3.04.2026. დიდი მარხვის მე-6-შვიდეული. პარასკევი

3.04.2026. დიდი მარხვის მე-6-შვიდეული. პარასკევი

     … თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).

     …მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრძ. 6: 1-3).

      ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).

     ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17). 

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

დიდი მარხვის მე-6 შვიდეული

3.04.2026. პარასკევი

ღირსისა იაკობ ეპისკოპოსისა, აღმსარებელისა (VIII); წმ. კირილესი, კატანელი ეპისკოპოსისა (I-II); წმ. თომასი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (610).

დასასრული წმიდისა ორმეოცისა.

დღის ლოცვები
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, პარასკევს დილით

წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანისვჰსცე და მას მხოლოსა ვმსახურო. ხოლო შენი სალმობა და რისხვა მიიქეცინ თავსავე შენსა და თხემსა შენსა ზედა გმობა შენი დაჰხედინ აწინდელსა ჟამსა შინა და ყოფადსა საუკუნესა უფსკრულსა შინა. რაი არს შენი და ჩვენი უცხოო ღვთისაგან, ლტოლვილო ცათაგან, მონაო ბოროტო და განდგომილო! არა გაქვს შენ ფლობაი ჩვენი, ქრისტესა ძესა ღვთისასა აქვს ფლობაი ჩვენი, ყოველთა მისა ვჰსცოდეთ და მასვე სიტყვა უგოთცა. ხოლო შენ ივლტოდე ჩემგან, მომსვრელო და წინააღმდგომო მტერო ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, და გეენისა და ყოვლისა სატანჯველისა დამკვიდრებულო! ჩვენ სიმტკიცედ გვაქვს ჯვარი პატიოსანი და მით დავჰსთრგუნავთ შენ გველისა თავსა სახელითა ერთარსისა წმიდისა სამებისათა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ზედა მდგომელობითა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისათა, რამეთუ მისსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა დაწოლისა, პარასკევს

დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელი პირველ საუკუნეთა იყავ და ვიდრე უკუნისამდე ხარ, და დასასრული არა გაქვს, რომელმან ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ სახიერო და კაცთმოყვარეო! სულგრძელო და მრავალმოწყალეო, შემიწყალე მე ცოდვილი ესე და ნუ განმირისხდები, მეუფეო, რამეთუ რომელთა საქმეთათვის ვითხოვ შენგან შენდობასა, მათვე დაუცხრომელად შთავვარდები და ვიცი, უფალო, რომელ უკეთუმცა არა მლხინებელ გყოფდა აურახცელი ეგე სახიერება და კაცთმოყვარება შენი, არამცა დაუტევე ტანჯვაი, რომელიცა არა მოაწიე ჩემზედა და ქვეყანასამცა უბრძანე დანთქმაი ჩემი! არამედ სულგრძელ ხარ, უფალო, ჩემზედა თვით დასჯილსა ამას, და სიტყვის-მიცემადცა ვერ შემძლებელსა. დიდება შენდა სახიერო, და მრავალმოწყალეო: აწ უკვე გევედრები, შემიწყალე მაცხოვარო და კაცთმოყვარეო, შემიწყალე თანამდები ესე ყოვლისა ტანჯვისა, და შემინდვენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი, ყოველნი, რომელნი საშოითგან დედისათ ვიდრე აქამომდე მიქმნიან ღამით და დღისით, მეცნიერებით და უმეცრებით, ნებსით და უნებლიეთ, ყოველნი ბრალნი ჩემნი ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, რაოდენიცა მიცოდავს თვალითა და ენითა, სასმენელითა და საყნოსელითა, შეხებითა და სლვითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის წმიდისა! უფალო სახიერო და კაცთმოყვარეო, სულგრძელო, ტკბილო და მრავალმოწყალეო, რაოდენიცა შემიცოდებია შენდა საქმით, სიტყვით, გონებით და გულის-სიტყვით და მოგონებით შემინდევ, უფალო, შემინდევ სახიერო, შემინდევ კაცთმოყვარეო, შემინდევ სულგრძელო და მრავალმოწყალეო, ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეოხებითა მით აურაცხელისა მოწყალებისა და სიტკბოებისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, სულგრძელი და მრავალმოწყალე და მწყალობელი, და შენდა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

 

ლიტურგია პირველშეწირულისა.

