10.11.2026. სულთმოფენობიდან მე-24 შვიდეული. სამშაბათი

10.11.2026. სულთმოფენობიდან მე-24 შვიდეული. სამშაბათი

     …თორმეტი წარგზავნა იესომ, უბრძანა და უთხრა მათ: წარმართთა გზით ნუ ივლით (მთ. 10: 5). 28. …მოვა დრო, როცა ყველა, ვინც წევს საფლავში, მოისმენს მის ხმას. 29. და ამოვლენ კეთილის მოქმედნი აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს სიცოცხლე, ბოროტის მოქმედნი კი – აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს განკითხვა (ინ. 5: 28-29). 

 გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

სულთმოფენობიდან მე-24 შვიდეული

10.11.2026. სამშაბათი. ხსნილია 

მღვდელმოწამისა ნეოფიტესი, ურბნელ ეპისკოპოსისა (VII); დიდმოწამისა პარასკევასი (III); მოწამეთა: ტერენტისა, ნეონილასი და შვილთა მათთა – სარვილესი, ფოტისა, თეოდულესი, იერაქსისა, ნიტესი, ვილესი და ევნიკიასა (249-250); ღირსისა სტეფანე საბაწმიდელისა, კანონთმთქმელისა (IX); წმ. არსენისა, სერბელი მთავარეპისკოპოსისა (1266); მოწამეთა: აფრიკანესი, ტერენტისა, მაქსიმესი, პომპისა და 36 სხვათა (III); მღვდელმოწამისა კვირიაკესი, იერუსალიმელი პატრიარქისა (363); ღირსისა იოანე ქოზიბელისა, კესარიელი ეპისკოპოსისა (VI).

დღის ლოცვები 

მღვდელმოწამე ნეოფიტე ურბნელი ეპისკოპოსის კონდაკი:
ახლითა გალობითა უგალობდეთ ახალ ნერგსა მამისა ზეცათასა ნეოფიტეს ყოვლადსამღვდელოსა, რომელმან სისხლითა თვისითა პორფირად შეღება მოისიბრძნა სამოსლისა მღდელობილისა და მისსა მიმართ ვხმობდეთ: ითხოვე, მამაო საწადელო, ღუაწლით დამდებელისა მიმართ შენისა ეკლესიათა მშვიდობაი შეუძვრელი. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა

ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსა

უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

ლიტურგია (რიგ.) – 1 თესალონიკელთა მიმართ 3:9-13; ლიტურგია (მღვდელმოწ.) – 1 ტიმოთეს მიმართ 1:12-17; ლიტურგია (რიგ.) – ლუკას სახარება 11:1-10; ლიტურგია (მღვდელმოწ.) – ლუკას სახარება 12:32-40

ლიტ. (რიგ.) – 1 თეს. 3: 9-13 

9. რა მადლი შეგვიძლია შევწიროთ ღმერთს თქვენი გულისთვის, იმ სიხარულის სანაცვლოდ, რომლითაც ვხარობთ ჩვენი ღმერთის წინაშე თქვენი მეოხებით? 10. დღედაღამ გულმხურვალედ ვლოცულობთ, რათა პირისპირ გიხილოთ და შევავსოთ თქვენი რწმენის ნაკლულება. 11. თვით ჩვენმა მამა ღმერთმა და უფალმა ჩვენმა იესომ წარმართონ ჩვენი გზა თქვენსკენ. 12. თქვენ კი უფალმა აგავსოთ სიყვარულით ერთურთისა და ყველას მიმართ, როგორც ჩვენა ვართ თქვენი სიყვარულით სავსენი, 13. რათა სიწმიდითა და უბიწოებით განვამტკიცოთ თქვენი გულები ჩვენი ღმერთისა და მამის წინაშე, როდესაც მოვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე თავის ყველა წმიდასთან ერთად. ამინ.

