…მზესავით გამობრწყინდებიან მართალნი მათი მამის სასუფეველში (მთ. 13: 43).
…მადლი ის არის როცა ვინმე, უსამართლოდ ტანჯული, ღვთის წინაშე არ ღალატობს სინიდისს და უდრტვინველად იტანს გასაჭირს (2 პეტ. 2: 19).
…ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან (სიბრ. 6: 1-3).
…რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი? (1.კორ. 4: 7).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-9 შვიდეული შემდგომად მეერგასისა
29.07.2026. ოთხშაბათი. მარხვა.
მღვდელმოწამისა ათენოგენი (ათენაგენისა) პიდაქთოს ეპისკოპოსისა და მის თანა 10-თა მოწამე მოწაფეთა: რიგინოსისა, მაქსიმონოსისა, პატროფილოსისა, ათინოგენესი, ანტიოქესი, ამონისა, თეოფრასტესი, კლეონიკესი, პეტრესი და ისიქისა (311); მოწამეთა: პავლესი, და მის თანა ორთა დათა უალენტინასი (ვალენტინესი) და ქიონიასი (308); მოწამისა ანტიოქე მკურნალისა (IV); მოწამისა იულია ქალწულისა (440/613).
დღის ლოცვები
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, სავედრებელი ყოვლადწმიდისა მიმართ, ოთხშაბათსა დილას
ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულისთქმათაგან, და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე, და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროის რიცხვისა ქვიშისა, შეყროლდეს და დალბეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა: შენ, დედაო ღვთისა ჩვენისაო, მარადის განგარისხე არაწმინდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე, დედუფალო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე მეცა შენგან ვაიმე, ვაიმე დაბნელებული, ნუ, დედუფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე მტერთა ჩემთა! აღადგინე გულის სიტყვა ჩემი სინანულად, და ხელპყრობილმყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღვრებითა ვჰსცხონდე. ჰე, დედაუფალო წმიდაო, დედაო კაცთ-მოყვარისა ღვთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლე იგი მეოხებითა შენითა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკვდიდ! მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთათა და განვჰსწმიდნე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა, და უფროს თოვლისა განვჰსპეტაკნე. ჰე, დედაო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი და ვედრებაი ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა სინანულით უცდომელად, და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, რაჟამს მეგულებოდეს სიტყვად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი, დედუფალო, მოწყალითა თვალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყვის მიმხდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა, და მექმენ მე ვაქილ და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი! მაშინ წარმადგინე მე ურცხვენელი და ცხოვნებული, საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა, დიდებად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და დაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა და სულისა მისისა ცხოველსმყოფელისა ერთისა და დასაბამ ნათელთასა, და თანაარსისა სამებისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ძილად დაწოლისა, ოთხშაბათსა
აღსვლასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი განსვენებისათვის ხორცთა ჩემთასა, რათა მძინარეცა შენვე გაქებდე, რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონება და გულის სიტყვანი ჩემნი! წმიდა ჰყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოსი შენი, მცველად აღდგომისა ჩემისა, რათა დავიმარხნე ხორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშვებ ჩემ ზედა სატანასა ბოროტსა და მარადის მოძულესა სიწმიდისა შენისასა, მოყვარესა სულსა ამაოებისასა, და რათა ჟამსა განღვიძებისა ჩემისასა განვიმარტნე ხელნი ჩემნი სახედ ჯვარისა შენისა უფალო, და შენ ჯვარცმულსა აღგიარნე ბრალნი ჩემნი და მე განძლიერებული ესრეთ გიღაღადებდე: უფალო, დაიცევ მეფეი და ქალაქი ჩემი, მეფე, რომელ არს სული ჩემი და ქალაქი გვამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად სამკვიდრეელად სიწმიდისა შენისა ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, დავჰსწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯვარითა შენითა, და დავიძინებ მინდობითა საფარველისა შენისათა. მამაო დამიცევ, ძეო დამიფარე, და სულო წმიდაო შემიწყალე მე! მრავალმოწყალეო ღმერთო უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე უღირსი მონაი შენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტე შენისათა და წმინდა მყავ მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა, რათა განფრთხობილი არმურისა ბოროტთა ოცნებათაგან მტერისათა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირს ვიქმნე წმიდითა გონებითა მოსლვად და მოღებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განჰსწმედ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
1 კორ.13: 4 – 14: 5 (დას. 154). მთ. 20: 1-16 (დას. 80).
