…იესომ სიმონ-პეტრეს უთხრა: სიმონ, იონას ძეო, ამათზე მეტად გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი კრავები. 16. მეორედაც უთხრა მას: სიმონ იონას ძეო, გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: მწყემსე ჩემი ცხვრები. 17. მესამედაც უთხრა მას: სიმონ, იონას ძეო, გიყვარვარ? შეწუხდა პეტრე, რადგან მესამედ ჰკითხა, გიყვარვარო? და უთხრა მას: უფალო, შენ ყველაფერი იცი, იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი ცხვრები (ინ. 21: 15-17).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

სულთმოფენობიდან მე-22 შვიდეული
31.10.2026. შაბათი. ხსნილი
დღის ლოცვები
დიდებულის, ყოვლადქებულის მოციქულისა და მახარებელის ლუკას
ტროპარი: მოციქულთა საქმეთა მომთხრობელსა და ქრისტეს სახარებისა ბრწყინვალედ აღმწერელსა ლუკას ყოვლადსაგალობელსა ვერ აღსაწერელსა ქრისტეს ეკლესიისა მიმართ, გალობითა სამღდელოთა წმიდასა მოციქულსა ვაქებდეთ, ვითარცა უძლურებისა კაცთასა მკურნალსა, ბუნებისა სნეულებათა და წყლულებათა განმამრთელებელსა, და მვედრებელსა დაუცხრომელად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: ჭეშმარიტსა ქადაგსა კეთილმსახურებისასა და გამოუთქმელთა საიდუმლოთა რიტორსა, ვარსკულავსა ეკლესიისასა, საღმრთოსა ლუკას შევასხმიდეთ, რამეთუ სიტყუამან გამოაჩინა იგი პავლეს თანა ბრძნისა წარმართთა მოძღურად, მხოლომან, რომელმან უწყნის გულთა შინანი.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის შაბათს დილით
საყვარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოზთა შეყვარებულო, ხმა მაღალო ქადაგო ღვთისმეტყველებისაო, ღირს ქმნილო ძედ წმიდისა ქალწულისა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძველო საღმრთოისა სწავლისაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდს მიყრდნობილო, ყოვლად ბრძენო, ნეტარო იოანე, ქადაგო სამებისაო! მითხოვე ქრისტესაგან შენდობაი ცოდვათა და ხსნაი განსაცდელთაგან, განჰსდევნენ ჩვენგან მტერნი ჩვენნი უხილავნი, ვითარცა განჰსდევნე კვინოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა ძილად დაწოლისა შაბათს
უფალო! რაოდენიცა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა სიტყვით, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულისხმის-ყოფით, შემინდევ მე სახელისა შენისათვის წმიდისა და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ხორცთასა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგვემისა გვლარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არა-წმიდათა ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
მწუხრი (მოც.) – 1 იოანე 1:1-7. მწუხრი (მოც.) – იაკობის წერილი 1:1-12. მწუხრი (მოც.) – იუდა 1:1-7, 1:17-25. ცისკარი (მოც.) – იოანეს სახარება 21:15-25. ლიტურგია (რიგ.) – 2 კორინთელთა მიმართ 5:1-10. ლიტურგია – კოლასელთა მიმართ 4:5-9, 4:14, 4:18. ლიტურგია (რიგ.) – ლუკას სახარება 6:1-10. ლიტურგია (მოც.) – ლუკას სახარება 10:16-21.
