…მოვა დრო, როცა ყველა, ვინც წევს საფლავში, მოისმენს მის ხმას. 29. და ამოვლენ კეთილის მოქმედნი აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს სიცოცხლე, ბოროტის მოქმედნი კი – აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს განკითხვა (ინ. 5: 28-29).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

სულთმოფენობიდან მე-24 კვირიაკე
15.11.2026. ხსნილი
მოწამეთა: აკვინდინესი, პიგასისა, აფთონისა, ელპიდიფორესი, ანემპოდისტოსისა და მათთანათა (დაახლ. 341-345); ღირსისა მარკიანე კვირინელისა (388).
დღის ლოცვები
მოწამეთა: აკვინდინესი, პიგასისა, აფთონისა, ელპიდიფორესი, ანემპოდისტოსისა და მათთანა
ტროპარი: ღუაწლით შემოსილნო უფლისანო, ნეტარ არს მიწა იგი, რომელი განიპოხა სისხლითა თქუენითა და წმიდა სამარხო იგი, რომელთა შეიწყნარეს გვამნი თქუენნი, რამეთუ სტადიონსა მას შინა მტერი მოაუძლურეთ და ქრისტე ღმერთი კადიერად ჰქადაგეთ, მას, ვითარცა სახიერსა, ევედრენით შეწყალებად სულთა ჩუენთა.
კონდაკი: კეთილმსახურნი და ღმერთშემოსილნი მოწამენი და ქუეყანისათა ყოველთა დამტევებელნი, შეიწყნარენ ფუფუნებასა კეთილთა შენთასა და განსვენებასა აკვინდინე და პიგასი და ანემპოდისტოს, და მათთანა აფთონი და ელპიდიფორე, რომელი ხარ მხოლო სახიერ.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, კვირიაკესა, შემდგომად ძილისაგან აღდგომისა
უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, განმწმინდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო, შენ უწყნი ცოდვანი ჩემნი, რამეთუ შენ ვითარცა გნებავს, აღხოცენ იგინი. შეგცოდე უფალო, შემინდვენ მე სახელისა შენისათვის წმიდისა. უფალო მომეც მე კეთილი ანგელოსი, მმართებელად და მოძღვრად ცხოვრებისა ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რაი მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათვის მომეც მე დაწყებაი დასაბამისა კეთილისა. უფალო, მასწავე მე, რათა ვჰსცხონდე და ნუ თანა წარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა, კაცთმოყვარე, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის კვირიაკესა, ძილად მისვლის დროს
უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაი ცოდვათა კაცთა მიანიჭე, და სახედ ცოდვათა შენდობისა და აღსარებისა, დავით წინასწარმეტყველისა სინანული შესანდობელად გვიჩვენე, შენ მეუფეო, ჩვენ მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა, და აღჰხოცენ ყოველი უსჯულოებაი ჩემი, რამეთუ შეგცოდე შენ, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და გაქვს ხემწიფებაი მიტევებად ცოდვათა, ხოლო გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, და სულითა მთავრობისათა დაგვამტკიცენ ჩვენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მოგვეც ჩვენ. ნუ განმაგდებ ჩვენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან ღმერთმან შეწყალებაი ჩვენი, და ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვამდე შეწირვად შენდა ვედრებათა, და თხოვად ცოდვათა მოტევებისა, და ღირსყოფად ჩვენდა სასუფეველსა ცათასა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ცისკარი (სახ. მე-2.) – მარკოზის სახარება 16:1-8; ლიტურგია (რიგ.) – ეფესელთა მიმართ 2:14-22; ლიტურგია (მოწ.) – ეფესელთა მიმართ 6:10-17; ლიტურგია (რიგ.) – ლუკას სახარება 8:26-39; ლიტურგია (მოწ.) – მათეს სახარება 10:16-22.
ცისკ. (სახ. მე-2.) – მკ. 16: 1-8
1. და როცა გავიდა შაბათი, მარიამ მაგდალელმა, მარიამ იაკობისამ და სალომემ იყიდეს ნელსაცხებელი, რათა მისულიყვნენ და ეცხოთ მისთვის. 2. კვირის პირველ დღეს, დილაადრიან, მზის ამოსვლისას მივიდნენ სამარხთან. 3. და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ვინ გადმოგვიგორებს ლოდს სამარხის კარიდანო? 4. მაგრამ დაინახეს, რომ ლოდი გადაგორებულია, ხოლო ის ძალიან დიდი იყო. 5. შევიდნენ სამარხში და იხილეს მარჯვნივ მჯდომარე ჭაბუკი, თეთრი სამოსით მოსილი, და შეკრთნენ. 6. ხოლო მან უთხრა: ნუ შეკრთებით! თქვენ ეძებთ ჯვარცმულ იესო ნაზარეველს; აღსდგა, აქ აღარ არის; აი, ამ ადგილას ესვენა იგი. 7. მაშ, წადით, უთხარით მის მოწაფეებს და პეტრეს: წინ წაგიძღვებათ გალილეისკენ, და იქ იხილავთ, როგორც გაუწყათ თქვენ. 8. გამოვიდნენ და სირბილით გაშორდნენ საფლავს; ცახცახს და ძრწოლას მოეცვა ისინი, და არავისთვის არა უთქვამთ რა, რადგან ეშინოდათ.