ლიტ. (მღვდელმოწ.) – 1 ტიმ. 1: 12-17 

12. მადლიერი ვარ მისი, ვინც მომცა ძალა, – ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, სარწმუნოდ რომ შემრაცხა და მსახურად დამადგინა, 13. მე, რომელიც უწინ ვიყავი მგმობელი, მდევნელი და მაგინებელი, მაგრამ შეწყაღებულ ვიქენ, რადგანაც ასე ვიქცეოდი უმეცრებით, ურწმუნოების გამო. 14. ხოლო ჩვენი უფლის მადლმა უფრო მეტად იმრავლა რწმენითა და სიყვარულით ქრისტე იესოში. 15. სარწმუნოა და ყოველგვარი შეწყნარების ღირსია სიტყვა, რომ ქრისტე იესო მოვიდა ქვეყნად, რათა ეხსნა ცოდვილნი, რომელთა შორისაც პირველი მე ვარ. 16. მაგრამ სწორედ იმიტომ ვიქენ შეწყალებული, რომ იესო ქრისტეს პირველად ეჩვენებინა ჩემში მთელი დიდსულოვნება მათდა სანიმუშოდ, მომავალში რომ ირწმუნებენ მას საუკუნო სიცოცხლისათვის. 17. ხოლო საუკუნეთა მეუფეს, უხრწნელს, უხილავსა და ერთადერთ ღმერთს – პატივი და დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ლიტ. (რიგ.) – ლკ. 11: 1-10 

1. მოხდა ისე, რომ ერთ ადგილას ლოცულობდა, და როცა დაასრულა ლოცვა, ერთმა მოწაფეთაგანმა უთხრა: უფალო, გვასწავლე ლოცვა, როგორც იოანემ ასწავლა თავის მოწაფეებს. 2. და უთხრა მათ: როცა ლოცულობთ, თქვით: მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი; მოვიდეს სუფევა შენი; იყოს ნება შენი როგორც ცაში, ისე ქვეყანაზედაც. 3. პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ ყოველდღე. 4. და მოგვიტევე ჩვენ ცოდვები ჩვენი, რადგან ჩვენც მივუტევებთ ყველა მოვალეს ჩვენსას. და ნუ შეგვიყვან ჩვენ საცდუნებელში, არამედ გვიხსენ ბოროტისაგან. 5. და უთხრა მათ: ერთ-ერთ თქვენგანს რომ ჰყავდეს მეგობარი და შუაღამისას მიადგეს და უთხრას: მეგობარო, მასესხე სამი პური, 6. ვინაიდან გზად მიმავალმა მეგობარმა შემომიარა და მე კი არაფერი მაქვს, რომ გავუმასპინძლდე, – 7. ხოლო მან შიგნიდან მიუგოს: ნუ მაწუხებ, ვინაიდან კარი უკვე დაკეტილია და ბავშვები ჩემთან ერთად წვანან საწოლში, არ შემიძლია ავდგე და მოგცე. 8. გეუბნებით, მეგობრობის გამოც რომ არ ადგეს და არ მისცეს პური, თუ არ მოეშვა, მაშინ მაინც ადგება და მისცემს იმდენს, რამდენიც სჭირდება. 9. ამასაც გეუბნებით: ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და ჰპოვებთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ, 10. რადგან ყველა მთხოვნელს მიეცემა, მძებნელი ჰპოვებს და ვინც აკაკუნებს, გაუღებენ.

ლიტ. (მღვდელმოწ.) – ლკ. 12: 32-40 

32. ნუ გეშინია, პატარა სამწყსოვ, ვინაიდან მამამ თქვენმა კეთილინება, რომ მოგეცეთ სასუფეველი. 33. გაყიდეთ თქვენი საბადებელი და გაეცით მოწყალება; გაამზადეთ უცვეთი ქისები და ულევი საუნჯე ცაში, სადაც მპარავი ვერ იპარავს და მღილი ვერა ღრღნის მას. 34. ვინაიდან სადაც არის საუნჯე თქვენი, იქვე იქნება გული თქვენი. 35. დე, იყოს თქვენი წელი მოსარტყლული და თქვენი სანთელი – ანთებული. 36. იყავით იმ კაცთა მსგავსნი, რომელნიც მოელიან თავიანთ ბატონს, როდის დაბრუნდება ქორწილიდანო, რათა დარეკვისთანავე გაუღონ კარი. 37. ნეტა იმ მონებს, რომლებსაც მოსვლისას ფხიზლად ჰპოვებს მათი პატრონი; ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სარტყელს მოირტყამს, დასხამს, მივა და ემსახურება მათ. 38. მეორე, გინდა მესამე გუშაგობის ჟამსაც რომ მოვიდეს და ამნაირად ჰპოვოს ისინი, ნეტა იმ მონებს. 39. ესეც გახსოვდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ საათზე მოვა ქურდი, უეჭველად იფხიზლებდა და ძირს არ გამოათხრევინებდა სახლისთვის. 40. ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, როცა არ ელით, სწორედ იმ საათს მოვა ძე კაცისა. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                             (1 ინ. 3: 14) 

