…მზესავით გამობრწყინდებიან მართალნი მათი მამის სასუფეველში (მთ. 13: 43)
…მადლი ის არის როცა ვინმე, უსამართლოდ ტანჯული, ღვთის წინაშე არ ღალატობს სინიდისს და უდრტვინველად იტანს გასაჭირს (2 პეტ. 2: 19).
…ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან (სიბრ. 6: 1-3).
…რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი? (1.კორ. 4: 7).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-7 შვიდეული შემდგომად მეერგასისა
17.07.2026. პარასკევი. მარხვა
ანდრია კრიტელ მთავარეპისკოპოსისა, „დიდი კანონის“ შემქმნელისა (712-726); ღირსისა მართასი, დედისა სვიმეონ მესვეტისა, სასწაულთმოქმედისა, რომელი დამკვიდრებულ იყო მთასა საკვირველსა (551); მოწამეთა თეოდოტესი და თეოდოტიასი (105-108); მღვდელმოწამისა თეოდორე კვირინელ ეპისკოპოსისა (310); ღირსისა ანდრია რუბლიოვისა, ხატმწერისა (XV).
დღის ლოცვები
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, პარასკევს დილით
წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანისვჰსცე და მას მხოლოსა ვმსახურო. ხოლო შენი სალმობა და რისხვა მიიქეცინ თავსავე შენსა და თხემსა შენსა ზედა გმობა შენი დაჰხედინ აწინდელსა ჟამსა შინა და ყოფადსა საუკუნესა უფსკრულსა შინა. რაი არს შენი და ჩვენი უცხოო ღვთისაგან, ლტოლვილო ცათაგან, მონაო ბოროტო და განდგომილო! არა გაქვს შენ ფლობაი ჩვენი, ქრისტესა ძესა ღვთისასა აქვს ფლობაი ჩვენი, ყოველთა მისა ვჰსცოდეთ და მასვე სიტყვა უგოთცა. ხოლო შენ ივლტოდე ჩემგან, მომსვრელო და წინააღმდგომო მტერო ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, და გეენისა და ყოვლისა სატანჯველისა დამკვიდრებულო! ჩვენ სიმტკიცედ გვაქვს ჯვარი პატიოსანი და მით დავჰსთრგუნავთ შენ გველისა თავსა სახელითა ერთარსისა წმიდისა სამებისათა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ზედა მდგომელობითა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისათა, რამეთუ მისსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა დაწოლისა, პარასკევს
დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელი პირველ საუკუნეთა იყავ და ვიდრე უკუნისამდე ხარ, და დასასრული არა გაქვს, რომელმან ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ სახიერო და კაცთმოყვარეო! სულგრძელო და მრავალმოწყალეო, შემიწყალე მე ცოდვილი ესე და ნუ განმირისხდები, მეუფეო, რამეთუ რომელთა საქმეთათვის ვითხოვ შენგან შენდობასა, მათვე დაუცხრომელად შთავვარდები და ვიცი, უფალო, რომელ უკეთუმცა არა მლხინებელ გყოფდა აურახცელი ეგე სახიერება და კაცთმოყვარება შენი, არამცა დაუტევე ტანჯვაი, რომელიცა არა მოაწიე ჩემზედა და ქვეყანასამცა უბრძანე დანთქმაი ჩემი! არამედ სულგრძელ ხარ, უფალო, ჩემზედა თვით დასჯილსა ამას, და სიტყვის-მიცემადცა ვერ შემძლებელსა. დიდება შენდა სახიერო, და მრავალმოწყალეო: აწ უკვე გევედრები, შემიწყალე მაცხოვარო და კაცთმოყვარეო, შემიწყალე თანამდები ესე ყოვლისა ტანჯვისა, და შემინდვენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი, ყოველნი, რომელნი საშოითგან დედისათ ვიდრე აქამომდე მიქმნიან ღამით და დღისით, მეცნიერებით და უმეცრებით, ნებსით და უნებლიეთ, ყოველნი ბრალნი ჩემნი ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, რაოდენიცა მიცოდავს თვალითა და ენითა, სასმენელითა და საყნოსელითა, შეხებითა და სლვითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის წმიდისა! უფალო სახიერო და კაცთმოყვარეო, სულგრძელო, ტკბილო და მრავალმოწყალეო, რაოდენიცა შემიცოდებია შენდა საქმით, სიტყვით, გონებით და გულის-სიტყვით და მოგონებით შემინდევ, უფალო, შემინდევ სახიერო, შემინდევ კაცთმოყვარეო, შემინდევ სულგრძელო და მრავალმოწყალეო, ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეოხებითა მით აურაცხელისა მოწყალებისა და სიტკბოებისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, სულგრძელი და მრავალმოწყალე და მწყალობელი, და შენდა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
რიგ.: 1 კორ. 7: 35 – 8: 7 (დას. 139). მთ. 15: 29-31 (დას. 63).