ლიტ. (რიგ.) – ეფეს. 2: 14-22
14. რადგანაც იგია მშვიდობა ჩვენი, ერთად რომ აქცია ორი, მათ შორის აღმართული ზღუდის დამრღვევი, 15. რომელმაც თავისი ხორცით გაანაქარა მტრობა, აღთქმათა რჯული კი – მოძღვრებით, რათა, მშვიდობისმყოფელს, ორისაგან ერთი ახალი კაცი შეექმნა თავის თავში, 16. და ორივე ერთი სხეულით შეერიგებინა ღმერთთან ჯვრის მეშვეობით, რომელზედაც მოაკვდინა მტრობა. 17. მოვიდა და მშვიდობა გახარათ ყველას – შორებელთაც და ახლობელთაც. 18. რადგანაც მისი მეოხებით ორივენი ერთი სულით მივეახლებით მამას. 19. ასე რომ, აღარც უცხონი ხართ და აღარც ხიზნები, არამედ წმიდათა თანამოქალაქენი და ღვთის სახლეულნი; 20. მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე დაფუძნებულნი, რომლის ქვაკუთხედია თვით იესო ქრისტე, 21. რომელზედაც მთელი შენობა, მწყობრად ნაგები, წმიდა ტაძრად აღიმართება უფალში, 22. და რომელსაც თქვენც დაეფუძნებით, რათა იყოთ ღვთის სავანე სულით.
ლიტ. (მოწ.) – ეფეს. 6: 10-17
10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. 11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, 12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ. 13. ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ. 14. მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ, 15. ფეხთ კი მზადყოფნა ჩაიცვით მშვიდობის სახარების საქადაგებლად. 16. ამასთან, იფარეთ რწმენის ფარი, რომლითაც შესძლებთ ბოროტების ცეცხლოვან ისართა დაშრეტას, 17. აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა.
ლიტ. (რიგ.) – ლკ. 8: 26-39
26. და მიადგნენ გერასენელთა მხარეს, გალილეის გაღმა. 27. ხმელეთზე გადმოსულს შემოხვდა ერთი ქალაქელი კაცი, რომელსაც დიდი ხანია ეშმაკნი ჰყავდა და შიშველ-ტიტველი სახლში კი არ ცხოვრობდა, არამედ – სამარხებში. 28. იესო რომ დაინახა, შეჰყვირა, მის წინაშე დაემხო და შეჰღაღადა: რა ხელი გაქვს ჩემთან, იესო, ძეო მაღალი ღმრთისაო? გევედრები, ნუ მტანჯავ მე. 29. რადგანაც უბრძანა უწმინდურ სულს, გამოსულიყო ამ კაცისაგან, ვინაიდან დიდი ხანია სტანჯავდა მას, ისე რომ ჯაჭვით კრავდნენ და ბორკილებს ადებდნენ, მაგრამ ამსხვრევდა ბორკილებს და, ეშმაკისაგან დევნილი, უდაბნოში გარბოდა. 30. ჰკითხა მას იესომ: რა გქვია სახელად? ხოლო მან მიუგო: ლეგიონი; ვინაიდან მრავალი ეშმაკი შესულიყო მასში. 31. ევედრებოდნენ იესოს: ნუ გვიბრძანებ უფსკრულში დანთქმასო. 32. იქვე, მთაზე, ბალახობდა ღორების დიდი კოლტი. შეევედრნენ: ნება დაგვრთე, მათში შევიდეთო, და ნება დართო მათ. 33. გამოვიდნენ ეშმაკნი კაცისგან და ღორებში შევიდნენ. მაშინ მთელი კოლტი მიაწყდა კბოდეს და ტბაში ჩაიხრჩო. 34. ამის მხილველი მეღორეები გაიქცნენ და ქალაქსა და სოფლებს მოსდეს ეს ამბავი. 35. გამოვიდნენ, რათა ეხილათ, რაც მოხდა. იესოსთან მისულებმა იხილეს კაცი, ვისგანაც გამოსულიყვნენ ეშმაკნი, იესოს ფერხთით მჯდომარე, ჩაცმულ-დახურული და გონს მოგებული, და შეძრწუნდნენ. 36. ხოლო მხილველებმა უამბეს მათ, როგორ განიკურნა ეშმაკეული. 37. გერასენელთა მხარის მთელმა ხალხმა სთხოვა, გასცლოდა მათ, ვინაიდან შიშით თავზარდაცემულნი იყვნენ. ისიც ჩაჯდა ნავში და უკანვე გამობრუნდა. 38. ხოლო კაცმა, ვისგანაც გამოვიდნენ ეშმაკნი, სთხოვა, თან წამიყვანეო, მაგრამ იესომ გაისტუმრა იგი და უთხრა: 39. დაბრუნდი სახლში და უამბე შენიანებს, რა გიყო ღმერთმა. ისიც წავიდა და მთელს ქალაქში ქადაგებდა, რა უყო იესომ.