VI ჟამზე: ეს. 66: 10-24 

10. იმხიარულეთ იერუსალიმთან ერთად და ყველამ გაიხარეთ მისით, მისმა მოყვარულებმა! ლხენით ილხინეთ მასთან ერთად, ყველამ, ვინც მოთქვამდა მასზე! 11. რათა მოსწოვოთ და გაძღეთ მისი მანუგეშებელი ძუძუებით; რათა მოსწოვოთ და დატკბეთ მისი დიდების სიუხვით. 12. რადგან ასე ამბობს უფალი: აჰა, მოვაფენ მასზე მშვიდობას, მდინარესავით და ხალხთა დოვლათს მოვარდნილი ნიაღვარივით. გამოიზრდებით, მკლავზე იქნებით აყვანილი და მუხლებზე ნასათუთები. 13. როგორც დედა ანუგეშებს კაცს, ისე განუგეშებთ მეც და იერუსალიმში იქნებით ნუგეშცემულნი. 14. დაინახავთ და გაიხარებს თქვენი გული, ჯეჯილივით აყვავდება თქვენი ძვლები და უფლის ხელი გამოეცხადება მის მორჩილთ, რისხვა კი – მის მტრებს. 15. რადგან, აჰა, ცეცხლში მოდის უფალი და ქარიშხალივითაა მისი ეტლი, რომ გიზგიზში მოაქციოს თავისი რისხვა და ცეცხლის ალში – თავისი ბრაზი. 16. რადგან ცეცხლით განსჯის უფალი და თავისი მახვილით ყოველ ხორციელს, და ბევრნი იქნებიან უფლის დახოცილნი. 17. ისინი, ვინც იწმიდებიან და სუფთავდებიან საკერპო ჭალებში შესასვლელად, სადაც ერთმანეთის გვერდით მდგარნი ჭამენ ღორის ხორცს, უსურმაგს და თაგვებს, ერთიანად დაიღუპებიან, ამბობს უფალი. 18. რადგან მე ვუწყი მათი საქმენი და ზრახვანი. მოდის ჟამი ყველა ხალხისა და ენათა შეკრებისა; მოვლენ და იხილავენ ჩემს დიდებას. 19. დავადებ მათ ნიშანს და მათ ნატამალს გავგზავნი ხალხებთან: თარშიშში, ფულში, ლუდში, მშვიდლოსნებთან, თუხალში, იავანში, შორეულ კუნძულებზე, სადაც არ სმენიათ ჩემი ამბავი და არ უხილავთ ჩემი დიდება. ისინი გაუცხადებენ ხალხებს ჩემს დიდებას. 20. წამოიყვანენ შენს ძმებს ყოველი ხალხიდან ძღვნად უფლისათვის ცხენებით და ეტლებით, ტახტრევნებით, ჯორებით და აქლემებით ჩემს წმიდა მთაზე, იერუსალიმში, ამბობს უფალი, როგორც ისრაელიანებს მიაქვთ ძღვენი სუფთა ჭურჭლებით საუფლო სახლში. 21. მათგანაც ავიყვან მღვდლებად და ლევიანებად, ამბობს უფალი. 22. რადგან როგორც ახალი ცა და ახალი მიწა, რომელთაც შევქმნი, წარდგებიან ჩემს წინაშე, ამბობს უფალი, ასევე წარდგება თქვენი თესლი და თქვენი სახელი. 23. მაშინ იქნება, რომ ახალი მთვარიდან ახალ მთარემდე, შაბათიდან შაბათამდე, მოვა ყოველი ხორციელი ჩემს წინაშე სათაყვანოდ, ამბობს უფალი. 24. გამოვლენ და იხილავენ ჩემი შემცოდე ხალხის გვამებს, რადგან მათი მატლი არ მოკვდება და მათი ცეცხლი არ ჩაქრება. და შესაზიზღი იქნებიან ყოველი ხორციელისთვის.

მწუხრზე: დაბ. 49: 33; 50: 1-26

33. გაუსრულა იაკობმა ანდერძი შვილებს და აკრიბა ფეხები სარეცელზე; აღესრულა და შეერთო თავის ერს. 