ანდრიასი: ებრ. 8: 3-6 (დას. 318, შუა). მთ. 7: 12-21 (დას. 21).
რიგ.: 1 კორ. 7: 35 – 8: 7
35. ამას გეუბნებით თქვენსავე სარგოდ: იმიტომ კი არა, რომ ქამანდი მოგდოთ, არამედ იმიტომ, რომ განუწყვეტლივ და დაუბრკოლებრივ მსახურებდეთ უფალს. 36. ხოლო ვისაც ეთაკილება, რომ მისი საქორწინოდ შეღერებული ქალი გაუთხოვარი დარჩეს, როგორც ნებავს, ისე მოიქცეს: არ შესცოდავს, თუ ქმარს გააყოლებს. 37. ხოლო ვინც ურყევად დგას და მტკიცედ გადაუწყვეტია გულში, არა როგორც აუცილებლობით იძულებულს, არამედ თავისი ნების ბატონ-პატრონს, – დაიცვას თავისი ასულის ქალწულობა, კარგად იქცევა. 38. ასე რომ, ვინც ათხოვებს თავის ქალწულს, კარგად იქცევა, მაგრამ ვინც არ ათხოვებს, კიდევ უფრო უკეთ იქცევა. 39. ქალი რჯულითაა შეკრული, სანამ ქმარი ცოცხალი ჰყავს, ხოლო თუ ქმარი მოუკვდა, თავისუფალია: ვისაც უნდა, იმას გაჰყვეს, მხოლოდ უფლის მიერ. 40. მაგრამ უფრო ბედნიერი იქნება, თუ ისე დარჩება, როგორც მე ვურჩევ. რადგანაც, ვფიქრობ, მეცა მაქვს ღვთის სული.
1. ასე რომ, ახლა არ არის არავითარი სასჯელი მათთვის, რომელნიც არიან ქრისტე იესოში. 2. რადგანაც სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში ცოდვისა და სიკვდილის რჯულისაგან გამათავისუფლა მე. 3. რაკი ხორცისგან დაუძლურებულმა რჯულმა მეტი ვერ შესძლო, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებით და ცოდვისვე გამო, რათა მსჯავრი დაედო ხორციელი ცოდვისთვის. 4. და, ამრიგად, რჯულის სიმართლე აღსრულებულიყო ჩვენში, რომელნიც ხორციელად კი არ ვცხოვრობთ, არამედ – სულიერად. 5. რადგანაც ხორციელნი ხორცისას იზრახავენ, სულიერნი კი – სულისას. 6. ვინაიდან ხორცის ზრახვა სიკვდილია, სულის ზრახვა კი – სიცოცხლე და მშვიდობა. 7. იმიტომ, რომ ხორცის ზრახვა ღვთის მტრობაა, ვინაიდან არ ემორჩილება და ვერც დაემორჩილება ღვთის რჯულს.
რიგ.: მთ. 15: 29-31
29. წამოვიდა იქიდან იესო, მივიდა გალილეის ზღვის პირას, მთაზე ავიდა და იქ დაჯდა. 30. და მივიდა მასთან დიდძალი ხალხი, თან მოიყოლეს კოჭლნი, ბრმანი, ყრუნი, საპყარნი და სხვანიც მრავალნი, ფერხთით დაუსხეს იესოს და მანაც განკურნა ისინი; 31. ასე რომ, უკვირდა ხალხს, როცა ხედავდა, რომ ლაპარაკობდნენ მუნჯნი, იკურნებოდნენ საპყარნი, დადიოდნენ კოჭლნი და ხედავდნენ ბრმანი: და ადიდებდნენ ისრაელის ღმერთს.
ანდრიასი: ებრ. 8: 3-6
3. რადგანაც ყველა მღვდელმთავარი მსხვერპლისა და შესაწირავის მისართმევადაა დადგენილი; ამიტომ აუცილებელია, რომ მასაც რაიმე ჰქონდეს მისართმევი. 4. მიწაზე რომ დარჩენილიყო, მღვდელიც აღარ იქნებოდა, რადგანაც აქ არიან მღვდღები, რჯულისამებრ რომ სწირავენ შესაწირავს, 5. და მსახურებენ ზეციერის ხატსა და ჩრდილს, როგორც ებრძანა მოსეს კარვის დასრულებისას: „იცოდე, – იყო თქმული, – ყველაფერი გააკეთე იმ ნიმუშის მსგავსად, მთაზე რომ გიჩვენე შენ“. 6. ხოლო აწ ჩვენმა მღვდელმთავარმა მით უკეთესი მსახურება მიიღო, რამდენადაც შუამავალია უკეთესი აღთქმის, რომელიც უკეთეს დაპირებებზეა დაფუძნებული.
