…მზესავით გამობრწყინდებიან მართალნი მათი მამის სასუფეველში (მთ. 13: 43).
…მადლი ის არის როცა ვინმე, უსამართლოდ ტანჯული, ღვთის წინაშე არ ღალატობს სინიდისს და უდრტვინველად იტანს გასაჭირს (2 პეტ. 2: 19).
…ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან (სიბრ. 6: 1-3).
…რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი? (1.კორ. 4: 7).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-10 შვიდეული შემდგომად მეერგასისა
7.08.2026. პარასკევი. მარხვა.
მიძინება მართლისა ანასი, დედისა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა; წმიდათა დედათა: ოლიმპია დედათდიაკონისა (409) და ღირსისა ევპრაქსია ქალწულისა ტავენელისა (413); V-ე მსოფლიო კრების წმიდათა 165-თა მამათა (553).
დღის ლოცვები
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, პარასკევს დილით
წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანისვჰსცე და მას მხოლოსა ვმსახურო. ხოლო შენი სალმობა და რისხვა მიიქეცინ თავსავე შენსა და თხემსა შენსა ზედა გმობა შენი დაჰხედინ აწინდელსა ჟამსა შინა და ყოფადსა საუკუნესა უფსკრულსა შინა. რაი არს შენი და ჩვენი უცხოო ღვთისაგან, ლტოლვილო ცათაგან, მონაო ბოროტო და განდგომილო! არა გაქვს შენ ფლობაი ჩვენი, ქრისტესა ძესა ღვთისასა აქვს ფლობაი ჩვენი, ყოველთა მისა ვჰსცოდეთ და მასვე სიტყვა უგოთცა. ხოლო შენ ივლტოდე ჩემგან, მომსვრელო და წინააღმდგომო მტერო ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, და გეენისა და ყოვლისა სატანჯველისა დამკვიდრებულო! ჩვენ სიმტკიცედ გვაქვს ჯვარი პატიოსანი და მით დავჰსთრგუნავთ შენ გველისა თავსა სახელითა ერთარსისა წმიდისა სამებისათა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ზედა მდგომელობითა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისათა, რამეთუ მისსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა დაწოლისა, პარასკევს
დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელი პირველ საუკუნეთა იყავ და ვიდრე უკუნისამდე ხარ, და დასასრული არა გაქვს, რომელმან ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ სახიერო და კაცთმოყვარეო! სულგრძელო და მრავალმოწყალეო, შემიწყალე მე ცოდვილი ესე და ნუ განმირისხდები, მეუფეო, რამეთუ რომელთა საქმეთათვის ვითხოვ შენგან შენდობასა, მათვე დაუცხრომელად შთავვარდები და ვიცი, უფალო, რომელ უკეთუმცა არა მლხინებელ გყოფდა აურახცელი ეგე სახიერება და კაცთმოყვარება შენი, არამცა დაუტევე ტანჯვაი, რომელიცა არა მოაწიე ჩემზედა და ქვეყანასამცა უბრძანე დანთქმაი ჩემი! არამედ სულგრძელ ხარ, უფალო, ჩემზედა თვით დასჯილსა ამას, და სიტყვის-მიცემადცა ვერ შემძლებელსა. დიდება შენდა სახიერო, და მრავალმოწყალეო: აწ უკვე გევედრები, შემიწყალე მაცხოვარო და კაცთმოყვარეო, შემიწყალე თანამდები ესე ყოვლისა ტანჯვისა, და შემინდვენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი, ყოველნი, რომელნი საშოითგან დედისათ ვიდრე აქამომდე მიქმნიან ღამით და დღისით, მეცნიერებით და უმეცრებით, ნებსით და უნებლიეთ, ყოველნი ბრალნი ჩემნი ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, რაოდენიცა მიცოდავს თვალითა და ენითა, სასმენელითა და საყნოსელითა, შეხებითა და სლვითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის წმიდისა! უფალო სახიერო და კაცთმოყვარეო, სულგრძელო, ტკბილო და მრავალმოწყალეო, რაოდენიცა შემიცოდებია შენდა საქმით, სიტყვით, გონებით და გულის-სიტყვით და მოგონებით შემინდევ, უფალო, შემინდევ სახიერო, შემინდევ კაცთმოყვარეო, შემინდევ სულგრძელო და მრავალმოწყალეო, ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეოხებითა მით აურაცხელისა მოწყალებისა და სიტკბოებისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, სულგრძელი და მრავალმოწყალე და მწყალობელი, და შენდა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
რიგ.: 2 კორ. 1: 12-20 (დას. 169). მთ. 22: 23-33 (დას. 91).
