17.06.2026. მე-3 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი

17.06.2026. მე-3 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი

     …მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა“. (ღირსი ისააკ ასური).

     …ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრ. 6: 1-3).

     …თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).

     …ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).

     …ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-3 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი

17.06.2026. მარხვა

მიტროფანე კონსტანტინეპოლელ პატრიარქისა (326); მოწამეთა: ფრონტასისა, სევერინესი, სევერიანესი და სილანესი (I); მოწამისა კონკორდისა (175); მღვდელმოწამისა ასტისა, დურაჰის ეპისკოპოსისა (II); ღირსისა ზოსიმესი, ეგვიპტის ბაბილონელ ეპისკოპოსისა (VI); წმიდათა მენელსაცხებლეთა დედათა, მართასი და მარიამისი, მართალ ლაზარეს დათა. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, სავედრებელი ყოვლადწმიდისა მიმართ, ოთხშაბათსა დილას

ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულისთქმათაგან, და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე, და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროის რიცხვისა ქვიშისა, შეყროლდეს და დალბეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა: შენ, დედაო ღვთისა ჩვენისაო, მარადის განგარისხე არაწმინდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე, დედუფალო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე მეცა შენგან ვაიმე, ვაიმე დაბნელებული, ნუ, დედუფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე მტერთა ჩემთა! აღადგინე გულის სიტყვა ჩემი სინანულად, და ხელპყრობილმყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღვრებითა ვჰსცხონდე. ჰე, დედაუფალო წმიდაო, დედაო კაცთ-მოყვარისა ღვთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლე იგი მეოხებითა შენითა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკვდიდ! მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთათა და განვჰსწმიდნე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა, და უფროს თოვლისა განვჰსპეტაკნე. ჰე, დედაო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი და ვედრებაი ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა სინანულით უცდომელად, და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, რაჟამს მეგულებოდეს სიტყვად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი, დედუფალო, მოწყალითა თვალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყვის მიმხდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა, და მექმენ მე ვაქილ და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი! მაშინ წარმადგინე მე ურცხვენელი და ცხოვნებული, საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა, დიდებად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და დაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა და სულისა მისისა ცხოველსმყოფელისა ერთისა და დასაბამ ნათელთასა, და თანაარსისა სამებისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ძილად დაწოლისა, ოთხშაბათსა

აღსვლასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი განსვენებისათვის ხორცთა ჩემთასა, რათა მძინარეცა შენვე გაქებდე, რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონება და გულის სიტყვანი ჩემნი! წმიდა ჰყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოსი შენი, მცველად აღდგომისა ჩემისა, რათა დავიმარხნე ხორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშვებ ჩემ ზედა სატანასა ბოროტსა და მარადის მოძულესა სიწმიდისა შენისასა, მოყვარესა სულსა ამაოებისასა, და რათა ჟამსა განღვიძებისა ჩემისასა განვიმარტნე ხელნი ჩემნი სახედ ჯვარისა შენისა უფალო, და შენ ჯვარცმულსა აღგიარნე ბრალნი ჩემნი და მე განძლიერებული ესრეთ გიღაღადებდე: უფალო, დაიცევ მეფეი და ქალაქი ჩემი, მეფე, რომელ არს სული ჩემი და ქალაქი გვამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად სამკვიდრეელად სიწმიდისა შენისა ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, დავჰსწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯვარითა შენითა, და დავიძინებ მინდობითა საფარველისა შენისათა. მამაო დამიცევ, ძეო დამიფარე, და სულო წმიდაო შემიწყალე მე! მრავალმოწყალეო ღმერთო უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე უღირსი მონაი შენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტე შენისათა და წმინდა მყავ მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა, რათა განფრთხობილი არმურისა ბოროტთა ოცნებათაგან მტერისათა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირს ვიქმნე წმიდითა გონებითა მოსლვად და მოღებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განჰსწმედ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

 

რომ. 8: 2-13 (დას. 96). მთ. 10: 16-22 (დას. 36).