ადნრიასი: მთ. 7: 12-21
12. როგორც თქვენ გსურთ გექცეოდნენ კაცნი, თქვენც ასევე მოექეცით მათ, ვინაიდან ესაა რჯული და წინასწარმეტყველნი. 13. შედით ვიწრო ბჭით, ვინაიდან ვრცელია ბჭე და ფართოა გზა, რომელსაც მივყავართ წარსაწყმედლად, და მრავალნი დადიან მასზე. 14. ვინაიდან ვიწროა ბჭე და ძნელია გზა, რომელსაც მივყავართ სიცოცხლისაკენ, და მცირედნი ჰპოვებენ მას. 15. ეკრძალეთ ცრუ წინასწარმეტყველთ, რომელნიც მოვლენ თქვენთან ცხვრის სამოსით, ხოლო შიგნით არიან მტაცებელი მგლები. 16. თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ; განა ეკალზე კრეფენ ყურძენს, ან ნარზე ლეღვს? 17. ასე, ყველა ვარგის ხეს ვარგისი ნაყოფი გამოაქვს, და ყველა უვარგის ხეს უვარგისი ნაყოფი გამოაქვს. 18. არ შეუძლია ვარგის ხეს უვარგისი ნაყოფის გამოღება და უვარგის ხეს ვარგისი ნაყოფის გამოღება. 19. ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს ვარგის ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა. 20. ასე რომ, თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ. 21. ვინც მეუბნება: უფალო, უფალო! ყველა როდი შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მოწამენი თეოდოტე და თეოდოტია (+108)
წმიდა მოწამენი თეოდოტე და თეოდოტია წმიდა იაკინთემ (ხს. 3 ივლისს) მოაქცია ქრისტიანობაზე. მარტვილის ნეტარი აღსასრულის შემდეგ ისინიც სასტიკად აწამეს, შემდეგ კი თავები მოჰკვეთეს (+108). მღვდელმოწამე თეოდორე, კვირელი ეპისკოპოსი (+310)
მღვდელმოწამე თეოდორე, კვირელი ეპისკოპოსი იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს მოღვაწეობდა. იგი მეტად დახელოვნებული იყო კალიგრაფიაში და ტაძრებისთვის საღვთისმსახურო წიგნებს წერდა. ღვიძლმა შვილმა, ლეუსმა მამა ოლქის მმართველ დიგნიანთან დაასმინა – სახლში ქრისტიანულ წიგნებს ინახავს, ხალხს წარმართული ღვთაებების შეურაცხყოფას ასწავლის და ქრისტეს სარწმუნოებას უქადაგებსო. მღვდელმთავარი თეოდორე სამსჯავროზე წარადგინეს. მსაჯულმა ნეტარს მოსთხოვა წიგნები მისთვის ჩაებარებინა, მაგრამ წმიდანმა უარი განაცხადა. აღმსარებელი სასტიკად სცემეს რკინის ჯოხებით, მაგრამ წამებამ კიდევ უფრო გაამხნევა იგი. მარტვილს ენა მოაჭრეს, შემდეგ კი საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც დაასრულა კიდეც ამქვეყნიური სიცოცხლე და ნეტარ მარადისობას შეერთო (+310). სიკვდილით დასაჯეს აგრეთვე დედები: ლუკია, იეროია და ღირსი თეოდორეს ხელით ნათელღებული ყველა ქრისტიანი. ღირსი მართა, დედა სვიმეონ საკვირველთმოქმედისა (+551)
ღირსი მართა, საკვირველ მთაზე მოღვაწე წმიდა სვიმეონ მესვეტის (ხს. 24 მაისს) დედა, დაიბადა ანტიოქიაში, VI საუკუნეში. იგი სიყმაწვილიდანვე მონაზვნური ცხოვრებისკენ ისწრაფოდა, მაგრამ მშობლებმა გათხოვებაზე დაითანხმეს. წმიდანის მეუღლე, იოანე მალე გარდაიცვალა და დაქვრივებულმა მართამ მთელი ძალები ერთადერთი ძის აღზრდას შეალია. იგი შვილს ღვთისმოშიშებისა და კეთილმსახურების მაგალითს აძლევდა: ხშირად დადიოდა ტაძრებში, ყურადღებით, კრძალვით ისმენდა საეკლესიო მსახურებას, ხშირად ეზიარებოდა წმიდა საიდუმლოს; ყოველ ღამით ლოცვად დგებოდა და გულმხურვალედ, ცრემლებით ევედრებოდა უფალს. მართა განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა იოანე ნათლისმცემელს, რომელიც მისი ზეციური მფარველი იყო და ხშირად ეცხადებოდა სასწაულებრივ ხილვებში. ღირსი დედა საოცარი გულმოწყალებითაც გამოირჩეოდა: აპურებდა და მოსავდა გლახაკებს.