკლესიო იერარქია უკვე არსებობდა: პირველ მსოფლიო კრებას ესწრებოდა ბიჭვინთის ეპისკოპოსი.
IV საუკუნის დასაწყისში, როცა რომში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, წმიდათა მოციქულთასწორთა მირიან და ნანას (ხს. 1 ოქრომბერს) მეფობის ჟამს, ღვთის სიტყვის საქადაგებლად ჩამოვიდა წმიდა ნინო (ხს. 14 იანვარს და 19 მაისს). შემდეგ, მირიან მეფის თხოვნით, წმიდა კონსტანტინე დიდმა (ხს. 21 მაისს) გამოგზავნა იოანე ეპისკოპოსი (325 წელს ნიკეის I საეკლესიო კრებამ იგი ანტიოქიის პატრიარქად აირჩია) ორი მღვდლითა და სამი დიაკვნით, რომელთაც ნათელ-სცეს ქართველებს. ასე ჩაეყარა საფუძველი საქართველოს ეკლესიას. იოანეს ანტიოქიის პატრიარქად არჩევამ განაპირობა ის ფაქტი, რომ კრებამ საქართველოს ეკლესიაც ანტიოქიის საპატრიარქოს მიათვალა.
წმიდა მეფის ვახტანგ გორგასლის თაოსნობით, 472 წელს ქართლის კათალიკოსად დადგინდა პეტრე და მთავარეპისკოპოსად – სამოელი. მანვე დაადგინა თორმეტი საეპისკოპოსო. „აქადგან იწყეს კათოლიკოსთა მთავრობად“, წერს „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ავტორი. მაშასადამე, ვახტანგის დროიდან ქართლის ეკლესიას გააჩნდა საკუთარი საეკლესიო კრება, რომელიც უფლებამოსილი იყო თვისი შინაგანი საქმეები, ეპისკოპოსთა ხელდასმა-გადაყენება, თვითვე განეგო. ეკლესია დამოუკიდებელი გახდა.
იმპერატორ კონსტანტინე კოპრონიმისა და ანტიოქიის პატრიარქის თეოფილაქტეს დროს ანტიოქიაში ქართლიდან მივიდნენ ქართველი ღვთისმსახურები და პატრიარქს იბერიის ეკლესიის გასაჭირი მოახსენეს: სარკინოზთა შიშით ქართლსა და ანტიოქიას შორის მიმოსვლა შეწყვეტილი იყო, ამიტომ ანტიოქიის პატრიარქის, ანასტასის დროიდან ქართლის კათალიკოსის კურთხევა აღარ ხდებოდა. ანტიოქიის ეკლესიის ადგილობრივმა კრებამ გადაწყვიტა, ქართლის ეკლესიისთვის მიეცა კათოლიკოსთა ხელდასხმის უფლება, სამაგიეროდ ქართლის ეკლესიას ანტიოქიიდან უნდა მიეღო მირონი და მასში 1000 დრაჰკანი გადაეხადა. ამასთან, ქართლის ეკლესიის წირვა-ლოცვაში პირველ ადგილზე უნდა მოეხსენებინათ ანტიოქიის პატრიარქი.
ცოტა მოგვიანებით საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ ღირსი მამა ეფრემ მაწყვერელის (ხს. 17 აპრილს) ღვაწლით მიიღო მირონის კურთხევის უფლება. „ეფრემ ქრისტÅსმიერითა ბრძანებითა მიჰრონისა კურთხევა ქართლს განაწესა“, – წერს გიორგი მერჩულე „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ (მთავარეპისკოპოს ანანია ჯაფარიძის გამოკვლევებითა და ვარაუდით, ქართული ეკლესია IV საუკუნეში ხარშავდა და აკურთხევდა მირონს მცხეთაში, ანტიოქიიდან კი მხოლოდ „წმიდა მირონის არომატი“ ნივთიერებები მოჰქონდათ).
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისა და მოციქულებრივ ღირსებას სხვადასხვა დროს იცავდნენ ღვთივგანბრძნობილი ქართველი მამები. XI საუკუნეში ანტიოქიის ეკლესიამ მწვავედ დააყენა მრავალჭირნახული იბერიის ეკლესიის დამოუკიდებლობის საკითხი. ათონის მთაზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ სვიმონწმიდელმა მამებმა ანტიოქიის პატრიარქთან, თევდოსისთან, დაასმინეს ივერთა მონასტერში მოღვაწე ქართველი მამები: „არა უწყით, რაჲ არს სარწმუნოებაჲ მათი“. წმიდა გიორგი მთაწმინდელმა (ხს. 27 ივნისს) არა მარტო დაამტკიცა საქართველოს ეკლესიის სამოციქულო პატივი, არამედ აჩვენა მისი უპირატესობა ანტიოქიის ეკლესიასთან შედარებით: „ერთი ღმერთი გჳცნობიეს, არღარა უარგჳყოფიეს და არცა ოდეს წვალებისა მიმართ მიდრეკილ არს ნათესავი ჩვენი. შუენის ესრეთ, რაჲთა წოდებული იგი მწოდებელსა მას დაემორჩილოს, რამეთუ პეტრესი ჯერ-არს , რაჲღა დაემორჩილოს მწოდებელსა თჳსსა და ძმასა ანდრეას და რაჲთა თქუენ ჩუენ დაგუმორჩილდეთ“ (ანტიოქიის კრება წმიდა პეტრე მოციქულის დაარსებულია).
საქართველოს ეკლესია მაჰმადიანურ სამყაროსთან ჭიდილში საუკუნეების მანძილზე მოძღვრავდა, ზრდიდა და სულიერად კვებავდა ქართველობას.
1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის მე-8 მუხლში ბუნდოვნად არის ახსნილი საქართველოს ავტოკეფალიური ეკლესიის უფლებრივი მდგომარეობა: „ხოლო მართებისათვის საქართველოსა ეკლესიასათა და მიწერ-მოწერათასა, ვითარ სათანადო არს რუსეთისა სინოდისადმი, ამისთვის უკუე დაიწერების სხვაჲ არტიკული“.