ანასი: გალ. 4: 22-31 (დას. 210, შუა). ლკ. 8: 16-21 (დას. 36).
რიგ.: 2 კორ. 1: 12-20
12. რადგანაც ჩვენი სიქადული ისაა, რასაც გვიმოწმებს ჩვენი სინიდისი, რომ სიწრფელითა და საღმრთო სიწმიდით, ხორციელი სიბრძნით კი არა, არამედ ღვთის მადლით ვცხოვრობდით ამ ქვეყნად, მით უმეტეს, თქვენს შორის. 13. სხვა რამეს კი არა გწერთ, არამედ იმას, რასაც კითხულობთ ან იმეცნებთ და, იმედი მაქვს, ბოლომდე შეიმეცნებთ. 14. ისევე, როგორც ნაწილობრივ უკვე შეიცნეთ, რომ ჩვენ თქვენი სიქადული ვართ, ხოლო თქვენ – ჩვენი, უფალ იესოს დღეს. 15. ამაში დარწმუნებული ჯერ თქვენთან ვაპირებდი მოსვლას, რათა მეორედაც მიგეღოთ მადლი; 16. თქვენგან კი მაკედონიაში წავსულიყავი, ხოლო მაკედონიიდან კვლავ გწვეოდით, რათა იუდეაში გაგეცილებინეთ. 17. ამის მოსურნე ცოტა ხომ არ ავმჩატდი? ან, იქნებ, რასაც ვფიქრობ, ხორციელად ვფიქრობ, რათა ერთდროულად მქონდეს „ჰო-ჰოც“ და „არა-არაც“? 18. მაგრამ ღმერთია მოწმე, რომ ჩვენი სიტყვა თქვენს მიმართ არ ყოფილა ხან „ჰო“ და ხან „არა“. 19. რადგანაც ძე ღვთისა, იესო ქრისტე, რომელსაც თქვენს შორის ვქადაგებდით მე, სილვანუსი და ტიმოთე, არ ყოფილა „ჰოც“ და „არაც“, არამედ მხოლოდ „ჰო“ იყო მასში. 20. ვინაიდან ღმერთის ყოველი აღთქმა „ჰოა“ მასში და „ამინია“ მასში, ღვთის სადიდებლად ჩვენს მიერ.
რიგ.: მთ. 22: 23-33
23. იმ დღეს მიადგნენ მას სადუკეველნი, რომელნიც ამბობენ, რომ არ არსებობს აღდგომა, და ჰკითხეს: 24. მოძღვარო, მოსემ თქვა: თუ კაცი უშვილოდ გადაეგო, დაე, მისმა ძმამ მოიყვანოს მისი ცოლი, რათა აღუდგინოს თავის ძმას მისი თესლი. 25. იყო ჩვენს შორის შვიდი ძმა: პირველმა ცოლი შეირთო და უშვილოდ მოკვდა, ხოლო ცოლი თავის ძმას დაუტოვა. 26. ასევე მეორემაც და მესამემაც თვით მეშვიდემდე. 27. ყველაზე ბოლოს კი ქალიც მოკვდა. 28. მერედა, აღდგომისას, ამ შვიდთაგან ვისი ცოლი იქნება იგი? ვინაიდან შვიდივეს ცოლად ესვა. 29. იესომ პასუხად მიუგო მათ: სცდებით, რადგან არც წერილს იცნობთ და არც ღმრთის ძალას. 30. ვინაიდან აღდგომისას არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან, არამედ არიან როგორც ანგელოზები ცაში. 31. ხოლო მკვდართა აღდგომისათვის არ წაგიკითხავთ, რა გითხრათ ღმერთმა, რომელიც ამბობს: 32. მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა. ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ – ცოცხლებისა. 33. ისმენდა ხალხი და უკვირდა მისი მოძღვრება.
