5.09.2026. მე-14 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი

5.09.2026. მე-14 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი

     …ღმერთმა გამოარჩია… უძლურნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ძლიერნი (1 კორ. 1: 27).

     …მიტომაც ვტკბები უძლურებით, შეურაცხყოფით, გაჭირვებით, დევნითა და შევიწროებით, რადგან როცა უძლური ვარ, მაშინა ვარ ძლიერი (2 კორ. 10: 19).

     …რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი?  (1.კორ. 4: 7).

 გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-14 შვიდეული შემდგომად მეერგასისა 

5.09.2026. პარასკევი. ხსნილი. 

მიძინების დღესასწაულის წარგზავნა.

მოწამისა ლუპესი (IV ); მღვდელმოწამისა ირინეოსისა, ლიონელ ეპისკოპოსისა (202); ღირსთა ევტიქისა (540) და ფლორენტისა (547); მღვდელთმთავრისა კალინიკესი, კონსტანტინეპოლელ პატრიარქისა (705).

დღის ლოცვები 

 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის შაბათს დილით

საყვარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოზთა შეყვარებულო, ხმა მაღალო ქადაგო ღვთისმეტყველებისაო, ღირს ქმნილო ძედ წმიდისა ქალწულისა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძველო საღმრთოისა სწავლისაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდს მიყრდნობილო, ყოვლად ბრძენო, ნეტარო იოანე, ქადაგო სამებისაო! მითხოვე ქრისტესაგან შენდობაი ცოდვათა და ხსნაი განსაცდელთაგან, განჰსდევნენ ჩვენგან მტერნი ჩვენნი უხილავნი, ვითარცა განჰსდევნე კვინოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

ლოცვა ძილად დაწოლისა შაბათს

უფალო! რაოდენიცა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა სიტყვით, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულისხმის-ყოფით, შემინდევ მე სახელისა შენისათვის წმიდისა და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ხორცთასა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგვემისა გვლარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არა-წმიდათა ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები 

ლიტ.: ღმრთისმშობელისა: ფლპ. 2: 5-11 (დას. 240). ლკ. 10: 38-42; 11: 27-28 (დას. 54).
რიგ.: 1 კორ. 4: 1-5 (დას. 130). მთ. 23: 1-12 (დას. 93). 

ლიტ.: ღმრთისმშობელისა: ფლპ. 2: 5-11 

5. იგივე ზრახვები გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს, 6. რომელსაც, თუმცა ღვთის ხატი იყო, ნაძარცვად არ შეურაცხავს ღვთის სწორად ყოფნა. 7. მაგრამ თავი დაიმცრო, მონის ხატი შეიმოსა და გარეგნობით კაცის მსგავსებად იქცა. 8. თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე. 9. ამიტომაც აღამაღლა იგი ღმერთმა და ყველა სახელზე უზენაესი სახელი მისცა, 10. რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი, ზეცისაც, ქვეყნისაც და ქვესკნელისაც, 11. და ყველა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, სადიდებლად ღვთის და მამისა.

ლიტ.: ღმრთისმშობელისა: ლკ. 10: 38-42; 11: 27-28 

38. მოხდა ისე, რომ გზად მიმავალი ერთ სოფელში შევიდა და ვიღაც ქალმა, რომელსაც სახელად ერქვა მართა, თავის სახლში შეიპატიჟა იგი. 39. ამ ქალს ჰყავდა და, სახელად მარიამი, რომელიც იესოს ფერხთით ჩამოჯდა და ისმენდა მის სიტყვას. 40. მართა კი დაფუსფუსებდა, ვინაიდან ბევრი საზრუნავი ჰქონდა სამასპინძლოდ; მივიდა და უთხრა მას: უფალო, ნუთუ ვერ ხედავ, რომ ჩემმა დამ მარტო მე მომანდო მასპინძლობა? უთხარი, ხელი შემაშველოს. 41. მიუგო იესომ და უთხრა მას: მართა, მართა, ბევრ რამეზე ზრუნავ და შფოთავ; 42. მაგრამ საჭიროა მხოლოდ ერთი რამ. მარიამმა კი უკეთესი წილი ირჩია, რომელიც არ წაერთმევა მას. 

27. ამას რომ ამბობდა, ერთმა ქალმა ხმა აიმაღლა ხალხში და უთხრა: ნეტარია მუცელი, რომელმაც გატარა, და ძუძუნი, რომელთაც სწოვდი. 28. ხოლო მან თქვა: ნეტარ არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და იცავენ მას.