რომ. 8: 2-13 

2. რადგანაც სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში ცოდვისა და სიკვდილის რჯულისაგან გამათავისუფლა მე. 3. რაკი ხორცისგან დაუძლურებულმა რჯულმა მეტი ვერ შესძლო, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებით და ცოდვისვე გამო, რათა მსჯავრი დაედო ხორციელი ცოდვისთვის. 4. და, ამრიგად, რჯულის სიმართლე აღსრულებულიყო ჩვენში, რომელნიც ხორციელად კი არ ვცხოვრობთ, არამედ – სულიერად. 5. რადგანაც ხორციელნი ხორცისას იზრახავენ, სულიერნი კი – სულისას. 6. ვინაიდან ხორცის ზრახვა სიკვდილია, სულის ზრახვა კი – სიცოცხლე და მშვიდობა. 7. იმიტომ, რომ ხორცის ზრახვა ღვთის მტრობაა, ვინაიდან არ ემორჩილება და ვერც დაემორჩილება ღვთის რჯულს. 8. ამიტომ ხორციელად მცხოვრებნი ვერ აამებენ ღმერთს. 9. ხოლო თქვენ ხორციელად მყოფნი კი არა ხართ, არამედ – სულიერად, თუკი სული ღვთისა დამკვიდრებულია თქვენში. მაგრამ ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, იგი არც არის მისი. 10. ხოლო თუ ქრისტე თქვენშია, ხორცი ცოდვისთვის მკვდარია, სული კი ცოცხალია სიმართლისათვის. 11. და თუ მისი სული, ვინც მკვდრეთით აღადგინა იესო, დამკვიდრებულია თქვენში, ქრისტეს მკვდრეთით აღმდგენი თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც მკვიდრობს თქვენში. 12. ამრიგად, ძმანო, ხორცის მოვალენი როდი ვართ, რომ ხორციელად ვიცხოვროთ. 13. რადგან თუ ხორციელად ცხოვრობთ, სიკვდილი გელით, ხოლო თუ სულით მოაკვდინებთ ხორცის საქმეს, ცოცხალნი იქნებით.

მთ. 10: 16-22 

16. აჰა, მე გგზავნით თქვენ როგორც ცხვრებს მგლების ხროვაში; მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველები, და უმანკონი, როგორც მტრედები. 17. ეკრძალეთ ადამიანებს, ვინაიდან ისინი მიგცემენ სამართალში და თავიანთ სინაგოგებში მათრახით გცემენ თქვენ. 18. და მიგიყვანენ ჩემს გამო მთავრებისა და მეფეების წინაშე, მათთვის და წარმართთათვის სამოწმებლად. 19. ხოლო როდესაც გაგცემენ, ნუ იზრუნებთ, როგორ ვთქვათ, ანდა რა ვთქვათო; ვინაიდან თავად მოგეცემათ მაშინ სათქმელი. 20. რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სული თქვენი მამისა ილაპარაკებს თქვენში. 21. და გასცემს ძმა სასიკვდილოდ ძმას, და მამა – შვილს; შვილები აღდგებიან მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ. 22. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო; ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                        (1 ინ. 3: 14) 

 