1801 წელს იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ხელი მოაწერა მანიფესტს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მრავალსაუკუნეობრივმა სახელმწიფოებრიობამ არსებობა შეწყვიტა და ოდესღაც დიდი ქვეყანა ორი გუბერნიის სახით შეუერთდა რუსეთის იმპერიას.
1801 წლის აქტის შემდეგ საქართველოს მთავარმართებელი უხეშად ერეოდა საქართველოს ეკლესიის საქმიანობაში. მალე გაირკვა, რომ რუსეთის მთავრობას განზრახული ჰქონდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება და მისი რუსეთის სინოდისადმი დაქვემდებარება.
1811 წლის 10 ივნისს ალექსანდრე I სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ანტონ II-ს სწერს: „საქართველოს სამეფოს რუსეთის სახელმწიფოსთან შემოერთების შემდეგ საქართველოს ეკლესიაც უნდა გაერთიანებულიყო უწმიდესისა და უმართებულესის სინოდის გამგეობაში. ახალ მართვა-გამგეობასთან მოუთავსებელი იქნებოდა საქართველოში კათოლიკოსის ყოფნა. გითხოვთ თქვენ საქართველოს ეკლესიის საქმეების განმგებლობისაგან, უწმიდესის სინოდის წევრობისა და კათოლიკოსის სახელის შენარჩუნებით“. ასე გაუქმდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და ანტონ II რუსეთში გადაასახლეს. რაღაც ათიოდე წლის მანძილზე საქართველომ მეფეც დაკარგა და მამამთავარიც. პოლიტიკურ თავისუფლებადაკარგულმა საქართველომ სულიერი დამოუკიდებლობაც დაკარგა.
დაიწყო მძიმე წლები ქართული ეკლესიის ისტორიაში. საქართველოს ეკლესიას რუსეთის სინოდი ხელმძღვანელობდა ეგზარხოსის მეშვეობით. 1811-1817 წლებში ამ მოვალეობას ასრულებდა ვარლამ ერისთავი. მის შემდეგ ყველა ეგზარქოსი რუსი იყო. ქართული ენისა და ტრადიციების, ქართველ წმიდანთა და დღესასწაულთა არცოდნამ გადაულახავი ბარიერი წარმოქმნა ქართველ მართლმადიდებელთა და ეკლესიის მესვეურთა შორის, ამას ემატებოდა ცალკეულ უღირს ეგზარქოსთა საქციელიც, ისინი ძარცვავდნენ მტერთა შემოსევებს გადარჩენილ ქართული ოქრომჭედლობისა და ტიხრული მინანქრის უიშვიათეს ნიმუშებს და რუსეთში გაჰქონდათ. მოიშალა საეკლესიო კათედრები. 24 ეპარქია, რომლის მღვდელმთავრები, სამწყსოსთან ერთად, იტანდნენ ყოველგვარ გაჭირვებასა და სიმძიმეს, სიცოცხლესაც კი სწირავდნენ სამშობლოსათვის, საეგზარქოსომ ხუთ ეპარქიამდე შეამცირა. ქართული წირვა-ლოცვა, მრავალხმიანი ქართული საგალობლები შეიცვალა რუსულით. სულ რაღაც ორიოდე წლის განმავლობაში საქართველოს ეკლესიამ დაკარგა ის, რასაც საუკუნეების მანძილზე რუდუნებით აშენებდა და აგროვებდა.
ყოველივე ამან მოსახლეობის აღშფოთება და გაბოროტება გამოიწვია. ამ პროცესს აჩქარებდა ეგზარქოსების აშკარად გამოხატული ანტიქართული საქმიანობა და მიუხედავად იმისა, რომ ღვთივსულიერი რუსი მამები აფრთხილებდნენ საქართველოს მოწინააღმდეგე ძალებს, პატივითა და კრძალვით მოპყრობოდნენ ღვთისმშობლის წილხვედრ და მოციქულთა მოქცეულ ქვეყანას.
საქართველოში იმპერატორ ნიკოლოზ I-ის ჩამოსვლის წინ ეგზარქოსმა ევგენიმ, „სანიტარული წესრიგის“ საბაბით, თეთრად შეალესინა სვეტიცხოვლის, ალავერდის, ერთაწმიდის უნიკალური ფრესკები. პავლე ლებედევმა, სემინარიის რექტორ ჩუდეცკისთან ერთად, გაძარცვა ხახულის ღვთისმშობლის ხატი, მიიტაცა ოქროსა და ვერცხლის ხატები, საეკლესიო ნივთები. ეგზარქოსმა, ჩუდეცკის მკვლელობის გამო, სიონის ტაძრის ამბიონიდან დაწყევლა ქართველი ერი, დიმიტრი ყიფიანმა საჯაროდ ამხილა ეგზარქოსი და უთხრა, რომ უფლება არ ჰქონდა დარჩენილიყო იმ ერის სულიერ მამად, რომელიც ანათემაზე გადასცა. ამ მხილების გამო მხცოვანი მამულიშვილი სტავროპოლში გადაასახლეს და განთავისუფლების წინა დღეს მოკლეს.
XX საუკუნის დასაწყისში საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის მესვეურებმა, ქართველ სამღვდელოებასთან ერთად, დაიწყეს ზრუნვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის. ქართველი საზოგადოების მოწინავე ნაწილი, წმიდა ილია მართლის (ჭავჭავაძე, ხს. 20 ივნისს) მეთაურობით, მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვს ეახლა და ოფიციალურ დონეზე მოსთხოვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის განხილვა. მეფის მთავრობამ დანიშნა სხდომა, სადაც მოხსენებით გამოვიდნენ: ეპისკოპოსები კირიონი, ლეონიდე, პროფესორები ალ.ცაგარელი, ალ.ხახანაშვილი, ნიკო მარი. კირიონის მოხსენების თემები იყო: 1) ქართული საეკლესიო საკითხი; 2) რა აიძულებს ქართველებს, იმეცადინონ თავისი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაზე; 3) რომელ წელს მიენიჭა ივერიას ავტოკეფალია; 4) ეროვნული პრინციპი ეკლესიაში. ქართველებმა დაასაბუთეს, რომ ეკლესიური მონობა ყველა მონობაზე უარესია, აგრეთვე ის, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება ეწინააღმდეგებოდა მსოფლიო ეკლესიის კრებების კანონებს.