რიგ.: 1 კორ. 4: 1-5 

1. ამრიგად, ჩვენ უნდა შეგვრაცხოს კაცმა, როგორც ქრისტეს მსახურნი და ღვთის საიდუმლოთა მნენი. 2. მნეთაგან კი იმას მოითხოვენ, რომ თვითეული მათგანი სანდო იყოს. 3. პირადად ჩემთვის სულერთია, თქვენ განმსჯით თუ კაცთა მსჯავრნი. მე თვითონაც არ განვსჯი ჩემს თავს. 4. რადგანაც არაფერი მაქვს სინიდისის საქენჯნი, მაგრამ ამით როდი ვიმართლებ თავს, რადგანაც უფალია ჩემი განმკითხველი. 5. ამიტომ ნუ განსჯით უდროოდ, ვიდრე არ მოვა უფალი, ნათელს რომ მოჰფენს ბნელში დაფარულს და გაამჟღავნებს გულის ზრახვებს; მაშინ თვითეულს მიეგება ქება ღვთის მიერ.

რიგ.: მთ. 23: 1-12 

1. მაშინ იესომ მიმართა ხალხს და თავის მოწაფეებს: 2. მოსეს სავარძელზე მწიგნობარნი და ფარისეველნი სხედან; 3. მაშ, ყველაფერი, რის დაცვასაც გირჩევენ, დაიცავით და აღასრულეთ, მაგრამ მათ საქმეს კი ნუ მიბაძავთ, ვინაიდან ამბობენ და არ ასრულებენ. 4. რადგან მძიმე ტვირთს ჰკრავენ და ძნელად სატვირთველს, და ხალხს მხრებზე ადებენ; თვითონ კი თითის განძრევაც არ სურთ მის დასაძრავად. 5. და მთელ თავიანთ საქმეს აკეთებენ კაცთა დასანახავად; აგანიერებენ თავიანთ სალოცავ თასმებს და აგრძელებენ თავიანთი სამოსის კალთებს. 6. უყვართ წვეულებებზე სუფრის თავში წამოჭიმვა და წინა რიგები სინაგოგებში. 7. და სალმის ძღვნა მოედნებზე, რათა ხალხი მიმართავდეს მათ: რაბი! რაბი! 8. თქვენ კი ნუ იწოდებით ასე: რაბი! ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი – ქრისტე, ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ. 9. ნურც თქვენს მამას უწოდებთ ვინმეს ამ ქვეყნად, ვინაიდან ერთია მამა თქვენი ზეციერი. 10. და ნურც წინამძღვრებად იწოდებით, ვინაიდან ერთია თქვენი წინამძღვარი – ქრისტე. 11. ხოლო თქვენს შორის უდიდესი თქვენი მსახური იყოს. 12. რადგან ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                             (1 ინ. 3: 14) 

 