მწუხრ. (მოც.) – 1 ინ. 1: 1-7
1. რომელიც იყო დასაბამიდან, რომელიც ვისმინეთ და ჩვენი თვალით ვიხილეთ, რომელსაც ვჭვრეტდით და ჩვენი ხელით ვეხებოდით სიცოცხლის სიტყვას; 2. (რადგან სიცოცხლე ცხად იქმნა, რაც ვიხილეთ და ვმოწმობთ, და გაუწყებთ საუკუნო სიცოცხლეს, რომელიც იყო მამასთან და გამოგვეცხადა ჩვენ). 3. რაც ვისმინეთ და ვიხილეთ, იმას გაუწყებთ, რათა თქვენც ეზიაროთ ჩვენთან ერთად, ხოლო ჩვენ ვეზიარებით მამას და ძეს მისას – იესო ქრისტეს. 4. ამას გწერთ, რათა სრულ იყოს თქვენი სიხარული. 5. ეს არის აღთქმა, რომელიც ვისმინეთ მისგან, და გაუწყებთ თქვენ, რომ ღმერთი არის ნათელი და არ არის მასში არავითარი ბნელი. 6. თუ ვამბობთ, მას ვეზიარებითო და ბნელში კი დავდივართ, ვცრუობთ და არ ვიქცევით ჭეშმარიტების თანახმად. 7. ხოლო თუ ნათელში დავდივართ, როგორც თვითონვეა ნათელში, მაშინ ერთმანეთს ვეზიარებით და მისი ძის – იესო ქრისტეს სისხლი ყოველგვარი ცოდვისგან გაგვწმენდს.
მწუხრ. (მოც.) – იაკ. 1: 1-12
1. იაკობი, მონა ღვთისა და უფალ იესო ქრისტესი, თორმეტ განთესილ ტომს, – გიხაროდეთ. 2. ყველაფერი სიხარულად შერაცხეთ, ჩემო ძმანო, როცა სხვადასხვა განსაცდელში ვარდებით. 3. რაკიღა იცით, რომ გამოცდა თქვენი რწმენისა დასაბამს აძლევს მოთმინებას; 4. მოთმინების საქმე კი სრულყოფილი უნდა იყოს, რათა თვითონაც სრულქმნილი იყოთ და უზადონი, ყოველგვარი ნაკლის გარეშე. 5. ხოლო თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, დაე, სთხოვოს ღმერთს, ყოვლის უხვად და უშურველად გამცემს, და მიეცემა. 6. მაგრამ, დე, სთხოვოს რწმენით, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, რადგან მეჭველი ზღვის ტალღასა ჰგავს, ქარით ღელვილსა და მიმოტაცებულს. 7. ნუ ეგონება ამნაირ კაცს, თითქოს რაიმეს მიიღებს ღვთისგან. 8. ორგული კაცი უმტკიცოა ყველა მისეულ გზაზე. 9. დე, თავმდაბალი ძმა იქადოდეს თვისი სიმაღლით, 10. ხოლო მდიდარი – თვისი სიმდაბლით, რადგანაც მინდვრის ყვავილივით გადავა იგი. 11. რადგანაც ამოდის მზე და მცხუნვარება გაახმობს მდელოს, დაჭკნება მისი ყვავილი და განქარდება მისი მშვენება; ასე დაჭკნება მდიდარიც მისეულ გზაზე. 12. ნეტა მას, ვინც გაუძლებს საცდურს, რადგან განსაცდელგამოვლილი მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, ღმერთმა რომ აღუთქვა თავის მოყვარეთ.