ღირსი მართა და მარიამი, ლაზარეს დანი (I)
ღირსი დები მართა და მარიამი ჯერ კიდევ მანამ შეუდგნენ ქრისტეს, სანამ იგი მკვდრეთით აღადგენდა მათ ძმას – ლაზარეს. მთავარდიაკონ სტეფანეს მკვლელობის, იერუსალიმის ეკლესიებზე დევნისა და წმიდა ქალაქიდან ლაზარეს განდევნის შემდეგ, ისინი თან ახლდნენ ძმას სხვადასხვა ქვეყანაში და შეეწეოდნენ მოციქულებრივ ღვაწლში. ცნობები წმიდა დების აღსრულების ადგილისა და დროის შესახებ არ შემონახულა. 
წმიდა მოწამენი: ფრონტასი, სევერინი, სევერიანე და სილანი (I)
წმიდა მოწამენი: ფრონტასი, სევერიანი, სევერიანე და სილანი (I) ქრისტესთვის ეწამნენ იმპერატორ კლავდიუსის (41-54) დროს. ისინი პეტრაგორიის ეპისკოპოსმა ფრონტონმა გაგზავნა ღვთის სიტყვის საქადაგებლად სამხრეთ გალიაში (დღევანდელ საფრანგეთში). ამ მხარის წარმართმა მმართველმა სკვირიდონმა შეიპყრო წმიდანები და ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. გამხეცებულმა სკვირიდონმა ბრძანა, ქალაქგარეთ გაეყვანათ აღმსარებლები, ძელებზე მიემსჭვალათ და თავში ლურსმნები ჩაერჭოთ ეკლის გვირგვინის მსგავსად, რის შემდეგაც მათ თავები მოჰკვეთეს. 
მღვდელმოწამე ასტი დირექიელი ეპისკოპოსი (II)
მღვდელმოწამე ასტი მაკედონიის ქალაქ დირაქიის ეპისკოპოსი იყო იმპერატორ ტრაიანეს დროს (98-117). ერთხელ წმიდანს ძილში საღვთო გამოცხადებით ეუწყა, რომ ახლო მომავალში წამებისა და სიკვდილის დათმენა მოუწევდა ქრისტესთვის. მან თავის დიაკვნებს ურჩია, დამალულიყვნენ, თვითონ კი შეიპყრეს და სასტიკად აწამეს. წმიდა ასტიმ არ უარყო ქრისტე. მაშინ მას სხეულზე თაფლი წაუსვეს და კრაზანების ნაკბენებით განატანჯი ჯვარზე გააკრეს. წმიდა მოწამის ცხედარი ქრისტიანებმა პატივით დაფლეს. 
წმიდა მოწამე კონკორდი (+დაახლ. 175)
წმიდა მოწამე კონკორდი (II), ხუცეს გორდიანის ვაჟი, ქრისტეს სარწმუნოებითა და კეთილმსახურებით იზრდებოდა. რომის ეპისკოპოსმა პიუსმა იგი იპოდიაკვნად აკურთხა. შემდეგ, მამის ნებართვის, რომის მახლობლად თავის ნათესავ ევტიქისთან დასახლდა და ლოცვასა და ქველმოქმედებაში ატარებდა დღეებს. ხმამ მისი კეთილმსახური ცხოვრების შესახებ ტურის ოლქის მმართველ ტორკვატამდეც მიაღწია. მან მოუხმო წმინდანს, და ქრისტეს უარყოფის სანაცვლოდ წარმართთა ცრუღმერთების ქურუმობა აღუთქვა. პასუხად კონკორდიმ მოუწოდა ტორკვატს, თავად მოქცეულიყო ჭეშმარიტი ღვთის – ქრისტეს სარწმუნოებაზე, რისთვისაც სასტიკად სცემეს და საპყრობილეში ჩააგდეს. წმიდა ეპისკოპოსმა ანთიმმა, ტორკვატის მეგობარმა, სთხოვა გამგებელს, მასთან გამოეგზავნა ტუსაღი. წმიდა აღმსარებელმა კარგა ხანი იცხოვრა ეპისკოპოსთან და მის მიერ მღვდლად ეკურთხა. როცა ტორკვატმა კვლავ მოუწოდა წმიდანს და ჰკითხა, რას ფიქრობ შენი ცხოვრების შესახებო, მან უპასუხა, რომ ქრისტეა მისი ცხოვრება. გაუტეხელი კონკორდი საპყრობილეში ჩააგდეს. სამი დღის შემდეგ გამგებელმა მასთან შეიარაღებული მეომრები გაგზავნა და შეუთვალა, თუ კერპებს მსხვერპლს არ შესწირავ, სიკვდილით დაისჯებიო. მოწამემ კვლავ ადიდა უფალი, შეჰნერწყვა ჯალათების მიერ მოტანილ ზევსის ქანდაკებას და ნებით მოუდრიკა ქედი მახვილს. 
წმიდა მიტროფანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+326)