1. გადაემხო იოსები მამას, დასტიროდა და ჰკოცნიდა. 2. უბრძანა იოსებმა თავის მსახურ მკურნალებს, შეემურვათ მამამისი. და შემურვეს მკურნალებმა ისრაელი. 3. გავიდა ორმოცი დღე და გასრულდა დაბალზამების ხანი; დასტიროდა მას ეგვიპტე სამოცდაათ დღეს. 4. როცა გაიარა გლოვის დღეებმა, ელაპარაკა იოსები ფარაონის სახლს და უთხრა: თუ მიპოვნია მადლი თქვენს თვალში, სიტყვა შემაწიეთ ფარაონთან და ასე უთხარით: 5. მამაჩემმა დამაფიცა და მითხრა: აჰა, ვკვდები მე. იმ ჩემს სამარხში დამმარხეთ, ქანაანის ქვეყნად რომ გავითხარეო. ახლა წავალ, დავმარხავ მამაჩემს და უკან დავბრუნდები. 6. თქვა ფარაონმა: წადი და დამარხე მამაშენი, როგორც დაგაფიცა. 7. წავიდა იოსები მამის დასამარხავად, და წაჰყვნენ მას ფარაონის მორჩილნი, მისი სახლის უხუცესნი და ეგვიპტის ქვეყნის ყველა უხუცესი. 8. იოსების მთელი სახლი, მისი ძმები და მამამისის სახლი. მხოლოდ ბალღები და ცხვარ-ძროხა დატოვეს გოშენის მხარეში. 9. დაიძრნენ მასთან ერთად ეტლები და მხედრები; შეიკრიბა დიდზე დიდი ბანაკი. 10. მივიდნენ ატადის კალოსთან, იორდანეს გაღმა, და გამართეს იქ დიდი და უსაზომოდ მწარე გოდება. შვიდ დღეს გლოვობდა იოსები მამას. 11. იხილეს ქანაანელებმა გლოვა ატადის კალოზე და თქვეს: მწარე გლოვა აქვთ ეგვიპტელებს. ამიტომაც ეწოდა ამ ადგილს იორდანეს გაღმა აბელ-მიცრაიმი (ეგვიპტელთა გლოვა). 12. ყველაფერი ისე აღუსრულეს შვილებმა იაკობს, როგორც უანდერძა მათ. 13. წაასვენეს იგი შვილებმა ქანაანის ქვეყანაში და დამარხეს მღვიმეში მახფელას მინდორზე, მამრეს გასწვრივ, რომელიც საკუთარ სამარხად იყიდა აბრაამმა მინდორთან ერთად ყეფრონ ხეთელისგან. 14. დამარხეს მამა და დაბრუნდა იოსები ეგვიპტეში, იგი და მისი ძმები და ყველა, ვინც კი მამის დასამარხავად წაჰყვა. 15. დაინახეს იოსების ძმებმა, რომ აღარ ჰყავთ მამა, და თქვეს: ვაითუ გვიმტროს იოსებმა და სამაგიერო გადაგვიხადოს ყველა ბოროტებისთვის, რაც მას ვუყავით. 16. შეუთვალეს იოსებს: მამაშენმა დაგვიბარა სიკვდილის წინ. 17. ასე უთხარით იოსებს: გევედრები, შეუნდე ცოდვა და დანაშაული ძმებს, თუმცა ბოროტად მოგექცნენ. ამიერიდან შეუნდე ცოდვა მამაშენის ღმერთის მსახურებს. ატირდა იოსები, როცა ეს უთხრეს. 18. მოვიდნენ ძმებიც, დაემხნენ მის წინაშე და უთხრეს: აჰა, შენი მორჩილნი ვართ. 19. უთხრა მათ იოსებმა: ნუ გეშინიათ. ღმერთი ხომ არა ვარ? 20. თქვენ ბოროტი განიზრახეთ ჩემთვის, ხოლო ღმერთმა სიკეთედ ჩათვალა, რათა ისე მომხდარიყო, როგორც მოხდა: მრავალი ხალხის სიცოცხლე ეხსნა. 21. ამიერიდან ნუღარ გეშინიათ: თქვენც შეგინახავთ და თქვენს ბავშვებსაც. დაამშვიდა ისინი და ანუგეშა. 22. ცხოვრობდა იოსები ეგვიპტეში მამამისის მოდგმასთან ერთად. იცოცხლა იოსებმა ას ათი წელი. 23. მოესწრო იოსები ეფრემის შვილთაშვილებს; მენაშეს ძის, მაქირის, შვილებიც იოსების მუხლებზე დაიბადნენ. 24. უთხრა იოსებმა ძმებს: მე ვკვდები, მაგრამ ღმერთი მოგხედავთ, და წაგიყვანთ ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც შეჰპირდა იგი აბრაამს, ისაკს და იაკობს. 25. დააფიცა იოსებმა ისრაელიანები: როცა ღმერთი მოგხედავთ, აქედან წაიღეთ ჩემი ძვლები. 26. მოკვდა იოსები ას ათი წლისა, შემურვეს იგი და ჩაასვენეს კიდობანში, ეგვიპტეში.

