… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).
…მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრძ. 6: 1-3).
ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).
ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათი
16.04.2026 მსგეფსი
ღირსისა ნიკიტა აღმსარებელისა, მიდიკიის სავანის წინამძღვრისას (824); ქალწულმოწამისა თეოდოსია ტვირელისა (307-308); ღირსისა ილირიკესი; მოწამეთა: ელპიდიფორესი, დიოსი, ბითონისი და გალიკესი.
დღის ლოცვები
ზეციერი სიბრძნე და ცხორებაი მოიგე, და ცხადად ბრწყინავ, ვითარცა მზე, და შარავანდედთა მიერ საქმეთა შენთათა განანათლებ მყოფთა უფსკრულსა შინა ცხორებისასა, მამაო ნიკიტა, და წარუმართებ ყოველთა ღმრთისა მიმართ, ვინა ევედრე მას დაუცხრომლად ჩვენ ყოველთათვის.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ხუთშაბათსა დილას
უფალო, ღმერთო ყოვლის-მპყრობელო, გულთ მეცნიერო და გულის-სიტყვათა მპყრობელო, რომელმან პყრობილჰყვენ ზღვანი და ხმელნი, ქალაქნი და მდინარენი ნათესავისათვის კაცთასა შენდა შევრდომითა! უფალო იესო ქრისტე ღმერთო ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, კრაო და მწყემსო ჭეშმარიტო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი შენ, სახიერო, დაამდოვრენ ღელვანი და აღტეხანი გულისა ამის ჩემისანი, და აღტყინებანი და აღძვრანი ხორცთა ჩემთანი, მოვლინებულნი უხილავთა მტერთა მიერ, და ვითარცა დააცხრვე და განაქარვე აღტეხაი იგი ზღვისა და დააყუდენ ქარნი მძაფრნი და იხსენ მოწაფენი შენნი დანთქმისაგან, ეგრეთვე შენ, მეუფეო, მოიხილე ჩემზედა მონასა ამას შენსა და მიხსენ აღტყინებისაგან მოუდრეკელთა მათ ხორცთა ჩემთასა! გარე უკუნ-აქციე გულისთქმაი ესე საშინელი, წარსაწყმედელი სულისა ხორცისა ჩემისა! გულს-მოდგინე მყავ მოხსენებად ჟამსა ამას ჯვარცმისა შენისა, გვერდისა შენისაგან გარდამოთხეულსა სისხლსა და წყალსა და კვალად დღე იგი საშინელი განკითხვისა და მიხსენ ვნებათა ამათგან მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ხუთშაბათსა დაწოლისასა
მომეც ჩვენ, მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო მეოხებითა წმიდათა შენთა მოციქულთათა ძილი მშვიდობისა და განსვენებისა სულისა და ხორცთასა! და მიცევ მე ყოვლისაგან საცთურისა ღამისა და ბნელისაგან ბოროტისა: დააცხვრენ აღძვრანი ვნებათანი, დაჰშრიტე მხურვალებაი ხორცთა და მომეც გულის-სიტყვაი და უბიწო მოქალაქობაი, ღამე ყოველ გალობით დიდებისმეტყველებაი, რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცული შენდა დიდებასა შევჰსწირვიდეთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: საქმ. 2: 38-43 (დას. 6). ინ. 3: 1-15 (დას. 8).
ლიტ.: საქმ. 2: 38-43
38. ხოლო პეტრემ უთხრა მათ: მოინანიეთ და ყოველმა თქვენგანმა ნათელ იღოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვათა მისატევებლად, და მიიღებთ სული წმიდის ნიჭს. 39. ვინაიდან თქვენია აღთქმა, თქვენი შვილებისა და ყველა შორეულისა, ვისაც კი უხმობს უფალი ღმერთი ჩვენი. 40. მრავალი სხვა სიტყვითაც მოწმობდა, შეაგონებდა მათ და ამბობდა: იხსენით თავი ამ უკეთური მოდგმისგან. 41. ვინც მიიღო მისი სიტყვა, კიდეც მოინათლა, და შეემატათ იმ დღეს სამი ათასამდე სული. 42. ერთავად მოციქულთა სწავლასა და ზიარებაში, პურის გატეხასა და ლოცვაში იყვნენ. 43. შიშს შეეპყრო ყოველი სული და მრავალი ნიში და სასწაული ხდებოდა მოციქულთა მიერ.
