28. საუბარი ნიკოდიმოსთან

იერუსალიმი
27 წელი

მთ. მკ. ლკ. ინ. 3

1. იყო ვინმე კაცი ფარისეველთაგანი, სახელით ნიკოდიმოს, მთავარი ჰურიათაჲ. 2. ესე მოვიდა იესუჲსა ღამე და ჰრქუა მას: რაბი, უწყით, რამეთუ ღმრთისა მიერ მოსრულ ხარ მოძღურად, რამეთუ ვერვის ჴელ-ეწიფების სასწაულთა ამათ საქმედ, რომელთა შენ იქმ, უკუეთუ არა ღმერთი იყოს მის თანა. 3. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ჴელ-ეწიფების ხილვად სასუფეველი ცათაჲ. 4. ჰრქუა მას ნიკოდიმოს: ვითარ ჴელ-ეწიფების კაცსა ბერსა შობად? ნუუკუე შესაძლებელ არს მუცელსა დედისა თჳსისასა შესლვად მეორედ და შობად? 5. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ჴელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა. 6. შობილი იგი ჴორცთაგან ჴორცი არს და შობილი იგი სულისაგან სული არს. 7. ნუ გიკჳრნ, რამეთუ გარქუ შენ ესე: ჯერ-არს თქუენდა მეორედ შობაჲ. 8. სულსა ვიდრეცა უნებნ, ქრინ, და ჴმაჲ მისი გესმის, არამედ არა იცი, ვინაჲ მოვალს და ვიდრე ვალს. ესრეთ არს ყოველი შობილი სულისაგან. 9. მიუგო ნიკოდიმოს და ჰრქუა მას: ვითარ შესაძლებელ არს ყოფად ესე? 10. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: შენ ხარ მოძღუარი ისრაჱლისაჲ და ესე არა იცია? 11. ამენ, ამენ გეტყჳ შენ, რამეთუ: რომელი ვიცით, ვიტყჳთ, და რომელი ვიხილეთ, ვწამებთ, და წამებასა ჩუენსა არა შეიწყნარებთ. 12. უკუეთუ ქუეყანისაჲ გითხარ თქუენ, და არა გრწამს, ვითარ უკუე ზეცისაჲ გითხრა თქუენ, და გრწმენეს? 13. და არავინ აღჴდა ზეცად, გარნა რომელი-იგი გარდამოჴდა ზეცით – ძე კაცისაჲ, რომელი არს ზეცათა შინა. 14. და ვითარცა-იგი მოსე აღამაღლა გუელი უდაბნოს, ეგრეთ ჯერ-არს ამაღლებაჲ ძისა კაცისაჲ. 15. რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ. 16. რამეთუ ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თჳსი მხოლოდ-შობილი მოსცა მას, რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ. 17. რამეთუ არა მოავლინა ღმერთმან ძე თჳსი სოფლად, რაჲთა დასაჯოს სოფელი, არამედ რაჲთა აცხოვნოს სოფელი მის მიერ. 18. რომელსა ჰრწმენეს მისი, არა დაისაჯოს; ხოლო რომელსა არა ჰრწმენეს, აწვე დასჯილ არს, რამეთუ არა ჰრწმენა სახელისა მიმართ ძისა ღმრთისა მხოლოდ-შობილისა. 19. და ესე არს სასჯელი, რამეთუ ნათელი მოვიდა სოფლად, და შეიყუარეს კაცთა ბნელი, ვიდრე ნათელი, რამეთუ იყვნეს საქმენი მათნი ბოროტ. 20. რამეთუ ყოველი რომელი ბოროტსა იქმს, სძულს მას ნათელი და არა მოვალს ნათელსა, რაჲთა არა ემხილნენ საქმენი მისნი. 21. ხოლო რომელი იქმნ ჭეშმარიტებასა, მოვალს ნათლად, რაჲთა ცხად იყვნენ საქმენი მისნი, რამეთუ ღმრთისა მიერ ქმნულ არიან.

1. ფარისეველთა შორის იყო ერთი კაცი, სახელად ნიკოდემე, იუდეველთა მთავარი, 2. რომელიც ღამით მივიდა იესოსთან და უთხრა: რაბი, ვიცით, რომ ღმრთისაგან მოსულხარ მოძღვრად, ვინაიდან არავის შეუძლია შენს მიერ მოხდენილ სასწაულთა ქმნა, თუკი მასთან არ არის ღმერთი. 3. ხოლო იესომ მიუგო: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება ხელახლა, ვერ იხილავს ღმრთის სასუფეველს. 4. უთხრა მას ნიკოდემემ: როგორ შეიძლება დაიბადოს მოხუცი კაცი? ხომ არ შეუძლია ხელმეორედ შევიდეს დედის საშოში და კვლავ დაიბადოს? 5. მიუგო იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში. 6. ხორცის მიერ შობილი ხორცია და სულის მიერ შობილი – სული. 7. ნუ გიკვირს, რომ გითხარი: ხელახლა უნდა დაიბადოთ-მეთქი. 8. ქარი, სადაც სურს, ქრის, და გესმის მისი ხმა, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის ან საით მიდის; ასევეა სულის მიერ ყველა შობილიც. 9. მიუგო ნიკოდემემ და უთხრა მას: როგორ შეიძლება ეს მოხდეს? 10. ხოლო იესომ პასუხად თქვა: ისრაელის მოძღვარი ხარ და ეგ არ იცი? 11. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ჩვენ ვამბობთ იმას, რაც ვიცით, და ვმოწმობთ იმას, რაც გვიხილავს, მაგრამ ჩვენს მოწმობას არ იღებთ. 12. თუ მიწისა გითხარით და არ ირწმუნეთ, როგორღა ირწმუნებთ, რომ გითხრათ, ცისას? 13. არავინ ასულა ზეცად, გარდა ზეცით ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც არის ცაში. 14. და როგორც მოსემ აღმართა გველი უდაბნოში, ასევე უნდა აღიმართოს ძეც კაცისა. 15. რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. 16. ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.   17. რადგანაც ღმერთმა იმისათვის როდი მოავლინა თავისი ძე ამ ქვეყნად, რათა განესაჯა ქვეყანა, არამედ რათა ეხსნა მის მიერ. 18. ვისაც სწამს იგი, არ განისჯება, ხოლო ურწმუნო ახლავ განსჯილია, ვინაიდან არ იწამა ღმრთის მხოლოდშობილი ძის სახელი. 19. სასჯელი კი ისაა, რომ ნათელი მოვიდა ქვეყნად, მაგრამ ხალხმა უფრო შეიყვარა ბნელი, ვიდრე ნათელი, ვინაიდან ბოროტნი იყვნენ მათი საქმენი. 20. რადგანაც ყველა ბოროტმოქმედს სძულს ნათელი და არ მიელტვის ნათელს, რათა არ გამჟღავნდნენ მისი საქმენი. 21. სიმართლის მოქმედი კი მიელტვის ნათელს, რათა გაცხადდნენ მისი საქმენი, ვინაიდან ღმერთში არიან ქმნილნი.