1 კორ. 13: 4 – 14: 5
4. სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს; 5. არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს; 6. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; 7. ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს. 8. სიყვარული არასოდეს არ გადავა, თუმცაღა წინასწარმეტყველებანი განქარდებიან, ენები დადუმდებიან და უქმი გახდება ცოდნა. 9. რადგან ჩვენ ნაწილობრივ ვიცით, ნაწილობრივ კი წინასწარვმეტყველებთ. 10. ხოლო როდესაც მოიწევა სრულქმნილება, მაშინ განქარდება ნაწილობრივი. 11. როდესაც ვიყავი ყრმა, ვიტყოდი, როგორც ყრმა, ვფიქრობდი, როგორც ყრმა, ვმსჯელობდი, როგორც ყრმა; ხოლო როდესაც დავკაცდი, ზურგი ვაქციე ყოველივე ყრმობისდროინდელს. 12. რადგანაც ახლა ბუნდოვნად ვხედავთ, როგორც სარკეში, მაშინ კი პირისპირ ვიხილავთ; ახლა ნაწილობრივ ვიცი, ხოლო მაშინ შევიცნობ, როგორც თავად შევიმეცნები. 13. ჯერჯერობით კი ეს სამია: სარწმუნოება, სასოება და სიყვარული; ხოლო ამათში უმეტესი სიყვარულია.
1. მისდიეთ სიყვარულს, ილტვოდეთ სულიერ ნიჭთა მიმართ, უპირატესად კი იმისადმი, რასაც წინასწარმეტყველების ნიჭი ჰქვია. 2. რადგან ვინც უცხო ენაზე მეტყველებს, კაცთა მიმართ კი არა, ღვთის მიმართ მეტყველებს, და არავის ესმის მისი, ვინაიდან სულით აცხადებს საიდუმლოს. 3. ხოლო ვინც წინასწარმეტყველებს, კაცთა შესაგონებლად, ასაშენებლად და სანუგეშებლად მეტყველებს. 4. ვინც ენით მეტყველებს, თავის თავს აშენებს, ხოლო ვინც წინასწარმეტყველებს, ეკლესიას აშენებს. 5. მე მინდა ყველანი ლაპარაკობდეთ ენებით, უფრო მეტად კი – წინასწარმეტყველებდეთ, რადგანაც წინასწარმეტყველი ენებით მეტყველზე უმეტესია, თუკი ეს უკანასკნელი კიდევაც არ განმარტავს თავის სიტყვებს ეკლესიის ასაშენებლად.