 

წმიდა მოწამენი: ტერენტი და ნეონილა და შვილნი მათნი: სარვილე, ფოტიოსი, თეოდულე, იერაქსი, ნიტე, ვილე და ევნიკია (+დაახლ. 249-250)
წმიდა მოწამენი: ტერენტი და ლეონილა და შვილნი მათნი – სარვილე, ფოტიოსი, თეოდულე, იერაქსი, ნიტე, ვილე და ევნიკია, დეკიუსის (249-250) მიერ ქრისტიანთა დევნისას აღესრულნენ მოწამეობრივად. 
წმიდა მოწამე პარასკევა (III)
წმიდა მოწამე პარასკევა ცხოვრობდა და მოღვაწეობდა III საუკუნეში. იგი იკონიაში დაიბადა, მდიდარ და კეთილმსახურ ოჯახში. მისი მშობლები განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ მაცხოვრის პატიოსანი ვნებების დღეს – პარასკევს, გამორჩეულად მკაცრი მარხვით, ლოცვითა და ქველის საქმეებით აღნიშნავდნენ ხოლმე მას. ამისთვის უფალმა კვირის სწორედ ამ დღეს უბოძა მათ ასული, რომელსაც დედ-მამამ პარასკევა დაარქვა.
პარასკევას მშობლები სიყრმეშივე გარდაეცვალა. ამის შემდეგ წმინდანმა ქალწულების აღთქმა დადო და მოშურნედ იღვწოდა თავის ქალაქში მკვიდრი წარმართების ქრისტიანობაზე მოსაქცევად. გააფთრებულმა წარმართებმა იგი შეიპყრეს და ოლქის მმართველს მიჰგვარეს. როცა უღმრთო ხელისუფალმა წმინდანს კერპების თაყვანისცემა მოსთხოვა, ნეტარმა მტკიცე უარი განაცხადა და მხნედ აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი.მაშინ მმართველმა მისი წამება ბრძანა. ქრისტეს ტარიგი ძელზე დაჰკიდეს და მთელი სხეული დაუსერეს. ბოლოს, სულთმობრძავი მარტვილი საპყრობილეში ჩააგდეს. ღმერთმა წყლულები დაუამა თავისი რჩეულს, მაგრამ მტარვალმა სასწაული ვერ გულისხმა-ყო, განაგრძო მოწამის ტანჯვა და ბოლოს მისთვის თავის მოკვეთის განკარგულება გასცა. 
წმიდა მოწამენი: აფრიკანე, ტერენტი, მაქსიმე, პომპიოს და სხვანი ოცდათექვსმეტნი (III)
წმიდა მოწამენი: აფრიკანე, ტერენტი, მაქსიმე, პომპიოსი და სხვანი ოცდათექვსმეტნი III საუკუნეში, იმპერატორ დეკიუსის (241-251) დროს ეწამნენ ქრისტესთვის (მათ შესახებ ცნობები იხილეთ 10 აპრილის საკითხავში). 
მღვდელმოწამე კვირიაკე იერუსალიმელი პატრიარქი (+363)
წმიდა მოწამე კვირიაკე, იერუსალიმელი პატრიარქი, წარმოშობით ებრაელი იყო და სახელად იუდა ერქვა. ის იყო ერთ-ერთი იმათთაგანი, ვინც იცოდა, თუ სად იყო დაფლული უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი. მის გულში ორი გრძნობა ებრძოდა ერთმანეთს – ერთგულება იუდეური ცრუმსოფლმხედველობისა და ეჭვი იმისა, რომ სწორედ იესო ქრისტე იყო ის აღთქმული მესია, რომელიც ებრაელებმა ჯვარს აცვეს.