ლიტ. (მოწ.) – მთ. 10: 16-22
16. აჰა, მე გგზავნით თქვენ როგორც ცხვრებს მგლების ხროვაში; მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველები, და უმანკონი, როგორც მტრედები. 17. ეკრძალეთ ადამიანებს, ვინაიდან ისინი მიგცემენ სამართალში და თავიანთ სინაგოგებში მათრახით გცემენ თქვენ. 18. და მიგიყვანენ ჩემს გამო მთავრებისა და მეფეების წინაშე, მათთვის და წარმართთათვის სამოწმებლად. 19. ხოლო როდესაც გაგცემენ, ნუ იზრუნებთ, როგორ ვთქვათ, ანდა რა ვთქვათო; ვინაიდან თავად მოგეცემათ მაშინ სათქმელი. 20. რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სული თქვენი მამისა ილაპარაკებს თქვენში. 21. და გასცემს ძმა სასიკვდილოდ ძმას, და მამა – შვილს; შვილები აღდგებიან მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ. 22. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო; ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მოწამენი: აკვინდინე, პიგასი, აფთონი, ელპიდიფორე, ანემპოდისტო და სხვანი მათ თანა (+დაახლ. 341-345)
წმიდა მოწამენი: აკვინდინე, პიგასი, ანემპოდისტო, აფთონი, ელპიდიფორე და სხვები საპორ II-ის ზეობისას, დაახლოებით 341-345 წლებში ეწამნენ ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარებისთვის. ამ დროს სპარსეთში ქრისტიანობა უკვე ფართოდ იყო გავრცელებული. თავად სპარსელები ზოროასტრიზმს მისდევდნენ – მზეს სცემდნენ თაყვანს. ყველა სხვა სარწმუნოება აკრძალული იყო, მაგრამ მეფე საპორი, რომელსაც იმპერატორ კონსტანტინე დიდთან (306-337) მშვიდობიანი ურთიერთობის შენარჩუნება სურდა, თავისი მეფობის დასაწყისში ქრისტიანებს არ დევნიდა. მიუხედავად ამისა, მართლმორწმუნეთა სიძულვილით აღსავსე სპარსელი ქურუმები მოსვენებას ვერ პოულობდნენ და ხელსაყრელ შემთხვევას ელოდნენ მათ დასაღუპავად. ასეთი შემთხვევაც გამოჩნდა: გარდაიცვალა კონსტანტინე დიდი და საპორმა ომი წამოიწყო მის მემკვიდრესთან, კონსტანციუსთან (337-361). სპარსეთის მეფეს დაბეჯითებით დაუწყეს იმის მტკიცება, რომ მის ქვეშევრდომ ქრისტიანებს მუდმივი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმორწმუნე მტრებთან და აწვდიდნენ მათ ყველაფერს, რაც ომში წარმატებისთვის იყო საჭირო. მეფემ ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყო. ქვეყანაში იმდენი ქრისტიანი აღმოჩნდა, რომ სპარსელები გაოცებას ვერ მალავდნენ: მეფის სასახლეც კი სავსე იყო ქრისტიანებით. სხვებთან ერთად მოშურნეებმა მეფესთან დაასმინეს მისი ერთგული კარისკაცებიც: აკვინდინე, პიგასი და ანემპოდისტო. განრისხებულმა თვითმპყრობელმა წმიდანების წამება ბრძანა. დაქანცული ჯალათები ორჯერ შეენაცვლნენ ერთმანეთს, მაგრამ უფლის რჩეულებს კვნესაც არ აღმოხდენიათ. თვით საპორმაც კი ვერ გაუძლო დაძაბულობას და გრძნობა დაკარგა. მოსულიერებულმა მტარვალმა აკვინდინეს, პიგასის და ანემპოდისტოს ჯადოქრობაში დასდო ბრალი და ბრძანა, კოცონს ზემოთ დაეკიდათ და კვამლით მოეხრჩოთ ისინი. წმიდანთა ლოცვით ცეცხლი ჩაქრა, საკვრელები კი, რომლითაც ისინი იყვნენ შებოჭილნი, დაიშალა. როცა მეფემ იკითხა, თუ როგორ მოხდა ეს, მოწამეებმა მას მრავალი ამგვარი სასწაულის მოქმედი ქრისტე უქადაგეს. გააფთრებულმა საპორმა უფლის სახელის გმობა დაიწყო. მაშინ მარტვილებმა შესძახეს: „დაიყავნ პირი შენი!