მღვდელმოწამე ირინეოსი, ლიონელი ეპისკოპოსი (+202)
მღვდელმოწამე ირინეოს ლიონელი 130 წელს დაიბადა ქალაქ სმირნაში. აქვე მიიღო მან ბრწყინვალე განათლება: დაეუფლა პოეზიას, ფილოსოფიას, რიტორიკასა და სხვა მეცნიერებებს. ქრისტიანული მოძღვრების ჭეშმარიტებებში იგი მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის მოწაფემ, მღვდელმთავარმა პოლიკარპე სმირნელმა (ხს. 23 თებერვალს) განსწავლა. მანვე მონათლა ჭაბუკი, ხუცესად აკურთხა და გალიის ქალაქ ლუგდუნში (დღევანდელი ლიონი – საფრანგეთში) გაგზავნა მხცოვან მღვდელმთავარ პოთინესთან. მალე ირინეოსს საპასუხისმგებლო დავალება მიეცა – აღმსარებლებმა რომის პაპ ელეფთერს (177-190) მისი ხელით ეპისტოლე გაუგზავნეს. წმიდანის არყოფნაში ყველა გამორჩეული ქრისტიანი საპყრობილეში ჩაყარეს. 178 წელს, ეპისკოპოს პოთინეს მოწამეობრივი აღსასრულიდან ერთი წლის თავზე ნეტარ ირინეოსს ქალაქ ლუგდუნის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. „მოკლე ხანში, – წერდა წმიდანის შესახებ მღვდელმთავარი გრიგოლ ტურელი, – თავისი ქადაგებით მან მთელი ლუგდუნი ქრისტიანულ ქალაქად აქცია!“
იმპერატორ სეპტიმიუს სევერუსის (193-211) ზეობის დროს, 202 წელს ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარებისთვის მღვდელმთავარ ირინეოსს თავი მოჰკვეთეს. 
წმიდა მოწამე ლუპე (IV)
წმიდა მოწამე ლუპე III-IV საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის (ხს. 26 ოქტომბერს) ერთგული მსახური იყო. იგი დაესწრო თავისი ბატონის მოწამეობრივ აღსასრულს. დიდმოწამე დიმიტრის ბეჭდით, სისხლინი სამოსლითა და წმიდანის სახელით წმიდა ლუპე თესალონიკში მრავალ სასწაულს აღასრულებდა. ნეტარი ნებით ჩაბარდა უღმრთოებს და იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) ბრძანებით თავი მოჰკვეთეს (+306 წლის შემდეგ). 
ღირსი ევტიქი (+540) და ფლორენტი (+547)
ღირსი ევტიქი და ფლორენტი ბერები იყვნენ და იტალიაში, ნურსიის ოლქში მოსაგრეობდნენ VI საუკუნეში. წმიდა ევტიქიმა თავისი ქადაგებით მრავალი მოაქცია ქრისტიანობაზე. როცა მახლობელ მონასტერში იღუმენი გარდაიცვალა, ბერებმა სწორედ მას სთხოვეს, წინამძღვრობის ჯვარი ეტვირთა. წმიდანი დათანხმდა, მაგრამ ამის შემდგომაც განაგრძობდა ზრუნვას უწინდელ სამოღვაწეო ადგილზე, სადაც მისი თანამოსაგრე ფლორენტი დარჩა.
ღირსი ფლორენტი უამრავ სასწაულს აღასრულებდა: მოათვინიერა დათვი, რომელიც ემსახურებოდა, ცხვრებს მწყემსავდა, წყალს ეზიდებოდა და მოძღვრის სხვა კურთხევებსაც აღასრულებდა. წმიდა ევტიქი სიცოცხლეში არ იყო ცნობილი სასწაულთქმედებით, მაგრამ სიკვდილის შემდეგ მის სამოსელთან კურნებები აღესრულებოდა. გვალვის დროს ამ სამოსით ხელში მოივლიდნენ ხოლმე მინდვრებს და უფალიც წვიმას გარდამოავლენდა. ღირსი ევტიქი გარდაიცვალა 540 წლის 23 მაისს, ღირსი ფლორენტი კი – 547 წლის 1 ივნისს. 
წმიდა კალინიკე – კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+705)
წმიდა კალინიკე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (693-705) თავდაპირველად ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრის ხუცესი იყო. 693 წელს კი, პატრიარქ პავლეს (686-693) მიცვალების შემდეგ, კონსტანტინოპოლის ეკლესიის მესაჭეობა მიანდეს. ამ დროს მეფობდა სისასტიკით ცნობილი იუსტინიანე II (685-695). მან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სიახლოვეს სასახლის აშენება გადაწყვიტა და კალინიკეს უბრძანა, ამ ტაძრის დანგრევაზე მიეცა კურთხევა. წმიდა მამამ უპასუხა, მე მხოლოდ ტაძრების აშენებისთვის ვლოცულობ და არა მათი შემუსვრისათვისო. როცა საყდარი მაინც დაარღვიეს, ნეტარმა ცრემლებით ღაღად-ჰყო: „დიდება შენდა, უფალო, ყოველთა დამთმენელო!“
მალე იუსტინიანეს ღვთის სასჯელი დაატყდა თავს: იგი ტახტიდან ჩამოაგდეს და გადაასახლეს ხერსონში. ტახტზე ავიდა ლეონ II. ათი წლის შემდეგ იუსტინიანე საპყრობილიდან გაიქცა, ლაშქარი შეჰყარა და კონსტანტინოპოლს მიადგა. მან პატრიარქსა და იმპერატორს აღუთქვა, რომ ქალაქში შესვლის შემდეგ არავის არაფერს ავნებდა და ჯვარზე, სახარებაზე და წმიდა საიდუმლოებებზე დაიფიცა, მაგრამ, როცა კონსტანტინოპოლში შეაღწია, წარჩინებულ მოქალაქეთა და ხალხის ხოცვა-ჟლეტა დაიწყო, იმპერატორს კი თავი მოჰკვეთა. მღვდელმთავარი კალინიკე მისი ბრძანებით შეიპყრეს, თვალები დათხარეს, ენა მოჭრეს და რომში ქვითკირის კედელში ცოცხლად ჩააშენეს. ორმოცი დღის შემდეგ კედელი ჩამოირღვა და წმიდა მამა ჯერ ისევ ცოცხალი, მაგრამ უკვე სულთმობრძავი იპოვეს. ოთხი დღის შემდეგ იგი მიიცვალა (+705). რომის პაპს იოანე VI-ს (701-705) ძილში პეტრე და პავლე მოციქულები გამოეცხადნენ და უბრძანეს, პატრიარქი კალინიკე რომში, მოციქულთა ტაძარში დაეკრძალათ.