სხდომაზე უმრავლესობას წარმოადგენდნენ: პროფ. გლებოვსკი, დეკანოზი ვოსტორგოვი, ბუტკევიჩი და მათი მიმდევრები, რომელთაც უარყვეს ქართველი საზოგადოების სამართლიანი მოთხოვნები. მდგომარეობა ისე დაიძაბა, რომ ნიკო მარმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის მებრძოლმა მღვდელმთავრებმა და მეცნიერებმა: კ. ცინცაძემ, ნ. დურნოვომ, თ. ჟორდანიამ გამოაქვეყნეს მონოგრაფიები, რომლებშიც დასაბუთებული იყო საქართველოს ეკლესიის თავისთავადობის აუცილებლობა.
1917 წლის 12 ( 25) მარტს, ქართველმა სამღვდელოებამ საგანგებო კრებაზე მიიღო შემდეგი შინაარსის დოკუმენტი: 1) ამიერიდან, 12 მარტიდან, გრძელდება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია; 2) დროებით, კათოლიკოსის არჩევამდე, ეკლესიის გამგედ დაინიშნა გურია-ოდიშის ეპისკოპოსი ლეონიდე; 3) საქართველოს ეკლესიის მმართველობა ევალება აღმასრულებელ კომიტეტს, რომელშიც შედიან როგორც სასულიერო, ისე საერო პირები.
იმავე წლის სექტემბერში, ქართულმა ეკლესიამ, 106 წლიანი იძულებითი შუალედის შემდეგ, კვლავ აირჩია კათოლიკოს-პატრიარქი. ეს პატივი და ჯვარი წილად ხვდა ავტოკეფალიისათვის დაუცხრომელ მებრძოლს, კირიონს, რომელიც შემდგომ ვერაგულად მოკლეს მარტყოფის მონასტერში.
ღვთის განგებით, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია მსოფლიოს ყველა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ აღიარა, მაგრამ არ არსებობდა ამ აღიარების წერილობითი დასტური, რომლის უქონლობის გამოც, ჩვენს წმიდა წინაპრებს ხშირად უხდებოდათ ბრძოლა საქართველოს მრავალტანჯული ეკლესიის დამოუკიდებლობის დასამტკიცებლად.
ღვთის შეწევნითა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაუღალავი მოღვაწეობით, მსოფლიოს საპატრიარქომ 1990 წელს ოფიციალურად ცნო და აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობა. ამავე წლის 4 მარტს, მართლმადიდებლობის დღესასწაულის დღეს, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა ყოვლადუწმიდესმა დიმიტრიოსმა საზეიმო ვითარებაში გადასცა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია II-ს საქართველოს უწმიდესი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობისა და მტკიცების, და საქართველოს უწმიდესი ეკლესიის მეთაურის საპატრიარქოს ტიტულის ცნობისა და ბოძების სიგელები.
ეს იყო უდიდესი გამარჯვება და სიხარული. ამ ამბავს გამოეხმაურა სრულიად საქართველო, როგორც უწმიდესმა და უნეტარესმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აღნიშნა, ეს იყო ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის საზეიმო და საბოლოო აღიარება.

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით

                                                                      (1 ინ. 3: 14) 

 

მართალი ფინესი (დაახლ. 1500 წ. ქრისტემდე), მღვდელმთავარ არონის შვილიშვილი და მღვდელმთავარ ელიაზარის შვილი, თვითონაც მღვდელი იყო.
როცა წმიდა წინასწარმეტყველ მოსეს (ხს. 4 სექტემბერს) მიერ ეგვიპტის მონობიდან გამოყვანილი ისრაიტელნი აღთქმულ მიწას მიუახლოვდნენ, მათი მეზობლები – მოაბელნი და მადიამელნი, შიშითა და შურით აღივსნენ, მოგვი ვალაამი მოიწვიეს და სთხოვეს, დაეწყევლა ებრაელები. უფლის ნებით ვალაამმა სამგზის აკურთხა ღვთივრჩეული ერი. მაშინ მოაბელებმა ისრაიტელები ბალ-ფეგორის კერპით აცდუნეს. უფალმა დასაჯა განდგომილები: ათასობით ებრაელი დაიხოცა შავი ჭირით. ამ დროს ვინმე ზიმრიმ, სიმეონის ტომიდან, მოსესა და მთელი კრებულის თვალწინ მადიამელი დედაკაცი მოიყვანა. განრისხებულმა ფინესმა ისრაიტელიც და დედაკაციც მახვილით განგმირა. „და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა. „ფინეს, ძემან ელიაზარისამან, ძისა აპრონ მღვდლისამან, დააცხრო რისხვაჲ ჩემი ძეთაგან ისრაილისათა აღშურებასა შურისა ჩემისასა მათ შორის და არა მოვსპე ძენი ისრაილისანი შურსა შინა ჩემსა. ესრე არქუ: აჰა ესერა, მე მივსცემ მას აღთქუმასა მშვიდობისასა და იყო მასა და ნათესავისა მისისა შემდგომად მისსა აღთქმაჲ მღვდელობისაჲ საუკუნო, რამეთუ შური იძია ღმრთისა მისისაჲ და ლხინება ყო ძეთათჳს ისრაილისათა“ (რიცხ. 25, 10-13). ამის შემდეგ ღვთის მოწოდებით ისრაიტელთა ლაშქარმა მართალ ფინესის წინამძღოლობით სძლია მოაბელებს. ელიაზარის გარდაცვალების შემდეგ წმიდა ფინესი ერთხმად აირჩიეს მღვდელმთავრად. ფინესი გარდაიცვალა ღრმად მოხუცებული (დაახლ. 1500 წელი ქრისტემდე).
წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი – რომის პაპი (+604) დაიბადა რომში, დაახლოებით 540 წელს. პაპი დელიქსი მისი პაპა იყო. გრიგოლის დედა, სილვია, და დიდედები – ტარსილა და ემილიანა, რომის ეკლესიის მიერ წმიდანებად არიან შერაცხულნი.
გრიგოლმა ბრწყინვალე განათლება მიიღო და მაღალ სახელმწიფო თანამდებობას მიაღწია. მამის გარდაცვალების შემდეგ მან მთელი ქონება ექვსი მონასტრის მოწყობას მოახმარა, რომში წმიდა ანდრია პირველწოდებულის მონასტერი დაარსა და ბერად აღიკვეცა. პაპ პელაგი II-ის დავალებით წმიდა გრიგოლი დიდხანს ცხოვრობდა ბიზანტიაში. აქ დაწერა მან „იობის წიგნის თარგმანები“. პელაგის გარდაცვალების შემდეგ რომის კათედრაზე წმიდა გრიგოლი აირჩიეს. შვიდი თვის განმავლობაში უარობდა იგი ამ მაღალ პატივს, მაგრამ, ბოლოს, საეკლესიო კრებულისა და სამწყსოს დაჟინებულმა თხოვნამ აიძულა, თანხმობა განეცხადებინა.
წმიდა გრიგოლი ბრძნულად განაგებდა ეკლესიას. მან ლათინურ ენაზე შეადგინა პირველშეწირული ლიტურღიის ტიპიკონი, რომელიც მანამდე მხოლოდ ზეპირი გადმოცემით იყო ცნობილი. VI საეკლესიო კრების დადგენილებით ეს ტიპიკონი სავალდებულო გახდა მთელი მართლმადიდებლური ეკლესიისათვის.
წმიდა გრიგოლი თავდაუზოგავად ებრძოდა დონატელთა ერესს, ქრისტეს სჯულზე მოაქცია ბრიტანეთში მცხოვრები წარმართები და არიოზის მიმდევრები.
წმიდა გრიგოლის კალამს ეკუთვნის „საუბრები ანუ დიალოგები იტალიელ მამათა ცხოვრებასა და სასწაულზე“, რისთვისაც „დიოლოღოსი“ უწოდეს. წმიდა გრიგოლის თხზულებათაგან განსაკუთრებით ცნობილია „სამოძღვრო კანონი, სადაც იგი ყოველმხრივ განიხილავს ჭეშმარიტი მოძღვრის სახეს. ჩვენამდე მოაღწია აგრეთვე წმიდა მამის წერილებმა.
წმიდა გრიგოლი რომის ეკლესიას ხელმძღვანელობდა ცამეტი წლის განმავლობაში, გარდაიცვალა 604 წელს. მისი წმიდა ნაწილები ინახება ვატიკანში, წმიდა პეტრეს ტაძარში.
ღირსი თეოფანე სიღრიანელი (+818) დაიბადა კონსტანტინეპოლში, კეთილშობილ და ცნობილ ოჯახში. მისი მამა ბიზანტიის იმპერატორის, ლეონ ისავრიელის (717-74) ნათესავი იყო. სამი წლის თეოფანეს მამა გარდაეცვალა. თეოფანე სასახლის კარზე გაიზარდა და იმპერატორ ლეონ ხაზარის (775-780) წარჩინებული კარისკაცი გახდა. ის მდგომარეობამ აიძულა, ცოლი შეერთო, მაგრამ, მეუღლესთან შეთანხმებით, უბიწოება დაიცვა, რადგან მის სულში ბერული ცხოვრების სურვილი ღვივდებოდა. სიღრიანის მონასტერში ყოფნისას თეოფანე შეხვდა ბერს, გრიგოლ სტრატიგს, რომელმაც თეოფანეს მეუღლეს ქმრის მოწამეობრივი აღსასრული უწინასწარმეტყველა. რამდენიმე ხნის შემდეგ თეოფანეს მეუღლე ბითვინიის ერთ-ერთ მონასტერში მონაზვნად შედგა, თავად თეოფანე კი გრიგოლმა ბერად აღკვეცა. მამა გრიგოლის კურთხევით, თეოფანემ მონასტერი მოაწყო მარმარილოს ზღვის კუნძულ კოლონიმზე. ის სენაკში განმარტოვდა და წიგნების გადაწერას მიჰყო ხელი. შემდეგ მან კიდევ ერთი მონასტერი დააარსა სიღრიანში და მისი იღუმენი გახდა. ღირსი მამა საკუთარი ხელით აშენებდა მონასტერს და თავისი შრომისმოყვარეობით სანიმუშო იყო სხვებისთვის.
წმიდა თეოფანე უფლისგან კურნების ნიჭით დაჯილდოვდა. 787 წელს თეოფანე მიწვეული იყო ნიკეის მე-7 საეკლესიო კრებაზე, რომელმაც დაგმო ხატმებრძოლობის ერესი.
50 წლის ასაკში ღირსი მამა მძიმედ დაავადდა და სიკვდილამდე იტანჯებოდა. სასიკვდილო სარეცელს მიჯაჭვულმა დაწერა „ქრონოგრაფია” – ქრისტიანული ეკლესიის ისტორია 285 წლიდან 813 წლამდე. ეს ნაშრომი დღესაც ეკლესიის ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროდ ითვლება.
ლეონ სომეხის (813-820) გამეფების შემდეგ ხატმებრძოლობამ ახალი ძალით იფეთქა. ღრმად მოხუცებულ თეოფანეს აიძულებდნენ, მიეღო ერესი, მაგრამ ის მტკიცედ იცავდა სარწმუნოებას, რის გამოც ციხეში ჩააგდეს. მისი სავანე დაწვეს. 23 დღის პატიმრობის შემდეგ ღირსი აღმსარებელი გარდაიცვალა (818). უსჯულო იმპერატორის გარდაცვალების შემდეგ მონასტერი აღსდგა. წმიდა თეოფანეს წმიდა ნაწილები აღდგენილ სავანეში გადაასვენეს.
ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი (+1021) დაიბადა 946 წელს ქალაქ მალატიაში (პაფლაგონია). მან უმაღლესი განათლება მიიღო კონსტანტინეპოლში. მამა სასახლის კარის ბრწყინვალე კარიერისთვის ამზადებდა და რამდენიმე ხნის განმავლობაში მაღალი თანამდებობა ეჭირა კიდეც. 25 წლის ასაკში სვიმეონმა იგრძნო ლტოლვა ბერული ცხოვრებისაკენ, სახლიდან გაიქცა და სტუდიტის მონასტერს მიაშურა, აქ გაიცნო წმიდა ბერი სვიმეონ ღვთისმოშიში და მისი მოწაფე შეიქმნა.
ღირსი სვიმეონის ძირითადი ღვაწლი იყო მოუკლებელი ლოცვა: „უფალო, შეგვიწყალენ“. უფრო ხანგრძლივი ლოცვისთვის ის განმარტოვდებოდა ხოლმე. ლიტურღიაზეც კი ცალკე იდგა, ხშირად მარტო რჩებოდა ტაძარში მთელი ღამის განმავლობაში. სიკვდილზე ფიქრი ჩვევად რომ გადაქცეოდა, მთელ ღამეებს სასაფლაოზე ატარებდა. სულიერი ამაღლების ჟამს მასზე სულიწმიდა გადმოდიოდა ნათელი ღრუბლის სახით და გარემოს ფარავდა მის თვალთაგან. დროთა განმავლობაში წმიდანმა უმაღლეს სულიერ გაბრწყინვალებას მიაღწია, რაც განსაკუთრებით ლიტურღიის დროს ჩანდა.
977 წელს ღირსი სვიმეონი მღვდლად აკურთხეს, ხოლო 980 წელს წმიდა მამანტის მონასტრის იღუმენად დანიშნეს. მან ამ ხარისხში 25 წელი დაჰყო. ამ ხნის განმავლობაში ღირსმა მამამ სავანის მოშლილი მეურნეობა მოაწესრიგა და ტაძარი კეთილმოაწყო.
ღირსი სვიმეონის სიკეთე შერწყმული იყო სიმკაცრესთან და სახარებისეული მცნებების დაცვასთან. როდესაც მისმა საყვარელმა მოწაფემ, არსენმა, დახოცა ყვავები, რომლებიც დამბალ პურს კენკავდნენ, წმიდა სვიმეონმა უბრძანა, მკვდარი ფრინველები თოკზე აეცვა, ეს „სამკაული“ კისერზე ჩამოეკიდა და მონასტრის ეზოში დამდგარიყო. წმიდა მამანტის მონასტერში ცოდვებს ინანიებდა ერთი ეპისკოპოსი რომიდან, რომელსაც შემთხვევით ძმისწული შემოკვდომოდა. ღირსი სვიმეონი მის მიმართ განსაკუთრებულ სიკეთეს იჩენდა. ღირსი მამის მკაცრმა სამონასტრო დისციპლინამ ძმების უკმაყოფილება გამოიწვია. ერთხელ გაბრაზებული ბერები ლიტურგიის დროს თავს დაესხნენ მას და კინაღამ მოკლეს. როდესაც ეს ბერები კონსტანტინეპოლის პატრიარქმა მონასტრიდან გაყარა და სამჯავროს გადასცა, ღირსი მამა მათ თავდებად დაუდგა, გამოიხსნა და დიდი დახმარება გაუწია.
1005 წელს წმიდა სვიმეონმა იღუმენობა გადასცა არსენს, თვითონ კი მონასტერში განმარტოვდა. აქ შექმნა მან თავისი საღვთისმეტყველო შრომები. ღირსი სვიმეონი თავის თხზულებებში გვასწავლის სულიერი სრულყოფილებისთვის მოღვაწეობას, ვნებებისა და ცოდვილი ფიქრების წინააღმდეგ ბრძოლას, შინაგან სიმშვიდეს. მან შექმნა სწავლებანი ბერებისთვის, ლოცვის სამი სახისა და რწმენის შესახებ. გარდა ამისა, ღირსი სვიმეონი იყო გამოჩენილი საეკლესიო პოეტი, ჰიმნოგრაფი. მას ეკუთვნის „საღმრთო ლიტურღიის ჰიმნები“, ღრმა აზრით განმსჭვალული 70 პოემა.
ღირსი მამის, სვიმეონის სწავლება „ხორცის განღმრთოების“ შესახებ, რომლითაც მას სურდა „ხორცის მოკვდინების“ სწავლების შეცვლა (რისთვისაც „ახალი ღვთიმეტყველი“ ეწოდა), თანამედროვეებმა ძნელად მიიღეს. ბევრისთვის მისი სწავლება უცხო და მიუღებელი იყო. ამან გამოიწვია კონფლიქტი კონსტანტინეპოლის უმაღლეს სამღვდელოებასთან. დაიწყო ღირსი სვიმეონის დევნა. წმიდა მამა წავიდა ბოსფორის სანაპიროზე, პალკიტონის კონცხზე და დაარსა წმიდა მარინეს სახელობის სავანე.
წმიდანი 1021 წელს გარდაიცვალა. მან ჯერ კიდევ სიცოცხლეში მიიღო სასწაულთქმედების ნიჭი. მრავალი სასწაული აღსრულდა მისი სიკვდილის შემდეგაც. ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის ცხოვრება აღწერა მისმა მოწაფემ, ნიკიტა სტიფატემ.
წმიდა მეფე დემეტრე თავდადებული (+1289) წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის (ხს. 1 მაისს და მენელსაცხებლე დედათა კვირიაკეს) შვილთაშვილი იყო.
სიყრმიდანვე განსაცდელებით წვრთნიდა უფალი მომავალ მეფესა და მოწამეს. ჩვილი იყო, როცა მონღოლებმა დედა – უსათნოესი გვანცა დედოფალი, მოუკლეს. გადმოცემით, სიკვდილის წინ დედოფალს პატარა დემეტრე ნოინის ცოლისათვის ჩაუბარებია. წარმართ დედაკაცს უშვილებია უფლისწული და ასეთი მორჩილებისთვის ღვთისაგან სასწაულებრივი კურნება მიუღია – უშვილო ქალს მალე ვაჟი შესძენია.