“ – და მეფეც დამუნჯდა. შიშისა და მრისხანებისგან გონდაკარგული საპორი ცდილობდა, ენიშნებინა ხელქვეითთათვის, რომ ტუსაღები საპყრობილეში წაეყვანათ, მაგრამ ირგვლივ მყოფნი მას ვერაფერს უგებდნენ. ეშმაკეულქმნილმა მეფემ სიბრაზისაგან მანტია შემოიხია და მხეცივით დაიწყო ღმუილი. აკვინდინემ ლოცვის ძალით განკურნა მეფე, მაგრამ ამჯერადაც ყველაფერი წმიდანთა ჯადოსნობით ახსნეს და მათი წამება განაგრძეს. მარტვილები რკინის ცხაურზე გააწვინეს და ცეცხლი შეუნთეს. უფლის რჩეულებმა ლოცვა დაიწყეს. უეცრად წვიმა წამოვიდა და ცეცხლი ჩაქრა. მოწამეთა ლოცვით აღსრულებული სასწაულების მრავალმა მხილველმა ირწმუნა ქრისტე.ერთ-ერთმა ჯალათმა, აფთონმა წმიდა მოწამეებს სახალხოდ სთხოვა შენდობა მიყენებული ტანჯვისთვის და ქრისტეს სახელისათვის სასიკვდილოდ გადადო თავი. დიდებულმა ელპიდიფორემ და მეფის დედამაც აღიარეს ჭეშმარიტი ღმერთი. საპორმა ბრძანა, აკვინდინე, პიგასი, ანემპოდისტო და მათთან ერთად ელპიდიფორე თავის მოკვეთით დაისჯებიან. როცა მარტვილები ქალაქის გალავნისკენ მიჰყავდათ დასახოცად, მათ ურიცხვი ხალხი მიაცილებდა. მეფის ბრძანებით მეომრებმა ყველა მათგანი – შვიდიათასამდე – ამოჟლიტეს. სხვებთან ერთად მოკლეს ელპიდიფორეც.
აკვინდინე, პიგასი და ანემპოდისტო მეფის დედასთან ერთად მეორე დღეს ცეცხლში გამოწვეს. წმიდანთა სიკვდილით დასჯის ადგილას ღამით მოსულმა ქრისტიანებმა უფლის რჩეულთა სრულიად უვნებელი ცხედრები იპოვეს და პატივით მიაბარეს მიწას.
ღირსი მარკიანე კვირელი (+388)
ღირსი მარკიანე ახალგაზრდობაშივე განერიდა წუთისოფლის ამაოებას, უდაბნოში დამკვიდრდა და მრავალი წელი დაჰყო განმარტოებით, დაუდუმებელ ლოცვასა და მკაცრ მარხვაში. ღამით, ფსალმუნთა გალობისას წმიდანი არასოდეს ანთებდა სანთელს, რადგან მისი სენაკი ღვთაებრივი შუქით იყო განათებული. რამდენიმე ხნის შემდეგ ღირსმა მარკიანემ ორი მოწაფე მიიღო, რომლებიც მისი ქოხის გვერდით დამკვიდრდნენ, მაგრამ ამის შემდეგაც დაყუდებულ ცხოვრებას განაგრძობდა. ანტიოქიელმა პატრიარქმა ფლაბიანემ (ხს. 18 თებერვალს) და სხვა ეპისკოპოსებმა წმიდანს სთხოვეს, ქრისტიანთა სასარგებლოდ უარი ეთქვა მკაცრ განმარტოებაზე, მაგრამ წმინდანმა ვერ დათმო განდეგილობით მოპოვებული უფალთან სიახლოვე. ღირსი მამა რჩევა-დარიგებისთვის მისულებს სენაკიდან გამოუსვლელად მოძღვრავდა. აღსასრულის წინ წმიდანმა თავის მოწაფეს, ევსების დაუბარა, ფარულად დაესაფლავებინა იგი კელიისგან მოშორებით. გარდაიცვალა IV ს-ის ბოლოს.ღირსი მარკიანე 18 იანვარსაც იხსენიება.