მწუხრზე: იგავ. 31: 8-31 

8. გახსენი პირი დამუნჯებულისთვის ყველა ობლისთვის სამართლის გასაჩენად. 9. გახსენი პირი სიმართლით განსასჯელად და ღარიბ-ღატაკთათვის სამართლის გასაჩენად. 10. ვინ იპოვის გამრჯე დედაკაცს? მარგალიტზე ძვირია მისი ფასი. 11. მისი ქმრის გული მასზე იქნება დანდობილი და შემოსავალი არ მოაკლდება. 12. მთელი სიცოცხლე სიკეთეს მიაგებს და არა ბოროტებას. 13. ის ეძებს მატყლსა და სელს და ბეჯითად მუშაობს საკუთარი ხელებით; 14. სავაჭრო ხომალდების მსგავსად შორიდან მოაქვს თავისი პური. 15. ჯერ კიდევ ღამიანად დგება და სახლს საზრდოს აძლევს და მხევლებს – წესსა და რიგს. 16. იგი ყანაზე ფიქრობს და ყიდულობს კიდეც; საკუთარი ხელების ნაყოფით ვენახსა ჰყრის: 17. ძლიერებით ისარტყლავს წელს და მკლავს იმაგრებს. 18. გრძნობს, რომ კარგია მისი შენაძენი, მისი ლამპარი ღამით არ ჩაქრება. 19. ჯარაზე ხელს იწვდის და თითებით თითისტარი უჭირავს. 20. ღარიბისთვის ხელი გაშლილი აქვს და უპოვარს ხელს უწვდის. 21. მის სახლს თოვლის არ ეშინია, რადგან მთელი მისი სახლი ორკეცად არის შემოსილი. 22. ფარდაგებს თავად იკეთებს და იგი სელითა და ძოწეულით იმოსება. 23. მისი ქმარი ცნობილია კარიბჭესთან, როცა ქვეყნის უხუცებს შორის ზის. 24. მოსასხამებს ამზადებს და ჰყიდის, სარტყლებს მოვაჭრეებს აძლევს. 25. ძალით და მშვენებით არის მოსილი და მომავალ დღეს გაღიმებით შესცქერის. 26. პირს სიბრძნითა ხსნის და ენაზე მადლიანი დარიგება აქვს. 27. თვალ-ყურს ადევნებს, რაც მის სახლში ხდება, და პურს მუქთად არა სჭამს. 28. დგებიან მისი ვაჟები და ლოცავენ მას, მისი ქმარი – და აქებს მას. 29. მრავალმა ასულმა გამოიჩინა მხნეობა, მაგრამ შენ გადაამეტე ყველას. 30. მაცთუნებელია სიკოხტავე და სილამაზე ამაოებაა უფლის მოშიში დედაკაცია საქებარი. 31. მიაგეთ მას მისი შრომის საზღაური და მისმა საქმეებმა იგი კარიბჭეებთან განადიდონ.

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით

                                                                      (1 ინ. 3: 14) 

 