როდესაც დედოფალი ელენე იერუსალიმში ჩავიდა უფლის ჯვრისა და სხვა სიწმიდეების მოსაძებნად (იხ. 14 სექტემბრის საკითხავი), იუდამ შეკრიბა თანატომელები და გააფრთხილა: „უწყი, რამეთუ ძიებაჲ ეგულების ძელისა მის, რომელსა იესუ ჯვარს-აცუეს მამათა ჩუენთა. ეკრძალენით ნუუკუე აღ-ვინმე-იაროთ; უკუეთუ არა, ნანდჳლვე დაიჴსნეს მამათა ჩუენთა მოცემული იგი შჩული, რამეთუ ზაქეოს, მამის მამამან ჩემმან, ამცნო მამასა ჩემსა სიმონს და ჰრქუა, და მამამან ჩემმან მე მამცნო და მრქუა: „ეკრძალე, შვილო ჩემო, რაჟამს ძიებაჲ იყოს ძელისაჲ მის, რომელსა ზედა მესია ჯუარს-ეცუა. გამოუჩინე იგი პირველ ვიდრე გუემად შენდამდე, რამეთუ არღარა ებრაელთა ნაშობნი მეფობდნენ, არამედ მიერითგან მათი მეუფებაჲ იყოს, რომელნი ჯუარ-ცუმულსა თაყუანის-სცემდენ, რამეთუ იგი იყოს მეუფჱ უკუნისამდე – ქრისტე, ძჱ ღმრთისა ცხოველისაჲ“.
მალე დედოფალმა ელენემ იუდეველი უხუცესები თავისთან დაიბარა. ებრაელებმა ითათბირეს და გადაწყვიტეს, დედოფლისთვის არ ეთქვათ საიდუმლო, მაგრამ მასთან წარდგომისას შეშინდნენ და იუდაზე მიუთითეს: „ესე კაცი მართლისა წინასწარმეტყუელისა ძჱ არს და შჯული ჭეშმარიტი იცის. გევედრებით, დედოფალო, ნებაჲ გულისა შენისაჲ ამან აღგისრულოს“. დედოფალმა ელენემ ყველანი გაათავისუფლა, იუდას კი მიმართა: „უკუეთუ გნებავს ცხორებაჲ ქუეყანისაჲცა და ზეცისაჲცა, მითხარ, სადა დამალულ არს ჯუარი“. თავდაპირველად იუდა უარზე იდგა: ორასი წლის წინ მომხდარი ამბის შესახებ ჩვენ რა უნდა ვუწყოდეთო. ელენემ მისი ჯურღმულში ჩაგდება ბრძანა და ერთი კვირა აშიმშილა. განმარტოებით ყოფნამ კიდევ უფრო გაამწვავა იუდას ეჭვები. მან გადაწყვიტა, იუდეველთა ღმერთისთვის მიენდო ყველაფერი და დახმარება აღუთქვა უფლის რჩეულს. იუდამ დანამდვილებით თავადაც არ იცოდა ზუსტად, სად იყო დაკრძალული სიწმიდე. იგი ჯერ ნაგავსაყარად ქცეულ, შემდეგ კი საკერპო ნაგებობებით დაფარულ გოლგოთას მიუახლოვდა და ცისა და ქვეყნის შემოქმედ ღმერთს შეჰღაღადა: „თუ გნებავს, გამოგჳცხადე ჩუენ დაფარული იგი ფასი და ყავ ადგილსა ამას კუამლი სულნელებისაჲ აღმოსლვად ქრისტჱსი, რამეთუ იგი არს მეუფჱ იესუ ქრისტე უკუნისამდე. ამინ“. როცა მან ლოცვა დაასრულა, ის ადგილი, სადაც სიწმიდე იყო დაფარული, შეიძრა და საოცარი კეთილსურნელება დაიფრქვა ირგვლივ. მაშინ იუდამ ირწმუნა ჯვარცმული უფალი, ხელები ზეცად აღაპყრო და თქვა: „ჭეშმარიტად, ქრისტე, შენ ხარ მაცხოვარი სოფლისაჲ“. მან საკუთარი ხელით გათხარა მიწა და ცხოველმყოფელი ჯვრის და მის მიერ მკვდრის აღდგინების მხილველი შეიქნა. განრისხებულმა ეშმაკმა ღაღად-ჰყო: „ჵ, იუდა, რაჲ ესე ჰყავ? პირველისა მის იუდაჲსგან ერი ვაცოდვე და აწ ამის იუდაჲსგან ვიდევნები. აწ ვპოვო მეცა შენთჳს, რაჲ ვყო: „აღვადგინო სხუაჲ მეფეჱ, რომელმან უვარ-ყოფად გცეს ჯუარ-ცუმული და ჩემსა ნებასა იქმოდის და მიგცეს შენ ძჳრ-ძჳრთა მათ სატანჯველთა, და გუემით უვარ-ჰყო ჯუარ-ცუმული იგი“.