წმიდა მართას უქმი სიტყვა არასოდეს დასცდენია ბაგეთაგან, არავის უნახავს იგი განრისხებული, ვინმესთან მოკამათე ან დაღვრემილი. ნეტარი დედის მთელი ცხოვრება ქადაგება იყო. თავისი მაგალითით მას ბევრი დაუყენებია ცხონების გზაზე. როცა წმიდანის შვილმა, სვიმეონმა საკვირველი ღვაწლითა და სასწაულებით შორს გაითქვა სახელი, დედა მივიდა მასთან და მხურვალედ ევედრა, არ გაამაყებულიყო, საკუთარი უძლურება არ დაევიწყებინა და ყველაფრისთვის უფალი ედიდებინა. ღირს მართას წინასწარ განეცხადა აღსასრულის მოახლოება: მას ანგელოზები წარმოუდგნენ სანთლებით ხელში და აუწყეს, რომ ერთი წლის შემდეგ მივიდოდნენ მის წასაყვანად. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე წმიდანი ღირსი შეიქნა ზეგარდმო ჩვენებით ეხილა მისთვის გამზადებული ზეციური ადგილსამყოფელი. ღვთისმშობელმა მას მართალთა სულებისთვის გამზადებული ბრწყინვალე ადგილები მოახილვინა.
ნეტარი დედა მშვიდობით მიიცვალა 551 წელს. მისი ცხედარი საკვირველ მთაზე, ღირსი სვიმეონ მესვეტის მოსაგრეობის ადგილზე დაკრძალეს. წმიდა ცხედართან მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულა.
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი (+712-726)
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი დაიბადა ქალაქ დამასკოში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. შვიდი წლის ასაკამდე იგი ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ, ქრისტეს წმიდა სისხლთან და ხორცთან ზიარებისას, მეტყველების უნარი მიემადლა. ამ დროიდან მოყოლებული, ყრმა გულმოდგინედ შეუდგა წმიდა წერილისა და საღვთისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას.თოთხმეტი წლის წმინდანმა იერუსალიმს მიაშურა და საბა განწმენდილის ლავრაში ბერად აღიკვეცა. თავმდაბალი ბერი მკაცრი, თავშეკავებული ცხოვრებით ცხოვრობდა და ყველას აოცებდა თავისი ღვთისმოშიშებითა და გონიერებით. კეთილმსახურებისა და გამორჩეული ნიჭიერებისათვის იგი იერუსალიმის საპატრიარქოს მდივნად – ნოტარიუსად დანიშნეს. 680 წელს წმიდანი მთავარდიაკვნის ხარისხში VI მსოფლიო საეკლესიო კრებას ესწრებოდა, სადაც, მართლმადიდებლური დოგმატების ღრმა ცოდნაზე დაყრდნობით ამხილა ერეტიკოსების ცრუსწავლება. კრება ახალი დამთავრებული იყო, როცა ანდრია იერუსალიმიდან კონსტანტინოპოლში გაიწვიეს და წმიდა სოფიას ტაძრის მთავარდიაკვნად დაადგინეს. იმპერატორ იუსტინიანე II-ის (685-695) ზეობისას ნეტარ მამას კუნძულ კრეტაზე მდებარე ქალაქ ჰორტინის მთავარეპისკოპოსად დაასხეს ხელი. ამ ახალ სარბიელზე იგი გაბრწყინდა, როგორც დიდი ღვთისმეტყველი, მქადაგებელი და ჰიმნოგრაფი.
მღვდელმთავარმა ანდრიამ მრავალი საღვთისმსახურო საგალობელი შექმნა. მან დაუდო სათავე ახალ ლიტურგიკულ ჟანრს – კანონს. განსაკუთრებით აღსანიშნავია „სინანულის დიდი კანონი“, რომელიც დიდმარხვის საკითხავებშია ჩართული. მარხვის პირველ კვირიაკეში, სერობებზე ის ნაწილ-ნაწილ იკითხება, მეხუთე კვირიაკის ხუთშაბათს კი – მთლიანად. შემდგომ საუკუნეებში ანდრია კრეტელის ჰიმნოგრაფიული ტრადიციები გააგრძელეს წმიდა მამებმა: იოანე დამასკელმა, კოზმა მაიუმელმა, იოსებ მგალობელმა…
ნეტარი ანდრიას მიცვალების თარიღის შესახებ საეკლესიო ისტორიკოსებში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ზოგი 712 წელს ასახელებს, სხვები – 726 წელს.