ათი წლისას მოუკვდა მამა – დავით ულუ. 11-12 წლის ყრმა დემეტრე ქართველმა დიდებულებმა აბაღა ყაენს მიჰგვარეს ურდოში და სთხოვეს, საქართველოს მეფეთ-მეფედ დაემტკიცებინა. ყაენმა შეისმინა ქართველთა თხოვნა, მოეწონა ქართველი უფლისწული, „რამეთუ იყო ქმნულ-კეთილ, და შუენიერი ხილვად“, მეფობის დასტური უბოძა დემეტრეს, სამაგიეროდ, თავისი უფლებების განსამტკიცებლად, „წარმოატანა თანა სადუნი, რომელსაც უბოძა მეფემან დემეტრე ათაბაგობა“. სადუნ მანკაბერდელი ყაენის კარზე დაახლოებული, მისი ნების აღმასრულებელი, თბილისში გაზრდილი გასომხებული ქურთი იყო.
თბილისში ჩამობრძანებული მეფე დაჯდა დავითიან-თამარიან ტახტზე. „აღასრულეს წესი კურთხევისა კათალიკოზმან და ეპისკოპოზთა და ყოველთა მთავართა საქართველოსა ერეთით, კახეთით, სომხეთით, ქართლით და ჯავახეთით და ტაოთ, რომელნი შეკრებულ იყუნეს“.
სულიერი სათნოებებით აღსავსე მეფე გონივრულად და გულმოწყალებით განაგებდა ქვეყანას. „აქუნდა ჩვეულება, აღიღოს საფასე და აღდგის ღამე, და მოვლის ქალაქი, და მოიხილნის გლახაკნი და დავრდომილნი და ობოლნი, და თჳსითა ჴელითა მისცემდის, და ყოველთა უწყოდიან მოწყალება მეფისა და ამისთჳს გლახაკნი ღამით ფოლორცთა შინა ვიდოდიან, რათა შეემთხჳვნენ მეფესა“.
15 წლის მეფეს, პოლიტიკური მოსაზრებით, ცოლად შერთეს ტრაპიზონის კეისრის ასული.
შედარებით მშვიდი პერიოდი დემეტრე მეფემ საქართველოს კეთილდღეობისთვის გამოიყენა, ააშენა და განაახლა ეკლესია-მონასტრები, გაამაგრა რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ციხე-სიმაგრე. „ააგო პალატსა შინა მონასტერი ისანთა, საყოფელად მეტეხთა ღვთისმშობელისა და შეამკო განგებითა დიდითა და შესწირა სოფელნი და ზვარნი და განუჩინნა მონაზონთა საზრდელი და განაგო კეთილითა“…
მეტი არ დასცალდა დემეტრე მეფეს – ყაენმა ეგვიპტეზე სალაშქროდ იხმო. გაჰყვა მეფე ყაენს დიდძალი ლაშქრით, გმირულად იბრძოლა, გააოცა მონღოლნი და ეგვიპტელნი, მაგრამ უკან განახევრებული სპით დაბრუნდა.
1278 წელს დემეტრე გილანის დალაშქვრაში ახლდა მონღოლთა ყაენს და იქაც ყველა გააკვირვა გასაოცარი სიმამაცითა და ვაჟკაცობით. 1280 წელს აბაღა ყაენმა ისევ გაიწვია ქართველები საომრად, ამჯერად ეგვიპტის ახალი სულთანის, მელიქ მანსურის წინააღმდეგ. შემდგომ, ქალაქ ამასიასთან 1281 წელს 30 ოქტომბრის სისხლისმღვრელ ბრძოლაშიც საარაკო გმირობა გამოიჩინა ქართველთა ლაშქარმა, მაგრამ ამ გმირობას უამრავი ქართველი ვაჟკაცის სიცოცხლე შეეწირა. ამდენი ლაშქრობებისაგან ქვეყანა გაღატაკდა, გავერანდა. დემეტრეც იძლია ბოროტისაგან, წარმართებს აღერია, მოკვდავთ მიენდო. ქვეყნის ინტერესებმა კვლავ მსხვერპლი მოითხოვა მეფისაგან, ამჟამად მონღოლთა ნოინის ასული სოლღარი შეირთო ცოლად.
სხვის ომში სისხლისგან დაცლილი საქართველო ახალი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა: დაიწყო შინაბრძოლები. ქართველები ისე დაეცნენ, რომ ეკლესიებსაც კი სტაცებდნენ მიწას და სოფლებს იმის მაგიერ, რომ მეგობრის სახით შემოპარული საერთო მტრის განადგურებაზე ეზრუნა, ერი უცებ დაექანა დაღმავალი გზით, უცებ აღმართა ხელი მოყვარეზე, დაივიწყა ღმერთიცა და ხატიც.
ამაოდ ამხელდა სამწყსოს ზნესრული და უსათნოესი კათოლიკოსი ქართლისა ნიკოლოზი, ამაოდ მოძღვრავდა ბოროტის მიერ მიტაცებულ ქრისტიანებს ნიკოლოზ მაწყვერელი – არავინ უგდებდა ყურს მათ სიტყვებს, თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ამპარტავნებაში, ანგარებაში, უწესობაში.
დემეტრეც ახალი საცდურის წინაშე აღმოჩნდა: გულისთქმას ვეღარ გაუძლო ახალგაზრდა მეფემ – სიყვარული დაეუფლა მის გულს, გადაწყვიტა, ერთხელ მაინც ყოფილიყო ბედნიერი პირად ცხოვრებაში და მოიტაცა ბექა ჯაყელის ასული ნათელა. მისგან დემეტრე მეფეს შეეძინა „უმჯობესი ყოველთა კაცთა მის ჟამისათა, არა ოდენ ჴელმწიფეთა, არამედ ყოველთა კაცთა“ – გიორგი V, ერისგან ბრწყინვალედ წოდებული.