ლიტ.: ინ. 3: 1-15
1. ფარისეველთა შორის იყო ერთი კაცი, სახელად ნიკოდემე, იუდეველთა მთავარი, 2. რომელიც ღამით მივიდა იესოსთან და უთხრა: რაბი, ვიცით, რომ ღმრთისაგან მოსულხარ მოძღვრად, ვინაიდან არავის შეუძლია შენს მიერ მოხდენილ სასწაულთა ქმნა, თუკი მასთან არ არის ღმერთი. 3. ხოლო იესომ მიუგო: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება ხელახლა, ვერ იხილავს ღმრთის სასუფეველს. 4. უთხრა მას ნიკოდემემ: როგორ შეიძლება დაიბადოს მოხუცი კაცი? ხომ არ შეუძლია ხელმეორედ შევიდეს დედის საშოში და კვლავ დაიბადოს? 5. მიუგო იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში. 6. ხორცის მიერ შობილი ხორცია და სულის მიერ შობილი – სული. 7. ნუ გიკვირს, რომ გითხარი: ხელახლა უნდა დაიბადოთ-მეთქი. 8. ქარი, სადაც სურს, ქრის, და გესმის მისი ხმა, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის ან საით მიდის; ასევეა სულის მიერ ყველა შობილიც. 9. მიუგო ნიკოდემემ და უთხრა მას: როგორ შეიძლება ეს მოხდეს? 10. ხოლო იესომ პასუხად თქვა: ისრაელის მოძღვარი ხარ და ეგ არ იცი? 11. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ჩვენ ვამბობთ იმას, რაც ვიცით, და ვმოწმობთ იმას, რაც გვიხილავს, მაგრამ ჩვენს მოწმობას არ იღებთ. 12. თუ მიწისა გითხარით და არ ირწმუნეთ, როგორღა ირწმუნებთ, რომ გითხრათ, ცისას? 13. არავინ ასულა ზეცად, გარდა ზეცით ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც არის ცაში. 14. და როგორც მოსემ აღმართა გველი უდაბნოში, ასევე უნდა აღიმართოს ძეც კაცისა. 15. რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
ქალწულმოწამე თეოდოსია ტვირელი, პალესტინელი (+307-308)
ერთხელ, ქრისტიანთა დევნისას წმინდა თეოდოსია მსჯავრდადებულ ქრისტიანთა ჯგუფს მიუახლოვდა. ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა იდგა და ისინი ცათა სასუფეველზე საუბრობდნენ. წმინდა ქალწულმა სთხოვა, – ოდეს ღვთის წინაშე წარდგებით, მეც მომიხსენიეთო!
მეომრებმა, რომელთაც იხილეს, თუ როგორ დაუჩოქა ტყვედქმნილ ქრისტიანებს გოგონამ, მყისვე მმართველს, სახელად ურბანოსს მიჰგვარეს, რომელმაც ქალწულს კერპთათვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა, მაგრამ თეოდოსია მტკიცედ უარობდა და შემწედ უფალს უხმობდა.
მაშინ კი გაცოფდა ურბანოსი და ქალწულის სასტიკად წამება ბრძანა, – გოგონას რკინის კავებით იქამდე აგლეჯდნენ ხორცს, სანამ ძვალნი არ გამოუჩნდა.
თეოდოსია სიხარულით, უხმოდ დაითმენდა საშინელ ტანჯვას, ხოლო ურბანოსის ხელახალ შეთავაზებაზე, – გადმოჩვენიანდი და ცოცხალს დაგტოვებთო, პასუხობდა:
– უგუნურო, მე ხომ მოწამეთა ხვედრი გავიზიარეო!
მაშინ ყელზე თოკი გამოაბეს და ზღვას მისცეს, მაგრამ ღვთის ანგელოზმა სასწაულებრივად დაიხსნა. ურბანოსი კი იმაზე ფიქრობდა, თუ რა სასჯელი მიეგო გაუტეხელი თეოდოსიასათვის და ბოლოს ველურ მხეცთა საჯიჯგნად გაიმეტა, თუმცა, მშიერმა ნადირმა ქალწულს პირი არ დააკარა. მაშინ ჯალათებს მოთმინების ძაფი გაუწყდათ და თეოდოსიას თავი წარკვეთეს.
ღამით ნათლით მოსილი და გვირგვინოსანი მოწამე მშობლებს გამოეცხადა, ბრწყინვალე ჯვარი უჩვენა და უთხრა:
– აი, რა დიდების წართმევა გსურდათ ჩემთვის!
წმიდა ნიკიტა აღმსარებელი, მიდიკიის მონასტრის წინამძღვარი (+824)
წმიდა ნიკიტა აღმსარებელი, მიდიკიის მონასტრის წინამძღვარი (+824) – დაიბადა ბითვინიის კესარიაში, ღვთისმოსავ ოჯახში, დედა შობიდან მერვე დღეს გარდაიცვალა, მამა კი ბერად აღიკვეცა. ჩვილს ქრისტიანული სულით ზრდიდა ბებია. წმიდა ნიკიტა ბავშვობიდან ეკლესიაში მსახურობდა და დაყუდებული ბერის სტეფანეს მორჩილი იყო. მისი კურთხევით წავიდა მიდიკიის მონასტერში, სადაც იღუმენი იყო წმიდა ნიკიფორე (ხს. 13 მარტს).შვიდი წლის შემდეგ ღირს ნიკიტას პრესვიტერად დაასხეს ხელი. უძლურებაში მყოფმა ღირსმა ნიკიფორემ მას მიანდო მონასტრის მოვლა-პატრონობა.