წმიდა კირილე კატანელი (+111) დაიბადა ანტიოქიაში. ის იყო წმიდა პეტრე მოციქულის (ხს. 29 ივნისს და 16 იანვარს) მოწაფე და მისგან იქმნა ხელდასხმული კატანის ეპისკოპოსად. წმიდა კირილე ბრძნულად მართავდა სამწყსოს. ღვთისმოსაობის გამო წმიდა მამა უფლისაგან სასწაულმოქმედების მადლით დაჯილდოვდა. მისი ლოცვით წყაროს მწარე წყალი სასმელად ვარგისი შეიქმნა. ამ სასწაულმა მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. წმიდა კირილე აღესრულა ღრმა მოხუცებულობაში. 
წმიდა თომა კონსტანტინეპოლელი წმიდა პატრიარქ კირიაკეს გარდაცვალების შემდეგ, 607 წელს, აირჩიეს კონსტანტინეპოლის პატრიარქად.
წმიდა თომას პატრიარქობის დროს გალატეაში (მცირე აზია) საშინელი გამოცხადება მოხდა: სადღესასწაულო ლიტანიობაზე მძიმე ჯვრებმა ქანაობა დაიწყეს, ერთმანეთს ეხლებოდნენ და ტყდებოდნენ. პატრიარქის თხოვნით წმიდა თეოდორე სიკიოტელმა (ხს. 22 აპრილს) ახსნა მომხდარი. მისი სიტყვით, ეკლესიას ელოდა უბედურება, ქვეყანას კი – ბარბაროსთა თავდასხმა და განადგურება. ამ წინასწარმეტყველებით შეძრწუნებულმა პატრიარქმა ღირს თეოდორეს სთხოვა, უფლისთვის შეევედრებინა მისი სული, რომ გამოცხადების აღსრულებამდე ღმერთთან წარმდგარიყო.
წმიდა თომას გარდაცვალების (+610) შემდეგ ეკლესიაში ერთობა დაირღვა. წმიდანის მემკვიდრე პატრიარქი სერგი (610-638) მონოთელიტთა ერესში ჩავარდა. მალე, ღვთის დაშვებით, ერესის გამრავლების გამო, დაიწყო ბიზანტია-სპარსეთის ომი. მცირე აზიის ბერძნული მხარე სრულიად გაუდაბურდა, იერუსალიმი დაეცა, უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი უსჯულოებმა სპარსეთში წაასვენეს. ასე აღსრულდა ლიტანიობის დროს სასწაულით განცხადებული ყველა უბედურება. 
წმიდა იაკობ ეპისკოპოსი სიყრმითგან ესწრაფვოდა განმარტოებულ ცხოვრებას. მან დატოვა სახლი, სტუდიის მონასტერს მიაშურა და ბერად აღიკვეცა. წმიდა იაკობი მკაცრ შრომაში, მარხვასა და ლოცვაში ცხოვრობდა. ღვთისმოსავსა და წმიდა წერილის შესანიშნავად მცოდნე ბერს კატანის (სიცილია) ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. ხატმებრძოლი იმპერატორის კონსტანტინე V კოპრონიმის (741-775) დროს წმიდა იაკობს არაერთხელ მოსთხოვეს წმიდა ხატთა გმობა. წმიდა აღმსარებელმა დაითმინა ტყვეობა, შიმშილი, წამება, მაგრამ მართლმადიდებლობა არ უარუყვია. წმიდა ეპისკოპოსი იაკობი გარდაიცვალა დევნულობაში. 
წმინდა სერაფიმე ვირიცელი (+1949)
saint serafim vyritsky
შენი ცხოვრების ყველაზე რთულ დღეებში, ყველაზე დიდ სარგებელს იესუს ლოცვისგან მიიღებ, შენი ძალების შესაბამისად იშრომე ამ ლოცვაში და ქრისტეს სახელის ხშირი მოხმობით, ღმრთის მადლით მოუკლებელ ლოცვას შეიძენ. სინანულითა და სიმდაბლით განმსჭვალული მოუკლებელი იესუს ლოცვა ყველაზე ძლიერი საშუალებაა ადამიანის სულის ქრისტესთან შეერთებისა. ამასთან ერთად, იესუს ლოცვა სულიერი მახვილიცაა, რომელიც ჩვენში არსებულ ცოდვას ანადგურებს. 
იესუს ლოცვა ბნელი ძალების საშინელი შემოტევებისგან გვიცავს. არასდროს თხოვო ქრისტეს რაიმე მიწიერი, რადგან მან უკეთ იცის რაც გვჭირდება. ილოცეთ ასე: ,,უფალო, შენს წმინდა ნებას მივანდობ ჩემს შვილებს, ჩემს ნათესავებს და ჩემი ოჯახის წევრებს’’.

აუცილებლად ილოცე მტრებისთვისაც! თუ შენ მათთვის არ ლოცულობ, ამით ცეცხლზე ნავთს ასხამ და ეს ცეცხლიც უფრო და უფრო დიდი ხდება! მუდამ ყველაფრისთვის, სიხარულისთვისაც და მწუხარებისთვისაც მადლობდე ჩვენს ყოვლადწმინდა დედა ღმრთისმშობელს.გახსოვდეს, რომ ყოვლისშემძლე ცოცხალი ღმერთი მართავს ამ სამყაროს და ყველაფერი, რაც მასში ხდება ან მისი წყალობით ან მისი დაშვებითაა. მისი გზები კი ჩვენთვის შეუცნობელი და მიუწვდომელია. მხოლოდ ასეთ ხედვას შემოაქვს ჩვენს გულში სიმშვიდე და არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავინთქათ უკიდურეს მწუხარებაში. ეს მდგომარეობა ჩვენს გონებას მარადიული სიცოცხლისკენ მიაპრყობს და ტკივილებში მოთმინებას გვანიჭებს. ამ დროს, ეს მწუხარებებიც ძალიან ხანმოკლე, წვრილმანი და არარაობა გვეჩვენება.