უფალმა სასჯელი მოუვლინა „საზეპურო ერს“ ცოდვთა გამო: ვნების ოთხშაბათსა და ხუთშაბათს მიწა იძრა „სამხილებელად უსჯულოებათა ჩუენთათჳს“. აღდგომის სიხარულად განმზადებულ ერს ყურადღება არ მიუქცევია მისთვის. პარასკევს კვლავ იძრა მიწა, შაბათს კი საფუძვლიანად შეარყია და შეაძრწუნა ქვეყანა: ეკლესია-მონასტრები, მთა და ბორცვი დაინგრა, მიწა გაიპო და იქიდან შავი კუპრისმაგვარი წყალი ამოიჭრა, ხეები ამოიძირკვა. აწყურის ეკლესია ჩამოინგრა და უფალმა სასწაულებრივ იხსნა ლიტანიობით შესვენებული ღვთისმშობლის ხატი – გუმბათი ჩამოვარდა და ქუდივით დაემხო ტაძრის შუაში დასვენებულ ხატს. დაინგრა მცხეთა, მთელი სამცხე. ურიცხვი ადამიანი დაიღუპა. გლოვამ და ტირილმა მოიცვა სრულიად საქართველო.
ერის დაცემით შეძრწუნებულმა კათოლიკოსმა ნიკოლოზმა ვერ შეძლო აზვირთებული უზნეობის შეჩერება და მოთოკვა. მრავალჯერ ამხილა და დამოძღვრა მან მეფე, და რაკი ვერ არწმუნა, დაუტევა კათალიკოსობა, „წარვიდა მამულად თჳსად“ და უბრალო ბერული მოღვაწეობით ჩააბარა სული უფალს.
მეფის სამხილებლად ათონის მთიდან ჩამოვიდა ღირსი ბასილი მონაზონი (ხს. 18 აპრილს), ევფემიოს (ექვთიმე III) კათოლიკოსის ბიძა, „საღმრთოთა წესითა აღსავსე და წინასწარცნობისა მადლითა გაბრწყინვებული“, ღვთისმშობლის გამოცხადებით მოიწია წინაშე დემეტრე მეფისა, ამხილა იგი უწესო ქორწინებისათვის და უთხრა: „უკეთუ დაუტევენ უწესონი ქორწინებანი, მე თავს-მდებ გექმნე, რათა კეთილად წარგემართოს მეფობა შენი“. მეფემ და მთავრებმა უგულებელყვეს წმიდა ბერის ნათქვამი. მაშინ ბასილი მონაზომა მომავალი უწინასწარმეტყველა: „ბოროტად და უპატიოდ მოიკლა მძლავრთა მიერ და ოჴერ იქმნე სამეფოსაგან შენისა და შვილნი შენნი მიმოდაიბნინეს და სხვამან დაიპყრას მეფობა შენი და იავარჰყოს სიმდიდრე შენი. და აჰა, ესერა, შენ და მთავართა გეტყჳ და ვესავ ყოვლადწმიდასა ღმრთისმშობელსა, რომელი სრულ იქმნეს და აღესრულოს სიტყუა ჩემი, უკუეთუ ეგო უწესოებასა მაგას. მე აჰა ესერა წარვალ“.
გაკვირვებულმა მეფემ პასუხი არ გასცა ღვთივგანბრძნობილ ბერს, რადგან წმიდა კაცთა პატივისმცემელი იყო.
მეფეს ამხელდა აგრეთვე ლეკთა განმანათლებელი ღირსი პიმენ სალოსი და მისი თანამოსაგრე ანტონი (ხს. 16 მარტს).
მეფე გარეგნულად თითქოს მონღოლებს მორჩილებდა, მონაწილეობას ღებულობდა მათ ლაშქრობებში გარეშე მტერთან, საქართველში კი კვლავ ეკლესიებს აშენებდა, ღამ-ღამობით გამოდიოდა, საკუთარი ხელით ურიგებდა გლახაკთა მოწყალებას.
აბაღა ყაენის გარდაცვალების შემდეგ ყაენის ტახტისათვის სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძოდნენ ერთმანეთს აბაღას ძმა, აჰმადი და შვილი, არღუნი. დემეტრე მეფე იძულებული იყო მონაწილეობა მიეღო შეთქმულებებში. არღუნის წინააღმდეგ მოწყობილი ერთ-ერთი შეთქმულების მეთაურობა დაბრალდა არღუნის პირველ ვეზირს, ბუღას, რომელიც მზახლად ეკუთვნოდა დემეტრეს. ყაენმა შეიპყრო და თავი მოჰკვეთა ბუღას, იგივე დღე ეწია მის ნათესავ-მომხრეებსაც.
ყაენის კარზე დაიბარეს მეფე დემეტრე. მეფე მიხვდა, რასაც ნიშნავდა ყაენისგან ხმობა, მოიწვია კათოლიკოსი, ეპისკოპოსნი, მონასტრებისა და გარეჯის უდაბნოს მამები, შეკრიბა დარბაზის ერი და განუცხადა: „ღმერთმან ყოვლისა მპყრობელმან და უფალმან ჩუენმან იესო ქრისტემან და ყოვლად წმიდამან ღმრთისმშობელმან, რომლისა ნაწილადცა ვართ, და ჯუარმან პატიოსანმან, რომელი მოგუენიჭა ჩუენ მეფეთა, დამიცვა და მიმაწია ასაკად სისრულისა და მომმადლა მეფობა, სკიპტრა და პორფირი მეფობისა და თანადგომითა თქუენითა წარვმართე მეფობა და აქამომდე მშჳდობით ჰგიეს სამეფო ჩემი. აწ განრისხებულ არს ყაენი… და აწ მე მიწოდს წინაშე მისსა. ვგონებ ბოროტის ყოფასა ჩემთჳს, თუ არა წარვიდე მთიულეთს, სიმაგრეთა შინა და დავიცვა თავი ჩემი და აჰა ყოველი სამეფო ჩემი წინაშე მათსა ძეს, იხილეთ რავდენი სული ქრისტიანე სიკუდილსა მოოჴრდებიან, კაცნი და ჯუარნი დაიმუსრვიან… რა სარგებელ არს ცხოვრება ჩემი, უკეთუ ჩემთჳს მრავალი სული მოკუდეს და მე თჳთ მძიმე ცოდვითა განვიდე სოფლისა ამისგან. აწ მნებავს, რათა წარვიდე ყაენის წინაშე და იყოს ნება ღმრთისა: უკეთუ მე მომკლან, ვგონებ, რომე ქუეყანა უვნებლად დარჩეს“.