მთ. 20: 1-16
1. ვინაიდან მსგავსია ცათა სასუფეველი ოჯახის პატრონისა, რომელიც გამოვიდა დილაუთენია, რათა თავის ვენახში სამუშაოდ დაექირავებინა მუშები. 2. დღეში თითო დინარად გაურიგდა მათ და თავის ვენახში გაგზავნა ისინი. 3. მერე გამოვიდა დაახლოებით სამ საათზე, და დაინახა მოედანზე უქმად მდგომი სხვა მუშები. 4. და უთხრა მათ: წადით თქვენც ჩემს ვენახში, და რაც გერგებათ, მოგცემთ. 5. ისინიც წავიდნენ. და კვლავ გამოვიდა მეექვსე და მეცხრე საათს და ასევე მოიქცა. 6. ბოლოს, გამოვიდა ასე თერთმეტ საათზე, დაინახა უქმად მდგომი სხვა მუშები, და უთხრა მათ: რატომ დგახართ მთელი დღე ასე უქმად? 7. მათ უთხრეს: იმიტომ, რომ არავინ დაგვიქირავა, ხოლო მან თქვა: წადით თქვენც ჩემს ვენახში, და რაც გერგებათ, მოგცემთ. 8. რომ მოსაღამოვდა, ვენახის პატრონმა თავის მოურავს უთხრა: დაუძახე მუშებს და მიეცი საზღაური, უკანასკნელთაგან მოყოლებული პირველებამდე. 9. მოვიდნენ თერთმეტზე დაქირავებულნი, და მიიღეს თითო დინარი. 10. მოვიდნენ პირველნიც და ეგონათ, უფრო მეტი მოგვიწევსო, მაგრამ მათაც თითო დინარი მიიღეს. 11. და როცა მიიღეს, ყვედრება დაუწყეს ვენახის პატრონს 12. და თქვეს: ეს უკანასკნელნი მხოლოდ ერთ საათს მუშაობდნენ და ჩვენ კი გაგვითანაბრე, რომელთაც ვიტვირთეთ სიმძიმე დღისა და სიცხე. 13. ხოლო მან პასუხად უთხრა ერთ მათგანს: მეგობარო, უსამართლოდ არ მოგქცევივარ: განა ერთ დინარად არ მომირიგდი? 14. მიიღე შენი და წადი: მე მინდა, ამ უკანასკნელსაც იგივე მივცე, რაც შენ. 15. იქნებ ნება არა მაქვს, როგორც მსურს, ისე მოვექცე ჩემსას? ან იქნებ შენი თვალია უკეთური, იმიტომ, რომ მე ვარ კეთილი? 16. ასე იქნებიან უკანასკნელნი – პირველნი, და პირველნი – უკანასკნელნი, ვინაიდან მრავალნი არიან ხმობილნი და მცირედნი – რჩეულნი.
ხსენება IV მსოფლიო კრებისა (451)
მეოთხე მსოფლიო კრება, რომელშიც 630 ეპისკოპოსი მონაწილეობდა, 451 წელს, მარკიანეს (450-457) ზეობისას შედგა ქალაქ ქალკედონში.დორილეელმა ეპისკოპოსმა ევსებიმ ჯერ კიდევ იმპერატორ თეოდოსი II-ის (408-450) დროს, 448 წელს გამართულ კონსტანტინოპოლის ადგილობრივ კრებას მოახსენა დედაქალაქის ერთ-ერთი მონასტრის არქიმანდრიტის, ევტიქის შესახებ, რომელიც თავიდან, იესო ქრისტეს პიროვნებაში ღვთაებრივისა და კაცობრივის ნესტორისებური ცრუ დაყოფის წინააღმდეგ იბრძოდა, მაგრამ თანდათან სხვა უკიდურესობაში გადავარდა და დაიწყო იმის მტკიცება, რომ მაცხოვარში მისი განხორციელების შემდეგ ღვთაებრივმა ბუნებამ სრულად შთანთქა კაცობრივი, ამიტომ განკაცებულ ღვთის ძეში თაყვანს უნდა ვსცემდეთ მხოლოდ ერთ – ღვთაებრივ ბუნებას. ამ სწავლებას მონოფიზიტური ეწოდა, მის მიმდევრებს კი – მონოფიზიტები.