ნათლისღების შემდეგ იუდას კვირიაკე უწოდეს. შემდგომ წმიდა ცხოვრებისათვის იგი იერუსალიმის პატრიარქად იქნა დადგენილი. 363 წელს, ქრისტიანთა მძვინვარე მდევნელის, იულიანე განდგომილის (361-363) ზეობაში, მან სისხლის დათხევით დაამოწმა თავისი ერთგულება მაცხოვრისადმი: როცა ნეტარმა კერპების თაყვანისცემაზე უარი განაცხადა, უღმერთოებმა მას გამლღვალი კალა ჩაასხეს პირში, გახურებულ რკინის სარეცელზე გააწვინეს, მდუღარე ქვაბში ჩააგდეს და, ბოლოს, მახვილით აჩეხეს. 
ღირსი იოანე ქოზიბელი, კესარიელი ეპისკოპოსი (VI) 
ღირსი იოანე ქოზიბელი, კესარიელი ეპისკოპოსი (VI) - 28 ოქტომბერი (10 ნოემბერი)
წმინდა იოანე V საუკუნის შუა წლებში დაიბადა ეგვიპტის ქალაქ თებეში და ძალზე კეთილშობილი და მდიდარი ოჯახის შვილი გახლდათ. ბერად თავად მონაზონმა პაპამ აღკვეცა, რის შემდეგაც იერუსალიმს მიაშურა, მაგრამ რადგან მონოფიზიტთა შორის იზრდებოდა და არც ქალკედონის მეოთხე მსოფლიო კრებას აღიარებდა, ღვთიურმა ძალამ ქრისტეს საფლავის მოსალოცად არ შეუშვა, მომდევნო ღამეს კი ხმა ესმა:
– ერეტიკოსნი უფლის ცხოველმყოფელ ჯვართან მიმთხვევის ღირსნი არ არიან!
გამოღვიძებულმა ტაძრისკენ ისწრაფა, რომ შეენანა, წმინდა ადგილთა მოლოცვის შემდგომ კი რამდენიმეგზის დაუბრუნდა ეგვიპტეს და სულიერი მოძღვრისგან პალესტინაში დარჩენის კურთხევაც მიიღო.
წმინდა მიწაზე, მთებში, ქოზიბად წოდებულ, თითქმის მიუვალ ადგილას მცირე ქვაბული იპოვა და იქ დასახლდა.
ნეტარი მამა ოდენ ველური ხილით და მცენარეებით საზრდოობდა და კაცთაგან არავის ენახვებოდა, მაგრამ უფალმა მისი ღვაწლის გაცხადება ისურვა.
ერთხელ სახელგანთქმულ მოღვაწეს, ანანიას, განსამრთელებლად ერთი ბოროტი სულით შეპყრობილი ყმაწვილი მიუყვანეს, ამ უკანასკნელმა კი სნეული მაშინვე იოანეს გაუგზავნა.
კარგა ხნის ძიების შემდგომ ყმაწვილის მშობლებმა ძლივს მიაგნეს მის სამყოფელს და შეწევნა სთხოვეს.
იოანემ, განჭვრიტა რა ამაში ღვთის ნება, უარი არ უთხრა და რადგან საკუთარ თავს უღირსად მიიჩნევდა, უფალს სთხოვა, ბოროტი ანანიას სახელით განედევნა.
ის დღე იყო და მისკენ აუარება ხალხი დაიძრა შეწევნისა თუ კურნების მისაღებად.
გარკვეული ხნის შემდგომ, მისი ნების საწინააღმდეგოდ, იოანეს კესარიის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი, თუმცა, ამგვარმა ცხოვრებამ ძლიერ შეაწუხა მისი განმარტოების მოყვარე სული, მღვდელმთავრობაზე უარი თქვა და თავის ქვაბულს დაუბრუნდა, თუმცა, ძველი და სანატრელი მყუდროება ვერც იქ პოვა: – სადაც უნდა წასულიყო, ყველგან უამრავი ხალხი დასდევდა უკან.
ღირსმა მამამ ღრმა სიბერემდე იცოცხლა და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
სტატიის ავტორი: “კარიბჭე” admin
წმიდა მღვდელმოწამე ნეოფიტე ურბნელი (VII)