მწუხრ. (მოც.) – იუდ. 1: 1-7, 1: 17-25
1. იუდა, იესო ქრისტეს მონა და იაკობის ძმა, – მოწოდებულთ, რომელნიც შეიყვარა მამა ღმერთმა და დაცულნი არიან იესო ქრისტესათვის. 2. წყალობა, მშვიდობა და სიყვარული გიმრავლოთ. 3. საყვარელნო, რაკიღა მთელი გულმოდგინებით ვცდილობ მოგწეროთ ჩვენი საერთო ხსნის თაობაზე, საჭიროდ ვცანი მომეწერა შეგონება: იღვწოდეთ რწმენისათვის, ერთხელ რომ მიეცა წმიდათ. 4. ვინაიდან შემოგვეპარნენ ზოგიერთნი, ადრიდანვე რომ ეწერათ ეს სასჯელი; უღმერთონი, გარყვნილებად რომ აქციეს ჩვენი ღვთის მადლი და უარყოფენ ჩვენს ერთადერთ მბრძანებელსა და უფალს იესო ქრისტეს. 5. მინდა შეგახსენოთ, თუმცა ყველაფერი იცით, რომ ღმერთმა ეგვიპტის ქვეყნიდან იხსნა თავისი ხალხი, შემდეგ კი შემუსრა ურწმუნონი. 6. ხოლო ანგელოზები, რომლებმაც არ დაიცვეს თავიანთი დასაბამიერობა, არამედ დაუტევეს თავიანთი სავანე, საუკუნო ბორკილებით შეკრულნი, ქვესკნელის წყვდიადში გამოამწყვდია რათა განეკითხა დიად დღეს. 7. ისევე, როგორც სოდომი, გომორი და მათი მოსაზღვრე ქალაქები, მათსავით მემრუშენი და უცხო ხორცს ადევნებულნი, საუკუნო ცეცხლით დასჯილნი და ნიმუშად დადებულნი.
17. თქვენ კი, საყვარელნო, გახსოვდეთ სიტყვები, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოციქულთა მიერ წინასწარ თქმული. 18. ისინი გეუბნებოდნენ, რომ უკანასკნელ ჟამს მოვლენ მკრეხელნი, თავიანთი უკეთური გულისთქმისამებრ მავალნი. 19. ესენი არიან განხეთქილების მიზეზნი, მშვინვიერნი, სულის არმქონენი. 20. ხოლო თქვენ, საყვარელნო, უწმიდესი რწმენით დაიმკვიდრეთ თავი, ილოცეთ სულით წმიდით. 21. ღვთის სიყვარულით დაიცავით თავი და ელოდეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წყალობას საუკუნო სიცოცხლისათვის. 22. ზოგიერთ მეჭველს სწყალობდეთ. 23. ზოგიერთი ცეცხლს გამოსტაცეთ და იხსენით: ზოგის მიმართაც შიშნარევი სიბრალული გქონდეთ. გძულდეთ ხორცისაგან შებღალული თვით სამოსელიც. 24. ხოლო ვისაც შეუძლია დაცემისაგან დაგიცვათ და უმწიკვლონი სიხარულით დაგადგინოთ თავისი დიდების წინაშე, 25. ღმერთს, ერთსა და ბრძენს, მაცხოვარს ჩვენსას უფალ იესო ქრისტეს მიერ, დიდება და სიდიადე, ძალა და ხელმწიფება, აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ცისკ. (მოც.) – ინ. 21: 15-25
15. ხოლო როდესაც ისაუზმეს, იესომ სიმონ-პეტრეს უთხრა: სიმონ, იონას ძეო, ამათზე მეტად გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი კრავები. 16. მეორედაც უთხრა მას: სიმონ იონას ძეო, გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: მწყემსე ჩემი ცხვრები. 17. მესამედაც უთხრა მას: სიმონ, იონას ძეო, გიყვარვარ? შეწუხდა პეტრე, რადგან მესამედ ჰკითხა, გიყვარვარო? და უთხრა მას: უფალო, შენ ყველაფერი იცი, იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი ცხვრები. 18. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: სანამ ახალგაზრდა იყავი, სარტყელს შემოირტყამდი და მიდიოდი, სადაც გინდოდა; ხოლო როდესაც დაბერდები, ხელებს გაიწვდი, სხვა შემოგარტყამს სარტყელს და წაგიყვანს იქ, სადაც არ გინდა. 19. ხოლო ეს თქვა, რათა ენიშნებინა, როგორი სიკვდილით განადიდებდა იგი ღმერთს. ეს რომ თქვა, უთხრა: მომყევიო. 20. შემობრუნდა პეტრე და დაინახა, რომ უკან მოსდევდა მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს, სწორედ ის, სერობისას მის მკერდზე მიყრდნობილმა რომ უთხრა: უფალო, ვინ გაგცემს შენ? 21. ეს რომ დაინახა, პეტრემ უთხრა იესოს: უფალო, ამას რა? 22. უთხრა მას იესომ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, შენ რა? შენ მე გამომყევ. 23. და გავრცელდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ ის მოწაფე არ მოკვდებოდა. მაგრამ იესოს ის კი არ უთქვამს, არ მოკვდებაო, არამედ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, მერე შენ რაო? 24. ეს არის მოწაფე, რომელიც მოწმობს ამას და რომელმაც დაწერა ეს. და ვიცით, რომ მისი მოწმობა ჭეშმარიტია. 25. ბევრი სხვა რამეც მოიმოქმედა იესომ, მაგრამ ყველაფერი სათითაოდ რომ დაწერილიყო, ვგონებ, ქვეყანაც ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს. ამინ.