ანასი: გალ. 4: 22-31
22. რადგანაც დაწერილია, რომ ორი ძე ჰყავდა აბრაამს, ერთი მხევლისაგან, მეორე კი – თავისუფალი ქალისაგან. 23. მაგრამ მხევლისა ხორცისაგან შობილი იყო, ხოლო თავისუფლისა – აღთქმისაგან, 24. რაც არის ქარაგმა; ესაა ორი აღთქმა: ერთი სინას მთით, მონის მშობელი, ანუ აგარი, 25. რადგანაც აგარი იგივე სინას მთაა არაბეთში და შეესატყვისება აწინდელ იერუსალიმს, ვინაიდან თავისი შვილებითურთ მონობაშია. 26. ხოლო ზენა იერუსალიმი თავისუფალია: ის არის ჩვენი დედა. 27. რადგანაც დაწერილია: „გიხაროდეს, უნაყოფოვ, რომელსაც არ გიშობია; იმძლავრე და იღაღადე, შობის სალმობით ულმობო, ვინაიდან მიტოვებულს მეტი შვილი ეყოლება, ვიდრე ქმრიანს“. 28. ხოლო თქვენ, ძმანო, როგორც ისააკი, აღთქმის შვილები ხართ. 29. და როგორც მაშინ ხორციელად შობილი სდევნიდა სულიერს, ასევე ახლაც. 30. მაგრამ რას ამბობს წერილი? „განდევნე მხევალი თავისი ძითურთ, ვინაიდან ძე მხევლისა ვერ იქნება თავისუფლის ძის თანამემკვიდრე“. 31. ასე რომ, ძმანო, მხევლის ძენი კი არა ვართ, არამედ თავისუფლისა.
ანასი: ლკ. 8: 16-21
16. არავინ ანთებს სანთელს იმისთვის, რომ საწყაოს თუ საწოლის ქვეშ დადგას, არამედ სასანთლეზე დგამს, რათა შემომსვლელნი ხედავდნენ ნათელს, 17. ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს და გაცხადდეს. 18. მაშ, დაუკვირდით, როგორ ისმენთ: რადგან ვისაც აქვს, მას მიეცემა, და ვისაც არა აქვს, მაგრამ ასე ჰგონია, მაქვსო, მას წაერთმევა. 19. მივიდნენ მასთან დედა და მისი ძმები, მაგრამ ხალხმრავლობის გამო ვერ შესძლეს ახლოს მისვლა. 20. და უთხრეს მას: დედაშენი და შენი ძმები გარეთ დგანან და შენი ნახვა სურთ. 21. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: დედა ჩემი და ჩემა ძმები ისინი არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და ასრულებენ მას.
მეხუთე მსოფლიო კრების ხსენება (553)
მეხუთე მსოფლიო კრება 553 წელს, კეთილმსახური მეფის, იუსტინიანე I-ის (527-565) ზეობისას გაიმართა კონსტანტინოპოლში. მისი მიზანი იყო სამი უკვე გარდაცვლილი ეპისკოპოსის: თეოდორე მოფსუეტელის, თეოდორიტე კვირელისა და იბა ედესელის საკითხის განხილვა, რომლებიც ჯერ კიდევ მესამე მსოფლიო კრების (431; ხს. 9 სექტემბერს) დროს თავიანთ თხზულებებში ნესტორიანულ შეხედულებებს გამოთქვამდნენ. ქალკედონის კრებას (451; ხს. 16 ივლისს), რომელმაც შეაჩვენა მონოფიზიტები, ეს მღვდელმთავრები არ განუსჯია, რის გამოც ევტიქის მიმდევრები კრების მონაწილეებს ნესტორიანელობაში დებდნენ ბრალს. ერეტიკოსებისთვის მართლმადიდებელთა გმობის საბაბი რომ გაექარწყლებინა, წმიდა იუსტინიანემ გამოსცა ბრძანება, რომლის სამ თავშიც ცალ-ცალკე იყო გაკიცხული სამივე ზემოხსენებული მამა; მაგრამ, რადგან ამ ბრძანებამ ეკლესიის წარმომადგენელთა შორის საყოველთაო აღიარება ვერ ჰპოვა (განსაკუთრებით დასავლეთში, და კერძოდ, აფრიკაში), წარმოიქმნა დავა „სამი თავის“ შესახებ. სწორედ ამან გამოიწვია მეხუთე მსოფლიო კრების მოწვევის აუცილებლობა.
კრებას ასსამოცდახუთი ეპისკოპოსი ესწრებოდა. კონსტანტინოპოლში მყოფმა პაპმა ვიგილიუსმა (535-555) უარი განაცხადა მასში მონაწილეობაზე, თუმცა სამჯერ იქნა მოწვეული შეკრებილი მღვდელმთავრებისა და თავად იმპერატორის სახელით გაგზავნილი ოფიციალური დეპუტაციის მიერ.
