…მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა“. (ღირსი ისააკ ასური).
…ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრ. 6: 1-3).
…თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).
…ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).
…ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

I შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი. 6.06.2026
სულიწმიდის მოფენის დღესასწაულის წარგზავნა. მსგეფსი
ღირსისა სვიმეონ მესვეტისა, სასწაულთმოქმედისა, რომელი იყო დამკვიდრებული მთასა საკვირველსა (590-596); მოწამეთა მელეტი სტრატილატისა, სტეფანესი, იოანესი, სერაპიონ ეგვიპტელისა, კალინიკე მოგვყოფილისა, თეოდორესი, ფავსტოსი, ფისტოსი, მარკელესი, მელიტონისა, სერგისა, მარკელონისა, ფელიქსისა, ფოტინესი, თევდორისკესი, მერკვირესი, დიდიმესი; დედათა: სოსანასი, მარკიანესი, პალადიასი; ჩვილთა: კვირიაკესი, ქრისტიანესი და მათთანა, ბევრთა და ათასთა და ორასორმოცდაათთა (11250) (218); კონსტანტინეპოლით მთაწმიდას მიცვალება წმიდათა ნაწილთა ღირსისა მამისა ჩვენისა გიორგი მთაწმიდელისათა, და დადება ლარნაკსა შინა.
დღის ლოცვები
ღირსი სვიმეონ მესვეტის კონდაკი:
ზენასა მოსურნემან დაუტევენ ქუენანი და მსგავსად ცისა სუეტი შეიმზადე, რომლისა მიერ განათლდი სასწაულთა შარავანდედითა, ღირსო, და ყოველთა ღმერთსა ქრისტესა ევედრები დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის შაბათს დილით
საყვარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოზთა შეყვარებულო, ხმა მაღალო ქადაგო ღვთისმეტყველებისაო, ღირს ქმნილო ძედ წმიდისა ქალწულისა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძველო საღმრთოისა სწავლისაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდს მიყრდნობილო, ყოვლად ბრძენო, ნეტარო იოანე, ქადაგო სამებისაო! მითხოვე ქრისტესაგან შენდობაი ცოდვათა და ხსნაი განსაცდელთაგან, განჰსდევნენ ჩვენგან მტერნი ჩვენნი უხილავნი, ვითარცა განჰსდევნე კვინოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა ძილად დაწოლისა შაბათს
უფალო! რაოდენიცა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა სიტყვით, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულისხმის-ყოფით, შემინდევ მე სახელისა შენისათვის წმიდისა და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ხორცთასა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგვემისა გვლარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არა-წმიდათა ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
რომ. 1: 7-12 (დას. 79, შუა). მთ. 5: 42-48 (დას. 15).
რომ. 1: 7-12
7. ყველას, ვინცა ხართ რომში, ღვთის საყვარელთ და წმიდა ხმობილთ: მადლი და მშვიდობა თქვენდა მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან. 8. უპირველესად, ყოველი თქვენგანისათვის ვმადლობ ღმერთს ჩემსას იესო ქრისტეს მეოხებით, რადგანაც თქვენი რწმენა ეხარება მთელ ქვეყანას. 9. მოწმედ მყავს ღმერთი, რომელსაც ვემსახურები ჩემი სულით მისი ძის სახარებაში, რომ გამუდმებით გიგონებთ; 10. დღენიადაგ ვევედრები ჩემს ლოცვებში, იქნებ როგორმე შემეწიოს ღვთის ნება, რომ თქვენთან მოვიდე. 11. რადგანაც გულით მწადია თქვენი ნახვა, რათა გიწილადოთ სულიერი ნიჭი თქვენს განსამტკიცებლად, 12. ანუ, რაც იგივეა, ჩემს სანუგეშებლად, თქვენი და ჩემი საერთო რწმენით.