ღირსმა ნიკიტამ თავდაუზოგავად დაიწყო ზრუნვა მონასტრის აყვავებისა და კეთილმოწყობისათვის, პირადი მკაცრი ცხოვრების წესით აძლევდა საძმოს ბერული ცხოვრების მაგალითს. რამდენიმე წლის შემდეგ მოწესეთა რიცხვი მონასტერში ასამდე გაიზარდა.
ღირსი ნიკიფორეს გარდაცვალების შემდეგ ძმებმა იღუმენად ერთსულოვნად ნიკიტა აირჩიეს.
უფალმა წმიდა ნიკიტა სასწაულთქმედების ნიჭით დააჯილდოვა. მისი ლოცვით მრავალი განიკურნა: ყრუ-მუნჯმა ენა აიდგა, გონარეულს გონება დაუბრუნდა, განიკურნა ორი ეშმაკეული ქალი.
ლეონ სომეხის (813-820) დროს განახლდა ხატმბრძოლობის ერესი. მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს დევნიდნენ და ასახლებდნენ. 815 წელს კონსტანტინეპოლში ჩატარდა ერეტიკოსთა კრება, რომელმაც ტახტიდან ჩამოაგდო წმიდა პატრიარქი ნიკიფორე (806-815+828), მის ადგილზე კი აირჩია ერეტიკოსი ერისკაცი თეოდოტი. გადასახლებული და დატყვევებული მართლმადიდებელი ეპისკოპოსების ნაცვლად ერეტიკოსები დანიშნეს. იმპერატორმა ყველა მონასტრის იღუმენი მოიწვია და შეეცადა ისინი ერესზე მოექცია. მოწვეულთა შორის იყო ღირსი ნიკიტაც, რომელიც მტკიცედ იცავდა მართლმადიდებლობას. მისი მიბაძვით ყველა იღუმენი წმიდა ხატთა თაყვანისცემის კანონის ერთგული დარჩა. ამისთვის ისინი შეიპყრეს. ღირსი ნიკიტა ვაჟკაცურად ითმენდა განსაცდელს და სხვებსაც ამხნევებდა.
იმპერატორმა და ცრუპატრიარქმა თეოდოტიმ გადაწყვიტეს, ეცდუნებინათ ჭეშმარიტი რწმენის აღმსარებლები: იმპერატორი მათ შეჰპირდა, რომ ყველას თავისუფლებას მიანიჭებდა და წმიდა ხატთა თაყვანისცემის უფლებას მისცემდა იმ პირობით, თუ ცრუპატრიარქ თეოდოტისთან ეზიარებოდნენ. ნიკიტა დიდხანს ჭოჭმანობდა, სხვა ტუსაღები კი ევედრებოდნენ, მიეღო იმპერატორის წინადადება. ღირსი ნიკიტა წავიდა ტაძარში, სადაც სხვების თვალის ასახვევად ხატები იყო დასვენებული და წმიდა ნიკიტაც ეზიარა. როდესაც მონასტერში დაბრუნებულმა წმიდა მამამ ნახა, რომ ქრისტიანთა დევნა არ წყდებოდა, კვლავ ჩავიდა კონსტანტინეპოლში და უშიშრად ამხილა ხატმბრძოლობის ერესი. წმიდა ნიკიტა კვლავ შეიპყრეს და ექვსი წლის მანძილზე, ლეონ სომეხის გარდაცვალებამდე, ციხეში ტანჯავდნენ. ტყვეობაში ყოფნისას მისი მხურვალე ლოცვით სასწაულები აღესრულებოდა. 824 წელს წმიდა ნიკიტამ ღვთივ მიისვენა. მისი ცხედარი პატივით დაკრძალეს მონასტერში. წმიდანის საფლავთან სასწაულები აღესრულებოდა.
მოწამენი: ელპიდიფორე, დიო, ბითონიო და გალიკე
წმიდა მოწამენი ელეპიდიფორე, დიო, ბითონიო, გალიკე მოწამეობრივად აღესრულნენ ქრისტესთვის. წმიდა ელპიდიფორეს თავი მოჰკვეთეს, წმიდა დიო ქვებით ჩაქოლეს, წმიდა ბითონიო ზღვაში დაახრჩვეს, წმიდა გალიკე კი მხეცებს დააგლეჯინეს.