კრებას თავმჯდომარეობდა წმიდა კონსტანტინოპოლელი პატრიარქი ევტიქი (552-565; 577-582). იმპერატორის ედიქტის თანახმად „სამი თავის“ საკითხი საგულდაგულოდ იქნა განხილული 553 წლის 4 მაისიდან 2 ივნისამდე გამართულ რვა სხდომაზე. საბოლოოდ თეოდორე მოფსუეტელი და მისი სწავლება ანათემას გადაეცა; შეაჩვენეს თეოდორიტე კვირელისა და იბა ედესელის რამდენიმე თხზულებაც, თავად ეს მამები კი, როგორც სინანულით განწმენდილები, შეწყალებულ იქნენ. პაპი ვიგილიუსი, როგორც ერეტიკოსთა თანამდგომი, ეკლესიიდან განკვეთეს, მაგრამ კრების შემდგომ იგი შეუერთდა მამათა საერთო აზრს და ხელი მოაწერა კრების დადგენილებას.
კრების მამებმა განიხილეს და შეაჩვენეს III საუკუნის ცნობილი საეკლესიო მოღვაწის, ხუცეს ორიგენეს მწვალებლური სწავლება. დაიგმო ის ერეტიკოსებიც, რომლებიც საყოველთაო მკვდრეთით აღდგომას უარყოფდნენ.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
მიცვალება მართლისა ანასი – დედისა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა
მიცვალება მართლისა ანასი – დედისა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა. ნეტარი ანა მღვდელმსახური ნათანისა და მისი მეუღლის, მარიამის ასული იყო, ლევიტელთა ტომიდან, აარონის მოდგმიდან. გადმოცემის თანახმად, იგი მშვიდობით მიიცვალა იერუსალიმში, სამოცდაცხრამეტი წლის ასაკში, ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის ხარებამდე. მოგვიანებით მისი ნეშტი კონსტანტინოპოლში გადაასვენეს (იხ. 9 სექტემბრის საკითხავი). წმიდა დედანი: ოლიმპიადა დიაკონისა (+408-410)
წმიდა ოლიმპიადა დიაკონისა იყო ასული სენატორ ანისიუს სეკუნდუსისა, წმიდანი მშობლებმა ადრეულ სიყმაწვილეშივე დანიშნეს ერთ კეთილმსახურ ჭაბუკზე. როგორც კი ოლიმპიადა სრულწლოვანებას მიაღწევდა, ჯვრისწერაც უნდა აღსრულებულიყო, მაგრამ მალე მისი საქმრო გარდაიცვალა. ნეტარმა გათხოვება არ ისურვა და ქალწულებრივი ცხოვრება ირჩია.დედ-მამის გარდაცვალების შემდეგ ოლიმპიადამ დიდი ქონება მიიღო მემკვიდრეობით, რომელსაც იგი უხვად ურიგებდა გლახაკებს, ობლებსა და ქვრივებს, უშურველად სწირავდა ეკლესია-მონასტრებს, საავადმყოფოებს, დავრდომილთა და მწირთა თავშესაფრებს.
პატრიარქმა ნექტარიუსმა (381-393) წმიდა დედა დიაკონისად დაადგინა და ისიც გულმოდგინედ და უმწიკვლოდ აღასრულებდა თავის მოვალეობას.
ოლიმპიადა კონსტანტინოპოლში სტუმრობისას დიდად შეეწეოდა და სიყვარულით ემსახურებოდა მღვდელმთავრებს: ამფილოქე იკონიელს, ონისიმე პონტიელს, გრიგოლ ღვთისმეტყველს, პეტრე სებასტიელს, ეპიფანე კვიპრელს…
წმიდა იოანე ოქროპირი (+407; ხს. 13 ნოემბერს) მეტად აფასებდა ნეტარ დედას. ოლიმპიადა სხვა დიაკონისებთან ერთად ძლიერ განიცდიდა უდანაშაულო მღვდელმთავრის უმსჯავროდ განდევნას კათედრიდან. როცა ოქროპირი უკანასკნელად გამოდიოდა ტაძრიდან, თავისთან მოიხმო იგი დიაკონისებთან: პენტადიას, პროკლიას და სილვინიასთან ერთად და უთხრა, როგორც ჩანს, ჩემს წინააღმდეგ აღძრული საქმე დასასრულს უახლოვდება და ალბათ, აწი ვერც მიხილავთო, შემდეგ კი სთხოვა, არ დაეტოვებინათ ტაძარი და დამორჩილებოდნენ მღვდელმთავარს, რომელსაც მის ნაცვლად დაადგენდნენ.