კონსტანტინოპოლში შეკრებილმა მამებმა დაგმეს მწვალებელი, ამ უკანასკნელმა კი იმპერატორთან იჩივლა, იგი მისთვის გამოტანილი მსჯავრის უსამართლობაში დაარწმუნა და მსოფლიო კრების მოწვევა მოითხოვა თავის მოწინააღმდეგეთა განსასჯელად, რომელთაც ნესტორიანობაში სდებდა ბრალს. ეკლესიაში წარმოქმნილი შფოთის ჩასაცხრობად თეოდოსიმ გასცა IV მსოფლიო კრების მოწვევის ნებართვა. მწყემსმთავართა ეს თავყრილობა, რომელიც 449 წელს გაიმართა ეფესოში, ეკლესიის ისტორიაში „ავაზაკთა კრების“ სახელით შევიდა. ევტიქის ნათესავი – ალექსანდრიელი პატრიარქი დიოსკორე, რომელიც იმპერატორმა კრების თავმჯდომარედ დანიშნა, დიქტატორივით მბრძანებლობდა, მიმართავდა მუქარას და აშკარა ძალადობასაც კი. ევტიქი გაამართლეს, მღვდელმთავარი ფლაბიანე – დაგმეს. 450 წელს იმპერატორი თეოდოსი გარდაიცვალა. ტახტზე მარკიანე ავიდა. ეკლესიაში სიმშვიდის დამყარება გადაუდებელი საქმე იყო, ამიტომ 451 წლისთვის მსოფლიო კრება დაინიშნა. კრებას წმიდა ანატოლი – კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (ხს. 3 ივლისს) თავმჯდომარეობდა. დიოსკორეს პირველი სხდომიდანვე აღუკვეთეს თავყრილობაში მონაწილეობის მიღება, მესამე სხდომაზე კი იგი თავის ყველა მომხრესთან ერთად დაგმეს. სულ თექვსმეტი სხდომა ჩატარდა. წმიდა მამებმა ერთსულოვნად შეაჩვენეს ევტიქის ერესი და კირილე ალექსანდრიელისა და პაპის, ლეონ დიდის ეპისტოლეთა საფუძველზე დაადგინეს: „ღვთაებრივ მამათა მიმდევარნი, ჩვენ, ყველანი ერთხმად ვასწავლით ერთი და იმავე ძის, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სრულყოფილი ღვთაებრიობისა და სრულყოფილი კაცობის აღიარებას: ჭეშმარიტი ღმერთისა და ჭეშმარიტი კაცისა, იმავე სულისა და ხორცისაგან. მამის თანაარსისა ღვთაებრიობით და ჩვენი თანაარსისა კაცობით. ყველაფრით ჩვენი მსგავსისა, ცოდვის გარდა. შობილისა საუკუნეთა უწინარეს მამისაგან, როგორც ღვთისა და უკანასკნელ ჟამს კი ჩვენი ხსნისათვის მარიამ ქალწული ღვთისმშობლისაგან, როგორც კაცისა. (ვაღიარებთ) ერთსა და იმავე ქრისტეს, ღვთის ძეს, მხოლოდშობილს, ორი ბუნებისაგან შემდგარს შეურწყმელად, შეუცვლელად, განუყოფლად, განუყრელად შესაცნობს (ორი ბუნება არაფრით განირჩევა არსებული შეერთების გამო. ერთ სახესა და ერთ იპოსტასში გაერთიანებული, ინარჩუნებს თითოეული ბუნების თვისებას). არა ორ სახედ განკვეთილს ან განყოფილს, არამედ ერთსა და იმავე ძეს და მხოლოდშობილ ღმერთს სიტყვას, უფალ იესო ქრისტეს, როგორც ძველად წინასწარმეტყველებდნენ მის შესახებ, როგორც თვით უფალი იესო ქრისტე გვასწავლის და როგორც გადმოგვცემს ჩვენი მამების სიმბოლო“.