დარბაზი გაკვირვებული მისჩერებოდა სიცოცხლით სავსე, „შესახედავად ტურფა, თმითა და წუერითა მწყაზარ და შუენიერ“ მეფეს, რომელიც ერის გადასარჩენად აშკარა სიკვდილზე მიდიოდა. ყველამ ერთხმად სთხოვა მეფეს, შეეფარებინა თავი მთიულეთისთვის, მაგრამ მეფემ მშვიდად ბრძანა: „მეწნო არიან და არა-სადა აქუნ ნუგეშინისცემა. მე დავსდებ სულსა ჩემსა ერისათჳს ჩემისა და არა დავიშლი ურდოს წასვლას“.
„არა არს საქმე, მეფეო, განწირვა სულისა შენისა, რამეთუ მრავალთა მეფეთა მიურიდნია, და დაუცავს თავი თჳსი. აწ თუ შენ დასდებ სულსა შენსა ერისათჳს, ჩუენ ყოველნი, ეპისკოპოსნი, ვიტჳრთვთ ცოდვათა შენთა, არამედ წინაშე ღმრთისა ვწამებთ, რათა მოწამეთა თანა შერაცხილ იქმნე, ვითარცა უფალი სახარებასა შინა ბრძანებს: „უფროს ამისსა სიყუარული არა არს, რათა დადვას კაცმან სული თჳსი მოყუასისათჳს. და უკეთუ ერთისა მოყუსისათჳს სულის დადება კეთილ არს, რავდენ ურიცხუთა სულითა ცხოვნება ეგოდენ სარგებელ არს“, – ბრძანა აბრაჰამ კათოლიკოსმა.
ამის გამგონე მეფე სიხარულით განემზადა უდაბნოში წასასვლელად, თან იახლა აბრაჰამ კათოლიკოსი, მოსე მღვდელი, ძე თვისი, დავით და რჩეული ერისთავები. ყაენის გამოგზავნილი სიუქოლ ნოინი შემოხვდა დემეტრეს, რაც ჰქონდა, ყველაფერი ჩამოართვა, ხელები გაუკრა და ყაენს მიჰგვარა, ვითარცა ერთი უპატიოთაგანი.
ვერანაირი დანაშაული ვერ აღმოუჩინეს ქართველთა ახალგაზრდა მეფეს. დაფიქრდა ყაენი. იცოდა, „უკეთუ ბოროტი უყოს მეფესა, არღარავინ არს ღირსი მეფობისა“, არც დაუსჯელობა ივარგებდა, რადგან დემეტრე „მიმდგომი და მზრახავი იყო ბუღასი“. მაშინ წინ წარდგა ხუტლუ-ბუღა მანკაბერდელი, ძე სადუნისა, მოღოლთა მოენე და დამსმენი და ყაენს უთხრა: „ნუ იურვი მაგას, რამეთუ მე მოვიყვანო შვილი აფხაზთა მეფისა დავითისი (ნარინის), სახელით ვახტანგი, და მას მიუბოძე მეფობა, რომელ ორივე სამეფო ბრძანებასა შენსა მორჩილებდეს“. მოღალატე ამირსპასალარის სიტყვებმა ყველაფერი გადაწყვიტა. დემეტრეს უბრძანეს, აღეწერა ყოველი სიმდიდრე მისი, შემდეგ ხელები შეუკრეს, არგნებით სცემეს და საპყრობილეში ჩააგდეს. ქართველმა დიდებულებმა მოახერხეს დილეგში მყოფი მეფის მონახულება და გაქცევა შესთავაზეს. ქვეშევრდომების ერთგულებით გახარებულმა მეფემ კვლავ მშვიდად მიუგო: „პირველვე უწყოდე სიკუდილი ჩემი, გარნა დავდევ თავი ჩემი და სული ჩემი ერისთჳს ჩემისა. ხოლო აწ თუ წარვიდე, უბრალო ერი მოისრას, რა სარგებელ არს, უკეთუ ყოველი სოფელი შევიძინო და სული წარვიწყმიდო“.
მონღოლებმა დემეტრე დივანხანად წოდებულ სამსჯავრო სახლში წაიყვანეს დასაკითხად და, თუმცა ბრალი ვერ უპოვეს, ყაენმა სიკვდილი გადაუწყვიტა ქართველთა მეფეს.
წმიდა მეფემ სიხარულით მიიღო სიკვდილის განაჩენი, მხიარულად მოიკითხა ნუგეშინისცემად მისული ქართველი დიდებულები, მერე სწორედ მოღალატე ხუტლუ-ბუღას ჩააბარა თავისი პირმშო: „ძე ჩემი მცირე დავით იღუაწე, რათა არა მოიკლას გულისწყრომითა აღსავსისა ყაენისაგან“. ღვთისგან ცხებული მეფის მიერ გამომჟღავნებულმა სიყვარულმა და შენდობამ გული შეუძრა ორგულ ხუტლუ-ბუღას და ტირილი წასკდა.
სიკვდილის წინ ილოცა მეფე, მიიღო წმიდა ზიარება და სული უფალს შეავედრა.
მოულოდნელად ღვთითმოვლენილმა სასწაულმა შეძრა ყოველი. მზე დაბნელდა და საშინელი სიბნელე ჩამოწვა. ამ სასწაულმა ისე შეაშინა წარმართები, რომ ხელი აიღეს უფლისწულის მოკვლაზე.
დემეტრეს წმიდა გვამს ყაენის ბრძანებით დარაჯები იცავდნენ. კათოლიკოსმა და მოსე მღვდელმა ფარულად გამოიხსნეს ცხედარი და თბილისელი მეთევზეების დახმარებით საქართველოში ჩამოასვენეს.
წმიდა მეფე დემეტრე დამარხეს მცხეთას, სვეტიცხოველში, „სამარხოსა მამათა მათთასა“.