წმიდა მიტროფანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+325-326) მოღვაწეობდა კონსტანტინე დიდის (306-337) დროს. მისი მამა, დომენტი რომის იმპერატორის პრობის (276-282) ღვიძლი ძმა იყო. დომენტიმ შეიცნო წარმართული რელიგიის უძლურება და ირწმუნა ქრისტე. ამ დროს რომში ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყო და წმიდანი თავის ორ ვაჟთან – პრობსა და მიტროფანესთან ერთად ბიზანტიაში გაიხიზნა, სადაც სიწმიდით გამორჩეული ეპისკოპოსის ტიტეს (242-272) ხელმძღვანელობით დაიწყო წმიდა წერილის შესწავლა. ტიტემ, რომელიც ხედავდა თავისი მოწაფის საღვთო მოშურნეობასა და უფლის სადიდებლად მოღვაწეობის დაუცხრომელ სურვილს, მღვდლად დაასხა მას ხელი. ტიტეს სიკვდილის შემდეგ მღვდელმთავრის კვერთხი დომენტის გადასცეს (272-303), ამ უკანასკნელს კი საეპისკოპოსო ტახტზე მისი ვაჟები შეენაცვლნენ: ჯერ პრობი (303-315), შემდეგ კი – მიტროფანე (316 წელს).
ერთხელ ბიზანტიაში ჩასული იმპერატორი კონსტანტინე აღტაცებაში მოვიდა ქალაქის მშვენიერებითა და მოხერხებული ადგილმდებარეობით. მან იხილა სიბრძნით გაბრწყინებული მიტროფანეს წმიდა ცხოვრებაც და თან წაიყვანა იგი რომში. მალე კონსტანტინე დიდმა იმპერიის დედაქალაქი ბიზანტიონში გადაიტანა და წმიდა მამაც დააბრუნა აწ უკვე სამეფო ქალაქში. 325 წელს არიოზის ერესის უარსაყოფად ნიკეაში შედგა I მსოფლიო საეკლესიო კრება. წმიდა იმპერატორმა კრების წმიდა მამებს შესთავაზა, პატრიარქად წმიდა მიტროფანე აერჩიათ და, ამგვარად, იგი შეიქნა კონსტანტინეპოლის პირველი პატრიარქი. უკვე ღრმად მოხუცი წმიდანი ვერ ესწრებოდა კრებას და თავის ნაცვლად ქორეპისკოპოსი ალექსანდრე გაგზავნა. კრების დამთავრების შემდეგ იმპერატორმა წმიდა მამებთან ერთად მოინახულა ავადმყოფი პატრიარქი კონსტანტინე დიდის თხოვნით მან დაასახელა თავისი ღირსეული მემკვიდრე – ეპისკოპოსი ალექსანდრე და იწინასწარმეტყველა, რომ ამ უკანასკნელის შემდეგ ეკლესიის საჭეთმპყრობელი გახდებოდა პავლე, რომელიც იმჟამად მედავითნედ მსახურობდა. პავლეს შემდეგ კი პატრიარქის ტახტს არქიდიაკონი ათანასე დაიკავებდა.
წმიდა მიტროფანე გარდაიცვალა დაახლოებით 326 წელს, 117 წლის ასაკში. მისი უხრწნელი ნაწილები განისვენებს კონსტანტინეპოლში, მისივე სახელობის ტაძარში. 
ღირსი ზოსიმე მეგვიპტელი – ბაბილონის ეპისკოპოსი (VI)
წმიდა მოწამე ზოსიმე მეგვიპტელი – ბაბილონის ეპისკოპოსი (VI) დაიბადა კირიაკიაში (მცირე აზია). იგი ახალგაზრდობაშივე განერიდა ამ სოფელს და სინას მთაზე დაემკვიდრა, შემდეგ კი მარტომყოფობისთვის უფრო შესაფერ ადგილს, ლიბიას მიაშურა. აქ იგი შეხვდა ბერს, რომელმაც უწინასწარმეტყველა, რომ იგი ბაბილონის ეპისკოპოსი გახდებოდა. სინას მთაზე დაბრუნებული ზოსიმე იღუმენმა მონასტრის საქმეებზე ალექსანდრიაში გაგზავნა, ალექსანდრიის პატრიარქმა კი წმიდანი ბაბილონის ეპისკოპოსად დაადგინა. ღირსი მამა ზოსიმე მეგვიპტელი ღრმა მოხუცებულობამდე ბრძნულად განაგებდა სამწყსოს. ბოლოს კი, როცა სიკვდილის მოახლოება იგრძნო, სინაზე დაბრუნდა და იქ აღესრულა მშვიდობით. 
წმიდა იოანე, მონაგრიელი იღუმენი (+761)
წმიდა მოწამე იოანე, მონაგრელი იღუმენი ხატმებრძოლი იმპერატორის, კონსტანტინე კოპრონიმის ზეობისას, 761 წელს, ზღვაში ჩაახრჩვეს.