იოანე ოქროპირის გაძევების შემდეგ წმიდა სოფიას საკათედრო ტაძარი დაიწვა. ცეცხლი მიმდებარე შენობებსაც მოედო და ქალაქის დიდი ნაწილი იმსხვერპლა. დევნილი მღვდელმთავრის ყველა მომხრეს ბოროტმოქმედებაში დასდეს ბრალი. დაკითხეს წმიდა ოლიმპიადაც. მართალია, მას ვერანაირი სამხილი ვერ უპოვეს, მაგრამ მაინც დიდძალი ფულადი ჯარიმა გადაახდევინეს, თითქოსდა ხანძრის გამჩენთა დაქირავებისათვის. ამის შემდეგ ნეტარმა დატოვა კონსტანტინოპოლი და ქალაქ კვიზიკში (მარმარილოს ზღვაზე) გაემგზავრა; მაგრამ მტრებს მისი დევნა არ შეუწყვეტიათ: წმიდა დედა შეიპყრეს და 405 წელს ნიკომიდიაში გადაასახლეს, სადაც მრავალი ჭირი და მწუხარება დაითმინა. მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი გადასახლებიდან ეხმიანებოდა ნეტარს, ნუგეშს სცემდა და ამხნევებდა. „მხოლოდ ერთი რამ არის საშინელი, – წერდა ის, – ესაა ცოდვა. სხვა ყველაფერი ზღაპარია: მზაკვრობა თუ პირფერობა, სიცრუე თუ მლიქვნელობა, ბოროტსიტყვაობა, ცილისწამება, მამულის დაკარგვა, დევნილობა, ყველაზე პირბასრი მახვილები, ზღვა და თუნდაც შენს წინააღმდეგ აღმდგარი მთელი სამყარო! როგორიც არ უნდა იყოს ეს განსაცდელები და უსიამოვნებანი, ისინი მაინც დროებითი და სწრაფწარმავალია, მხოლოდ ხრწნადი სხეულისათვის არსებობს, ახოვან სულს კი ვერაფერს ვნებს!“ – „ნურაფერი შემთხვევითი ნუ აღგაშფოთებს, ნუ უხმობ მავანსა და მავანს, ნუ სდევ აჩრდილებს, რამეთუ ადამიანური შემწეობა აჩრდილია. იესოს, რომელსაც ჰმსახურებ, იესოს ჰხადოდე მოუკლებლად!“
წმიდა ოლიმპიადა 409 წელს გარდაიცვალა, გადასახლებაში. ნეტარი ნიკომიდიის ეპისკოპოსს გამოეცხადა და უბრძანა, მისი სხეული კიდობანში ჩაესვენებინათ და ზღვისთვის მიეცათ: „სადაც ტალღები გარიყავენ კიდობანს, დაე, იქ დაიკრძალოს ჩემი ცხედარიც“, – უთხრა მან ეპისკოპოსს. წმიდა ნეშტი კონსტანტინოპოლის მახლობლად, ბიოქტად წოდებულ ადგილთან მიცურდა. აქაურმა მცხოვრებლებმა, რომლებსაც ზეგარდმო ეუწყათ ამის შესახებ, ზღვიდან კრძალვით გამოაბრძანეს წმიდანის ცხედარი და თომა მოციქულის სახელობის საყდარში დაფლეს. შემდგომ, ბარბაროსთა შემოსევის დროს, ეს საყდარი დაიწვა, მაგრამ ღირსი დედის ნაწილები უვნებელი დარჩა. პატრიარქ სერგის (610-638) დროს წმინდა ნაწილები კონსტანტინოპოლში გადაასვენეს და თავად წმიდა ოლიმპიადას მიერ დაარსებულ დედათა მონასტერში დააბრძანეს.
ევპრაქსია ქალწული (+413)
ღირსი ევპრაქსია წმიდა კეთილმსახური მეფის, თეოდოსი დიდის (379-395) ნათესავის, კონსტანტინოპოლელი დიდებულის, ანტიგონეს ასული იყო.მდიდარი და გავლენიანი ანტიგონე და მისი მეუღლე ევპრაქსია ღვთისმოშიშებითა და გულმოწყალებით გამოირჩეოდნენ. თავიანთ ერთადერთ ასულსაც მათ ევპრაქსია დაარქვეს. ანტიგონე მალე გარდაიცვალა, რის შემდეგაც დედა განერიდა სასახლის კარს და თავისი სამფლობელოების მოხილვის საბაბით ასულთან ერთად ეგვიპტეს მიაშურა. აქ, თებაიდის მახლობლად, მდებარეობდა ტაბენისის დედათა მონასტერი მკაცრი ტიპიკონით. მოწესეთა ცხოვრებამ მიიზიდა კეთილმსახური ქვრივი. მან ისურვა, დახმარებოდა ამ სავანეს, მაგრამ იღუმენია თეოდულამ იუარა – განაცხადა, რომ მონაზვნები მთლიანად უფალს იყვნენ მინდობილნი და არანაირი მიწიერი საუნჯის მოხვეჭა არ სურდათ. წინამძღვარმა მხოლოდ სანთელი, საკმეველი და ზეთი შეიწირა.