ორ უკანასკნელ სხდომაზე კრებამ დაადგინა ოცდაათი კანონი საეკლესიო იერარქიისა და დისციპლინის შესახებ. გარდა ამისა, დამტკიცდა სამი წინამორბედი მსოფლიო კრებისა და ანკვირიის, ნეოკესარიის, ღანგრის, ანტიოქიისა და ლაოდიკიის ადგილობრივი კრებების დადგენილებებიც.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მოწამე პავლე და მასთან ორნი დანი – ალევტინა (ვალენტინა) და ქიონია (+308)
წმიდა მოწამენი პავლე, ალევტინა და ქიონია ეგვიპტელები იყვნენ. იმპერატორ მაქსიმინეს (305-313) მიერ ქრისტიანთა დევნისას ისინი შეიპყრეს, ჯერ მძიმე სამუშაოები მიუსაჯეს ქვის სამტეხლოებში, შემდეგ კი პალესტინის კესარიაში წაიყვანეს ქრისტეს სხვა აღმსარებლებთან ერთად. სამსჯავროზე უსჯულოებმა ვერ შეძლეს, მოედრიკათ ღვთის რჩეულები, გამხეცებულებმა, ენით აუწერელი სატანჯველებით აწამეს ისინი, ბოლოს კი სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. დები – ალევტინა და ქიონია ცეცხლში დაწვეს, პავლეს კი თავი მოჰკვეთეს (+308). მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი (+დაახლ. 311)
მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით 311 წელს. მმართველმა ფილომარქსმა დიდი ზეიმი გამართა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად და სებასტიელებს მასში მონაწილეობა მოსთხოვა. ქალაქის მოსახლეობამ, რომელთა უმეტესობა მართლმადიდებელი იყო, უარი განაცხადა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. მხედრებს ებრძანათ, ამოეჟლიტათ ქრისტიანები.მმართველს მოახსენეს, ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. გაიცა განკარგულება, მოეძებნათ მეუფე და სამსჯავროზე წარედგინათ. მხედრებმა ქალაქის მახლობლად მდებარე მცირე მონასტერს მიაშურეს, სადაც ათინოგენე თავის ათ მოწაფესთან ერთად ცხოვრობდა, მაგრამ, რადგან მღვდელმთავარი იქ არ დახვდათ, მის ნაცვლად სავანის ძმები შეიპყრეს. როცა ათინოგენემ შეიტყო ამის შესახებ, სებასტიაში ჩავიდა. უსჯულოებმა თავად მწყემსმთავარიც დააპატიმრეს. საპყრობილეში ათინოგენე განამტკიცებდა სულიერ შვილებს. მისი მადლმოსილი სიტყვებით გამხნევებულმა მოწამეებმა სამსჯავროზე ახოვნად აღიარეს ჭეშმარიტი სარწმუნოება და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე მტკიცე უარი განაცხადეს. ამისთვის ისინი ჯერ სასტიკად აწამეს, შემდეგ კი თავები მოჰკვეთეს.
მოწაფეების დახოცვის შემდეგ ჯალათებმა ნეტარი ათინოგენეს წამება დაიწყეს. ღვთის შეწევნით მარტვილმა ღირსეულად დაითმინა საშინელი ტკივილები და ერთადერთი რამ ითხოვა – მონასტერში დაესაჯათ სიკვდილით. თავის სავანეში მიყვანილმა წმიდანმა მადლობა შესწირა ღმერთს, რომ ქრისტეს სახელისთვის წამების ღირსი შეიქნა და მხურვალე ლოცვით ცოდვათა მიტევება გამოითხოვა ყველასთვის, ვინც მასა და მის მოწაფეებს მოიხსენებდა.
წმიდა მოწამე ანტიოქე მკურნალი (IV)
წმიდა მოწამე ანტიოქე სებასტიელი მკურნალი იყო. იგი ქრისტიანობაზე ძმამ – წმიდა პლატონმა (ხს. 18 ნოემბერს) მოაქცია. როცა წარმართებმა შეიტყვეს, რომ ანტიოქე ჯვარცმული ღმერთის მოსავი იყო, სამსჯავროზე უხმეს და საშინლად აწამეს. მტარვალებმა მდუღარე წყალში ჩააგდეს ნეტარი, მაგრამ უვნებელი დარჩა; მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ ისინიც თვინიერად გაუწვნენ ფეხთით… მოწამის ლოცვით მრავალი სასწაული აღესრულა, ბოლოს უღმრთოებმა თავი მოჰკვეთეს უფლის რჩეულს.ანტიოქე მკურნალის სიკვდილით დასჯის მონაწილე – მხედარი კვირიაკე შეძრა წმიდა მარტვილის ახოვნებამ, ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და საჯაროდ აღიარა თავისი სარწმუნოება. ამისთვის მასაც თავი მოჰკვეთეს (IV). წმიდა მოწამეები გვერდიგვერდ დაკრძალეს.
წმიდა მოწამე იულია ქალწული (+440 ან 626)
წმიდა მოწამე იულია ქალწული კართაგენში დაიბადა, ღვთისმოშიში ქრისტიანების ოჯახში. ის ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა მომხდურმა სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს, სირიაში წაიყვანეს და ერთ ვაჭარს მონად მიჰყიდეს. წარმართთა გარემოცვაში მყოფი იულია იცავდა ქრისტეს მცნებებს, ბატონს ერთგულად ემსახურებოდა, მარხვებს ინახავდა, ბევრს ლოცულობდა… წარმართმა მეპატრონემ ვერც დაპირებებით, ვერც მუქარით ვერ შეძლო მისი გადაბირება კერპთაყვანისმცემლობაზე.ერთხელ იულიას ბატონი გალიაში გაემგზავრა სავაჭროდ და წმიდა ქალწულიც თან გაიყოლა. როცა ხომალდი კუნძულ კორსიკას მიადგა, ვაჭარი წარმართულ დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად ნაპირზე გადავიდა, იულია კი გემზე დარჩა. კორსიკელებმა შეიტყვეს, რომ სტუმრებს ქრისტიანი ქალწული ახლდა თან და მისი შესყიდვა ისურვეს, მაგრამ ბატონმა ვერ დათმო ერთგული მხევალი. მაშინ უღმრთოებმა დაათვრეს ვაჭარი და მისი მხლებლები. როცა მათ ჩაეძინათ, იულია გემიდან ჩაიყვანეს და კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანეს. ნეტარმა უსჯულოთა მოთხოვნის შესრულებაზე მტკიცე უარი განაცხადა. მაშინ გამხეცებულმა წარმართებმა სასტიკად აწამეს იგი: გვემდნენ, თმებს გლეჯდნენ, სხეულს უსერავდნენ… ბოლოს კი ჯვარზე მიამსჭვალეს. როცა იულიას წმიდა სული ნაწამებ სხეულს გაეყარა, ბრბოს ნაწილმა შენიშნა, თუ როგორ მოსწყდა თოვლივით სპეტაკი მტრედი მის ბაგეებს, სხვებმა კი ნეტარის სხეულს გარშემორტყმული ნათლის ანგელოზები იხილეს ცხადად… საკვირველი ჩვენებებით დამფრთხალი უღმრთოები სწრაფად განერიდნენ იქაურობას, მარტვილის ცხედარი კი ჯვარზე დატოვეს. იმავე ღამეს მეზობელ კუნძულზე მდებარე მონასტრის ბერებს ღვთაებრივი გამოცხადებით ებრძანათ, თავიანთ სავანეში დაეკრძალათ უფლის სათნომყოფლის ნეშტი. ძმები ასეც მოიქცნენ.
763 წელს წმიდა იულიას უხრწნელი, სასწაულთმოქმედი ნაწილები ქალაქ ბრესჩიის დედათა მონასტერში გადააბრძანეს (ნეტარის მიცვალების თარიღი დანამდვილებით არაა ცნობილი: ერთი ცნობით ის 440 წელს აღესრულა, სხვა წყაროთა მოწმობით კი – 626 წელს).