ლიტ. (რიგ.) – 2 კორ. 5: 1-10
1. რადგანაც ვიცით, რომ თუ ეს ჩვენი მიწიერი სახლი, თუ ეს კარავი დაინგრევა, ღმერთის მიერ გვაქვს სასახლე ცაში, ხელთუქმნელი და მარადიული. 2. მიტომაც ვგმინავთ, რომ გვსურს შევიმოსოთ ზეციური სასახლე ჩვენი. 3. მხოლოდ შემოსილნიც არ აღმოვჩნდეთ შიშველნი. 4. ვინაიდან ამ კარავში მყოფნი სიმძიმილით ვგმინავთ, რადგანაც განძარცვა კი არა გვსურს, არამედ შემოსვა, რათა ცოცხალმა შთანთქას მოკვდავი. 5. სწორედ ამისთვის შეგვქმნა ღმერთმა და მოგვცა სულის წინდი. 6. ამიტომ ყოველთვის ნდობით ვართ აღვსილნი და ვიცით, რომ ვიდრე სხეულში ვსახლობთ, ღვთის გარეთ ვსახლობთ. 7. რადგანაც რწმენით ვიარებით და არა ხედვით. 8. მაგრამ ნდობით ვართ აღვსილნი და გვიჯობს სხეულიდან გამოვსახლდეთ, რათა უფალთან დავესახლოთ. 9. ამიტომაც ვცდილობთ, რომ, გამოვსახლდებით თუ დავსახლდებით, მისთვის სათნონი ვიყოთ. 10. რადგან ყველანი უნდა წარვსდგეთ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე, რათა თვითეულს მიეგოს მისი კუთვნილი, იმის მიხედვით, თუ რას იქმოდა სხეულში მყოფი: კეთილს თუ ბოროტს.
ლიტ. – კოლას. 4: 5-9, 4: 14, 4: 18
5. ბრძნულად მოიქეცით გარეშეთა მიმართ; დრო მოიხმარეთ. 6. თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის რა მიუგოთ. 7. ჩემს ამბავს დაწვრილებით გაუწყებთ ტიქიკოსი, საყვარელი ძმა, სანდო მსახური და თანამოღვაწე უფალში, 8. რომელიც იმიტომ გაახლეთ, რომ გაუწყოთ ჩვენი ამბავი და ნუგეში სცეს თქვენს გულებს, 9. ონისიმესთან, სანდო და საყვარელ ძმასთან ერთად; ისინი გაუწყებენ აქაურ ამბებს.
14. მოგიკითხავთ ლუკა, საყვარელი მკურნალი, და დემასი.
18. მოგიკითხავთ მე, პავლე, ჩემი ხელით. გახსოვდეთ ჩემი ტყვეობა. მადლი თქვენთან. ამინ.