წმიდა მღვდელმოწამე ნეოფიტე წარმოშობით სპარსელი იყო. VII საუკუნეში „არაბთა და სირთა და მიდთა“ მფლობელი ამირა მუმნის ბრძანებით სარდალი აჰმადი დიდძალი სპით საქართველოს შემოესია. ლიახვის ხეობის მოოხრების შემდეგ აჰმადმა ორი მხედართმთავარი, ომარი და ბურული, გაგზავნა მცხეთისაკენ. მტკვრისა და არაგვის შესართავთან, სოფელ ციხედიდთან მეომრებმა მდინარის გაღმა, სარკინეთის კლდეთა შორის იხილეს „ქუაბნი გამოქნილნი“, მისი დაურბებლობა სირცხვილად და სულთნის წინაშე დანაშაულად მიიჩნიეს და გაღმა გასასვლელად მტკვარში შევიდნენ, მაგრამ მდინარის გადალახვა ვერაფრით შეძლეს.
შეცბუნებულმა სარკინოზებმა ტყვეებს ჰკითხეს: „რაჲმე არს ქუაბთა შინა?“ ტყვეებმა უპასუხეს, რომ ეს ნეტარი შიო მღვიმელის მონასტერი იყო, სადაც ცხოვრობდნენ „კაცნი მონანი ღმრთისანი“, ყოველგვარ ამქვეყნიურ შვებას მოკლებულნი.
მათი ამბის გაგონებამ უსჯულო მხედრობა დიდად გააკვირვა. სარდლებმა გადაწყვიტეს, ყოველივე აჰმადისათვის ეცნობებინათ. საღმრთო ძალისგან შემკრთალმა აჰმადმა მონასტერში ომარი გაგზავნა, ოქრო და მრავალი სახმარი ნივთი გაატანა და ბერებთან დააბარა თხოვნა: „ლოცუა ჰყავთ ჩემთჳს, მონანო ღმრთისანო, და ძღუენი ესე ჩემი მიიღეთ და ალუაჲ და გუნდრუკი მიართუთ საკმევად სამარხოსა მოძღუარისა თქუენისასა“.
სარკინეთის ქვაბებს მიახლებულმა ომარმა მონაზვნებს კაცი გაუგზავნა და აცნობა, ნუგეშინისცემად და სამსახურად მოვდივარ და არა სავნებლადო.
მონასტრის ბჭესთან მისულმა მხედართმთავარმა იხილა „სიმრავლეჲ უჴორცოთა მჴედართა ნათლისათა, საკუირველ მავალნი ჰაერთა ზედა და შორის მათსა კაცი მოხუცებული მონაზონი ფრიადითა ელუარებითა შესახედავისათა“. მონასტრის მკვიდრთა თავმდაბლობამ და ისეთმა მოკრძალებულმა ყოფამ, თითქოს „ანგელოსნი ჰბრწყინვიდეს ჴორცთა შინა“, უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ომარზე. ის მიხვდა, რომ უცხო მხედარნი უფლის ანგელოზები იყვნენ, მოხუცებული მონაზონი კი – ამ მონასტრის წინამძღვარი და ბერებს უთხრა: წმიდანო ღმრთისანო, რაჲსთჳს-მე მოშიშ ხართ თქუენ კაცთაგან? რამეთუ ვხედავ ჭეშმარიტად მცუელთა მონასტრისა თქუენისათა, მჴედართა ნათლისათა მცუელად თქუენდა, მფრინუალეთა ჰაერთა ზედა და შორის მათსა მონაზონსა ვისმე საკჳრველსა მჴცოვანსა წუერითა და თმითა, რომლისა ხილვისა სიკეთეჲ ვერ შესაძლებელ არს ჩემდა თქმად, ხოლო მრწამს, ვითარმედ მჴედარნი იგი არიან ანგელოსნი ღმრთისანი და მონაზონი იგი არს მოძღუარი თქუენი“.
ომარმა მონაზონთა წინაშე აღთქმა დადო: „დამეკუეთოს რა ჟამი მარჯუე, მოვიდე თქუენდა და ვიქმნე ქრისტიანე და ნათელვიღო და მონაზონ ვიქმნე და თქუენ თანა დავადგრე სიკუდილამდე ჩემდა“. მან დაუტევა უღმრთოება, მამული, მთავრობა, სიმდიდრე, შიო მღვიმელის სავანეში მივიდა და მოინათლა. მასთან ერთად ნათელ იღო მისმა ორმა მონამ. ნათლისღების შემდეგ ომარს ნეოფიტე (ახალი ნერგი) დაარქვეს, მის მეგობრებს კი – ქრიტოდულოსი (ქრისტეს მონა) და ქრისტოფოროსი (ქრისტეშემოსილი).