მთ. 5: 42-48
42. მთხოვნელს მიეცი და სესხების მსურველს ზურგს ნუ შეაქცევ. 43. თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენი. 44. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: გიყვარდეთ თქვენი მტერნი; დალოცეთ თქვენი მაწყევარნი; კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსავ მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის. 45. რათა იყოთ შვილნი თქვენი ზეციერი მამისა, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს კეთილთა და ბოროტთათვის და წვიმას უგზავნის მართალთაც და უსამართლოთაც. 46. რადგანაც თუ გეყვარებათ თქვენი მოყვასნი, რა იქნება თქვენი საზღაური? განა ასევე არ იქცევიან მებაჟენიც? 47. ანდა თუ მოიკითხავთ მხოლოდ თქვენს მოძმეთ, უჩვეულოს რას სჩადიხართ? განა ასევე არ იქცევიან წარმართნიც? 48. მაშ, იყავით სრულქმნილნი, როგორც სრულქმნილია თქვენი ზეციერი მამა.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მოწამე მელეტი სტრატილატი, სტეფანე, იოანე, სერაპიონ მეგვიპტელი, კალენიკე მოგვყოფილი, თეოდორე, ფავსტო, სხვანი 1218 მხედარნი დედებით და ყრმებით (218)
წმიდა მოწამე მელეტი სტრატილატი, სტეფანე, იოანე, სერაპიონ მეგვიპტელი, კალინიკე მოგვყოფილი, თეოდორე, ფავსტო, სხვანი 1218 მხედარნი დედებით და ყრმებით (+218).რომის იმპერატორის ანტონ ჰელიოგაბალის (218-22) ზეობის ჟამს წმიდა მოწამე მელეტი გალატიის ოლქის მხედართმთავრად მსახურობდა. ის ქრისტიანი იყო და მხურვალედ ევედრებოდა უფალს წარმართული უგუნურების აღვეთას. მისი ლოცვით შეძრწუნებული ბოროტი სულები გამოვიდნენ წარმართული სამსხვერპლოებიდან, ძაღლებში შევიდნენ და გაავებული ყეფით აფრთხობდნენ მოსახლეობას. წმიდა მელეტიმ თავისი მხედრობით გაანადგურა ძაღლები და შემუსრა სამსხვერპლოები. ამისთვის წმიდანი შეიპყრეს და გალატიის მმართველ მაქსიმიანეს წარუდგინეს. მელეტის უბრძანეს კერპებისთვის შეეწირა მსხვერპლი, მაგრამ მან სასტიკი უარი განაცხადა, რისთვისაც წამებით მოკლეს. მასთან ერთად დასაჯეს წმიდა მოწამენი – სტეფანე და იოანე.
პოლკის სხვა მხედრები, რომლებმაც ქრისტიანებად გამოაცხადეს თავი, ოჯახებთან ერთად მახვილით მოწყვიდეს. წამებით მოკლეს 1218 ქრისტიანი, სხვა ცნობით – 11000 (+დაახლ. 218). წმიდა თეოდორე და ფავსტო ცეცხლით დაწვეს. წამებულთაგან ცნობილია რამდენიმე დედის სახელი: მარკინა, სოსანა, პალადია, ყრმანი: კირიაკე და ქრისტიანე. ცნობილია აგრეთვე 12 ტრიბუნის სახელი: ფავსტო, ფისტი, მარკელი, თეოდორე, მელეტი, სერგი, მარკელინი, ფელიქსი, ფოტინი, თეოდორისკო, მერკური, დიდიმი.
ღირსი სვიმეონ მესვეტე, რომელი იყო საკვირველსა მთასა შინა (596)
ღირსი სვიმეონ მესვეტე, რომელი იყო საკვირველსა მთასა შინა (+596) დაიბადა ანტიოქიაში 521 წელს, ღვთისმოშიში ქრისტიანების, იოანესა და მართას ოჯახში. მისი დაბადება და ღვთის სამსახურში ჩადგომა იოანე ნათლისმცემლის გამოცხადებით წინასწარ ეუწყა დედას – წმიდა მართას (ხს. 4 ივლისს). ყრმა 2 წლის იყო, როცა მონათლეს.6 წლის სვიმეონს ანტიოქიაში მომხდარი მიწისძვრისას მამა გარდაეცვალა. ამ დროს ბავშვი ეკლესიაში იყო. ტაძრიდან გამოსულს, გზა დაებნა და ერთმა ღვთისმოსავმა ქალმა შეიფარა. ნეტარ მართას კვლავ წმიდა იოანე ნათლისმცემელი გამოეცხადა და შვილის ადგილსამყოფელი აუწყა. ამის შემდეგ წმიდა მართა წმიდა სვიმეონთან ერთად ანტიოქიის გარეუბანში დასახლდა, სადაც ყრმას რამდენჯერმე გამოეცხადა უფალი იესო ქრისტე და მომავალი განუცხადა.
6 წლის სვიმეონი უდაბნოში გავიდა, გარკვეული ხანი მარტოობაში გაატარა, შემდეგ კი ნათელმოსილმა ანგელოსმა განმარტოებულ მონასტერში მიიყვანა, რომლის წინამძღვარი – აბბა იოანეც სვეტზე იყო დაყუდებული. მან სიყვარულით მიიღო ყრმა.
გავიდა ხანი და წმიდა სვიმეონმა იოანეს სვეტზე ასვლის ნებართვა სთხოვა. წინამძღვრის კურთხევით მონასტრის ძმებმა შორიახლოს ახალი სვეტი ააგეს. შემდეგ აბბა იოანემ ბერად აღკვეცა 7 წლის წმიდანი და თვით აიყვანა სვეტზე. ღვთისგან განძლიერებული ნორჩი მოღვაწე სულიერად სწრაფად იზრდებოდა და მალე გაასწრო თავის გამოცდილ მოძღვარს. განსაკუთრებული ღვთისმოშიშებისთვის და ფიცხელი მოღვაწეობისთვის წმიდა სვიმეონმა ღვთისგან კურნების ნიჭი მიიღო. მალე მისი სახელი შორს გავარდა.
11 წლის სვიმეონმა უფრო მაღალ სვეტზე ასვლა გადაწყვიტა. მასთან მივიდნენ ანტიოქიისა და სელევკიის ეპისკოპოსები, დიაკვნად დაასხეს ხელი და უფლება მისცეს 40 საფეხურიან სვეტზე ასულიყო, სადაც 8 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა.
ღირსი სვიმეონი მხურვალედ ევედრებოდა უფალს სულიწმიდის მადლის მონიჭებას. წმიდანის ლოცვა შესმენილ იქნა, მასზე სულიწმიდა გარდამოვიდა ანთებული სანთლის სახით და წმიდანი ღვთაებრივი სიბრძნით აავსო. ღირსი მამა დაუზარებლად მოძღვრავდა რჩევა-დარიგების მსურველებს, გარდა ამისა, წერდა ეპისტოლეებს სინანულზე, ბერ-მონაზვნობაზე, ქრისტეს განკაცებაზე, მომავალ სამსჯავროზე.
იოანეს გარდაცვალების შემდეგ წმიდა სვიმეონმა ასეთი ცხოვრების წესი დაუდგინა საკუთარ თავს: მზის ამოსვლიდან მეცხრე ჟამამდე ლოცულობდა, შემდეგ მზის ჩასვლამდე კითხულობდა წიგნებს და წერდა, ღამეს ლოცვაში ათევდა, მცირეოდენი შესვენების შემდეგ კი კვლავ თავიდან იწყებდა ლოცვას.
ღირსი სვიმეონი ღვთის მინიშნებით გადავიდა საკვირველ მთაზე, მონასტერში კი საძმოს წინამძღვრად გამოცდილი ბერი დატოვა. საკვირველ მთაზე ასულ წმიდანს კლდის ქიმზე მდგარი უფალი გამოეცხადა. სვიმეონმა მოღვაწეობა ამ გამოცხადების ადგილზე დაიწყო: ჯერ ქვაზე იდგა, შემდეგ კი იმ ადგილას აგებულ სვეტზე დაეყუდა.
ღირს სვიმეონს უფლისაგან წინასწარჭვრეტის ნიჭი მოემადლა. მან იწინასწარმეტყველა ანტიოქიის არქიეპისკოპოსის ეფრემის გარდაცვალება, აგრეთვე ეპისკოპოს დომნას ავადმყოფობა, რომელსაც უფლისგან სასჯელად მიიღებდა თავისი უმოწყალობის გამო. ღირსმა სვიმეონმა წინასწარგანჭვრიტა აგრეთვე მიწისძვრა ანტიოქიაში და ქალაქის მოსახლეობას სინანულისკენ მოუწოდა. წმიდანის მიერ განკურნებულმა ქრისტიანებმა საკვირველ მთაზე ტაძარი ააშენეს. სვიმეონმა აქ დააარსა მონასტერი, სადაც მისი ლოცვით სასწაულები აღესრულებოდა. 560 წელს 39 წლის მოღვაწეს სელევკიის ეპისკოპოსმა დიონისემ მღვდლად დაასხა ხელი.
წმიდა სვიმეონის სულიერი შვილი იყო ღირსი იოანე ზედაზნელი. სწორედ მისი კურთხევით ჩამოვიდა საქართველოში 13 ასურელი მამა (ხს. 7 მაისს) ქრისტეს სჯულის საქადაგებლად და რწმენა-შერყეული ივერიელების განსამტკიცებლად.
75 წლის წმიდანს უფლისგან ეუწყა ხორცთაგან განსვლის მოახლოება. მან უკანასკნელად დამოძღვრა თავისი სულიერი შვილები და უფლისა მიმართ მიისვენა 596 წელს, სვეტზე გაატარა 68 წელი.