ლიტ. (რიგ.) – ლკ. 6: 1-10
1. ერთხელ, შაბათ დღეს, ყანაში მიდიოდა იესო. და მისმა მოწაფეებმა თავთავებს დაუწყეს კრეფა: ხელით ფშვნეტდნენ და ჭამდნენ. 2. ზოგიერომა ფარისეველმა უთხრა მათ: რატომ აკეთებთ იმას, რაც ნებადართული არ არის შაბათს? 3. ხოლო იესომ მიუგო მათ: არ წაგიკითხავთ, როგორ მოიქცა დავითი, როცა მოშივდა მასაც და მასთან მყოფთაც? 4. როგორ შევიდა ღმერთის სახლში, და აიღო და შეჭამა შესაწირავი პური, რისი ჭამის ნებაც არავის ჰქონდა, გარდა მღვდლებისა, და მისცა მასთან მყოფთაც? 5. და უთხრა მათ: ძე კაცისა შაბათის უფალიც არის. 6. ხოლო მეორე შაბათს შევიდა სინაგოგაში და ასწავლიდა ხალხს; და იყო იქ კაცი, რომელსაც მარჯვენა ხელი გამხმარი ჰქონდა. 7. უთვალთვალებდნენ მწიგნობრები და ფარისევლები, განკურნავდა თუ არა შაბათს, რათა ბრალდების საბაბი ეპოვათ მისთვის. 8. მაგრამ მან იცოდა მათი ზრახვანი და უთხრა ხელგამხმარ კაცს: ადექი და შუაში გამოდი; ისიც ადგა და გამოვიდა. 9. და უთხრა მათ იესომ: თქვენ გეკითხებით: რისი ქმნა შეიძლება შაბათს: კეთილისა თუ ბოროტისა? სულის ცხონება თუ წარწყმედა? 10. გადახედა ყველა მათგანს, და უთხრა კაცს: აბა გაიწოდე შენი ხელი! მანაც გაიწოდა და გაუმრთელა, როგორც მეორე.
ლიტ. (მოც.) – ლკ. 10: 16-21
16. თქვენი მსმენელი მე მისმენს და თქვენი უარმყოფელი მე უარმყოფს; ხოლო ვინც მე უარმყოფს, უარყოფს ჩემს მომავლინებელს. 17. სამოცდაათნი სიხარულით დაბრუნდნენ და თქვეს: უფალო, ეშმაკნიც კი გვმორჩილებენ შენი სახელით. 18. და უთხრა მათ: ვხედავდი სატანას, ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან. 19. აჰა, მოგცემთ თქვენ ხელმწიფებას გველთა და მორიელთა დათრგუნვისა და მტრის ყოველი ძალისა; და ვერაფერი გავნებთ თქვენ. 20. მაგრამ ის ნუკი გახარებთ, რომ სულები გმორჩილებენ, არამედ ის გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები დაიწერა ცაში. 21. მაშინ გაიხარა იესომ სულით და თქვა: გაღიარებ, მამაო, ცისა და მიწის უფალო, ვინაიდან ბრძენთა და გამგებთ დაუმალე ეს და გაუცხადე ჩვილ ბალღებს. დიახ, მამაო, ვინაიდან ასე კეთილინებე შენ. 22. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე, და არავინ იცის, ვინ არის ძე, გარდა მამისა, და არც ის, ვინ არის მამა, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს გამოცხადებას.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მოციქული და მახარებელი ლუკა (I)
წმიდა მოციქული და მახარებელი ლუკა სირიის ანტიოქიაში დაიბადა. იგი განათლებულ ბერძენთა წრეს ეკუთვნოდა და პროფესიით ექიმი იყო. ქრისტეს შესახებ რომ ესმა, ლუკა პალესტინაში ჩავიდა და აქ თავად უფლისგან ეზიარა მაცხოვნებელ სწავლებას. ჯერ კიდევ მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების ჟამს წმიდა ლუკა, როგორც ერთი სამოცდაათ მოციქულთაგანი, უფლის მიერ ცათა სასუფევლის შესახებ პირველი ქადაგებისთვის გაიგზავნა (ლკ. 10, 1-3). აღდგომის შემდეგ უფალი იესო ქრისტე ემაუსში მიმავალ ლუკას და კლეოპას გამოეცხადა.ლუკა თან გაჰყვა წმიდა მოციქულ პავლეს მეორე მისიონერულ მოგზაურობაში, რის შემდეგაც ისინი ერთმანეთს არ განშორებიან. უფლის რჩეული პავლეს გვერდით დარჩა მაშინაც, როცა იგი ყველა თანაშემწემ მიატოვა (2 ტიმ. 4,10). მოციქულთა თავის მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ წმიდა ლუკამ რომი დატოვა და ქადაგებით მოიარა აქაია, ლიბია, ეგვიპტე და თებაიდა; ამქვეყნიური ცხოვრება მან მოწამეობრივი ღვაწლით დაასრულა ქალაქ თებეში.