ამ დროს პატარა ევპრაქსია შვიდი წლისა იყო. მას მოეწონა მონაზვნური ცხოვრება და ისურვა, სავანეში დარჩენილიყო. დედამ შვილს სთხოვა, თავმდაბლი ყოფილიყო, არასოდეს ეფიქრა თავის კეთილშობილურ წარმოშობაზე და გულმოდგინედ შედგომოდა უფლისა და დების მსახურებას. მალე ევპრაქსია-უფროსი (ხს. 12 იანვარს) გარდაიცვალა. როცა ამის შესახებ შეიტყო, მეფე თეოდოსიმ მის ასულს ეპისტოლე გაუგზავნა და შეახსენა, რომ ხუთი წლის ასაკში მშობლებმა იგი ერთი სენატორის ძეზე დანიშნეს, და ახლა მას სურს, რომ ევპრაქსიამ დედ-მამის დადებული პირობა შეასრულოს. საპასუხო ეპისტოლეში წმიდანმა მეფეს აუწყა, რომ იგი უკვე ქრისტეს სასძლოთა რიცხვს შეერთო და სთხოვდა, მემკვიდრეობით მისთვის გადმოცემული მამულები ეკლესიისა და გლახაკებისთვის დაენაწილებინა.
ევპრაქსია სულ უფრო და უფრო ამკაცრებდა ღვაწლს. თავდაპირველად იგი დღეში ერთხელ ღებულობდა საზრდელს, შემდეგ – ორ-სამ დღეში ერთხელ, ბოლოს კი – კვირაში ერთხელ. ნეტარი გულმოდგინედ მუშაობდა საცხობში, ჭურჭელს რეცხავდა, სათავსოებს გვიდა, სიყვარულით ემსახურებოდა დებს.
ადამიანთა მოდგმის მტერი მრავალ ბოროტებას შეამთხვევდა ნეტარ დედას: ერთხელ, როცა ჭიდან წყალს იღებდა, შიგ ჩავარდა და დებმა გადაარჩინეს; საცხობისთვის შეშის ჩეხვის დროს ფეხზე ნაჯახი დაირტყა და მძიმედ დაშავდა; კიბიდან გადმოვარდა და თვალი დაიზიანა… ყველა ამ განსაცდელს ევპრაქსია მოთმინებით იტანდა. დაუცხრომელი ღვაწლისთვის უფალმა სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა თავის რჩეულს: მისი ლოცვით ყრუ-მუნჯი და დავრდომილი ბავშვი განიკურნა, ეშმაკეული ქალი ბოროტის ტყვეობიდან გათავისუფლდა… მონასტერში სნეულთა მოყვანა დაიწყეს შემწეობის მიღების იმედით… ევპრაქსია კი სულ უფრო და უფრო თავმდაბალი ხდებოდა და თავს ცოდვილთა შორის უკანასკნელად თვლიდა. წმიდა დედის აღსასრულამდე ცოტა ხნით ადრე იღუმენიამ იხილა ჩვენება: გაბრწყინებულ დარბაზში ევპრაქსიამ თაყვანი სცა საყდარზე მჯდომ, ანგელოზებით გარშემორტყმულ მეუფეს, ყოვლადწმიდა ქალწულმა კი ქრისტეს სასძლოს მისთვის განმზადებული ნათელი სამყოფელი მოახილვინა და უთხრა, რომ ათი დღის შემდეგ აქ დაივანებდა. იღუმენია და დები მწარედ ტიროდნენ – არ სურდათ ევპრაქსიასთან განშორება. თავად წმიდანიც, როცა ხილვის შესახებ შეიტყო, ატირდა, რადგან მარადისობაში გადასასვლელად თავი მოუმზადებლად მიაჩნდა. ევპრაქსიამ თავი შეუძლოდ იგრძნო, ლოგინად ჩავარდა და ათი დღის შემდეგ – ოცდაათი წლის ასაკში – მშვიდობით მიიცვალა (+413).