ღვთის განგებით, წმიდა ნეოფიტე მღვდელმთავრად იქნა დადგინებული ურბნისის კათედრაზე. ყველას განაკვირვებდა მღვდელმთავრის სიბრძნე და შემართება. ის თავისი სამწყსოს ნამდვილი მამა იყო: „მოუძლურებული მათი განაძლიერა, სნეული განამრთელა, შემუსრვილი შეჰკრა და ბოროტად მყოფსა უსხეულსაქმა, ცთომილი მოაქცია და წარწყმედული მოიძია, დაადგრა მათ თანა, დაიცუნა და არა განაბნივნა“.
მტერმა ვერ მოითმინა სპარსის მოციქულებრივი მოღვაწეობა. მაზდეანებმა გადაწყვიტეს, მოეკლათ ქრისტეს მქადაგებელი მღვდელმთავარი.
უსჯულოებმა გამონახეს მარჯვე დრო და სალოცავად განმარტოებულ ნეოფიტეს თავს დაესხნენ. უსჯულოებმა იცოდნენ, რომ წმიდა ნეოფიტე წმიდა სტეფანე პირველმოწამის სიკვდილს შეჰნატროდა, ამიტომ ქვით ჩაქოლვა მიუსაჯეს. წმიდანმა ტკბილი ხმით მიუგო: „ტკბილ ჩემდა სიკუდილი, უღმრთონო, ტკბილ ჩემდა. საწადელ ჩემდა განყოფაჲ კავშირთა უკუდავისა და მოკუდავისა არსებისათა… ამიერითგან სისხლითა ჩემითა დავამტკიცო შრომილი ჩემგან წმიდაჲ ეკლესიაჲ, რომელიც შეჰკრიბა ქადაგებისა მიერ ჩემისა ძემან და სიტყუამან ღმრთისამან პატიოსნითა სისხლითა თჳსითა, ხოლო რომელიცა განაგო ჩემთჳს ღმერთმან, იყავნ იგი, რამეთუ მომიწოდა მე უღმრთოებისაგან ნათლისა მიმართ თჳსისა“.
გამძვინვარებულმა უსჯულოებმა წმიდანი ქვებით ჩაქოლეს. წმიდა მღვდელმოწამის უკანასკნელი სიტყვები იყო: „უფალო იესო ქრისტე, შეივედრე სული ჩემი“. 
ღირსი სტეფანე საბაწმინდელი, კანონმთქმელი (XI)
ღირსი სტეფანე საბაწმინდელი, კანონმთქმელი პალესტინაში, საბა განწმენდილის ლავრაში მოსაგრეობდა IX საუკუნეში (იხ. 13 ივლისის საკითხავებში). 
წმინდა არსენი, სერბეთის მიტროპოლიტი (+1266) 
წმინდა არსენი, სერბეთის მიტროპოლიტი (+1266) - 28 ოქტომბერი (10 ნოემბერი)
წმინდა არსენი ცხოვრობდა XIII საუკუნეში. მან ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდამ დატოვა ოჯახი და წმინდა საბასთან წავიდა ჟიჩის მონასტერში, სადაც ბერად აღიკვეცა. ღირსმა საბამ მალე ის მონასტრის წინამძღვრად დაადგინა. წმინდა არსენი, სერბელი მიტროპოლიტი ჟიჩის მონასტერში მოღვაწეობდა. წმინდა საბა მეორედ გაემგზავრა იერუსალიმში და სერბეთის არქიეპისკოპოსის ტახტზე მემკვიდრედ არსენი გამოაცხადა. ღირსი საბა გარდაიცვალა სერბეთის ქალაქ ტირნოვში, არსენმა დაარწმუნა სერბეთის მეფე ვლადისლავი, მღვდელმთავრის ცხედარი სერბეთში გადმოესვენებინა. 1233 წელს იგი სერბეთის მღვდელმთავრად დაადგინეს. 1253 წელს წმინდა არსენმა, სერბეთის საარქიეპისკოპოსო რეზიდენცია პეჩში გადაიტანა. სერბეთის სახელმწიფოს საზღვართა გაფართოების კვალდაკვალ გაიზარდა ეპარქიების რაოდენობაც. ნეტარი ოცდაცამეტი წელი ბრძნულად განაგებდა სამწყსოს, შემდეგ კი, 1266 წლის 28 ოქტომბერს მიიცვალა.