გადმოცემის მიხედვით, წმიდა ლუკა ღვთისმშობლის პირველი ხატების დამწერიცაა. „მადლი ჩემგან შობილისა ჩემითა მეოხებითა იყოს ამა ხატთანა!“ – უბრძანებია ყოვლადწმიდა ქალწულს თავისი წმიდა გამოსახულების ხილვისას. გადმოცემა აწყურის ღვთისმშობლის ხატსაც ლუკა მახარებლის სახელთან აკავშირებს. წმიდა მოციქულს ეკუთვნის თავთა მოციქულთა – პეტრეს და პავლეს ხატებიც.
სახარება ლუკას 62-63 წლებში პავლე მოციქულის ხელმძღვანელობით დაუწერია რომში. როგორც თვითონვე გვამცნობს პირველივე მუხლებში, მისი მიზანი ყოფილა, უფრო სრულად და ქრონოლოგიური თანმიმდევრობით აღეწერა ყველაფერი, რაც იესო ქრისტესა და მისი სწავლების შესახებ იყო ცნობილი და ამით ქრისტიანული სასოებისათვის მტკიცე ისტორიული საფუძველი დაედო (ლკ.1, 1-4).
ლუკა მახარებელს ეკუთვნის „საქმე მოციქულთა“. იგი ოთხთავის გაგრძელებაა და მოგვითხრობს წმიდა მოციქულთა შრომასა და ღვაწლზე მაცხოვრის ამაღლების შემდეგ. როგორც უდიდეს საეკლესიო მოვლენას, თხრობისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოციქულთა კრებას (51 წ. ქრისტეს შემდეგ), რომელმაც დოგმატური საფუძველი დაუდო იუდაიზმისგან ქრისტიანობის გამიჯვნას და მსოფლიოში მისი დამოუკიდებელი გავრცელების საწინდარი შეიქნა (საქმე. 15, 6-29).
ღირსი იულიანე (IV)
ღირსი იულიანე მეუდაბნოე მესოპოტამიაში მოსაგრეობდა, მდინარე ევფრატის ნაპირას. წმიდა ცხოვრებისათვის მას უფლისგან სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა. ნეტარმა სიკვდილისაგან იხსნა ქვრივი ქალის ჭაში ჩავარდნილი ერთადერთი ძე: მისი ლოცვით, ყრმა მაშველის მოსვლამდე წყალში იდგა და არ იძირებოდა. ერთხელ, ლოცვის დროს ღირს მამას ჩაესმა ხმა, რომელმაც იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) აღსასრულის მოახლოება ამცნო. მალე წინასწარმეტყველება ახდა.წმიდა მოწამე მარინი (IV)
წმიდა მოწამე მარინი ბერი იყო. იგი დაიბადა კილიკიის (მცირე აზია) ქალაქ ანაზარვში. იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობის ჟამს მარინი ქალაქ ტარსოსში სასტიკად აწამეს ქრისტეს აღსარებისთვის, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს.